სიახლეები

საკრებულომ ბათუმის მერიას უფლებები ჩამოართვა

26.02.2013
საკრებულომ ბათუმის მერიას უფლებები ჩამოართვა

გელა დეკანაძე
გელა დეკანაძე





ბათუმის მერიას უფლებები ჩამოერთმევა, – ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმა გელა დეკანაძემ განაცხადა.

როგორც ვიცე-მერმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს განცხადებით მიმართა, იმსჯელონ საკრებულოსათვის იმ უფლებების დაბრუნების შესახებ, რომელიც 2006 წელს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მერიას გადასცა.
დეკანაძის შეფასებით, თუ ქალაქის საკრებულო ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაშინ ქალაქს უუფლებო მერი ეყოლება და მას მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის უფლება ექნება.

„თუ ინიციატივას საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ, მაშინ ქალაქის მერს მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესაძლებლობა ექნება. ეს, ფაქტობრივად, მერიის უფუნქციოდ დატოვებას ნიშნავს. ვფიქრობ, ეს არასწორია და უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება-მოვალეობების გონივრულად დანაწილება“, – აცხადებს გელა დეკანაძე.

მისი თქმით, დღემდე ქალაქის მერს ჰქონდა შესყიდვებზე ნებართვის გაცემის უფლება, ზედამხედველობის, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შეყვანის, ასევე გარე რეკლამების განთავსების უფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრიფინგის მიზანია, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა არა მერიას, არამედ საკრებულოს რომ მიმართონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: