სიახლეები

დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობის განვითარება

24.02.2013 • 13251
დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობის განვითარება

თამთა დანელია  

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი IVკურსის სტუდენტი

 

სიტყვა „დემოკრატია“ მომდინარეობს ბერძნულიდან. „დემოს“ ნიშნავს „ხალხს“, ხოლო „კრატოს“ „მმართველობას“. დემოკრატიის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ მომავალშიც დაიწერება. იგი როგორც ძველი ბერძენი სწავლულების, ისე თანამედროვე პოლიტიკური თეორიტიკოსების განხილვის და კვლევის საგანია. და მაინც, ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის თემა არა თუ არ ამოწურულა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არც არასოდეს ყოფილა.

 

                     

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დემოკრატიის გაგება ყოველთვის ერთნაირი, სწორხაზოვანი არ ყოფილა. ისტორიის სვლასთან ერთად დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ძველი ბერძნებისათვის იგი მმართველობის მანკიერ ფორმასთან ასოცირდებოდა და ერთგვარად გაიგივებული იყო „ბრბოს მმართველობასთან“.      

 

              

არისტოტელე მაგალითად აღნიშნავდა, რომ საუკეთესოა მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთად მას მიაჩნდა პოლიარქია, ხოლო დემოკრატია მისი აზრით ითვალისწინებს არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ ღარიბების ინტერესებს. ამდენად, ის მმართველობის არასწორ ფორმას წარმოადგენს. დემოკრატიას მმართველობის არასწორ ფორმად დღესაც განიხილავენ მისი კრიტიკოსები. უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ ხუმრობით თქვა, რომ დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა თუ არ ჩავთვლით მმართველობის ყველა სხვა ცნობილ ფორმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის სამი ძირითადი ფორმიდან: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი და დემოკრატია ისტორიულად ყველაზე მეტად ავტორიტარული მმართველობა იყო გავრცელებული. XX საუკუნის 90-იანი წლებისთვის მსოფლიოში სახელმწიფოთა აბსოლიტურ უმრავლესობაში ავტორიტარული რეჟიმი იყო გავრცელებული. ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1980-იან წლებში ავტორიტარიზმი იყო მმართველობის ჩვეულებრივი ფორმა, დემოკრატია კი ჯერ კიდევ „გამონაკლის მოვლენას“ წარმოადგენდა.     

                                 

თუ XX საუკუნე შეიძლება ერთგვარად დახასიათდეს როგორც ავტორიტარიზმის ხანა, იგივეს ვერ ვიტყვით XXI საუკუნეზე. დღეს სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად დემოკრატიულია ის, რამდენად დაცულია მასში ადამიანის როგორც მოქალაქის ძირითადი უფლებები. ავტორიტარული სახელმწიფოს იმიჯი დღეს არ არის სასარგებლო საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი სახელმწიფო განიხილება როგორც არასანდო პარტნიორი. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვენ დემოკრატიული ფასეულობების დაცვას სახელმწიფოებისაგან. აუცილებელია, რომ სახელმწიფოები აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ კრიტერიუმებს, რათა გახდნენ მათი სრულფასოვანი წევრები.

 

 

ევროკავშირის რეგულაციების შესრულება სავალდებულოა არა მარტო წევრი სახელმწიფოებისათვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

 

 

„ცივი ომის“ პერიოდში არსებული დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის არსებითად შეიძლება შევაფასოთ როგორც დაპირისპირება ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. იგი აშშ-ს ერთპიროვუნლი გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამან უბიძგა ფრენსის ფუკუიამას თავის „ისტორიის დასასრულში“ იმის თქმისკენ, რომ დემოკრატიას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ მხოლოდ ამერიკული სტილის ლიბერალური დემოკრატია გვთავაზობს სიცოცხლისუნარიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს.

 

                                                                 

XX საუკუნის ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ნგრევით ერთგვარად გამართლდა ფუკუიამას წინასწარმეტყველება. ავტორიტარული რეჟიმების ნგრევა ჩვენი ისტორიის თანმდევ მოვლენად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ XXI საუკუნეში ასეთი რეჟიმებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. საერთაშორისო საზოგადოება არ არის შემწყნარებელი მათ მიმართ. იგი აღიქმება, როგორც საერთაშორისო სისტემისთვის, მსოფლიოსთვის არა სასურველი და საჭიროა მისი რეფორმირება და ეს არ წარმოადგენს, მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის საზრუნავს,  საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულებას იღებს ჩაერიოს ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში რათა აღკვეთოს ის უსამართლობა, რომელასც სახელმწიფო იჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ.        

 

                        

მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი რამდენად მართებულია სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა? ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩამრევი სახელმწიფო არ გადაამეტებს თავის ფუნქციებს და დაკმაყოფილდება, მხოლოდ დაძაბული მდგომარეობის განმუხტვით? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.                                                               ლიბერალური დემოკრატია როგორც დასავლური ფენომენი დაფუძნებულია სწორედ დასავლურ კულტურაზე და ღირებულებებზე, სწორედ ეს არის ერთ -ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა რომ  იგი ვერ იმკვიდრებს ფეხს ისლამურ სამყაროში.  ისლამურ სახელმწიფოებში უფრო მეტია რელიგიის გავლენა დასავლურ სამყაროსთან შედარებით. რომ ავიღოთ იგივე ადამიანის უფლებები, ვნახავთ, რომ ისლამურ სამყაროში ქალთა უფლებები არ არის იმ დონეზე განვითარებული, როგორც დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში.  დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ჯერ საჭიროა სათანადო ნიადაგის მომზადება. ის სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ დემოკრატიის გამოცდილება, აწყდებიან რიგ პრობლემებს მისი დამყარების პროცესში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო პოლიტიკური კულტურა, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ პროცესებში. საჭიროა ამ საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნა. ყოველივე ამას კი საკმაოდ დიდი დრო სჯირდება.      

 

        

იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგანან, საჭიროა რეფორმები განახორციელონ ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ერთბაშად.                   ზოგ შემთხვევაში დემოკრატიაზე გადასვლის დროს სახელმწიფოები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატიას შესაბამისი საფუძვლის მომზადება სჭირდება და ისეთ პოლიტიკურ კურსებს ახორციელებენ, როგორსაც განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები. მაგრამ ვინაიდან მას არ აქვს მყარი საფუძველი არ არის ეფექტური. შედეგად კი ვიღებთ მოჩვენებით, ფასადურ დემოკრატიას.                                                            

 

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყალბი და ჭეშმარიტი დემოკრატიის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ხშირად ავტორიტარული რეჟიმები დემოკრატიის სახელით ინიღბებიან ეს მათ სჭირდებათ საერთაშორისო იმიჯისათვის ასევე იმისთვის, რომ მოსახლეობასაც შეუქმნან დემკრატიის ილუზია. ნაპოლეონ III საფრანგეთში არ გააუქმა არჩევნები, ის არსებობდა ფორმალურად, რადგან გარკვეული მექანიზმების მეშვეობით მისი ფუნქციონირება არაფრის მომცემი იყო. როცა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები იზღუდება, რჩება მხოლოდ დემოკრატიის ცნება. თვით ფაშისტებიც კი ემხრობოდნენ დემოკრატიას. ოღონდ მათი რწმენით ნამდვილი დემოკრატია აბსოლიტურ დიქტატურას ნიშნავდა.

 

არსებობს შეხედულება, რომ დემოკრატია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რომელ სახელმიწფოში არის ის დამყარებული, მიიჩნევენ, რომ დემოკრატია უნდა მიესადაგოს იმ კულტურას და ტრადიციებს, რაც სახელმწიფოშია დამკვიდრებული, მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია. დემოკრატიას თავისი ფასეულობები აქვს, ამიტომ დემოკრატია კი არ უნდა მიესადაგოს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის.

 

დემოკრატია ეფექტურია იმდენად, რამდენადც უზრუნველყოფილია სულიერი და მატერიალური პირობებით. მისი დამყარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გაცნობიერებული იყოს როგორც დემოკრატიის აუცილებლობა, ასევე მისი განხორციელების შესაძლებლობაც.                                                                 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: