სიახლეები

ვუჩივლო თუ არ ვუჩივლო?

25.02.2013 • 2580
ვუჩივლო თუ არ ვუჩივლო?



ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ჩემმა მეგობარმა ახალი გაზქურის ყიდვა გადაწყვიტა,  ბათუმში თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზია შემოვიარეთ.  თანდათან ამ ამბით ისე გავერთეთ და შერჩევის პროცესიც ისე მოგვეწონა, რომ გადაწყვეტილება დროში მაქსიმალურად გავაჭიანურეთ. სამაგიეროდ  უკვე ზეპირად ვიცოდით სად, როგორი, რა ბრენდის, რა შესაძლებლობებისა და ღირებულების გაზქურა იყიდებოდა.   საბოლოოდ კი საახალწლო ფასდაკლებამდე მივედით და  არჩევანი „არაი თუმოროუს“ ერთ-ერთ მაღაზიაში „კარინოს“ ფორმის გაზქურაზე შევაჩერეთ. 


თეთრი ფერის შავი  ლითონის დეტალებით გაფორმებული გაზქურა დიზაინითაც მოგვეწონა და ფუნქციური დატვირთვითაც გამოირჩეოდა. არჩევანი კონსულტანტებმაც შეგვიქეს და ისიც განგვიმარტეს, რომ პროდუქტს თან სამწლიანი „გარანტია“ ჰქონდა, რაც მე და ჩემმა მეგობარმა ასე გავიგეთ: მაღაზია იღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ  მინიმუმ სამი წლის განმავლობაში გაზქურის მოხმარებისას პრობლემა არ შეგვექმნებოდა.  გამყიდველების ენაზე კი თურმე ამ ამბავს სულ სხვა შინაარსი აქვს, რაც  ნივთის შეძენიდან სულ მალე,  ერთ თვეში გავიგე.

ვიდრე ნაყიდ ნივთს მაღაზიიდან გავიტანდით, კონსულტანტებმა დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ მისი ადგილზე დამონტაჟება შემოგვთავაზეს. ამას ისიც დაამატეს, რომ თუ ამ საქმეს არასპეციალისტებს მივანდობდით, შეიძლებოდა პრობლემები შეგვქმნოდა, ნივთი ცუდად იმუშავებდა, მალე გამოვიდოდა მწყობრიდან და ასე შემდეგ, ამაზეც დავთანხმდით, გაზქურა ადგილზე „არაის“  ხელოსნებმა დაამონტაჟეს.

ექსპლუატაციაში შესვლიდან 20 დღეში გაზქურის მთავარი ქურა, რომელსაც საშუალოზე მაღალი ალი ასდის და უფრო ხშირად მოხმარებადია, თანდათან ჩამოდნა, დეფორმირდა და მწყობრიდან გამოვიდა.


ნივთის შეძენიდან ერთ თვეში ჩემმა მეგობარმა დეფორმირებული საცეცხლურით მაღაზიას მიაკითხა. ნივთი დაიტოვეს, ვიმსჯელებთ და დაგირეკავთო.  ათი დღის შემდეგ კი უთხრეს, რომ გაზქურის საცეცხლური მწყობრიდან არასწორმა მოხმარებამ გამოიყვანა, ამიტომ მაღაზია პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. საიდან, როგორ და რა საშუალებებით დაადგინეს მაღაზიის კონსულტანტებმა, ან ვინმე სხვამ ეს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. 


ამის შემდეგ „არაის“ ცენტრალურ ოფისს დავუკავშირდი. ამბის გასარკვევად ერთი დღე ითხოვეს, მეორე დღეს კი მითხრეს, რომ „საცეცხლური“, რომელიც შეძენიდან 20 დღეში დეფორმირდა, გაზქურის აქსესუარია, რომელზეც გარანტია არ ვრცელდებოდა. საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ქარცივაძემ კი განმიმარტა, რომ დეტალი, რომლის მოხსნის შემთხვევაშიც ნივთი ვერ იმუშავებს, აქსესუარი არ არის. 


ერთი საცეცხლურის ფასი, რომლის მწყობრიდან გამოსვლის გამოც გაზქურას პრობლემა შეექმნა, 30-დან 40 ლარამდეა. „არაის“ მაღაზიაში ხელახლა, პრეტენზიით მისულებს შემოგვთავაზეს კიდევაც, ეს დეტალი ისევ შეგვეკვეთა და თითოეულში 30 ლარი გადაგვეხადა. იმის თქმა მინდა, რომ გაზქურის მწყობრიდან გამოსული დეტალი არ არის დიდ თანხასთან დაკავშირებული. გაცილებით ძვირადღირებულ ნივთებთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები იმ მომხმარებლებს, რომელთა შესახებაც გაზეთის მეცხრე გვერდზე წაიკითხავთ, თუმცა მათ სასამართლოს არ მიმართეს, რაც ვფიქრობ, არასწორი მიდგომაა, თუმცა ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, რომ არა კომპანიის წარმომადგენლის პასუხი, რომელსაც „არაის“ ფეისბუკის გვერდზე პრობლემის შესახებ დაწვრილებით მივწერე და პასუხის გამოგზავნა ვთხოვე. სამი კვირის ლოდინის და რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ, კომპანიის სახელით მომწერეს: `მოგახსენებთ, რომ ასეთ შემთხვევებზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება და ეს ის ფორსმაჟორული სიტუაციაა, როდესაც თქვენ ვერ გათვალეთ ქურის შესაძლებლობები და სავარაუდოდ ძალიან დიდი გაბარიტების ჭურჭელი დადგით გაზზე, რამაც გამოიწვია მისი დეფორმირება, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით შევძელი თქვენი დახმარება“.

ასეა, კომპანია წუხს, მე კი გაკვირვებული და ცოტაც გაღიმებული დავრჩი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქურაზე ჭურჭელი როდის აქით იდგმება? – მას ხომ ე.წ რკინის „რეშოტკა“ იცავს, რომელიც ჯერ კიდევ ახალივითაა. ან რა შუაშია საგარანტიო მომსახურება? – ამ ბარათის გვერდის ავლითაც რომ ვიმსჯელოთ, მე შევიძინე ნივთი, რომელიც 20 დღეში მწყობრიდან გამოვიდა და ჩემი როგორც მომხმარებლის უფლება დაირღვა.  თუ ჩემმა მონაყოლმა მსგავსი თქვენი ამბავი გაგახსენათ, მომწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: tsago.kaxaberidze@gmail.com და მირჩიეთ, ვუჩივლო თუ  არ ვიჩივლო?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: