სიახლეები

ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს

01.03.2013
ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს

ახალი ანგარიში, სახელწოდებით – „ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?“, 2003-2012 წლებს  მოიცავს. ანგარიშში წარმოდგენილია სატელეკომუნიკაციო კომპანიების ფიქტიური და რეალური მფლობელები, ასეთი ინფორმაცია კომპანიების აბონენტთა შესახებ პირადი ინფორმაციის დაუცველობის შესახებ და  ინტერნეტის მოხმარების გაზრდის დინამიკას ბოლო წლებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის პრეზენტაცია

როგორც  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ პრეზენტაციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს”  აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაუმა აღნიშნა, ანგარიშით მათ სურდათ მოსახლეობისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რამდენად არის დაცული ინფორმაცია, რომელსაც მათ შესახებ სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერები ფლობენ,  როგორ ხდება ამ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის და როგორ კონტროლდებოდა აღნიშნული ინფორმაციები პროკურატურისა და სამართალდამცველების მიერ, სასამართლოს ნებართვის გარეშე.

ანგარიშში ასევე მოცემულია ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებისა და კერძო კომპანიებისთვის, რათა უკეთ მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწა.

პრეზენტაციაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა წიგნი – „ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში“, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ჟურნალისტ პოლ რიმპლის ერთობლივი ნაშრომია.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე აღნიშნეს, წიგნში იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ, ან ამ დრომდე ფლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: სარეკლამო ბაზარი, ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია. ასევე, ფარმაცევტული ბაზარი და სასარგებლო წიაღისეული.

ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, რომ საქართველოში მედია და სატელეკომუნიკაციო ბაზარს ძირითადად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები ფლობენ, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ამა თუ იმ კომპანიას ფიქტიური მფლობელები ჰყავს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მედია ანალიტიკოს დიანა ჩაჩუას განცხადებით, წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაცია, უკვე მუშაობს შემდეგ ანგარიშზე, რომელშიც საუბარი იქნება თუ რა ცვლილებები განიცადა მედიამ 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შეიცვლა თუ არა მათი მფლობელები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: