სიახლეები

საჯარო მოხელეები აჭარის ტელევიზიასა და რადიოში

20.02.2013 •
საჯარო მოხელეები აჭარის ტელევიზიასა და რადიოში

ლელა დუმბაძე

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მრჩეველს, მაკა ივანიშვილს აჭარის რადიოს ეთერში საავტორიო გადაცემა „საუბრები მაკა ივანიშვილთან“ მიჰყავს. ზვიად სირაბიძე კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, აჭარის ტელევიზიაში პროდიუსერად სამი დღის წინ დაინიშნა. მას ტელევიზიაში საავტორო გადაცემაც აქვს.

 

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დირექტორის, სოსო სტურუას განცხადებით, მაკა ივანიშვილი რადიოში სტაჟიორადაა აყვანილი და ჯერჯერობით ანაზღაურებას არ იღებს: „ეს არის საცდელი გადაცემა, ანაზღაურების გარეშე მუშაობს, სტაჟიორია და ცოტა ხანში განვიხილავთ რა ვქნათ. მოველაპარაკებით, რომ უსასყიდლოდ დარჩეს.  გადავხედავთ კანონს, არის თუ არა შესაძლებელი ანაზღაურების მიცემა, თუ არა – დავტოვებთ უსასყიდლოდ. რაც შეეხება ზვიად სირაბიძეს, როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოდან უნდა წამოვიდეს. არ ვიცი განცხადება აქვს თუ არა დაწერილი“.

 

კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები პარალელურად მედიაშიც მუშაობენ, მაკა ივანიშვილი პასუხობს: „მთავრობის აპარატში 1000 ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ ამ გადაცემას ანაზღაურების გარეშე ვაკეთებ. კანონსაც გადავხედე – საჯარო მოხელეს შეუძლია კულტურის დარგში იმუშაოს და ჰონორარიც ჰქონდეს“.

 

ზვიად სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ კონსულტანტის მოვალეობას ასრულებს, თუმცა ამაში ანაზღაურებას იღებს: „რამდენიმე თვეა პრეს-სპიკერი აღარ ვარ, კონსულტანტი ვარ მხოლოდ. ანაზღაურება მაქვს. კანონის მიხედვით, გამომდინარე იქედან, რომ ტელევიზიაში შემოქმედებითი სამუშაო მაქვს, ანაზღაურების უფლებაც მაქვს. ტელევიზიაში ჯერ არ ამიღია ხელფასი, მაგრამ 700 ლარი მექნება, სასამართლოში 900 ლარი მაქვს“.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედია ანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე: „პიროვნება, რომელიც მუშაობს ადმინისტრაციულ ორგანოში და პარალელურად აქვს საავტორო გადაცემა, კითხვები ჩნდება მის ობიექტურობასთან დაკავშირებით. წინა და დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ქართული მედია არის ძალიან პოლარიზებული, მფლობელები ასოცირდებიან მათ მედიასაშუალებებთან და სენსიტიური მდგომარეობის პირობებში ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რომელსაც ითვალისწინებს ეთიკის ქარტია ან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, დამატებითი კითხვები აქაც ჩნდება, რადგან ტელევიზიის სტატუსის საკითხი გადასაწყვეტია, ეს საკითხიც არის შესასწავლი“.  

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი