სიახლეები

ბოლშევიზმის ბაცილა ჩვენში

24.02.2013 • 3741
ბოლშევიზმის ბაცილა ჩვენში


ეს განცდა ჩვენთვის არცთუ ისე უცხო გახლდათ. ჩვენ მასზე გადმოცემითა და წაკითხულით ვიცოდით, მაგრამ ამჯერად უშუალოდ განვიცადეთ, მისი ტკივილის სურნელით გავიჟღენთეთ. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, კულტურული ფენომენი ჩვენ თვალწინ, ბუნებრივად, ყოველდღიურობად ჩამოყალიბდა. ამ საზარელ მოვლენას ბოლშევიზმი ჰქვია. ის არ დასრულებულა… გაყინული ვირუსივით არის მოკალათებული ნებისმიერ უმრავლესობაში. საკუთარი სისუსტის დამალვის მიზნით, აღმოცენებული ეჭვების საფუძველზე ქმნის მტრის არტეფაქტებს და ასე ხელაღებით უსწორდება განსხვავებულ აზრს.

 

ბოლშევიზმის დამღუპველმა ბაცილამ ყველა ჩვენგანში შეაღწია და თვალის დახამხამებაში განვითარდა. ჯერ შეიქმნა პრედიკატული ველი, რომლის მეშვეობითაც დაიწყო ძალადობა ჩვენს აზროვნებაზე. კარგად გვახსოვს სსრკ, სადაც ინდივიდი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა. მაშინდელი ხელმძღვანელი პირები არასოდეს არ ამბობდნენ: „მე ვფიქრობ“, „ჩემი აზრია“, სამაგიეროდ სასურველი შედეგის მიღწევისათვის წარმატებით იყენებდნენ: „პარტიამ გადაწყვიტა“, „ბელადმა გვიანდერძა“ და ა.შ. მოკლედ, ტირანული სისტემა ყალიბდება მეტყველებით საფეხურზე და შემდგომ მისი ნეგატიური გავლენა ყველა დონეზე აისახება. თავდაპირველად ლინგვისტურ სიბრტყეზე მოხდა ბოლშევიზმის რეანიმირება საქართველოში. პრედიკატები: „ბელადი“ და „პარტია“ ჩაანაცვლა „მიშამ“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 

და დაიწყო… შეურიგებელი ბრძოლა სინამდვილესთან. ტირანიის მორიგი საფეხური ვირტუალური რეალობაა. შეიქმნა აბსოლუტური წესრიგისა და სიმშვიდის ილუზია, რომლის მიღმა ინერგებოდა ადამიანის სიძულვილი, ილახებოდა ღირსება, იდევნებოდა სიმართლე. ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ძალები მიგვემართა ადამიანის მთავარი მიზნის – თვითდამკვიდრების განხორციელებისკენ, მითოსური მიზნებით შემოვსაზღვრეთ სინამდვილე და თვითმორჩილების ინსტინქტმაც იმძლავრა. ეს აუცილებელი და საკმარისი პირობა იყო ბოლშევიზმის რეანიმაციისათვის. დაიწყო ნეირო-ლინგვისტური ტერორი საზოგადოებაზე.

 

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვიხდიდი სასჯელს ქართულ პენიტენციალურ სისტემაში. ყოველდღიურად გვეუბნებოდნენ მედიის საშუალებებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გატარებული ე.წ. ჯანდაცვის რეფორმის გენიალურობაზე. ამას ვისმენდი მაშინ, როცა პატიმრებს შეგნებულად აფერხებდნენ 15 წუთით თავსხმა წვიმაში. მათ შორის იყო ბევრი ტუბერკულოზით დაავადებული. შემდეგ კი სამედიცინო პუნქტში გადაყვანა ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა. სხვა უმსგავსობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მხოლოდ ეს მღრღნიდა და მხრწნიდა, რადგან უშუალოდ ჩემს პიროვნულ იდენტობას ანადგურებდა.

 

 ამ ხნის მანძილზე მაჯერებდნენ კახა მიქელაძე კი არა, ვიღაც სხვა ხარო.

 

აზროვნებაზე ძალადობა ძალადობის ყველაზე საშინელი ფორმაა. ასე ვიცხოვრეთ უკიდეგანო გაუცხოებაში. ჩვენ ნაცვლად სხვა ფიქრობდა, აზროვნებდა, მეტყველებდა. ჩვენ ამ აქტების დამოუკიდებლად შესრულება გვეკრძალებოდა…

 

 

ეს ყველაფერი თითქმის დასრულდა, ერთი შეხედვით დავძლიეთ ტირანია, თუმცა ბოლშევიზმი გრძელდება. მისი ბაცილა ჩასაფრებულია და ნოყიერ ნიადაგს ელოდება აღმოცენებისთვის. ის სწორედ მაშინ იწყებს განვითარებას, როცა არავინ ელის. ამიტომ ვეძიოთ ჩვენში ეს ბაცილა და მისგან თავის დაღწევაზე ვიზრუნოთ. ჯერ ჩვენ უნდა დავიცალოთ და განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ ვიქცეთ მავანი ამხანაგების უგუნური და კაცთმოძულე ჩანაფიქრების უპირობო აღმსრულებლებად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: