ექთნის არჩევნები პოლიტიკური ნიშნით

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში მცხოვრებლები სამედიცინო პუნქტში ახალი ექთნის, მზისადარ მანველიძის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მზისადარ მანველიძე ჯანდაცვის სამინისტრომ იმიტომ დანიშნა, რომ „ნაციონალია“, ხოლო „ოცნების“ კადრი, თამარ ვარდმანიძე, სოფელში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად არ დანიშნეს.

„ჩვენმა კადრმა, ვარდმანიძე თამარმა სამი ხმით მოიგო, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან გორგილაძემ გვითხრა, სამი ხმით მოგება მოგება არ არისო“.

უჩხითის მაცხოვრებლები ექთნის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას აპროტესტებენ

„იმასაც აქვს დიპლომი და ამასაც, მაგრამ კომპეტენციას კი არ აქვს აქ მნიშვნელობა ან დიპლომს, პოლიტიკური ნიშნით მოხდა ექთნის დანიშვნა“- ამბობენ უჩხითელები.

„სამინისტროში მითხრეს, მანველიძე იმიტომ დავნიშნეთ, რომ მას ბათუმში აქვს დამთავრებული შენ კი მახუნცეთშიო. მე რეკომენდაცია არ ჩამომივიდა გამგეობიდან, რადგან სატყეო მეურნეობის უბნის უფროსის როლანდ კობალაძის ცოლი დანიშნეს. კობალაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო“-ამბობს თამარ ვარდმანიძე

ნოდარ ბედინაძე კი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „ლევან გორგილაძემ პირდაპირ გვითხრა, რადგან თქვენი კანდიდატი „ოცნების“ მომხრეა, არ დავნიშნეთ და თუ გინდა იდავეთო. კაბინეტიდან გარეთ გამოგვყარა“.

„აგერ გვაქვს ოქმი. სადაც ხმების უმრავლესობა მიიღო თამარ ვარდმანიძემ. თუ არჩევნებს არ ჰქონდა ძალა, რატომ ჩაგვატარებინეს. მოატყუეს სოფელი“-ამბობს ნაზი გოჩაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის  ლელა სურმანიძის განცხადებით, მზისადარ მანველიძე გამგეობის წარდგინებით დაინიშნა:

„გამგეობამ შემოგვთავაზა ორი კანდიდატურა, ვინაიდან, ორივე კანდიდატურას ჰქონდა ერთნაირი პირობები იმ მხრივ რომ არ ჰქონდათ სამუშაო გამოცდილება, მზისადარ მანველიძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ მიენიჭა უპირატესობა რომ უფრო უკეთესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. თანაც მანველიძეს აქვს ფერშალის კვალიფიკაცია, ვარდმანიძეს კი მედდის“.

ლელა სურმანიძე, ექთნის დანიშვნის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

სოფლის ექთნის ანაზღაურება გამოწერით 250 ლარია, ხელზე კი 200 ლარს იღებენ.

ნადირობა შველზე მყვირალობის თვეში

„აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თხოვნით მივმართავ, რომ ბუნებას შველა სჭირდება. ასეთ ლამაზ ბუნებას არ შეიძლება წაართვან ასეთი ლამაზი შვილები,“ – ამბობს თამაზ ქოქოლაძე, სოფელ ქოქოლეთის მცხოვრები.

მისი თქმით სოფელში რამდენიმე მონადირეა, რომელთაც მონადირე ძაღლები ჰყავთ. ძაღლები ტყიდან შვლებს ერეკებიან, რის გამოც ცხოველები სოფელში ჩადიან. ძაღლებისგან შვლების დევნის ფაქტს ადასტურებს ქოქოლეთის კიდევ ერთი მცხოვრები მალხაზ ქოქოლაძე. ეს უკანასკნელი თავადაც მონადირეა, ძაღლი მასაც ჰყავს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, მისი ძაღლები  შველზე დაგეშილი არ არიან.

„ვინც კი რამე საშუალება ნახა და მონადირე ლეკვი იშოვა, მოჰყავს სახლში. ოფიციალურად შველზე სანადიროდ არავინ მიდის, მაგრამ ეს მონადირე ძაღლები იგივე მოწანწალე ძაღლებია, თუ კარგ პირობებში არ შეინახავ. მეც მყავს ძაღლი, მაგრამ უჩემოდ ნაბიჯს არ გადადგამს. მეორეც, ამ ძაღლს სისხლში აქვს ნადირობა და შველი ძალიან უყვარს მონადირე ძაღლს,“ – ამბობს მალხაზ ქოქოლაძე.

მისი თქმით გამოსავალი იმაშია, რომ საქმეში შესაბამისი უწყებები ჩაერიონ და სოფელში ყველა ძაღლი აღრიცხონ.

„ამ ძაღლების აღრიცხვა უნდა მოხდეს, დაბირკონ, პასპორტით გააფორმონ, რომ ყველამ თავის ძაღლს მოუაროს. სხვა შემთხვევაში რთულია იმის გარკვევა, ვისი ძაღლი სდევნის შვლებს. მითუმეტეს ახლა არის გამრავლების, მყვირალობის დრო. მე რაც ვნახე, ტყიდან გამოსული შველი ყველა მამალი იყო. როგორც ჩანს, ამ ძაღლებს მამალი იტყუებს და ორსულ დედალს მალავს, იცავს. დედალ შველს რომ გამოეკიდოს ძაღლი, ის ვერ გაასწრებს,“ – ამბობს მალხაზ ქოქოლაძე.

იგი ამბობს, რომ ორი კვირის წინ შველი თავადაც გადაარჩინა, ხელვაჩაურში ჩაიყვანა, გარემოს დაცვის სამმართველოსაც შეატყობინა. შველს დახმარება გაუწიეს, თუმცა ის დაიღუპა. მალხაზ ქოქოლაძის თქმით, შველს ნატყვიარი ეტყობოდა.

იმ ფაქტს, რომ შველი ტყვიით იყო დაჭრილი, ადასტურებს ექიმი ვეტერინარი გიორგი კალანდაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ნატყვიარი ძველი იყო.

„შველი როცა მოიყვანეს, ჰქონდა ნაგლეჯი ჭრილობა. დაკბენილი იყო ცხოველებისგან. აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, რაც საჭირო იყო. ასევე რქასთან ჰქონდა ძველი ნატყვიარი, რომელიც შეხორცებული იყო, თუმცა განაკაწრის ნაკვალევი ჰქონდა. ახალი ჭრილობა ბარძაყზე, არ იყო ნატყვიარი, დაჩირქებული იყო,“ –  ამბობს გიორგი კალანდაძე.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარი სპეციალისტის მირზა ნოღაიდელის მტკიცებით კი შველს ტყვიით მიყენებული ჭრილობა არ ჰქონია. იმავეს ამტკიცებს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ კუპრეიშვილი.

„ირემი იყო ავადმყოფი და დაკბინეს ძაღლებმა იმის გამო, რომ იყო ავადმყოფი და გაქცევა ვერ მოახერხა. ეს იყო და ეს. ნატყვიარი? ვინ თქვა ნატყვიარი. ნატყვიარი არ ჰქონია. მე არ შემიმჩნევია. ვინც ნახა, ისიც უარყოფს ამას და ეს აბსურდია,“ – ამბობს არჩილ კუპრეიშვილი.

კუპრეიშვილის თქმით ქოქოლეთის მცხოვრებნი პატიოსნად ნადირობენ და იმის თქმა, რომ სოფლის მცხოვრებთა ძაღლები ტყიდან  შვლებს სდევნიან, არასწორია.

„ეს არის ქოქოლეთის მოსახლეობის შეურაცხყოფა. პატიოსან მონადირეობას რაც შეეხება, სწორედ მაგ სოფელშია დაცული. არის სახეობები, რაზეც ისინი არ ნადირობენ, ერთ-ერთია ირემი. რაღაც უცხო რომ გამოჩნდება, ძაღლი უყეფს, თუ მორევა შეუძლია, მისდევს. რა ვქნა ახლა, კაცს ვერ ავუკრძალავთ, რომ ძაღლი ჰყავდეს,“ – ამბობს არჩილ კუპრეიშვილი. მისივე თქმით, თუ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ გახდება ცნობილი, გარემოს დაცვის სამმართველო ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებს.

სახელმწიფო, წესით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს. შველი  „წითელი ნუსხაშია“ შეყვანილი. სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი შავგულიძის თქმით, გარემოს დაცვის სამმართველოს რეაგირებისთვის ბერკეტები არ აქვს.

„თუ იყო ძველი ნატყვიარი, ვერაფერს გააკეთებდა გარემოს დაცვის სამმართველო. უბრალოდ შეუძლებელია რამის გარკვევა. არასოდეს არ იცი ეს სად მოხდა. დამალეს – არ დამალეს, ძნელი სათქმელია, შესაძლებელია ზედმეტი კითხვების გაჩენა არ უნდოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გააკეთებდნენ,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიიდან მონადირე ძაღლები შვლებს  სდევნიან, შავგულიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მარტო სახელმწიფოს ჩარევა არ კმარა, მოსახლეობის ნებაც უნდა იყოს არსებული მდგომარეობის შეცვლა.

„ძაღლების საკითხი არის საკმაოდ პრობლემატური. ეს იქნება მაწანწალა თუ მონადირე ძაღლი, იწვევენ სერიოზულ პრობლემას და პრაქტიკულად ხანდახან ნადირობენ კიდეც. ფიზიკურად ნადირობენ ველურ ცხოველებზე და როცა დაცულ ტერიტორიასთან გვაქვს საქმე, ეს განსაკუთრებით სერიოზული საკითხია. ეს არის უფრო რთული საკითხი, ვიდრე გარემოს დაცვის რაღაც სტრუქტურას მოსთხოვო, რომ მოუარონ. ერთი მხრივ, დაცული ტერიტორია უნდა იყოს დაცული და იქ არავითარი ძაღლი არ უნდა შევიდეს. უბრალოდ უნდა მოხდეს ამ ძაღლის დაპატიმრება. როგორც, ვთქვათ, კანონის დამრღვევს დააკავებ, აი ისე უნდა დააპატიმრო ძაღლიც. მეორე მხრივ, თავად შველი შეიძლება გამოვიდეს დაცული ტერიტორიიდან და გახდეს ძაღლების მსხვერპლი.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, სახელმწიფომაც უნდა აიღოს და მოსახლეობამაც. მაგრამ მეორე საკითხია, საქართველოში სანამ არ ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის ინსპექციის მაგვარი რამე სტრუქტურა, რომელიც როგორც მე ვიცი, აუცილებლად აღდგება, მანამდე ეს საკითხი ღიად რჩება. ახლა ცალსახად პასუხისმგებელი ორგანო, რომელმაც უნდა იზრუნოს, ვთქვათ, ბუნებისადმი სამართალდარღვევის აღკვეთაზე, არ არსებობს,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.

ოჯახი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმის წინააღმდეგ

„2012 წლის ნოემბერში ჩემს შვილს თავის ტკივილები დაეწყო. ექიმბაშ ნუგზარ ბერიძის რჩევით ფსიქიატრ თემურ ბრეგვაძესთან მივიყვანეთ, რომელმაც რაღაც ტაბლეტები გამოუწერა. ათი დღის შემდეგ ჩემს შვილს უჩვეულო ქცევები დაეწყო, რის შემდეგაც ექიმმა ნემსები დაუნიშნა. ცხრა ამპულის (პალოპელიდოლდეკონაიდი) შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. აფთიაქში გვითხრეს რომ დიდი დოზა იყო დანიშნული და უნდა გადაგვემოწმებინა“-ამბობს  პაციენტის მამა, სულეიმან დევაძე.

ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტს პირიდან ქაფი წამოუვიდა და კანკალი დაიწყო. „როცა ექიმმა მის მიერვე გამოწერილ წამლებს დახედა, რეცეპტი ჩვენს თვალწინ დახია და სხვა პრეპარატი დაუნიშნა. შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ მასთან დაკავშირება, რადგან ახალი წლის დღეები იყო და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.  გადავწყვიტეთ პაციენტის თბილისში გადაყვანა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტის ჭარბი დონით მიღება დაუდგინეს“- ამბობს პაციენტის ნათესავი.

დევაძეები ასევე აცხადებენ, რომ ექიმმა პაციენტის ახლობლებს ფსიქოტროპული მედიკამენტი საკუთარი სახლიდან, რეცეპტის გარეშე მისცა. „ეს პაციენტი მას რეგისტრირებულიც არ ყავდა ჟურნალში, ამიტომ როგორ მისცა ასე უკონტროლოდ საშიში პრეპარატი „ბენზექსოლი“.   არაერთხელ მისცა კაბინეტიდან სპეცკონტროლზე აყვანილი წამლები და იქვე ახდევინებდა ფულს ადგილზე. როგორც შემდეგ გავიგეთ, ამ ფაქტის გამო, დაჯარიმდა ფსიქიატრული საავადმყოფო 500 ლარით“-აცხადებს, ჯუმბერ დევაძე

ნათესავებმა, ფაქტის შესასწავლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სამსახურს მიმართეს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. „მივმართეთ აჭარის პროკურატურასაც, ლევან გზირიშვილს, რათა ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. თუმცა, 2013 წლის 8 მარტს ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოდან გამოძიების დაწყებაზე უარი მივიღეთ“.

პაციენტის მამა და ნათესავები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და მოითხოვენ რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყონ. „ჩვენ მოვითხოვთ არაკვალიფიციური ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას“.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხელმძრვანელის ეკა ზოიძის განცხადებით, დევაძის ფაქტის გამო დაწესებულების პასუხისმგებლობა ვერ დადგება: „როგორც ვიცი ექიმი მას კერძოდ ახლობლის თხოვნით მკურნალობდა, უბრალოდ პაციენტი მიიღო დაწესებულების კაბინეტში და არ გაატარა ჟურნალში, რის გამოც საავადმყოფო დაჯარიმდა. ჩვენთან მომსახურება უფასოა და აღრიცხვიანობაც ნებაყოფლობითია“. საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, ფაქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.

ექიმი თემურ ბრეგვაძე კი მომხდარის გამო თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი თქმით, პაციენტმა მედიკამენტი თვითნებურად მიიღო: „ცილს მწამებენ, რეგულირების კომისიამ შეამოწმა ეს საკითხი. მათ, იჯახმა გაუკეთა წამალი შეცდომით, ან აფთიაქიდან გასცეს შეცდომით. ის წამალი რაც მათ გაუკეთეს, მე არ დამინიშნია“.

იური დევაძის ნათესავები ექიმის წინააღმდეგ

ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის გადაყენებაზე მსჯელობენ

 

გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე საკრებულო იმავე სხდომაზე კენჭს უყრის კონსევატორ მამული ჟღენტის კანდიდატურას.

 

 

 მამული ჟღენტმა ჯერ არ იცის დაუჭრს თუ არა მხარს საკრებულო მის კანდიდატურას, თუმცა ის მაინც მუშაობს საკითხებზე, რის შეცვლასაც მოადგილის სტატუსის ქონის შემთხვევაში შეძლებს: „ძალიან ბევრია შესაცვლელი.“

 

 

ჯუმბერ კახიძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო. მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2006 წლიდან ეკავა.  ის წინა და ამ მოწვევის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით  შევიდა და მოადგილის თანამდებობაზეც ორივე შემთხვევაში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მხარდაჭერით დაინიშნა.   

 

 

მამული ჟღენტი ბათუმის საკრებულოში „კონსერვატორების“ წარმომადგენელი და  ფრაქცია „ბათუმის“ წევრია.

 

 

პარლამენტარ მურმან დუმბაძის განცხადება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია.

 

როგორც დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ რომ ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები და ჯებირები გაემაგრებინათ, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.

 

მისი თქმით, წლების მანძილზე, ექსპერტები, მეცნიერები, კონსულტანტები, ეკოლოგთა ჯგუფის წევრები წერდნენ და აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რომელიც ქვეყანას ემუქრება, თუმცა ხელისუფლებამ მათი რჩევები არ გაითვალისწინა.

 

მისივე თქმით, შესაძლებელია ბულვარის სანაპირო ზოლის გალამაზება, თუ ჯერ მოხდება ჯებირების გამაგრება, რასაც საბჭოთა კავშირიც ახერხებდა, წინა ხელისუფლებამ კი მიზანმიმართულად არ მოახდინა მათი გამაგრება და რამდენიმე მილიონი ლარი მხოლოდ პიარისთვის დახარჯა, რაც სახელმწიფო დანაშაულია.

 

ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ის აპირებს მიმართოს ახალ ხელისუფლებას, რომ შეჩერდეს მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება და მათი მშენებლობა მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ გაგრძელდეს.

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა

როგორც „ბათუმელებს“ კირნათის რწმუნებულმა ხასან კახაბერიძემ განუცხადა, „დაზიანებულია 300 კვადრატული მეტრი, ე.წ შიფერი და 250 კვადრატამდე თუნუქის სახურავი, ქარმა ასევე რამდენიმე საბძელსა და სასიმინდეებს გადახადა სახურავები.“

 

მისი თქმით ქარმა დაახლოებით რვა ოჯახი დააზარალა.

 

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ხასან კახაბერიძე ზუსტ ოდენობას არ ასახელებს და აცხადებნს, რომ მოკვლევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

ძლიერი ქარი კირნათში დილით დაახლოებით 09:00 დან 09:30-მდე გაგრძელდა.

იუსტიციის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ მოშიმშილე სურიე დიასამიძე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში სურიე დიასამიძის მიყვანას ადასტურებენ. მათი განცხადებით, მოშიმშილე ქალბატონი თერაპიულ განყოფილებაში, არტერიული ჰიპერტენზიისა და პნევმონიის დიაგნოზითაა გადაყვანილი.

სურიე დიასამიძე იუსტიციის სახლთან  ყოფილ პატიმრებთან ერთად რამდენიმე დღეა შიმშილობს. ის ცუდად ოთხი დღის წინაც შეიქმნა, თუმცა შიმშილობის პროცესი არ შეუწყვეტია.

მოშიმშილეები თანამდებობიდან ყოფილი ბათუმის პროკურორის, ავთანდილ კილაძის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელია.

„ნაციონალები“ დახურულ ობიექტებზე განცხადებას აკეთებენ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, დღეს გამართულ ბრიფინგზე დახuრული კომერციული ობიექტების სია წარმოადგინა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, რომ შეესწავლა ამ ობიექტების დახურვის მიზეზი. მან დღევანდელ ბრიფინგზე რეგიონში ტურისტების შემცირებაზეც გააკეთა აქცენტი.

წარმოდგენილ სიაში ათი კაფე-ბარი და რესტორანი, თექვსმეტი მაღაზია და შვიდი სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტია დასახელებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო გადაამოწმებს.

ბათუმში თანამედროვე შუქნიშნებს ამონტაჟებენ

 

ბათუმის ქუჩებში თანამედროვე შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. მოდერნიზებული შუქნიშნები ქალაქის 16 გზაჯვარედინზე განთავსდება. შუქნიშნები რადარებითა და მოძრავი კამერების მეშვეობით სრულად გააკონტროლებს საგზაო მოძრაობის ინტენსივობას და შესაბამისი ფერის ჩართვით დაარეგულირებს მოძრაობას, რაც გზაჯვარედინებზე საცობის შექმნას თითქმის გამორიცხავს.

 

ასევე, გათვალისწინებულია პარკომეტრების დამონტაჟება და მართვის ცენტრის მოწყობა, საიდანაც შუქნიშნები და საგზაო მოძრაობა ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება. სამონტაჟო სამუშაოები დაახლოებით თვენახევარში დასრულდება.  მიმდინარე სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა მოადგილესთან ერთად მოინახულა.

გარდა შუქნიშნების, პარკომეტრებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟისა, ხიმშიაშვილის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირზე მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც რადარებით, შესაბამისი ღილაკითა და ხმოვანი სიგნალით აღიჭურვება, რაც მხედველობადაქვეითებული მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ბელგიურ კომპანია ,,ვიალისთან”, რომელსაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია. სააგენტომ სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა 16 გზაჯვარედინის შუქნიშნებით გამართვისთვის საჭირო მოწყობილობა – კომპიუტერული ტექნიკა, მართვის პულტები, რადარები, ვიდეოთვალი, დენის წყარო და ა.შ. 1500 საგზაო ნიშანი და მართვის ცენტრისთვის საჭირო აღჭურვილობა.

 

ამავე კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ შუქნიშნების გამართვასა და ცენტრის მოწყობას. სახელშეკრულებო ღირებულება მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

ბათუმში მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა

 

როგორც ადგილზე მყოფი „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს,  რომელიც ავარიის მომსწრე გახდა, მისი ინფორმაციით ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.

 

სატელეფონო ზარებს საქართველოს რკინიგზასა და მახინჯაურის რკინიგზის სადგურში არ პასუხობენ. სასწრაფო სამედიცინო სადგურში კი „ბათუმელებს” აცნობეს, რომ ერთი დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ოლიმპიადაზე მოხვედრა უკვე წარმატება იქნება

ირინა, დღესდღეობით საქართველოში ყველაზე წარმატებულ ძიუდოისტ ქალად ითვლები, თუმცა, როგორც ვიცი, შენი სპორტული ცხოვრება მშვილდოსნობით დაიწყო. რატომ შეცვალე არჩევანი?

 

 

– მშვილდოსნობით დავინტერესდი თავიდან და ვარჯიშიც ამიტომ გადავწყვიტე, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ რაიმე სერიოზული წარმატებისთვის არ მიმიღწევია, მალევე მომიწია ძიუდოში გადასვლა. ქალთა ძიუდო ახალშემოსული იყო აჭარაში, რაღაც ტურნირი ტარდებოდა, ვესწრებოდი, იქვე იყო საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი გოდერძი ველიჯანაშვილი, სწორედ მან მირჩია ძიუდოში ვარჯიშის დაწყება, ასევე სიმონ ზაქარაძემაც, რომელიც ხელვაჩაურის სპორტსკოლაში მუშაობს. ვფიქრობ, არჩევანში არც შევმცდარვარ.

 

 

  შენი ტიტულები ჩამოგვითვალე

 

 

– პირველი წარმატება 2005 წელს მოვიდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის თასის გათამაშებაში გავიმარჯვე. შემდეგ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზე, მართალია, საპრიზო ადგილი არ ამიღია, მაგრამ სწორედ ამ ტურნირმა განაპირობა ჩემი მომავალი, კარგად ვიჭიდავე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შარშან ბაქოში გამართული „დიდი სლემის“ ტურნირი იყო, რომელზეც ოქროს მედალი მოვიპოვე, ასევე ვიასპარეზე სტამბულში გამართულ მსოფლიო თასზე, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

 

 

ეს ძიუდოში, როგორც ვიცი, ძალები სამბოშიც მოსინჯე

 

 

– დიახ და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს შევმატე.

 

ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)
ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)

 

 

სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოდიოდი, ამჟამად რომელში ჭიდაობ?

 

 

– აბსოლუტურში ვარ.

 

 

მაშინ შენი თანამემამულე თეა დონღუზაშვილი გეცოდინება

 

 

– თეას ვინ არ იცნობს?! უძლიერესი სპორტსმენია. ორჯერ შევხვდი და ორჯერვე დავმარცხდი. თან მაშინ დამწყები სპორტსმენი ვიყავი.

 

 

რევანშის სურვილი არ გაქვს?

 

 

– რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ თუ არ ვცდები, მან აქტიურ სპორტულ კარიერას თავი დაანება.

 

 

ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში გექნება მონაწილეობა მიღებული

 

 

– რა თქმა უნდა. გერმანიაში ვიჭიდავე, მეშვიდე ადგილი დავიკავე, ეს კი საკმარისი არ აღმოჩნდა ლიცენზიისთვის. შემდეგ ტრავმა მივიღე და ცხრა თვე გამიცდა, ხელი თაბაშირში მქონდა ჩასმული.

 

 

ამჟამად თბილისში ვარჯიშობ?

 

 

– კი, თბილისში ვარ და ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა არ შემიძლია ორიოდ სიტყვა ჩემს ბათუმელ მწვრთნელზე, ნანი კირკიტაძეზე არ ვთქვა, რომელთანაც გადავდგი პირველი ნაბიჯები ძიუდოში და დღესაც, როდესაც ბათუმში ჩამოვდივარ, მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვვარჯიშობ. ასევე ნათია აბუსერიძე, რომელიც ძალიან დამეხმარა, თავად ყოფილი სპორტსმენია და თუ არ ვცდები, საბჭოთა კავშირის პრიზიორიცაა.

 

 

უახლოეს მომავალში რა ტურნირზე მიემგზავრები?

 

 

– თურქეთში გაიმართება „დიდი სლემი“, იქ ვიჭიდავებ, ვეცდები საპრიზო სამეულში მოვხვდე და სარეიტინგო ქულები ჩავიწერო.

 

 

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი რამდენად გაქვს?

 

 

– ოლიმპიადა ჩემი ოცნებაა. ვიცი, რომ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ძალიან ბევრი ძლიერი სპორტსმენი გამოდის და ისევე როგორც მე, ყველა ოლიმპიადაზე ოცნებობს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ჩემთვის უკვე დიდი წარმატება იქნება.

 

 

როგორც ვიცი, შენი ორი დაც სპორტსმენია და ისინიც ქალებისთვის უჩვეულო სპორტის სახეობაში ასპარეზობენ

 

 

– კი, ასე ვთქვათ, სპორტული ოჯახი ვართ. ორივე მკლავჭიდელია. ახლახან გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ლამზირამ მეორე, ლარისამ კი – მესამე ადგილი დაიკავა. 

მკლავჭიდელებმა ჩემპიონატი 17 მედლით დაასრულეს

21 წლამდე ვაჟთა შორის 60 კგ. წონით კატეგორიაში ლევან პოღოსიანმა პირველი ადგილი დაიკავა (მარჯვენა), მარცხენა ხელით ასპარეზობისას კი – მესამე იყო. გოგიტა ხიმშიაშვილმა (70 კგ.) როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით გაიმარჯვა. დანარჩენი მედლები კი – აჭარის ქალთა ნაკრების ანგარიშზეა.

65 კგ. (მარჯვენა): 1 ნინო მახარაძე, 2 ქრისტინა კუპრაძე, 3 სტელა ჯიჯავაძე;

65 კგ. (მარცხენა): 1 მარინა ფუტკარაძე, 2) მანონ კუპრაძე;

+65 კგ. (მარჯვენა): 1 დარინა ცეცხლაძე, 2 ნინო აბაშიძე, 3 ნონა ბასილაძე;

+65 კგ. (მარცხენა) 1 ლია გვიანიძე, 2 ლამზირა ლეონიძე, 3 ლარისა ლეონიძე.

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა შავაძის განცხადებით, უკვე კომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელშიც ბათუმელი სპორტსმენების კანდიდატურებიც განიხილებიან, უმეტესწილად გოგონების. ისინი მონაწილეობას მიიღებენ მაისში ბალტიისპირეთში, კერძოდ კი – ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. ამჟამად აჭარის ნაკრები წვრთნას ჩვეულ რეჟიმში ბათუმში გადის თემურ ლიპარტაშვილის ხელმძღვანელობით, – დასძინა გოჩა შავაძემ.

დისკუსია მოსამართლისა და პროკურორის მონაწილეობით

 

დისკუსიის ორგანიზატორების განმარტებით, „მომხსენებლებიც იქნებიან  დავით მამისეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის პროკურორი  – ლევან გზირიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გია ქარცივაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი – ომარ მახარაძე.

 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინფორმაციით, ხვალ „დაგეგმილ დისკუსიაზე განიხილება საქართველოს  სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის ძირეული მიზანი და მისი შესაბამისობა ლიბერალიზაციის სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, აგრეთვე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან. ახალი სისხლის სამართლის კოდექსის თანმიმდევრულობა და ხელმისაწვდომობა დაცვის მხარისთვის, პროკურორისა და სასამართლოსათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის“.

 

დისკუსია 14:00 საათზე დაიწყება.

ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის

 

 

„ავთანდილ ბერიძემ 2013 წლის 21 იანვრის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჩემს მიერ მომზადებულ მასალაში მოყვანილ ფაქტებს უწოდა ტყუილი, ხოლო მე მატყუარა. ვფიქრობ, ჟურნალისტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს. საჯარო მოხელეებს მართებთ უფრო მეტი ეთიკურობა ჟურნალისტებთან მიმართებაში. საჭიროა ჟურნალისტებმა პრეცენდენტული სახით, მსგავსი საჩივრებით საჯარო მოხელეებს უფრო მეტად ვასწავლოთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. სწორედ ეს არის მიზანი, რის გამოც სარჩელი შემაქვს სასამართლოში .”

 

სასამართლოში ტარიელ ცეცხლაძის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.  სიას იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ჟურნალისტი ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რაც სიმბოლურად 3 333 ლარით გამოიხატება.

 

ეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თამჯდომარის წინააღმდეგ ჟურნალისტის მიერ სასამართლოში შეტანილი პირველი სარჩელი არ არის.  

 

ორი კვირის წინ ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ შეიტანა საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე. ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტს მატყუარა უწოდა.

 

„მე არ გამივრცელებია ცრუ ინფორმაცია, ამიტომ ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად. მით უმეტეს, როცა ასეთი მაღალი რანგის კანონმდებელი მაღალი აუდიტორიიდან აცხადებს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამით არამხოლოდ მე მომადგა ზიანი, არამედ იმ მედიასაშუალებასაც, იმ სააგენტოსაც, რომელსაც მე წარმოვადგენ. სარჩელს არ შევიტანდი, ავთანდილ ბერიძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით შეფასება რომ გაეკეთებინა და განეცხადებინა, რომ მსგავს ბრალდებებს ჟურნალისტების მისამართით ადგილი აღარ ექნებოდა,“ – განაცხადა მაშინ ნინო ხოზრევანიძემ. 

 

დღეს უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ჟურნალისტის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე ავრცელებს ინფორმაციას „ტელეარხი 25”-იც.

 

„ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური გამოძიება და ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი – ჯაბა ანანიძე ჭორების ტყვეობიდან ვერ გამოდის“, – ასე შეაფასა „ფეისბუქში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ჯემალ ფუტკარაძემ ჟურნალისტის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი. დეპუტატს არსად აქვს ნახსენები არგუმენტი, თუ რატომ არის ჟურნალისტი არაპროფესიონალი.

  

გადაცემა „დიალოგის” წამყვანი ჯაბა ანანიძე ამბობს, რომ ჯემალ ფუტკარაძისათვის ჩივილს არ აპირებს. „ჩივილს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ფეისბუქი არის საჯარო სივრცე, ჯემალ ფუტკარაძეს, რა თქმა უნდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როცა ამბობს, რომ არასწორ ინფორმაციას ვავრცელებ, ერთი ფაქტი მაინც უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიუღებელია”, – ამბობს ჯაბა ანანიძე.   

 

 

ახალი სახელმძღვანელო საბავშვო ბაღებისათვის

 

 

სახელმძღვანელო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრმა მოამზადა, სამი ნაწილისგან შედგება და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის აქტივობებს მოიცავს.

 

„ყოველთვის ვცდილობთ რომ საბავშო ბაღი არ იყოს ბავშვებისთვის მხოლოდ თავშესაფარი. ჩვენ გვინდა რომ ქვეყანას ჯანსაღი თაობა აღუზარდოთ.  თბილისში ამ პროგრამამ გაიარა  პილოტირება. ახლა საბავშვო ბაღებში გადის პილოტირებას. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით, რომ მისაღები იყო ჩვენი  აღმზრდელებისათვის,“  – განაცხადა  ბათუმის  საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა დალი ფუტკარაძემ.

 

შეხვედრას განათლების კომისიაში ბათუმის საბავშვო ბაღების მეთოდისტები ესწრებოდნენ. 

სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის შესახებ

 

 

შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის ძირეული მიზანი და მისი შესაბამისობა ლიბერალიზაციის სისხლის სამართლის პოლიტიკასთან და აგრეთვე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან სისხლის სამართალში. ახალი სისხლის სამართლის კოდექსის თანმიმდევრულიობა და ხელმისაწვდომობა დაცვის მხარისთვის, პროკურორის და სასამართლოსათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის.

 

მომხსენებლები იქნებიან: დავით მამისეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ა.რ. მთავარი პროკურორი – ლევან გზირიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე – გია ქარცივაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი – ომარ მახარაძე.

ქალი, ოჯახი და საზოგადოება

ძირითადი მომხსენებლები იქნებიან:

• ეკა აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
• აკაკი ძნელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
• ნინო ხოზრევანიძე, ჟურნალისტი, „პალიტრა-ტვ“
• ლია ჯაყელი, რეჟისორი, „სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“

მოდერატორი:  რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლება“

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64

„გადადგეს გამგებელი“ – ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია ხულოში

 

ხულოს გამგებელი დავით ჭელიძე საკუთარ კაბინეტში იმყოფება და როგორც მან  „ბათუმელებს“ სატელეოფონო საუბარში განუცხადა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს. მისივე თქმით აქციის მონაწილეების მოთხოვნა მისი გადადგომის თაობაზე დანიშვნის პერიოდს უკავშირდება: „მეუბნებიან  ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ხარ დანიშნული და უნდა წახვიდეო.  მიუხედავად იმისა რომ უპარტიო ვარ.“

 

 

„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის რამაზ ძირკვაძის განმარტებით აქციის მონაწილეების მოთხოვნა სამართლიანია, რადგან დავით ჭელიძეს  აქვს კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“:  „ ამ პარტიის წარმომადგენლები ხალხს სახლში უვარდებოდნენ დაშინების მიზნით და და ბევრ უსამართლო ქმედებას სჩადიოდნენ. თავად გამგებელი კი რომ ამბობს, არ ვარ ნაციონალიო, არ არის მართალი. ის იყო ხულოს საკრებულოს წევრი  ნაციონალებიდან და გამგებლის თანამდებდებობაზეც ნაციონალებმა დანიშნეს, თუმცა მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ძალადობას, რაშიც ვვარაუდობ, რომ ეს აქცია შეიძლება გადაიზარდოს, ვაპირებ თხოვნით მივმართო ჩვენს მომხრებს, რომ მოვლენები ასე არ განვითარდეს“

 

 

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით ხულოს საკრებულოში კოალიციას უკვე აქვს  საჭირო მხარდაჭერა იმისთვის, რომ გამგებლის გადაყენების საკითხი საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დადგეს: „ამ შემთხვევაში კი გამგებლის გადაყენება კანონიერი იქნება.“

პროკურატურა მოშიმშილეთა მოთხოვნებს შეისწავლის

უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმის იუსტიციის სახლთან ყოფილი პატიმრები ბათუმის ყოფილი პროკურორის, ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ავთანდილ კილაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.

შოთა კაკულიას განცხადებით, სამი კვირის წინ, არჩილ კბილაშვილის ბრძანებით, შეიქმნა 12 კაციანი კომისია რომელსაც პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა დაევალა. „სწორედ ამ კომისიის ფარგლებში, მთავარი პროკურორის მითითებით ჩამოვედით და გავესაუბრეთ თითოეულ მოშიმშილეს და სხვა მოქალაქეებსაც. ამ ეტაპზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული, მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს და იმ საქმეების შესწავლა, რომლებზეც არსებობს პრეტენზიები“.

„ძირითადი მოთხოვნა იმიტომ არის ავთანდილ კილაძეზე, რომ ის იყო ბათუმის პროკურორი და ყველა ჩვენ, ვინც უკანონოდ ვიყავით პატიმრობაში, მოვითხოვთ იმ პროკურორების გადადგომას, რომლებსაც ამ უკანონობაში აქვთ წვლილი. ჩემ საქმეზე პროკურორები იყვნენ ავთანდილ ჭარბაძე და ავთო კოჭლამაზაშვილი, რომლებმაც უკანონოდ მოახდინეს ჩემი წამება, ნარკოტიკის ჩადება და სამი წელი და ექვსი თვე გამატარებინეს ციხეში“ – ამბობს ყოფილი პატიმარი მერაბ გორგაძე.

აქციის ორგანიზატორი და ყოფილი პატიმარი, დავით კუკულაძე კი ამბობს: „ავთო კილაძის მამამ ბანერი ჩამოგვიგლიჯა და არასწორად, ნივთის დაზიანების მუხლით დააკვალიფიცირეს ეს მოქმედება. მე სანქცირებულ აქციას ვატარებ და მან შემიშალა ხელი ჩემი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში. ამაშიც ვერ დაგეხმარებითო და ეს რანაირი გენერალური ინსპეციაა“.

პროკურორი ავთანდილ კილაძე განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას არ აპირებს: „ჩამოსულია გენინსპექცია, თუკი აღმოჩენილი იქნება კანონდარღვევა ან რაიმე სხვა დანაშაული, ბუნებრივია გადავდგები. თუმცა, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არც ერთი პოლიტპატიმარი ჩემს ზედამხედველობით უწყებას არ ჰყოლია. შიმშილობის აქცია კი არის სპექტაკლი, რადგან მათი პროტესტი გამოიხატება რამდენიმე საათით კარავში კოფნით, შემდეგ მათი პირადი საქმეებით არიან დაკავებული“.

ავთანდილ კილაძე ასევე უარყოფს მოშიმშილეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ავთანდილ კილაძე

მიწა შესაძლოა გაძვირდეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით,  ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია. ამ ფართობიდან 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 0.6 ჰექტარი სახნავი და 0.62 ჰექტარი საძოვარი ფართობი მოდის.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიწების პრივატიზაცია და გაყიდვა 2012 წლის დეკემბერში შეაჩერა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს პროცესი მიწის კოდექსის ამოქმედებამდე არ განახლდება.

 

ზოგიერთი სპეციალისტი  ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებმა გაძვირება დაიწყო.

 

 

„სასოფლო–სამეურნეო მიწის კომერციული ფასი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფასზე მაღალია. თუ სახელმწიფოს აუქციონზე 1 კვადრატული ფართობის მიწა 10 თეთრად გამოჰქონდა, ამ პროცესის შეჩერების შემდეგ, მიწის კომერციული ფასი 10 ცენტიდან – 30 ცენტამდე იცვლება“, _ ამბობს კონსალტინგურ-საშუამავლო კომპანია „პრივატ სერვისის“  ხელმძღვანელი ვაჟა ცუცქირიძე.

 

თუმცა ეს ფასი პირობითია, რადგანაც ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მიწაზე ფასს მისი დანიშნულება  განსაზღვრავს. არის სხვადასხვა  კატეგორიის მიწა: სახნავ–სათესი, ბოსტნეულის და ხეხილის მოსაყვანი. ეს იყოფა კიდევ ქვეკატეგორიებად: სარწყავი და ურწყავი.

 

 

ვაჟა ცუცქირიძის განმარტებით, სახნავ–სათესი მიწების ძირითადი კულტივაცია ხორბალი და სიმინდია: „ურწყავ რეგიონებში, ძირითადად კახეთში, მიწის ერთი კვადრატის ფასი 10 ცენტიდან იწყება და ჰექტარის 1000 დოლარიდან – 2000  დოლარამდე მერყეობს. ეს არის საშუალო ფასი. არის იაფი მიწები, რომელიც გზიდან და მოსახლეობისაგან დაცილებულია. თუ მიწის პატარა ფართობი იყიდება მაშინ ფასი კვადრატზე 1-3  დოლარსაც უტოლდება.“

 

 

საქართველოში შავმიწანიადაგიანი მიწები, სადაც  ბოსტნეული მოჰყავთ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა და აქ ფასს ის განსაზღვრავს, თუ რამდენად შორს არის სარწყავი სისტემებისგან და ახლოსაა მოსახლეობასთან და გზასთან.

 

 

ვაჟა ცუცქირიძე ამბობს, რომ ასეთი მიწების ჰექტარის ფასი 3 000 დოლარიდან 6 000 დოლარამდეა. რაც შეეხება იმ მიწებს, სადაც ხეხილის ბაღებია გაშენებული, აქ მიწის ფასს განსაზღვრავს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი: „ერთ კვადრატულ მეტრზე ხეხილიანი მიწის ფასი 50 ცენტიდან იწყება და 6 დოლარამდე აღწევს. გამოდის, რომ ერთი ჰექტარის ფასი 5 000 დოლარიდან 60000 დოლარამდეა.“

 

სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვების სეგმენტში ჩართული რეალთორები ამბობენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია კახეთი, ქართლი,  გურია და  სამეგრელოა. აჭარასა და სვანეთში დარეგისტრირებული მიწების მაჩვენებელი დაბალია. 

 

 

საქართველოში მიწის ფასის შესახებ განცხადებები.გე–სა და საქმე.გე–ზე მოცემული ინფორმაციით, აჭარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი 3 დოლარია.

 

 

ეს ფასები ბევრად ჩამოუვარდება ურბანული მიწის ფასს. აჭარაში ურბანული მიწის ფასი დაახლოებით 100 დოლარია, ყველაზე ძვირი კი საქართველოში თბილისში, ვერაზეა, სადაც ერთი კვადრატული მიწის ფასი 500 აშშ დოლარსაც აღწევს.

 

 

მეცნიერ–აგრარიკოსის პაატა კოღუაშვილის თქმით, ფასები სოფლის მეურნეობის  დანიშნულების მიწაზე, მთელ მსოფლიოში, ურბანული დანიშნულების მიწებთან შედარებით დაბალია: „საქართველოშიც ასეა, ურბანული მიწა უფრო ძვირი ღირს. ეს ასეც უნდა იყოს“.

 

თუმცა კოღუაშვილი ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი 20-40-ჯერ მეტია, ვიდრე – საქართველოში.

 

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასს ხელისუფლების აგრარული პოლიტიკა გააძვირებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლად მოსახლეობას თებერვალში მიწის დამუშავების მიზნით ბარათები დაურიგა. „სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდი“ კი ფერმერებსა და აგროსექტორში დასაქმებულ მეწარმეებზე დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს. დაგეგმილია სამაცივრე მეურნეობების განვითარება და რეგიონებში 60 საწარმოს შექმნა, სადაც მიღებული მოსავალი გადამუშავდება.

 

 

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლელა შათირიშვილი  ამბობს, რომ საქართველოში მიწის ბაზრის განვითარება შესაძლებელია: „თუ სოფლის მოსახლეობა სწორად მიმართავს ამ თანხებს მათ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად, მათი შემოსავალი უნდა გაიზარდოს, უკეთესი მოსავლის ხარჯზე. თუ გლეხის შემოსავალი გაიზარდა, მას მიწის დამუშავების ინტერესი გაუჩნდება და შესაბამისად მიწას იაფად არ დათმობს“.

 

 

ვაჟა ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს გააქტიურება აგროსექტორში მიწის ბაზრის განვითარებას გამოიწვევს: „გლეხს თავისთავად უფრო გაუჩნდება მიწის დამუშავების მოტივაცია. ჩემი პროგნოზით, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა გაძვირდება. რადგან სახელმწიფო არა მარტო ამ პროგრამას ავითარებს, არამედ დაგეგმილია მოსავლის შესანახი მშრალი და ცივი საწყობების მოწყობა.“

 

 

მსოფლიო ჩემპიონი სამართლიანობის აღსადგენად პროკურატურას მიმართავს

როსტომ აბაშიძის ინფორმაციით, მას მეზობელმა თამაზ ფევაძემ უჩივლა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მისი მიწის ნაკვეთს ფლობს გიორგი კარბელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე.

 

„კარბელაშვილმა იქ უდიდესი სახლი ააშენა, რომელიც ვიღაც ქალზე აქვს გაფორმებული. ფევაძე მან გამოიყენა, თორემ სად იყო ფევაძე მთელი ცხრა წელი. ფევაძის განმარტება, რომ ასლან აბაშიძის დროს შიშის გამო იყო ჩუმად, ტყუილია, რადგან აბაშიძე 2004 წელს წავიდა, ფევაძემ კი ჩივილი 2006 წელს დაიწყო. მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაახსენდა, მე რომ ვსარგებლობდი მისი მიწით“.

 

როსტომ აბაშიძეს მიწის ნაკვეთი ხელისუფლებამ გადასცა, მაშინ ხელვაჩაურის გამგებელი მისი ძმა – ჯემალ აბაშიძე იყო. ყოფილი სპორტსმენი ამბობს, რომ მისი ძმა არაფერ შუაშია და მიწა გონიოში შევარდნაძის ბრძანების საფუძველზე მისცეს.

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როსტომ აბაშიძეს ხელისუფლებამ თბილისში ის ბინაც ჩამოართვა, რომელიც მას სახელმწიფომ სპორტული მიღწევების გამო აჩუქა. მაშინ სპორტსმენი ასლან აბაშიძის ოჯახის ახლობლად მიიჩნიეს. თუმცა, ეს შეცდომა მალევე გამოასწორეს და როსტომ აბაშიძეს თავისი ბინა დაუბრუნეს.

 

როსტომ აბაშიძის თქმით, ახლა მის საჩივარს ხელვაჩაურის პოლიცია სწავლობს.

როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს

„ეს ცხოვრების სტილია, ცხოვრების ფილოსოფიაა. დიდი ისტორიის მქონე თევზაობის სტილია. დაახლოებით მეთოთხმეტე-მეთხუთეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ჩვეულებრივი თევზაობისგან არის ის, რომ ვთევზაობთ ხელოვნური მასალების მეშვეობით, მაგალითად, მამლის ბუმბულით. თევზის საკვები ბაზა რაც არის, ღორტავს რომ ეძახიან, ხელოვნური მასალისგან მის მსგავს სატყუარას ვაკეთებთ.  არ გამოიყენება ბუნებრივი სატყუარა – ჭიაყელა, პური და სხვა სატყუარები,“ – ამბობს ნიკა ზურაბიშვილი.

 

 

ნიკა ზურაბიშვილი
ნიკა ზურაბიშვილი

 

 

მისი თქმით თევზაობის ამ მეთოდით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ჰემინგუეის მოთხრობების წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა. მოგვიანებით, როცა თევზაობა დაიწყო, ბლოგი შექმნა, სადაც თავისი გამოცდილების შესახებ წერს და სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნის. Fly fishing -მა სანამ დღევანდელი სახით ჩამოყალიბდებოდა, განვითარების დიდი გზა განვლო. ამ მეთოდით თევზაობის შესახებ პირველი ინფორმაცია ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების დამწერლობის ნიმუშებში, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გვხვდება და ძირითადად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცნობების სახითაა წარმოდგენილი. უკვე მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში მთელი რიგი ლიტერატურა იქმნებოდა იმდროინდელი სწავლულების მიერ. მათ მიერ დაწერილ წიგნებში იმიტაციების (ხელოვნური სატყუარების) შექმნის და გამოყენების სხვადასხვა მეთოდი იყო აღწერილი.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ნიკა ზურაბიშვილი ამბობს: „Fly fishing -ის გავრცელებას მეოცე საუკუნის დასაწყისში ფოთში მყოფი ინგლისური საექსპედიციო ძალების ოფიცრებმა დაუდეს სათავე, მაგრამ შემდგომში რა სახის განვითარება ჰპოვა ამ მეთოდმა ჩვენთან, ნამდვილად არ ვიცი, არადა, საინტერესო იქნებოდა ამ ინფორმაციის მოძიება. თუმცა არა მგონია, რამე განსაკუთრებული მოვიძიოთ, არ არსებობდა ადგილობრივი წარმოება და ალბათ თევზაობდნენ ინგლისელების მიერ დატოვებული მასალებითა თუ აღჭურვილობით, ინგლისელებმა კი ფოთი მალევე დატოვეს. მოიპოვება ცნობები, რომ სამეგრელოში დღემდე ე.წ. „ბუნდღაობა“ ეწოდება. მამლის ბუმბულს ახვევენ ნემსკავზე და ამ მეთოდით თევზაობენ მთის მდინარეებში. კლასიკური  ფლაიფიშინგის მეთოდი საქართველოში არ არსებობს და ვერ ვიტყვით, რომ გავრცელებულია.“

 

 

მაინც რატომ არის საინტერესო და განსაკუთრებული თევზაობის ეს სტილი? ნიკა ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს გაძლევს  ახლო ურთიერთობის საშუალებას ბუნებასთან.

 

 

„სპეციალურად ირთულებს მეთევზე თავის ამოცანას. ჩვეულებრივი სატყუარით დაჭერა ყველას შეუძლია.  მეთევზე ჯერ აკეთებს, მაგალითად, ჭიაყელას მსგავს იმიტაციას, სატყუარას, შემდგომ უკვე თევზს ატყუებს მისით. ამასთან ეს მთელი ფილოსოფიაა.  თევზისადმი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ის, რომ აი, წავიდა მეთევზე, წამოიღო  თევზი და შეწვა ტაფაზე. ჩვენი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თევზს უკან, ბუნებაში ვაბრუნებთ იმისათვის, რომ გამრავლდეს. სწავლობ არა მხოლოდ თევზს, არამედ მდინარეს. რომელი მწერი ბუდობს ამა თუ იმ ადგილას, რა სახის, რა ფერის იმიტაცია უნდა დამზადდეს, რომ თევზი მოიტყუო.

 

რატომ ვაბრუნებ თევზს უკან მდინარეში? იმდენად მიყვარს ბუნება, არ შემიძლია მოვკლა ეგ თევზი, იმიტომ, რომ ამ თევზთან შეხვედრას ველოდები კვირები და ხანდახან თვეები. მეორეც, საქართველოში სამწუხაროდ იმდენი თევზი აღარაა დარჩენილი, რომ ყველამ სახლში წავიღოთ. ანუ რაც უფრო მეტი თევზი დაბრუნდება მდინარეში, მით უფრო მეტი თევზი იქნება, გამრავლებას და ნორმალური იხტიოფაუნის ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს,“- ამბობს ნიკა. 

 

Fly fishing – ის მეთოდით თევზაობა კალმახზე სათევზაოდ არის შექმნილი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ  საქართველოში დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, კალმახის ჭერა აკრძალულია, ამ სტილის მიმდევრები სხვადასხვა სახეობებზე თევზაობენ.

 

 

„იძულებულები ვართ, ვითევზაოთ სხვადასხვა სახეობის თევზზე. მაგალითად, მე ვიჭერ ხრამულს, სიმორს, წვერას, კარჩხანას. იმდენად უნივერსალური მეთოდია, რომ არა აქვს მნიშვნელობა თევზის სახეობას. ეს მეთოდი „თვითონ ირჩევს“ ადამიანს. პირადად ჩემთვის ეს მეთოდი არის მისაღები,“ – ამბობს ნიკა.

იუსტიციის სახლთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

ამ დროისათვის სურიე დიასამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მისი თქმით, იგი შიმშილს კვლავ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმის იუსტიციის სახლთან ყოფილი პატიმრები აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ავთანდილ კილაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.

როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, ავთანდილ კილაძეს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მან თანამდებობა უნდა დატოვოს, მათივე თქმით, ისინი შიმშილობას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.

ერთ-ერთი მოშიმშილე ეთერ ჯორთმენაძე აცხადებს,  რომ ავთანდილ კილაძე ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის  წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, რადგან კილაძე მისი თანაკურსელი იყო. მისივე თქმით, ქუცნაშვილს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია კილაძის დანაშაულებების შესახებ და ახლა რეაგირებას ელოდებიან.

ამასთან, ის დასძენს , რომ კილაძე იყო ზურაბ ადეიშვილის თანაკურსელიც და სწორედ ადეიშვილის მფარველობით მოხდა ვარდების რევოლუციის ხელისუფლებაში, ახლა კი ახალ ხელისფლებას აწვდის ცრუ ინფორმაციას და აღნიშნულ თანამდებობას იკავებს.

როგორც ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით,  კილაძე ორშაბათამდე თანამდებობას დატოვებს.

გუბეებში არეკლილი ქალაქის ფოტოგრაფი

 

რატომ 2 ცა 1 ბათუმი

ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო. სამი წლის წინ, მეგობართან ერთად „ბერეგზე“ ვიყავი და ვეცადე გუბიდან გადამეღო ფოტო. მერე მომეწონა და ეს ყველაფერი სერიად იქცა. მაშინ ძველი ბათუმით ვიყავი დაინტერესებული, ძველი ბათუმი ერთგვარი მისტიკა იყო ჩემთვის, ქალაქი, რომელიც იყო რაღაც დროსა და სივრცეში და მერე გაქრა. იმ დროს ქრებოდა ქალაქში ძველი შენობები, ბათუმი იცვლებოდა ჩვენ თვალწინ და გაჩნდა ამ სერიის –  „2 ცა 1 ბათუმის” იდეა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება ყველაფერი იყოს ორი, მათ შორის ცაც, გარდა ბათუმისა.

 

ეს არ არის დადგმული კადრები, გადაღებულია ძალიან სწრაფად, ერთ რეჟიმში. მე მგონი ის, რასაც ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ სანაპიროზე, გუბეებიდან სხვაგვარად ჩანს. სამყარო და ქალაქი არ არის მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ. ამ ქალაქის მთავარი ღირსება არის ზღვა და მეთევზეები, რომელიც რაღაც ცალკე სამყაროა. მინახავს, როგორ გადიან ისინი დილით ზღვაში, მომისმენია რაზე საუბრობენ, ეს ეთნიკურად ძალიან ჭრელი ჯგუფია, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს.

 

 

ბევრს უნახავს, როგორ ჩადის ბათუმში მზე, მაგრამ ბევრს არ უნახავს როგორ ამოდის მზე. ადრიანი გაზაფხული, ჩრდილების თამაში… მეთევზეები არიან ამ სერიის გმირები და არის ერთი გემი, რომელიც ბევრ ფოტოში ფიგურირებს. არის ფოტოები, როგორ აირეკლება თოვლიანი ბათუმი წყლის გუბეებში.

 

მე ვთვლი, რომ ეს გამოფენა დედას ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ თემატურად არანაირ კავშირში არ არის და არც ერთი ფოტო, რომელიც გამოიფინა, დედას არ უნახავს არასდროს.

 

ადგილი, სადაც ვცხოვრობ

 

ძენწმანი – სოფელი, ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაბაში გავიზარდე, ქედაში, 10 წუთში სოფელში ფეხით ვიყავი და მიმაჩნია, რომ სოფელია ჩემთვის ყველაფერი.  სოფელში არის სახლი, 170 წლის წინ აშენებული, როცა იქ ავდივარ, მგონია, რომ დრო გაჩერებულია. განსაკუთრებული ფენომენია, გრძნობ, რომ სხვა კონტაქტია.

 

გამახსენდა ზამთარში ძველ სახლში საღამოხანს ბუხარში დანთებულ ცეცხლზე ატკაცუნებული წაბლის შეშა, თოვას მოყოლილი გიჟი ქარი და დიდი სექვიდან დანახული ცეცხლის ალი. გამახსენდა ძველი ხის სარკმლები და სარკმლებიდან სანახევროდ შემოპარული ქარის ზუზუნი. გამახსენდა ორი დიდი აგუზგუზებული ლაზური ბუხარი და ყაბალახიანი კაცები, რომლებიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობენ და რაც მთავარია, გამახსენდა შავშეთისა და მესხეთის ქედებს შორის გაწოლილი აჭარისწყალი და მთელი ხეობის ულამაზესი ხედი. 

მერე?

მერე  კიდევ ბევრი რამე გამახსენდა.

სულ მერე კი ყველაფერი აირია. აირია და თავის ადგილას დადგა.

 

ნოემბრის ზამთრის მისტერიები (ნაწყვეტი სულხან სალაძის ბლოგიდან დაწერილი ამბები”)  

 

ბათუმი – ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმი ჩემთვის. მე ვთვლი, რომ თუ ჩემში რაღაც მნიშვნელოვანი, ღირებული შეიქმნა, ამ ქალაქის დამსახურებაა. და სულ მგონია, რომ ამ ქალაქს უხდება წვიმა. ეს გამოფენა წვიმის დამსახურებაა თავიდან ბოლომდე.

 

 

განსაკუთრებით მიყვარს რამდენიმე ადგილი – ძველი ბათუმის ქუჩები, სანაპირო, მერიის წინ ვარდების სკვერი, სადაც მეგობრები ვიკრიბებოდით… ამას აფასებ მაშინ, როცა სხვა ქალაქში გადადიხარ, ხვდები, რომ ეს ყველაფერი გაკლია იქ.

 

თბილისი – პირველი რაც აღმოვაჩინე თბილისში ჩასვლისას, ეს იყო ხმაური. ზოგადად, ყველა დიდი ქალაქი ხმაურიანი. მერე მივხვდი, რომ არ ვარ ურბანისტი, სოფელი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა თბილისის გარეშე არ შემიძლია ყოფნა, ეს არის ადგილი, სადაც გეძლევა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა. მეორე მხრივ, სულ ვფიქრობ, რომ სოფელში, სადაც ჩემი მიწა მაქვს, წლების შემდეგ, აუცილებლად მექნება ჩემი ხის სახლი. 

 

 

ძველი წიგნები და სიურპრიზი მეგობრებისთვის

 

 

ასზე მეტი ძველი წიგნი მაქვს. წიგნების შეგროვება 2010 წელს დავიწყე. ჰოლანდიაში, ჰააგაში მოვხვდი ძველი წიგნების მაღაზიაში და იქ ვიყიდე „გოეთეს საუბრები ეკერმანთან“. აქედან დაიწყო ყველაფერი. ახლა ძალიან საინტერესო კოლექცია მაქვს. 

 

მას შემდეგ, რაც თბილისში წავედი, მშრალი ხიდი ჩემი საყვარელი ადგილია. იქვე, ახლოს ვცხოვრობ და კვირაში ერთხელ მაინც გავდივარ. ნაცნობები მყავს, რომლებიც მირეკავენ და მეუბნებიან, აი ეს არის გამოსული… ახლა, როცა თბილისში ჩავალ, ძველ ბათუმში გამოცემული წიგნი, ვოლტერის ქართული თარგმანი უნდა ვიყიდო, რომელიც ზაქარია ჭიჭინაძემ თარგმნა. ის სტამბაც აღნიშნულია, სადაც წიგნია დაბეჭდილი. ზოგადად, რაც სიძველეებთანაა დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.

 

ახლა რასაც ვიტყვი, არავისთვის მითქვამს ჯერ. ვაპირებ ჩემი ახლო მეგობრებისთვის გავაკეთო დახურული გამოფენა ჩემთან სახლში, ძველი წიგნების და ძველი ბარათების. ჯერ არ იციან ამის შესახებ. ეს ძალიან კერძო გამოფენა იქნება, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრისათვის.

 

 

პროფესია და ოცნება

 

არ ვნანობ, რომ იურისტი ვარ. იურიდიულ ნაწილში მაქვს ჩემი სფერო და ის, რაზეც მე ვმუშაობ, არის ძალიან შემოქმედებითი. ბავშვობაში სულ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი არქეოლოგი. ხანდახან ახლაც მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უარი ვთქვა ამ ყველაფერზე და ის ვაკეთო, რაც ძალიან მიყვარს. როცა ბათუმში ვარ და წვიმს, პირველი რაც მახსენდება, არის `ბერეგზე~ გასვლა. ფოტოების სიყვარულსაა მიბმული ძველი წიგნების სიყვარულიც. 

 

ერთადერთი ოცნება მაქვს ცხოვრებაში, მქონდეს წიგნის მაღაზია, სადაც ერთ მხარეს იქნება წიგნები, რომელიც არ იყიდება. ეს იქნება გადაშლილი წიგნები, რომლებიც ყვებიან ისტორიებს. მაგალითად, მაქვს საფრანგეთის ისტორიის ძველი გამოცემა, სამტომეული. ერთ-ერთ ტომში ბასტილიის აღების დღე, რომელიც ყველაზე დიდი დღესასწაულია საფრანგეთში, არის დასურათებული. ეს წიგნი რომ ამ ფურცელზე გადაშლილი დადო, ეს უკვე ნიშნავს, რომ წიგნი ყვება ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას. 

 

დასასრულის მაგიერ

 

სადღაც მცხეთის შემდეგ გავიხედე ფანჯრიდან და აღმოვაჩინე, რომ დაბურული მინის მიღმა ღამე დღესთან აპირებდა გაყრას. გარეთ ყველაფერი ნისლში იყო გახვეული.

ყურსასმენები მოვირგე და მუსიკა ჩავრთე. ბრუბეკს ხან ჯობიმი ენაცვლებოდა, ხანაც მეჰლდაუ.

მერე ჩემი ფოტოების საქაღალდეებს მივადექი კომპში. „2ცა 1ბათუმი”, „მერისის ხეობის მთები“,  „უცნობი თბილისი“, „უსათაურო ბათუმი“ და უცებ გამახსენდა, რომ მე ხომ ღრმად ჩასასუნთქ ქალაქში ვბრუნდებოდი.

ღრმად ჩასასუნთქი ქალაქის გახსენებაზე ერთად წამოვიდა მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრის სურვილი, წვიმის შემდეგ სველ  „ბერეგზე“  ხეტიალი, იქაური ბოტანიკური, ჩემები და საერთოდაც…

დედა, მე სახლში ვბრუნდები.“

(ნაწყვეტი სულხან სალაძის ბლოგიდან  „დაწერილი ამბები”.)

როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა

 

 

„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის“ ორგანიზაციის წევრებმა შეხვედრაზე რეგიონალური განვითარების პროცესები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ქვეყნის დეცენტრალიზაციის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. 

 

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ქვეყნის დეცენტრალიზაცია ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან არ შეიძლება ყველა პრობლემა თუ პროექტი ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მაღალმთიანი რეგიონების პრობლემატიკაზეც იმსჯელეს.

 

როგორც „სიდას“  რეგიონალური მენეჯერი ჯუბა მარუაშვილი აღნიშნავს, „ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროექტი, ქვეყნისთვის არის საკმაოდ აქტუალური, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროცესები თანმიმდევრულად  განხორციელდეს და სამოქალაქო საზოგადოება და მედია აქტიურად იყოს ჩართული“.  

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, დავით ბაციკაძის შეფასებით, „ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმე იქნება არა მომატებული პენსიები, არა სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება, არამედ შესაბამისი კანონი თვითმმართველობების შესახებ, რადგან ეს კანონი თავისთავად მოიტანს იმ სიკეთეს, რაც საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის.“

 

დეპუტატი დასძენს, რომ თვითმმართველობების განვითარებისათვის აუცილებელია მოხდეს ფინანსური დეცენტრალიზაციაც და სოფელს უნდა ჰქონდეს თანხა იმისათვის, რომ პრობლემები ადგილზე მოგვარდეს.

 

თვითმმართველობების თემაზე დისკუსია საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მსგავსი დისკუსია უკვე გაიმართა, მცხეთაში, გორში, თელავსა და ახალციხეში, დღეს 16:00 საათზე კი ზუგდიდში გაიმართება.

 

შეხვედრებში ორმოცდაათამდე რეგიონალური ორგანიზაცია მონაწილეობს. 

რესპუბლიკური საავადმყოფო ცვლილებების მოლოდინში

 

 

ბატონო მალხაზ, ითქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გადაკეთდეს თანამედროვე მედიცინის ცენტრად. რამდენად რეალურია ეს, რა რაოდენობის თანხაა საჭირო ამისათვის და საიდან უნდა გამოიყოს ეს თანხა?

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს 100 პროცენტი წილის მფლობელია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამიტომ თანხის გამოყოფის წყარო და გადაწყვეტილება თანხის თაობაზე ჩემს კომპეტენციას სცდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამედროვე მედიცინის ცენტრად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, ამ იდეას ემხობა ჯანდაცვის სამინისტროც. ფინანსების მოძიებაზე მთავრობა მუშაობს. საუბარია იმაზეც, რომ ახალი საავადმყოფოს მშენებლობა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2013 წლისა.

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ წლების მანძილზე იყო შენიშვნები, როგორც პაციენტთა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. როგორ აპირებთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში უწევს მუშაობა?

 

 

წლების განმავლობაში საავადმყოფო ინახავდა თავს და ემსახურებოდა აჭარის მოსახლეობას, მაგრამ მასში არავითარი თანხის ჩადება არ ხორციელდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი საავადმყოფო აღმოჩნდა. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, ამას აქტიური მუშაობა სჭირდება, ჩვენ ამის განსახორციელებლად კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებთ.

 

 

წლების მანძილზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს  ჰქონდა სასამართლო დავები ყოფილი პაციენტების ოჯახებთან, რომლებსაც გააჩნდათ დავალიანება  საავადმყოფოს მიმართ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ამჟამად?

 

 

2013 წლის პირველი იანვრისთვის, მოსახლეობის დავალიანება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ შეადგენს 1 260 000 ლარს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციიდან რომ გითხრათ, მე უნდა შევეცადო ეს თანხა ამოვიღო სამართლებრივი გზით, მაგრამ ამ ვალს აქვს გარკვეული სოციალური დატვირთვა. ეს არის წინა პერიოდის ვალი და აჭარის მთავრობისა და უზენაეს საბჭოს წევრებთან ერთად ვცდილობთ მოვიძიოთ გარკვეული გზები, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შევძლოთ. ვგულისხმობ მოსახლეობისათვის გარკვეული ფინანსური შეღავათის გაწევას.

 

 

რამდენი ადამიანია ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული და როგორია თქვენი სახელფასო პოლიტიკა, რამდენია ექიმისა და ექთნის მაქსიმალური და მინიმალური ხელფასი?

 

 

ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს მონაცემები იცვლება. აქ მუშაობს ბევრი მიმართულების სპეციალისტი _ ექიმები, ექთნები, დიასახლისები… არის დიდი სამეურნეო განყოფილება და აუცილებლად გვჭირდება ბევრი ადამიანი, რომ უზრუნველყონ კორპუსების ფუნქციონირება. რაც შეეხება კონკრეტულად სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, არ შემიძლია კონკრეტული ციფრის დასახელება, რადგან ხელფასი არის გამომუშავებით და პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

 

 

არიან თუ არა დასაქმებულები ახალგაზრდა ექიმები თქვენთან და რომელ ნაწილში ძირითადად?

 

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში თერაპევტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მაგრამ ამავე დროს რადიოლოგების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თანამედროვე მედიცინა ითვალისწინებს ახალი აპარატურისა და ტექნიკის ცოდნას, თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები ეყრდნობა ამ აპარატების მუშაობას და ამ მიმართულებით ხორციელდება ექიმების მომზადება. რაც შეეხება თერაპევტების რაოდენობის შემცირებას, ეს განპირობებულია იმით, რომ არამომგებიანი მიმართულებაა, თუმცა თერაპევტთან პაციენტის მომართვიანობა არის ორჯერ უფრო მეტი. რაც შეეხება ქირურგიულ მიმართულებებს, აქ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ექიმი გვყავს.

 

ჩვენ გვინდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იქცეს კლინიკურ და საუნივერსიტეტო ბაზად, რათა აქვე მომზადდნენ სპეციალისტები. ჩვენს საავადმყოფოს აქვს გარკვეული მისია _ აქ ისეთი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რომელიც კომერციული კლინიკისთვის შეიძლება იყოს არამომგებიანი და მომხმარებელს არ სთავაზობდეს. ჩვენ უნდა ვიქცეთ მრავალპროფილურ-კლინიკურ საუნივერსიტეტო  ცენტრად. იდეის საფუძველშივე დევს, რომ ეს საავადმყოფო უნდა შენარჩუნდეს, როგორც სახელმწიფო მისიის მქონე.

 

 

რა მდგომარეობაა აპარატურის მხრივ რესპუბლიკურ საავადმყოფოში?

 

 

ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა, არ გვაქვს ახალი ტექნიკა. გვაქვს განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველადი საზრუნავი არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც საავადმყოფოს შენარჩუნება. მალე უნდა აშენდეს ახალი კორპუსი, რომელიც შესაბამისი ტექნიკითა და აპარატურით იქნება აღჭურვილი, მაგრამ მანამდე საავადმყოფოს ფუნქციონირება და განვითარება არ უნდა შეფერხდეს. ვცდილობთ უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ  საჭიროა ფინანსები. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, რომ გარკვეული აპარატურა შევიძინოთ, ასევე გვაქვს რამდენიმე ახალი პროექტი, რომელიც იქნება ნოვატორული და ამას მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარებით განვახორციელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაბრუნდა ნეიროქირურგი, პროფესორი ნუგზარ გურგენიძე და ის აქტიურად მუშაობს ინოვაციებზე, რის განხორციელებასაც ვაპირებთ.

 

აუცილებლად მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არ დგას, მაგრამ რაც შეეხება სერვისის ნაწილს, კომფორტს, ეს პრობლემები ჯერჯერობით არ არის მოგვარებული.

 

 

აპირებთ თუ არა რეორგანიზაციას ან თანამშრომელთა შემცირებას?

 

 

რაც შეეხება თანამშრომელთა დათხოვნას, ამ კუთხით ცვლილებები არ იგეგმება. მარტში ჩვენ ვაპირებთ ტესტირების ჩატარებას, რათა შემოწმდეს თანამშრომელთა კვალიფიკაცია, გამოიკვეთოს რა ნაკლოვანებები არსებობს და ა.შ., მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ტესტირება მიზნად არ ისახავს თანამშრომელთა გაშვებას და შემცირებას.

 

 

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც მე დამხვდა აქ მოსვლისას, იყო ის, რომ იმ დროს ბათუმში გაიხსნა ორი ახალი კლინიკა და ჩვენი ექიმები მიწვეულნი იყვნენ იქ სამუშაოდ. ადრე მათ საშუალება არ ჰქონდათ, ორივე  დაწესებულებაში ემუშავათ, რაც არასწორი მიდგომაა, მე მათ საშუალება მივეცი ორივე ადგილზე იმუშავონ შეთავსებით,  ვფიქრობ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, მედიცინის მუშაკის მაღალი კვალიფიციური დონის შესაფასებელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია პრაქტიკა. ამ მხრივ მე არც კანონმდებლობა მზღუდავს.

ხანძარი რამდენიმე ადგილას ერთდროულად

 

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, დამწვარია ხუთ ჰექტრამდე ტერიტორია.  

 

„ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია, პატარა კერებია დარჩენილი რასაც ვაქრობთ ახლა. სოფელს სადაც ხანძარი გაჩნდა ჰქვია ზედა კაპრეშუმი, სოფელ განთიადის საზღვართანაა. ჩაქვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია,“ – განაცხადა ხუსეინ სირაბიძემ.

 

მისივე თქმით ხანძრის ჩასაქრობად ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის კერა ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზეა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.  

 

დღეს აჭარაში ძლიერი ქარია, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. amindi.ge – ს ინფორმაციით ამ დროისათვის ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსია. 

 

ხანძარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

ჩაქვის შემდეგ ხანძარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაჩნდა. სოფელ ოჩხამურის აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია იწვის.

 

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თენგიზ ზოიძე ამბობს ხანძრის სალიკვიდაციოდ სამუშაოები მიმდინარეობს.

დასახლებულ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება. 

ჩაქვში ძლიერი ხანძარია

 

 

19: 00 ჩაქვში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯინჭარაძის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძარი ჯერ სახლის სახურავზე გაჩნდა და მალე სამ სახლს მოედო. 

 

 

ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მალე მოედო წიწვოვან ხეებს და სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის ადგილზე ორი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

 

როგორც „ბათუმელებს” ჩაქვიდან აცნობეს, ცეცხლი მოედო სასაფლაოს ტერიტორიასაც. მოსახლეობა მეხანძრეებს ეხმარება, თუმცა შიშობენ, რომ ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდება და ისინი დამატებითი ბრიგადების მობილიზებას ითხოვენ.  ამ დროისთვის ჩაქვში გამორთულია ელექტროენერგიაც

ბათუმის სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ ჩაქვის მიმართულებით უკვე გასულია სახანძრო მანქანები. 

 

ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია.  მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

„ბათუმელები” განახლებულ ინფორმაციას მალე მოგაწვდით. 

„ბათუმის ციხეში პატიმრები აღარ არიან“

 

ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმრებია აღარ არიან.

 

გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი: „2-3 დღის უკან ბათუმის საპყრობილედან მისჯილი პატიმრები გადაიყვანეს გეგუთის დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებულ ზონაზე. ხოლო გუშინ დაიწყო ეგრეთ წოდებული მიუსჯელი პატიმრების ეტაპირება ქუთაისის #2 დაწესებულებაში. ეს ახსნეს იმით, რომ ბათუმის #3 დაწესებულება საჭიროებს სასწრაფო რემონტს და დაიწყება სარემონტო სამუშაოები“.

 

გიორგი ჩარკვიანის თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში 230-მდე პატიმარი იყო.

ვანო მერაბიშვილი: „ივანიშვილს ეშინია, რომ ნაცმოძრაობის აქციაზე უამრავი ადამიანი მოვა“


ბიძინა ივანიშვილს ეშინია აქციების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბათუმში პარტიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა.

 

როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, დღიდან ნაციონალური მოძრაობა პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, იწყებს შეხვედრებს. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კამპანიას, რათა მოსახლეობასთან ერთად იმსჯელონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, მერაბიშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა იქნება ძალიან აქტიური და პრემიერ-მინისტრს სწორედ ეს აშინებს.

„ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური და ივანიშვილს ეს ძალიან აშინებს, მას ეშინია აქციების, მას აშინებს, რომ ნაცმოძრაობის აქციაზე უამრავი ადამიანი მოვა, ივანიშვილს ეშინია დემოკრატიის, სწორედ ამას უკავშირდება მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებები“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

დღესვე, ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრთან მიხეილ მაჭავარიანთან ერთად სამტრედიასა და ბაღდადში გამართავს შეხვედრებს.

ინტელიგენციას სუნი არა აქვს?!

ქართულ ვიკიპედიის ცნობით, წითელი ინტელიგენცია მე-20 საუკუნის ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა ჯგუფია, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ კომუნისტურ იდეებს, უმეტეს შემთხვევაში საკუთარი კეთილდღეობის მიზნით ან შიშის გამო. როგორც მახსოვს, ეს ტერმინი ამ დატვირთვით, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა გამოიყენა, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ გაუმართლებელი იყო. რამდენიმე წლის წინ კი მოქმედმა პრეზიდენტმაც ამ ჯგუფს „ჩარეცხილები“ უწოდა, რაც არანაკლებ მიუღებელი იყო პოლიტკორექტულობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი თემაა და, შესაბამისად, დროის დახარჯვა არ ღირს. სულ ცოტა ხნის წინ მეც ანალოგიურად ვფიქრობდი, სანამ სოციალურ ქსელებში არ გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით „მსახიობები და მომღერლები რუსეთზე“.

 

ერთი შეხედვით ეს საკმაოდ „უწყინარი“ ღონისძიება იყო, რომელზეც  საზოგადოებისთვის ცნობილი (თუმცა მივიწყებული) სახეები შეიკრიბნენ და გამოთქვეს მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. მაგალითად, გაისმა შეძახილი ერთი სიმღერა 15 ტანკის სანაცვლოდ (მქუხარე აპლოდისმენტები), იმპერიის წინაშე ყველა უნდა კრთოდეს (შედარებით მოკრძალებული აპლოდისმენტთა აკომპანემენტი) და ა.შ. ვიდეოს ყურებისას გამახსენდა კარგი ქართველი ბლოგერის სიტყვები, რომ რუსეთის მიმართ პოზიციები ქართულ ინტელიგენციაში სახელმწიფო კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად იცვლება: თუ ხელისუფალი ამბობს „დაგმე რუსეთი“ – გმობენ, ხოლო თუ პირიქით, მათი ქცევაც შესაბამისია. მაგრამ რატომ იქცევიან ასე? ვფიქრობ, ამაზე პასუხი ჯავაჰარლალ ნერუს აქვს, რომლის მიხედვით, „ინტელიგენცია, რომელიც კოლონიზატორების მიერ არის აღზრდილი, საკუთარი ერის მთავარი მტერია“.

 

ამ ვიდეოში იყო ერთი საინტერესო პერსონაჟი, ახალგაზრდა კაცი, სამოქალაქო აქტივისტი ლევან ყიფიანი, რომელიც გაბრწყინებული თვალებით გვიმტკიცებდა, რომ რუსები ჩვენი ერთადერთი შანსია პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომ ყველაფერი ერთი კაცის ახირების გამო მოხდა და რუსები ჩვენი გადარჩენის და ხსნის უალტერნატივო პირობაა. მას ჟურნალისტმა ისიც კი ვერ წამოაცდინა, რომ მეზობელი ქვეყანა ოკუპანტია. რესპონდენტი უფრო შორსაც წავიდა და ისტორია მოიხმო თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად. პარადოქსია, მაგრამ მახსენდება კიდევ ერთი კაცი, ასევე გვარად ყიფიანი, რომელიც საკმაოდ ხანშიშესული, იმის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ რუსი ეგზარხოსისგან ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდა მოითხოვა. როგორც ჩანს, მართლაც „მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“.

 

სიმართლე გითხრათ, ბაბუებისა და მამების თაობასთან კითხვის ნიშნები აღარ დამრჩა და ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, ახალგაზრდები რატომ „წითლდებიან“ ან ცდილობენ „გაწითლებას“, ამის ახსნა მიჭირს. მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: თუ რამ ავი დაგვემართა, ისევ ინტელიგენციის წყალობით გვერგო. თევზი თავიდან აყროლდებაო, – ასე დაგვემართა ჩვენც. ვისაც მეტი ერგო, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს სათავეში მოვექეცით ხალხს. ლხინში წინ მივუძღოდით, ჭირში კი კუდში ძლივს მივდევდით“.

 

გეცნოთ სიტუაცია? სად იყო ეს ხალხი, როცა გვიჭირდა? სად იყვნენ, როდესაც მათ თავიანთი როლი უნდა შეესრულებინათ? ალბათ, სადმე მწერალთა კავშირების სხდომაზე ან ავტომობილ „ვოლგის“ საჭესთან, ან 37-მანეთიანი ბილეთის მოლოდინში ან რომელიმე საბჭოთა კურორტზე, მოკლედ სადღაც, მაგრამ არა იქ, სადაც ჯერ არს. სამწუხაროდ, ჯავახიშვილის პროგნოზი არ გამართლდა და ვერც ისტორიამ შეძლო ჯერჯერობით მათი გასამართლება, რადგან ეს ისტორიაც უსინდისოდ წაგვართვეს და გადაგვიწერეს, ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეს და საამურ კოტლეტად გვიქციეს, რომელიც ჩვენც სიამოვნებით შევახრამუნეთ.

 

და ბოლოს, მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების სათავეში ვაცლავ ჰაველი მოვიდა, მან საპატიო სტუმრის სტატუსით მოიწვია ცნობილი ამერიკელი გიტარისტი და კომპოზიტორი ფრენკ ზაპა, რომელიც ჰაველს ძალიან უყვარდა. ზაპას ტრაპზე ფეხიც კი არ ჰქონდა დადგმული, რომ თქვა: ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა სუნი ტრიალებსო.

 

ეს სუნი დღემდე იგრძნობა ჩვენთან: ბაღებსა და სკვერებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებში. ეს ის სუნია, რომელიც ბებიაჩემის „ნაფტალინით“ გამოტენილი კარადიდან უხვად იფრქვეოდა. შეიძლება ფულს სუნი არა აქვს, მაგრამ საბჭოთა სუნი ჯერ კიდევ უხვად მოაქვს ჩრდილოეთიდან მობერილ ნიავს და ეს სუნი ყველაზე მეტად ქართველ ინტელიგენტებს ასდით. ასე რომ, რაც შეიძლება ხშირად, ღრმად ჩავისუნთქოთ და სუფთა (უსუნო) ჰაერი მივაწოდოთ ჩვენს ისედაც დაავადებულ ფილტვებს.  

 

ბათუმელი სტუდენტები: “მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს”

როგორც დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ დისკუსიაზე ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ბსუ-ს სტუდენტმა ქეთი ფოტოვამ აღნიშნა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და აპირებენ, რომ შეუერთდნენ სტუდენტთა აქციას, რომელსაც თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მართავენ. მისივე თქმით, „სტუდენტები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს და არანაირი პოლიტიკური პროცესებს, ეს იქნება პროვოცირებული განათლების სამინისტროდან თუ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან, არ უნდა შეეწიროს სტუდენტების ინტერესები. ის მიზეზები, რომელიც გახდა აგრარული უნივერსიტეტის დახურვის მიზეზი, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტების 80% პროცენტს აქვს და მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს.“

 

როგორც დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევის თემა დროულად და კვალიფიციურად უნდა იქნეს შესწავლილი და შესაბამისი დასკვნა დაიდოს.  

 

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მაგისტრანტმა, რომელმაც დისკუსიის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ისინი ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებიან და მათ ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს, „ჰქონდეთ განათლების თავისუფლება“.

 

დღესვე სტუდენტებმა საქართველოს განათლების მინისტრის სახელზე მიმართვა გაგზავნეს, სადაც ისინი აგრარული უნივერსიტეტისათვის ხელახალი ავტორიზაციის მინიჭებას ითხოვენ.

 

„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს!  

 

 12 მარტს, დილის 5 საათზე ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. სტუდენტთა უმრავლესობა მოითხოვს უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის დაბრუნებას.

სტუდენტები ამბობენ, რომ სასწავლო გარემო, სწავლის ხარისხი და ფასი მათთვის მისაღებია. ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გვაღელვებს იმ 2000-ზე მეტი სტუდენტის ბედი, ვინც აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობს.

 

სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გთხოვთ, უახლოეს მომავალში შეისწავლოთ აგრარული უნივერსიტეტის საჭიროებები, დაეხმაროთ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ხარვეზების გამოსწორებაში და სემესტრის დამთავრებამდე უზრუნველყოთ აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი ავტორიზაცია.“ –  ნათქვამია განცხადებაში.

 

პრაქტიკანტი მწვრთნელი გამოცდილმა შეცვალა

ბატონო თამაზ, ევროპის ჩემპიონატით დავიწყოთ

 

 

– სამწუხაროდ, წლევანდელი ევროპირველობა ჩვენთვის ვერ გამოდგა წარმატებული. ქალთა (ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე – ხელვაჩაური) და ვაჟთა (არჩილ ფარსენაძე – ხელვაჩაური, ლაშა ფხაკაძე, ლევან ჩიტიშვილი – თბილისი) ნაკრებიდან მხოლოდ ერთი, ხათუნა ნარიმანიძე მიუახლოვდა საპრიზო სამეულს, თუმცა, საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. მართალია, კარგი შედეგი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

 

 

 

მიზეზი?

 

 

– დავიწყებ იმით, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მხოლოდ 15 დღე მქონდა ნაკრების მოსამზადებლად, მანამდე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა და იქ გადაწყდა ჩემი დანიშვნა ნაკრების თავკაცად.

 

 

თქვენ ადრეც წვრთნიდით ნაკრებს და შედეგები მაშინ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს კორეელი მწვრთნელის დროს, მიუხედავად ამისა, მან დიდხანს შეინარჩუნა ნაკრების მწვრთნელის პოსტი

 

 

– გეტყვით იმას, რომ ჩემი მწვრთნელობის დროს არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ, მათ შორის გამორჩეულია ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გუნდური პირველი ადგილი, მსოფლიო რეიტინგში მე-9 პოზიციაზე ვიყავით, მას შემდეგ კი, რაც ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მე გამათავისუფლა და სხვა დანიშნა, ერთი წლის მანძილზე მე-17 პოზიციამდე დავქვეითდით.

 

 

რით იყო ეგ განპირობებული, ფაქტობრივად, ნაკრების შემადგენლობა ხომ არ შეცვლილა?

 

 

– არ შეცვლილა, თუმცა ჩემ წინამორბედს სამწვრთნელო პრაქტიკა არ ჰქონდა. მან 2010 წელს მიიღო მწვრთნელის სერთიფიკატი, რაღაც ხუთდღიანი კურსები გაიარა და ეგრევე საქართველოში მოიწვიეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ის საქართველოში პრაქტიკის გასავლელად ჩამოვიდა.

 

 

კარგი პრაქტიკა გამოუვიდა, ქრისტინე ესებუამ მისი მწვრთნელობის დროს მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი

 

 

– ქრისტინე მსოფლიოს ჩემპიონატამდე უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა, ასე რომ, შედეგიც არ არის გასაკვირი. კარგი მწვრთნელი რომ ყოფილიყო, არავინ გაუშვებდა. ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაუშვეს.

 

 

და მანამდე ნაკრების მწვრთნელის გარეშე იყო?

 

 

– სამწუხაროდ, დიახ.

 

 

ნაკრებში შემადგენლობის მხრივ ცვლილებებს გეგმავთ?

 

 

– წინასწარ მაგის განსაზღვრა შეუძლებელია. 15-17 მარტს ვატარებთ აჭარის ღია პირველობას კადეტებს, ახალგაზრდებსა და დიდებს შორის. ტურნირი სამ ეტაპად ჩატარდება და სწორედ მაშინ გაირკვევა ნაკრების შემადგენლობა. დიდების ნაკრები 14-20 აპრილს საფრანგეთის ქალაქ რიომში ევროპის გრანპრისთვის მოემზადება, თუმცა მანამდე, 26-31 მარტს, დიდების ნაკრები ანტალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. კადეტები და ახალგაზრდები კი მონაწილეობას მიიღებენ ლიუბლიანაში (სლოვენია, 13-20 მაისი) გასამართ ევროპის თასის პირველ ეტაპზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ნაკრების შემადგენლობა აჭარის ღია პირველობაზე დაკომპლექტდება.

 

 

რეიტინგში არის ცვლილებები?

 

 

– მსოფლიო რეიტინგში ცვლილებები საფრანგეთის ევროპის გრანპრის მერე შევა. ჩვენი მთავარი მიზანი წლის ბოლომდე საუკეთესო ათეულში მოხვედრაა.

 

 

თქვენ პარაოლიმპიელებსაც ავარჯიშებთ

 

 

– დიახ, ზვიად დუმბაძესა და ნინო ბარამიძეს. ზვიადმა უკვე მიიღო მონაწილეობა აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატებზე. ამჟამად მათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვამზადებთ, რომელიც ნოემბერში, ტაივანში გაიმართება.

 

 

ინვენტარის მხრივ ხშირად გქონდათ პრობლემები

 

 

– პრობლემები ახლაც გვაქვს, ძალიან ძვირია კარგი მშვილდი, თუმცა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი დაგვპირდა, რომ ოთხ კომპლექტს შეგვიძენს, ერთ კომპლექტს კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ყიდულობს ჩვენთვის, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.

Exit mobile version