ნეტგაზეთი • RU

მალე – ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!

ირაკლი დაცმელიძე

 

რაც სათაურში წაიკითხეთ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გახლავთ. დიახ, სულ მალე ქართული გუნდი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ. არ მინდა მკითხველი შეცდომაში შევიყვანო, ამიტომ თავიდანვე განვმარტავ, რომ საუბარია არა დიდ ფეხბურთზე მწვანე მინდვრითა და 11 ფეხბურთელით (ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა), არამედ მცირე ზომის მოედანზე, სადაც მოთამაშეები ბურთს სილაში აგორებენ ანუ საპლაჟო ფეხბურთზე, რომელსაც ქვიშის ფეხბურთადაც მოიხსენიებენ.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ „ბათუმელებს“ სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ მოუთხრო.

– ჯაბა, როგორც ვიცი, მიმდინარე წლის დასაწყისში ციურიხში იმყოფებოდი, საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ფიფა-ს ცენტრალურ ოფისში ფეხბურთის უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელებს შეხვდი. ამ ვიზიტის შესახებ გვიამბეთ…

– საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენლები და მათ შორის მეც, მიწვეული ვიყავით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ფიფა-ს ცენტრალურ ოფისში მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრა-სემინარზე, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოში საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, განხილული იქნა საპლაჟო ფეხბურთის უახლესი ტენდენციები და სამომავლო გეგმები, რომლებიც 2013 წლს მსოფლიო ჩემპიონატსა და 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას უკავშირდება.

 

 

ნაადრევი ხომ არ არის საქართველოსთვის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი?

 

 

– არა, რატომ?! საქართველოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, წელს, პირველად ისტორიაში, გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორისაც, გამარჯვებულ გუნდებს კი ფიფა-ს, უეფა-ს და საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირში მიიწვევენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის გათამაშება პირველი იქნება სპორტის ამ სახეობის ისტორიაში და იმედი მაქვს, მასში ქართული გუნდი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ფედერაციასა და საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციას შორის გაიმართა მოლაპარაკება საქართველოში ამ ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ოფიციალური შეჯიბრის ერთ-ერთი ეტაპის, ან სარეიტინგო ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციისგან თანხმობა უკვე მივიღეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, საქართველოში, სავარაუდოდ ბათუმში, უკვე ზაფხულში ჩატარდება მსოფლიო ორგანიზაციის სარეიტინგო ტურნირი ან საერთაშორისო „ჩელენჯ კაპი“.

 

 

ციურიხიდან ბათუმში დავბრუნდეთ. საიდან და როგორ დაიწყეთ?

 

 

– გასული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრების მცდელობა, თუმცა ის უიღბლო აღმოჩნდა. მას შემდეგ ნაკრები აღარ შეკრებილა. 2010-2012 წლებში კი, აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციების ინიციატივით, აგრეთვე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს კლუბებმა. სამწუხარო ისაა, რომ მაშინ ტურნირს ოფიციალური სტატუსი, ან საერთაშორისო, ან სარეიტინგო, არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში საშუალება გვექნებოდა ცნობილი კლუბები მოგვეწვია, როგორებიცაა: „რეალი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“ და ასე შემდეგ, თუმცა, ციურიხში ვიზიტის შემდეგ, ვითარება დადებითისკენ შეიცვალა. ამჟამად საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ქობულეთსა და ანაკლიაში ათამდე ქვიშის სტადიონია, რომლებსაც გამოვიყენებთ საპლაჟო ფეხბურთში ჩემპიონატებისა თუ სხვადასხვა ტურნირების ჩასატარებლად.

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA
OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

 

ამ ეტაპზე ბათუმს გუნდი თუ ჰყავს?

 

 

– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გუნდი არ გვყავს. ქვიშის ფეხბურთს ფუტზალის ბიჭები თამაშობდნენ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო დროებით მათი დაშლა მოგვიხდა, თუმცა, აპრილის დასაწყისიდან უკვე ვიწყებთ საპლაჟო ფეხბურთის გუნდის შერჩევას. მწვრთნელი ნიკოლოზ თოდაძე იქნება. გამოცდილი სპეციალისტია. ასევე ვაპირებთ, საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქტორების მოწვევას და სემინარების ჩატარებას, ვგეგმავთ როგორც მწვრთნელების, ასევე მსაჯების გადამზადებას და მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე