სიახლეები

„ალდაგის“ მონოპოლია აჭარაში

28.02.2013 • 2351
„ალდაგის“ მონოპოლია აჭარაში


თუ თქვენ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარება გეკუთვნით, ანუ, ხართ საპენსიო ასაკის, ხართ „ალდაგის“ მიერ დაზღვეული პედაგოგი, გაქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, გყავთ 0-დან 6 წლამდე ბავშვი, რომელიც უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს – ამიერიდან თქვენ ახლო მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში უფასოდ ვეღარ მოგემსახურებიან. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ბათუმში არსებულ პოლიკლინიკებს ხელშეკრულება შეუწყვიტა და სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარების მომსახურება ამ კვირიდან ბათუმში კომპანია „ალდაგის“ კერძო კლინიკებში უნდა განხორციელდეს. რამდენიმე პოლიკლინიკის ნაცვლად პაციენტებს „ალდაგის“ მხოლოდ ორი კლინიკა მიიღებს.

 

 

ამ გადაწყვეტილებას პაციენტები უკვე აპროტესტებენ. „რატომ უნდა ვიარო ბენზედან ქალაქში ჩვილი ბავშვით ხელში? ესაა უკეთესი მომსახურება? ამდენი ხანია რიგში ვდგავარ, ძველმა ექიმმა ჩემს ბავშვს რაც სჭირდა, ყველაფერი იცოდა, ახალი კარგიც რომ იყოს, მომისმენს ამდენს?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა დევაძე. იგი თამარის დასახლებიდან გადმოამისამართეს ერას ქუჩაზე, „ჩემი ოჯახის“ კლინიკაში.


 

„ჩვენ ამ კონტინგენტს ვემსახურებოდით წლების განმავლობაში. ეს ხომ მხოლოდ ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა არ არის, აქ ვაქცინაციაა, საბუთების მოწესრიგება, ავადმყოფის ისტორია, მონიტორინგი… პირველადი ჯანდაცვა არის მთელი სფერო. ორ დაწესებულებაში მიიღო ის პაციენტები, რომელიც მიდიოდნენ 4-5 დაწესებულებაში, ეს ძალიან რთულია. მაგრამ დამკვეთი არის სადაზღვევო კომპანია, ის წყვეტს ხელშეკრულებას, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიზამთ“, – ამბობს კობა კუნჭულია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი. 

 

 

„წარმოიდგინეთ, თამარის დასახლებიდან ადამიანი უნდა მივიდეს გორკის ბოლოში, ან ალდაგის რეფერალული საავადმყოფოში და გარდა იმისა, რომ მათთვის ეს გზა უფრო გაგრძელდება, არ ვიცით როგორი იქნება გამტარიანობა ამ კლინიკების, რა რიგები იქნება… ვნახოთ, შეიძლება ისე დახვეწონ ეს სისტემა, რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მე სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის მიწოდება შეუძლებლად მიმაჩნია“, – ამბობს თამაზ ირემაძე, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

რიგები ჩემი ოჯახის კლინიკაში
რიგები ჩემი ოჯახის კლინიკაში

 

პოლიკლინიკების ხელმძღვანელების პოზიციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომან ბოლქვაძეც იზიარებს. იგი ამბობს, რომ „ალდაგი“ ავტომატურად გახდა მონოპოლისტი და ამით პირველ რიგში პაციენტის უფლებები ირღვევა: „გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იქმნება გარკვეული სირთულეები და ამ პაციენტების უმრავლესობა რეგისტრირებულია უმწეოთა ბაზაში. მათთვის ის თანხა, რაც გადასაადგილებლად სჭირდებათ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ავადმყოფ ადამიანს უფრო დიდი გზის გავლა მოუწევს, ვიდრე აქამდე უწევდა.

 

 

ოთხი პოლიკლინიკა ემსახურებოდა ამ ადამიანებს, შესაბამისი აღჭურვილობით, ვგულისხმობ ლაბორატორიებსა და სხვა ტექნიკურ რესურსს. უბრალოდ წარმოუდგენელია ორმა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს იმავე ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა.

 

 

მე არ ვამბობ, რომ ალდაგის რომელიმე კლინიკაში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი არ არის, პირიქით, საკმაოდ კარგად ვიცნობ კოლეგებს და ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ ადამიანური რესურსი ალდაგის არის ძალიან მცირე იმ უზარმაზარი რაოდენობის პაციენტებისთვის, ვინც საჭიროებენ სამედიცინო სერვისის მიწოდებას“.

 

 

რატომ შეუწყვიტა „ალდაგმა“ ხელშეკრულება ბათუმის პოლიკლინიკებს? მაია ივჩენკო, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი განმარტავს: „სამედიცინო დაწესებულებებმა მოგვაწოდეს გაზრდილი ფასები და მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა. ათი დღის წინ  ბათუმში გაიხსნა რეფერალური საავადმყოფო, ასევე არის ჩვენი კლინიკა ერას ქუჩაზე და იქ მიიღებენ ჩვენი დაზღვეულები სამედიცინო მომსახურებას“. მისი თქმით, კომპანიის ორი სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად შეძლებს პაციენტთა მომსახურებას, იმის მიუხედავად, რომ ამ დაწესებულებებთან რიგები უკვე გამოჩნდა. 

 

„ალდაგი“ ერთი პაციენტის მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებას 95 თეთრს უხდიდა. სწორედ ამ თანხის გაზრდა სთხოვეს პოლიკლინიკების ხელმძღვანელებმა სადაზღვევო კომპანიას. მათი თქმით, ეს თანხა მიზერულია და საკმარისი არ არის.  თხოვნის პასუხად „ალდაგმა“ ხელშეკრულება შეწყვიტა.

„ესენი ადრეც აპირებდნენ ამას, ჩვენ წამოვეგეთ ამ თამაშს და მათ ისარგებლეს. კომპანიას ჩაგდებული აქვს ხელში მონოპოლია და სარგებლობს ამით“, – ამბობს ბათუმის #4 პოლიკლინიკის ხელმძღვანელი ციცო ბაკურაძე. იგი ამბობს, რომ გასულ კვირას უფასოდ მოემსახურნენ პაციენტებს: „ვერ გავუშვით 39 სიცხით ბავშვები და მივიღეთ, ადამიანები ვართ და სხვაგვარად არ შეგვეძლო. ჩვენ ვმუშაობთ ტერიტორიული პრინციპით, 15 წუთის სავალი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებამდე საცხოვრებელი ადგილიდან“.

 

სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ იმ პაციენტებს, რომელთაც არ ისურვეს „ალდაგის“ კლინიკაში წასვლა, უფასოდ ემსახურებოდნენ სხვა პოლიკლინიკებიც. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტრო მადლობას უხდის სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალს ამისათვის: „მაგრამ სამწუხაროდ ასე ვეღარ გაგრძელდება, ისინი უფასოდ პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ და დაწესებულების შიდა სტანდარტით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოუწევთ პაციენტებს, თუ „ალდაგის“ სამედიცინო დაწესებულებებში არ წავლენ.

 

მე უკვე მოვისმინე რამდენი პაციენტის პრეტენზია, რომლებიც სამინისტროში იყვნენ მოსული, ისინი მშობლიურ პოლიკლინიკებს უწოდებენ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც მათ უბანში მდებარეობს და ორი-სამი თაობა დადიოდა ამ პოლიკლინიკებში“, – ამბობს რომან ბოლქვაძე.

 

რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევაში?  მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიას იურიდიული მხარე მოწესრიგებული აქვს და გარდა მორალური პასუხისმგებლობისა, მათთან პრეტენზია ვერ ექნებათ. „სამინისტრო იწყებს ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა პაციენტის ან ექიმის უფლებები.  თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი უნდა დარჩნენ იმ პოლიკლინიკებში, რომელშიც ტრადიციულად დადიოდნენ, მათ უნდა დაწერონ დაწესებულებების ხელმძღვანელების სახელზე განცხადება თხოვნით, რომ მათ მიეცეთ საშუალება აქვე გააგრძელონ მომსახურების მიღება. თუ მოგროვდება ასეთი განცხადება მნიშვნელოვანი რაოდენობით, ეს იქნება ბერკეტი ჯანდაცვის სამინისტროს ხელში, მინიმუმ სამართლებრივი მიმართულება მისცეს ამ ამბავს“, – განმარტავს რომან ბოლქვაძე.

 

 

„ალდაგი“ აჭარაში, ბათუმში მდებარე პოლიკლინიკების გარდა მაღალმთიან რეგიონებშიცაა წარმოდგენილი. კერძოდ, „უნიმედ აჭარა“, რომელიც საავადმყოფოებს ფლობს ქედაში, ხულოსა და შუახევში,  „ალდაგის“ შვილობილი კომპანიაა.  ამ საავადმყოფოებში შექმნილ პრობლემებზე „ბათუმელები” გასულ ნომრებშიც წერდა, აქ ექიმები „ალდაგის“ საკადრო და სახელფასო პოლიტიკას აპროტესტებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: