სიახლეები

საკადრო პოლიტიკა „ერთი ფუთი მარილით“

24.02.2013
საკადრო პოლიტიკა „ერთი ფუთი მარილით“

მურმან დუმბაძის ამ ფრაზას გასულ დღეებში ბევრი იხსენებდა, – ეს როგორ თქვა, იქნებ პროფესიონალი ვარ და არ მიცნობსო… თუმცა მაყურებელთა დიდ ნაწილს არც ამ ფრაზაზე და არც იმაზე, რომ მურმან დუმბაძის „ნაცნობები“ და ნათესავები ინიშნებიან თანამდებობებზე, კრიტიკული დამოკიდებულება არ ჰქონია. ფაქტია, რომ „უცნობი“ ჯერ კიდევ საშიშია ჩვენს საზოგადოებაში და ეს მიდგომა ბევრისთვის სავსებით მისაღებია, მარილი თუ აქვს ნაჭამი, მისთვის მით უმეტეს.

„ერთხმად აირჩიეს“ – როცა ეს ფრაზა წავიკითხე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფეისბუქის გვერდზე, მაშინ გავიფიქრე, მარტო მარილის დაგემოვნება არ ყოფილა საკმარისი-მეთქი. თურმე განსხვავებული აზრიც არ უნდა გაგიჩნდეს, როგორც, მაგალითად, ეს ზოგიერთ მეოცნებეს მოუვიდა და ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერეს: – მურმან დუმბაძის მორჩილი კანდიდატი ჩვენ არ გვინდა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელადო…

 

 

„ეს ადამიანები მოვიდნენ და ბოდიში მოიხადეს“ – გვითხრა ეთერში მურმან დუმბაძემ. შევედავე, ჯანსაღი იყო ეს პროცესი-მეთქი? მაგრამ მურმანი რისი მურმანია, ემოციურად, პედაგოგიკის მეთოდებით იქეთ თუ არ სცადა შენი დარწმუნება და იმის ახსნა, რომ ლაშა სირაბიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნათესავია და ეს ძალიან, ძალიან კარგია.

 

ცუდად მაინც მურმან დუმბაძისგან ყველაფერზე კანონის მოშველიება მეჩვენა. აქამდე ხშირად მსმენია მისგან, რომ კანონზე მაღლა სამართლიანობა დგას და უნდა იდგეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე „ერთი ფუთი მარილის“ წინააღმდეგი დებულება არ არსებობს. 

 

ნაცნობობაზე გამახსენდა: იმ საღამოს მურმან დუმბაძეს სურდა მაყურებელიც არ დარჩენილიყო უცნობი და თითოეულს სთხოვდა, ვინაობა დაესახელებინა. ერთმა მაყურებელმა ბოლოს იკითხა: სახელისა და გვარის დასახელება ბუნებრივად უნდა მოუნდეს ადამიანს, ასე დაჟინებით რომ მოითხოვთ, რა ხდება, რეჟიმი ხომ არ გრძელდებაო. სხვა მაყურებელს არც ვინაობის დასახელებასა და ვიცე-სპიკერის არც სხვა პასუხზე პროტესტი არ ჰქონია…

 

იმ დღეს მაყურებელს ჩემს შეკითხვებზე ჰქონდა პროტესტი. გადაცემის შემდეგ ფეისბუქში დამხვდა ნაცნობი ადვოკატის მონაწერი: პირველი შემოტევა ყოველთვის ჟურნალისტებმა უნდა აიტანოთ, ყველაფერი მართლა შეკითხვით იწყებაო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: