სიახლეები

სივრცითი მოწყობა ნიდერლანდების მხარდაჭერით

28.02.2013 •
სივრცითი მოწყობა ნიდერლანდების მხარდაჭერით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, აჭარის სივრცითი მოწყობის პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტი, რომელიც ნიდრელანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა, სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში საზოგადოებას აჭარის ფინანსთასს და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ გააცნო.

დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს, როგორც აჭარის ისტორიულ გეოგრაფიულ მიმოხილვასა და აჭარაში სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვას, ასევე, მომავალში აჭარის სივრცითი განვითარების კონცეფციას, ურბანული ინდიკატორებისა და სივრცის კატეგორიებს.

 

დოკუმენტის მეორე ნაწილში გადმოცემულია ამ კუთხით სამინისტროსა და ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები.

 

სქემის მესამე ნაწილი კი მუშაობის პროცესში საზოგადოების ჩართულობას დაეთმო. კერძოდ, საუბარია იმ პრობლემებსა თუ პრიორიტეტებზე, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი თავართქილაძის განცხადებით, აჭარის სივრცითი მოწყობის სქემა, რეგიონში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს: „ასეთი ტიპის დოკუმენტის შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების ზრდას. ასეთი დოკუმენტი განსაზღვრავს რეგიონის გენერალურ დაგეგმარებას, სწორედ ამიტომ, ჩვენს სხვა რეგიონებსაც უნდა მოვუწოდოთ, რომ შექმნან მსგავსი ტიპის დოკუმენტები“.

 
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელის ზვიად ბურჭულაძის შეფასებით, აჭარა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ეს დოკუმენტი სხვადასხვა სექტორისა და სამინისტროს აძლევს საშუალებას, ჰქონდეთ მოქმედების ერთიანი სტრატეგია.


ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, პიტერ ლანგერბერგი, რომელმაც საზოგადოებას სივრცითი დაგეგმარების შესახებ ჰოლანდიური გამოცდილება გააცნო. მისი თქმით, ამ სფეროში საქართველოს და ჰოლანდიას ათწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესდა. ელჩის თქმით, აჭარა ისევე როგორც ჰოლანდია სანაპირო ზოლზეა გაშენებული და მნიშვნელოვანია გარემოს გაზომვის ორგანიზება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: