კარატეს საერთაშორისო ტურნირი ბათუმში

ჩემპიონები გახდნენ: 8-9 წლის ასაკში _ ანრი ბაგრატიშვილი (+30), დათო ვერძაძე (-30); 10-11 წლის ასაკში _ გიორგი ლორთქიფანიძე (+45); 12-13 წლის ასაკში _ გიორგი მიქაძე (-45) და ალეკო იაკობაძე (+55); 14-15 წლის ასაკში _ გოგიტა ფარტენაძე (-55) და გია დიასამიძე (+55); 16-17 წლის ასაკში _ ვახტანგ გოგოლიშვილი (-75) და მურმან ჯიჯავაძე (+75); გოგონათა შორის (18-33 წ.) ნანა მჟავანაძე გაჩემპიონდა. რაც შეეხება კატებს (ტექნიკის დემონსტრირება), უფროს ასაკში ჯონი დიასამიძემ გაიმარჯვა, 10-11 წლის ასაკის მონაწილეთა შორის კი გიორგი შავაძემ დაიკავა მესამე ადგილი. აჭარის ნაკრები ტურნირისათვის მოამზადეს: გოჩა სურმანიძემ (მთავარი მწვრთნელი), მწვრთნელები: არჩილ ლორთქიფანიძე, ლევან თედორაძე, მუხრან ძნელაძე, გიგლა სურმანიძე, მურად ბინალიევი, ლაშა ბოლქვაძე.

გოჩა სურმანიძე, აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი: ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ტურნირი ჩვენმა ორგანიზაციამ პირველად ჩაატარა და ვიმედოვნებ, არა უკანასკნელად. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული, სპორტსმენთა დონეც საკმაოდ მაღალია. მართალია, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, მაგრამ თანდათან ამასაც მოევლება. მომავალი წლიდან ვაპირებთ მონაწილე ქვეყნების რაოდენობის გაზრდას. მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის სპორტის დეპარტამენტსა და ოლიმპიურ კომიტეტს, ასევე, საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასა და მის თავკაცს კახა ბასილიას თანადგომისათვის.

საერთაშორისო სემინარი თბილისში

ავთანდილ მიქაძე: თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სემინარი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა და პირველი ნაბიჯი გადავდგით. სემინარი პირველ რიგში მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ქართველი მსაჯები, რომლებიც აქამდე მხოლოდ საქართველოს ტურნირებს მსაოჯბდნენ, მალე გაიკვალავენ გზას ევროპისა და მსოფლიო ტურნირებისკენ, საერთაშორისო კლასის არბიტრებად ჩამოყალიიბდებიან და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ჩემპიონატებზეც გაჰყვებიან, ასე რომ, თუ აქამდე ვიჩაგრებოდით, ამიერიდან ასე აღარ მოხდება. ამჟამად 30-მდე მწვრთნელმა და მსაჯმა გაიარა ეს სემინარი, ამათგან შევარჩევთ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც გავგზავნით საზღვარგარეთ სტაჟირების ასამაღლებლად.

ეცებარ იბრაჰიმოვი: პირველ რიგში, მადლობა მინდა მოოვახსენო ქართულ მხარეს, რათა სემინარის ჩასატარებლად მომიწვია. არ დაგიმალავთ და, დონე ჯერ საკმაოდ დაბალია, თუმცა, მონდომებასა და ენთუზიაზმს ვხედავ. არიან აქ ისეთი ბიჭები, ვისაც საზღვარგარეთ ნაბრძოლი აქვთ და გარკვეული გამოცდილებაც აქვთ მიღებული. დარწმუნებული ვარ, თუკი სათანადოდ იმუშავებენ საკუთარ თავზე, მათგან მაღალი კლასის მსაჯები დადგებიან. სამომავლოდ უფრო მასშტაბური სემინარის ჩატარებას ვგეგმავთ და არ არის გამორიცხული, ჩემთან ერთად საქართველოს სხვა მაღალი კლასის მსაჯებიც ესტუმრნონ.

სემინარის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

 

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი

 

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, 2013 წლის 19-20 ივლისს,  უკვე მეცხრედ იმართება ქალაქ ბათუმში. კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის  მხარდაჭერით ტარდება და ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი პეციალისტები ლექცია-მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისათვის ატარებენ.

 

 

კონგრესი მეცხრე სეზონს სიახლეებით ხვდება. მათ შორისაა ახალგაზრდა მკვლევართა სტომატოლოგიური სექცია, რომელიც დამწყებ მეცნიერებს შესაძლებლობების გამოვლენის, საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს. სექცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით, კონგრესის ფარგლებში ტარდება.

 

 

კონგრესის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები, იმუშავებს იმპლანტოლოგთა სექცია და გაიმართება სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიების სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის გამოფენა-გაყიდვა.

 

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის

 

 

დღეს, 1 საათზე საპატრიარქოსთან არსებულ ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. 

 

მშენებლობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ჩავარდა

 

 

ბათუმის საკრებულო, ქალაქის ტერიტორიაზე ზონალური შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებასა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცებას გეგმავდა. საკითხის მიხედვით, ქალაქის გარკვეულ ნაწილში, კონკრეტულად ჭავჭავაძის ქუჩამდე და გრიბოედობის ქუჩის ჩათვლით, მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო და მშენებლობა გამხდარიყო ფასიანი. 

 

საცხოვრებელ ზონაში, ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე მშენებელი გადაიხდიდა 143 ლარს, საქმიან ზონაში კი 105 ლარს, რაც ქალაქის მთავარი არქიტექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, დამატებით შემოსავალს შეიტანდა ქალაქის ბიუჯეტში. „გარდა ამისა, დარეგულირდებოდა მშენებლობის ნორმებიც. სამწუხაროდ, ეს წინადადება არ გავიდა. ხმები გადანაწილდა შვიდი-შვიდზე. არ ვიცი, რატომ არ დაუჭირა მხარი საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს. ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ დაუსაბუთებლად მაინც ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა არქიტექტორმა.

 

საკრებულოს წევრთა ნაწილის განცხადებით, ახალი რეგულაციები მშენებლებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას შეუშლის ხელს, რასაც არ ეთანხმება მთავარი არქიტექტორი.

 

ახალი რეგულაციები არ ეხება ძველ ბათუმს, რადგან აქ განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს და 15-მეტრიან შენობაზე დიდი სიმაღლის მშენებლობა დაუშვებელია.

ტაეკვანდო, სიყვარული და ოცნება ოლიმპიურ ჩემპიონობაზე

 

 

ტაეკვონდო დიდ სპორტულ დატვირთვას მოითხოვს, თუმცა გუგა არასოდეს იღლება, ვარჯიში მისთვის დიდი ხანია სასიამოვნო პროცესად იქცა, გამარჯვებად კი მხოლოდ პირველ ადგილს მიიჩნევს. ამბობს, რომ მეორე ადგილს მხოლოდ მსოფლიო ჩემიონატზე დასჯერდება. ამ დროისთვის მისი ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილია: “საქართველოს ჩემპიონატებში იმდენი მედლები მაქვს, არც მიცდია დათვლა, ბებიაჩემს სახლში კუთხე აქვს გამოყოფილი, სადაც აწყვია ჩემი მედლები და თასები. არ ვითვლი მედლებს, მთავარია ვიცოდე, რომ მაქსიმუმი გავაკეთე ბრძოლისას და ამან შედეგი გამოიღო.”

 


გუგა ყველაზე მეტ დროს სავარჯიშო დარბაზში ატარებს, რომელსაც მეორე სახლს უწოდებს, სპორტსმენებს კი ოჯახის წევრებად მოიხსენიებს. მის “დიდ ოჯახში” ყველას აქვს გუგას წარმატების იმედი. სპორტსმენები იხსენებენ პატარა გუგას საქციელს: “მედლებით თავი არასოდეს მოაქვს, მხოლოდ ერთხელ გამოაჩინა, როცა თითო-ოროლი მედლით ბაქიაობდნენ ბიჭები, გუგა გაბრაზდა, სახლში წავიდა და დიდი ჩანთით ძლივს მოათრია მედლები, რომლებიც ბიჭებს წინ დაუდო.” 

 

ბათუმელი ტაეკვონდოს მებრძოლები ხშირად ჩივიან, რომ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციიდან სათანადო ყურადღებას არ აქცევენ: `ჩემსას მაინც გავაკეთებ, თუმცა მათი მხარდაჭერა რომ გვქონდეს, უფრო წინ ვიქნებოდით. როცა მე ვარ პირველი ნომერი, შეჯიბრებაზე მეორე ნომერს უშვებენ, რადგან ის ვიღაცის მოსწავლეა. “სბორებზე” მათი სპორტსმენები მიჰყავთ, ჩვენ კი ხშირად წასასვლელ ფულს თავად ვშოულობთ. ამ დამოკიდებულების გამო მიფიქრია კიდეც სპორტიდან წასვლა. ჯერჯერობით ვერ ვღალატობ აკაკის, სპორტში მან გამომზარდა, ჩემთვის მარტო მწვრთნელი არ არის, მეგობარია, საყრდენია ჩვენი გუნდისთვის. ის არ იხევს უკან და ჩვენც მას მივყვებით, ჩემი მშობლები ირლანდიაში ცხოვრობენ, მთხოვენ, რომ მათთან ჩავიდე და იქ გავაგრძელო ყველაფერი, მაგრამ ჩემს დიდ ოჯახში მირჩევნია ყოფნა.” – ამბობს გუგა.

 

გუგა “ბათუმელებში” ინტერვიუზე მარტო არ მოსულა, თან შეყვარებული ახლდა. ირინა სიხარულიძე მოცეკვავეა. ისინი უკვე ერთი წელია ერთად არიან, უფრო ხშირად გუგას სახლში ატარებენ ერთად დროს, სადაც მთავარი გულშემატკივარი გუგას ბებია ელოდებათ.

 

“ბებიაჩემი გიჟდება ირინაზე, ირინასაც ძალიან უყვარს, რომელიმე მათგანთან თუ შემეშალა, ჩემი საქმე ცუდათაა, ერთმანეთს მხარს უჭერენ.” – ამბობს გუგა.

 

“გუგას ბებიას ძალიან ვუყვარვარ, ბებიაჩემსაც ძალიან უყვარს გუგა, ორივე გვგულშემატკივრობენ. გუგა თავიდან არ მიმყავდა ჩემი ოჯახის გასაცნობად, მეშინოდა ჩემი მშობლების რეაქციის, თუმცა ჩემმა ოჯახმა ის კარგად მიიღო, მამაჩემთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.” – გვიყვება ირინა.

 

ერთმანეთი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს, ათენიდან ახალდაბრუნებული გუგას სანახავად ირინა მეგობარმა თითქმის ძალით წაიყვანა: “ცეკვაზე მაგვიანდებოდა, მაგრამ ძალიან მთხოვა. გუგას მაშინვე მოვეწონე, დაჟინებით მიყურებდა, მე არ მომწონებია, ძალიან ბავშვური მეჩვენა, კარგად რომ გავიცანი, ძალიან შემიყვარდა. საოცრად თბილი ადამიანია, ერთგული და მიზანდასახული.” – ამბობს ირინა.

 

ირინა მოცეკვავეა, შვიდი წლის განმავლობაში ანსამბლ “მერცხალში” ცეკვავდა, ამბობს, რომ დროებითი ტაიმაუტი აქვს, ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული გამოცდები, ირინას ჟურნალისტობა სურას: “ჯავახიშვილში ვაბარებ ჟურნალისტიკაზე, ამ ეტაპზე ჩემთვის სწავლა უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა თავის დანებებას არ ვაპირებ ცეკვისთვის, გამოცდებს როცა მოვრჩები, ცეკვას დავუბრუნდები. აბიტურიენტობა დიდ დროს მართმევს.” – ამბობს ირინა. სხვა პროფესიის დაუფლებას გუგაც აპირებს, ფიქრობს მეზღვაური გახდება, ჯერ მოსაფიქრებლად ერთი წელი აქვს.

 

კარიერაზე ზრუნვა ბევრ დროს მოითხოვს მათგან, თუმცა ერთმანეთისთვის დროს მაინც ნახულობენ. “ჩემი და ირინას ასაკის გამო ბევრი თვლის, რომ ჩვენი სიყვარული ბავშვური სიყვარულია, თუმცა მე ვიცი, რომ ირინა სწორედ ის არის, ვისთან ერთადაც ყოფნა მინდა. ადამიანში როცა ეჭვი არ გეპარება და მისი იმედი ნებისმიერ წუთს გაქვს, ესე იგი ის არის, ვინც გჭირდება.” – ამბობს გუგა.

 

გუგა ბებიამ გაზარდა, ამბობს, რომ ბებია მისთვის ყველაფერია: “მეგობარია პირველ რიგში, ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობ მასთან, ყველაფერს მიგებს, ჩემს მეგობრებს ისე უყვართ, რომ ბებიაჩემი სამეგობროს ბებიად ითვლება, სპორტში მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიწევს, როცა შეეძლო, შეჯიბრებებზეც დამყვებოდა, ახლა ტელეფონზეა ჩამოკიდებული, ჩემს მწვრთნელს სულ ურეკავს _ როგორ იასპარეზა? მოიგო? მუსიკის მასწავლებელია, მისი დამსახურებით შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ფლეიტასა და როიალზე დაკვრას ვსწავლობდი, თუმცა სულ ვცუღლუტობდი. ცეკვაზეც დავდიოდი, ხატვაზეც, ჩემი მწვრთნელი გაგიჟებული იყო, იძახდა: გამოიყვანეთ ეს ბავშვი ცეკვიდან, ბრძოლისას ქართული ცეკვის ილეთებს იყენებსო. ცეკვა და დაკვრა აღარ მახსოვს, ხატვით კი ხშირად ვხატავ, უფრო ჩემთვის” – ამბობს გუგა.

 

„დინამო ბათუმის“ დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

 

კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორი, სულხან გოგიბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორი, სულხან გოგიბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

 

 

სულხან გოგიბერიძის თანამდებობიდან გადადგომას „დინამოს“ წევრები მოითხოვდნენ. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს მერიის წინ, თუმცა სულხან გოგიბერიძე აცხადებდა რომ პროტესტის მიუხედავად ის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა.

 

გოგიბერიძის თანამდებობიდან წასვლის საკითხი, დღეს 18 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა სანამ საკრებულოს წევრები ამ საკითხს განსახილველად ოფიციალურად გამოიტანდნენ, სულხან გოგიბერიძემ განაცხადება მანამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა.

 

სულხან გოგიბერიძის განცხადება დაკმაყოფილდა. კლუბი „დინამო ბათუმის“ დირექტორის მოვალეობას, დირექტორის მოადგილე იური ლორთქიფანიძე შეასრულებს.

 

 

გოგონების ყურადღებას ხშირად ვგრძნობ

ბათუმელი ნიკა იაკობაძე თინეჯერია და საკმაოდ პოპულარული თავის თანატოლებს შორის. მისი მეგობრები მიიჩნევენ, რომ ნიკას პოპულარობის მიზეზი მისი მეგობრული დამოკიდებულებაა ყველას მიმართ და გარეგნული მონაცემები.

ნიკა, ბათუმელი თინეიჯერები ამბობენ, რომ პოპულარი ხარ. რაში გამოიხატება ეს?

მე არაფერი გამიკეთებია, ერთს მოვეწონე, ორს, სამს და მერე აღმოჩნდა, რომ ბევრს მოვწონდი. ჩემი პოპულარობა იმაში გამოიხატება, რომ ბევრი ადამიანი მცნობს, ბევრი მიმეგობრდება, ადრე მიკვირდა და მიხაროდა, ახლა რეაქცია აღარ მაქვს, “ვაიმე, მაგარი ვარ-მეთქი” – ასე არასოდეს მიფიქრია, ისეთივე ვარ, როგორიც ვიყავი, უბრალოდ უფრო მეტი ადამიანი მცნობს.

შენს გარეგნობაზე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას?

გოგოების ყურადღებას ხშირად ვგრძნობ, ქუჩაში ხშირად მიყურებენ. მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება არ მხვდება, ხშირად ნეგატიურიცაა, ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ბიჭებისგან მოდის. მე პირადად არ მსიამოვნებს ზედმეტი შექება, უფრო მომწონს, როცა ჩემი თვისებებით მაფასებენ.

შენი ჩაცმის სტილიც განსხვავებულია, რას გვეტყვი შენს ყოველდღიურ სტილზე?

განსაკუთრებული არაფერია, ყოველთვის ვიცვამ იმას, რაც მომწონს, ბრენდებზე არ ვარ ორიენტირებული, მოხდენილობა მომწონს, ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე. უფრო სადად ვიცვამ. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა თმა გავიზარდე და აღმოვაჩინე, რომ უფრო გრძელი თმა მიხდება. მას შემდეგ ეს ჩემს სტილად იქცა.

პოდიუმზე როგორ აღმოჩნდი?

მხოლოდ ერთ ჩვენებაზე ვიყავი. პოდიუმზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, ჩემი კლასელის ნათესავია დიზაინერი ია ღონიაძე, მამაკაცის კოლექციისთვის სჭირდებოდა ბიჭები, ჩემი კლასელი ჩემზე მოუყვა, იამ დამირეკა და მისვლა მთხოვა, მეც ვცადე.

როგორ გრძნობდი თავს პოდიუმზე?

არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ჩემთვის არ იყო კომფორტული პოდიუმზე დოგმა, რადგან ცოტას ვნერვიულობდი. პირველად გავდიოდი, მნიშვნელოვანი იყო როგორ დავიჭერდი თავს, სიარულიც არ ვიცოდი კარგად, რადგან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ შენს მშობლებს და ახლობლებს?

დედაჩემმა რომ გაიგო პოდიუმზე გამოვდიოდი, გაუხარდა და მითხრა, რომ ამას ელოდა. ჩემი მეგობრებიც და ახლობლებიც ყოველთვის ამბობდნენ, რომ გარეგნობა ხელს მიწყობს მოდელობისთვის, თუმცა მე დიდად არ მხიბლავს ეს აზრი.

 მოდელობას არ აპირებ?

ბათუმში აზრი არა აქვს ამაზე ფიქრს, თბილისიდან შემოთავაზებებზე შეიძლება დავფიქრდე. თუ მექნება მიწვევები საზღვარგარეთ, აუცილებლად დავთანხმდები, არა მგონია ამაზე ვინმე უარს ამბობდეს. თავად არ ვაპირებ ამაზე ზრუნვას, შემთხვევით თუ მოვა ჩემამდე ეგაა, მე სხვა გეგმები მაქვს.

მომავალ პროფესიაზე თუ გიფიქრია?

თეატრალურზე ჩაბარება მინდოდა, ყოველთვის ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ გადავიფიქრე. მეორე ხარისხოვანი გახდა, რადგან საქართველოში რთულია იყო კარგი მსახიობი. ბიზნესის მართვას ავირჩევ პროფესიად, რადგან უფრო პერსპექტიულია.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

ყოველთვის მინდოდა ფეხბურთელობა. მიყვარს ფეხბურთი, თუმცა ახლა მხოლოდ მოყვარული ვარ, თავისუფალ დროს ხშირად ვთამაშობ, ხშირად ვუყურებ ფილმებს, აუცილებლად განმარტოებით. მეგობრებთან ერთადაც ხშირად ვერთობი. ახლა დაკავებული ვარ ჩემი ლეკვის მოვლით, `ერნი~ოთხი თვისაა, ერთად ვიძინებთ და ერთად ვიღვიძებთ.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქობულეთში

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი
„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, 2013 წლის 20 ივლისს, „ქობულეთის სამედიცინო ცენტრში” „ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები. პრესცენტრის მიერ გარცელებულ პრეს-რელიზში, რომელსაც აქვე გთავაზობთ, ჩამოთვლილია ის მიმართულებები, რისი სპეციალისტებიც გამოიკვლევენ ქობულეთის მოსახლეობას:

 

პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, ნევროპათოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ალერგოლოგის, დერმატოლოგის, ოკულისტის და რევმატოლოგის სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.

 

კონსულტაციებს და გამოკვლევებს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის”, „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის“ და ჯანმრთელობის ცენტრი „მედინას“ წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.

 

მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება დილის 10:00 საათიდან შეეძლება.

უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრებიან“.

პრესცენტრის ცნობით, „სამედიცინო დაწესებულებაში პოლიკლინიკურმა ნაწილმა ფუნქციონირება 22 აპრილს დაიწყო. გაიხსნა კლინიკურ-დიაგნოსტიკური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია და მიმღები განყოფილება.

უახლოეს დღეებში მუშაობას დაწიყებს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება. 
მიმდინარეობს ნეიროქირურგიული, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებების მოწყობა“.

 

ბათუმის ბულვარში მოხუცები საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს ყიდიან

გამოფენა-გაყიდვა დღის 4 საათზე დაიწყო. ექვსი საათისთვის ხანდაზმულებს საერთო ყულაბაში ოთხმოცდაათი ლარი აქვთ და გასაყიდი კიდევ ბევრი დარჩათ. ცოტა ხნის წინ მათ მსგავსი აქცია ბათუმის „შერატონში“ მოაწყვეს სადაც უფრო მეტი ნივთი გაყიდეს და შესაბამისად მეტი თანხაც შეაგროვეს. ამჯერად მათთან ერთად „წითელი ჯვრის“ აჭარის ორგანიზაციის მოხალისეები და ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც არიან.

„ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს გვერდში დაუდგეს ხანსაზმულებს. მოქმედი ხანდაზმულთა ცენტრების დახმარებით ისინი სხვადასხვა ჯგუფებში გვყავს ჩართული, ეს იქნება კერვა, სხვადასხვა ნივთების დამზადება თუ სხვა რამ. მათ ასწავლიან კიდევაც და შემდეგ ეხმარებიან საკუთარი ნამუშევრები გასაყიდად გაიტანონ. “ – ამბობს ნათია ლოლაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, რომელიც ბულვარში დაგეგმილ აქციაში იღებს მონაწილეობას.

აქცია ბათუმის ბულვარში

წითელი ჯვრის მიერ დაარსებული ხანდაზმულთა ცენტრი ბათუმში ორი წელია რაც მოქმედებს და დღემდე ის სამასამდე ბენეფიციარს აერთიანებს.  ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის ოთარ დავითაძის თქმით ცენტრში ყველა პირობაა ხანდაზმულთა შეკრებისა და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ინტეგრაციისთვის:

„კრიტერიუმები განსაზღვრული არ გვაქვს, თუმცა ჩვენი  ბენეფიციარებიდან უმეტესობა მაინც სოციალურად დაუცველია, ხშირ შემთხვევაში ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ. ჩვენ მათ ყველა პირობას ვუქმნით იმისათვის, რომ თავი საჭიროდ იგრძნონ. ცენტრში ისინი ერთმანეთს უმეგობრდებიან და  დაბადების დღეებსაც კი იხდიან. სპეციალურად მათთვის იგეგმება სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებებიც, ისინი ამით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვებიან.

შემიძლია მოგიყვეთ ერთ მაგალითზე რაც ვფიქრობ ამ პროექტის მნიშვნელობას უკეთ დაგანახებთ. გადმოგვცეს, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობდა ხანდაზმული ქალბატონი, რომლის შვილმაც თავი მოიკლა. ამ ფაქტის შემდეგ ის ფატობრივად ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობდა. ჩვენმა პროქტმა მოგვცა საშუალება, რომ მასთან ფსიქოლოგებს ემუშავათ, რამაც კარგი შედეგი მოგვცა. ახლა ის ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარი და ხშირი სტუმარია.“

გამოფენა გაყიდვიდან შემოსული თანხა ბენეფიციარებს რჩებათ. ნათია ლოლაშვილის ინფორმაციით ორგანიზაცია აჭარაში კიდევ ორი მსგავსი ცენტრის გახსნას გეგმავს.

კონკურსის „ჩემი თვალით“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საუკეთესო ფოტო ამბისთვის “ეკოლოგიური დაბინძურება და განადგურებული ტყის მასივები” პრიზი დემურ ბოლქვაძეს გადაეცა.  საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟის ავტორი კი  თომა მალაყმაძე გახდა.  გამოვლინდა აუდიტორიის რჩეულიც.  გამარჯვება  ხატია ზუხუბაიას ხვდა წილად ვიდეოსთვის  “ბალერინას რთული და საინტერესო ცხოვრება”.

„ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას.  ჩემი ფოტოამბავი შეეხებოდა  გარემოს დაბინძურებას. ეს აწუხებდა ჩემს ქალაქს, ქობულეთს. როდესაც ვიღებდი,  ვიყავი დილემის წინაშე. იმიტომ რომ ის ადამიანი ვინც ამას აკეთებდა იყო მამაჩემის მეგობარი, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე ფოტოები კონკურსზე გამეგზავნა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კონკურსის გამარჯვებულმა დემურ ბოლქვაძემ.

საუკეთესო ვიდეო სიუჟეტის ავტორი 15 წლის თომა მალაყმაძე გახდა. ვიდეომ, „ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ნაგვის ურნებს ვერ შეხვდებით” ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

„ჩემი  ვიდეო ბათუმში ნაგვის ურნების დეფიციტს ეხებოდა. მოულოდნელი იყო ჟიურის გადაწყვეტილება. ძალიან გამიხარდა. კარგია თუ ასეთი პროექტები გაგრძელდება და მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება,“ – ამბობს თომა მალაყმაძე.

„ბალეტი არის ის რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს ვიდეოში  მინდოდა მეჩვენებინა  რომ  იმ ლამაზი სანახაობის მიღმა, რასაც ჩვენ სცენაზე ვხედავთ,  არის ძალიან დიდი შრომა ჩადებული,“ – ამბობს ხატია ზუხუბაია, კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული.

„ჯამში ძალიან კმაყოფილები ვართ ამ პროექტით.  ქუთაისში გვყავდა 12 მონაწილე, ბათუმში 18. რაც ნიშნავს რომ ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვიპოვეთ 30 აქტიური ადამიანი საქართველოს რეგიონებში რომელიც არიან პოტენციური მოქალაქე ჟურნალისტები. მათი  ნაწილი ჩვენ წავახალისეთ. რაც ნიშნავს იმას რომ ისინი აუცილებლად აიღებენ თავიანთ ფოტოაპარატებს და როცა მათ ირგვლივ რაღაც მოხდება,  არ დაელოდებიან მედიას და მაშინვე გადაიღებენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროექტის კოორდინატორმა გვანცა კიკალიშვილმა.

კონკურსი „ჩემი თვალით“ ამჟამად გორში გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ მოქალაქე ჟურნალისტებისთვის თბილისში სამდღიანი ტრენინგი გაიმართება.

ვისთვის და როგორ გაიმართება „ბათუმობა“

„მე თუ არ მექნება საბოლოოდ დაზუსტებული სცენარი და მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებული, ისე როგორ წარმოვადგენ ხარჯთაღრიცხვას“-განაცხადა ნათია სურგულაძემ. ჯემალ ანანიძემ კი უპასუხა, რომ მათი მოვალეობა სწორედ პროექტის შედგენა, ყველა დეტალის გაანალიზება და ბიუჯეტის წარდგენაა: „ჩვენ რას გველოდები არ ვიცი, ჩვენ უნდა გვითხრათ რას აკეთებთ და რა თანხა დაჯდება ეს ღონისძიება. მე უნდა დაგიწერო ხარჯები, თუ თქვენ უნდა წარმოგვიდგინოთ რომ ვისჯელოთ. მაჩვენეთ სადაა პროგრამა“.

მერის მკაცრი ტონის შემდეგ, ნათია სურგულაძემ თავის მართლება დაიწყო: „ვატყობ რომ ახლა განტევების ვაცი ვარ, რადგან ამდენი ხანი ვიხვეწებოდი, მომეხმარეთ ამის გაკეთებაში მეთქი. საბოლოო ვარიანტი უნდა ყოფილიყო არჩილ ხაბაძესთან შეხვედრის შემდეგ, მანამდე ვერაფერს ვერ ვაკონკრეტებთ“.

რეჟისორ მერაბ ლებანიძის აზრით, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი თანახელმძღვანელია, პროექტი იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული თუ მასზე არა 125-ი არამედ მცირე მობილური ჯგუფი იმუშავებს: „ერთი კვირაა ვლაპარაკობთ წინ ვერ წავიწიეთ. უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი რომელიც ამ გეგმაზე იმუშავებს. თუ პროექტი არ იქნება წარმატებული, ამაზე მერე ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი“.

საბოლოოდ, „ბათუმობის“ სამუშაო გეგმა, რეჟისორმა მერაბ ლებანიძემ წარმოადგინა, რომლის მიხედვით, „ბათუმობა“ ხუთ დღეს უნდა გაგრძელდეს და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი აქტივობებით უნდა დაიტვირთოს.

პროექტი ითვალისწინებს ცნობილი ბათუმელების მოწვევას, ასევე ბათუმთან დაძმობილებული ქალაქებიდან დელეგაციებისა და ცნობილი ბიზნესმენების მოპატიჟებას. ასევე სხვადასხვა დიასპორების მონაწილეობას. გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას ბათუმის განვითარების ფონდი, რომლისთვისაც პირველ შესაწირს სწორედ ეს ცნობილი პირები და ბიზნესმენები გაიღებენ. მოწვეული სტუმრების რიცხვი დაახლოებით ასი კაცია.

„ბათუმობა“ 31 აგვისტოს, შაბათ საღამოს დაიწყება. წინასწარი გეგმის მიხედვით, ბენზეში არსებულ მუსიკალურ ცენტრში იმ ცნობილი ბათუმელების შეკრება მოხდება, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და მიაღწიეს წარმატებას. „შეხვედრაზე უნდა დაარსდეს ბათუმის განვითარების ფონდი, შემდეგ კი სტუმრები ნახავენ ბათუმის ისტორიაზე გაკეთებულ მუსიკალურ სპექტაკლს. ამის შემდეგ, სტუმრები გადაინაცვლებენ ზღვის სანაპიროზე, სადაც გაიმართება ცოცხალი მუსიკის კონცერტი“-ამბობს, მერაბ ლებანიძე.

მეორე დღეს, სტუმრები თავისუფლების მოედანზე ბათუმისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივლენ, სადაც გეგმის მიხედვით მცირე პარაკლისი ჩატარდება. შემდეგ სტუმრები გადაინაცვლებენ ბოტანიკურ ბაღში, სადაც სტუმრები თავიანთი ხელით შეწვავენ მწავედებს და გაიმართება სადილი. საღამოს კი სტუმრებს დელფინარიუმი უმასპინძლებს.

„შემდეგ სტუმრები გადაინაცვლებენ ანბანის კოშკთან, სადაც ძველი ბათუმის შესახებ ფოტო-გამოფენა იქნება. შემდეგ ძველ ბათუმს თვითონ შემოივლიან სტუმრები ფეხით“. დღის ბოლოს კი სტუმრებისთვის რესტორან „პორტო-ფრანკო“-ში ვახშამი გაიმართება.

მესამე დღეს, რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმარტება. რომელსაც სტუმრები მეზობელი თურქეთიდანაც დაესწრებიან. ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. პარალელურად სტუმრებს, დარგების მიხედვით, სამინისტროები უმასპინძლებენ.

„ცნობილი ბათუმელებისთვის დაგეგმილია იმ სკოლების თუ ეზოების მონახულება, სადაც სწავლობდნენ და იზრდებოდნენ. სურვილის შემთხვევაში მოინახულებვნ ახლობლების სასაფლაოებს“-ამბობს მერაბ ლებანიძე.

გარდა ამ ღონისძიებებისა, გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია სხვადასხვა ფოლკლორული კონცერტები, გამოფენები და ბათუმის ღირსშესანიშნაოებების დათვალიერება.

„ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შეიქმნას, თითქოს ეს ღონისძიება მხოლოდ სტუმრებისთვის იმართება. ან რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ ეს ცნობილი პირები ბიუჯეტის დაფინანსებით?“-განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ.

მერაბ ლებანიძის განმარტებით, ღონისძიებები, იქნება ეს კონცერტები თუ სხვადასხვა გამოფენები, სკვერებსა და ქალაქის ქუჩებში გაიმართება,

„ამიტომ, მოსახლეობის ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური. სტუმრებისთვის კი მხოლოდ ვახშმობა და სადილი იქნება ცალკე გათავლისწინებული“.
შემდეგ დღეს დაგეგმილია ყავის ფესტივალი. ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ყავას საკუთარი რეცეპტით მოხრშავენ: „მოიხარშება თურქული, სომხური, ქართლი და ბერძნული ყავა. ასევე, წარმოდგენილი იქნება ამ ეროვნების წარმომადგენლების ყველაზე გემრიელი და ცნობილი ტკბილეული“.

„ბათუმობა“ ანბანის კოშკთან კონცერტით დასრულდება.

წარმოდგენილი გეგმა არის მხოლოდ სამუშაო ვარიანტი და როგორც კულტურის სამსახურმა განაცხადა მასში ცვლილება მუშაობის პერიოდში განხორციელდება.

დისკუსიას ქალაქი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 260 000 ლარია გათვალისწინებული.

ვისი ფული დახარჯეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტეტებმა ლოპოტაზე

საარჩევნო სისიტემების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძისადმი მიწერილ წერილში, რომლითაც მას ორგანიზაცია ტრენინგში მონაწილეობის თხოვნით მიმართავს, ნათქვამია, რომ ორგანიზაციები მისი და 18-ვე დეპუტატის სასტუმროსა და კვების თანხებს აფინანსებს.

 

„… მართალია სასტუმროში ცხოვრების ხარჯები ორგანიზციებმა დააფინანსეს, მაგრამ დეპუტატებს შეეძლოთ იქ მიკროავტობუსებით ჩასულიყვნენ და  სახელმწიფოს თანხა ეკონომიურად დაეხარჯათ. რამდენ ეკომიგრანტს გადაუწყვეტდა პრობლემას ეს ფული?“, – ამბობს ყოფილი დეპუტატი ბეჟან გობაძე.

 

ბეჟან გობაძის ინფორმაციით, ტრენინგზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე  და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ფუტკარაძე მეუღლეებთან ერთად ჩავიდნენ. „შესაბამისად, თითოეული მათგანისთვის სასტუმროში ცხოვრებაზე 295 ლარი დაიხარჯა“, – ამბობს ბეჟან გობაძე. საკუთარი ხარჯებიდან გაიღეს დეპუტატებმა ეს თანხა, თუ თანადებობის პირებისთვის გათვალისწინებული სხვა ხარჯებიდან, ამის შესახებ დოკუმენტი ბეჟან გობაძეს ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენია.  

 

„ტრენინგს ლოპოტაზე ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძეც მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარდა, ტრენინგზე დასაწრებად კახეთში აპარატის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რისთვისაც მათზე უმაღლესმა საბჭომ მივლინებები გამოწერა“, – ამბობს ყოფილი დეპუტატი.

 

„ეს იყო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული ტრენინგი და ჩვენ ვიყავით მიწვეულები. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, ამიტომ ჩვენ წავედით სახელმწიფო მანქანებით. რაც შეეხება ბეჟან გობაძეს, მას მსგავს ტრენინგში უამრავჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, როცა ის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. ახლა სისულელებს ლაპარაკობს, რადგან არის ინტრიგანი“.- განაცხადა უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერმა დავით ბაციკაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.


არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტის დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი ბეჟან გობაძე 2004-2008 წლების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო, შემდგომ წლებში კი ის ამავე ორგანოში ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა. ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს შეკრების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი. 

 

ზღვისპირა ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსდნენ

დღეიდან აჭარის ზღვისპირა ზოლში მორიგეობას დაიწყებენ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

 

 

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიუარდ დილის 9:00 საათიდან საღამოს 10 საათამდე გაუწევს.

სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიოში, აქ არსებული ბრიგადა გონიოსთან ერთად სარფისა და კვარიათის დამსვენებლებს მოემსახურება. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მუშაობას ქობულეთის ზღვისპირა ზოლშიც დაიწყებს.

ამ ტიპის მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.

 

წლევანდელი საკურორტო სეზონის პერიოდშ ორი ადამიანი დაიღუპა ზღვაში, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ამ დღეებში დაფიქსირდა. აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილება, სანაპირო ზოლში განათავსოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ბოლო შემთხვევის შემდეგ მიიღო.

“შეჭრილების”, ეკომიგრანტებისა და გულგრილობის შესახებ

 

 

ირმა დიმიტრაძე
ირმა დიმიტრაძე

დიდი ხანია ვფიქრობ, ღირს თუ არა აჭარაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების, აჭარელი ეკომიგრანტების დაბრუნებისა და ხელვაჩაურში სახელმწიფო საკუთრების დაკავების ფაქტების თაობაზე ჩემი აზრი საჯაროდ დავაფიქსირო, თავს ვიკავებდი, ჩემი ასაკის გამო, მაგრამ საბოლოოდ იმდენად გაოგნებული დამტოვა “დიდების” ნააზრევმა, გადავწყვიტე, რომ მათ გვერდით საზოგადოება ჩემს მოსაზრებებსაც მარტივად აიტანს და გაიტანს. 

 

როდესაც “სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრილების” საკითხს განიხილავდნენ, დიდი იმედი არც მქონდა, რომ ვინმე დაინტერესდებოდა ამ საქციელის გამომწვევი მიზეზებით, ან თუნდაც მიზნებით, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ხალხს ეტყოდნენ, სოფელში შენს ბიძაშვილს ან ნათესავს სახლი აქვს და აქ რა გინდაო.

 

 

როდესაც შეიქმნა სამთავრობო კომისია ამ საკითხის განსახილველად და რეკომენდაციების წარსადგენად, იმედი მომეცა, ლოგიკურ ჩარჩოებს მაინც არ გასცდებოდა მათი სტრატეგია, მაგრამმუნიციპალიტეტების მიხედვით დაყვეს იქ შესახლებული მოსახლეობა და განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა აღმოეჩინა მათთვის დახმარება. აქ გამიჩნდა ასეთი კითხვა – კარგი, ამ ხალხმა თუ არ იცის, არც გაუგონიათ, რომ ამ უკიდურესად მცირემიწიან აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, მოსახლეობის ზრდის დონე ძალზე მაღალია?! ბავშვმაც იცის, რომ ყვავილი როცა პატარაა, ჭიქაშიც შეიძლება ჩავრგოთ და გაიხარებს კიდეც, მაგრამ როცა იზრდება, მოზრდილ ქოთანში უნდა გადარგვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო დიდი გარემო ესაჭიროება არსებობისთვის. ხუთსულიანმა ოჯახმა შეიძლება თავი გაიტანოს 200 კვ. მიწის ნაკვეთზე მოყვანილი კარტოფილით, ბოსტნეულითა და ხილით, როდესაც სხვა არავითარი შემოსავალი არ არის, მაგრამ როდესაც სამი ძმა ერთ სახლში ცხოვრობს (და ესეც დავუშვათ შესაძლებლად, თუმცა აბა, თქვენ იცხოვრეთ ძმების ოჯახთან ერთად) და თითოეულს ხუთსულიანი ოჯახი ჰყავს სარჩენი, ამ ადამიანების რაოდენობასთან ერთად, როგორ ფიქრობთ, ის 200 კვ. სამმაგდება?! ასეთ პირობებში რა ქნას მუნიციპალიტეტმა? აქვთ მათ რამე ჯადოსნური ჯოხი მიწების გასასამმაგებლად?!

 

 

მოდით იქ `შეჭრილი~ ხალხის ყოფას გადავხედოთ – არა წყალი, არა საკანალიზაციო სისტემა, არა ელექტროენერგია, არა სანიტარია და რაც მთავარია, არა უსაფრთხოება! როგორ ფიქრობთ, ამ ხალხის მიზანს ასეთ პირობებში ცხოვრება წარმოადგენდა?! მე რატომღაც სხვანაირად ვფიქრობ – ამ ქვეყანაში, ან კანონი უნდა დაარღვიო, ან შიმშილით უნდა დაგეხოცოს შვილები, რომ ყურადღება მოგაქციონ, გკითხონ, რატომ იქცევი ასეო, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების ყურადღების მისაქცევად მეორე გაცილებით უფრო ეფექტური გზაა, რადგან ჯერჯერობით, საზოგადოების არც ერთი წევრი, რომელსაც პირადად არ შეეხო ეს ფაქტი, არ დაინტერესებულა ამ ხალხის პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვის გამო.

 

 

მე, ჩვეულებრივ მოზარდს, გამიჩნდა კითხვა – თუ საქართველოს იმდენი რესურსი გააჩნია, რომ სასაცილო ფასად გაყიდოს მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ამ ხალხს რაღას აწვალებენ?! ან იქ მცხოვრები ბავშვების უფლებებს რომელი რატიფიცირებული თუ ადგილობრივი კანონი იცავს? მე სკოლაში მასწავლეს, რომ ყველა ბავშვს აქვს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, ხოლო ხელისუფალი ვალდებულია ქვეყნის მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება უზრუნველყოს. ბევრს ქვეწარმავლების სურათზე დანახვაც პანიკაში აგდებს და ამ ხალხს “სახლებში” (ქოხებში) უწევთ ქვეწარმავლებთან თანაცხოვრება და ფხიზლად ყოფნა, რომ ბავშვი არ იმსხვერპლოს ძილის დროს. რამდენჯერმე შეძლეს და გველი მოკლეს ან დაიჭირეს, მაგრამ ყოველთვის ასე იქნება?!

 

 

წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების (რომლების ჩასახლებაც და გამოსახლებაც სრულიად ბუნდოვანია ჩემთვის) პრობლემას რაც შეეხება, ეს თემა იმდენად პოლიტიზებული გახდა, რომ მე ღრმად არ შევეხები მიზეზებს. ეს ხალხი სრულიად მიტოვებულ, ღმერთისგან მივიწყებულ ტერიტორიებზე ჩაასახლეს და თან არ ჩაასახლეს, აბა, კაცი ომში გაუშვი და იარაღი არ მისცე, ეგ რა გაშვებაა?!

 

 

ეს პრობლემა მე პირადადაც შემეხო – ერთ ზაფხულს ბებიასთან და ბაბუასთან წალკაში ვისვენებდი, სახლი საკუთრებაში, დაპირების მიუხედავად, არ გადაუციათ, წყლის, გათბობისა და მიწის პრობლემაც არავის მოუგვარებია, თუ არ ჩავთვლი პრეზიდენტის საჩუქარს (თითო ჰექტარი მიწის ნაკვეთი), რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოსაყენებლად უვარგისი ან სრულიად არასაკმარისი იყო, მაგრამ ჩვენი დეპუტატის, ბატონი მურმან დუმბაძის (მის სიტყვებს კიდევ დავუბრუნდები) არ იყოს, აჭარელი კაცის ხელი ისეთია, აქაც მოაწყო ცხოვრება. ახლა ამ ყველაფრის კანონიერი მესაკუთრეები გამოჩნდნენ და აჭარელი ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ, ჰაერში გამოკიდებულნი დარჩნენ. დღეს შიმშილობენ, თუმცა ვეჭვობ, პროტესტის ეს ფორმა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვისაც დიდი ხანია “უინტერესო” გახდა.

 

 

აი, ბატონმა მურმან დუმბაძემ ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა, კი ბატონო, მივცემდით ამ ხალხს ბინებს ბათუმის ტერიტორიაზე, მაგრამ აჭარელი კაცი ისეთია, მიწაზე თუ არ იმუშავა მისმა მადლიანმა მარჯვენამ, აქ ვერაფერს გაახერხებსო. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი ამ “კომპლიმენტის” გამო და ვერ გავიგე, ამ ლოგიკით თვითონ პარლამენტში უნდა წასულიყო თუ ყანაში?!

 

 

და ბოლოს, ჩემო ძვირფასო “დიდებო”, მგონია რაღაც სხვანაირად უყურებთ მაგ “დიდი” ასაკიდან და “სკამიდან” იმას, რისი გადმოცემაც მე ვცადე ამ წერილით.

ნურიის ტბა დაჭაობების საფრთხის წინაშე

 

 

სპეციალისტების განმარტებით, პროცესს, რომელიც ნურიგელის ტბაში მიმდინარეობს, ევტროპიკაცია  ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალში წყალმცენარეები ჭარბი რაოდენობით არის, ეს კი ჟანგბადის უკმარისობასა და ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას იწვევს.

 

 

„ეს არის ტბის მომაკვდავობის ერთ-ერთი ნიშანი. ეს ტბა, ისევე როგორც კოლხეთის დაბლობის ყველა ტბა, თხელი ტბაა, ნაკლებად ღრმა და ბოლომდე თბება. ამასთან ორგანულად მდიდარი  ტბებია და ორგანიკა ტბებში არის ყოველთვის მაღალი. ეს იწვევს ფიტოპლანქტონს, მიკროსკოპული წყალმცენარის მასიურ განვითარებას ტბაში.  თუ ფიტოპლანქტონი აღწევს კრიტიკულ რაოდენობას, იწყება ევტროფიკაცია, ჟანგბადი  აღარ  არის ტბაში და რაც ცოცხალია, ყველაფერი კვდება. სანაპიროზე თვალნათლივ  ჩანს მიკროწყალმცენარეების აგრეგატები – ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია იმის, რომ ტბა არის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში,“ – აცხადებს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

 

 

იმას, რომ ტბაში ევტროფიკაციის პროცესია დაწყებული, გამოკვლევის შედეგებიც ადასტურებს, რომელიც „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე ამბობს, რომ მათთვის პრობლემა ცნობილია.

 

 

 

„წყალმცენარეების ჭარბი რაოდენობა იყო მაისში. ჰიდროქიმიური, მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ანალიზი ჩავატარეთ და დაფიქსირებული ჟანგბადის რაოდენობა არ შეესაბამებოდა ნორმას. თუმცა იმ პერიოდში თევზის ქვირითი იყო დაყრილი წყალმცენარეებზე და  ამიტომ  არ იყო გამართლებული სანაპირო ზოლის მექანიკური გაწმენდა.  ქვირითობის დასრულების შემდეგ ჩვენმა სამსახურმა ტბა წყალმცენარეებისგან გაწმინდა. სპეციალისტების რეკომენდაცია არის ასეთი, უნდა მოხდეს დათევზიანება. ტბაში უნდა გავუშვათ ბალახისმჭამელი თევზი, თუმცა ამ თევზის გაშვება რეკომენდებულია გაზაფხულზე ან  შემოდგომაზე.  ეს ტბის  მდგომარეობას გამოასწორებს,“ – ამბობს ნატალია ზოიძე.

 

 

გამოსავალს ტბის ხელოვნურად დათევზიანებაში ხედავს არჩილ გუჩმანიძეც. მისი თქმით ერთხელ მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა.

 

 

„ჩვენმა ორგანიზაციამ ჩამოიყვანა ახმეტიდან და ტბაში გავუშვით თეთრი ამური. ორჯერ მოხდა მსგავსი ფაქტი. თუმცა შემდეგ ამოიჭირეს ეს თევზი.  აი, ეს თევზი რომ ყოფილიყო ტბაში, ორგანიკას მოერეოდა. იმისთვის, რომ ტბა გადარჩეს,  აუცილებელია მისი დათევზიანება სანიტარული, ეკოლოგიური სახეობებით. ეს არის თეთრი სქელშუბლა, შავი სქელშუბლა და სხვა. უნდა აღმოიფხვრას ასევე ორგანული დაბინძურების კერები და უნდა აიკრძალოს  ტბაზე თევზჭერა რაღაც პერიოდით მაინც, იმიტომ, რომ თუ თევზი გაუშვი და მეორე დღეს დაიჭირეს, მის გაშვებას აღარანაირი აზრი არ აქვს. უნდა ჩატარდეს ასევე მექანიკური მელიორაცია, რაც გულისხმობს, სანაპიროზე არსებული წყალმცენარეების მოცილებას, იმას, რასაც უკვე ამური ვეღარ მოერევა,“  – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

 

 

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის ნატალია ზოიძის თქმით, ისინი გეგმავენ სექტემბერში თევზის შემოყვანას და ტბაში გაშვებას. 

 

 

„სავარაუდოდ აიკრძალება რაღაც პერიოდით თევზაობა, მას შემდეგ, რაც ბალახისმჭამელ თევზებს გავუშვებთ. თევზები იქნება გაშვებული არა იმიტომ, რომ მეთევზეებმა ითევზაონ, არამედ იმიტომ, რომ ის წყალმცენარეები შეჭამონ, რომლებიც ქმნიან იმ სავალალო შედეგს, რაც დღეს გვაქვს და რის შედეგადაც ზედაპირი ჭაობდება,“ –  ამბობს ნატალია ზოიძე.

 

 

გარდა ევტროფიკაციისა, ტბას კიდევ ერთი პრობლემა აქვს – ტბასა და ზღვას შორის კავშირი გაწყდა. კვლევითმა ცენტრმა ბათუმის მერიას წერილიც მისწერა და საქმის არსში გარკვევა სთხოვა. 

 

 

„ჩვენივე თანამშრომლების მოწოდებული ინფორმაციით მიმდინარეობს შემკრები სანიაღვრე არხის მშენებლობა და თანამშრომლების ვარაუდით, წყდება კავშირი ნირუგელის ტბასა და შავ ზღვას შორის, რითაც ირღვევა ტბის ეკოლოგიური წონასწორობა. გთხოვთ, მოგვაწოდოთ წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ – წერია ბათუმის მერიისადმი გაგზავნილ წერილში.

 

 

ნატალია ზოიძის თქმით, ამ დრომდე წერილზე პასუხი არ მიუღიათ, თუმცა სპეციალისტებთან კონსულტაციები გაიარეს.

 

 

„სპეციალისტებს ვესაუბრე და დამაიმედეს, რომ ტბის ზღვასთან კავშირი არ წარმოადგენს  აუცილებელ პირობას. ანუ ტბა იმის გამო, რომ ზღვასთან კავშირი არ ექნება, არ დაიღუპება. უბრალოდ ტბას სანიაღვრე არხთან შემაკავშირებელი არხისთვის უნდა ჰქონდეს სარქველი. ზღვასთან კავშირი ჰქონდა იმ შემთხვევისათვის, თუ  წყალდიდობის დროს ტბა ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადავიდოდა.  ჭარბი წყალი უნდა გადასულიყო ზღვაში, ამისთვის იყო ეს არხი.  ყველა სხვა გულშემატკივარზე მეტად შეგვტკივა გული.  მუდმივ მეთვალყურეობას, მონიტორინგს ვაწარმოებთ. ვეძებთ გზებს, რომ ტბა იყოს ისე, როგორც იყო წლებისა და საუკუნეების მანძილზე ჩვენი დამამშვენებელი,“ –  ამბობს ნატალია ზოიძე.

 

 

მისივე თქმით სექტემბრამდე ანუ მანამდე, სანამ ტბას დაათევზიანებენ, ტბა კვირაში ერთხელ  მექანიკურად  გაიწმინდება.

შტეფან ფულე ბათუმში, ეკომიგრანტები – ბავშვთა სახლში

ეკომიგრანტების ერთი ჯგუფი თითქმის ჩურჩულით ამბობს, რომ ბავშვთა სახლში შეჭრის უფლება მთავრობამ მისცა. ოფიციალურად კი მათ გადაწყვეტილებას ეკომიგრანტი ამირან საგინაძე, რომელმაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ 65 დღე გატარა, ასე აყალიბებს: `სადმე თავი უნდა შეგვეფარებინა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდანაც იყო მოწოდება, რომ გამოგვენახა ერთობლივად რაიმე საშუალება, სახელმწიფოზე დაქვემდებარებულ უფუნქციო შენობაში უნდა შევსულიყავით. გამოვნახეთ ეს შენობა, რომელიც უფუნქციოა და დროებით თავშესაფრად ვაქციეთ. 120 ადამიანი ვართ ძალიან ცუდ პირობებში, სველი წერტილიც კი არ არის~.

ყოფილი მოშიმშილეები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა, ერთი მათგანი თბილისში, საავადმყოფოშია მოთავსებული. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ეკომიგრანტებს სამედიცინო შემოწმება არ გაუვლიათ: `შიმშილის შეწყვეტის შემდეგ ექიმს არ გავუსინჯივარ, 65 კილოზე ჩამოვედი, წნევა დამივარდა, საჭმელს ვერ ვჭამ, ყავას ვსვამ, რომ წნევა ავიმაღლო~, – ამბობს ჯუმბერ რიჟვაძე.

„სახლი რომ გვქონდეს წალკაში, ამდეხანს აქ გავჩერდებოდით? კომისიამ დაამტკიცოს, რომ სადმე გვაქვს სახლები, თუ ერთი ოთახი მაინც აღმომაჩნდება, მივდივარ უკან. ნუთუ ამის დადგენა შეუძლებელი გახდა, იმდენი არ ვართ, რომ ეს გაუჭირდეთ, პირადობაც ეყოფა მაგის შემოწმებას. ქვრივი ქალი ვარ, სირცხვილი არ არის, ასე რომ ვყვირი? იქ არავინ გვაძლევს მიწას და სახლს, აქამდე ყველაფერს, მათ შორის მიწასაც ვქირაობდით. თუ გაგვიფორმებენ იქ საკუთრებას, რა თქმა უნდა, წავიდოდით უკან, აქ დასასვენებლად ან მონატრების გამო არ დავბრუნებულვართ“, – ამბობს ცირა დავითაძე, რომელიც ცუდად ყოფნის გამო უკვე მოინახულეს ექიმებმა. ცირა დავითაძე ერთადერთია, ვისაც საწოლზე დაწოლის უფლება მისცეს.

ეკომიგრანტები მთავრობის წარმომადგენლების განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ სახლები აქვთ, არასახელწიფოებრივს უწოდებენ. ეკომიგრანტი ამირან საგინაძე: „ეს ადამიანები არასახელმწიფოებრივად აზროვნებენ, თუ უნდათ კუთხის შენარჩუნება, მაშინ ასე არ უნდა საუბრობდნენ, წალკის შენარჩუნება უნდოდათ ჩვენი იქ ჩასახლებით, შეინარჩუნეს კიდეც. შევარდნაძე და სააკაშვილი იძულებულს ხდიდა ხალხს იქ ჩასახლებულიყო, ახლა ლაპარაკობენ, რომ ჩვენ თვითნებურად ჩავსახლდით? როგორ შეიძლება ასე? ასეთი ადამიანები ამ თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ. ჩვენ იძულებით ჩაგვასახლეს და იძულებით წამოვედით ახლა უკან, არავითარი თვითნებობა არ ყოფილა, პროგრამის მიხედვით ჩვენ უნდა გვქონოდა იქ სახლი და 5 ჰექტარი მიწა. რომ არ გვაქვს, იმიტომ წამოვედით. ჩვენ ვითხოვთ დროებით თავშესაფარს აჭარაში, იქ საკუთრება არ გვაქვს, იმ სახლებში ბერძნები დაბრუნდნენ, საუბარი, რომ იქ ჩვენ საკუთრება გაქვს და ბერძნების დაბრუნება მოვიგონეთ, უცოდინარობის შედეგია, არასახელმწიფოებრივად ლაპარაკობენ, შეამოწმონ“.

ბათუმში 12 ივლისს გაიხსნა კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელზე დასასწრებადაც ბათუმში ევროკომისარი შტეფან ფულე ჩამოვიდა. ეკომიგრანტები ურეხის ბავშვთა სახლში 11 ივლისს ღამის 3 საათზე შევიდნენ.

მოქალაქეებს, რომლებიც უკვე 65 დღეა თავიანთი პრობლემის მიმართ მთავრობის ყურადღების მიპყრობას ითხოვენ, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მატყუარებს უწოდებენ.

ცესკომ საოლქო-საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები შეარჩია

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო – საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების ვაკანტურ პოზიციებზე დასანიშნი პირები კონკურსის წესით შეარჩია. ბათუმის საოლქო კომისიის დროებით წევრად კობა გაბაიძე, ქედაში ირაკლი ბერიძე, ქობულეთში ნათია ლორია, შუახევში რომან დარჩიძე, ხულოში კი გიგლა აბულაძე შეარჩიეს. 

შიმშილობის მე-8 დღე

უკვე მერვე დღეა ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ ეკომიგრანტები შიმშილობენ. დღეს მათთან შესახვედრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა.  ეკომიგრანტების თქმით, ხაბაძემ მოშიმშილეებს განუმარტა, რომ მხოლოდ  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს შეუძლია მათი დახმარება.

“გვითხრეს, მინისტრი დარახველიძე უნდა ჩამოვიდეს ხვალისთვისო. ხაბაძემ თქვა, მე ვერაფერს ვერ გადაგიწყვიტავთ ის გადაწყვიტავსო, ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო ეს თქვა. შიმშილობას ისევ ვაგრძელებთ, პასუხის მიღებამდე, ვნახოთ პასუხიც როგორი იქნება, ჩვენ წასასვლელი არსად არ გვაქვს,”- ამბობს მოშიმშილე ეკომიგრანტი მერაბ შავაძე.

წალკიდან უკუმიგრირებული ეკომიგრანტები უკვე 60 დღეა ღია ცის ქვეშ, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დახმარებასა და თავშესაფარს ითხოვენ. უყურადღებობის გამო ეკომიგრანტებმა რვა დღის წინ პროტესტის უკიდურეს გზას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ, რადგან სახლებიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საბერძნეთიდან უკუმიგრირებულმა მესაკუთრეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა გამოასახლეს. შესაბამისად, ისინი სახლ-კარისა და მიწის გარეშე, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ეკომიგრანტების პრობლემის გასაცნობად აჭარის მთავრობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკომიგრანტების განცხადებები  დიდწილად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან მათ უმრავლესობას სახლ-კარი გააჩინია, შესაბამისად, მათი პროტესტის ძირითადი მიზანია, სახელმწიფოს ქონება გამოსძალონ აჭარაში. მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მთავრობამ წალკაში მუშა ჯგუფი გაუშვა.

მუშა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე: „ჩვენ რომ ჩავედით იქა [წალკაში], ამ ოჯახეების უმეტესობას, ვინც ვნახეთ, ამ ეტაპზე გამოსახლების საფრთხე არ ემუქრება. იყო რაღაც პრეცედენტები 3-4 შემთხვევა, რომელიც ადგილზე ვთხოვეთ ბერძნებს და პრობლემას არ შევქმნითო… წალიკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირობა აღგვითქვა, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ამ ადამიანებს გამოსახლება არ დაემუქროთო.

იქ არის მიწებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გადასაწვეტია ჩემი აზრით. ადგილზე ვინც ცხოვრობს, იმ სოფლის მოსახლეობას უნდა შეეძლოს, რომ შეისყიდოს მიწა.

მოშიმშილეების… ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ დროებითი საცხოვრებელი გამოგვიყეთ ბათუმშიო და, სამწუხაროდ, უარი ვუთხარით. დროებითი თავშესაფარი ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია“.

მოშიმშილეები ჟურნალისტებთან ყველა კომენტარში აცხადებენ, რომ მათ აჭარაში კი არა, წალკაში უნდათ საცხოვრებელი სახლები, რაზეც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს: „ძალიან კარგი, მე იქ რომ ვიყავი, მირეკავდნენ, ჩემი სახლი ნახეო და რომ ვეკითხებოდი, თქვენ სად ხართ-მეთქი, ბათუმშიო. მივდიოდი ოჯახებში და მეუბნებოდნენ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩამოდის ბერძენი, რომელიც მასახლებსო. ახლა ის ბერძენი მე თვალით არ მინახია“.

დანაგვიანებული ზღვა კვარიათში

„გუშინ დილიდან გონიოს მხრიდან მოდიოდა ნაგავი. რადგან ყურეა, აქ გროვდება. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნაგავია. ეს არ არის არც თურქეთიდან, არც გემიდან. შარშანწინ იყო სწორედ ასეთი შემთხვევა. აქ ვისვენებდი,  გამოვიძახე პატრული, ჩაუსაფრდნენ. მერე გვითხრეს, რომ ერთ-ერთი სასტუმრო ყრიდა ნაგავს. შარშან არ ყოფილა. წელს ისევ დაიწყო. ყოველდღე დილის რვა საათზე ვარ აქ და ვხედავ, როგორ მოდის გონიოს მხრიდან ნარჩენები,“ – ამბობს ირა ჭელიძე, რომელიც კვარიათში ისვენებს.

გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის  ხელმძღვანელის მამუკა ჩანტლაძის განცხადებით, მათი სამსახური უკვე ინფორმირებულია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოკვლევას აწარმოებს.

„გასულები არიან ჩემი თანამშრომლები. გაარკვევენ ყველაფერს და შესაბამის ზომებს მივიღებთ,“ – განაცხადა მამუკა ჩანტლაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში.

გოგონა ამინდის პროგნოზიდან

 

 

 

ამჟამად ტელევიზიაში მუშაობს, თუმცა სალომე პროფესიით პიანისტია. ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლისამ დაიწყო. “ოთხი წლიდან 22 წლამდე, ყოველი დღე იწყებოდა ფორტეპიანოთი. კონცერტები, მეცადინეობა… დავიწყე სწავლა სამუსიკო სკოლა-კოლეჯში, შემდეგ ხელოვნების უნივერსიტეტი დავამთავრე. ირინა ხერჟი იყო ჩემი პედაგოგი, ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ნატო ორაგველიძე, ჩემს მუსიკალურ და შემოქმედებით აღზრდაში ამ ადამიანებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.” – ამბობს სალომე. 


სალომე სურმანიძე
სალომე სურმანიძე

 

მისგან ყოველთვის დიდხანს მეცადინეობას მოითხოვდნენ და სალომემ გამოსავალი იმაში იპოვა, რომ ოთხსაათიან მეცადინეობას თავადვე ამცირებდა, თან მთელი სამი საათით: „უნდა მემეცადინა, რადგან კონკურსებში ვიყავი ჩართული, ჩემს ასაკთან შედარებით ყოველთვის რთული პროგრამა მქონდა, მეორე-მესამე კლასში ვუკრავდი სტუდენტის პროგრამებს, ასე თუ ისე წარმატებულადაც, რადგან ბევრი კონკურსის ლაურეატი ვარ. თუმცა მეცადინეობისას სულ ვცუღლუტობდი, ნახევარ საათს რომ ვიმეცადინებდი, ვამბობდი ორი საათი ვიმეცადინე-მეთქი. ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული ჩემი პროფესია, თავი მთლიანად უნდა მიუძღვნა. მე კი ისეთი აქტიური ვარ, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები, სულ ვმოძრაობ. ამის გამოა, რომ აქტიურად აღარ მივყვები მუსიკას. ჯერჯერობით მხოლოდ პედაგოგობით შემოიფარგლება ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა, პატარებს ფორტეპიანოზე დაკვრას ვასწავლი.” – გვიყვება სალომე.

 

ოთხი წლის წინ კი გაიგო, რომ „დილის ტალღაში~ ამინდის პროგნოზის წამყვანის ვაკანსია გამოცხადდა. მისი პედაგოგი გასტროლებზე იყო წასული, ამბობს, რომ დრო იხელთა და კასტინგში მიიღო მონაწილეობა: “კასტინგზე მისულს ასამდე ულამაზესი გოგო-ბიჭი დამხვდა, მეგონა, რომ შანსი არ მქონდა. ვუყურებდი გოგონებს და ვამბობდი: ვაიმე, რა ლამაზია, ეს როგორ მოუხდება ეკრანს… თუმცა გამიმართლა და შვიდ კონკურსანტთან ერთად სამი თვის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიბრძოლე. ძალიან მომწონს ამინდის პროგნოზის გამოცხადება, ამით არ ვიღლები, პირიქით, ვეღარ წარმომიდგენია ამის გარეშე ჩემი ცხოვრება. არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს, რაც მთავარია ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ გამოვიდეს კარგი და რეიტინგული გადაცემა.”

 

მოუსვენარი ხასიათის გამო ურჩევნია პირდაპირი ჩართვები ოფისის გარეთ ჰქონდეს, ამის გამო ხშირად უწევს მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში: „მე თვითონ ვქმნი ექსტრემალურ სიტუაციას, შეიძლება ქუჩაში დადგე და თქვა როგორი ამინდია, მაგრამ მირჩევნია პარაშუტიდან გადმოხტომისას გავაცნო ხალხს ამინდის პროგნოზი, ან სკუტერით მოძრაობისას, ვფიქრობ, ასე უფრო საინტერესოა. ჩართვებისას შეიძლება ხშირად უცნაურ რაღაცებსაც ვამბობ, იმიტომ, რომ ბუნება უცნაურია, უმეტესად ექსპრომტად მიწევს ტექსტის მოფიქრება, რათა გარემოპირობებს შევუსაბამო ჩემი ნათქვამი და თან პოზიტიურ განწყობაზე ვიფიქრო.”

 

სალომე სამსახურს გარეთაც „ამინდის პროგნოზის გოგონაა”. ამბობს, რომ ხშირად ცნობენ და ამინდზეც უსვამენ შეკითხვებს: „მეგობრები და ახლობლები ხშირად მეკითხებიან, თუ როგორი ამინდი იქნება. უცნობებსაც არ ერიდებათ შეკითხვა და თავიანთი კეთილგანწყობის გამოხატვა, ხშირად მეუბნებიან, რომ დადებითი მუხტი შემაქვს დილის ტალღაში“.
თავად კარგად იცის, ამინდი როდის უწყობს ხელს ბათუმის ქუჩებში სასეირნოდ. „ძალიან მიყვარს ზღვის პირას სეირნობა, ფეხსაცმელი ყოველთვის მაღალქუსლიანი მაცვია, ბათუმის ქვაფენილები დისკომფორტს მიქმნის, ფეხსაცმელს მიფუჭებს, მაგრამ მაღალ ქუსლზე ხელს მაინც ვერ ამაღებინებს. საერთოდ, დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩაცმულობას. გარეთ გამოსვლამდე შეიძლება რვაჯერ გამოვიცვალო. ამით არ ვიღლები, მთავარია კარგად გამოვიყურებოდე. მომწონს ნათელი ფერები. ვფიქრობ, ჩემს ხასიათზეც მოქმედებს ის, თუ როგორ მაცვია, ამიტომაც სულ თბილ ფერებს ვარჩევ. ხშირად ვსარგებლობ ინტერნეტშოპინგით და ეს მეხმარება მეცვას შედარებით განსხვავებულად.” ამბობს სალომე.

 

სალომე ფიქრობს, რომ საკუთარ პროფესიას მალე დაუბრუნდება: „რამდენიმე დღის წინ დამესიზმრა, რომ დიდ სცენაზე გამოვდიოდი გემოვნებიანი პუბლიკის წინაშე, ეს ჯერჯერობით სიზმარი იყო, მაგრამ აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ რეალობად იქცეს.”

 

სანამ პროფესიას დაიბრუნებს, სცენაზე ავა და ფორტეპიანოზე დაუკრავს, მანამდე ყოველ შაბათ-კვირას “გოგონა ამინდის პროგნოზიდან” მაყურებლის განწყობაზე იზრუნებს.

ამბავი ნინო მასწავლებელზე

 

ნინო სურმანიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ნინო სურმანიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

„მე არ მიკვირს, ბავშვებს რომ ვუყვარვარ. იცით რატომ? მე მიყვარს ისინი. მე ისინი იმდენად მიყვარს, როცა ზოგს ვატყობ, რომ მზე და მთვარე არ ამოდის ჩემზე, ის უფრო მიკვირს. მე მართლა მიყვარს ისინი, მიხარია და ვარ ბედნიერი ამით. ეს არის ჩემი ბედნიერება. მართლა არის. სამტკიცებელი რაც არის, ის რაღაცა ეჭვს იწვევს, მაგრამ სხვანაირად როგორ ვთქვა, არ ვიცი. მე არ მინდა მათ გარეშე. ჩემი შვილი, რომელიც ამხელა გოგოა, უკვე მეკითხება, შენ ბავშვები უფრო გიყვარს, თუ მეო,“  –  ამბობს ნინო სურმანიძე.

 

 

მასწავლებლობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1987 წელს დაიწყო. ღიმილით იხსენებს სტუდენტობის წლებს და ამბობს, რომ საქართველოში პირველი დიჯეი თავად იყო: „შატილში ვიყავით, 1986 ან 1987 წელი იყო. შატილიდან მუცოში გვინდოდა გადასვლა. ცენტრს მოვშორდით და უცებ მიკროფონში მესმის – ნინო სურმანიძე გამოცხადდეს. დავბრუნდი, ა, შენ მიკროფონიო – მითხრა ზაზა შენგელიამ, რაც გინდა ილაპარაკე და რაც გინდა, ჩართეო. ასე რომ, პირველი დიჯეი საქართველოში მე ვიყავი. მე და ზაზა ალექსიძეს მიგვყავდა პირველი მეჯლისი საქართველოში, რომლის სცენარი, რა თქმა უნდა, ნინო სურმანიძის დაწერილი იყო. მაშინ კომკავშირი იყო, ზაზა იყო ვეზირი, გვყავდა მეფე, გია ერქვა ამ ბიჭს, ქუთაისელი იყო, გვარი არ მახსოვს, მე ვიყავი „ბიბისის“ კორესპონდენტი, რომელსაც ჰქონდა გაბურძგნული თმები, მეცვა ბაბუაჩემის თეთრი შარვალი, რომელზეც იყო გამაშები წამოცმული და მიმყავდა „ბიბისისთვის“ რეპორტაჟი: როგორ ვირჩევდით დედოფალს. ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი. მერე მივხვდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ მასწავლებლობას მსახიობობაც უნდა და ფსიქოლოგობაც. იმ წლებში, როდესაც ვსწავლობდი, მაშინ კომკავშირი იყო, ყველა მიიჩნევდა, რომ ჩემი მომავალი იქნებოდა კომკავშირული მომავალი, მაგრამ მე ვამბობდი: არა, მე ვიქნები მასწავლებელი. მე ბუნებით ვარ მასწავლებელი. ასწავლო, ეს არის ზუსტად ისეთივე შემოქმედებითი პროცესი, როცა რეჟისორი დგამს სპექტაკლს და ფიქრობს; როდესაც მხატვარი ხატავს. როგორ ასწავლო, შეიძლება ისწავლო სხვისგან და ასევე შეიძლება აღმოაჩინო. ალბათ ასეა, 30 პროცენტს გასწავლის ის სკოლა, რომელშიც შენ გაიზარდე, კარგი მასწავლებლისგან იცი, როგორ უნდა ასწავლო, მეორე, ცუდი მასწავლებლისგან იცი, როგორ არ უნდა ასწავლო.

 

 

 

როცა ბევრი სამუშაო მაქვს, დღეს ვიწყებ ასე: ახლა მივალ ჩემს ბავშვებთან, მოვეფერები და გავიცინებ. დღეს არ დავიწყებ ასე _ დედა, დღეს რამდენი სამუშაო მაქვს. აბა, მითხარით პროფესია, რომელსაც არა აქვს რაღაცა უსიამოვნო მხარე. ჩემი უსიამოვნო მხარე რა არის, ზარმაცი მოსწავლე? სამაგიეროდ საყვარელია. აი, ზარმაცს რომ ასწავლი და ოროსანს, ესაა ბედნიერება. აბა ხუთოსანი-ათოსანი, ოღონდ უთხარი რამე და ყველაფერს რომ გადაყლაპავს, იგი სულ ერთია რომელ მასწავლებელთან მოხვდება. ზუსტად ის პროცესია საინტერესო, როცა არ გამოდის, არ უნდა და შენთან ერთად რაღაცას აღწევს.

 

 

ზარმაც მოსწავლეს უნდა მისცე ისეთი დავალება, რომელიც მას უხარია. ერთხელ დავაწერინე საკუთარი ნეკროლოგი. რა თქმა უნდა, იუმორისტულად, ვუთხარი, ვითომ 220 წლის კვდებით და საკუთარ თავზე უნდა დაეწერათ. რა თქმა უნდა დიდი ხალისით შეასრულეს ეს. სინამდვილეში რა მინდოდა. ჯერ ერთი, კალმისთვის ხელი მოეკიდათ და მეორეც, საკუთარი ცხოვრება დაეგეგმათ, უკუღმიდან. მე არ მახსოვს მოსწავლე, რომელსაც არ დაეწეროს, კი, ზოგმა სახუმარო ესე დაწერა და მეკობრეობაში ამოხდა სული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველამ იმუშავა. მერე ეს მეთოდი ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმში ვნახე და გავოცდი, რა ჭკვიანი ვარ-მეთქი.~

 

 

ნინო მასწავლებელი ამბობს, რომ მისი მოსწავლეები იშვიათად ირჩევენ პედაგოგობას, მით უმეტეს ქართულის მასწავლებლობას. „მე სულ ვეკითხები ბავშვებს, რატომ არ გინდათ მასწავლებლობა. სულ მიკვირს, რატომ არ უნდათ. ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე, რუსთავიდან მომივიდა წერილი: „ნინო მასწავლებელო, თამილა ვარ გაბაიძე. გავთხოვდი რუსთავში, ვმუშაობ ქართულის მასწავლებლად, ვცდილობ, რომ ვიყო თქვენნაირი“. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში.

 

 

 

 

ნინო სურმანიძე მასწავლებლებზე საუბრისას სევდიანი იხსენებს თავის ქართულის მასწავლებელს, მურმან ხომერიკს. „ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო ჩემი მიწიერი ღმერთი. რომ გარდაიცვალა, მერე მივხვდი, რომ სანამ ცოცხალი იყო, ყველაფერს ვაკეთებდი მისთვის. ვფიქრობდი, ასე რომ გავაკეთო, მურმანი რას მეტყვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რას იტყოდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო დირექტორად წასვლა. მე მივედი მურმანთან და ვკითხე, წავიდე დირექტორად თუ არა-მეთქი. ძალიან მეშინოდა, რომ არ ეფიქრა, აი, ნინო ისე გაფუჭდა, რომ ჩინოვნიკობა უნდა. მას რომ ეთქვა, არ წახვიდეო, მე არ წავიდოდი. მან პირიქით მითხრა, კარგია, იმიტომ, რომ რაღაცები იცვლება და შეიძლება ჩვენ შევქმნათ ჩვენი სკოლა. სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა“.

 

 

საკუთარ თავზე ცოტას საუბრობს. ყველა თემას ბავშვებამდე მივყავართ, მე მათ სიყვარულს ვასწავლიო, ამბობს. `სულ მინდა, რომ ატარონ სიყვარული. ამ ბავშვებს მინდა გავაყოლო სიყვარულის მარცვალი, რომ მერე თვითონ გადასცენ. თუ ბოროტებას აქვს ძალა გამრავლდეს, სიკეთეს როგორ შეიძლება ასჯერ მეტი ძალა არ ჰქონდეს. იშვიათად, რაღაცა არასასიამოვნო თუ გავიგე ჩემზე, ვიღაც არ მიცნობს და რაღაცას ისე იტყვის ხომ, მივდივარ და ლოცვას ვკითხულობ მოძულეთათვის. ღმერთო, იმას აპატიე, დაანახე ჩემი თავი, რომ რეალურად დამინახოს, როგორი ვარ მე. მე რომ ის შევიძულო, რა იქნება? არ მძულს არავინ. დედას ვფიცავარ, თუ მძულდეს.

 

 

გარეგნულად, ტანად დიდი ვარ, ყველა ქორწილში ქალების თამადად მასახელებენ, მაგრამ არასდროს სადღეგრძელოს არ ვამბობ, შინაგანად ვარ ბალერინა. სულ ვარ შველივით, მაცვია სიფრიფანა კაბა და სულ ვცეკვავ რაღაცას. კი ვიცი, სხვა ასე რომ ვერ მხედავს, მაგრამ შიგნით ასეთი ვარ.

 

 

არ ვთვლი, რომ წარუმატებელი მასწავლებელი ვარ, მაგრამ ისეც არაა, თითქოს ვარსკვლავებს ვწყვეტდე. მე საუკეთესო კი არ მინდა ვიყო, მე მინდა ვიყო კარგი მასწავლებელი. ეს არის ნორმალური. ეს არ არის პროფესია, რომელიც აი, სხვა საქმე არ მქონდა და მასწავლებელი გავხდი. იყო წლები, როდესაც ვიყავი დირექტორი. კი, მყავდა კლასი, მაგრამ აქტიურად ვერ ვმასწავლებლობდი და სულ ცრემლი მადგებოდა თვალზე. მგონი მასწავლებლობას რომ დავამთავრებ, ალბათ ამ წუთისოფლიდანაც წავალ. სულ მგონია, რომ დროზე დავამთავრებ, იმიტომ კი არა, რომ ადრე მინდა სიკვდილი, არა, მაგრამ რომ დამთავრდება ეს ჩემს ცხოვრებაში, რაღაცა ის ენერგეტიკული ველი შემომეცლება, რომელიც ძალას მაძლევს. ყოველთვის მაშინ ვხდები ავად, როდესაც არდადეგები მაქვს. სხვა დროს მე ავად არ ვხვდები.“  

 

მევიოლინე ჯულიარდის სკოლიდან


მარიამ მაჩაიძე
მარიამ მაჩაიძე



მარიამი ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტია, ჯულიარდში სწავლას მომავალ სასწავლო წელს ასრულებს, ჯერ არ იცის მაგისტრატურაში სწავლას რომელ ქვეყანაში გააგრძელებს, გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს, თუმცა ფიქრობს, რომ ევროპული განათლების მიღების დროა: „ამერიკასა და ევროპას განსხვავებული სტილი აქვს, მინდა ევროპულიც შევისწავლო, განსაკუთრებით გერმანია მომწონს.

მარიამ, როგორ აღმოჩნდით ჯულიარდის სასწავლებელში?

 საქართველოში მივიღე სამუსიკო განათლება, ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი 12 წლის მანძილზე. გადავწყვიტე, რომ შემდეგი ეტაპი სხვაგან უნდა გამევლო, ამიტომ შევიტანე საბუთები ჯულიარდის სკოლაში. დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი სასწავლებელს, ჯულიარდი იმიტომ ავარჩიე, რომ ბევრს გთავაზობს, კონცერტებს საინტერესო დარბაზებში საინტერესო ადამიანებთან ერთად. ძნელია ამ სკოლაში მოხვედრა, იმედი არ მქონდა, ამიტომ საბუთების გაგზავნის მიუხედავად, ეროვნულ გამოცდებს მაინც ვაბარებდი, სხვადასხვა უნივერსიტეტში მქონდა პროფესიები არჩეული. როცა მიმიღეს, გაკვირვებული ვიყავი, მაშინ ვირწმუნე, რომ კარგად გამომდიოდა ის, რასაც ვაკეთებდი.

როგორია სტუდენტობა ჯულიარდში?

  ნიუ იორკში არავინ არ მყავდა. ჯულიარდში ორი ქართველი სწავლობს, დათუნა ალადაშვილი და ბექა გოჩიაშვილი. საბედნიეროდ არ გამჭირვებია იქ დამკვიდრება, ბევრი მეგობარი შევიძინე, რომელთა წყალობითაც ჩამომიყალიბდა იქაური ოჯახი, ძალიან კარგად ვგრძნობ იქ თავს.

 დაკავებული ვარ, სტრესული, თუმცა საინტერესო სტუდენტობა მაქვს, ჯულიარდში თითქმის ყველა ეროვნების სტუდენტია, მათთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესოა. თან გავხდი დამოუკიდებელი, ყველაფერთან მარტო გამკლავება ვისწავლე.

ბათუმში შენი ჩამოსვლა რას უკავშირდება?

 ბათუმში ფესტივალ „მემკვიდრეობაზე~ ჩამოვედი. ნიუ იორკში ვიყავი, ინტერნეტით ვნახე ინფორმაცია, მომეწონა, შევავსე აპლიკაცია და მომიწვიეს. ჯულიარდში დასვენება გვაქვს, თუმცა მე ვერ ვისვენებ, კონცერტები მაქვს ბათუმსა და თბილისში, ზაფხულში ბრაზილიის ფესტივალზე მივდივარ, ივლისს იქ გავატარებ.

თუ გახსოვს შენი პირველი ნაბიჯები სცენაზე?

 როგორ არ მახსოვს, ჩანაწერიც არსებობს. პირველად სცენაზე რომ გავედი, ექვსი წლის ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი, დღემდე გამომყვა ეს ნერვიულობა, ყველაზე საშინელი მომენტია ის ათი წუთი, არაფრის აღარ გჯერა, სცენაზე გასვლისას პირველი ტაში დიდ ძალას გაძლევს, ოვაცია შენი შრომის ნაყოფია, ამაზე კარგი არაფერი არ არსებობს მუსიკოსისთვის. მახსოვს, პირველ კონცერტზე ბევრი ყვავილი მომიტანეს, სცენაზე აღარ ვჩანდი. პატარა, სასაცილო ნაწარმოები დავუკარი. სოლოკონცერტი კი მგონი 10 წლისას მქონდა მოსკოვში, საფრანგეთის საელჩომ მიმიწვია, ამ კონცერტზე გადმომცეს ვიოლინო საჩუქრად.

ბევრი კონკურსი გაქვს მოგებული..

 კი, კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობ, პირველ კონკურსზე 10 წლის გავედი და მოვიგე. მაშინ ვთქვი, რომ მე წაგების უფლება არ მქონდა, პირველი კონკურსი იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, ძალიან პატარა ვიყავი და თან დედა დამპირდა, თუ მოიგებ ძაღლს გიყიდიო, მართლაც მიყიდა, ძაღლის გამო მოვიგე კონკურსი. კონკურსებში მონაწილეობის შედეგად მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო, ბედნიერი ვარ ამის გამო, მოგება და წაგება კი აღარაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მაშინ ათი წლისას მეგონა, ახლა ჩვეულებრივად ვეგუები მოგებასაც და წაგებასაც.

რისი დაკვრა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად?

 ბახის, ჩემი საყვარელი კომპოზიტორია, თუმცა ხშირად ვასრულებ 21-ე საუკუნის ნაწარმოებებს. ყველაზე რთული რაც კი დამიკრავს, არის სწორედ თანამედროვე მუსიკა, ტექნიკურადაც რთულია. თანამედროვე მუსიკის უპირატესობა ის არის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტთან ერთად შეგიძლია დაუკრა, რის საშუალებასაც ძველი სტილი არ გაძლევს.

 წლების განმავლობაში მეცვლებოდა გემოვნება, ჩამოვყალიბდი ასე თუ ისე, მსიამოვნებს ინნდი როკისა და ფოლკ მუსიკის მოსმენა, რამდენიმე საყვარელი ჯგუფი მყავს, ვფიქრობ ამ კუთხითაც შეიძლება ვიოლინო გახდეს უფრო პოპულარული. რადგან კლასიკას ვასრულებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ კლასიკას ვუსმენ, ვუსმენ პოპსაც, როკსაც და ჯაზსაც, ყოველივე ამით რაღაც ახალი შეგიძლია შეიტანო შენს მუსიკაში.



“მუსიკა აუცილებელია გახდეს უფრო მრავალფეროვანი, ხანდახან მეც მეძინება ხოლმე კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა ზოგჯერ რამე არასტანდარტული დავუკრათ, ასე უფრო მოვა მსმენელი კონცერტზე.”

რას უკავშირდება შენი მომავალი გეგმები?

 სწავლას პირველ რიგში. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლაც საზღვარგარეთ მინდა, სადღაც რვა წელში კი საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავ, ჩემს საზღვარგარეთ სწავლას განათლების სამინისტრო და ჯულიარდის სასწავლებელი აფინანსებს, კონტრაქტში წერია, რომ მე აუცილებლად უნდა დავბრუნდე საქართველოში, ის რასაც ვისწავლი, უნდა განვავრცო აქ.

მუსიკის გარეშე როგორია შენი ცხოვრება?

 ჯულიარდში თუ ვინმე ხმაურობს, ეს ჩვენ სამნი ვართ საქართველოდან. მხიარული და ენერგიული ვარ, მეგობრები ყველა სფეროდან მყავს. ნიუ იორკში ვცხოვრობ მეგობართან ერთად, ჩემი ბინა შეკრების ადგილია. დედაჩემს ვურეკავ და ქართული კერძების მომზადებას მასწავლის, ჩემს უცხოელ მეგობრებს ძალიან მოსწონთ ქართული კერძები, რამდენიმემ ხაჭაპურის გამოცხობაც კი ისწავლა, მეუბნებიან, ძალიან გემრიელი გამოგვივიდაო. სინამდვილეში არ არის ძალიან გემრიელი, ჩემი მომზადებულიც არ არის მთლად კარგი, თუმცა ვერ ხვდებიან. “

სწავლა საზღვარგარეთ სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ

წელს, სექტემბერში, „ერასმუზ მენდუსის“ პროგრამით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი წავა უცხოეთში სასწავლებლად რამდენიმე თვით. მირანდა ცინცქილაძე ტურიზმს ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში, პოლონეთში ისწავლის; ქეთევან დევაძე სოციალურ მეცნიერების, ბიზნესისა და სამშენებლო ფაკულტეტზე ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში; ზურაბ მესხიძე ტორინოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიაში; გულად ფარტენაძე კი ჰელსინკში, აალტოს უნივერსიტეტში, ფინეთში ისწავლის.  „ერასმუს მუნდუსის“ პროგრამითვე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან დოქტორანტურის შემდგომი სწავლისათვის ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მიემგზავრება ანა თენიეშვილიც.

 

ლელა თურმანიძე, ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც აღნიშნული პროგრამების კოორდინატორია, ამბობს, რომ ბოლო სამი წლის აქტივობის შედეგად უნივერსიტეტი „ტემპუსის“ 11 პროგრამაშია ჩართული: „ტემპუსის პროგრამით ძირითადად პროფესურის გაცვლა ხდება, გამოცდილების გასაზიარებლად, „ერაზმუს მუნდუსის“ პროგრამა კი უშუალოდ სტუდენტთა გაცვლაზეა ორიენტირებული“.

 

პროგრამების კოორდინატორის თქმით, თანამშრომლობის შედეგად, პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორიცაა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეტი უპირატესობა ეძლევათ. 

 

„ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლით პროგრამას სამი სამიზნე ჯგუფი ჰყავს. პირველ ჯგუფში შედიან: სტუდენტები (ბაკალავრიატი, სამაგისტრო, დოქტორანტურა), პოსტ-დოქტურანტურის მკვლევარები და აკადემიური პერსონალი, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან პარტნიორ უნივერსიტეტებში; მეორე ჯგუფში შედიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საუნივერსიტეტო ხარისხი ან მისი ექვივალენტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მაგისტრი,  დოქტორანტი, პოსტ-დოქტორანტი). ეს გულისხმობს მობილობის შესაძლებლობას მათთვის, ვინც სახელმწიფო მმართველობის სფეროში, კერძო და საჯარო სექტორში მუშაობენ; მესამე ჯგუფში კი შედიან მაგისტრები, დოქტორანტები და პოსტ-დოქტორანტები, რომლებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, აქვთ ლტოლვილის სტატუსი ან სარგებლობენ თავშესაფრის უფლებით, ან თუ დადასტურდება, რომ ისინი უსაფუძვლოდ იქნენ გარიცხული უნივერსიტეტიდან რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ, პოლიტიკურ, გენდერულ ნიადაგზე.

 

„ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლითი პროგრამით ვახო ნაკაშიძე უკვე რვა თვეა გერმანიაში, George-August-ის უნივერსიტეტში სწავლობს. „ერასმუს მუნდუსის შესახებ უნივერსიტეტში გავიგე. გაცვლითი პროგრამების მიმართ გულგრილი ვიყავი, მეგონა, რომ ჩაწყობით ხდებოდა საზღვარგარეთ წასვლა, ისე ვცადე, ნამდვილად არ ველოდი, რომ მოვხვდებოდი პროექტში“, – ამბობს ვახო. იგი ორ თვეში უკან დაბრუნდება, მისი თქმით საზღვარგარეთ სწავლა ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებადაც საჭიროა: – „სწავლის ხარისხი რა თქმა უნდა მაღალია გერმანიაში, მაგრამ საჭირო განათლების მიღება ბსუ-შიც შესაძლებელია. საზღვარგარეთ წასვლით ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობ, უცხო ენას იუმჯობესებ. მე ორ ენაზე მიწევს სწავლა, გერმანულად და ინგლისურად“, – ამბობს ვახო.

 

ერთი თვის წინ დაბრუნდა გერმანიიდან თეა შავაძე. ქალაქ გიოტინგენში ის ექვსი თვე სწავლობდა, იგი სტიპენდიის სახით თვეში 1000 ევროს იღებდა და როგორც თეა ამბობს, ეს თანხა სრულიად საკმარისია გერმანიაში საცხოვრებლად: „დიდი გამოცდილება შევიძინე, მცირე დროში მივიღე ის განათლება, რომლის მიღებას აქ დიდი დრო სჭირდება. სწავლის დონე საქართველოსა და გერმანიას შორის განსხვავდება, იმიტომ, რომ გერმანიაში მეტი დაფინანსებაა განათლებისთვის, შესაბამისად ხარისხიც მაღალია“.

 

„ერაზმუს მენდუსის” პროგრამა ანაზღაურებს სტუდენტის მგზავრობის, დაზღვევისა და სტიპენდიის ხარჯებს.

 

სექტემბრიდან ბათუმის უნივერსიტეტში ახალი თურქული პროგრამა „მევლანა“ ამოქმედდება. ამ პროგრამაში პროექტში გამარჯვებული სტუდენტები თურქეთის წამყვან უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, პროგრამის მთავარი პირობა ინგლისური ენის ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრებაა. თითქმის იდენტური მოთხოვნებია სხვა პროგრამებზე მოსახვედრადაც:

 

„სააპლიკაციო ფორმების შევსება ძირითადად ონლაინრეჟიმში ხდება, თუმცა არის პროგრამები, რომლებიც ტესტირებას და გასაუბრებასაც ითვალისწინებს. გაცვლითი პროგრამების გარდა სახელშეკრულებო პროგრამებიც ფუნქციონირებს ჩვენთან, საზაფხულო სკოლები იხსნება. კიდევ არის სამთავრობო სტიპენდიები, რომლებიც გასვლას გულისხმობს: იაპონიაში, რუმინეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, თურქეთში და ა.შ. ტურიზმის ფაკულტეტს აქვს ნორვეგიის უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება, წელიწადში ხუთ სტუდენტს მაინც უშვებს სასწავლებლად“, – ამბობს ბსუ-ს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ მაჭუტაძე. 

 

გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებგვერდზე – bsu.edu.ge – ნახავთ. პროგრამები სექტემბერში განახლდება და მსურველებსაც მაშინ შეეძლებათ მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. 

ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ისლამს თურქიზმის იდეოლოგიაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ისლამიზმი თურქიზმის განუყოფელი ნაწილი გახდა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ისლამიზმი და პანთურქიზმი არის დღევანდელი თურქეთის მთავრობის პოლიტიკური პროგრამა.

 

როგორც ცნობილია 1920-1930 წლებში მუსტაფა ქემალისა და მისი მიმდევრების მიერ ხდებოდა ძალისმიერად დასავლური ორიენტაციის დანერგვა, მაშინ როცა თურქეთი მოყოლებული ოსმალეთის იმპერიიდან იყო ისლამური სახელმწიფო და მოსახლეობის ცხოვრების წესს განსაზღვრავდა „ხალხური ისლამი“, ანუ ის მისტიკური ტრადიციები, რომლებიც დღემდე შემონახულია ე.წ „ორდენებში“, ლეგალურ და არარელიგიურ ორგანიზაციებში, რომელთაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საერო სახელმწიფოდ მიიჩნევა, დაიწყო მისი სრული ისლამიზაციის პროცესი და იგი თურქეთის ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა. საბოლოო მიზანია თურქეთის ირანის მსგავს თეოკრატიულ სახელმწიფოდ გადაქცევა. ფუნდამენტალისტური ისლამის შემაკავებელ ძალად რჩებოდნენ სამხედრო წრეები, რომლებმაც რამდენიმეჯერ მოახდინეს სამხედრო გადატრიალება და არ დაუშვეს ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა.

 

ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში თურქეთში ათი პოლიტიკური კრიზისი განვითარდა, ამჟამად მე-11 კრიზისი მიმდინარეობს. ერდოღანის მთავრობამ პრევენციის სახით სამხედრო ელიტისაგან რაიმე გართულება რომ არ მიეღო, დააპატიმრა მაღალჩინოსანი გენერლები, თითქოს ისინი სამხედრო გადატრიალებას გეგმავდნენ. ასევე უშიშროების საბჭოში ხელოვნურად შეკვეცეს სამხედროების კვოტა. მიუხედავად ამ ზომებისა, კრიზისი გაღრმავდა და უნდა ითქვას თურქეთის მთავრობა კარგავს კონტროლს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად თურქეთში მოქმედებს სამი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური ძალა – მოდერნისტები, სამხედროების სახით, რომლებიც არიან ათათურქის პრინციპების ერთგული და სურთ თურქეთი იხილონ ევროპულ ქვეყნად; ისლამისტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის და საერთო მუსლიმანური თანამეგობრობის მომხრეები არიან და მესამე ძალა ფუნდამენტალისტების სახით, რომლებიც ისტორიულ წარსულში ხედავენ ახალ დანიშნულებას თურქულენოვანი ხალხისა. სწორედ ამ მესამე ძალას მიეკუთვნება დღევანდელი თურქეთის პრემიერ-მინისტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამა წლის მაისში რუსეთის ტელეარხზე ინტერვიუში თურქეთის საგარეო მინისტრი ასე აშკარად არ განაცხადებდა, რომ „ბენღაზა, სარაევო, ბათუმი იყო მათი გავლენის სფეროში და ისინი მათ დაიბრუნებენ ომის გარეშე და საზღვრებს სცემენ პატივს“.

 

ბჟეზინსკი თავის ნაშრომში მსოფლიო პოლიტიკას იხილავს დიდ საჭადრაკო დაფის სახით, ასევე ხატოვნად უნდა ითქვას, რომ ერდოღანმა და მისმა გუნდმა გააგრძელეს რა ყოფილი პრემიერ-მინისტრის „რეფაჰ“ პარტიის ყოფილი ლიდერის ნეჯმენთინ ერბაქანის კურსი ქვეყნის სრული ისლამიზაციისკენ, ჩათვალეს, რომ მათ შეუძლიათ მოირგონ „მსოფლიოს ისლამისტთა ლიდერის მანტია“ (ისრაელმა ბოდიში მოუხადა მათ. ამჟამად სირიის კონფლიქტში აქტიურები არიან, ერაყ-აშშ-ს ომში ისლამური პოზიცია დაიკავეს და ა.შ.), მაგრამ როგორც თურქეთში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, „მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე“ ერდოღანის ადგილი პაიკის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ.

 

ლიბიის, არაბეთის, სირიის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მსოფლიოში არის საკმაოდ სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც „მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე“ საკმაოდ დახვეწილი კომბინაციებით თამაშობს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ზემოთ მოყვანილი პაიკი და მისი მესვეურები შეეწირონ „არაბული გაზაფხულის“ მსგავს პოლიტიკურ კატაკლიზმებს.

 

ხელოვნების კვირეული შუახევში

„ფეისბუქში დაჟინებით ითხოვდით შუახევის ხელოვნების კვირეულით  დაინტერესებას, შედეგით კმაყოფილი ხართ?

დიახ, კმაყოფილი ვარ. ვფიქრობდი, რომ სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი და მისი დასრულების შემდეგაც კი ვიცი, რომ სასარგებლო საქმე გავაკეთე. იცით ამას რატომ ვამბობ? – ახალი თანამშრომელი ვარ შუახევის კულტურის სახლში, გასული წლის ნოემბერში დავინიშნე. ერთ დღესაც მოვისმინე ხალხისგან იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტში არანაირი კულტურულ-გასართობი ღონისძიებები არ იმართება და ახალგაზრდობა მხოლოდ „ჯეტეას“ თამაშით ერთობა. სინამდვილეში ყველას უნდა თავისუფალი დრო სასარგებლო გართობაში გამოიყენოს. ბევრი ვიფიქრე რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი დავგეგმე და გამგებელთან მივედი. ჩემი იდეის შესახებ გავუმხილე და დაფინანსება ვთხოვე. საუბარი ეხებოდა სამიათას ლარს, რომელიც კვირეულის ორგანიზებისთვის იყო საჭირო. ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი იყო და მასში ცვლილება ვეღარ ხერხდებოდა.

თუმცა გამგებელი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მითხრა ხვალ მომიტანე გაწერილი პროექტი, თუ ვის დაპატიჟებ, რას გააკეთებ და რა ხარჯებია ამისათვის საჭირო, შემდეგ კი მოდი, დავსხდეთ და გავიაროთო. ყველაფერი მომზადებული მქონდა. ავუხსენი, ამას რა სარგებელი შეიძლებოდა მოეტანა მუნიციპალიტეტისთვის.

 

როგორ დაიწყო და გაგრძელდა კვირეული, რა შესთავაზეთ ადგილობრივებს?

ღონისძიება ჯგუფმა „პლატინამ“ გახსნა. მათ შუახევის ვაჟთა ანსამბლი ჩაენაცვლა. ამის შემდეგ კი  ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა წარმოადგინა ძალიან კარგი სპექტაკლი. სხვათა შორის, მეშინოდა ამ სპექტაკლის გამო, რადგან როცა გადავწყვიტე ეს სპექტაკლიც ჩამერთო კვირეულში, ვფიქრობდი, შეიძლებოდა ის ვერ მიეღო მაყურებელს.  ეს მთისთვის მაინც ეგზოტიკური ხელოვნებაა, თუმცა იმდენად მოეწონათ, რომ მთელი დარბაზი ჩაერთო სპექტაკლის მსვლელობაში. თითქოს თავადაც გახდნენ გმირები.

 

მეორე დღეს დათო ტურაშვილი ჩამოვიდა, მან ახალი წიგნების პრეზენტაცია მოაწყო, ესაუბრა მკითხველს ლიტერატურაზე, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმიც. დათო აპირებს დაწეროს პიესა სელიმ ხიმშიაშვილზე, მე კი ამას დავდგამ.

მესამე დღე ქართული კინოს დღე იყო, შემდეგ ნანახი რეჟისორებთან ერთად განვიხილეთ. ისინი მაყურებელს ესაუბრნენ იმაზე, თუ როგორ გადაიღეს ეს ფილმები, რა პროცესები ახლავს თან გადაღებას, რა არის იდეა და ასე შემდეგ. ისეთ წვრილმანებს ჩაეკითხნენ მაყურებლები, რომ მეც კი გამიკვირდა.

 

როგორც ვიცი, ახალი ფილმებიც აჩვენეთ…

ერთ-ერთმა შუახეველმა გოგომ, რომელიც ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობს, ცოტა ხნის წინ სოფელ ბრილში მომხდარ ძველ ამბავზე გადაიღო ფილმი, იქ მოხდა ასეთი ამბავი: ადრე, ომის პერიოდში, ოჯახიდან ქმარი წავიდა ჯარში, ცოტა ხანში კი სოფელში მივიდა ამბავი მისი დაღუპვის შესახებ, გადაწყვიტეს ქალი მაზლისთვის მიეთხოვებინათ, ქალმა კი თავი მოიკლა. ცოტა ხნის შემდეგ ქმარი სახლში დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ არ იყო გარდაცვლილი. ძალიან კარგი ფილმია და თუ მას კარგი დაფინანსება ექნება, შესაძლოა სრულმეტრაჟიანი კარგი მხატვრული ფილმი გამოცხვეს ამ იდეისგან. ეს ძველი ამბავია, მაგრამ რატომღაც გვინდა, რომ ასეთ თემებზე არ ვისაუბროთ,  ჩვენი უბედურებაც ის არის, რომ ჩვენ ჩვენზე არ ვსაუბრობთ და სხვებს განვიხილავთ. რატომ? – ჩვენ ბევრი ტკივილი გვაქვს გადატანილი.

 

როცა მსგავს ღონისძიებებზე მიდგება საუბარი მუნიციპალიტეტებში, ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი თანხასთანაა დაკავშირებული, თანაც ეს არავის აინტერესებს. როგორ მოახერხე, რომ კვირეულში ჩართე სოფელი?

ჰონორარი არავის მიუღია. კვირეულში მონაწილე ყველა შემოქმედი ჩემი მეგობარია. თუ გულით მოინდომებ, ყველაფერი გამოდის. ამ შემთხვევაში გამგებელმაც მოინდომა, მან ღონისძიება სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა. ადრე მე ვთხოვე, ახლა თვითონ მეუბნებიან არ გაჩერდეო.

ქედაში მინერალურ წყალს ჩამოასხამენ


ქედაში ორი წლის წინ გახსნილი ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი ახლა უკაცრიელია. ფრენბურთის მოედანი, ინვენტარის არარსებობის გამო, უფუნქციოდაა დარჩენილი, კორტები კი მწყობრიდან გამოვიდა. 

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბურჯი ინ-ვესტი“ ქედაში მინერალური წყლის ჩამოსხმას გეგმავს, რომლის სახელწოდება „კემისი“ იქნება. მინერალური წყლის ჩამოსასხმე-ლი საწარმო ქედაში, სოფელ ბალაძეებში იქნება. ამ ეტაპზე მშე-ნებლობა დასრულებულია, და წყლის ჩამოსასხმელი დანადგარე-ბის შემოტანა და მონტაჟი მიმდინარეობს. საწარმოს დირექტო-რის ლევან ძნელაძის განცხადებით მინერალური წყალი „კემი-სის“ ჩამოსხმას სარეალიზაციოდ ერთ თვეში დაიწყებენ. მეწარ-მეები წყლის გატანას ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგა-რეთ გეგმავენ:

 

„სავარაუდოდ, ერთ თვეში გავიტანთ მინერალურ წყალს ბაზარ-ზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი, საჭირო დანადგარების ნაწილი ადგილზე მოიპოვება, ნაწილიც საზღვარ-გარეთიდან შემოგვაქვს“, – ამბობს საწარმოს დირექტორი.

 

მეწარმეების განცხადებით საწარმო 20-25 ადამიანს დაასაქმებს და დღის განმავლობაში 10 000 ლიტრ წყლის ჩამოსხმას უზრუნ-ველყოფს. ლევან ძნელაძის თქმით ერთი ლიტრი მინერალური წყლის საბითუმო ღირებულება, სავარაუდოდ, 60 თეთრით, 0,5 ლიტრისა კი – 45 თეთრით განისაზღვრება. წყლის ჩამოსხმა პო-ლიეთილენის ბოთლში არის დაგეგმილი.

 

„ამ წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, გამოიყენება ღვიძლის, ჰეპატიტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ქედის მოსახლეობა აღნიშ-ნულ წყალს სამკურნალოდ დიდი ხანია იყენებდა. რაც შეეხება წყლის ჩამოსხმას, პირდაპირ ჩამოვასხამთ, ამისთვის რეზერვუარებს არ დავაყენებთ. ჩავატარეთ კვლევა, არსე-ბობს ლაბორატორიული დასკვნები, რომლის შესაბამისადაც მივიღეთ ლიცენზია, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე

მეტყველებს“, – ამბობს ლევან ძნელაძე.

 

საწარმო ქაზიმ ბალაძეს, ლევან ძნელაძესა და ანზორ მალაყმაძეს ეკუთვნით.

ჩოგბურთის კორტები და ფრენბურთის მოედანი უფუნქციოდ

ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე გასული წლის სექტემბერში შეიქმნა. სპორტის ამ სახეობას 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლება, თუმცა წვრთნები აქ თებერვლის მერე აღარ ჩატარებულა, რადგან კორტის საფარი მწყობრიდან გამოვიდა. მწვრთნელიც და ახალგაზრდა სპორტსმენებიც საფარის აღდგენას რამდენიმე თვეა ელოდებიან.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ ფირმას წერილობითი მოთხოვნა საფარის აღდგენასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გაუგზავნა. სამსახურის უფროსი გია გათენაძე ამბობს, რომ ფირმას საგარანტიო ვალდებულება ხუთი წლით აქვს აღებული.

 

ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობის დამკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 84 667 ლარია, ტენდერი საკრებულომ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ  შპს „გულები ო.დ“-თან მშენებლობის წარმოებაზე ხელშეკრულება 84 667 ლარზე გაფორმდა. კომპანიის დირექტორი ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ კორტების საფარის დაზიანება სიცივეში ჩატარებულმა სამშენებლო პროცესებმა განაპირობა და დასძენს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ობიექტი დროულად ჩააბარა, სიცივესა და ყინვაში შესრულებულმა სამუშაოებმა კი დროთა განმავლობაში საფარის დაზიანება გამოიწვია.

 

„ობიექტი სატენდერო პირობების მიხედვით ჩავაბარე, თუმცა გამგეობას დროის გახანგრძლივება ვთხოვე, რადგან ყინვა დაიწყო და გვინდოდა ხარვეზები აგვერიდებინა თავიდან, რაზეც უარი მივიღე. სიცივე ახალდასხმულ ფენას მოერია და ძირი მოიშალა. ექსპერტი მოვიყვანე, სპეციალისტმა მითხრა, საფარი ზაფხულში უნდა გაკეთებულიყოო, მე კი დოკუმენტაციას მივყევი და ამიტომ მოხდა ასე. პირველი შემთხვევაა, როცა ყინვამ ძალიან დამაზარალა“, – ამბობს ოთარ დიასამიძე.

 

ოთარ დიასამიძე ამბობს, რომ მან ობიექტი 2011 წლის ბოლოს ჩააბარა, მაგრამ როგორც კი დათბა, მოედნის ზედაპირი ამოცვივდა. გასულ ზაფხულს კომპანიამ მოედანი გადაღება, თუმცა ამან ხარვეზები ვერ გაასწორა.  „ახლა ისევ გადასაღებია, სანამ გადავღებავთ, მანამდე მოყინული საფარია ამოსატეხი. სამუშაოების დაწყებას მომავალი კვირიდან დავიწყებთ. რაც შეეხება ფრენბურთის მოედანს, პროექტის მიხედვით რაც მევალებოდა, გავაკეთე. მხოლოდ ბადეა გასაბმელი, ეს კი ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩვენ არ გვევალებოდა ინვენტარის შეძენა“, – აცხადებს ოთარ დიასამიძე.

 

მწვრთნელის მიშა ვაზაგაშვილის თქმით, ჩოგბურთის მოედნის საფარი რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, საჭიროა კორტების გადახურვა:

 

„ჩოგბურთის ჯგუფი სექტემბერში გოგონებით დაკომპლექტდა. თავდაპირველად ჩოგბურთის შესწავლის მსურველი გაცილებით მეტი იყო. ამ ეტაპზე წვრთნები არ ტარდება, კორტები არ არის გამართული და სად უნდა ჩავატარო? საფარი მწყობრიდანაა გამოსული, თავის დროზე, როცა გაიხსნა ჩოგბურთის მოედანი, კარგ მდგომარეობაში იყო, დროთა განმავლობაში გამოვლინდა ხარვეზები.  აუცილებელია მოედნის გადახურვა, საფარი რომ არ დაზიანდეს. როგორც ვიცი, ზაფხულში უნდა გამართონ საფარი და სწავლებასაც სექტემბრიდან დავიწყებთ. ჩვენი მოსწავლეები II-III-IV კლასის მოსწავლეები არიან, სექტემბრისთვის დაგეგმილი გვაქვს ვაჟთა ჯგუფის გახსნაც“, – ამბობს მიხეილ ვაზაგაშვილი.

 

კორტებისგან განსხვავებით ქვიშის ფრენბურთის მოედნით დღემდე არავის უსარგებლია. აქ არც ბადეა გაბმული და არც ჯგუფი ჩამოყალიბებულა. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მამუკა დიასამიძე აცხადებს,  რომ თავის დროზე არ იყო გადაწყვეტილი რა ტიპის მოედანი უნდა მოწყობილიყო და რადგან თანხა არასაკმარისი იყო და სამუშაოები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, ვერც ინვენტარი გაითვალისწინეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყო, ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ აღმოჩნდა.

 

„ფრენბურთის მოედნის ინვენტარის შეძენისთვის 4-5 ათასი ლარია საჭირო, ეს თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გავითვალისწინეთ. კორექტირების ზეპირი მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნა ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატების გადასაწყვეტია“, – ამბობს მამუკა დიასამიძე.

 

კითხვას, რატომ დარჩა უფუნქციოდ ფრენბურთის მოედანი და რატომ ვერ აღჭურვეს დღემდე 2011 წელს ჩაბარებული ობიექტი ინვენტარით, ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი პასუხობს: „ეს არის გასართობი მოედანი, ინვენტარი ადგილზე გვაქვს“, იგი აქვე იმასაც დასძენს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს.

 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გია გათენაძის თქმით, სამომავლოდ ობიექტს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე აღარ ჩაიბარებენ: „გამგებელმა მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა ხელშეკრულებაში ჩაიდოს, ობიექტები აღარ ჩაბარდება ისე, თუ არ ექნება მას ექსპერტიზის დასკვნა. მართალია, 100%-იანი გარანტია ვერ იქნება, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად შეამცირებს ხარვეზების შემდეგ გამოვლენას“, – ამბობს გია გათენაძე.

მაჟორიტარის ბიუროში

 

18 ივნისს, ოთხშაბათს, 10:50 საათზე, პარლამენტარ როსტომ ხალვაშის ბიურო დაკეტილია. ხელვაჩაურის გამგეობის მეორე სართულზე, სადაც მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის ბიუროა განთავსებული, თითქმის ყველა საჯარო მოხელე, რომელსაც ბიუროს თანამშრომლების ადგილზე არ ყოფნის მიზეზს ვეკითხები, მპასუხობს: „სადღაც აქ იყვნენ და ალბათ მალე მოვლენ“. 

„მალე მოვლენ“ თორმეტ საათამდე გაგრძელდა. ზუსტად 11:49 საათზე ბიუროს უფროსთან, საიდ შანთაძესთან, მობილურ ტელეფონზე დაკავშირებას ვცდილობ. ის ტელეფონს არ პასუხობს. ბიუროს ხელმძღვანელმა ტელეფონს შემდეგ მცდელობაზე უპასუხა. ვუხსნი, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი ვარ და მაჟორიტარის ბიუროს წევრებთან გასაუბრება მინდა. ამის შემდეგ კი ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა.

 

მე ახლა საზღვაო აკადემიაში ვარ და ჯერ ვერ დავბრუნდები. საქმეზე ვარ.

თანამშრომელი ხომ გყავთ, იქნებ მას გავესაუბრო…

საქმეზე გავუშვი თხილნარში.

ანუ დღეს ვერ შევძლებ ბიუროს თანამშრომლებს გავესაუბრო?

ასე ნახევარ საათში ან ორმოც წუთში მოვალ, დამელოდეთ.

40 წუთში ნამდვილად მოხვალთ? უკვე ერთ საათზე მეტია გელოდებით და…

გითხარი 40 წუთში მოვალ-მეთქი და მეტი რა გიქნა ახლა.

დაგელოდებით.

 

შეთანხმებულ დროს ცოტათი გადავაცილე და ბიუროს ოთახის კარი ამ საუბრიდან 55 წუთში, 13:08 საათზე მოვსინჯე. ისევ დაკეტილი დამხვდა. „ნახევარ საათზე ადრე დავბრუნდი და რომ არ დამხვდით, პერერივზე გავედი“, – ასეთი იყო ბიუროს უფროსის პასუხი, რომელსაც ისევ მობილური ტელეფონით დავუკავშირდი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ საუბრიდან ნახევარ საათში უკვე თვითონ დამირეკა, „სამსახურში ვარ და მოდი“, საიდ შანთაძესთან შეხვედრა ვეღარ შევძელი. ის სამსახურში არც მეორე დღეს, დილის საათებში არ იმყოფებოდა. ბიუროს სპეციალისტმა ხათუნა ხალვაშმა კი, რომელიც ადგილზე დამხვდა, განმიმარტა, რომ უფროსი დღეს სოფელ მახოში ბიუროში შესული განცხადების განსახილველად წავიდა: „არის როცა მოქალაქე მოდის, ამბავი მოაქვს, მაგრამ მას ვერ დაეყრდნობი, ადგილზე მოკვლევა აუცილებელია“.

 

ამ დრომდე როსტომ ხალვაშის ბიუროში ოფიციალურად 12 განცხადებაა დარეგისტრირებული. ბოლო სამ განცხადებაში მოსახლეობა მაჟორიტარს ბათუმის საკრებულოსთან შუამდგომლობას და მისი დახმარებით ბოლო დროს ქალაქის განტვირთვის მიზნით სოფლის სამარშრუტო ტაქსების შემოვლითი გზით გადაადგილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს. ხათუნა ხალვაში ამბობს, რომ უფრო მეტი მოქალაქე სოციალური დახმარების დანიშვნის თხოვნით მიდის: „ძირითადად ისეთები მოდიან, რომლებსაც დახმარება ჰქონდათ და მოუხსნეს, ან ახლა უნდათ მიიღონ“.

 

ზურაბ პატარაია
ზურაბ პატარაია

 

ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროში შესვლამდე „ელექტრონული ბარიკადი“ უნდა გაიარო, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის შესასვლელში, ვიდრე პოლიციელი საჭირო ბარათის გამოყენებით ელექტრონულ კარს გაგიღებს, ის აუცილებლად გკითხავს, თუ ვისთან მიდიხარ. ამის შემდეგ კი შეეცდება გაარკვიოს, არის თუ არა ოთახში ის, ვისაც ამომრჩევლის ამბის მაჟორიტარამდე მიტანა ევალება. ბათუმის მაჟორიტარის ბიურო მერიის პირველ სართულზეა  განთავსებული.

 

მურმან დუმბაძის ბიუროს ზურაბ პატარაია ხელმძღვანელობს. მას ამომრჩეველსა და მაჟორიტარს შორის მედიატორის ფუნქციის შესრულებაში სპეციალისტები – ნათია ბახტაძე და ქრისტინა რუხაძე ეხმარებიან. ქრისტინა ბათუმის მაჟორიტართან უმაღლეს საბჭოში კაკო ძნელაძესთან შეხვედრის და მასთან გასაუბრების მსურველებს მასპინძლობს.

 

მურმან დუმბაძის ბიურომ მუშაობა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. ნათია ბახტაძის ინფორმაციით, დღემდე ბიუროში 3143 მოქალაქეს უმასპინძლეს. ბიუროში შემოსული განცხადებების სარეგისტრაციო ჟურნალში კი ოთხასზე მეტი განცხადებაა დარეგისტრირებული. ბიუროს ხელმძღვანელის ზურაბ პატარაიას (ამჟამად ბათუმის ვიცე-მერი ავტ.) თქმით, მოქალაქეების უმეტესობის მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. სარეგისტრაციო ჟურნალში დარეგისტრირებული განცხადებების მიხედვით კი, მურმან დუმბაძეს უმეტესწილად დასაქმების თხოვნით მიმართავენ.

 

„დასაქმების თხოვნითაც მომართავენ და მოდიან ისინიც, ვინც უკვე მიმართა ყველა საჭირო ინსტანციას, მაგრამ აქაც შემოაქვთ განცხადება. მოდიან საკუთრების უფლების აღდგენის თხოვნითაც. ცხადია, პარლამენტარი რეზოლუციას ვერ დაადებს ამ წერილებს, ხალხს არასწორად აქვს გაგებული პარლამენტარის ფუნქცია, მაგრამ მას შეუძლია, უბრალოდ, უშუამდგომლოს. ზოგიერთ წერილს ჩვენ საჭირო ინსტანციაში ვამისამართებთ, ზოგიერთი მოქალაქე კი ზეპირი კონსულტაციებით კმაყოფილდება. არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინცადამაინც მაჟორიტართან უნდათ შეხვედრა. ვინიშნავთ მათთან საკონტაქტო ინფორმაციას და როცა მაჟორიტარი ჩამოდის, ვეხმიანებით“.

 

წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარების ბიუროებს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან აფინანსებდნენ, ახლა კი ისინი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ბიუროს ხელმძღვანელის ხელფასი, დარიცხვის გარეშე, 1100 ლარია, სპეციალისტის ხელფასი  – 900 ლარი, ამას ემატება საწვავისა და მანქანით მომსახურების ხარჯებიც.

„გლეხები ვართ და არა შტერები“


დღეს ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დარბაზში მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროპროეტების გარემოზე ზემოქმედების რისკებზე იმსჯელეს. შეხვედრამ ხმაურით ჩაიარა.


იმ ადამიანების კითხვებზე, რომლებსაც მდინარეზე დაგეგმილი პროექტი უშუალოდ შეეხება, ჰესების მშენებელი კომპანიის, „აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენელს სოფიო ვარშალომიძეს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელს ვახტანგ წულაძესა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტარნეტივას“ წარმომადგენელს, დავით ჭიპაშვილს უნდა ეპასუხათ. კითხვები საზოგადეობას, ძირითადად, კომპანიის წარმომადგენელთან ჰქონდა.

 

„თქვენ ჩემი ეზო გინდათ და სახლი არა, – ეს რას ნიშნავს? – როგორ უნდა ვიცხოვრო მე იმ სახლში?“; „ამ ყველაფრის შემდეგ მეწყერი არ გააქტიურდება და ჩვენაც ეკომიგრანტებად არ ვიქცევით? რა იქნება მერე?“;  „ამ ყველაფრის შემდეგ, კლიმატი რომ შეიცვლება, პომიდორი და მწვანილი მოვა სოფელში?“ –  ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი სოფლებიდან დამსწრე მოქალაქეებს ჰქონდათ.

 

შეხვედრას ხელვაჩაურის მაჟორიტარი თემურ კახიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, დატბორვის არეალის შესახებ ინფრმაციას ენერგეტიკის სამინისტროსგან ითხოვდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. სამინისტრომ მისი წერილი კომპანიაში გადაამისამართა და  ამ კომპანიისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.  სოფიო ვარშალიძემ მას უპასუხა, რომ არ იცის, რატომ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პასუხი, რადგან კომპანიას პასუხები აქვს.

 

„… როცა დეპუტატი პასუხებს ვერ ვიღებ, საზოგადოებას რა პასუხი გავცე არ ვიცი“, – განცხადა თემურ კახიძემ შეხვედრაზე.

 

შეხვედრის დასაწყისში „აჭარ ენერჯი 2007“-ის წარმომადგენელმა, სოფიო ვარშალომიძემ მოწვეულ სტუმრებს პროექტის ტექნიკური დახასიათება წარუდგინა და მშენებლობის მასშტაბებსა და უსაფრთხოებაზე ესაუბრა. ამან დამსწრეთა უკმაყოფილება გამოიწვია. „ჩვენ ამ ილუსტრაციებით ვერაფერს ვიგებთ, გვირჩევნია კითხვებს უპასუხოთ“, – იყო მოთხოვნა დარბაზიდან.

 

შეხვედრის მოდერატორს, ზურა ცერცვაძეს ბევრჯერ მოუწია იმის ახსნა, რომ შეხვედრის ფორმატი ჯერ მოსმენასა და შემდეგ კითხვების დასმას ითვალისწინებდა. სიტუაციის გამწვავების შემდეგ კი მან განმარტა, რომ ვისაც შეხვედრის ფორმატი არ მოსწონდა, შეეძლო დასწრებაზე უარი ეთქვა.

 

შეხვედრის დასასრულს მოსახლეობამ კომპანიის წარმომადგენელს უთხრა, რომ უკვე დამტკიცებული პროექტის სიმაღლის მომატებასა და კიდევ ერთი კაშხლის დამატებას, რომლის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს კომპანია ამუშავებს, კატეგორიულად ეწინაღმდეგებიან. 

დეპუტატი საკრებულოს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებს


ქედის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის დეპუტატის, ელგუჯა ნაკაშიძის განცხადებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომის ოქმებს აყალბებს. ამის თაობაზე დეპუტატმა 24 ივნისს საკრებულოს ხდომის დაწყებამდე განაცხადა და თქვა, რომ 2012 წლის 3 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის ოქმი გაყალბებულია.

 

„3 ოქტომბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე  ვაჟა ბოლქვაძის კანდიდატურას იხილავდა. აღნიშნულ სხდომაზე მე, როგორც ფრაქცია „ქედას“ თავმჯდომარემ, მოვითხოვე საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მიმაჩნია, რომ საკონკურსო შერჩევის გარეშე გამგებლის დანიშვნა უკანონობაა. როცა საკითხის მოხსნაზე უარი მივიღე, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში გამგებლის თანამდებობაზე წარვადგინე ალტერნატიული კანდიდატი, საკრებულოს წევრი ასლან შაქარაძე. ჩემი მოთხოვნა არ  დაკმაყოფილდა, რაზეც პროტესტის ნიშნად მე და ასლან შაქარაძემ სხდომა დავტოვეთ. ჩემი პოზიცია სხდომამ ოქმში არ შეიტანა, უფრო მეტიც, ჩაწერეს, რომ სხდომას არ ვესწრებოდი. ვერ ვიტყვი, რომ გაპარული შეცდომაა, საქმე გვაქვს დოკუმენტის არასწორად შედგენასთან. სხვა ოქმების გადამოწმებასაც ვაპირებ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ის პრინციპული საკითხები, რაზეც მწვავე განცხადებები მაქვს გაკეთებული, შესაძლოა არ იყოს ასახული ოქმებში“, – აცხადებს ელგუჯა ნაკაშიძე.

 

„ელგუჯა ნაკაშიძეს არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი, რეგისტრაციაგაუვლელი დეპუტატის განცხადების ოქმში შეტანა კი სწორი არ იქნებოდა. ოქმს აქვს გასაჩივრების ვადა, ეს ვადა კი გასულია“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე.

 

აღრიცხვის ჟურნალში 3 ოქტომბერს ელგუჯა ნაკაშიძის გარდა დეპუტატების – დავით ტაკიძის, ჯამბულ ბერიძის, ასლან შაქარაძისა და როსტომ ბერიძის ხელმოწერებიც არ არის. ოქმის მიხედვით კი სხდომას მხოლოდ როსტომ ბერიძე და ელგუჯა ნაკაშიძე არ ესწრებოდნენ.

 

3 ოქტომბერს საკრებულომ ქედის გამგებლად ვაჟა ბოლქვაძე დანიშნა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ „საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებიმისმიერ დროს გაეცნოს საკრებულოს სხდომის ოქმს და ოქმის გაცნობიდან სამი დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ჩათვლის, რომ შენიშვნები საფუძვლიანია, მაშინ მას შესაბამისი ბრძანებით შეაქვს ცვლილებები სხდომის ოქმში, ხოლო თუ შენიშვნებს არ იზიარებს, მაშინ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.

 

იურისტის განმარტებით იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ოქმში შეტანილია ყალბი ინფორმაცია, მაშინ სახეზე გვექნება სამსახურებრივი სიყალბე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით არის დასჯად ქმედება, მაგრამ უნდა დადგინდეს არასწორი ინფორმაციის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში რითი არის განპირობებული, ეს არის  ტექნიკური ხასიათის შეცდომა (ხარვეზი), თუ აღნიშნული ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.

 

გიორგი ხიმშიაშვილი: „თუ გამოძიების ეტაპზე დადგინდება, რომ ტექნიკურმა შეცდომამ (ან გაუფრთხილებლობამ) განაპირობა სხდომის ოქმში არასწორი ინფორმაციის შეტანა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე (შენიშვნა, გაფრთხილება და ა.შ), ხოლო თუ გამოირკვევა, რომ შეცდომა ემსახურებოდა სხვა მიზანს, მაშინ სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც უნდა დადგეს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი“.  

სახელფასო პოლიტიკის დეტალები

„ბაგა-ბაღების გაერთიანება“, „კულტურის ცენტრი“, „სახელოვნებო სკოლა“, „სასპორტო სკოლა“, „წყალკანალი“ – ეს იმ აიპ-ების (არასამეწარმეო, არაკომერციული

იურიდიული პირი) ჩამონათვალია, რომლებიც ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ქედაში კიდევ ერთი აიპ-ი, ქედის ისტორიული მუზეუმი და ორი შპს – „წყალკანალი“ და საფეხბურთო კლუბი „ბეთლემი“ ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს საფეხბურთო კლუბს  შუახევშიც  და  „ხულოთაგოს ბაგირგზას“ ხულოს მუნიციპალიტეტში.

 

სტატუსის მიუხედავად განსხვავებული ხელფასები აქვთ არა მარტო აიპებში დასაქმებულ რიგით თანამშრომლებს, არამედ დირექტორებსა და ბუღალტრებსაც კი.

მაღალმთიანეთში ყველაზე დაბალი ხელფასი შუახევის საფეხბურთო კლუბ „შუახევის“ ფეხბურთელებს აქვთ. ფეხბურთელის ანაზღაურება 180 ლარია, დაქვითვის გარეშე. „ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა ხელფასებს დაემატებაო და ჩვენც იმედიანად ვართ“, – გვითხრა საფეხბურთო კლუბის დირექტორმა ავთანდილ ნაკაშიძემ.

 

მწირ ანაზღაურებაზე საუბრობენ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ თანამშრომლებიც. აქ დასაქმებული 11 თანამშრომლიდან ცხრას ხელფასი 200 ლარია. როგორც დირექტორი ამბობს, ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, თუმცა ამაოდ.

 

„საშიშ ობიექტებში მოიაზრება ბაგირგზა, სადაც ჩემი თანამშრომლები 200 ლარზე მუშაობენ. არც პრემიაა გამოყოფილი, მხოლოდ გასულ წელს მივიღეთ მეცამეტე ხელფასი. შვებულებაში რომ გავუშვა თანამშრომელი, მის ნაცვლად სხვა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უნდა ვამუშაო“, – ამბობს ორგანიზაციის დირექტორი რევაზ ბოლქვაძე.

 

ანალოგიური პრობლემა აქვთ ხულოს „წყალკანალში“ დასაქმებულ თაამშრომლებს. რიგი თანამშრომლების ხელფასი აქაც 200 ლარია.

200 ლარი აქვთ ხელფასი ქედის კულტურის ცენტრის ანსამბლის წევრებსაც. ქედისგან განსხვავებით 20 ლარით ნაკლებ ხელფასს იღებენ შუახევის ანსამბლის წევრები და კლუბის გამგეები.

 

სამივე მუნიციპალიტეტის აიპ-ების ხელმძღვანელებთან შედარებით ყველაზე დაბალი ხელფასი ქედის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს აქვთ, მუზეუმის დირექტორის ხელფასი 400 ლარია. მუზეუმში 13 ადამიანი მუშაობს, მათი ხელფასი 230 ლარია. „ერთ რაიონში მოქმედი ყველა აიპ-ის თანამშრომლის ხელფასი თანაბარი უნდა იყოს, ჩემი თანამშრომლების ხელფასი 230 ლარია. სახელფასო ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ქედის საკრებულოს  წერილობითი მოთხოვნა გავუგზავნე, წერილობითი პასუხი არ მიმიღია. საკრებულოში სიტყვიერად მეუბნებიან, რომ ამისთვის ფინანსთა მინისტრის თანხმობაა საჭირო, მინისტრი კი თანხმობას არ გვაძლევსო.

ვცდილობთ შევხვდეთ მინისტრს, ჩვენ ხელფასების გაზრდას ვითხოვთ, ისე რომ გაუთანაბრდეს სხვა ორგანიზაციების ხელფასებს“, – ამბობს მუზეუმის დირექტორი ვაჟა ფარტენაძე.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ შარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საკრებულო მუშაობს: „ვმუშაობთ, რომ საფინანსო ფონდი წლის ბოლომდე დავაბალანსოთ და ავსახოთ მომავალი წლის ბიუჯეტში. მუნიციპალიტეტის გამგეობაში წამყვანი სპეციალისტის ხელფასი  620 ლარია, აიპ-ების ხელმძღვანელებს კი გაცილებით დაბალი ხელფასები აქვთ. მიზანშეწონილად მიმაჩნია აიპ-ის ხელმძღვანელების ხელფასი გაუტოლდეს განყოფილების ხელმძღვანელების ხელფასს, აიპ-ში დასაქმებულებისა კი – გამგეობის  სპეციალისტების ანაზღაურებას“.

 

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სახელფასო ფონდის ბიუჯეტი სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილია და ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა შეუძლებელია: „რა საშუალებაც გვაქვს ბიუჯეტში, ამის მიხედვით ვანაწილებთ თანხას. გვექნება შესაძლებლობა – ხელფასები მოიმატებს, ამ ეტაპზე კი ხელფასების ზრდა შეუძლებელია. რაც შეეხება პრემიებს, არამარტო შუახევის აიპ-ებში, არც ერთ

მუნიციპალიტეტის აიპ-ებს არ აქვთ პრემია“, – აცხადებს იური ქათამაძე.

 

აიპ-ების სახელფასო ფონდში არ არის გათვალისწინებული პრემიები, რიგი თანამშრომლები მხოლოდ მე-13 ხელფასს იღებენ, ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ ხულოს თეატრი, რომლის სახელფასო ფონდში არც პრემიაა გათვალისწინებული და არც მე-13 ხელფასი. „თეატრის მსახიობი გაცილებით დაბალ ხელფასს იღებს, ვიდრე რომელიმე საჯარო სამსახურის დამლაგებელი. ჩემი ანაზღაურება 380 ლარია, მსახიობების ხელფასი კი – 350 ლარი. 

ბათუმის თეატრის მსახიობებს სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ, გურამ ოდიშარიასთან დავაყენეთ ეს საკითხი, თუმცა მანამდე არაერთხელ მივმართეთ წერილობით კულტურის სამინისტროს, უმაღლესი საბჭოს შესაბამის კომიტეტს, მაგრამ ამაოდ“, – ამბობს ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი როინ სურმანიძე.

 

სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიანეთის აიპ-ებსა და იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ხელმძღვანელებს შორის, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ყველაზე მაღალი ხელფასი შპს ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორს ბაქარ ბარამიძეს აქვს (900 ლარი), მინიმალური კი  – ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორს ვაჟა ფარტენაძეს (400 ლარი).

 

ხელმძღვანელების შემდეგ მაღალანაზღაურებადი მოხელეები ბუღალტრები არიან, ამ მხრივ ხულოს კულტურის ცენტრის ბუღალტერი ლიდერობს, რომლის ხელფასიც 620 ლარია, მინიმალური ხელფასი კი „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ ბუღალტერს აქვს – 200 ლარი.

 

კითხვაზე, რატომ განსხვავდება ერთი და იმავე სტატუსის მქონე თანამშრომლების ხელფასი, ადგილობრივ თვითმმართველობებში პასუხი არ აქვთ. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აიპ-ებში ხელფასების ზრდა  2014 წლისთვის აქვთ დაგეგმილი. ნოდარ თავართქილაძე: „2014 წლის ბიუჯეტში გვინდა შესაძლებლობის ფარგლებში ხელფასის მატება“.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

„ბიძია თომას ქოხი“, ოტია იოსელიანის მოთხრობები და გოდერძი ჩოხელის მო-თხრობები, სულ 12 მოთხრობა მაქვს წასაკითხი, თუმცა „ცასწავალა“ და „წერილი ნაძვებს“ წავიკითხე უკვე“, – 11 წლის ანანო დიასამიძე ზაფხულში წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს იხსენებს.

ანანო მეექვსე კლასშია. მასწავლებელმა მას, ისევე როგორც მის კლასელებს, სკოლის დამთავრების შემდეგ ზაფხულზე წასაკითხი წიგნების სია მისცა. ჩამონათვალში ძირითადად მოთხრობებია. ანანოს თქმით, ის დავალების შესრულებას პირნათლად აპირებს, თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ მოთხრობები არ უყვარს და „დიდი  წიგნების“ კითხვა ურჩევნია.

„ჩემი საყვარელი პერსონაჟი ტომ სოიერია, იმიტომ, რომ ცელქია, მეც ცელქი ვარ. პირველი წიგნი, რომელიც ჩემით ავარჩიე „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ იყო,  სათაურმა დამაინტერესა. წყალი მიყვარს ძალიან, ვიფიქრე  ლამაზი იქნება-მეთქი და დავიწყე კითხვა, ძალიან კარგი წიგნია. მასწავლებელი რასაც მავალებს – ვკითხულობ, მაგრამ ჩემითაც ვარჩევ ხოლმე წიგნებს“, – ამბობს ანანო.

10 წლის თამარს სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა მოსწონს, მისი თანატოლებისაგან განსხვავებით ამბობს, რომ წიგნებს ძირითადად თვითონ ირჩევს.

„მე თვითონ ვირჩევ წიგნებს. ყველაზე მეტად  ჟიულ ვერნის წიგნები მიყვარს. ახლა „ადამიანი ამფიბიას“ ვკითხულობ, მერე უნდა წავიკითხო „80 დღე დედამიწის გარშემო“, კიდევ „რობინ ჰუდი“. ყოველდღიურად სამ საათზე მეტს ვკითხულობ. ხანდახან თუ კარგი წიგნია, ჩქარა ვკითხულობ ხოლმე და მერე გული მწყდება, რომ

მალე დამთავრდა“, – ამბობს თამარი.

წიგნებს თავად ირჩევს მეექვსეკლასელი ნია კალანდაძეც.

„ჩემი საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია. ყველაზე მეტად მისი „ბიულერბიუელი ბავშვები“ მიყვარს. ზოგადად ბევრს არ ვკითხულობ, გადამკვდარი არ ვარ.  წიგნებს მე თვითონ ვირჩევ, სათაურის მიხედვით რომელიც დამაინტერესებს იმას ვკითხულობ. სკოლიდან ამ ზაფხულს წასაკითხი წიგნების სია არ მოუციათ, გვითხრეს თვითონ შეარჩიეთ რაც გსურთო.  ჯერ არ შემირჩევია, ალბათ ხვალ ან ზეგ წავალ მაღაზიაში და ვიყიდი,“ – ამბობს  ნია კალანდაძე.

როგორ შევურჩიოთ და მივაწოდოთ ბავშვს ლიტერატურა? მთარგმნელი ია ბერსენაძე ამბობს, რომ ბავშვმა თვითონ უნდა შეარჩიოს ლიტერატურა. „მე, მაგალითად, ასე ვაკეთებ.  მე და ჩემი შვილი ერთად მივდივართ წიგნის მაღაზიაში და ვეუბნები, რომ დღეს ნებისმიერი წიგნი, რომელსაც შენ მოისურვებ, შეგვიძლია ვიყიდოთ. ეს ერთგვარი რიტუალიც არის ბავშვისთვის, იმიტომ, რომ თვითონ არის გამგებელი თავისი შემდგომი ცხოვრების გარკვეული ნაწილის. თავს გრძნობს უფრო დიდად და კითხვა არ არის თავსმოხვეული.

შეიძლება ჩვენ გვინდა, რომ წაიკითხოს დიუმა და მე როცა ვიყავი მისი ასაკის, დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შვილების თაობას სხვა ინტერესები აქვს. თაობები იცვლება, იცვლება გემოვნება. ჩემი მოსაზრებით მშობლის მთავარი ფუნქციაა, რომ შვილი გააშინაუროს კითხვასთან, გაუცხოება წიგნთან რომ მოიხსნას. ბავშვი თვითონ უნდა წავიდეს, თვითონ შეარჩიოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ, რომ შვილო, ეს სისულელეა და მოდი სხვა  წაიკითხე“, – ამბობს ია ბერსენაძე.

რა როლი აქვს მშობელს ბავშვისთვის კითხვის  შეყვარებაში?  ნათია მაკარაძე ანანოს დედაა. ის ამბობს, რომ უჭირს შვილს სათანადო ლიტერატურა შეურჩიოს, თუმცა მისთვის კითხვის შეყვარების საინტერესო გზა მოძებნა.

„ვერ ვსაზღვრავ ესა თუ ის  წიგნი მის ასაკს შეესაბამება თუ არა. სულ ვყიდულობ წიგნებს, მე თვითონაც ვკითხულობ. როცა ანანო ხედავს ამას, თვითონაც  ინტერესდება და  მთხოვს მოვუყვე. მეკითხება, რატომ ტიროდი რომ კითხულობდი, რა იყო საინტერესოო. ერთგვარი ხერხია იმისთვის, რომ დავაინტერესო და კიდევ უფრო შევაყვარო კითხვა“, – ამბობს ნათია.

მთარგმნელი ია ბერსენაძეც ხაზს უსვამს, რომ მშობლის როლი ბავშვის კითხვით დაინტერესებაში დიდია. ია დანიელ პენაკის „რომანივით საკითხავის“ მთარგმნელია. „პენაკის „რომანივით საკითხავი“ არის კარგი სახელმძღვანელო მშობლისთვის. იქ არის კონკრეტული რჩევები იმისთვის, როგორ შეიძლება, რომ ბავშვმა იკითხოს და თან ოჯახში იყოს მშვიდობა, კითხვა  არ გახდეს ჩხუბის თემა. ხშირად ბავშვები ნერვიულობენ დედის ნერვიულობის გამო და კითხულობენ იმიტომ, რომ დედა არ ანერვიულონ. ეს დიქტატორული მეთოდები არ არის სწორი. პენაკი ასე ამბობს:  „კითხვა არის სიყვარულივით, როგორც არ შეიძლება ძალით შეგიყვარდეს ადამიანი, ისე არ შეიძლება ძალით იკითხო. ან გიყვარს, ან არ გიყვარს, ან კითხულობ, ან არ კითხულობ“, – ამბობს ია ბერსენაძე.

ნია კალანდაძე
ნია კალანდაძე

იმ რეალობაში, როცა ბავშვს უამრავი გასართობი აქვს,  როგორ შეიძლება კითხვა ვუქციოთ სასიამოვნო პროცესად და არ იყოს ეს ვალდებულება? ია ბერსენაძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „ჩემი შვილი კომპიუტერთან ზის, ეს რეგლამენტირებულია მის ცხოვრებაში, ბურთსაც თამაშობს, მეცადინეობს, მაგრამ საღამოს, როდესაც მოდის სახლში დაღლილი, ჩაწვება ლოგინში, აიღებს წიგნს და იწყებს კითხვას. ეს მინიმუმ ერთი საათს გრძელდება. ხანდახან ხდება ისე, რომ არ უნდა კითხვა. ჩვენც ხომ ასე ვართ. ერთ-ორი დღე ველოდები, შემდეგ ვეუბნები, მოდი, გინდა ერთად წავიკითხოთ? არ არსებობს, რომ გითხრას – არა. იმიტომ, რომ მეც კი მიყვარს, როცა მიკითხავენ და დავიწყებთ კითხვას. აი, წავუკითხავ ერთი საღამო, ორი საღამო, მესამე საღამოს აუცილებლად რაღაცნაირად ვეხმარები წიგნთან დაახლოების პროცესში. ბოლო-ბოლო თუ არ წაიკითხავს, ერთი-ორი კვირა, არც ეგ არის ტრაგედია. მთავარია, რომ არ შევაძულოთ პროცესი, ძალა არ ვიხმაროთ.

როცა  უკითხავ, ამ დროს დედის  სითბოს გრძნობს,  სიახლოვეს.  ეს გარემო უქმნის მას კომფორტს.  ამ ბედნიერების განცდაში ჩაწერილია წიგნი, როგორც განუყოფელი ატრიბუტი. ამიტომ, როცა მას უნდება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს სითბო და სიახლოვე, ის  თავისდაუნებურად კიდებს წიგნს ხელს და იწყებს კითხვას.

ორჰან ფამუქი ამბობს, ჩვენ ძალიან ბევრი წიგნი წაგვიკითხავს, უბრალოდ თვალებით. და არის წიგნი, რომელიც წაგვიკითხავს მთელი გულით და სულით. წაკითხული წიგნების რაოდენობას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია თვალებით არ წაიკითხო, ჯობია ერთი წაიკითხო და იმ მომენტში ის შენთვის აქტუალური იყოს, შენს სულს, გულს შეეხოს, გაიგო, რაღაც დასკვნები გამოიტანო, ვიდრე ადგე და ძალით, თავსმოხვეულად, თვალებით წაიკითხო ათასობით გვერდი. გამომდინარე იქიდან, რომ კითხვა არის დემოკრატიული პროცესი, არ უნდა ვაქციოთ ეს ავტორიტარულ, მათრახის პროცესად“.

ვაკანსია საჯარო სამსახურში

კონკურსს აჭარაში ყველა საჯარო სამსახური აცხადებს. ამ სამსახურების უმრავლესობაში გადაწყვეტილი აქვთ, კონკურსის გამოცხადებამდე თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარონ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მაშინ ამ თანამდებობაზეც კონკურსი გამოცხადდება.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთია მათ შორის, სადაც ტესტირება უკვე ჩატარდა. ახლა აქ კონკურსის გამოცხადებისთვის ემზადებიან. ამ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის  ნაზი მგელაძის ინფორმაციით, მათ უწყებაში კონკურსი 7 პოზიციაზე გამოცხადდება: „ვაკანსიაა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ოთხი ვაკანსია გვაქვს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ერთი – შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში“.

 

ნაზი მგელაძე ამბობს, რომ მათთან შექმნილია საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელსაც მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ხელმძღვანელობს. კომისიაში ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც. ასევე შედგენილია საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რისი ცოდნაც კონკურსანტებისთვის აუცილებელია. ნაზი მგელაძის თქმით, საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს, მატსნე.გოვ.გე-ზე უკვე გამოქვეყნებულია.

 

ჯანდაცვის სამინისტროში დასრულდა ტესტირება (საჯარო მოხელეების-თვის ტესტირების გავლა კანონით სამ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა). ნაზი მგელაძის თქმით, ტესტირება მათთან 44-მა თანამშრომელმა გაიარა: „აქედან სამმა ვერ მიიღო შესაბამისი ქულები, ამიტომ ისინი მოვალეობის შემსრულებლად არიან დანიშნულები და მათ პოზიციებზეც გამოცხადდება კონკურსი, ერთი ადამიანი დაქვეითდა განყოფილების უფროსის პოზიციიდან მთავარ სპეციალისტად“.

 

კონკურსი ჯანდაცვის სამინისტროში აგვისტოს მეორე ან სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება. აჭარის განათლების მინისტრის, გია თავამაიშვილის  ინფორმაციით, მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში კონკურსი, სავარაუდოდ, 5-6 თა-ნამდებობაზე გამოცხადდება. მინისტრის ინფორმაციით, კონკურსი შეეხება კულტურის დეპარტამენტს, ასევე მთავარ სპეციალისტს განათლების დეპარტამენტში, პრესსამსახურს, სადაც თეა ვადაჭკორია მუშაობს, ასევე კონკურსი შეეხება ალეკო მჟავანაძეს, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროდან გადმოვიდა ახლაშექმ-ნილ აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტში.

 

განათლების სამინისტროში საკონკურსო კომისიას მინისტრის მოადგილე  სულიკო თებიძე  ხელმძღვანელობს. მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის,  ლადო მგალობლიშვილის თქმით, კონკურსი ივლისის ბოლოსთვის გამოცხადდება.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის,  გელა ცინცაძის  ინფორმაციით, მათ სამინისტროში ვაკანსია 3-4 თანამდებობაზე აქვთ, თუმცა კონკურსამდე სამინისტროს თანამშრომლებისთვის ატესტაციას ატარებს, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული გაიზარდოს საკონკურსო პოზიციების

რაოდენობა. სამინისტრო ატესტაციაკონკურსის ჩატარებას, როგორც წერითი, ისე გასაუბრების ფორმით გეგმავს. ატესტაცია ჩატარდება აგვისტოს პირველ ნახევარში, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება.

 

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  ჯამბულ კურცხალიძის ინფორმაციით, კონკურსის ჩატარება საკანონმდებლო ორგანოშიც იგეგმება. მისი თქმით, კონკურსი შეეხება განყოფილების უფროსებს, მთავარსა და წამყვან სპეციალისტებს – სულ 16 ადამიანს. უმაღლესი საბჭო საკვალიფიკაციო მოთხოვნას დასამტკიცებლად რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაიტანს.

 

აჭარის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, როლანდ შარაშიძის ინფორმაციით, მთავრობის აპარატში კონკურსი 10 პოზიციაზე გამოცხადდება. მანამდე კი ატესტაცია ჩატარდება. კონკურსისა თუ ატესტაციის ჩატარების თარიღები არჩილ ხაბაძემ უნდა გამოაცხადოს.

 

როლანდ შარაშიძის  თქმით, მათ უწყებაში „საკვალიფიკაციო საკითხები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ მონახაზი არსებობს – სამართლებრივი აქტების ცოდნა დეპარტამენტების მიხედვით, კონსტიტუციისა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცოდნა, რომელიც ყველა კონკურსანტს მოეთხოვება. მთავრობის აპარატის ნორმატიული აქტები, დებულება, დეპარტამენტების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, ასევე უცხო ენა გარკვეულ დეპარტამენტებში, შეიძლება გარკვეულ პოზიციებზე გამოცდილების ვადაც ჩაიწეროს“.

 

როლანდ შარაშიძის თქმით, საზოგადოებაში კონკურსის შედეგების მიმართ ნდობა რომ გაჩნდეს, 5-7-წევრიან საკონკურსო კომისიაში ორი ადგილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეთმობა.

 

კონკურსები ტარდება მუნიციპალიტეტებშიც. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტში კონკურსი 15 პოზიციაზე გამოცხადდება. გამგებლის, გურამ ხოზრევანიძის  ინფორმაციით, ამ დღეებში მათთან დასრულდა თანამშრომლების ატესტაცია, რომელიც 109 ადამიანს შეეხო. მათგან დაკავებულ თანამდებობას ნაწილობრივ 22 პირი შეესაბამება. გურამ ხოზრევანიძე ამბობს, რომ აპირებს გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს პირები, ხოლო სამი თვის შემდეგ განმეორებითი კონკურსი გამოაცხადოს.

 

კონკურსის ჩატარების დიდი სურვილი, როგორც თავად ამბობს, „ამაყად და არხეინად“ შუახევის გამგებელსაც ჰქონდა. თუმცა  თამაზ დავითაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით კონკურსის ჩატარების სამზადისი აჭარის მთავრობის აპარატიდან შეაჩერებინეს. „რაც შეეხება კომისარიატს, რომელშიც ბოდიში მომიხდია, უქნარები, დეზერტირები, კიბეებზე რომ ვერ ადიან, ის ხალხია დასაქმებული… მე შევძლებ ყველა-ფერს, რომ კონკურსის გარეშე მაგენი მაინც გავათავისუფლო“.

 

კონკურსი გასულ პარასკევს ჩაატარა ქედის მუნიციპალიტეტმა. გამგებლის  ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, 11 თანამდებობაზე 70 ადამიანმა შეიტანა განცხადება.

 

დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაამტკიცებს ბათუმის საკრებულო, კონკურსი ჩატარდება ბათუმის მერიაშიც. მერიის ადმინისტრაციის უფროსის ნუკრი დეკანაძის თქმით, ვაკანსია მერიაში 20-30 პოზიციის დასაკავებლად გამოცხადდება.

 

საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, პირველი ივლისიდან სამი თვის ვადაში საჯარო სამსახურები ვალდებულნი არიან თანამშრომლები კონკურსის წესით დანიშნონ.

 

ბათუმში რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით ვახშამი იმართება

 

„მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით ვმართავთ ვახშამს.  თურქეთიდან სტუმრები გვეყოლება,  თურქეთის  ერთ-ერთი რეგიონის დეპუტატი და ინეგოლის მერი. ასევე ვახშამზე იქნება ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლებადანაც შესაძლებელია მოვიდნენ,“ – განუცხადა „ბათუმელებს“„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ.

 

მისივე თქმით ვახშამზე მოწვეული იქნებიან საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

 

„ჩვენ მოწვეული გვყავს და ვახშამს დაესწრება  სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების  წარმომადგენლები, რომლებსაც გადაეცემათ სამახსოვრო, სიმბოლური პლაკატი. მე მაცნობეს რომ ვახშამს ესწრება სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები თბილისიდან და ბათუმიდან, ესწრება ბაპტისტური ეკლესია, 50-იანებლები და სახარების ეკლესია.  რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაწვევი მივიტანეთ და  მოვიწვიეთ. სავარაუდოდ უნდა დაგვესწრონ წარმომადგენლები,“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

 

რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს, ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცები ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მათ ეს მარხვა უნდა შეასრულონ.

 

მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. სწორედ, ამ ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე მიპატიჟება.

 

წელს რამადანი დაიწყო 9 ივლისს და  8 აგვისტოს რელიგიური დღესასწაულის ბაირამის აღნიშვნით დასრულდება.

 

 ტარიელ ნაკაიძის თქმით წელს ვახშამი 1000 კაცზე აქვთ გათვლილი, მაგრამ შესაძლოა რაოდენობა გაიზარდოს. ვახშამი საღამოს ცხრის ნახევარზე დაიწყება და ათ საათზე დასრულდება. მსგავსი ვახშამი გასულ წელსაც გაიმართა, მას 1200-მდე ადამიანი დაესწრო.

 

ცვლილებები ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში

სულხან ბაბუაძე
სულხან ბაბუაძე

სულხან ბაბუაძე: ცვლილებები ფედერაციაში აუცილებელიც იყო და დროულიც. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი მიმართულებით არ ხდებოდა სპორტის ამ სახეობის განვითარება, ვინაიდან, ერთპიროვნული მმართველობა იყო და ფაქტობრივად, ერთი კლუბი და მისი ხელმძღვანელობა განაგებდა ფედერაციას. სამართლიანად გამოითქვა პროტესტი რეგიონალური ფედერაციების მხრიდან. თავადაც, როგორც ყოფილი სპორტსმენი, ვხედავდი, რომ აუცილებელი იყო ცვლილებები, პირველ რიგში ტაეკვონდოს განვითარებისთვის. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ასევე რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით, ეს ცვლილებებიც განხორციელდა და როგორც ნდობით აღჭურვილ პირს, ფედერაციის თავკაცობა მე მომანდეს.

 

 

რა შეიცვლება თქვენი მოსვლის შემდეგ?

 

 

– სანამ ცვლილებებზე ვიტყოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ანუ ყოფილი ხელმძღვანელობის დროს, სპორტის ეს სახეობა გაცილებით დაბალ დონეზე დავიდა, ვიდრე ეს მათ მოსვლამდე იყო. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, პირველ რიგში იმის ბრალია, რომ მხოლოდ საკუთარი კლუბის განვითარებაზე ფიქრობდნენ. სპორტსმენი, რომელიც არ იყო მათი კლუბის წევრი, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებში ვერ ხვდებოდა და ვერც საერთაშორისო ტურნირებზე გადიოდა, ამის არაერთი მაგალითი ვიცით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რეგიონალური ფედერაციების და არა მარტო მათი უკმაყოფილება და პროტესტი სამართლიანი იყო. ჩემს გვერდით შემოვიკრიბე ადამიანები, რომლებსაც მართლა უყვართ ეს სპორტი, ერთი გუნდი ვართ და საქმესაც ერთად გავაკეთებთ.

 

 

ხშირად ვესწრებოდი ტურნირებს და სპორტსმენთა მომზადების დონის გამო, მათ მწვრთნელებს აკრიტიკებდნენ, თუმცა, არავინ ფიქრობდა მათ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე

 

 

– მესმის რისი კითხვაც გინდათ. მართალი ხართ, მასეც იყო. თუმცა, პირველი, რაც მიზნად დავისახე, ეს არის სწორედ მწვრთნელთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და არა მარტო მათთვის, არამედ მსაჯებისთვისაც ვაპირებთ ანალოგიურის გაკეთებას. მე ვაპირებ საერთაშორისო დონეზე გავიყვანო ჩვენი სპორტსმენები და ეს ლიტონი სიტყვები არაა. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ საერთაშორისო დონის უცხოელი სპეციალისტის მოწვევას, რომელიც ქართველი მწვრთნელებისთვისაც და მსაჯებისთვისაც სემინარებს ჩაატარებს. მოვიწვევთ ყველა რეგიონის მწვრთნელს, ჩემი მოთხოვნა იყო, ასევე, რომ ყველა რეგიონს ორ-ორი კაცი წარმოედგინა მსაჯის კანდიდატურად, ასე რომ, დარწმუნებული იყავით, თუკი ადრე რომელიმე სპორტსმენი მსაჯთა არაობიექტურობის გამო იჩაგრებოდა, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. დაიმსახურებს სპორტსმენი? მოიგებს? _ მოხვდება ნაკრებში! აქვე გეტყვით, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დავნიშნე ავთო მიქაძე, რომელიც ასევე ტექნიკური დირექტორია. წელიწადში რამდენიმეჯერ, ის ეწვევა ყველა რეგიონს, სადაც თავად ჩაატარებს ანალოგიურ სემინარებს. ვფიქრობ, სწორი მიმართულება გვაქვს აღებული.

 

 

იყო გარკვეული პრობლემები ინვენტართან დაკავშირებით. ელექტროპროტექტორები და ელექტროსისტემა რეგიონებისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამის გამო მათ უჭირდათ სათანადოდ მომზადებულიყვნენ შეჯიბრებებისთვის

 

 

– წლევანდელი ბიუჯეტი უკვე გაწერილია. მომავალი წლის იანვრიდან, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბიუჯეტი გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეგიონები ელექტროსისტემებითა და პროტექტორებით მოვამარაგოთ.

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ორჯერ იყო უცხოელი სპეციალისტი მოწვეული, ერთხელ კორეადან, ერთიც ირანიდან, თუმცა, ვერცერთმა ვერ გაამართლა

 

 

– სამწუხარო ის იყო, რომ ორივე მწვრთნელის მოწვევისას, არ გაითვალისწინეს და არც იკითხეს მათი წარსული, სად უმუშავიათ, რა შედეგები ჰქონდათ და ასე შემდეგ. უბრალოდ, ადგნენ და ჩამოიყვანეს, შედეგი? – ნოლი. უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას ჩვენც ვაპირებთ. ამ ეტაპზე ორ კანდიდატურას განვიხილავთ, ერთი აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობს, მეორე ირანის ნაკრებში. საკმაო ინფორმაციას ვფლობთ მათ შესახებ და ვიცით რომ წარმატებული მწვრთნელები არიან. უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვისზე შევაჩერებთ არჩევანს. ერთ-ერთი მათგანი გვპირდება, რომ ორწლიანი სამოქმედო გეგმა აქვს, რის შემდეგაც გარანტიას გვაძლევს, რომ საქართველო სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებს.

 

 

რეალურ შედეგს როდისთვის ელოდებით?

 

 

– მინიმუმ ერთი წელი გვინდა, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარვსდგეთ. აქვე გეტყვით, რომ სემინარების დასრულების შემდეგ, ვაპირებთ ათდღიანი საწვრთნელი შეკრების გავლას, რომელშიც კადეტთა და იუნიორთა ნაკრების კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. იქ შევარჩევთ ნაკრების ბირთვს. მაგრამ, ეს არ მოხდება ისე, როგორც ადრე იყო, ანუ ერთპიროვნულად არ მივიღებ გადაწყვეტილებას. შეიქმნება მწვრთნელთა საბჭო, სადაც ყველა რეგიონის წარმომადგენელი მწვრთნელი შევა და ერთობლივად გადავწყვეტთ ყველაფერს. ერთ რამესაც გაგანდობთ, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ აზერბაიჯანისა და ვლადიკავკაზის კადეტთა და იუნიორთა ნაკრების ხელმძღვანელობასთან, რათა ერთობლივი შეკრება გავიაროთ. აზერბაიჯანს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რაც შეეხება ვლადიკავკაზის ნაკრებს, სწორედ მათი სპორტსმენებითაა ძირითადად რუსეთის ნაკრები დაკომპლექტებული. ასეთი ერთობლივი შეკრებები ხშირი იქნება, რაც პირველ რიგში, ჩვენი სპორტსმენების დონის ამაღლებას და სპორტის ამ სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

უახლოესი ტურნირი როდის გაქვთ?

 

 

– აგვისტოსა და სექტემბერში ჩვენი კადეტები და იუნიორები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი სურვილია, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში ოთხ-ოთხი სპორტსმენი გავგზავნოთ, თუმცა, ყველაფერ საწვრთნელი შეკრების დროს გაირკვევა.

Exit mobile version