კონკურსს აჭარაში ყველა საჯარო სამსახური აცხადებს. ამ სამსახურების უმრავლესობაში გადაწყვეტილი აქვთ, კონკურსის გამოცხადებამდე თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარონ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მაშინ ამ თანამდებობაზეც კონკურსი გამოცხადდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთია მათ შორის, სადაც ტესტირება უკვე ჩატარდა. ახლა აქ კონკურსის გამოცხადებისთვის ემზადებიან. ამ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ნაზი მგელაძის ინფორმაციით, მათ უწყებაში კონკურსი 7 პოზიციაზე გამოცხადდება: „ვაკანსიაა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ოთხი ვაკანსია გვაქვს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ერთი – შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში“.
ნაზი მგელაძე ამბობს, რომ მათთან შექმნილია საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელსაც მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ხელმძღვანელობს. კომისიაში ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც. ასევე შედგენილია საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რისი ცოდნაც კონკურსანტებისთვის აუცილებელია. ნაზი მგელაძის თქმით, საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს, მატსნე.გოვ.გე-ზე უკვე გამოქვეყნებულია.
ჯანდაცვის სამინისტროში დასრულდა ტესტირება (საჯარო მოხელეების-თვის ტესტირების გავლა კანონით სამ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა). ნაზი მგელაძის თქმით, ტესტირება მათთან 44-მა თანამშრომელმა გაიარა: „აქედან სამმა ვერ მიიღო შესაბამისი ქულები, ამიტომ ისინი მოვალეობის შემსრულებლად არიან დანიშნულები და მათ პოზიციებზეც გამოცხადდება კონკურსი, ერთი ადამიანი დაქვეითდა განყოფილების უფროსის პოზიციიდან მთავარ სპეციალისტად“.
კონკურსი ჯანდაცვის სამინისტროში აგვისტოს მეორე ან სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება. აჭარის განათლების მინისტრის, გია თავამაიშვილის ინფორმაციით, მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში კონკურსი, სავარაუდოდ, 5-6 თა-ნამდებობაზე გამოცხადდება. მინისტრის ინფორმაციით, კონკურსი შეეხება კულტურის დეპარტამენტს, ასევე მთავარ სპეციალისტს განათლების დეპარტამენტში, პრესსამსახურს, სადაც თეა ვადაჭკორია მუშაობს, ასევე კონკურსი შეეხება ალეკო მჟავანაძეს, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროდან გადმოვიდა ახლაშექმ-ნილ აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტში.
განათლების სამინისტროში საკონკურსო კომისიას მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ხელმძღვანელობს. მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის თქმით, კონკურსი ივლისის ბოლოსთვის გამოცხადდება.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გელა ცინცაძის ინფორმაციით, მათ სამინისტროში ვაკანსია 3-4 თანამდებობაზე აქვთ, თუმცა კონკურსამდე სამინისტროს თანამშრომლებისთვის ატესტაციას ატარებს, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული გაიზარდოს საკონკურსო პოზიციების
რაოდენობა. სამინისტრო ატესტაციაკონკურსის ჩატარებას, როგორც წერითი, ისე გასაუბრების ფორმით გეგმავს. ატესტაცია ჩატარდება აგვისტოს პირველ ნახევარში, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება.
უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯამბულ კურცხალიძის ინფორმაციით, კონკურსის ჩატარება საკანონმდებლო ორგანოშიც იგეგმება. მისი თქმით, კონკურსი შეეხება განყოფილების უფროსებს, მთავარსა და წამყვან სპეციალისტებს – სულ 16 ადამიანს. უმაღლესი საბჭო საკვალიფიკაციო მოთხოვნას დასამტკიცებლად რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაიტანს.
აჭარის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, როლანდ შარაშიძის ინფორმაციით, მთავრობის აპარატში კონკურსი 10 პოზიციაზე გამოცხადდება. მანამდე კი ატესტაცია ჩატარდება. კონკურსისა თუ ატესტაციის ჩატარების თარიღები არჩილ ხაბაძემ უნდა გამოაცხადოს.
როლანდ შარაშიძის თქმით, მათ უწყებაში „საკვალიფიკაციო საკითხები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ მონახაზი არსებობს – სამართლებრივი აქტების ცოდნა დეპარტამენტების მიხედვით, კონსტიტუციისა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცოდნა, რომელიც ყველა კონკურსანტს მოეთხოვება. მთავრობის აპარატის ნორმატიული აქტები, დებულება, დეპარტამენტების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, ასევე უცხო ენა გარკვეულ დეპარტამენტებში, შეიძლება გარკვეულ პოზიციებზე გამოცდილების ვადაც ჩაიწეროს“.
როლანდ შარაშიძის თქმით, საზოგადოებაში კონკურსის შედეგების მიმართ ნდობა რომ გაჩნდეს, 5-7-წევრიან საკონკურსო კომისიაში ორი ადგილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეთმობა.
კონკურსები ტარდება მუნიციპალიტეტებშიც. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტში კონკურსი 15 პოზიციაზე გამოცხადდება. გამგებლის, გურამ ხოზრევანიძის ინფორმაციით, ამ დღეებში მათთან დასრულდა თანამშრომლების ატესტაცია, რომელიც 109 ადამიანს შეეხო. მათგან დაკავებულ თანამდებობას ნაწილობრივ 22 პირი შეესაბამება. გურამ ხოზრევანიძე ამბობს, რომ აპირებს გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს პირები, ხოლო სამი თვის შემდეგ განმეორებითი კონკურსი გამოაცხადოს.
კონკურსის ჩატარების დიდი სურვილი, როგორც თავად ამბობს, „ამაყად და არხეინად“ შუახევის გამგებელსაც ჰქონდა. თუმცა თამაზ დავითაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით კონკურსის ჩატარების სამზადისი აჭარის მთავრობის აპარატიდან შეაჩერებინეს. „რაც შეეხება კომისარიატს, რომელშიც ბოდიში მომიხდია, უქნარები, დეზერტირები, კიბეებზე რომ ვერ ადიან, ის ხალხია დასაქმებული… მე შევძლებ ყველა-ფერს, რომ კონკურსის გარეშე მაგენი მაინც გავათავისუფლო“.
კონკურსი გასულ პარასკევს ჩაატარა ქედის მუნიციპალიტეტმა. გამგებლის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, 11 თანამდებობაზე 70 ადამიანმა შეიტანა განცხადება.
დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაამტკიცებს ბათუმის საკრებულო, კონკურსი ჩატარდება ბათუმის მერიაშიც. მერიის ადმინისტრაციის უფროსის ნუკრი დეკანაძის თქმით, ვაკანსია მერიაში 20-30 პოზიციის დასაკავებლად გამოცხადდება.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, პირველი ივლისიდან სამი თვის ვადაში საჯარო სამსახურები ვალდებულნი არიან თანამშრომლები კონკურსის წესით დანიშნონ.