კვირის ამბები

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

09.07.2013 • 4724
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

„ბიძია თომას ქოხი“, ოტია იოსელიანის მოთხრობები და გოდერძი ჩოხელის მო-თხრობები, სულ 12 მოთხრობა მაქვს წასაკითხი, თუმცა „ცასწავალა“ და „წერილი ნაძვებს“ წავიკითხე უკვე“, – 11 წლის ანანო დიასამიძე ზაფხულში წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს იხსენებს.

ანანო მეექვსე კლასშია. მასწავლებელმა მას, ისევე როგორც მის კლასელებს, სკოლის დამთავრების შემდეგ ზაფხულზე წასაკითხი წიგნების სია მისცა. ჩამონათვალში ძირითადად მოთხრობებია. ანანოს თქმით, ის დავალების შესრულებას პირნათლად აპირებს, თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ მოთხრობები არ უყვარს და „დიდი  წიგნების“ კითხვა ურჩევნია.

„ჩემი საყვარელი პერსონაჟი ტომ სოიერია, იმიტომ, რომ ცელქია, მეც ცელქი ვარ. პირველი წიგნი, რომელიც ჩემით ავარჩიე „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ იყო,  სათაურმა დამაინტერესა. წყალი მიყვარს ძალიან, ვიფიქრე  ლამაზი იქნება-მეთქი და დავიწყე კითხვა, ძალიან კარგი წიგნია. მასწავლებელი რასაც მავალებს – ვკითხულობ, მაგრამ ჩემითაც ვარჩევ ხოლმე წიგნებს“, – ამბობს ანანო.

10 წლის თამარს სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურა მოსწონს, მისი თანატოლებისაგან განსხვავებით ამბობს, რომ წიგნებს ძირითადად თვითონ ირჩევს.

„მე თვითონ ვირჩევ წიგნებს. ყველაზე მეტად  ჟიულ ვერნის წიგნები მიყვარს. ახლა „ადამიანი ამფიბიას“ ვკითხულობ, მერე უნდა წავიკითხო „80 დღე დედამიწის გარშემო“, კიდევ „რობინ ჰუდი“. ყოველდღიურად სამ საათზე მეტს ვკითხულობ. ხანდახან თუ კარგი წიგნია, ჩქარა ვკითხულობ ხოლმე და მერე გული მწყდება, რომ

მალე დამთავრდა“, – ამბობს თამარი.

წიგნებს თავად ირჩევს მეექვსეკლასელი ნია კალანდაძეც.

„ჩემი საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია. ყველაზე მეტად მისი „ბიულერბიუელი ბავშვები“ მიყვარს. ზოგადად ბევრს არ ვკითხულობ, გადამკვდარი არ ვარ.  წიგნებს მე თვითონ ვირჩევ, სათაურის მიხედვით რომელიც დამაინტერესებს იმას ვკითხულობ. სკოლიდან ამ ზაფხულს წასაკითხი წიგნების სია არ მოუციათ, გვითხრეს თვითონ შეარჩიეთ რაც გსურთო.  ჯერ არ შემირჩევია, ალბათ ხვალ ან ზეგ წავალ მაღაზიაში და ვიყიდი,“ – ამბობს  ნია კალანდაძე.

როგორ შევურჩიოთ და მივაწოდოთ ბავშვს ლიტერატურა? მთარგმნელი ია ბერსენაძე ამბობს, რომ ბავშვმა თვითონ უნდა შეარჩიოს ლიტერატურა. „მე, მაგალითად, ასე ვაკეთებ.  მე და ჩემი შვილი ერთად მივდივართ წიგნის მაღაზიაში და ვეუბნები, რომ დღეს ნებისმიერი წიგნი, რომელსაც შენ მოისურვებ, შეგვიძლია ვიყიდოთ. ეს ერთგვარი რიტუალიც არის ბავშვისთვის, იმიტომ, რომ თვითონ არის გამგებელი თავისი შემდგომი ცხოვრების გარკვეული ნაწილის. თავს გრძნობს უფრო დიდად და კითხვა არ არის თავსმოხვეული.

შეიძლება ჩვენ გვინდა, რომ წაიკითხოს დიუმა და მე როცა ვიყავი მისი ასაკის, დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შვილების თაობას სხვა ინტერესები აქვს. თაობები იცვლება, იცვლება გემოვნება. ჩემი მოსაზრებით მშობლის მთავარი ფუნქციაა, რომ შვილი გააშინაუროს კითხვასთან, გაუცხოება წიგნთან რომ მოიხსნას. ბავშვი თვითონ უნდა წავიდეს, თვითონ შეარჩიოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ, რომ შვილო, ეს სისულელეა და მოდი სხვა  წაიკითხე“, – ამბობს ია ბერსენაძე.

რა როლი აქვს მშობელს ბავშვისთვის კითხვის  შეყვარებაში?  ნათია მაკარაძე ანანოს დედაა. ის ამბობს, რომ უჭირს შვილს სათანადო ლიტერატურა შეურჩიოს, თუმცა მისთვის კითხვის შეყვარების საინტერესო გზა მოძებნა.

„ვერ ვსაზღვრავ ესა თუ ის  წიგნი მის ასაკს შეესაბამება თუ არა. სულ ვყიდულობ წიგნებს, მე თვითონაც ვკითხულობ. როცა ანანო ხედავს ამას, თვითონაც  ინტერესდება და  მთხოვს მოვუყვე. მეკითხება, რატომ ტიროდი რომ კითხულობდი, რა იყო საინტერესოო. ერთგვარი ხერხია იმისთვის, რომ დავაინტერესო და კიდევ უფრო შევაყვარო კითხვა“, – ამბობს ნათია.

მთარგმნელი ია ბერსენაძეც ხაზს უსვამს, რომ მშობლის როლი ბავშვის კითხვით დაინტერესებაში დიდია. ია დანიელ პენაკის „რომანივით საკითხავის“ მთარგმნელია. „პენაკის „რომანივით საკითხავი“ არის კარგი სახელმძღვანელო მშობლისთვის. იქ არის კონკრეტული რჩევები იმისთვის, როგორ შეიძლება, რომ ბავშვმა იკითხოს და თან ოჯახში იყოს მშვიდობა, კითხვა  არ გახდეს ჩხუბის თემა. ხშირად ბავშვები ნერვიულობენ დედის ნერვიულობის გამო და კითხულობენ იმიტომ, რომ დედა არ ანერვიულონ. ეს დიქტატორული მეთოდები არ არის სწორი. პენაკი ასე ამბობს:  „კითხვა არის სიყვარულივით, როგორც არ შეიძლება ძალით შეგიყვარდეს ადამიანი, ისე არ შეიძლება ძალით იკითხო. ან გიყვარს, ან არ გიყვარს, ან კითხულობ, ან არ კითხულობ“, – ამბობს ია ბერსენაძე.

ნია კალანდაძე

ნია კალანდაძე

იმ რეალობაში, როცა ბავშვს უამრავი გასართობი აქვს,  როგორ შეიძლება კითხვა ვუქციოთ სასიამოვნო პროცესად და არ იყოს ეს ვალდებულება? ია ბერსენაძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „ჩემი შვილი კომპიუტერთან ზის, ეს რეგლამენტირებულია მის ცხოვრებაში, ბურთსაც თამაშობს, მეცადინეობს, მაგრამ საღამოს, როდესაც მოდის სახლში დაღლილი, ჩაწვება ლოგინში, აიღებს წიგნს და იწყებს კითხვას. ეს მინიმუმ ერთი საათს გრძელდება. ხანდახან ხდება ისე, რომ არ უნდა კითხვა. ჩვენც ხომ ასე ვართ. ერთ-ორი დღე ველოდები, შემდეგ ვეუბნები, მოდი, გინდა ერთად წავიკითხოთ? არ არსებობს, რომ გითხრას – არა. იმიტომ, რომ მეც კი მიყვარს, როცა მიკითხავენ და დავიწყებთ კითხვას. აი, წავუკითხავ ერთი საღამო, ორი საღამო, მესამე საღამოს აუცილებლად რაღაცნაირად ვეხმარები წიგნთან დაახლოების პროცესში. ბოლო-ბოლო თუ არ წაიკითხავს, ერთი-ორი კვირა, არც ეგ არის ტრაგედია. მთავარია, რომ არ შევაძულოთ პროცესი, ძალა არ ვიხმაროთ.

როცა  უკითხავ, ამ დროს დედის  სითბოს გრძნობს,  სიახლოვეს.  ეს გარემო უქმნის მას კომფორტს.  ამ ბედნიერების განცდაში ჩაწერილია წიგნი, როგორც განუყოფელი ატრიბუტი. ამიტომ, როცა მას უნდება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს სითბო და სიახლოვე, ის  თავისდაუნებურად კიდებს წიგნს ხელს და იწყებს კითხვას.

ორჰან ფამუქი ამბობს, ჩვენ ძალიან ბევრი წიგნი წაგვიკითხავს, უბრალოდ თვალებით. და არის წიგნი, რომელიც წაგვიკითხავს მთელი გულით და სულით. წაკითხული წიგნების რაოდენობას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია თვალებით არ წაიკითხო, ჯობია ერთი წაიკითხო და იმ მომენტში ის შენთვის აქტუალური იყოს, შენს სულს, გულს შეეხოს, გაიგო, რაღაც დასკვნები გამოიტანო, ვიდრე ადგე და ძალით, თავსმოხვეულად, თვალებით წაიკითხო ათასობით გვერდი. გამომდინარე იქიდან, რომ კითხვა არის დემოკრატიული პროცესი, არ უნდა ვაქციოთ ეს ავტორიტარულ, მათრახის პროცესად“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: