„მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით ვმართავთ ვახშამს. თურქეთიდან სტუმრები გვეყოლება, თურქეთის ერთ-ერთი რეგიონის დეპუტატი და ინეგოლის მერი. ასევე ვახშამზე იქნება ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლებადანაც შესაძლებელია მოვიდნენ,“ – განუცხადა „ბათუმელებს“„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ.
მისივე თქმით ვახშამზე მოწვეული იქნებიან საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
„ჩვენ მოწვეული გვყავს და ვახშამს დაესწრება სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც გადაეცემათ სამახსოვრო, სიმბოლური პლაკატი. მე მაცნობეს რომ ვახშამს ესწრება სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები თბილისიდან და ბათუმიდან, ესწრება ბაპტისტური ეკლესია, 50-იანებლები და სახარების ეკლესია. რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაწვევი მივიტანეთ და მოვიწვიეთ. სავარაუდოდ უნდა დაგვესწრონ წარმომადგენლები,“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს, ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცები ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მათ ეს მარხვა უნდა შეასრულონ.
მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. სწორედ, ამ ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე მიპატიჟება.
წელს რამადანი დაიწყო 9 ივლისს და 8 აგვისტოს რელიგიური დღესასწაულის ბაირამის აღნიშვნით დასრულდება.
ტარიელ ნაკაიძის თქმით წელს ვახშამი 1000 კაცზე აქვთ გათვლილი, მაგრამ შესაძლოა რაოდენობა გაიზარდოს. ვახშამი საღამოს ცხრის ნახევარზე დაიწყება და ათ საათზე დასრულდება. მსგავსი ვახშამი გასულ წელსაც გაიმართა, მას 1200-მდე ადამიანი დაესწრო.