კვირის ამბები

მაჟორიტარის ბიუროში

10.07.2013 • 1624
მაჟორიტარის ბიუროში

 

18 ივნისს, ოთხშაბათს, 10:50 საათზე, პარლამენტარ როსტომ ხალვაშის ბიურო დაკეტილია. ხელვაჩაურის გამგეობის მეორე სართულზე, სადაც მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის ბიუროა განთავსებული, თითქმის ყველა საჯარო მოხელე, რომელსაც ბიუროს თანამშრომლების ადგილზე არ ყოფნის მიზეზს ვეკითხები, მპასუხობს: „სადღაც აქ იყვნენ და ალბათ მალე მოვლენ“. 

„მალე მოვლენ“ თორმეტ საათამდე გაგრძელდა. ზუსტად 11:49 საათზე ბიუროს უფროსთან, საიდ შანთაძესთან, მობილურ ტელეფონზე დაკავშირებას ვცდილობ. ის ტელეფონს არ პასუხობს. ბიუროს ხელმძღვანელმა ტელეფონს შემდეგ მცდელობაზე უპასუხა. ვუხსნი, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი ვარ და მაჟორიტარის ბიუროს წევრებთან გასაუბრება მინდა. ამის შემდეგ კი ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა.

 

მე ახლა საზღვაო აკადემიაში ვარ და ჯერ ვერ დავბრუნდები. საქმეზე ვარ.

თანამშრომელი ხომ გყავთ, იქნებ მას გავესაუბრო…

საქმეზე გავუშვი თხილნარში.

ანუ დღეს ვერ შევძლებ ბიუროს თანამშრომლებს გავესაუბრო?

ასე ნახევარ საათში ან ორმოც წუთში მოვალ, დამელოდეთ.

40 წუთში ნამდვილად მოხვალთ? უკვე ერთ საათზე მეტია გელოდებით და…

გითხარი 40 წუთში მოვალ-მეთქი და მეტი რა გიქნა ახლა.

დაგელოდებით.

 

შეთანხმებულ დროს ცოტათი გადავაცილე და ბიუროს ოთახის კარი ამ საუბრიდან 55 წუთში, 13:08 საათზე მოვსინჯე. ისევ დაკეტილი დამხვდა. „ნახევარ საათზე ადრე დავბრუნდი და რომ არ დამხვდით, პერერივზე გავედი“, – ასეთი იყო ბიუროს უფროსის პასუხი, რომელსაც ისევ მობილური ტელეფონით დავუკავშირდი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ საუბრიდან ნახევარ საათში უკვე თვითონ დამირეკა, „სამსახურში ვარ და მოდი“, საიდ შანთაძესთან შეხვედრა ვეღარ შევძელი. ის სამსახურში არც მეორე დღეს, დილის საათებში არ იმყოფებოდა. ბიუროს სპეციალისტმა ხათუნა ხალვაშმა კი, რომელიც ადგილზე დამხვდა, განმიმარტა, რომ უფროსი დღეს სოფელ მახოში ბიუროში შესული განცხადების განსახილველად წავიდა: „არის როცა მოქალაქე მოდის, ამბავი მოაქვს, მაგრამ მას ვერ დაეყრდნობი, ადგილზე მოკვლევა აუცილებელია“.

 

ამ დრომდე როსტომ ხალვაშის ბიუროში ოფიციალურად 12 განცხადებაა დარეგისტრირებული. ბოლო სამ განცხადებაში მოსახლეობა მაჟორიტარს ბათუმის საკრებულოსთან შუამდგომლობას და მისი დახმარებით ბოლო დროს ქალაქის განტვირთვის მიზნით სოფლის სამარშრუტო ტაქსების შემოვლითი გზით გადაადგილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს. ხათუნა ხალვაში ამბობს, რომ უფრო მეტი მოქალაქე სოციალური დახმარების დანიშვნის თხოვნით მიდის: „ძირითადად ისეთები მოდიან, რომლებსაც დახმარება ჰქონდათ და მოუხსნეს, ან ახლა უნდათ მიიღონ“.

 

ზურაბ პატარაია
ზურაბ პატარაია

 

ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროში შესვლამდე „ელექტრონული ბარიკადი“ უნდა გაიარო, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის შესასვლელში, ვიდრე პოლიციელი საჭირო ბარათის გამოყენებით ელექტრონულ კარს გაგიღებს, ის აუცილებლად გკითხავს, თუ ვისთან მიდიხარ. ამის შემდეგ კი შეეცდება გაარკვიოს, არის თუ არა ოთახში ის, ვისაც ამომრჩევლის ამბის მაჟორიტარამდე მიტანა ევალება. ბათუმის მაჟორიტარის ბიურო მერიის პირველ სართულზეა  განთავსებული.

 

მურმან დუმბაძის ბიუროს ზურაბ პატარაია ხელმძღვანელობს. მას ამომრჩეველსა და მაჟორიტარს შორის მედიატორის ფუნქციის შესრულებაში სპეციალისტები – ნათია ბახტაძე და ქრისტინა რუხაძე ეხმარებიან. ქრისტინა ბათუმის მაჟორიტართან უმაღლეს საბჭოში კაკო ძნელაძესთან შეხვედრის და მასთან გასაუბრების მსურველებს მასპინძლობს.

 

მურმან დუმბაძის ბიურომ მუშაობა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. ნათია ბახტაძის ინფორმაციით, დღემდე ბიუროში 3143 მოქალაქეს უმასპინძლეს. ბიუროში შემოსული განცხადებების სარეგისტრაციო ჟურნალში კი ოთხასზე მეტი განცხადებაა დარეგისტრირებული. ბიუროს ხელმძღვანელის ზურაბ პატარაიას (ამჟამად ბათუმის ვიცე-მერი ავტ.) თქმით, მოქალაქეების უმეტესობის მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. სარეგისტრაციო ჟურნალში დარეგისტრირებული განცხადებების მიხედვით კი, მურმან დუმბაძეს უმეტესწილად დასაქმების თხოვნით მიმართავენ.

 

„დასაქმების თხოვნითაც მომართავენ და მოდიან ისინიც, ვინც უკვე მიმართა ყველა საჭირო ინსტანციას, მაგრამ აქაც შემოაქვთ განცხადება. მოდიან საკუთრების უფლების აღდგენის თხოვნითაც. ცხადია, პარლამენტარი რეზოლუციას ვერ დაადებს ამ წერილებს, ხალხს არასწორად აქვს გაგებული პარლამენტარის ფუნქცია, მაგრამ მას შეუძლია, უბრალოდ, უშუამდგომლოს. ზოგიერთ წერილს ჩვენ საჭირო ინსტანციაში ვამისამართებთ, ზოგიერთი მოქალაქე კი ზეპირი კონსულტაციებით კმაყოფილდება. არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინცადამაინც მაჟორიტართან უნდათ შეხვედრა. ვინიშნავთ მათთან საკონტაქტო ინფორმაციას და როცა მაჟორიტარი ჩამოდის, ვეხმიანებით“.

 

წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარების ბიუროებს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან აფინანსებდნენ, ახლა კი ისინი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ბიუროს ხელმძღვანელის ხელფასი, დარიცხვის გარეშე, 1100 ლარია, სპეციალისტის ხელფასი  – 900 ლარი, ამას ემატება საწვავისა და მანქანით მომსახურების ხარჯებიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: