Batumelebi | გოგონა ამინდის პროგნოზიდან გოგონა ამინდის პროგნოზიდან – Batumelebi
RU | GE  

გოგონა ამინდის პროგნოზიდან

უკვე ოთხი წელია შაბათ-კვირას, აჭარის ტელევიზიით გადაცემა “დილის ტალღაში”, სალომე სურმანიძე მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს. ფიქრობს, რომ მხიარული დღის დასაწყებად აუცილებელია ნებისმიერ ამინდს პოზიტივით შევხვდეთ: „წვიმიანი ამინდიც ისე უნდა გამოაცხადო, რომ მაყურებელმა კომფორტი იგრძნოს, ჩემი გამოცდილების წყალობით შემიძლია ვთქვა, რომ სანდო პროგნოზი მაქვს, თუ ვამბობ, რომ იქნება წვიმა, აუცილებლად იწვიმებს, თუნდაც ორი-სამი წუთით.”

 

 

 

ამჟამად ტელევიზიაში მუშაობს, თუმცა სალომე პროფესიით პიანისტია. ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლისამ დაიწყო. “ოთხი წლიდან 22 წლამდე, ყოველი დღე იწყებოდა ფორტეპიანოთი. კონცერტები, მეცადინეობა… დავიწყე სწავლა სამუსიკო სკოლა-კოლეჯში, შემდეგ ხელოვნების უნივერსიტეტი დავამთავრე. ირინა ხერჟი იყო ჩემი პედაგოგი, ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ნატო ორაგველიძე, ჩემს მუსიკალურ და შემოქმედებით აღზრდაში ამ ადამიანებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.” – ამბობს სალომე. 


სალომე სურმანიძე
სალომე სურმანიძე

 

მისგან ყოველთვის დიდხანს მეცადინეობას მოითხოვდნენ და სალომემ გამოსავალი იმაში იპოვა, რომ ოთხსაათიან მეცადინეობას თავადვე ამცირებდა, თან მთელი სამი საათით: „უნდა მემეცადინა, რადგან კონკურსებში ვიყავი ჩართული, ჩემს ასაკთან შედარებით ყოველთვის რთული პროგრამა მქონდა, მეორე-მესამე კლასში ვუკრავდი სტუდენტის პროგრამებს, ასე თუ ისე წარმატებულადაც, რადგან ბევრი კონკურსის ლაურეატი ვარ. თუმცა მეცადინეობისას სულ ვცუღლუტობდი, ნახევარ საათს რომ ვიმეცადინებდი, ვამბობდი ორი საათი ვიმეცადინე-მეთქი. ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული ჩემი პროფესია, თავი მთლიანად უნდა მიუძღვნა. მე კი ისეთი აქტიური ვარ, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები, სულ ვმოძრაობ. ამის გამოა, რომ აქტიურად აღარ მივყვები მუსიკას. ჯერჯერობით მხოლოდ პედაგოგობით შემოიფარგლება ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა, პატარებს ფორტეპიანოზე დაკვრას ვასწავლი.” – გვიყვება სალომე.

 

ოთხი წლის წინ კი გაიგო, რომ „დილის ტალღაში~ ამინდის პროგნოზის წამყვანის ვაკანსია გამოცხადდა. მისი პედაგოგი გასტროლებზე იყო წასული, ამბობს, რომ დრო იხელთა და კასტინგში მიიღო მონაწილეობა: “კასტინგზე მისულს ასამდე ულამაზესი გოგო-ბიჭი დამხვდა, მეგონა, რომ შანსი არ მქონდა. ვუყურებდი გოგონებს და ვამბობდი: ვაიმე, რა ლამაზია, ეს როგორ მოუხდება ეკრანს… თუმცა გამიმართლა და შვიდ კონკურსანტთან ერთად სამი თვის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიბრძოლე. ძალიან მომწონს ამინდის პროგნოზის გამოცხადება, ამით არ ვიღლები, პირიქით, ვეღარ წარმომიდგენია ამის გარეშე ჩემი ცხოვრება. არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს, რაც მთავარია ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ გამოვიდეს კარგი და რეიტინგული გადაცემა.”

 

მოუსვენარი ხასიათის გამო ურჩევნია პირდაპირი ჩართვები ოფისის გარეთ ჰქონდეს, ამის გამო ხშირად უწევს მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში: „მე თვითონ ვქმნი ექსტრემალურ სიტუაციას, შეიძლება ქუჩაში დადგე და თქვა როგორი ამინდია, მაგრამ მირჩევნია პარაშუტიდან გადმოხტომისას გავაცნო ხალხს ამინდის პროგნოზი, ან სკუტერით მოძრაობისას, ვფიქრობ, ასე უფრო საინტერესოა. ჩართვებისას შეიძლება ხშირად უცნაურ რაღაცებსაც ვამბობ, იმიტომ, რომ ბუნება უცნაურია, უმეტესად ექსპრომტად მიწევს ტექსტის მოფიქრება, რათა გარემოპირობებს შევუსაბამო ჩემი ნათქვამი და თან პოზიტიურ განწყობაზე ვიფიქრო.”

 

სალომე სამსახურს გარეთაც „ამინდის პროგნოზის გოგონაა”. ამბობს, რომ ხშირად ცნობენ და ამინდზეც უსვამენ შეკითხვებს: „მეგობრები და ახლობლები ხშირად მეკითხებიან, თუ როგორი ამინდი იქნება. უცნობებსაც არ ერიდებათ შეკითხვა და თავიანთი კეთილგანწყობის გამოხატვა, ხშირად მეუბნებიან, რომ დადებითი მუხტი შემაქვს დილის ტალღაში“.
თავად კარგად იცის, ამინდი როდის უწყობს ხელს ბათუმის ქუჩებში სასეირნოდ. „ძალიან მიყვარს ზღვის პირას სეირნობა, ფეხსაცმელი ყოველთვის მაღალქუსლიანი მაცვია, ბათუმის ქვაფენილები დისკომფორტს მიქმნის, ფეხსაცმელს მიფუჭებს, მაგრამ მაღალ ქუსლზე ხელს მაინც ვერ ამაღებინებს. საერთოდ, დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩაცმულობას. გარეთ გამოსვლამდე შეიძლება რვაჯერ გამოვიცვალო. ამით არ ვიღლები, მთავარია კარგად გამოვიყურებოდე. მომწონს ნათელი ფერები. ვფიქრობ, ჩემს ხასიათზეც მოქმედებს ის, თუ როგორ მაცვია, ამიტომაც სულ თბილ ფერებს ვარჩევ. ხშირად ვსარგებლობ ინტერნეტშოპინგით და ეს მეხმარება მეცვას შედარებით განსხვავებულად.” ამბობს სალომე.

 

სალომე ფიქრობს, რომ საკუთარ პროფესიას მალე დაუბრუნდება: „რამდენიმე დღის წინ დამესიზმრა, რომ დიდ სცენაზე გამოვდიოდი გემოვნებიანი პუბლიკის წინაშე, ეს ჯერჯერობით სიზმარი იყო, მაგრამ აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ რეალობად იქცეს.”

 

სანამ პროფესიას დაიბრუნებს, სცენაზე ავა და ფორტეპიანოზე დაუკრავს, მანამდე ყოველ შაბათ-კვირას “გოგონა ამინდის პროგნოზიდან” მაყურებლის განწყობაზე იზრუნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე