Batumelebi | ცვლილებები ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში ცვლილებები ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში – Batumelebi
RU | GE  

ცვლილებები ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში



მესამე თვეა, რაც საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. შეიცვალა ხელმძღვანელობა და მას დაქვემდებარებული პირები. მიზეზი? პირველ რიგში არადამაკმაყოფილებელი შედეგის, და რაც მთავარია რეგიონალური ფედერაციების პროტესტის გამო, რომლებიც ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან დაჩაგრულები იყვნენ.

„ბათუმელები“ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ახალ თავკაცს სულხან ბაბუაძეს ესაუბრა. ტაეკვონდო სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ახალი პრეზიდენტის მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარება და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაა. დანარჩენზე ინტერვიუდან შეიტყობთ.

სულხან ბაბუაძე
სულხან ბაბუაძე

სულხან ბაბუაძე: ცვლილებები ფედერაციაში აუცილებელიც იყო და დროულიც. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი მიმართულებით არ ხდებოდა სპორტის ამ სახეობის განვითარება, ვინაიდან, ერთპიროვნული მმართველობა იყო და ფაქტობრივად, ერთი კლუბი და მისი ხელმძღვანელობა განაგებდა ფედერაციას. სამართლიანად გამოითქვა პროტესტი რეგიონალური ფედერაციების მხრიდან. თავადაც, როგორც ყოფილი სპორტსმენი, ვხედავდი, რომ აუცილებელი იყო ცვლილებები, პირველ რიგში ტაეკვონდოს განვითარებისთვის. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ასევე რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით, ეს ცვლილებებიც განხორციელდა და როგორც ნდობით აღჭურვილ პირს, ფედერაციის თავკაცობა მე მომანდეს.

 

 

რა შეიცვლება თქვენი მოსვლის შემდეგ?

 

 

– სანამ ცვლილებებზე ვიტყოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ანუ ყოფილი ხელმძღვანელობის დროს, სპორტის ეს სახეობა გაცილებით დაბალ დონეზე დავიდა, ვიდრე ეს მათ მოსვლამდე იყო. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, პირველ რიგში იმის ბრალია, რომ მხოლოდ საკუთარი კლუბის განვითარებაზე ფიქრობდნენ. სპორტსმენი, რომელიც არ იყო მათი კლუბის წევრი, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებში ვერ ხვდებოდა და ვერც საერთაშორისო ტურნირებზე გადიოდა, ამის არაერთი მაგალითი ვიცით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რეგიონალური ფედერაციების და არა მარტო მათი უკმაყოფილება და პროტესტი სამართლიანი იყო. ჩემს გვერდით შემოვიკრიბე ადამიანები, რომლებსაც მართლა უყვართ ეს სპორტი, ერთი გუნდი ვართ და საქმესაც ერთად გავაკეთებთ.

 

 

ხშირად ვესწრებოდი ტურნირებს და სპორტსმენთა მომზადების დონის გამო, მათ მწვრთნელებს აკრიტიკებდნენ, თუმცა, არავინ ფიქრობდა მათ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე

 

 

– მესმის რისი კითხვაც გინდათ. მართალი ხართ, მასეც იყო. თუმცა, პირველი, რაც მიზნად დავისახე, ეს არის სწორედ მწვრთნელთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და არა მარტო მათთვის, არამედ მსაჯებისთვისაც ვაპირებთ ანალოგიურის გაკეთებას. მე ვაპირებ საერთაშორისო დონეზე გავიყვანო ჩვენი სპორტსმენები და ეს ლიტონი სიტყვები არაა. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ საერთაშორისო დონის უცხოელი სპეციალისტის მოწვევას, რომელიც ქართველი მწვრთნელებისთვისაც და მსაჯებისთვისაც სემინარებს ჩაატარებს. მოვიწვევთ ყველა რეგიონის მწვრთნელს, ჩემი მოთხოვნა იყო, ასევე, რომ ყველა რეგიონს ორ-ორი კაცი წარმოედგინა მსაჯის კანდიდატურად, ასე რომ, დარწმუნებული იყავით, თუკი ადრე რომელიმე სპორტსმენი მსაჯთა არაობიექტურობის გამო იჩაგრებოდა, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. დაიმსახურებს სპორტსმენი? მოიგებს? _ მოხვდება ნაკრებში! აქვე გეტყვით, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დავნიშნე ავთო მიქაძე, რომელიც ასევე ტექნიკური დირექტორია. წელიწადში რამდენიმეჯერ, ის ეწვევა ყველა რეგიონს, სადაც თავად ჩაატარებს ანალოგიურ სემინარებს. ვფიქრობ, სწორი მიმართულება გვაქვს აღებული.

 

 

იყო გარკვეული პრობლემები ინვენტართან დაკავშირებით. ელექტროპროტექტორები და ელექტროსისტემა რეგიონებისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამის გამო მათ უჭირდათ სათანადოდ მომზადებულიყვნენ შეჯიბრებებისთვის

 

 

– წლევანდელი ბიუჯეტი უკვე გაწერილია. მომავალი წლის იანვრიდან, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბიუჯეტი გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეგიონები ელექტროსისტემებითა და პროტექტორებით მოვამარაგოთ.

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ორჯერ იყო უცხოელი სპეციალისტი მოწვეული, ერთხელ კორეადან, ერთიც ირანიდან, თუმცა, ვერცერთმა ვერ გაამართლა

 

 

– სამწუხარო ის იყო, რომ ორივე მწვრთნელის მოწვევისას, არ გაითვალისწინეს და არც იკითხეს მათი წარსული, სად უმუშავიათ, რა შედეგები ჰქონდათ და ასე შემდეგ. უბრალოდ, ადგნენ და ჩამოიყვანეს, შედეგი? – ნოლი. უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანას ჩვენც ვაპირებთ. ამ ეტაპზე ორ კანდიდატურას განვიხილავთ, ერთი აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობს, მეორე ირანის ნაკრებში. საკმაო ინფორმაციას ვფლობთ მათ შესახებ და ვიცით რომ წარმატებული მწვრთნელები არიან. უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვისზე შევაჩერებთ არჩევანს. ერთ-ერთი მათგანი გვპირდება, რომ ორწლიანი სამოქმედო გეგმა აქვს, რის შემდეგაც გარანტიას გვაძლევს, რომ საქართველო სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებს.

 

 

რეალურ შედეგს როდისთვის ელოდებით?

 

 

– მინიმუმ ერთი წელი გვინდა, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარვსდგეთ. აქვე გეტყვით, რომ სემინარების დასრულების შემდეგ, ვაპირებთ ათდღიანი საწვრთნელი შეკრების გავლას, რომელშიც კადეტთა და იუნიორთა ნაკრების კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. იქ შევარჩევთ ნაკრების ბირთვს. მაგრამ, ეს არ მოხდება ისე, როგორც ადრე იყო, ანუ ერთპიროვნულად არ მივიღებ გადაწყვეტილებას. შეიქმნება მწვრთნელთა საბჭო, სადაც ყველა რეგიონის წარმომადგენელი მწვრთნელი შევა და ერთობლივად გადავწყვეტთ ყველაფერს. ერთ რამესაც გაგანდობთ, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ აზერბაიჯანისა და ვლადიკავკაზის კადეტთა და იუნიორთა ნაკრების ხელმძღვანელობასთან, რათა ერთობლივი შეკრება გავიაროთ. აზერბაიჯანს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რაც შეეხება ვლადიკავკაზის ნაკრებს, სწორედ მათი სპორტსმენებითაა ძირითადად რუსეთის ნაკრები დაკომპლექტებული. ასეთი ერთობლივი შეკრებები ხშირი იქნება, რაც პირველ რიგში, ჩვენი სპორტსმენების დონის ამაღლებას და სპორტის ამ სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

უახლოესი ტურნირი როდის გაქვთ?

 

 

– აგვისტოსა და სექტემბერში ჩვენი კადეტები და იუნიორები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი სურვილია, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში ოთხ-ოთხი სპორტსმენი გავგზავნოთ, თუმცა, ყველაფერ საწვრთნელი შეკრების დროს გაირკვევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე