Batumelebi | ნურიის ტბა დაჭაობების საფრთხის წინაშე ნურიის ტბა დაჭაობების საფრთხის წინაშე – Batumelebi
RU | GE  

ნურიის ტბა დაჭაობების საფრთხის წინაშე

 

 

ბათუმის 6 მაისის პარკში მდებარე ნურიის ტბამ დაჭაობება დაიწყო. ქვირითობისას ტბაში უჟანგბადობის გამო თევზები დაიღუპნენ. სპეციალისტების განცხადებით, უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლოა ბათუმის ერთ-ერთი დასასვენებელი ადგილი ჭაობად იქცეს. იმისთვის, რომ ტბა გადარჩეს, მასზე თევზაობა გარკვეული პერიოდით აიკრძალება. 

 

 

სპეციალისტების განმარტებით, პროცესს, რომელიც ნურიგელის ტბაში მიმდინარეობს, ევტროპიკაცია  ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალში წყალმცენარეები ჭარბი რაოდენობით არის, ეს კი ჟანგბადის უკმარისობასა და ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას იწვევს.

 

 

„ეს არის ტბის მომაკვდავობის ერთ-ერთი ნიშანი. ეს ტბა, ისევე როგორც კოლხეთის დაბლობის ყველა ტბა, თხელი ტბაა, ნაკლებად ღრმა და ბოლომდე თბება. ამასთან ორგანულად მდიდარი  ტბებია და ორგანიკა ტბებში არის ყოველთვის მაღალი. ეს იწვევს ფიტოპლანქტონს, მიკროსკოპული წყალმცენარის მასიურ განვითარებას ტბაში.  თუ ფიტოპლანქტონი აღწევს კრიტიკულ რაოდენობას, იწყება ევტროფიკაცია, ჟანგბადი  აღარ  არის ტბაში და რაც ცოცხალია, ყველაფერი კვდება. სანაპიროზე თვალნათლივ  ჩანს მიკროწყალმცენარეების აგრეგატები – ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია იმის, რომ ტბა არის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში,“ – აცხადებს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

 

 

იმას, რომ ტბაში ევტროფიკაციის პროცესია დაწყებული, გამოკვლევის შედეგებიც ადასტურებს, რომელიც „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე ამბობს, რომ მათთვის პრობლემა ცნობილია.

 

 

 

„წყალმცენარეების ჭარბი რაოდენობა იყო მაისში. ჰიდროქიმიური, მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ანალიზი ჩავატარეთ და დაფიქსირებული ჟანგბადის რაოდენობა არ შეესაბამებოდა ნორმას. თუმცა იმ პერიოდში თევზის ქვირითი იყო დაყრილი წყალმცენარეებზე და  ამიტომ  არ იყო გამართლებული სანაპირო ზოლის მექანიკური გაწმენდა.  ქვირითობის დასრულების შემდეგ ჩვენმა სამსახურმა ტბა წყალმცენარეებისგან გაწმინდა. სპეციალისტების რეკომენდაცია არის ასეთი, უნდა მოხდეს დათევზიანება. ტბაში უნდა გავუშვათ ბალახისმჭამელი თევზი, თუმცა ამ თევზის გაშვება რეკომენდებულია გაზაფხულზე ან  შემოდგომაზე.  ეს ტბის  მდგომარეობას გამოასწორებს,“ – ამბობს ნატალია ზოიძე.

 

 

გამოსავალს ტბის ხელოვნურად დათევზიანებაში ხედავს არჩილ გუჩმანიძეც. მისი თქმით ერთხელ მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა.

 

 

„ჩვენმა ორგანიზაციამ ჩამოიყვანა ახმეტიდან და ტბაში გავუშვით თეთრი ამური. ორჯერ მოხდა მსგავსი ფაქტი. თუმცა შემდეგ ამოიჭირეს ეს თევზი.  აი, ეს თევზი რომ ყოფილიყო ტბაში, ორგანიკას მოერეოდა. იმისთვის, რომ ტბა გადარჩეს,  აუცილებელია მისი დათევზიანება სანიტარული, ეკოლოგიური სახეობებით. ეს არის თეთრი სქელშუბლა, შავი სქელშუბლა და სხვა. უნდა აღმოიფხვრას ასევე ორგანული დაბინძურების კერები და უნდა აიკრძალოს  ტბაზე თევზჭერა რაღაც პერიოდით მაინც, იმიტომ, რომ თუ თევზი გაუშვი და მეორე დღეს დაიჭირეს, მის გაშვებას აღარანაირი აზრი არ აქვს. უნდა ჩატარდეს ასევე მექანიკური მელიორაცია, რაც გულისხმობს, სანაპიროზე არსებული წყალმცენარეების მოცილებას, იმას, რასაც უკვე ამური ვეღარ მოერევა,“  – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

 

 

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის ნატალია ზოიძის თქმით, ისინი გეგმავენ სექტემბერში თევზის შემოყვანას და ტბაში გაშვებას. 

 

 

„სავარაუდოდ აიკრძალება რაღაც პერიოდით თევზაობა, მას შემდეგ, რაც ბალახისმჭამელ თევზებს გავუშვებთ. თევზები იქნება გაშვებული არა იმიტომ, რომ მეთევზეებმა ითევზაონ, არამედ იმიტომ, რომ ის წყალმცენარეები შეჭამონ, რომლებიც ქმნიან იმ სავალალო შედეგს, რაც დღეს გვაქვს და რის შედეგადაც ზედაპირი ჭაობდება,“ –  ამბობს ნატალია ზოიძე.

 

 

გარდა ევტროფიკაციისა, ტბას კიდევ ერთი პრობლემა აქვს – ტბასა და ზღვას შორის კავშირი გაწყდა. კვლევითმა ცენტრმა ბათუმის მერიას წერილიც მისწერა და საქმის არსში გარკვევა სთხოვა. 

 

 

„ჩვენივე თანამშრომლების მოწოდებული ინფორმაციით მიმდინარეობს შემკრები სანიაღვრე არხის მშენებლობა და თანამშრომლების ვარაუდით, წყდება კავშირი ნირუგელის ტბასა და შავ ზღვას შორის, რითაც ირღვევა ტბის ეკოლოგიური წონასწორობა. გთხოვთ, მოგვაწოდოთ წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ – წერია ბათუმის მერიისადმი გაგზავნილ წერილში.

 

 

ნატალია ზოიძის თქმით, ამ დრომდე წერილზე პასუხი არ მიუღიათ, თუმცა სპეციალისტებთან კონსულტაციები გაიარეს.

 

 

„სპეციალისტებს ვესაუბრე და დამაიმედეს, რომ ტბის ზღვასთან კავშირი არ წარმოადგენს  აუცილებელ პირობას. ანუ ტბა იმის გამო, რომ ზღვასთან კავშირი არ ექნება, არ დაიღუპება. უბრალოდ ტბას სანიაღვრე არხთან შემაკავშირებელი არხისთვის უნდა ჰქონდეს სარქველი. ზღვასთან კავშირი ჰქონდა იმ შემთხვევისათვის, თუ  წყალდიდობის დროს ტბა ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადავიდოდა.  ჭარბი წყალი უნდა გადასულიყო ზღვაში, ამისთვის იყო ეს არხი.  ყველა სხვა გულშემატკივარზე მეტად შეგვტკივა გული.  მუდმივ მეთვალყურეობას, მონიტორინგს ვაწარმოებთ. ვეძებთ გზებს, რომ ტბა იყოს ისე, როგორც იყო წლებისა და საუკუნეების მანძილზე ჩვენი დამამშვენებელი,“ –  ამბობს ნატალია ზოიძე.

 

 

მისივე თქმით სექტემბრამდე ანუ მანამდე, სანამ ტბას დაათევზიანებენ, ტბა კვირაში ერთხელ  მექანიკურად  გაიწმინდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი