Batumelebi | მევიოლინე ჯულიარდის სკოლიდან მევიოლინე ჯულიარდის სკოლიდან – Batumelebi
RU | GE  

მევიოლინე ჯულიარდის სკოლიდან



21 წლის მარიამ მაჩაიძე მევიოლინეა. ის ნიუ იორკში, ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში სწავლობს. დაკვრა ხუთი წლისამ დაიწყო, დედის სურვილით: „დედაჩემიც მევიოლინეა, მისი ოცნება იყო გავმხდარიყავი მევიოლინე, მამასაც ძალიან მოსწონს ვიოლინო, მას ხშირად ვეხუმრებით, რომ დედა ვიოლინოს სიყვარულის გამო შეირთო ცოლად. მართალია მშობლების სურვილით დავიწყე დაკვრა, მაგრამ ინტერესი თავადაც გამოვავლინე. ჩემი დაც შეიყვანეს ვიოლინოზე, თუმცა ის არ დაინტერესებულა ამ პროფესიით, მამის მსგავსად არქიტექტურა აირჩია.”


მარიამ მაჩაიძე
მარიამ მაჩაიძე



მარიამი ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტია, ჯულიარდში სწავლას მომავალ სასწავლო წელს ასრულებს, ჯერ არ იცის მაგისტრატურაში სწავლას რომელ ქვეყანაში გააგრძელებს, გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს, თუმცა ფიქრობს, რომ ევროპული განათლების მიღების დროა: „ამერიკასა და ევროპას განსხვავებული სტილი აქვს, მინდა ევროპულიც შევისწავლო, განსაკუთრებით გერმანია მომწონს.

მარიამ, როგორ აღმოჩნდით ჯულიარდის სასწავლებელში?

 საქართველოში მივიღე სამუსიკო განათლება, ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი 12 წლის მანძილზე. გადავწყვიტე, რომ შემდეგი ეტაპი სხვაგან უნდა გამევლო, ამიტომ შევიტანე საბუთები ჯულიარდის სკოლაში. დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი სასწავლებელს, ჯულიარდი იმიტომ ავარჩიე, რომ ბევრს გთავაზობს, კონცერტებს საინტერესო დარბაზებში საინტერესო ადამიანებთან ერთად. ძნელია ამ სკოლაში მოხვედრა, იმედი არ მქონდა, ამიტომ საბუთების გაგზავნის მიუხედავად, ეროვნულ გამოცდებს მაინც ვაბარებდი, სხვადასხვა უნივერსიტეტში მქონდა პროფესიები არჩეული. როცა მიმიღეს, გაკვირვებული ვიყავი, მაშინ ვირწმუნე, რომ კარგად გამომდიოდა ის, რასაც ვაკეთებდი.

როგორია სტუდენტობა ჯულიარდში?

  ნიუ იორკში არავინ არ მყავდა. ჯულიარდში ორი ქართველი სწავლობს, დათუნა ალადაშვილი და ბექა გოჩიაშვილი. საბედნიეროდ არ გამჭირვებია იქ დამკვიდრება, ბევრი მეგობარი შევიძინე, რომელთა წყალობითაც ჩამომიყალიბდა იქაური ოჯახი, ძალიან კარგად ვგრძნობ იქ თავს.

 დაკავებული ვარ, სტრესული, თუმცა საინტერესო სტუდენტობა მაქვს, ჯულიარდში თითქმის ყველა ეროვნების სტუდენტია, მათთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესოა. თან გავხდი დამოუკიდებელი, ყველაფერთან მარტო გამკლავება ვისწავლე.

ბათუმში შენი ჩამოსვლა რას უკავშირდება?

 ბათუმში ფესტივალ „მემკვიდრეობაზე~ ჩამოვედი. ნიუ იორკში ვიყავი, ინტერნეტით ვნახე ინფორმაცია, მომეწონა, შევავსე აპლიკაცია და მომიწვიეს. ჯულიარდში დასვენება გვაქვს, თუმცა მე ვერ ვისვენებ, კონცერტები მაქვს ბათუმსა და თბილისში, ზაფხულში ბრაზილიის ფესტივალზე მივდივარ, ივლისს იქ გავატარებ.

თუ გახსოვს შენი პირველი ნაბიჯები სცენაზე?

 როგორ არ მახსოვს, ჩანაწერიც არსებობს. პირველად სცენაზე რომ გავედი, ექვსი წლის ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი, დღემდე გამომყვა ეს ნერვიულობა, ყველაზე საშინელი მომენტია ის ათი წუთი, არაფრის აღარ გჯერა, სცენაზე გასვლისას პირველი ტაში დიდ ძალას გაძლევს, ოვაცია შენი შრომის ნაყოფია, ამაზე კარგი არაფერი არ არსებობს მუსიკოსისთვის. მახსოვს, პირველ კონცერტზე ბევრი ყვავილი მომიტანეს, სცენაზე აღარ ვჩანდი. პატარა, სასაცილო ნაწარმოები დავუკარი. სოლოკონცერტი კი მგონი 10 წლისას მქონდა მოსკოვში, საფრანგეთის საელჩომ მიმიწვია, ამ კონცერტზე გადმომცეს ვიოლინო საჩუქრად.

ბევრი კონკურსი გაქვს მოგებული..

 კი, კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობ, პირველ კონკურსზე 10 წლის გავედი და მოვიგე. მაშინ ვთქვი, რომ მე წაგების უფლება არ მქონდა, პირველი კონკურსი იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, ძალიან პატარა ვიყავი და თან დედა დამპირდა, თუ მოიგებ ძაღლს გიყიდიო, მართლაც მიყიდა, ძაღლის გამო მოვიგე კონკურსი. კონკურსებში მონაწილეობის შედეგად მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო, ბედნიერი ვარ ამის გამო, მოგება და წაგება კი აღარაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მაშინ ათი წლისას მეგონა, ახლა ჩვეულებრივად ვეგუები მოგებასაც და წაგებასაც.

რისი დაკვრა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად?

 ბახის, ჩემი საყვარელი კომპოზიტორია, თუმცა ხშირად ვასრულებ 21-ე საუკუნის ნაწარმოებებს. ყველაზე რთული რაც კი დამიკრავს, არის სწორედ თანამედროვე მუსიკა, ტექნიკურადაც რთულია. თანამედროვე მუსიკის უპირატესობა ის არის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტთან ერთად შეგიძლია დაუკრა, რის საშუალებასაც ძველი სტილი არ გაძლევს.

 წლების განმავლობაში მეცვლებოდა გემოვნება, ჩამოვყალიბდი ასე თუ ისე, მსიამოვნებს ინნდი როკისა და ფოლკ მუსიკის მოსმენა, რამდენიმე საყვარელი ჯგუფი მყავს, ვფიქრობ ამ კუთხითაც შეიძლება ვიოლინო გახდეს უფრო პოპულარული. რადგან კლასიკას ვასრულებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ კლასიკას ვუსმენ, ვუსმენ პოპსაც, როკსაც და ჯაზსაც, ყოველივე ამით რაღაც ახალი შეგიძლია შეიტანო შენს მუსიკაში.



“მუსიკა აუცილებელია გახდეს უფრო მრავალფეროვანი, ხანდახან მეც მეძინება ხოლმე კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა ზოგჯერ რამე არასტანდარტული დავუკრათ, ასე უფრო მოვა მსმენელი კონცერტზე.”

რას უკავშირდება შენი მომავალი გეგმები?

 სწავლას პირველ რიგში. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლაც საზღვარგარეთ მინდა, სადღაც რვა წელში კი საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავ, ჩემს საზღვარგარეთ სწავლას განათლების სამინისტრო და ჯულიარდის სასწავლებელი აფინანსებს, კონტრაქტში წერია, რომ მე აუცილებლად უნდა დავბრუნდე საქართველოში, ის რასაც ვისწავლი, უნდა განვავრცო აქ.

მუსიკის გარეშე როგორია შენი ცხოვრება?

 ჯულიარდში თუ ვინმე ხმაურობს, ეს ჩვენ სამნი ვართ საქართველოდან. მხიარული და ენერგიული ვარ, მეგობრები ყველა სფეროდან მყავს. ნიუ იორკში ვცხოვრობ მეგობართან ერთად, ჩემი ბინა შეკრების ადგილია. დედაჩემს ვურეკავ და ქართული კერძების მომზადებას მასწავლის, ჩემს უცხოელ მეგობრებს ძალიან მოსწონთ ქართული კერძები, რამდენიმემ ხაჭაპურის გამოცხობაც კი ისწავლა, მეუბნებიან, ძალიან გემრიელი გამოგვივიდაო. სინამდვილეში არ არის ძალიან გემრიელი, ჩემი მომზადებულიც არ არის მთლად კარგი, თუმცა ვერ ხვდებიან. “

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე