Batumelebi | ვისთვის და როგორ გაიმართება „ბათუმობა“ ვისთვის და როგორ გაიმართება „ბათუმობა“ – Batumelebi
RU | GE  

ვისთვის და როგორ გაიმართება „ბათუმობა“

 

 

როგორი უნდა იყოს „ბათუმობა“? – დღეს, 17 ივლისს ამ საკითხზე ბათუმის მერიაში იმსჯელეს. მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურს „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოედგინა, თუმცა, როგორც შეხვედრის დასაწყისში აღმოჩნდა, კულტურის სამსახურს  პროექტის საბოლოო ვარიანტი მზად არ ჰქონდა, რის გამოც, სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სურგულაძემ, ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის კრიტიკა დაიმსახურა.  

„მე თუ არ მექნება საბოლოოდ დაზუსტებული სცენარი და მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებული, ისე როგორ წარმოვადგენ ხარჯთაღრიცხვას“-განაცხადა ნათია სურგულაძემ. ჯემალ ანანიძემ კი უპასუხა, რომ მათი მოვალეობა სწორედ პროექტის შედგენა, ყველა დეტალის გაანალიზება და ბიუჯეტის წარდგენაა: „ჩვენ რას გველოდები არ ვიცი, ჩვენ უნდა გვითხრათ რას აკეთებთ და რა თანხა დაჯდება ეს ღონისძიება. მე უნდა დაგიწერო ხარჯები, თუ თქვენ უნდა წარმოგვიდგინოთ რომ ვისჯელოთ. მაჩვენეთ სადაა პროგრამა“.

მერის მკაცრი ტონის შემდეგ, ნათია სურგულაძემ თავის მართლება დაიწყო: „ვატყობ რომ ახლა განტევების ვაცი ვარ, რადგან ამდენი ხანი ვიხვეწებოდი, მომეხმარეთ ამის გაკეთებაში მეთქი. საბოლოო ვარიანტი უნდა ყოფილიყო არჩილ ხაბაძესთან შეხვედრის შემდეგ, მანამდე ვერაფერს ვერ ვაკონკრეტებთ“.

რეჟისორ მერაბ ლებანიძის აზრით, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი თანახელმძღვანელია, პროექტი იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული თუ მასზე არა 125-ი არამედ მცირე მობილური ჯგუფი იმუშავებს: „ერთი კვირაა ვლაპარაკობთ წინ ვერ წავიწიეთ. უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი რომელიც ამ გეგმაზე იმუშავებს. თუ პროექტი არ იქნება წარმატებული, ამაზე მერე ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი“.

საბოლოოდ, „ბათუმობის“ სამუშაო გეგმა, რეჟისორმა მერაბ ლებანიძემ წარმოადგინა, რომლის მიხედვით, „ბათუმობა“ ხუთ დღეს უნდა გაგრძელდეს და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი აქტივობებით უნდა დაიტვირთოს.

პროექტი ითვალისწინებს ცნობილი ბათუმელების მოწვევას, ასევე ბათუმთან დაძმობილებული ქალაქებიდან დელეგაციებისა და ცნობილი ბიზნესმენების მოპატიჟებას. ასევე სხვადასხვა დიასპორების მონაწილეობას. გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას ბათუმის განვითარების ფონდი, რომლისთვისაც პირველ შესაწირს სწორედ ეს ცნობილი პირები და ბიზნესმენები გაიღებენ. მოწვეული სტუმრების რიცხვი დაახლოებით ასი კაცია.

„ბათუმობა“ 31 აგვისტოს, შაბათ საღამოს დაიწყება. წინასწარი გეგმის მიხედვით, ბენზეში არსებულ მუსიკალურ ცენტრში იმ ცნობილი ბათუმელების შეკრება მოხდება, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და მიაღწიეს წარმატებას. „შეხვედრაზე უნდა დაარსდეს ბათუმის განვითარების ფონდი, შემდეგ კი სტუმრები ნახავენ ბათუმის ისტორიაზე გაკეთებულ მუსიკალურ სპექტაკლს. ამის შემდეგ, სტუმრები გადაინაცვლებენ ზღვის სანაპიროზე, სადაც გაიმართება ცოცხალი მუსიკის კონცერტი“-ამბობს, მერაბ ლებანიძე.

მეორე დღეს, სტუმრები თავისუფლების მოედანზე ბათუმისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივლენ, სადაც გეგმის მიხედვით მცირე პარაკლისი ჩატარდება. შემდეგ სტუმრები გადაინაცვლებენ ბოტანიკურ ბაღში, სადაც სტუმრები თავიანთი ხელით შეწვავენ მწავედებს და გაიმართება სადილი. საღამოს კი სტუმრებს დელფინარიუმი უმასპინძლებს.

„შემდეგ სტუმრები გადაინაცვლებენ ანბანის კოშკთან, სადაც ძველი ბათუმის შესახებ ფოტო-გამოფენა იქნება. შემდეგ ძველ ბათუმს თვითონ შემოივლიან სტუმრები ფეხით“. დღის ბოლოს კი სტუმრებისთვის რესტორან „პორტო-ფრანკო“-ში ვახშამი გაიმართება.

მესამე დღეს, რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმარტება. რომელსაც სტუმრები მეზობელი თურქეთიდანაც დაესწრებიან. ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. პარალელურად სტუმრებს, დარგების მიხედვით, სამინისტროები უმასპინძლებენ.

„ცნობილი ბათუმელებისთვის დაგეგმილია იმ სკოლების თუ ეზოების მონახულება, სადაც სწავლობდნენ და იზრდებოდნენ. სურვილის შემთხვევაში მოინახულებვნ ახლობლების სასაფლაოებს“-ამბობს მერაბ ლებანიძე.

გარდა ამ ღონისძიებებისა, გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია სხვადასხვა ფოლკლორული კონცერტები, გამოფენები და ბათუმის ღირსშესანიშნაოებების დათვალიერება.

„ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შეიქმნას, თითქოს ეს ღონისძიება მხოლოდ სტუმრებისთვის იმართება. ან რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ ეს ცნობილი პირები ბიუჯეტის დაფინანსებით?“-განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ.

მერაბ ლებანიძის განმარტებით, ღონისძიებები, იქნება ეს კონცერტები თუ სხვადასხვა გამოფენები, სკვერებსა და ქალაქის ქუჩებში გაიმართება,

„ამიტომ, მოსახლეობის ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური. სტუმრებისთვის კი მხოლოდ ვახშმობა და სადილი იქნება ცალკე გათავლისწინებული“.
შემდეგ დღეს დაგეგმილია ყავის ფესტივალი. ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ყავას საკუთარი რეცეპტით მოხრშავენ: „მოიხარშება თურქული, სომხური, ქართლი და ბერძნული ყავა. ასევე, წარმოდგენილი იქნება ამ ეროვნების წარმომადგენლების ყველაზე გემრიელი და ცნობილი ტკბილეული“.

„ბათუმობა“ ანბანის კოშკთან კონცერტით დასრულდება.

წარმოდგენილი გეგმა არის მხოლოდ სამუშაო ვარიანტი და როგორც კულტურის სამსახურმა განაცხადა მასში ცვლილება მუშაობის პერიოდში განხორციელდება.

დისკუსიას ქალაქი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 260 000 ლარია გათვალისწინებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე