დღეს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

 

 

ფესტივალს ორგანიზებას „ისთერნ პრომოუშენი“ უწევს. ოთხი დღის მანძილზე მსოფლიოში ცნობილი ჯაზშემსრულებლები ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე მოწყობილ სცენაზე გამოვლენ და თავიანთ პროგრამას წარადგენენ.

 

ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთები 50-90 ლარის ფარგლებში მერყეობს. გახსნის დღეს, 24 ივლისს, ბილეთის ფასი 90 ლარია. ამ დღეს მსმენელის წინაშე KOOL AND თHE GANG წარსდგება. ყველაზე იაფი ბილეთი 25 ივლისს იქნება და 50 ლარი ეღირება. ამ დღეს LIV  LIV WARFIELD &The NPG Hornz-ის მოსმენა შეგეძლებათ. 26-27 ივლისს კი ბილეთების ფასი 70 ლარია.

 

გარდა ამისა, ბათუმის ქუჩებში ბენდი  „MEN IN BRASS“-ი 15 უფასო კონცერტს გამართავს.

ჯაზფესტივალის პროგრამა:

24 ივლისი, 21:00 _ KOOL AND THE GANG (ბათუმის ჩოგბურთის კორტები);
25 ივლისი, 21:00 _ LIV WARFIELD feat. The  NPG Hornz  (ბათუმის ჩოგბურთის კორტები);
26 ივლისი, 21:00 _   BOOTSY COLLINS &The Funk Unity Band  (ბათუმის ჩოგბურთის კორტები);
24-26 ივლისი, 23:00 _ კლუბი „Take Five” – RAMON (AT);
24-26 ივლისი, 11:00-20:00 _  MEN IN BRASS (ბათუმის ბულვარი);
27 ივლისი, 23:00 _  Parov Stelar presents MAX THE SAX (კლუბი „Take Five”);
27 ივლისი, 21:00 _ MARIO BIONDI (ბათუმის ჩოგბურთის კორტები).
2008 წლიდან ბათუმის ჯაზფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

ოჯახში ძალადობის მაჩვენებლით რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა

მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.


ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის – 9%.


2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 – ქალი.


დაზარელებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი – 96, ქალი – 372.

რეგიონებს შორის ოჯახში ძალადობის რაოდენობით თბილისის (692 შემთხვევა) და ქვემო ქართლის (145 შემთხვევა) შემდეგ აჭარაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2007-2014 წლებში აჭარაში ოჯახური ძალადობის 88 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევის საპრეზენტაციო მასალაში აღნიშნულია, რომ ოჯახური ძალადობის რაოდენობრივ მაჩვენებელში შედის დამცავი ორდერების რაოდენობა.

რეგიონებს შორის ოჯახური ძალადობის ყველაზე ცოტა, ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში.

ფეხბურთი და ‘გაყიდული’ თამაშები

 

 

ბოლო წლებში მსოფლიო მასშტაბით „გაყიდული“ თამაშების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თურქეთის ორი საფეხბურთო კლუბი „უეფამ“ ევროტურნირებიდან მოკვეთა, ფენერბაჰჩე ორი წლით, კლუბი „ბეშიქთაში“ კი _ ერთი წლით. „უეფა“ „ფენერბაჰჩეს“ „სივასთან“ გარიგებულ თამაშს და სხვადასხვა მანიპულაციით 2011 წელს თურქეთის ჩემპიონატის მოგებაში ადანაშაულებდა, „ბეშიქთაშს“ კი – „ბუიუკშეჰირთან“ გარიგებით მოგებას.

სპორტული კორესპონდენტი ლაშა დვალიშვილი ამბობს, რომ გარიგებული თამაშები ყოველთვის იარსებებს, ისევე როგორც იარსებებს ნაკრებები, რომლებისთვისაც ფეხბურთი ყველაფერია.

 

„გარიგებული თამაშები ყოფილა ბევრი და სანამ ფეხბურთი იარსებებს, ყოველთვის იქნება. არსებობენ ნაკრებები, რომლებისთვისაც მთავარია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა და აბსოლუტურად მიუღებელია გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა. მეცინება ხოლმე როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბრაზლიამ გაყიდა საფრანგეთთან. ბრაზილია არის ის ქვეყანა, რომელიც გაყიდის ყველაფერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდეს. თუმცა აფრიკულ გუნდებზე შეიძლება მსგავსი რამის თქმა და ამის მაგალითებიც ყოფილა“.

 

სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ჩემპიონატებისგან განსხვავებით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე გუნდების მიერ თამაშის გაყიდვა ნაკლებადაა სავარაუდო.

 

„რა თქმა უნდა, გარიგებული მატჩების ერთეული შემთხვევები არსებობს. მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთ შეთქმულებას გამოვრიცხავ. ერთადერთი კამერუნის ნაკრებზეა საუბარი, რომ შვიდმა ფეხბურთელმა „ჩაუშვა“ თამაში და ხორვატიასთან 4:0 წააგო, რომ ამ მატჩზე დიდი ფსონი იყო. ფაქტი შეიძლება მართლაც იყოს, მაგრამ ის ვარაუდის დონეზე რჩება. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდმა გუნდებმა გაყიდონ ჩემპიონის ტიტული ან სპეციალურად გავარდნენ, მე არ მესახება რეალურად. როგორც ქართველი ფეხბურთელი გივი ნოდია იტყოდა „მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული თუ გაყიდეს, რას იყიდიან უკეთესს“.

 

გაყიდულ თამაშებში ტოტალიზატორების მნიშვნელობაზე საუბრობს სპორტულ ინტერნეტპორტალ www.worldsport.ge -ს ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი: 

„კორუფციული თამაშების ყოველთვის არსებობს. თუნდაც ის, რომ 90 წუთში არ გავიდა გოლი და დამატებით დროზე პირველივე წუთზე გავიდა, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. არის თამაშები, რომელშიც ტოტალიზატორები არიან ჩართული და მასში გარკვეული რაოდენობის ფეხბურთელებიც. მაგრამ ეს ვარაუდები და ეჭვებია და მტკიცებულებების გარეშე ხელს ვერავის დაადებ. ერთხელ მარადონამ თქვა, გააუქმეთ ტოტალიზატორები და ნამდვილი ფეხბურთი იქნებაო. მაგრამ ტოტალიზატორებს ისე აქვთ ფესვები გადგმული, ძნელია მას  მოერიო“.

 

თუმცა ლევან სალუქვაძე სტერეოტიპულად მიიჩნევს ტოტალიზატორების მიერ თამაშების მართვას:

„სინამდვილეში სწორედ ტოტალიზატორს არ აწყობთ „ჩაწყობილი“ თამაში იმიტომ, რომ ვინმე თუ დადებს გარიგებას, იმ ჩაწყობით ტოტალიზატორს უნდა მოუგოს ფული. არსებობს დიდ ტოტალიზატორებს შორის შეთანხმება, როდესაც არაადეკვატურად დიდი თანხა იდება ერთი გუნდის მოგებაზე. მაგალითად, ავიღოთ არგენტინა ჰოლანდიის ან გერმანია-ბრაზილიის შეხვედრა. ეს იყო თანაბარი გუნდების თამაში, ყოველ შემთხვევაში, მატჩამდე ასე გვეგონა. მსგავს სიტუაციაში ყველა ტოტალიზატორმა იცის, რომ თანხები თანაბრად ნაწილდება. მაგრამ ვინმეს რომ დაედო ფსონი, გერმანია 7:1 მოუგებსო ბრაზილიას, ეს გამოიწვევდა საფუძვლიან ეჭვს, რომ თამაში გარიგებულია. ტოტალიზატორი თვითონ რეაგირებს ამაზე იქამდე, სანამ მატჩი ჩატარდება. ისინი აფრთხილებენ ორგანიზატორებს, რომ ამ მატჩზე არაადეკვატურად დიდი თანხა შემოდის არარეალურ შედეგზე და იქნებ, უფრო ყურადღებით დააკვირდეთ მოვლენებსო“.

 

ერთი მხრივ კორუფციაა და დანაშაული მატერიალური მოგების მიზნით გაყიდული თამაშები, მეორე მხრივ, როგორც ლაშა დვალიშვილი ამბობს, მისი გამოვლენა რთულია და მასზე გამოძიება უნდა მუშაობდეს.

 

„იტალიაში, მაგალითად, „იუვენტუსის“ გარიგებულ თამაშებს ხუთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ“ მიმდინარეობდა გამოძიება, სატელეფონო მოსმენებითა და სხვა ხერხებით. ამიტომ გარეშე თვალს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ესა თუ ის თამაში გაყიდულია“.

 

გაყიდულ თამაშებზე საქართველოშიც საუბრობენ, კონკრეტულად „ოლიმპიკსა“ და „ვიტ-ჯორჯიას“, „სპარტაკსა“ და „სიონს“, „ლოკომოტივსა“ და „გაგრას“ შორის არსებულ გარიგებაზე.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, უეფასთან ერთად საქართველოც არის ჩაბმული ფეხბურთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

„გამონაკლისები ჩვენც არ ვართ და, სამწუხაროდ, საქართველოც იმყოფება იმ შავ სიაში, რომელშიც მოხვედრილია „გარიგებულ თამაშებში“ მონაწილე გუნდები. ჩვენ აქტიურად უნდა ვებრძოლოთ და ჩავერთოთ ამ პროცესში. უეფადან ჩამოსული იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც ცდილობენ აღმოფხვრან ასეთი სახის თამაშები და მხილებულნი იქნენ ეს გუნდები. საერთაშორისო დონეზე უნდა ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, ფეხბურთის ფედერაციამ და, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტრომ და უახლოეს მომავალში ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“.

 

მინისტრის თქმით, გაყიდული თამაშების პრევენციას, ჯერჯერობით, კანონმდებლობა არ არეგულირებს.

 

ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ გაყიდულ თამაშებში მონაწილეები უნდა დაისაჯონ: 

„ერთხელ პრეცედენტი იქნება ასეთ საქმეში, ფეხბურთელი იქნება, მწვრთნელი თუ მსაჯი გარეული, სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემენ. მერე სხვას, ალბათ, შეეშინდება, მოერიდება, გადაიფიქრებს. ერთი-ორი საგაზეთო სტატია ვერ უშველის მე მგონი ამას. ცხადია, ვხვდებით, რომ ასეთი რაღაცები არის, მაგრამ საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა მსგავსი ფაქტი გამოძიებულიყოს, დადასტურებულიყოს და ვინმე დასჯილიყოს“.

ინტერვიუ ხელვაჩაურის ახალ გამგებელთან

 

ნადიმ ვარშანიძე
ნადიმ ვარშანიძე

ბატონო ნადიმ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას გააკეთებთ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, როგორც გამგებელი?

 

კოალიციის დევიზია – „ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“, აქედან გამომდინარე ყველა გამგებელმა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ჩემი, როგორც გამგებლის სამოქმედო გეგმა-მიზანი სოციალური პრობლემების მოგვარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.

 

ყველა პროგრამა ბიუჯეტით არის გათვლილი, შესაბამისად, წელს ის პროექტები ხორციელდება, რაც წლის დასაწყისში დაიგეგმა, გასული წლის აგვისტოდან ვასრულებდი გამგებლის მოვალეობას, საკმაოდ კარგი პროექტები იყო გათვლილი ბიუჯეტით, ვაშენებთ სოციალურ სახლს, სოფლებში გზებისა და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობდით, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონკრეტულ ღონისძიებებს ბიუჯეტის მიხედვით ახალ საკრებულოსთან ერთად დავგეგმავთ.

 

ხელვაჩაურში ყოველთვის პრობლემური იყო მიწის საკითხი, მოსახლეობა ვერ ახერხებდა მიწის დაკანონებას, რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება?

  

ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მიწებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება იყო. მიწა მას უნდა მივცეთ, ვინც დაამუშავებს, ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და მიწას, გლეხს ფუნქცია უნდა მიეცეს, ამისთვის ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს.

 

 

ჩვენი წინამორბედები გლეხს მიწას მხოლოდ იმიტომ არ უკანონებდნენ, რომ მიწის შუა ნაწილში ბილიკი ან წყალი გადიოდა. ვფიქრობ, მდინარემ თუ ბილიკმა გლეხისთვის მიწის დაკანონებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მობილური და კანონიერი გავხადოთ მიწის რეფორმა. აღნიშნულ საკითხზე უმაღლესი საბჭო აქტიურად მუშაობს.

 

რამდენად შეძლებთ ამას?

 

 

არამარტო მე, არამედ მთელმა ჩემმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, საკითხისადმი სწორი მიდგომა თუ იქნება.

 

 

როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული მიწის საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობას?

 

 

კომისიის მუშაობას მე იქედან გამომდინარე ვერ შევაფასებ, რომ ამ საკითხში ღრმად ჩახედული არ ვარ. თუ სახელმწიფოში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილი იყო მიწა საკუთრებაში გადაეცა, ის შესაბამისად მოიქცეოდა. 

 

 

ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხზე, ორი ჰესი შენდება, მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობით მათი უფლებები ირღვევა და აქციას აქციაზე მართავს, რამდენად გაინტერესებთ ეს პრობლემა, დაიცავთ თუ არა მოქალაქეების ინტერესებს. თქვენი აზრით, ხელისუფლება უფრო კომპანიის მხარეს ხომ არ იხრება, ვიდრე მოქალაქის?

 

 

სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ყველა საკითხი დეტალურად იქნება შესწავლილი, არც ერთი მეპატრონე არ დარჩება  დაზარალებული, თუ ეკუთვნის, მიიღებს კომპენსაციაა, თუ არა, ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად.

 

 

ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა. პირველ რიგში მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ, შემდგომ – ბიზნესზე. ბიზნესი ხელშეუხებელი და თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ არა მოქალაქეების ხარჯზე.

 

 

ჰესის მშენებლობის გამო იტბორება ტერიტორიები. დაიტბორება მარადიდის საჯარო სკოლაც და სოფლის სასაფლაოც კი, როგორია თქვენი მიდგომა ამ საკითხისადმი?

 

 

საკითხზე კომისია მუშაობს. ყველა კითხვაზე პასუხს კომისია გაგცემთ მას შემდეგ, როცა დასკვნები დაიდება, დასკვნების გარეშე ვერაფერს ვიტყვი.

 

 

რა იყო ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ მოქალაქეები თქვენი მუშაობის პერიოდში?

 

უმუშევრობა, ეს მემკვიდრეობით გვერგო. რეალურად ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს, ვცდილობთ შევქმნათ საშუალო ფენა, მაგრამ 1-2 წელიწადში ამის მოგვარება რთულია. პირველ რიგში, გლეხს უნდა დავუბრუნოთ ფუნქცია, მივცეთ მიწა, გაჩნდეს დოვლათი, გაჩნდეს აგრარული ბაზრები. სოფლის მეურნეობასთან ერთად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა სოფლად, რომ გლეხს სოფლიდან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს. 

 

თქვენი რამდენიმე წინამორბედი დააკავეს, აქედან გამომდინარე ხომ არ გაქვთ შიში, რომ თქვენც გახდეთ გაუგებრობის მსხვერპლი?

 

არანაირი შიში არ მქონია, თუ დააშავებ – დაგაკავებენ, კანონს არ დაარღვევ – არავინ დაგიჭერს. კანონი უნდა გედოს სამაგიდო წიგნად და კითხულობდე, ჩვენ მივდივართ სამართლიანობისკენ, კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის, გლეხიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული. 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, ციტრუსის გასაღებაა, რა კეთდება იმისთვის, რომ წელს ციტრუსის რეალიზების პრობლემა არ შეიქმნას?

 

ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, გვინდა, ხელვაჩაურში წელს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გავხსნათ და უფრო ეფექტური გავხადოთ ციტრუსის რეალიზება, რეალიზაციის საკითხი იდეალურთან ახლოს მივიყვანოთ.

 

გასულ წელს, თქვენი გამგებლობის პერიოდში, პრობლემის მოგვარების მიზნით სუბსიდია გამოიყო, თუმცა თანხა ვერ გახარჯეთ, იმის ფონზე, როცა მოსახლეობის ნაწილი დაზარალდა კიდეც, მაგრამ სუბსიდია ვერ მიიღო. ეს თქვენი ცუდი მუშაობის შედეგი ხომ არ ყოფილა?

 

ჩვენ გავეცით თანხის ერთი მესამედი – 1 200 000 ლარი, სუბსიდიის გაცემისას ვალდებულება იყო, რომ უნდა წარმოედგინათ ციტრუსის მიღება-ჩაბარების აქტი. ვინც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია სუბსიდია გაიცა, დეკლარაციის გარეშე თანხას ვერ გავცემდით, ეს კი ყველამ კარგად იცოდა, არაერთი კრება გვქონდა ჩატარებული, გავდიოდით სოფლებში, მაგრამ იყო სხვა გარემოებაც, დიდი თოვლი მოვიდა, ზოგს გაუყინა მანდარინი, რამაც ხელი შეუშალა რეალიზაციას. ვაღიარებთ, ჩვენი მხრიდანაც იყო ხარვეზები, გასაღების ბაზრებმა შეგვიშალა ხელი, ადგილზე ვერ გასაღდება და მისი გასაღების ბაზარი უცხოეთია, მოგეხსენებათ უკრაინაში რა ვითარებაც შეიქმნა გასულ წელს. ჩვენი მიზანი არ იყო თანხა გამოგვეყო და არ მიგვეცა, ჩვენი მიზანი მათი ხელშეწყობა იყო.

 

 

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა კუთხით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

 

რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა, ამასთან ერთად გზისა და წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს. წყალი ყველა ოჯახში უნდა მივიდეს, კომპლექსურად აუზიდან ონკანამდე.

 

აპირებთ თუ არა კადრების გადახალისებას?

 

აუცილებლად, რა სახის იქნება ამას 15 ივნისის შემდეგ ნახავთ.

 

ხუთი წლის განმავლობაში ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა გეკავათ, რა გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

 

ქვეყნად მუდმივი არაფერია, ხუთი წელი ვიყავი რექტორი, მანამდე სასწავლებლის ლექტორი ვიყავი და თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობა ისევ ლექტორად გავაგრძელე, დღესაც ლექციებს ვკითხულობ. ჩემი პროფესია პედაგოგობაა, საზღვაო აკადემიის პროფესორი ვარ და პენსიაში გასვლას აკადემიიდან ვაპირებ.

 

 

ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები და რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

 

მყავს მეუღლე და სამი შვილი, მეუღლე დიასახლისია, უფროსი ქალიშვილი `ვითიბი~ ბანკში მუშაობს, თან მაგისტრატურაში სწავლობს, შუათანა მე-4 კურსის სტუდენტია, უმცროსი სკოლის მოსწავლეა.

მაქვს მამაპაპისეული სახლი ურეხში და ავტომობილი „მერსედესი“.

„ნაცარქექია“ ჭარნალში

 

სპეკტაკლი სოფელ ჭარნალში, კულტურის კლუბში გაიმართება. სამოყვარულო თეატრი „ნაქარქექიას“ წარმოადგენს. 

დასწრება თავისუფალია.

 

პლაჟზე საკითხავი

 

1. აკა მორჩილაძე, „შობა ღამის ალქაჯები“ – რამდენიმე შესანიშნავი მოთხრობისგან შემდგარი, ძალიან საინტერესო კრებული. გამოკვეთილი, ცოცხალი, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, დახვეწილი ენით, ახალგაზრდული თავგადასავლებით, თბილისელი, ჩვეულებრივი გოგო-ბიჭების ამბებით. აკა მორჩილაძე, როგორც ყოველთვის, დახვეწილი იუმორით ხვდება ზუსტად მიზანში – ეს მოთხრობები არასდროს დაგავიწყდებათ, იმიტომ, რომ აქ ბევრი რამ თქვენზეა, სწორედ თქვენზე.

 

 

2. რეი ბრედბერი, „ბაბუაწვერას ღვინო“, ერთ-ერთი გენიალური წიგნი, რომელიც ზაფხულზე დაწერილა. საოცარი, დაუვიწყარი ისტორია, სითბოთი და სიკეთით გაჟღენთილი წიგნი, პატარა დაგლას სპოლდინგის თვალით დანახული, ერთი ჩვეულებრივი ამერიკული ქალაქის ჩვეულებრივი ზაფხული, თავისი ბებიებით, ბაბუებით, ვერანდაზე ცივი ლიმონათის სმით, ბალახის სურნელით, ბავშვური შიშებით და აღმოჩენებით. არ გადადოთ ამ წიგნის წაკითხვა მომდევნო შვებულებამდე, იმიტომ, რომ „ბაბუაწვერას ღვინო“ ის წიგნია, რომელსაც ადამიანების შეცვლის უნარი შესწევს, უკეთესობისკენ შეცვლის.

 

 

3. ვუდი ალენი, „თანამდევი მოვლენები“ – უდიდესი რეჟისორის წარმატებული ლიტერატურული ექსპერიმენტი. ცრემლებამდე სასაცილო ისტორიები ებრაელებზე, ამერიკელებზე, ფრანგებსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებზე, ირონია და უფრო მეტი თვითირონია, ვუდი ალენი – სასაცილო, ნიჭიერი კაცი ნიუ იორკიდან.

 

 

4. ვუდჰაუზი, „დაიკიდე, ჯივზ“ – თუ გიყვართ ბრიტანული, მოზომილი იუმორი, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა დაწერილი. ექსცენტრული ლონდონელი ჯენტლმენისა და მისი მოხერხებული მსახურის ისტორიები საუკეთესოა ზაფხულის მოთენთილი შუადღეების გასახალისებლად.

 

 

5. გიიომ მიუსო, „და შემდეგ…“  – თანამედროვე ფრანგი მწერლის, ახალგაზრდა მიუსოს მსოფლიო ბესტსელერი. მსუბუქი, გასაგები ენით დაწერილი ამაღელვებელი სიყვარულის ამბავი. ისტორია გრძნობებზე, რომლებსაც სიკვდილიც ვერ ცვლის. ამბავი ადამიანის დანიშნულებაზე, ვიწრო ზღვარზე ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის.

 

 

6. დიანა ანფიმიადი, „პირადი კულინარია“ –  ეს წიგნი უბრალოდ რეცეპტების კრებული არ გეგონოთ. ეს გემოებად დამახსოვრებული ამბების კრებულია, საინტერესო ისტორიები, რომლებიც  ამა თუ იმ საკვებს უკავშირდება. ვანილისა და შოკოლადის სურნელიანი, ზოგჯერ მსუყე და ზოგჯერ მსუბუქი  ამბები ბევრი თქვენგანის გულს მოიგებს.

 

 

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

 

მოსახლეობა, ელექტროგადამცემი ხაზი და სახელმწიფო

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სააქტო დარბაზი ქედის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოქალაქეებით იყო სავსე. მოქალაქეები იმ დოკუმენტის განხილვაზე მივიდნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განსახილველად გამოიტანა. განხილვას „ახალციხე-ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ავტორი – კომპანია „დგ კონსალტინგი“, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მათი განცხადებით, ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კილოვოლტის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზანი  საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროსისტემის გაძლიერებაა. გადამცემი ხაზი, რომელიც ახლა აჭარაში გადის, 35 კილოვოლტისაა და მოძველებულია. ამის საილუსტრაციოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა ქედაში მცხოვრებთ გასული წლის დეკემბერში მოსული თოვლი და მისგან გამოწვეული უშუქობა გაახსენა (თუმცა, გადამცემი ქსელი უკავშირდება თურქეთის ანალოგიურ ქსელს და სწორედ ამ გზით იგეგმება აჭარაში ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის თურქეთისთვის მიწოდება).

 

„მოგვიწევს განსახლება? რამდენია ბუფერული ზონა? მიწაზე კომპენსაციას მოგვცემენ? არ შეიძლება ხაზი ჩემი სახლიდან რომ გადაწიოთ? ექნება თუ არა გამოსხივება ელექტროგადამცემ ხაზს? – ეს ის კითხვები იყო, რასაც შეხვედრაზე მისული მოსახლეობა სვამდა. შეხვედრის დასასრულს მოქალაქეებმა თქვეს, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

 

„დგ კონსალტინგის“ ხელმძღვანელმა დავით გირგვლიანმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ ბუფერული ზონა ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს 32-32 მეტრია. ხაზის დერეფანში შესაძლოა იყოს მხოლოდ სამუშაო ზონა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი. ყველა მოსახლე, რომლის საცხოვრებელი სახლი ამ ზოლში მოხვდება, უნდა გასახლდეს.

 

„მე ვცხოვრობ სოფელ გოგიაშვილებში. უშუალოდ სოფელს კვეთს გადამცემი ხაზი.  ჩემი სახლის თავზე გადის ზუსტად, ჩემი მეზობლების სახლებზედაც. არ მინდა არსად გასახლება, გადაიტანეთ ეგ ხაზები იქით. მეორე მხარიდან შეგიძლიათ გაიყვანოთ. არც დასახლებაა და არც არაფერი. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიცოცხლოთ. ჩვენ არ ვართ სახელმწიფოს წინააღმდეგი, მაგრამ ნურც სახელმწიფო წავა ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა შეხვედრაზე სოფელ გოგიაშვილების მკვიდრმა შოთა არძენაძემ.

 

კიდევ ერთი სოფლის, ცხმორისის მკვიდრი ხუსეინ კონცელიძე ამბობს, რომ მისი სახლი წითელ ზოლშია და მას შემდეგ, რაც ელექტროგადამცემ ხაზს გაიყვანენ, გასახლება მოუწევს. „არსად წასვლა არ მინდა. ჩემს სახლში მინდა ცხოვრება“, – ამბობს ხუსეინ კონცელიძე.

 

მისი მეზობლის, მინდია კონცელიძის თქმით კი, დაფიქრდება, თუ სახელმწიფოსგან კონკრეტულ შეთავაზებას მიიღებს.

 

„ცხმორისში ორ მოსახლეს უწევს განსახლება. სახლს მარტო ჩვენთან ეხება. მოვიდნენ, გადაიღეს სურათები, აღწერეს. გვითხრეს, ამ ადგილას სამუშაო ზონა შეიძლება იყოს, ცხოვრება კი არ შეიძლებაო. მე არ მინდა გასახლება, მთელი ცხოვრება აქ გავატარე. თუ მოითხოვენ, მაშინ ისე უნდა დამაკმაყოფილონ, რომ სხვაგან წავიდე და ახალი სახლი ავაშენო“, – ამბობს მინდია კონცელიძე.

 

ელექტროგადამცემი ხაზის 15% სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე გადის. „დგ კონსალტინგის“ წარმომადგენლის განცხადებით, არსებული პროექტის მიხედვით, განსახლება აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მხოლოდ 65 ოჯახს მოუწევს.

 

„65 ოჯახს უწევს განსახლება და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, 30 ოჯახამდე დავა“, – თქვა „დგ კონსალტინგის“ ხელმძღვანელმა დავით გირგვლიანმა.

 

რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვების სურვილი. ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სახელმწიფო ყველას კომპენსაციას მისცემს.

 

„თუ კერძო ქონება მოექცევა ამ პროექტის განხორციელების არეალში, მათზე კომპენსაცია გაიცემა. სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები როდესაც ხორციელდება, ვფიქრობ, იქ თითოეულმა მოქალაქემ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“,- ამბობს კახი კალაძე.

 

განსახლების ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ მოხდება კომპენსაციის გაცემა.

 

პროექტი 150 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც დაახლოებით 500 ანძის დამონტაჟება იქნება საჭირო. თითოეულ ანძას დაახლოებით 200 მეტრ კვადრატი ფართობი სჭირდება, ხოლო ე.წ. გადამცემი ხაზის დერეფანი 65 მეტრია. დერეფნის ზოლზე ზემოქმედება უმნიშვნელო იქნება და მასზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ისევ იქნება შესაძლებელი. პროექტის არეალში მთლიანად 120 ოჯახი ხვდება, ვისაც აყრა მოუწევს, აქედან ნაწილი აჭარის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ნაწილი – ახალციხესა და ადიგენში.

 

გამომდინარე იქიდან, რომ პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს, კომპენსაციები გაიცემა მსოფლიო ბანკის სტანდარტებით, რომელიც ქართული კანონმდებლობისგან განსხვავებულია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით მიწაზე კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ მესაკუთრეებს აქვთ, ხოლო მსოფლიო ბანკის სტანდარტებით საკუთრების დაურეგისტრირებლობა არ შეიძლება კომპენსაციის ან შემწეობის არგაცემის საფუძველი გახდეს. ასევე, მსოფლიო ბანკის სტანდარტით, პროექტის გამო დაზიანებულ, დანგრეულ ყველა სახლზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა, კომპენსაცია უნდა გაიცეს. ასევე ნათესების, ნარგავების კომპენსაციაც უნდა გაიცეს ყველა მესაკუთრესა და მოიჯარეზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა.

 

რაც შეეხება კომპენსაციას, იგი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით, ცვეთის დაურიცხავად. ამას გარდა, კომპენსაცია უნდა მოიცავდეს საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის გადასახადებსა და ქონების რეგისტრაციის ღირებულებას, ასევე ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. განსახლების ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა შეიმუშავებს იურიდიულ პროცედურას, რომლის საშუალებითაც მას შეეძლება განსახლებასთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯების აღიარება.

 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ელექტროსისტემა შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც შეძლებს მძიმედ დაზარალებული პირებისათვის გეგმით გათვალისწინებული დამატებითი შემწეობის გადახდას.

 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილი განსახლების დოკუმენტი ითვალისწინებს ნებისმიერი ქონების კომპენსაციას სრული ჩანაცვლებითი ღირებულებით, არამართლზომიერი მფლობელებისთვის ფინანსურ კომპენსაციას და ფინანსურ კომპენსაციას იმ ადგილმონაცვლე პირებისათვის, რომლებიც დაკარგავენ ბიზნესს ან განიცდიან სხვა მძიმე დანაკარგს.

 

ვინ მიიღებს კომპენსაციას

 

კომპენსაციას „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ მშენებლობის არეალში მოქცეული შემდეგი პირები მიიღებენ:

 

ყველა პირი, რომელიც დაკარგავს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შეუძლია საკუთრების მოპოვების უფლება.  რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული მოიჯარეები, შენობა-ნაგებობების, მოსავლის, ნარგავებისა და სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეები. პირები, რომლებიც დაკარგავენ ბიზნესს, შემოსავალს ან ხელფასს.

 

პირი, რომელიც სასოფლო სამეურნეო მიწას დაკარგავს, მიიღებს კომპენსაციას მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა შესთავაზონ ანალოგიური მიწის ფართობი სხვა ადგილას.

 

არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე კანონიერ მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთისა და სახლის საკომპენსაციოდ შესაძლოა მათთვის მისაღებ ადგილას, იმავე ღირებულების სახლი და ნაკვეთი შესთავაზონ, ან ამ ქონების საბაზრო ღირებულების ფულადი კომპენსაცია გადაუხადონ.

 

ნარგავებზე გაიცემა ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობაც გაანგარიშებული იქნება ნარგავის ტიპის, ასაკისა და მოსავლიანობის საბაზრო ღირებულებით.

თუ მშენებლობის დროს დაზიანდება სახლები, შეფასდება ზიანი და თითოეულ მოქალაქეს მიეცემა კომპენსაცია.

  

ვის შეცვლის ბათუმის ახალი მერი

 

გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, მას შეუძლია ერთპიროვნულად შეცვალოს მოადგილეები და მერიის სამსახურების უფროსები. „არჩეული მერის პრეროგატივა განსაზღვრულია კანონით და ამ უფლებას აუცილებლად გამოვიყენებ. უფლება მაქვს მერიაში პირდაპირ დავნიშნო 12 თანამდებობის პირი. ვიცე-მერები, დანარჩენი, კანონით ექვემდებარება კონკურსს და ატესტაციას“.

 

გიორგი ერმაკოვი აუცილებელ საკადრო ცვლილებებს წინასაარჩევნო დაპირებებს უკავშირებს: „მე პასუხისმგებლობა მაქვს ქალაქის მოსახლეობის წინაშე, უნდა განვახორციელო ის, რაზეც ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პროგრამაში“.

 

 

ბოლო პერიოდში იყო ტენდენცია, როცა საჯარო სამსახურებში კონკურსის შემდეგ სწორედ ის პირები აღმოჩნდნენ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსამდე  მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნნენ. ხომ არ გაგრძელდება იგივე ტენდენცია მერიაში? – კითხვას გიორგი ერმაკოვი შემდეგნაირად პასუხობს: 

 

 

„არა, არა. ჯერ ერთი, ეს კონკურსები არ ჩატარდება ჩვენ მიერ. ეს იქნება საჯარო ყველასთვის და ყველა ღირსეული დაიკავებს თანამდებობას თავისი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობის მიხედვით“. აღმოჩნდებიან თუ არა `ღირსეულთა სიაში~  მხოლოდ `ქართული ოცნების~ მხარდამჭერები ან მხოლოდ მისი გუნდის წევრები, გიორგი ერმაკოვი არ აკონკრეტებს: „ყველა დაიკავებს თანამდებობას ნიჭისა და გონების შესაბამისად“.

 

 

კანონის მიხედვით, მერს შეუძლია შეცვალოს მერიის სამსახურების უფროსები. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა ძნელაძე ამბობს, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „არავინ მინახია მაგ თემაზე სასაუბროდ, ალბათ არ იქნება არაფერი“, -ამბობს ის.

 

 

გოჩა ძნელაძისგან განსხვავებით, ცვლილებებს ელოდება მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ ბურკაძე: „ცვლილება ალბათ უნდა მოხდეს, როცა ხელისუფლება იცვლება. ვნახოთ, როგორ და რა იქნება. გამორიცხული არაფერი არ არის“.

 

 

ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ მისი თანამდებობა დანიშვნითია და ის მხოლოდ ატესტაციას ექვემდებარება: „ზოგადად, ცვლილების მოლოდინი არის, მაგრამ ჯერ არანაირი პროცესი არ მიდის. ჩემს თანამდებობას არ ეხება კონკურსი. ჯერჯერობით ამ თემაზე არ მქონია ვინმესთან საუბარი“. 

 

 

ატესტაციას ელოდება მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილების ხელმძღვანელი ირინა შერვაშიძეც: „ცვლილებებზე არ მსმენია არაფერი. ჩემი თანამდებობა არ ითვალისწინებს კონკურსს, თუ შემეხება ატესტაცია, მივიღებ მონაწილეობას ალბათ. შევხედავ, რა სიტუაცია იქნება“.

 

 

კანონის მიხედვით, კონკურსს ექვემდებარება ყველა ის თანამდებობა, სადაც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელი პირები არიან დანიშნული, სხვა თანამშრომლები კი ატესტაციას ექვემდებარებიან. ამ დროისთვის მერიაში 60-მდე პირი მუშაობს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, ხოლო საკრებულოში – ოთხი. ესენი არიან: საკრებულოს სამდივნოს უფროსი გულიკო ბაჟაშვილი, სამეურნეო ნაწილის სპეციალისტი ალეკო ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მალვინა კობალაძე და ჯანდაცვის კომისიის სპეციალისტი ბეგლარ ვარშანიძე.  საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გურანდა აბულაძე ამბობს, რომ კონკურსი მის თანამდებობას არ ეხება: „მე, პირადად, ვარ მუდმივ შტატზე დანიშნული, ამიტომ მხოლოდ ატესტაცია შემეხება. თუმცა, ცვლილების მოლოდინი აქვს ყველას“. 

 

 

ვის რა ფორმით შეიძლება შეეხოს საკადრო ცვლილება? – ამ კითხვას საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე ასე პასუხობს: „ფრაქციების სპეციალისტები შეიცვლებიან და ისინი დაინიშნებიან ახალი ფრაქციების თავმჯდომარეების წარდგინებით“. 

 

 

საკრებულოში ოთხი ახალი ფრაქცია შეიქმნა, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ თამაზ თურმანიძე უხელმძღვანელებს, „ქართული ოცნება-რესპუბლიკელებს“ – თეიმურაზ ყურაშვილი, „ქართული ოცნება-თავისუფალ დემოკრატებს“ – კობა ჩხეიძე. ერთი ფრაქცია კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იქნება და მას გიორგი კირთაძე უხელმძღვანელებს. როგორც იურისტი ამბობს, ფრაქციებს მხოლოდ თითო სპეციალისტის აყვანის უფლება აქვთ, რომლის ანაზღაურება თვეში 800 ლარია.

 

 

ახალი კოდექსის მიხედვით, მერიასა და საკრებულოში ატესტაცია-კონკურსი არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 120 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. „დაახლოებით 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს ყველაფერი“, – ამბობს იურისტი. 

 

 

როგორც იურისტი ამბობს, ახალი ვაკანსიები შესაძლებელია ატესტაციის ჩატარების შემდეგაც გაჩნდეს: „ატესტაციით მოწმდება საჯარო მოხელის კვალიფიკაცია. თუ ვინმე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეიძლება ისინი დააქვეითონ ან გაუშვან სამსახურიდან, ვაკანტურ ადგილზე კი, კონკურსი გამოაცხადონ“.  

 

 

შრომის კოდექსის მიხედვით, ატესტაციის დროს გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ორსულებზე, მათზე, ვისაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს და ა.შ. 

აკე და ანა ‘X ფაქტორიდან’

 

 

“X ფაქტორში” რატომ მიხვედით, რა მოლოდინი გქონდათ?

 

აკე: “მაგთიფანში” ვიყავით “X ფაქტორის” მონაწილეთა თითქმის ნახევარი. ჩემმა დამ ნახა ტელევიზორში რეკლამა და მირჩია მეცადა ბედი ამ კონკურსშიც. ანამ შემომთავაზა ერთად გავსულიყავით, მომეწონა იდეა, გავიარეთ კასტინგი, სიმღერა კონკურსის წინა დღეს მოვიფიქრეთ. არ ველოდებოდით გასვლას, გვეგონა კასტინგს ვერ გავივლიდით.

 

ანა: იქამდე ერთად მომზადებული ქავერი არ გვქონია, მხოლოდ აკეს დაწერილ სიმღერებს ვასრულებდით ერთად. ძირითადად სახლში ვმეცადინეობთ, ბარებში რომ უკრავს აკე, მეც დავყვები.

 

აკე: გამოცდილება მივიღეთ ამ პროექტით, კარგი იყო, თუმცა ეს ბოლო პროექტია, აღარ მინდა პროექტები. შეზღუდული ხარ, რაც გინდა, იმას ვერ მღერი. დადებითი ისაა, რომ ბევრი გვიცნობს უკვე, ქუჩაში ავტოგრაფსაც მთხოვენ, რაც ძალიან მაწუხებს. მიკვირს, როცა ავტოგრაფს მთხოვენ, ვეუბნები: აი, მაშინ თქვენი ავტოგრაფი მე მომეცით-მეთქი.

 

 მაყურებლისთვის საინტერესო იყო თქვენი იმიჯიც, ამაზე ვინ იზრუნა?

 

აკე: ყველაფერზე ანა ზრუნავდა, საყიდლებზე ერთად დავდივართ, ჩემთვის ნამდვილად არ არის საყვარელი საქმე, ვეხვეწები ხოლმე დაქალები წაიყვანოს, მაგრამ მე დამათრევს.

 

ანა: აკესაც კარგი გემოვნება აქვს, ხშირად მეხმარება. პროექტისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, რაც მიყვარს და როგორიცაა ჩემი ყოველდღიური სტილი, ისე გავედით სცენაზეც.

 

“X ფაქტორის” შემდეგ თუ გაქვთ საერთო მუსიკალური გეგმები?

 

აკე: მე და ანას გვსურს ლევან თხილაიშვილთან ერთად ბენდის შექმნა, ვგეგმავთ ლონდონში წასვლას. არ ვიცით რამდენად გამოგვივა, უბრალოდ ძალიან გვინდა. ჩემს ფრანგ მეგობარს მოვასმენინე ჩემი მუსიკა და ძალიან მოეწონა, მითხრა, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან, შენნაირ შემსრულებლებს ვეძებთო. მე ცოტა რთულად მეჩვენება, თუმცა ლონდონში წასვლის შანსი არსებობს. ალბომზე მუშაობას ერთ კვირაში დავიწყებთ, ამის მერე ვიტყვით, ვართ თუ არა მზად. ბენდი თუ ჩამოვაყალიბეთ, მე სოლისტი ვიქნები და რიტმგიტარაზე დავუკრავ.

 

ანა: მე ვიქნები მეორე სოლისტი, გიტარისტი და ჰაეროვან ინსტრუმენტებზე დავუკრავ. მინდა ჩელოზე დაკვრა ვისწავლო, ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლო.

 

 თქვენი მუსიკალური წარსული როგორია?

 

აკე: 16 წლის ვიყავი, ბენდი რომ გავაკეთე მეგობრებთან ერთად, „გარაჟი” ერქვა. მეხუთე კლასში გაქანებული რეპერი ვიყავი, “ემინემს” ვუსმენდი, 13 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეზობელმა მაჩუქა ლედ ზეპელინის კასეტა, მერე გადავერთე როკზე, ვისწავლე გიტარაზე დაკვრა. მარტო როკზე ჩაციკლული არ ვყოფილვარ, უბრალოდ განსაკუთრებულად მიყვარდა, დღესაც გამიჭირდება გითხრათ რა ჰქვია ჩემს მუსიკას.

 

ანა: პატარაობაში საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი, მერე უკვე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ინტერიერის დიზაინს ვსწავლობ, აკეს წყალობით მოვუბრუნდი მუსიკას.

 

აკე: 18-19 წლისამ დავიწყე წერა, ჩემი მუსიკა ადამიანებზეა, ჩემი აზრით ადამიანები არ უნდა გამოვიკეტოთ სახლებში, არ უნდა არსებობდეს საზღვრები, კანის ფერი და გართულებები.

 

ხშირად მესიზმრება მუსიკა, მერე ვიმახსოვრებ. ანამ დიქტოფონი მაჩუქა, რომ არ დამვიწყებოდა. დიქტოფონი ბალიშთან მედო, იქვე ახლოს – გიტარა, ტექსტიანად მესიზმრება, გავიღვიძებ თუ არა, გიტარაზე ვაწყობ და ჩამწერით ვიწერ.

 

ანა: სამი-ოთხი ალბომი შეიკვრება აკეს მუსიკით, ძალიან მომწონს აკეს მუსიკა, თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცოტა დეპრესიულია, გამხიარულებაში მე ვეხმარები.

 

 როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 

აკე: ზაფხული იყო, ჩვენი საერთო მეგობრები წავიდნენ მწვანე კონცხზე მიდიების ამოსაყვანად, მე და ანა იქ შევხვდით, ყველაფერი მახსოვს იმ დღეს რაც მოხდა, ანა მაშინვე მომეწონა.

 

ანა: ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს დიდი ხანი, მაშინ სოციალურ ქსელში მიმოწერაც კი გვქონდა, მაგრამ ერთმანეთი ნამდვილად ოთხი წლის წინ გავიცანით.

 

აკე: სულ შავები ეცვა ანას, მე რა მეცვა არ მახსოვს.

 

ანა: სულ შავები არ მცმია, პრინციპში, რომ დამინახე, უკვე კარგად შეზარხოშებული იყავი, მიდიებითა და ლუდით, აკეს ეცვა ყვითელი შორტები და შავი ზედა, რომელსაც ეწერა “ირეგალი”

 

 სიყვარულში როგორ გამოუტყდით ერთმანეთს?

 

აკე: რუსთავში კონცერტზე გამოვდიოდით, საქველმოქმედო კონცერტი იყო, ბევრნი ვიყავით, ანაც გამოგვყვა. ჯიმი ჰენდრიქსის „foxey lady”-ის, უკრავდა ანდღულაძე, ამ დროს გამოვუტყდი ანას, რომ მიყვარდა. რუსთავიდან მამაჩემს მოვყავდით მანქანით, მე წინ ვიჯექი, ანა – უკან, ხელი უკან მქონდა გადაყოფილი და თბილისამდე ხელჩაკიდებული ჩავედით.

 

ანა: ორი კვირის მერე უკვე გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში, პრინციპში მე ვუბიძგე, მერე სტაბილურად გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა.

 

აკე: ჩვენი პირველი პაემანი იყო ბათუმში, კოკისპირულად წვიმდა, ჩვენ გვეცვა საწვიმრები, ხელიხელჩაკიდებული დავსეირნობდით მშვიდად მთელს ქალაქში.

 


 როდის დაქორწინდით?

 

ანა: დეკემბერში გვქონდა ნიშნობა, აპრილში ყაზბეგში დავიწერეთ ჯვარი. სახლი გვქონდა ნაქირავები, სადაც ორი დღით ადრე ავედით, ყველანი ერთად ვერთობოდით, ჯვრისწერისთვის ყველა ერთად ვაწყობდით სუფრას, საინტერესო იყო მენიუ: შემწვარი კარტოფილი, კოკა-კოლა, პიცა, მწვადი, კიტრი და პომიდვრის სალათი.

 

აკე: ყველას გვეცვა ხევსურული ფორმები, სამ-სამი მეჯვარე გვყავდა, გერგეთის სამებაში დავიწერეთ ჯვარი, თითქმის ყველა ნაცნობი მუსიკოსი გვახლდა.

 

ერთად ცხოვრებას როგორ აგრძელებთ?

 

ანა: მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ისევ შეყვარებულები ვართ, ხანდახან მაბრაზებს, ჭურჭელს არ რეცხავს. მე ჯიუტი ვარ, აკე სულ დათმობაზე მიდის, სახლის დალაგებაზე ვკამათობთ ხოლმე, ახლა შენი ჯერია, ახლა შენი.

 

აკე: დილა იწყება ანას გაღვიძების მცდელობით, სადღაც 11 საათიდან ვიწყებ ანას გაღვიძებას, მინიმუმ 4-5 საათი მჭირდება, არაფერი არ შველის, არც წყლის დასხმა, არც ხვეწნა, არც ხმაური, არც საუზმის დახვედრება, ბოლოს თავად ვიღლები და ვანებებ თავს, მერე იღვიძებს და იწყება…

 

ანა: დღის განმავლობაში მუსიკაში ვმეცადინეობთ, ჩვენი ბინა არის შეკრების ადგილი, ყველა ჩვენთან მოდის და ვერთობით. პროექტის დროს ვეხვეწებოდით – დაგვასვენეთ.

 

როგორ ატარებთ დროს?

 

ანა: ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით მთიანი ადგილები მოგვწონს. ხშირად დავდიოდით მეგობრებთან ერთად მე და აკე კარვებით მთებში, ახლაც ვგეგმავთ მოგზაურობას, ძალიან კარგ ადგილებს ვპოულობთ. გვინდა სვანეთის, სამეგრელოს, ყაზბეგის შემოვლა. ამ ზაფხულს ვგეგმავთ ნეპალში წასვლას, იქედან ინდოეთში გადავალთ. სამი წელია ვოცნებობ ნეპალში წასვლაზე.

 

აკე: ზურგჩანთა, კარავი, მარშუტკა და ოპლა! ბევრგან დავდივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი, არასოდეს ვგეგმავთ მოგზაურობას წინასწარ, იქვე გადავწყვეტთ სად როგორ გავატაროთ დრო.

 


 რაზე ოცნებობენ აკე და ანა?

 

აკე: გვინდა ქალაქგარეთ, მთასთან ახლოს გვქონდეს სახლი, პატარა კოტეჯი, სადაც იქნება მუსიკალური კუთხეც.

 

ანა: ცხოველები მიყვარს ძალიან, თბილისში გვყავს ზღვის გოჭი, სანამ თბილისში ვცხოვრობთ, ჩემი ძაღლი და კატა დედაჩემს ჩავაბარე, ამას წინათ ძაღლის ლეკვი ვიპოვეთ, დავბანეთ, მოვუარეთ, მამაჩემი წინააღმდეგია, ამდენი ცხოველი რად გინდათო, მერე წაიყვანა ბებიაჩემთან. ახლა ქამელეონის ყიდვას ვაპირებ, მერე სხვა ცხოველები გვყავს გეგმაში.

ლაშქრობა ვერცხლის ტბაზე

კოლხური და წიწვოვანი ტყეები, მღვიმეები, უფსკრულები, ჩანჩქერები, მწვერვალები, ალპური მდელოები, მინერალური წყაროები და ულამაზესი, გამჭვირვალე ალპური ტბები – რომელსაც ტობავარჩხილს უწოდებენ, რაც მეგრულად „ვერცხლის ტბას“ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლის ტბისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია, ტობავარჩხილი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება ეკოტურისტებს შორის. ტურისტები ტობავარჩხილის ტბებს ჯადოსნურ ტბებს უწოდებენ. თუ საძიებო სისტემა `გუგლში~ ტობავარჩხილს ჩაწერთ, მსგავს შეფასებებს ნახავთ: „ნამდვილი სამოთხე“, „ბუნების საოცრება“ „მსრიხანე მზეთუნახავი“ და ა.შ.

აქვე იმასაც გაიგებთ, რომ ძველთაგანვე სამეგრელოში ტობავარჩხილს წმინდა ტბას უწოდებდნენ, რომელშიც ხელის ჩაყოფაც კი აკრძალული იყო, რადგან „ვაშინერს“ (მეგრულად – საშინელება) იწვევდა. ლეგენდა ლეგენდად დარჩა და ახლა სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს ეს ადგილი.

მოხერხებული ფეხსაცმელი, კარგი ზურგჩანთა, კარავი, მშრალი საკვები, პატარა გაზქურა გასათბობად და ლაშქრობის გამოცდილება – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ტობავარჩხილისაკენ მიმავალ ტურისტს სჭირდება.

რომან თოლორდავა პირველად ტობავარჩხილზე 1998 წელს იყო. იგი მკვლევარი-ფოტოგრაფია და ტობავარჩხილზე ქართველ და უცხოელ ტურისტებსაც უწევს მეგზურობას. იგი ამბობს, რომ ტობავარჩხილის დალაშქვრის მსურველთა რაოდენობა ამ ეტაპისათვის უჩვეულოდ ბევრია.

„აქამდე ტობა თოვლით და ყინულით იყო დაფარული, წელს უხვი ნალექი მოვიდა ტბაზე და გვიან დაიწყო სეზონი. ადრე სკეპტიკური დამოკიდებულება იყო სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის მიმართ, ახლა ეს დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. ამ მარშრუტზე არის რამდენიმე ენდემური სახეობის ჯიში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი სახეობა, როგორიცაა კოლხური ყოჩივარდა, რომლის გავრცელებების არეალი საკმაოდ შეზღუდულია და იგი დიდ ინტერესს იწვევს სამეცნიერო წრეებში. ტობავარჩხილი ერთადერთია, სადაც ერთ მარშრუტზეა განლაგებული მდინარე, მინერალური წყალი, მღვიმე, ენდემური ჯიშები, ტბა, მწვერვალი, კასკადური ჩანჩქერები და მყინვარები“, – ამბობს რომან თოლორდავა.

კითხვაზე, როგორ ურჩევს ტობავარჩხილისაკენ მიმავალ ტურისტებს მარშრუტის დაგეგმვას, იგი პასუხობს, რომ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ჩასულ ადამიანს, საიდანაც იწყება გზა ტობავარჩხილის ტბებისკენ, ადგილზევე შეუძლია დეტალების გარკვევა, მაგრამ სჯობს ჩამოსვლამდე იყოს ინფორმირებული და მოაგვაროს ისეთი საკითხები, როგორიცაა მანქანისა და ცხენების დაქირავება.

„ამ რეგიონში რამდენიმე ტბაა განლაგებული: ცაშკიბულის ტობავარჩხილი, ჭითაგვალვას ტობავარჩხილი და ა.შ. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ტბის მონახულება უნდა და, შესაბამისად, რა დროს დახარჯავს ამისათვის. ერთი ტბის მოსანახულებლად სამი დღე საკმარისია. თუ უნდათ ორი ტბა ნახონ, ამისათვის ოთხი დღეა საჭირო, თუ ყველა ტბის ნახვა უნდათ, მინიმუმ ექვსდღიანი ექსპედიციაა საჭირო.

სოფელ მუხნურიდან ალპურ ზონამდე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, გასავლელია 38 კილომეტრი. არის ჯგუფები, რომლებიც გადიან ამ მანძილს ფეხით და ჯგუფები, რომლებსაც ურჩევნიათ ეს მანძილი დაფარონ მანქანით. აქედან ტობავარჩხილამდე რვა კილომეტრია. თან მიჰყავთ ცხენი, რომ წამოიღოს ბარგი. რა თქმა უნდა, ეს აადვილებს მარშრუტს. ხშირად ასეთი ჯგუფები ერთ დღეშიც ჩადიან პირველ ტბამდე. შემდეგ მეორე დღეს გადადიან ჭითაგორას ტობავარჩხილამდე, მანძილი სულ სამი კილომეტრია, მესამე დღეს ათვალიერებ უკვე სხვა ტბებს, გარდა ერთისა, სადაც მისასვლელი გზა უფრო რთულია და ოთხ დღეში ახერხებენ ამ მარშრუტის დაფარვას“, – ამბობს რომან თოლორდავა.

იგი ტურისტებს არ ურჩევს ტობავარჩხილზე გამყოლის გარეშე წასვლას.

რაც შეეხება ფასებს, რომან თოლორდავა ამბობს, რომ ცხენის ერთი დღით დაქირავება დაახლოებით 70 ლარი ღირს, სამხიდიანი მანქანის, რომელიც ტურისტებს მუხნურიდან ტობავარჩხილისაკენ მიმავალ გზამდე მიიყვანს – 500-600 ლარი, პროფესიონალი გიდის, რომელიც გზის გარდა ტურისტებს ენდემური ფლორისა და ფაუნის შესახებაც მიაწოდებს ინფორმაციას – 100 ლარი.

„ღამისთევა ხდება კარვებში, ალპურ პირობებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად შეირჩეს ღამისთევისათვის შესაფერისი ადგილი. ჩვენ ბევრი სამაშველო და საძიებო სამუშაო ჩაგვიტარებია ამ ტერიტორიაზე და ყველა შემთხვევაში პრობლემას იწვევდა მარშრუტის არცოდნა და არაპროფესიონალი გიდი. პროფესიონალ გიდს შეუძლია ინსტრუქტაჟი გაუწიოს ჯგუფს კარვების გაშლაში, მინიმალური სამედიცინო ცოდნა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი ივლის უსაფრთხოდ. კიდევ ერთი პრობლემა: მარშრუტის მთელ მონაკვეთზე, დაწყებული ალპური ზონიდან, არ არის მობილური კომუნიკაცია, ამიტომ როცა ჯგუფი მოძრაობს, აუცილებელია ჰქონდეთ სატელიტური ტელეფონი“, – ამბობს რომან თოლორდავა.

ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ ტურისტებს შეუძლიათ მეჯოგეებთანაც შეიარონ ქოხებში და მთებში მომზადებული მეგრული კერძები დააგემოვნონ, მათ შორის ცნობილი ელარჯიც. ხუთი ადამიანისათვის მომზადებული ელარჯის დიდი ულუფის ფასი 50 ლარია.

ტობავარჩხილზე ლაშქრობებს რამდენიმე ტურისტული კომპანია უწევს ორგანიზებას. მათ შორისაა „ტობა თრექინგი“, რომელიც ჩხოროწყუში მდებარეობს. კომპანიის მენეჯერი გელა იზორია ამბობს, რომ ტურისტებისთვის მათ მომსახურების სრული პაკეტი აქვთ: „სასტუმრო, ტრანსპორტი, გიდი, ცხენები, სამი ღამე ტობავარჩხილზე და მეოთხე დღეს ვბრუნდებით უკან. 160 ლარი ღირს ასეთი ტური“.

რა უნდა ჰქონდეს თან ტობავარჩხილზე მიმავალ ტურისტს? „მშრალი საკვები, კარავი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ბათინკები და კედები“, – პასუხობს ლევან იზორია.

რომან თოლორდავა ამბობს, რომ აუცილებელია კარავიც შესაფერისი იყოს: „კარავი აუცილებლად უნდა იყოს მაღალ ნალექზე გათვლილი, ანუ 2000 მლმ ნალექის ატანა უნდა შეეძლოს ზედა მხარეს, 3000 მლმ – ქვედა მხარეს. ეს ალპური ზონაა და იქ ნალექის ინტენსივობა სულ სხვაგვარია, ვიდრე დაბლა“.

ტურისტებს სრულ მომსახურებას, მათ შორს კარვებით უზრუნველყოფას სთავაზობს ტურისტული კომპანია „ტაო-კლარჯეთი“. კომპანიის მენეჯერი, ქართლოს ჭაბაშვილი ამბობს, რომ ტობავარჩხილზე სამდღიანი ტურის ფასი 250-300 ლარიდან წყება. „ჯგუფის მოთხოვნის მიხედვით ვადგენთ ტურს, ამით განისაზღვრება ფასიც. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იქნება ჯგუფში“, – ამბობს ქართლოს ჭაბაშვილი.

გოჩა მინჯორაიამ ტობავარჩხილი შარშან დალაშქრა. „ჩვენ ავირჩიეთ გრძელი მარშრუტი, 5 დღე დაგვჭირდა, ყველაზე მაღალ ტბაზე ვიყავით. თუ კარგი ამინდია და ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნება, ხუთ დღეში შეიძლება ამ გზის დაფარვა, მოკლე მარშრუტზე სამი დღე შეიძლება დაგჭირდეს“, – ამბობს გოჩა. იგი ამბობს, რომ არ ურჩევს ახალბედებს ტობავარჩხილით ლაშქრობის დაწყებას: „განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება არა, მაგრამ ლაშქრობის გამოცდილება საჭიროა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ზურგჩანთის ჩალაგებას, ზედმეტი რომ არ წაიღო, მშრალი საკვებია საჭირო, თავიდან ამას არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მერე პრობლემური ხდება. აუცილებელია საწვიმარი, ზურგჩანთაში რა სად დევს, იმასაც მნიშვნელობა აქვს. ზოგი ეძებს და დრო გადის. ჯგუფი კი არ ჩერდება, წვიმაა – მიდიხარ, ბურუსია – მიდიხარ,  ნახევარი საათი თავსხმა წვიმაში შეიძლება მოხვდე, მერე სიცხეში, ამინდი სწრაფად იცვლება. ძნელი მარშრუტია და დასვენების ბევრი დრო არ არის. არის შემთხვევები, როცა უკანაც კი ბრუნდებიან“, – ამბობს გოჩა.

ლევან იზორიას თქმით, ტობავარჩხილზე 9-12 აგვისტოს მოლაშქრეთა „ტობა ფესტივალი“ იმართება. სწორედ ეს პერიოდი, აგვისტოს პირველი დეკადა, მიიჩნევა საუკეთესო სალაშქრო სეზონად ტობავარჩხილზე.

მუსიკა როგორც პირადი დღიური

თინათინ შურღაია

„სიმღერების წერა ძალიან ბანალურად დავიწყე, სევდიანი ვიყავი, სენტიმენტალურ განწყობაზე. მეგონა, რომ იმ მომენტში ვიღაც მომწონდა. სხვათა შორის, ქართული იყო პირველი მუსიკა, რომელიც დავწერე. ვწერდი ჩემთვის და იშვიათად ვანახებდი ვინმეს, დედას ან ოჯახის წევრს. მიმაჩნდა, რომ ეს დღიურებივით იყო. დღიურების წერა იმიტომ მეზარებოდა, რომ რაღაც ინტერაქტივი არ მქონდა დღიურებთან. სიმღერებთან  მქონდა. ნიკო ნერგაძემდე ჩემი მუსიკა არ გასულა ჩემი დიდი ოთახის ფარგლებს გარეთ.

ხშირად, როცა ფორტეპიანოსთან ვჯდები, ვიცი, რომ მაქვს რაღაც სათქმელი. ავიღებ აკორდს და ის მკარნახობს, სად უნდა წავიდე. როგორც წესი, სიმღერასა და ტექსტს სულ ერთად ვწერ.

საკმაოდ ქრონიკული დეპრესიები მაქვს ხოლმე, ტალღები დეპრესიების. ვიცი  მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ისეთი პრობლემებია, შეიძლება ჩემი პრობლემები სასაცილოდაც არ ეყოს სხვას, მაგრამ როცა დეპრესია მაქვს, იმ მომენტში ცუდ ხასიათზე მაყენებს, საოცარი რაღაცები მჭირს შიგნით.

ამავდროულად იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ეს რაღაცები მჭირს. ეს მაწერინებს მუსიკას, ეს ხასიათის ცვლილება, ეს დეპრესიულობა, ეს იმედგაცრუებები, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს ერთი კვირა, ორი ან ერთი დღე. იმდენ სათქმელს აგროვებს, რომ უნდა ვთქვა. ამიტომ ვამბობ, რომ დღიურებივით იყო სიმღერების წერა ჩემთვის. რაც მიგროვდება, სათქმელს მუსიკით ვამბობ.

პოპულარობა? – პოპულარობა არ არის ჩემთვის ცხოვრების აზრი, გინდა თუ არა უნდა ვიყო პოპულარული. არ ვიცი, ეგ რატომ უნდა გქონდეს. მუსიკას აქვს ისეთი რამე, გინდა გააზიარო. გაუზიარო ადამიანებს. არ არის აუცილებელი  ელოდებოდე რაღაცას უკან. ეს უნდა გასცე, რადგან სხვაგვარად არ შეგიძლია.

ვერასდროს ვუსმენდი მუსიკას, რომელშიც  აზრი არ იყო. მიყვარს ისეთი სიმღერების მოსმენა, რომელშიც ტექსტი გიყვება ისტორიას ან მუსიკაა მძლავრი. უმეტესი სიმღერები მაქვს დაწერილი ადამიანების ისტორიებზე. იმ ადამიანების, თავიანთ ამბავს რომ მიყვებიან, სევდას მიზიარებენ. მუსიკა ჩემი თანადგომაა მათ მიმართ. როცა გინდა ადამიანს თანადგომა აგრძნობინო, სწორი სიტყვები უნდა შეარჩიო.

ყველა ჩემი სიმღერის ტექსტი ინგლისურენოვანია. სიმღერები, რასაც დღეს ხალხს ვაცნობ, დაწერილი მაქვს ამერიკაში ცხოვრების პერიოდში. გათიშული მქონდა ქართული აზროვნება, ვერ გადავრჩებოდი სხვანაირად. დღეს რატომაც ვერ ვწერ ქართულად, არის ის, რომ ვერ ვამბობ ჩემს სათქმელს ქართულად. ვერ ვპოულობ სწორ სიტყვებს, ვერ ვპოულობ სინონიმებს. ინგლისურად მძიმე რაღაცების თქმაც კი მსუბუქად გამომდის. ინგლისური მოძრავი, ელასტიური ენაა და ჩემს სათქმელს ნათლად გადმომაცემინებს.

ქართული მუსიკა? – ვუსმენ სვანსიხს, ეკო დეისაძესაც ვუსმენ. საერთოდ ნებისმიერ ქართულ მუსიკას, რომელსაც ვპოულობ, დიდი სიამოვნებით ვუსმენ. იმდენი ხანი არ იქმნებოდა კარგი მუსიკა, იმდენი ხანი შემსრულებლები იყვნენ მხოლოდ და მუსიკოსები არ იყვნენ, ახლა მგონია ყველამ უნდა ვუბიძგოთ, ერმაც და ბერმაც. ძალიან კარგი დიჯეები გვყავს, ვინსენტ ვოლტი ძალიან მომწონს. მის მოსასმენად ბათუმშიც კი ჩამოვედი. გოგი ძოძუაშვილზე აღარ ვიტყვი როგორ მომწონს.

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ამერიკაში ვმუშაობდი პროფესიით, ჩემს ლექტორთან უნივერსიტეტში. მე მუსიკაში მომწონს ის, რომ შემიძლია სათქმელი ვთქვა თავისუფლად, დამოუკიდებლად და არავინ ამაში არ შემზღუდავს. ჟურნალისტიკაც ამიტომ მომწონდა _ შემეძლო თავისუფლად მეთქვა რაც მინდოდა. ახლა ის ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, მუსიკაში უფრო ლამაზად ვახერხებ ამის გაკეთებას. ჟურნალისტიკა მაგარია, მაგრამ ახლა მე ასე უფრო მომწონს სათქმელის თქმა.

არ მაქვს მუსიკალური განათლება და ვაკეთებ ყველაფერს, რომ მქონდეს. რომ ვიცოდე ფორტეპიანო, რომ ვიცოდე მუსიკის თეორია, ამას დიდი დრო მიაქვს.

მუსიკით ფული არ იშოვება. მუსიკა არ ამირჩევია იმიტომ, რომ ფული მეშოვა. ეს ის არის, რაც მე თვითონ მჭირდება. მათ, ვინც მეუბნება, შენი მუსიკა მშველის და დღეს მიმსუბუქებს, წარმოდგენაც არ აქვთ რას ნიშნავს ჩემთვის ერთი სიმღერის დაწერა. ყველანაირი ტრაგედია გამომდის სხეულიდან და მინიმუმ თვენახევარი ვარ მშვიდად. მერე ისევ ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა დავწერო. და ასე გრძელდება.

არ მსურს ჩემი მუსიკა გახდეს კომერციული. მაგრამ ერთი წლის მერე სად ვიქნები და რას ვიფიქრებ, ნამდვილად არ ვიცი. დღეს გულწრფელი ვარ ამ პასუხში. დღეს არ მინდა, რომ ჩემი მუსიკა იყოს კომერციული.

ძალიან რთულია კონცერტების გაკეთება. არ მყავს მენეჯერი და არც ვეძებ. არ მყავს პროდიუსერი და არც ვეძებ. რომც მყავდეს, ვერაფრით დამეხმარებოდნენ. არ არის სივრცე, სადაც შეიძლება მიხვიდე და უთხრა, იცით, მე, უბრალოდ, გამოვალ და ვიმღერებ. რამდენიმე ადგილი არის და ვმღერი. მაგალითად, „დივანი“ თბილისში.  ძალიან კარგ საქმეს აკეთებს „ვიტამინი“, რომელიც მაძლევს სივრცეს საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად. ხშირად კლუბები ისეთ თანხას მეუბნებიან კონცერტის ჩასატარებლად, რომ ვერაფრით ვერ გადავიხდი ჩემი ჯიბიდან.

ერთხელ ვთქვი, მინდა სტადიონები შევავსო-მეთქი და ეს აიტაცეს როგორც ნეგატიური რამ. მეკითხებოდნენ „ზედმეტად ამბიციური ხომ არ ხარ“. არ ვარ ზედმეტად ამბიციური. უბრალოდ, მგონია, რომ სტადიონი ჩემთვის ის ადგილია, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვანახებ ჩემს სათქმელს და ვეტყვი მადლობას. თუმცა ჩემი სურვილი რაც არის, ესაა არ დამეკარგოს მუხტი მუსიკის წერის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნო. მეტი რაღაც ვნახო, რომ ამაზე მერე ვწერო. ამაზე დიდი ამბიცია ადამიანს ვერ გექნება _ აგრძელებდე რაღაცის შექმნას. აი ეს არის ჩემი მთავარი ამბიცია, რომ ვწერო, რომ ის მუხტი, რომელიც სამწუხაროდ ხელოვანებს ხშირად უქრებათ, არ გამიქრეს და ვწერო მეტი და მეტი. უფრო და უფრო საინტერესო და უფრო და უფრო ღრმა რაღაცები”.

საქველმოქმედო კონცერტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად

 

კონცერტი პიაცაზე საღამოს ცხრა საათზე დაიწყება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება. 

 

“შესასვლელში იქნება ყუთი, სადაც თქვენი სურვილისამებრ ჩააგდებთ თანხას. შემოსული თანხა მოხმარდება ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების მკურნალობას,” – ნათქვამია “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

 

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი წუთით გაჩერდა

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბოდიშს უხდის მგზავრებს და კომპანიის სახელით უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

აჭარის დასაქმების სააგენტო დამსაქმებლებთან შეხვედრებს აწყობს

 

აჭარის დასაქმების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2011 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაარსების დღიდან ორგანიზაციას 7443 ადამიანი ჰყავს დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში. დასაქმების სააგენტოს ორგანიზაციები ვაკანსიებს ტელეფონის, ელ – ფოსტის ან პირადი ვიზიტის საშუალებით აწოდებენ.

 

დასაქმების სააგენტოს განმარტებით, სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, სააგენტოს მიერ შეთავაზებული რეზიუმეს განხილვასა და კადრების შერჩევაზე გადაწვეტილებას დამსაქმებელი დამოუკიდებლად იღებს.

სტიქიით დაზარალებული 6 ოჯახი დღეს ბინას მიიღებს

 

 

ბინების გადანაწილების პროცესს  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები  დაესწრებიან.

 

ბინებს მიიღებენ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები თ. დუმბაძის და ა. დუმბაძის ოჯახები, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები რ. დიასამიძის ოჯახი, სოფელ ჟანივრში მცხოვრები ფ. ბერიძის ოჯახი, სოფელ წინკალაურში მცხოვრები ნ. დუმბაძის ოჯახი, ასევე სოფელ პაპოშვილებში მცხოვრები ა. ფუტკარაძის ოჯახი.

 

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.

 

2013 წელს აჭარაში საცხოვრებელი ფართით  სტიქიის შედეგად დაზარალებული 163 ოჯახი დაკმაყოფილდა.

რატომ არის გამორთული ელექტროტაბლოიდი?

 

 

 

როგორც ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ბესიკ დათიაშვილი ამბობს, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლოიდი დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროობის პრობლემაა.  ელექტრო მავთული ტრაქტორმა რამდენჯერმე გადაჭრა. რამდენადაც ვიცი სხვა ხაზს აკეთებენ. ვერ გეტყვით რა სტადიაშია სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და რამდენადაც ვიცი, სხვა ხაზს აკეთებენ, შემოვლითი გზით ჩაირთვება ელექტროტაბლოიდი“.

 

 

აღნიშნულ გაჩერებასთან ახლოს, სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დასაქმების პრობლემები

 

სოფო ზოიძე და თამაზ მჟავანაძე

 

„კვლევისა და მონიტორინგის შედეგად დამტკიცდა რომ ბათუმში შენობების უმრავლესობა არაადაპტირებულია,  როგორც სამთო ტურიზმის ასევე  საზღვაო ტურიზმის მიმართულებით, ბათუმში უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე სოფლად” – აღნიშნავს თამაზ მჟავანაძე.

 

ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარის სოფიო ზოიძის თქმით, კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს აჭარაში საკუთარი შემოსავალი არ გააჩნიათ.

 

„დასაქმება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მათი შემოსავლის მხრივ რათა შშმ პირემა შეძლონ დასვენება, მშობელთა უმრავლესობა ვერ საქმდება იმიტომ რომ არ აქვს შშმ პირის მარტო დატოვების საშუალება”- ამბობს სოფო ზოიძე.

 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ რომ იმის გასაგებად, თუ რა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება ან ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი განსაკუთრებული საჭიროების პირია საქართველოში შემოსული, ტურიზმის  დეპარტამენტს მიმართეს და პასუხი ამდრომდე ვერ მიღეს.

ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ორსულებისთვის

 

 

 

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს აჭარაში რეგისტრირებული 0–დან 200 000–მდე სარეიტინგო ქულის ორსულთა გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე.

 

 

კერძოდ – ულტრასონოგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა (თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი) და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

 

 

მომსახურების მიღება შესაძლებელია ბათუმის სამშობიარო სახლში, ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და სს. საზღვაო ჰოსპიტალში. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ბენეფიციართათვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება ადგილზე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

 

 

პროგრამა გათვალისწინებულია 2000 ბენეფიციარზე და   წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

პროგრამის ფარგლებში დღემდე  700 ორსულია  გამოკვლეული.

თოვლში დამარხული ხუთი შვილი

 

 

ოსმან ბუქიძე

 

 

 

„ჩემი სანათესაოდან ხუთი ოჯახი, ყველა გადაგვასახლეს. მათ შორის ჩემი ოჯახიც: მე, დედა და ჩემი და-ძმები. მამა გარდაცვლილი მყავდა. მგონია, რომ ჩვენი გასახლების მიზეზი კოლექტივის თავმჯდომარე იყო, რომელსაც კამათი მოუვიდა ბიძაჩემთან. უზარმაზარი მანდარინის ბაღები გვქონდა და მანდარინის ყუთებს ვტვირთავდით, აეროპორტიდან იყო საბაგირო გზა და იქედან ხდებოდა გადატვირთვა. ბიძაჩემი, მამიდას ქმარი, რიგში იდგა და 80 ყუთი ჩატვირთა. კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, ნაკაშიძემ უთხრა, გეყო ახლა და რიგი სხვას დაუთმეო. ბიძაჩემს უთქვამს, ცოტა დამრჩა და ბარემ ამასაც გადავტვირთავო. თავმჯდომარეს კი უთქვამს: „არ გაღირსებ მაგ ტვირთის დაცლასო“.

 

ბუქიძეების სახლში გარკვეული დროით სამხედრო პირები – ერთი კაპიტანი, ორი პოლკოვნიკი და ერთიც ჯარისკაცი ცხოვრობდა, „ვითომ გზა უნდა დაეგოთ და ამ საქმისთვის იყვნენ გაჩერებული, სინამდვილეში უშიშროების ხალხი იყო. ჩვენი ოჯახი გადასასახლებელთა სიაში არ ყოფილა, თუმცა თავმჯდომარესთან შეკამათების შემდეგ ჩაუსვამთ. რიგგარეშე გასახლებაში მოხვდითო, შემდეგ გვითხრეს“.

 

ოსმან ბუქიძე ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები გაუსაძლის მოგონებებად ექცა: „18 დღე ვიმგზავრეთ, დეკემბრის სუსხიანი დღეები იყო. განა შეიძლება იმის დავიწყება, რაც ჩემმა თვალებმა ნახა. ჩემი ხუთი ძმისშვილი გზაში დაიღუპა და თოვლში დავმარხეთ. ამ ტკივილის გადმოცემა შეუძლებელია. იმის ახსნაც შეუძლებელია, როგორ შეძლო ჩემმა ძმამ ცხოვრების გაგრძელება… საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთი შვილი შეეძინათ, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს“.

 

გაყინულ ვაგონებს მიწური სახლები მოჰყვა. „შეშა არა, საკვები არა. მსხვილღერიანი ბალახები იყო, რომელსაც ზაფხულობით ვჭრიდით, ვახმობდით და გასათბობად ვიყენებდით ზამთარში. ათი წელი ასეთ ყოფაში გავატარეთ. მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოგვცეს დაბრუნების უფლება. საშინელი უსამართლობის წლები იყო. ახალსოფელში, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, ძმები ჩამოსახლდნენ. ფუტკარაძეები იყვნენ გვარად, აქედან ერთი, საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელმაც საბუთებში ჩვენი გვარი გადააკეთა და ეროვნება თურქი ჩაგვიწერა. გადასახლების შემდეგ ის ჩვენს სახლში ცხოვრობდა და არ უნდოდა, უკან რომ დავბრუნებულიყავით. თუმცა, შემდეგ, მეორე საბჭოს თავმჯდომარეს ამის გამო ცხრაწლიანი პატიმრობა მისცეს“.

 

ოსმან ბუქიძის ოჯახმა სოფელში მთელი ქონება დაკარგა, „სოფლიდან გასულიც კი არ ვიყავით, ზოგიერთი მეზობელი ჩვენი ქონების დასატაცებლად უკვე სახლში იყო შესული.“ მისი ოჯახიდან წაღებული ნიკელის ორი საწოლიდან ერთ-ერთი მეზობლის სახლში დღესაც დგას. „დედაჩემმა ფულიც კი შესთავაზა მეზობელს, მაგრამ მაინც არ დაუბრუნა“. სხვას ერგო საქონელი და 200 თავი ცხვარი, გასახლებულთა ოჯახებშიც უცხო პირები შესახლდნენ. სხვამ მიისაკუთრა 18 ოჯახი სკაც.

 

ყირგიზეთში ოსმან ბუქიძეს სარწყავი არხების დარაჯობა დაავალეს. „ათი-თორმეტი კილომეტრი უნდა გამევლო და არხები შემემოწმებინა, ვინმე ხომ არ იპარავდა წყალს. 14 წლის ბიჭისთვის არ იყო ეს ადვილი. გვიჭირდა საკვების შოვნაც, მოგვიანებით, როცა აღწერა გააკეთეს, ხუთი თხა მოგვცეს და ამით გაგვქონდა თავი. ფიზიკურად ვმუშაობდით ბამბაზე. ვახერხებდი სკოლაში სიარულსაც. გამოცდაზე რომ მივედი, მიწისძვრა მოხდა და გამოცდა ჩაიშალა, თუმცა მაინც ჩამითვალეს“.

 

გაჭირვებას განიცდიდა გადასახლებული სანათესაოც: „ჩვენ საწოლები მაინც წავიღეთ, ბევრს ესეც არ ჰქონდა. უჭირდათ მათაც. ბევრი იქ დაიღუპა“.
საუბარში ოსმან ბუქიძის რძალი, ნათელა დავითაძე გვერთვება: „დედამთილი გვიყვებოდა, ექვსი შვილისთვის ერთი პეშვი პურის კაკალი უნდა გამენაწილებინა. შვილები რომ მკითხავდნენ, შენ თუ ჭამე დედაო, ვატყუებდი კი-მეთქი. ეს არც დაიწერება და ვერც ენით გადმოგცემთ, ისეთი წვალება აქვს ამ ოჯახს გადატანილი. სახელმწიფომ კი იმდენი გვარბენინა და მაინც მოგვატყუა ბოლოს. სამარცხვინო კომპენსაციები მოგვცეს“.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ერთი წუთით შეწყვეტს

 

 

  შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბოდიშს უხდის მგზავრებს და კომპანიის სახელით უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

 

 

ჩაქვში ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

 

მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, დიდი, ნათელი და მოხატული ოთახები, შეუზღუდავი და ადაპტირებული გარემოპირობები, სათანადოდ გადამზადებული, მუდმივად მზრუნველი და მომღიმარი სხვადასხვა პროფილის მედპერსონალი, ბევრი სათამაშო, ატრაქციონი -არასრული აღწერაა სიტუაციის, რომელიც აქ მისულ ადამიანს დახვდება.

 

 

ვანო ბოკერია, „კორპორაცია ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით, ამბობს: „ცენტრი, რომელიც ახლა ოფიციალურად გავხსენით, ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა ბავშვებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა მძიმე პათოლოგია და ამის შედეგად განვითარებული უნარშეზღუდულობა. ამ ეტაპზე აქ მკურნალობენ ბავშვები მძიმე მოტორული პათოლოგიით, მაგალითად, ისეთი პათოლოგიით, როგორიცაა ცერებრალური დამბლა და სხვადასხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ მალე ამ მიმართულებებს დაემატება აუტიზმის სპექტრისა და სხვა ქცევითი პათოლოგიების მქონე ბავშვების მკურნალობა. უკვე ვმუშაობთ პროგრამის დახვეწასა და პერსონალის გადამზადებაზე. ჩაქვის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი დაიკავებს სრულყოფილ პოზიციას ბავშვთა უნარშეზღუდულობის მკურნალობის საქმეში.“

 

 

დღეისათვის ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრი სრულად  ემსახურება აჭარის რეგიონს, აქ გურიიდანაც ხშირად მოდიან პაციენტები. სერვისით დღის განმავლობაში 0-დან 18 წლამდე ასაკის 100-მდე პაციენტი სარგებლობს. გამომდინარე ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური და პერსონალის შესაძლებლობიდან, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. 

 

 

ჩაქვის სამედიცინო ცენტრის, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი მენეჯერის ეკა გორაძის თქმით, „ევროპული დონის, მსგავსი სტანდარტებისა და ხარისხის მულტიპროფილური ცენტრის პრეცედენტი რეგიონისთვის პირველია. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვებთან მუშაობა სპეციფიკურია, ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური და სპეციალურად გადამზადებული ნევროლოგები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, ფიზიკური თერაპევტები, ორთოპედები და რენდგენოლოგი, რომელთა შრომის საბოლოო შედეგი უნდა მოიცავდეს როგორც პაციენტის უნარ-ჩვევების აღდგენა-რესოციალიზაციას, ასევე ოჯახის დახმარებასა და თანადგომას. ნებისმიერი პროფილის სპეციალისტი ცდილობს, აქ მისული ბავშვი თავს არ გრძნობდეს სამკურნალო დაწესებულებაში, სასიამოვნოდ დაიტვირთოს და ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითონ პაციენტები მშობლებს იქ დარჩენას სთხოვენ.“

 

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძის შეფასებით, „ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ვინაიდან,   სახელმწიფო ახორციელებს ცერებრალური დამბლით დაავადებულთათვის მიზნობრივ პროგრამას, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობამ წელს დაიწყო მსგავსი პროექტი სქოლიოზით დაავადებულთათვის. ამ პროგრამების განხორციელებისთვის ქალაქში არის რამდენიმე დაწესებულება, მაგრამ ასეთი სიმძლავრით და ხარისხით არც ერთი არ გამოირჩევა. სასიხარულოა, რომ ბავშვები ასეთ პირობებში, ასეთი სპეციალისტების ჩარევით მიიღებენ სათანადო მომსახურებას“.

 

 

 „კორპორაცია ევექსის“ ქსელისთვის ეს პროექტი არის ახალი გამოცდილება და პასუხისმგებლობაც, რადგან მისი წარმატებით განხორციელება პირდაპირაა დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მომავალ ცხოვრებაზე, მათი უნარ-ჩვევების აღდგენაზე, ხშირ შემთხვევაში კი, თავიდან სწავლაზე.

 

 

ვანო ბოკერიას თქმით, „მსგავსი ტიპის ცენტრები მთელ მსოფლიოში მუშაობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სოციალურ და საგანმანათლებლო ინკლუზიაზე. ამ ეტაპზე ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში მომუშავე სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ წამყვანი ევროპული ქვეყნების სტანდარტებით მოხდეს მკურნალობა.“

 

 

პროგრამაში ჩასართველად საჭიროა მხოლოდ სურვილი, დიაგნოზი, ე.წ. ფორმა ასი და განცხადების დაწერა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც პაციენტი მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით მიიღებს ცენტრში მოსახვედრ ვაუჩერს, რის საფუძველზეც სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს ყველა ხარჯს.

 

როცა ქალი მემკვიდრედ არ მიიჩნევა





ქალბატონო ანა, როგორც ფიქრობთ, რატომ ვერ დაძლია საზოგადოებამ პატრიარქალური სტერეოტიპები და რატომ არ მიიჩნევა ქალი მშობლების ქონების მეწილედ?

 

 ქალთა ეკონომიკური სიძლიერე მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ეს პირდაპირ განაპირობებს იმას, თუ რამდენად დამოუკიდებელია ქალი, რამდენად აიმაღლებს ხმას გარკვეულ უსამართლობაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს ინტერესიც უნდა იყოს, რამდენად სამართლიანად ხდება ქონებრივი უფლებების რეალიზება ქვეყანაში. ის, რომ ქონების მემკვიდრეები მხოლოდ ბიჭები არიან, რეალობაა. ის, რაც კანონმდებლობაშია გაწერილი, ერთი შეხედვით არ არის პრობლემატური, რადგან ქონებაზე თანაბარი უფლება აქვს როგორც გოგოს, ასევე ბიჭს, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ანდერძი, მაგრამ ცოტა სხვაგვარად თუ შევხედავთ, მე როგორც იურისტს არ მამშვიდებს ამდაგვარი საკანონმდებლო ჩანაწერი, რადგან სიტუაციას ვაფასებ პრაქტიკიდან გამომდინარე. პრაქტიკა კი გვკარნახობს, რომ ქალთა უმეტესობას არ ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს კანონით მისთვის გარანტირებული სამკვიდრო.

 

 რა ტიპის მაგალითები გქონიათ პრაქტიკაში?

 

 ძალადობის მსხვერპლ ბევრ ქალთან გვქონია შეხვედრა, რომლებსაც გარკვეულ სოციუმში შეზღუდული აქვს უფლებები, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებშია პრობლემები, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მკაცრი ადათ-წესები და თავად მამკვიდრებლები, იქნებიან ეს მშობლები თუ სხვა პირები, სწორედ ჩვეულებებზე დაყრდნობით წყვეტენ, რომ მემკვიდრეობა ეკუთვნის მამაკაცს. კიდევ უფრო ცალსახაა სიტუაცია თუ ქალი გათხოვილია. ამ შემთხვევაში საერთოდ არ განიხილება მისი მემკვიდრეობის საკითხი, რადგან „ქალი ჩაბარდა ოჯახს“. დაახლოებით 70-80 პროცენტში ქალის ქონებრივ დისკრიმინაციას ბიოლოგიური ოჯახი ახდენს.

 

 თქვენ თქვით, რომ კანონს სხვა მხრიდან უნდა შევხედოთ. როგორ ფიქრობთ, რა აკლია მას იმისთვის, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა პრაქტიკაში გამყარდეს და არა მხოლოდ ქაღალდზე?

 

 არსებობს გაეროს კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მეორე მუხლი ამბობს: „ადათ-წესები, რომელიც კონკრეტულ სოციუმშია დამკვიდრებული, თუ არღვევს ქალის უფლებებს, უნდა შეიცვალოს“. ცვლილების ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს. მან უნდა განახორციელოს პოზიტიური ღონისძიებები, რაც გაათანაბრებს პრაქტიკაში ქალისა და მამაკაცის უფლებას.

 

 რა ტიპის ღონისძიებაზეა საუბარი?

 

 ამის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, რადგან ღონისძიებები უნდა შეირჩეს სოციუმიდან გამომდინარე. ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო.

 

როგორც ვიცით, ქალის ქონებრივი უფლება არც განქორწინების შემდეგ არის დაცული. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ქალს წილი ეკუთვნის იმ ქონებიდან, რომელიც წყვილის თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი.

 

 გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მაღალი სამართლებრივი ცნობიერება, პრაქტიკაში მაინც ქალები იჩაგრებიან. მამაკაცი, რომელსაც სურს განქორწინება ან კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, დაუყოვნებლივ ახდენს ქონების გადაფორმებას ჩუქების ან ნასყიდობის სახით. არის შემთხვევები, როცა ფინანსური მონაწილეობის მიუხედავად, ქონებას თავიდანვე მამაკაცი იფორმებს, შემდეგ კი ქალი ვეღარ ამტკიცებს მის შეძენაში თანამონაწილეობას. დავის შემთხვევაშიც პრაქტიკული შანსები მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, ქალებს უწევთ ძალიან მძიმე შრომა ოჯახში, რადგან როგორც სოციუმი გვკარნახობს, ქალი უნდა იყოს კარგი დედა, მეუღლე და ამავდროულად პროფესიონალი სამსახურში. ქალი წლების მანძილზე შრომობს და ბევრ ძალისხმევას დებს ოჯახის საერთო საქმეში, მაგრამ მისთვის ეს მატერიალურ სიკეთედ არ გადაიქცევა. ე.წ. ოჯახის ნგრევის დროს კი ამ მომენტს არ ითვალისწინებს არც მეუღლე, არც ნათესავები და, სამწუხაროდ, არც სასამართლო. სწორედ ამ დროს უნდა იყოს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე, შეიძლება აგრესიული პოლიტიკაც კი გაატაროს, რომ ქალის ქონებრივი შესაძლებლობები პრაქტიკაშიც გათანაბრდეს.

 

 მორიგი სტერეოტიპი, რომელიც ქონებრივი საკითხების სამართლიანი გზით გადაჭრას უშლის ხელს, არის საქორწინო კონტრაქტის მიმართ ქართველების სკეპტიკური დამოკიდებულება. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ სტერეოტიპის დასანგრევად?

 

 გეთანხმებით, ესეც სტერეოტიპია, რადგან მიიჩნევა, რომ კონტრაქტი არის უნდობლობის გამოხატულება და იმთავითვე ითვლება სამარცხვინოდ, რაც ძალიან ცუდია. დღეს სახელმწიფო დგას გამოწვევების წინაშე, რადგან ხელისუფლებაში ქალთა უფლებების მცოდნე სპეციალისტების დეფიციტია. განსხვავებული ღირებულებებით საუბრობენ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებიც, როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ გააკეთებს ოჯახში ძალადობის პრევენციას, იმავე დროს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც მას ეკისრება ვალდებულება პრევენციული ღონისძიებები გაატაროს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ კოორდინაციის ნაკლებობა, ეს არის განსხვავებული ღირებულებები, რაც მთლიანად სისტემის ეფექტურობას უქმნის საფრთხეს. ამას არ ვუკავშირებ ხელისუფლების ცვლილებას, ეს არის ქართული მენტალიტეტის პრობლემა, რომელიც წახალისებულია საგანმანათლებლო სისტემაშიც. თუ სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება იქნებიან პარტნიორები ამ საკითხებში, ეფექტი იქნება გაცილებით მეტი.

 

 თქვენ ახსენეთ სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული კამპანია, რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს ამას?

 

 მესმის, რომ ძნელია სტერეოტიპების ნგრევა, რა შეიძლება მოვუხერხოთ მშობლების ან იმ ახალგაზრდების მენტალიტეტს, რომლებიც ამ შეგნებით აღიზარდნენ? ამიტომ, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა თუნდაც საქორწინო კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მიუღებელია ქართული მენტალობისთვის. სახელმწიფოს შეუძლია თქვას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში საქორწინო კონტრაქტი იქნება ქორწინების წინაპირობა, სადაც თანასწორობის საფუძველზე იქნება გაწერილი ფუნდამენტური საკითხები. შეიძლება ვინმეს ესეც დისკრიმინაციად მოეჩვენოს, მაგრამ ამ ტიპის შეთავაზებას შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანების ცნობიერების შეცვლა და განათლებაც კი. შემდეგ კი პროცესი მეტ-ნაკლებად დალაგდება.

პრემიების გაცემის ტენდენცია სამინისტროებსა და გამგეობებში

 

 

 

2014 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით 5300 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს ხულოს და ქობულეთის გამგებლებმა. ამავე პერიოდში ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის პრემიამ 4 505 ლარი შეადგინა. ქედის გამგებლის დავით დუმბაძის პრემიამ კი – 3 975 ლარი.

 

კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

    

ორგანიზაციის განცხადებით, მათ არაერთხელ მისცეს საჯარო დაწესებულებებს რეკომენდაციები პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით, თუმცა ეს რეკომენდაციები დღემდე გათვალისწინებული არ არის.

 

მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო პრემიენის გაცემის წესთან დაკავშირებით დადგენილება, თუმცა ის საქართველოს მთავრობის გარდა, სხვა უწყებებზე არ ვრცელდება. 

 

სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს 100 658 ლარი გამოეყო

 

 

 

 

აღნიშნული თანხიდან, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიას გამოეყო 18 000 ლარი, ხანძრის შედეგად დაზრალებული ე. სავიდის ოჯახისათვის 10 000 ლარის და ვ. ძანძავას ოჯახისათვის 8 000 ლარის გადაცემის მიზნით.

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 7 175 ლარი, ხანძრის შედეგად დაზარალებული თ. გალუსტაშვილის ოჯახისათვის გადაცემის მიზნით.

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 10 000 ლარი, ხანძრის შედეგად დაზარალებული თ. ბერიძის ოჯახისათვის გადაცემის მიზნით. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 26 483 ლარი, სტიქიის შედეგად დაზარალებული ფ. შერვაშიძის ოჯახისათვის 11 440 ლარის, თ. ღოღობერიძის ოჯახისათვის 3 864 ლარის, და ვ. ცინცაძის ოჯახისათვის 11 179 ლარის გადაცემის მიზნით.

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოფა 39 000 ლარი, სტიქიითა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ა. კახიძის ოჯახისათვის 4 000 ლარის, თ. ადაძის ოჯახისათვის 5 000 ლარის, რ. ხოზრევანიძის ოჯახისათვის 5 000, ნ. ნაჩაიძის ოჯახისათვის 5 000 ლარის, ჯ. ხოზრევანიძის ოჯახისათვის 5 000 ლარის და ნ. დიასამიძის ოჯახისათვის 15 000 ლარის გადაცემის მიზნით.

 

 

აღნიშნულ ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით მთავრობის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ.

რა თანხა მიიღეს გიორგი ერმაკოვმა, არჩილ ხაბაძემ და ავთანდილ ბერიძემ პრემიის სახით

 

 

ანა ბერძენიშვილი

 

 

როგორც ორგანიზაციის იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, ამ თანხების აღება მოხდა ბოლო ხუთ თვეში, ე.წ სახელფასო დანამატის სახით. „გარდა იმისა რომ ეს საჯარო მოხელეები იღებენ ხელფასს, აღმოჩნდა რომ ხუთივე თვეში, მათ პრემიის სახითაც მიიღეს ხელფასის ოდენობის თანხა. აჭარის მთავრობაში მიღებული აქვთ 358 44 ლარი პრემიის სახით, არჩილ ხაბაძემ კი ამ პერიოდში ორჯერ მიიღო პრემია, სულ 8 650 ლარი. უმაღლეს საბჭოში მიღებული აქვთ 333 158 ლარი. მერიაში კი მილიონ ლარზე მეტია გაცემული პრემიის სახით. 5 535 ლარი აიღო ერმაკოვმა სამ თვეში, მაშინ როცა მის წინამორბედს, ჯემალ ანანიძეს 2250 ლარი ჰქონდა აღებული “.

 

 

როგორც იურისტი აცხადებს, კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოება: „ უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიას არ იღებენ, თუმცა რეგლამენტით მათ მიეცემათ თანამდებობრივი სარგო, რომლის ოდენობა იგივეა რაც ხელფასი. მათ თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლადაც ეძლევათ თანხები, ასევე ავტომობილი, საწვავის და სატელეფონო ლიმიტი. თუმცა ისინი ამავდროულად იღებენ სახელფასო დანამატსაც, ხელფასის ოდენობით“.  

 

 

უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 11 750 ლარი მიიღეს შემდეგმა დეპუტატებმა: ანზორ თხილაიშვილმა, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, თემურ კახიძემ, ირაკლი ჯაშმა, აკაკი ძნელაძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მასალკინმა, ჯემალ ფუტკარაძემ და სულხან ღლონტმა.  

 

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ არაერთხელ მისცა საჯარო უწყებებს  რეკომენდაციები და მითითებები პრემიის გაცემის წესთან დაკავშირებით, „მიუხედავად ამისა, გარკვეული წლების განმავლობაში ეს მანკიერი პრაქტიკა არ შეცვლილა“.   

 

 

საქართველოს მთავრობამ პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო 2014 წლის 26 ივნისს, თუმცა ამ დადგენილების გათვალისწინება  არ ხდება, რადგან დადგენილება მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე ვრცელდება და ის არ ვრცელდება არც თვითმმართველ ერთეულებზე და არც აჭარის მთავრობაზე.

 

 

ანა ბერძენიშვილის განმარტებით, საჯარო სამსახურებში პრემია უნდა გაიცემოდეს ინდივიდუალურადა და არა ყველა თანამშრომელზე ერთდროულად და ერთნაირი ოდენობით. პრემიის გაცემა უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული საჯარო მოხელის მიერ შესრულებულ სამუშაოს. პრემიის გაცემა უნდა მოხდეს წელიწადში არა უმეტეს სამჯერ, პრემიის გაცემა არ უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტულ თარიღს, მაგალითად სამ ან რვა მარტს, რადგან ამ შემთხვევაშიც დარღვეულია გენდერული ბალანსი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში უნდა მოხდეს პრემიის გასაჯაროვება.  ყველაზე მთავარი, კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება და დადგინდეს კონკრეტული კრიტერიუმები რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრემიის გაცემა.

 

 

ანა ბერძენიშვილის განცხადებით, რადგან საჯარო მოხელეებმა ხელფასიის ოდენობის თანხების აღება დაიწყეს ე.წ სახელფასო დანამატის მუხლით, ამ ნორმის კონტროლიც უნდა მოხდეს.

  

 

საპროტესტო აქცია თოხებით და ბარებით

 

 

ხელვაჩაურის სასამართლო

 

 

„ამ ოჯახების წინააღმდეგ  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თაღლითობის  მუხლით.  სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ამიტომ მოსახლეობა აპირებს დაიცვას თავიანთი უფლებები“- ამბობს აქციის ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე.

 

 

მისივე განცხადებით, მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დოკუმენტაცია კანონიერად აქვს გაკეთებული: „მათ მოპოვებული აქვთ ნახაზები არქივიდან, რეესტრიდან, ასევე სოფლის გამგებლიდან, რომ ეს მიწები ნამდვილად მათია და ამ მიწებით სარგებლობდნენ მათი წინაპრებიც. ამიტომ, გაუგებარია რატომ გახდა ეს საკითხი სადაო“.

 

 

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გლეხებისთვის აღნიშნული მიწები ერთადერთი საარსებო წყაროა: „ თუ ხელისუფლება  გლეხებს მიწებს ჩამოართმევს, გამოდის რომ მათ საარსებო წყარო აღარ დარჩებათ. გლეხები თოხებით და ბარებით აპირებენ სასამართლოსთან მისვლას, რადგამ თუ მიწა აღარ ექნებათ, თოხი და ბარიც ფუნქციას დაკარგავს“.  

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში [ფოტო]

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მასალისგან შესრულებული აქსესუარები, თმისსამაგრები, სამაჯურები, ყელსაბამები და ხელნაკეთი სათამაშოები. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმში ჩემპიონატები მიმდინარეობს

 

 

სპორტულ ფესტივალ “საქართველო 2014“-ის ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში დასავლეთის მეხუთე ტური იმართება და მასში რვა გუნდი შეხვდება ერთმანეთს. დღეს ბოლო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ბათუმის „წყალი“ და სამტრედიის გუნდი დაუპირისპირდება.

 

 

საქართველოს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში / ჭიათურა-ზუგდიდის ლაზიკა

 

ხოლო ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში საქართველოში პირველად ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან რვა გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი შვიდ ტურად მიმდინარეობს და 26 ივლის დასრულდება. ჩემპიონატის ორგანიზატორისა და აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯაბა ჭანტურიას თქმით, გამარჯვებული, გარდა იმისა, რომ მიენიჭება საქართველოს ჩემპიონატის ტიტული, მოიპოვებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

 

დღევანდელი ბოლო მატჩი ქვიშის ფეხბურთში 19:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს  „გონიო“ და „საჰარა“ შეხვდებიან.

 

საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში / ხელვაჩაური-თბილისის სპარტაკი

აქცია ქობულეთში – გამგებელი მოსახლეობის კითხვებს პასუხობს

 

აქციის მონაწილე ნაზი გუგუნავა, რომელიც 30 წელია სკოლაში პედაგოგად მუშაობს,   პრობლემის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს: „ქობულეთში მშენებარე ავტობანისთვის საჭირო  ქვა-ღორღი ჩვენი სოფლიდან გადის, სოფელში  არის ნავთობის მილი, რომელიც გასკდა, აქვს სუნი, დიდი ოდენობით ჩაიღვარა მიწაში.  კიტრისა და პომიდვრის მეურნეობა იყო აქ და უკვე საშიშია ბოსტნეულის მოყვანაც, მეორე პრობლემა ის არის, რომ სოფელს წყალი მთიდან მოეწოდება, სიცხეების გამო ავზი დაშრა, თითქმის 5 დღეა სოფელი უწყლოდაა და ასევე ძალიან გვაწუხებს მანდარინის ნარჩენების სუნი, გადამამუშავებელმა ქარხანამ უვარგისი მანდარინი ჩვენს სოფელში 4-5 მეტრ სიღმე მიწაში ჩაყარა“.

 

მალხაზ ყულეჯიშვილიც სოფელ კვირიკეში ცხოვრობს და მისი თანასოფლელის მსგავსად, წყლის, გაზის და გარემოს დაბინძურების პრობლემებზე საუბრობს.

 

„ბათუმელების“ შეკითხვებს გიორგი რომანაძემ, ქობულეთის მინციპალიტეტის გამგებელმა უპასუხა:

 

 

 ბატონო გიორგი აქციაა ქობულეთში, იცით  რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს?

 

პირველად მესმის აქციის შესახებ, ქობულეთში მივდივარ ახლა.

 

 ადგილობრივების ინფორმაციით სოფელ კვირიკეში  წყლის პრობლემაა, ხუთი დღეა წყალი არ მიეწოდება ხალხს..

 

 ქობულეთის თითქმის ყველა სოფელს აქვს წყლის პრობლემა ზაფხულობით. კარგი იქნებოდა ადგილობრივებს დროზე ეფიქრათ ამაზე და ტყეები არ გაეჩეხათ, გზის გადაკეტვითა და აქციით ახლა ეს პრობლემა  არ მოგვარდება. კვირიკეში  ჩვენ წყალგაყვანილობა მთლიანად გამოვცვალეთ.  

 

 

ადგილობრიოვები ამბობენ, რომ  ავტობანის მშენებლობისთვის ქვა-ღორღის გატანა ხშირად ხდება სოფლიდან, ინფორმირებული ხართ ამის შესახებ?

 

 იყო ასეთი  ფაქტები.  საუბედუროდ ჩვენთან არის  არაკეთილსინდისიერი ფირმები, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ. ერთ-ერთ ფაქტი იყო, როცა  ნავთობიც დაიღვარა. ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცავები იძიებენ ამ ფაქტს.

 

რაც შეეხება სოფელში მანდარინის ნარჩენების დაყრას, რომელიც აუტანელ სუნს იწვევს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ციტრუსის გადამამუშვებელი ქარხანა სოფელში ყრის ნარჩენებს…


 შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვხუჭავ თვალს, რადგან აჭარაში ეს ერთადერთი ქარხანაა წვენების გადამამუშავეელი.  ადგილი კი სადაც ეს ნარჩენებია დაყრილი, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.  ჩვენ გავაფრთილეთ და  იმედია მომავალ სეზონზე  ეს ტერიტორია, სადაც ნარჩენები იყრება, შემოიღობება, რადგან რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საქონლის დაღუპვის. 


რაც შეეხება სოფლის გაზიფიკაციას?


ეს ის პროცესია, რომელშიც ჩვენ ვერ ვერთვებით, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რადგან ეს კერძო კომპანიაა, რომელსაც აქვს გეგმა-გრაფიკი და იმის მიხედვით მუშაობს. როგორც ვიცი წელს ციხისძირს დაასრულებენ. ჩვენი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციაა.

 

სტერეოტიპების პორტრეტები

 

 

 

ნამუშევრების ავტორია ახალგაზრდა ფერმწერი თორნიკე აბესაძე, რომელიც „სტერეოტიპების პორტრეტებზე“ ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა.

 

თორნიკე აბესაძის თქმით საქართველოში დღეს ბევრი სტერეოტიპია რომლის დარღვევაც ვერ ხდება. მათ შორის ერთ-ერთი სტერეოტიპი სექსმუშაკებზე.

 

გამოფენაზე 7 ნამუშევარია წარმოდგენილი. მსურველებს თითოეული ნახატის შეძენა 200 ლარად შეუძლია. „სტერეოტიპების პორტრეტები“ ბათუმში პირველდ გამოიფინა და კაფე გარდენში ორი კვირას გაგრძელდება.

 

ავტოპორტრეტი

 

ჯარისკაცი

 

მწერალი

 

მონაზონი

 

ნარკომანი

 

მუსულმანი ქალი

 

მოხუცი

 

სექსმუშაკი

 

 

 

ფერმწერი თორნიკე აბესაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა ქონებას ფლობენ ბათუმის საკრებულოს წევრები

 

 

გია კაკაბაძე საკრებულოში “საქართველოს გზას” წარმოადგენს. ის საჯარო სამსახურში ბიზნესიდან მოვიდა. 2001 წელს იყო ინდმეწარმე, 2008 წელს კი, როგორც ამბობს, ბიზნესი გააფართოვა და შპს “SAN FA”  დააფუძნა. კომპანია ტანსაცმლის ვაჭრობითაა დაკავებული. გასულ წელს ახალი კომპანია  ENERGY DRINK-ი დააფუძნა, რომელიც სხვადასხვა სახეობის საქონლის დისტრიბუციას ეწევა. “საქონელი შემოგვაქვს ჩინეთიდან და თურქეთიდან”, – ამბობს ის.

 

გია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ წარმატებული ბიზნესი აქვს. თუმცა, კითხვაზე, რატომ გაცვალა წარმატებული ბიზნესი საჯარო სამსახურზე, ამბობს: “ბოლო-ბოლო უნდა ეშველოს ბათუმს. ყველა მოდის სხვა ამბიციებით. ვაპირებ გავიტანო ბათუმის ბიზნესფონდის იდეა და რაღაც ინვესტიციები მოვიძიოთ”. 

გია კაკაბაძემ არჩევნების შემდეგ უძრავი ქონება და ბიზნესი მამის სახელზე გადააფორმა. “ამ წუთას ჰაერში ვარ. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლი, ყველაფერი მამაჩემს გადავუფორმე. მათ შორის მაღაზია, რომელიც მილიონად არის შეფასებული, კერძო სახლი მიწის ნაკვეთით და ავტომანქანა”.

 

ყოფილი ბიზნესმენი ამბობს, რომ მას ბათუმში ერთ-ერთი გამორჩეული სახლი აქვს: “ერმიტაჟი რომ გააკეთეს, ის მოხელეები არემონტებდნენ ჩემს სახლს. განსხვავებული დიზაინი აქვს”, _ ამბობს კაკაბაძე.
გია კაკაბაძე 36 წლისაა და პროფესიით ეკონომისტია.
გიორგი ცინცქილაძე საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს. ის საჯარო სამსახურში ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმყოფებოდა. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, ასლან აბაშიძე, მას როგორც ერთგულ თანაგუნდელს, ისე მოიხსენებდა. იყო აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004-2005 წლებში, ის დააპატიმრეს. როგორც გიორგი ცინცქილაძე ამბობს, მას აჭარის ტელევიზიისთვის თანხის არასწორად გამოყოფისთვის წაუყენეს ბრალი. “თუმცა, ბრალი არ მიღიარებია” – ამბობს ის.
აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, გიორგი ცინცქილაძე პოლიტიკას ცოტა ხნით ჩამოშორდა. 2006 წლიდან დღემდე შპს “ხელვაჩაურის საგზაოს” დირექტორია. ამბობს, რომ არ აქვს საკუთარი ბიზნესი.

 

გიორგი ცინცქილაძე

გიორგი ცინცქილაძე ირწმუნება, რომ მის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება: “მამის სახელზე რეგისტრირებულ სახლში ვცხოვრობთ, არც ავტომანქანა მაქვს”.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბათუმის საკრებულოში ორი წევრით, დავით თედორაძითა და გელა გვარიშვილით არის წარმოდგენილი.

 

გელა გვარიშვილი 1971 წელს ბათუმშია დაბადებული. ის ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში, 2002 წელს აჭარის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. უფრო ადრე კი, 1996 წელს, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის რეფერანტი. აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა მინისტრთა საბჭოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მთავარ სპეციალისტად. განათლება რუსეთში აქვს მიღებული. კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს საგარეო ურთიერთობათა სფეროში. აქვს მეორე, ინჟინერ-ეკონომისტის განათლებაც, რომელიც ლენინგრადის გემთმშენებელ ინსტიტუტში მიიღო.
კითხულობდა სალექციო კურსს ისტორია-პოლიტოლოგიაში. 2004-2012 წლამდე მუშაობდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.

 

გელა გვრაიშვილი
გელა გვრაიშვილი

გელა გვარიშვილი ამბობს, მას საკუთრება არ აქვს: “დედაჩემის სახელზე რეგისტრირებულ სახლში ვცხოვრობთ, მე მხოლოდ ავტომანქანა მაქვს, არც ბიზნესი და არც სხვა ქონება არ გამაჩნია.”
ამ პარტიის მეორე წევრი საკრებულოში, მწერალი დავით თედორაძეა. ის ბათუმში 1949 წელსაა დაბადებული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფელ განთიადში ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი _ გამომცემლობა “აჭარაში” წარმოების განყოფილების გამგედ. წლების განმავლობაში მუშაობდა კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტებსა და სხვა პასუხისმგებელ სამსახურებში. “შემდეგ სარედაქციო საგამომცემლო ფირმა არმაღანისა” და “აჭარას” მთავარ რედაქტორად ვმუშაობდი. დღეს ვარ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე”. აქციების 79-პროცენტიან წილს ფლობს სააქციო საზოგადოება გამომცემლობა “აჭარაში”. თუმცა ამბობს, რომ გამომცემლობა წამგებიანია და ზარალზე მიდის.

 

დავით თედორაძე

დავით თედორაძის ინფორმაციით, ის ოჯახის წევრებთან ერთად ბათუმში 186კვ/მ ბინას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში სახლს და 2600კმ/მ მიწას ფლობს: “ბიზნესი არ გვაქვს. ერთი შვილი ინგლისურის მასწავლებელია, მეორე მერიაში სპეციალისტად მუშაობს, ვაჟი კი უმუშევარია”.

 

საკრებულოში კიდევ ერთი მწერალი, რამაზ სურმანიძე შევიდა. ის ახალდაარსებულ პარტიას “ერთიანობის დარბაზს”  წარმოადგენს. ის ოთხჯერ იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და 1990 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატია. მინიჭებული აქვს ტბელ აბუსერიძის, ილია ჭავჭავაძისა და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები. იყო სამედიცინო ეკოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი და რექტორი, როგორც ამბობს, ინსტიტუტმა ფუნქციონირება დაქირავებული ფართობის გაყიდვის გამო შეწყვიტა.

 

რამაზ სურმანიძე
რამაზ სურმანიძე

რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების სახით ბათუმში მხოლოდ ერთ ბინას ფლობს. “სოფელში მაქვს კიდევ სახლი და პატარა მიწის ნაკვეთი”.

 

ყოფილი მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში სამი წევრითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძეა. პროფესიით ინჟინერი ჯუმბერ კახიძე ბათუმის საკრებულოში 2006 წლიდან მუშაობს. 2009 წლიდან რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის სრული პროფესორია, მუშაობდა სხვა სასწავლებლებშიც. ტექნიკური განათლება მიუღია საქართველოსა და რუსეთში. როგორც თვითონ ამბობს, ფლობს რამდენიმე უცხო ენას. 2010 წლიდან ბათუმის საკრებულოში იყო “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი განცხადება უკავშირდებოდა საკრებულოში პრემიების განაწილების საკითხს. “პრემიერი შინაურულად ნაწილდება”, _ განაცხადა მან “ბათუმელებთან” ინტერვიუში 2008 წელს, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

 

ჯუმბერ კახიძე
ჯუმბერ კახიძე

ჯუმბერ კახიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების სახით სოფელში მამისეულ სახლსა და სოფელ სამებაში მიწას ფლობს: “ასევე, 126 კვ/მ ბინა შევიძინე “ამხანაგობით” თამარის დასახლებაში, რომელიც ჩემს სახელზეა და ერთი მკვდარი ამერიკული მანქანა მაქვს. ბიზნესწილები არ მაქვს და არც გამირისკავს”.

 

გიორგი კირთაძე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. საკრებულოს წევრი 2006 წელს გახდა. იყო ფრაქციის და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე. 2013 წელს ის საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენა. ამავე წელს კირთაძე ფრაქცია “ბათუმის მომავლისთვის” თავმჯდომარე გახდა. პარტიულ საქმიანობამდე მუშაობდა განათლების სამინისტროში მთავარ სპეციალისტად და იყო ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი.

 

გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ უძრავი ქონების სახით ფლობს 114,61კვ/მ ბინას ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც სესხით შეიძინა: `75 ათასი ლარი მქონდა აღებული, ნაწილი გადავიხადე. სხვა ქონება არ მაქვს. მეუღლეს აქვს ავტომანქანა. ბიზნესი ჯერჯერობით არ მაქვს”.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  მესამე წევრი საკრებულოში ნოდარ დუმბაძეა. ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით მან 2004 წელს დაამთავრა ბათუმის უმაღლესი ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი იურისტის სპეციალობით. 2005-2007 წლებში მუშაობდა მთავრობის აპარატის დარგობრივი დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. 2006 წლიდან კი ბათუმის საკრებულოს წევრია. ბოლო წლებში იყო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

 

ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე ე.წ. “ვარდების რევოლუციის”  დროს მოძრაობა “კმარას” ერთ-ერთი აქტივისტი იყო ბათუმში.
პირად ქონებასთან დაკავშირებულ კითხვას ნოდარ დუმბაძემ ასე უპასუხა: “უპატრონო ვარ. მამაჩემის სახელზეა ბინა ბათუმში, ლერმონტოვის 107-ში და სოფლის სახლიც მამის სახელზეა გურიაში. ავტომანქანა არ მაქვს, მაქვს ბანკის სესხი. პირველად 13 ათასი დოლარი ავიღე, რომლითაც გავარემონტე ბინა და შემდეგ ავიღე 18 ათასი დოლარი, ჯერ არ დამიფარავს ვალი, ნელ-ნელა ვიხდი”.

 

 

ბათუმელი პედაგოგები თურქეთში დაშავდნენ

 

ექსკურსიაზე სკოლის 26 პედაგოგი კაბადოკიაში იმყოფებოდა. სკოლის დირექტორის თამთა კვარაცხელიას ინფორმაციით, ერთ პედაგოგს ოპერაცია ჩაუტარდა, კიდევ სამი მასწავლებელი საავადმყოფოში წევს და ისინი სავარაუდოდ საქართველოში ორშაბათს დაბრუნდებიან. 

 

22 მასწავლებელი სხვადასხვა ტიპის დაზიანებით (დაჟეჟილობა) საქართველოში უკვე დაბრუნდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

 

“ზუსტი ინფორმაცია რა მოხდა არ ვიცით, მაგრამ ავტობუსს სავარაუდოდ საბურავი გაუსკდა და ავტობანზე, სავალი გზიდან გადაუხვია” – ამბობს “ბათუმელებთან” თამთა კვარაცხელია.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა 15 ივნისს მოხდა.

მარტოხელა მოხუცი ავარიულ სახლში

წლების წინ ხის ფიცრულში, გვერდიგვერდ ლეილა მელაძესთან ერთად ოთხი ოჯახი ცხოვრობდა, ბინები ერთიმეორეს პატარა ჰოლით უკავშირდებოდა, დღეს ჰოლის ეს ნაწილი ალა-ალაგ ჩატეხილია, ოთახები კი _ ჩაკეტილი. ჩამოტეხილია ხის ის ბოძებიც, რომელზეც ეს შენობა დგას. ხუთი ოჯახიდან საცხოვრებელს მხოლოდ ეს მოხუცი შემორჩა.

“25 წელია მარტო ვცხოვრობ, ჩემს გასაჭირს სხვა ვერ მიხვდება, მარტო ცხოვრებასთან ერთად სხვა პრობლემებიც ბევრი მაქვს, სახლში მაწვიმს და ქარშიც ვერ გაჩერდები, საშინელი მდგომარეობაა, იატაკიც მორყეულია, მაგრამ რა ვქნა? მე არ შემიძლია გავაკეთო და სხვა რას დაგეხმარება? ორი დღის წინ ქარი იყო, შემეშინდა და ღამე მეზობელთან გავათიე, აქ რა გამაჩერებდა, შარშან გამგეობაში მივედი და ვთხოვე დამეხმარეთ, სახლებს რომ ხურავთ ახალი სახურავით, ძველი მე მომეცით-მეთქი, ისიც არ მომცეს, გასაყიდად გამოვა და იყიდეო მითხრეს, რაც გამგებელი შეიცვალა, მერე აღარ მივსულვარ. ნეტა, არ დამეხმარება?”, _ კითხულობს მოხუცი.
მარტოხელა თავს პენსიით და 60-ლარიანი საარსებო შემწეობით ირჩენს. ამბობს, რომ ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა მაინც სახლის სახურავია.

“ჩემი მთავარი პრობლემა მაინც სახურავია, პენსია და დახმარება მაქვს, მაგრამ მოხუც ქალს წამალი, ჭამა მინდა, ზამთრისთვის შეშა და რა მრჩება? შეშისთვის ფულს ვაგროვებ, 600 ლარი ღირს შეშა, თუ არ დავაგროვე, ხომ გავიყინები და რით ვიყიდო სახურავი? იმაზე არაფერს ვამბობ, რომ არაფერი გამაჩნია, “ლედა”, რომელიც 25 წლის წინ ქმარმა ჩამოასხა, ისიც დამეშალა, ფანჯრები საცაა ჩამოძვრეს უნდა და იატაკიც მორყეულია, აი ნახე”, – მაჩვენებს მოხუცი თავის სახლს და თან თავის ტრაგიკულ ისტორიას აცრემლებული ყვება.

`ადრე გავთხოვდი, შვიდი თვის მყავდა ბავშვი, როცა ქმარი გარდამეცვალა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბავშვით მშობლებთან დავბრუნდი და საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. ადრე ასეთი წესი იყო, გასათხოვარ ქალს არ დაგტოვებდნენ მარტოს და გამათხოვეს, ბავშვი მშობლებთან დარჩა, არც მეორედ გამიმართლა, ისიც მალე მომიკვდა, ეს ჩემი მეორე ქმარის სახლია, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტო ვცხოვრობ, ძალიან ცუდია მარტოობა, მაგრამ რას იზამ, ჩემი მშველელი ტელეფონია, თუ ცუდად გავხდები სასწრაფოს დავურეკავ და ის მოდის. ზოგჯერ ვიტყვი, ნეტა, საჭმლის გამკეთებელი მყავდეს-მეთქი, ჩემთვის დავიჩივლებ, მაგრამ ვინ მოვა? ვის რად უნდა მოხუცი? ჩემი ცხოვრება ასე ყოფილა, რას იზამ,” _ ამბობს მოხუცი.

“რამდენიმე წლის წინ მარტოხელა მოხუცის საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი ქარმა გადახადა, ჩვენ მაშინ მეორადი სახურავი გადავეცით. წინა წლებში გამგეობაში იყო ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რითაც ვეხმარებოდით, წელს ეს პროგრამა აღარ არის, თუ გამოჩნდება რესურსი, აუცილებლად დავეხმარებით”, _ ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოჩა ცეცხლაძე.

რაც შეეხება სახურავის შეკეთებას, გოჩა ცეცხლაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მსგავსი დახმარებას მხოლოდიმ შემთხვევაში აღმოუჩენს მოქალაქეს, თუ მეორადი სახურავი ექნება, ასეთი კი, ჯერჯერობით არ აქვთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაბა ხულოს ცენტრში 83 წლის მოხუცს შემდეგი ზამთრის გადატანა უსახურავო ფიცრულში მოუწევს.

ბრძოლა ტალღებთან სხვის გადასარჩენად

 

–  გაგა, როგორ აღმოჩნდი სამაშველო სამსახურში და რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

– ჩემთვის მრავალფეროვნებაა, ერთსა და იმავე საქმეს არ აკეთებ, ყოველდღე გიწევს ათასობით ადამიანთან შეხვედრა. სირთულეების გადალახვის სურვილი ყველა ადამიანშია, ცოტა ექსტრემიცაა, რაც მიზიდავს, თან ადამიანების გადარჩენაზე კარგი რა უნდა იყოს. თავიდან არ ვიყავი ძალიან კარგი მოცურავე, მერე ვისწავლე. ათ წლამდე წყლის მეშინოდა. დღემდე ვსწავლობ ბევრ რამეს. მაშველებზე სერიალს ვუყურებდი ბავშვობაში, თავიდანვე მხიბლავდა ეს პროფესია.

– როგორია მაშველის პროფესია?


– დამსვენებლის მხრიდან რომ შევხედოთ, ადვილი საქმეა, ჩვენი გადასახედიდან კი, რთული და საპასუხისმგებლო სამსახურია. პლაჟზე მოსული ადამიანი უნდა შეისწავლო სანამ ზღვაში ჩავა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიხვდე ფხიზელია თუ არა, ნასვამი ადამიანი როცა გეპარება წყალში, აუცილებლად მოყვება ამას პრობლემები, ზღვაში პრობლემას წარმოადგენს შენი ფიზიკური მდგომარეობა, ზღვა არ გეგუება. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა აქვს ნასვამი _ ღვინო, არაყი თუ ლუდი. ყველას ყურადღება უნდა მიაქციო, ნასვამებს, ბავშვებს, ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცურვა იციან, იმათ, ვისაც ეშინიათ წყლის.

მხოლოდ სეზონურად მუშაობთ?


– მე მუდმივი სამსახური მაქვს, “შერატონის” დაცვაში ვმუშაობ, სადაც ცვლაში მიწევს მუშაობა. ეს მეხმარება იმაში, რომ აქაც შევძლო მუშაობა. ამის გამო კვირაში შვიდი დღე ვმუშაობ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს მუდმივი სამსახური, მთელი ზამთარი ტყუილად ყოფნა უწევთ, მეც ვიყავი ასე ორი წელი, რთულია ზაფხულის მოლოდინში ცხოვრება. დღევანდელ ცხოვრებაში ხელფასი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ სამაშველოში არც ისეთი ხელფასია, რომ მარტო მაგისთვის გაჩერდე, აქ სხვა მოტივაციაა, მე ამ სამსახურში მაჩერებს წყლიდან ამოსვლა გადარჩენილ ადამიანთან ერთად. სულაც რომ მადლობა არ გადაგიხადონ, დადებითი ემოცია მოდის, შენ იცი, რომ მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთე.

–  ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება გიწევთ?


– ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება ყოველ სეზონზე გვიწევს, მნიშვნელობა არა აქვს, სამაშველო გამოცდილება გაქვს თუ არა, გინდ ათი წელი მუშაობდე აქ, მაინც უნდა ჩააბარო. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნორმატივები ძალიან მარტივია ან ძალიან რთული, მგონი უფრო საჭირო, უბრალოდ, რთულია აპრილში ზღვაში შეცურვა, როცა ჯერ კიდევ ცივი წყალია. ნორმატივების ჩაბარების შემდეგ თავდაჯერებულობა მემატება. ყველა მაშველმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება სრულიად მარტო აღმოჩნდეს ზღვის ხახაში ადამიანის გადასარჩენად, ამისთვის მას ძალაც უნდა ჰქონდეს და საკუთარი ფსიქიკის კონტროლიც უნდა შეძლოს, ზღვაში არაფერია გამორიცხული, შეიძლება პანიკა გადმოგედოს. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.

 

– ვის შეუძლია გახდეს მაშველი?


– გამბედავ ადამიანს. ყველაზე მთავარი სიმამაცეა, რომ არასოდეს იყოყმანოს ზღვაში შესვლამდე. ხშირად ზღვა ისე ღელავს, რომ თავად იქ არასოდეს შევიდოდი საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ როცა ვინმეა გადასარჩენი, არც ერთი მაშველი არ დაფიქრდება, ისე შევა წყალში. ხელმძღვანელობა გასწავლის იმას, თუ როგორ უნდა მოიქცე, მთავარია გამოცდილებაც, გამოცდილების შემდეგ ხვდები უკეთესი როგორი ქმედებაა.

 

_ როგორია მაშველის ერთი ჩვეულებრივი დღე?


_ სამუშაო დღე დილის ცხრა საათზე იწყება, ამ დროისთვის ფორმაში უნდა იყო, არამარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, ამიტომაც შვიდ საათზე უკვე ვიღვიძებ, ზაფხულია, არ უნდა უჭირდეს ადამიანს გაღვიძება, რაც უფრო ადრე ადგები, მით უფრო გრძელია დღე და საინტერესოც. მე არ მსურს ძილს დავუთმო დრო ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, ამაში ჩემი სამსახური მეხმარება. მერე მთელი დღე გიწევს პლაჟზე ყოფნა საღამოს ცხრა საათამდე, სადაც სულ ფხიზლად უნდა იყო.
ჩვენ ვმუშაობთ ცხრიდან ცხრამდე, ათის ხუთ წუთზე რამე რომ მოხდეს, მე პასუხს არავინ მომთხოვს.

 

ექსტრემალურ სიტუაციას თუ გაიხსენებ?


– ყველაზე ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა წელს, 22 ივნისს, ყველაზე რთული დღე იყო, რაღაც ჯოჯოხეთური, ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონდა, კვირა დღე იყო, წყალი სუფთა, მაგრამ დიდი ტალღებით, სადღაც სამ-ოთხ ბალამდე. მთელი დღის განმავლობაში ხუთწუთიანი შესვენებაც კი არ გვქონდა, მთელი დღე ვიყავით წყალში, სულ გამოსაყვანი იყო ვიღაცა. როდესაც ტალღები დიდია, ნაპირიც გრძელდება, ამიტომ გამოყვანა უფრო რთულდება, ასეთ დროს ორ ან სამ მაშველს გიწევს ერთდროულად შესვლა, რომ მალე გამოიყვანო ადამიანი, თითოეულ ტალღას უნდა დაელოდო, რადგან შენ გახლავს ადამიანი, რომელიც ამ ტალღას ვერ გაუმკლავდება.
იმ დღეს, როგორც იახტკლუბში გვითხრეს, ორი სამაშველო პუნქტიდან მხოლოდ ერთ საათში 27 ადამიანი გადაარჩინეს _ ვისი გამოყვანაც მაშველებმა ნაპირზე ვერ შევძელით და სკუტერებს გამოვატანეთ. დანარჩენი, ნაპირზე რაც გაგვყავდა, ვერ დავითვალეთ. საერთოდ არ ვითვლი იმას, თუ რამდენი ადამიანი გადავარჩინე, რა საჭიროა, მერე რომ თქვა მე ამდენი ადამიანი მყავს გადარჩენილი-მეთქი? ეს არაფერს შეცვლის. უბრალოდ, ვთხოვ ყველას, ვინც გადამირჩენია, რომ ახსოვდეს რა მოსდევს ნასვამ მდგომარეობაში წყალში შესვლას, საკუთარი შესაძლებლობებით ბაქიბუქობას.

 

–  ყველაზე რთულ რა სიტუაციაში აღმოჩენილხარ?


– ჩემი საგუშაგო არის დემეტრე თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) ქუჩის პირდაპირ, ერთ-ერთი რთული პოსტია, იქ არის რკინის ხიდი, დიდი ტალღებისას უმეტესად დინება არის ხიდისკენ, თუ ადამიანს მაგ ხიდამდე ვერ ამოიყვან, მერე გადარჩენის შანსი რჩება მხოლოდ ხუთი პროცენტი, ხიდზე მიდიებია და ვერ ჩაეჭიდები, დაგსერავს, დიდ ტალღებში ორიენტაციას ვერ დაიცავ… მერე არის ის, რომ ტალღა ხიდს შეგაჯახებს და გაგთიშავს, შენ კი ამ დროს სხვის გადარჩენაზე უნდა იფიქრო.
შარშან, ზაფხულში, რთული სიტუაცია შეიქმნა, მშვიდი დღე იყო, თუმცა საკმაოდ დიდი ტალღებით, ერთი ბიჭი ჩავიდა წყალში და მალევე დახმარება ითხოვა, ძარღვი გამესკვნაო. წყალში ორი მაშველი შევედით, თუმცა შეცდომა დავუშვით _ ერთი სამაშველო მალიბუ წავიღეთ (სადღაც სამ მეტრამდე თოკია). მალიბუ დამხმარე საშუალებაა, რომელიც ერთი ბოლოთი ამაგრია მაშველს, მალიბუს კი აწვდი ადამიანს, რომელიც უნდა გამოგყვეს, ამით ექაჩები მას. გამოყვანა მალე ვერ მოვახერხეთ, ხიდს ვუახლოვდებოდით, ტალღები ხიდს ზემოთ გადადიოდა, სიღრმეში ვეღარ შევბრუნდებოდით, ხიდამდე კი ათი მეტრი იყო დარჩენილი, ბოლო ცდა გვქონდა _ გამოვყევით ტალღას, რომელსაც სხვა შემთხვევაში არაფრით გამოვყვებოდით, სხვა გზა არ იყო… ტალღამ დაგვამტვრია, მაგრამ, რაც მთავარია, ის გადავარჩინეთ, ნაპირზე გასულები მე და ჩემი მეწყვილე ხუთი წუთი უგონოდ ვიყავით, ვინც იხრჩობოდა, ის უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ, დახმარება არ დასჭირვებია. ტალღასთან ბრძოლა ჩვენ მოგვიწია, ეს იყო ყველაზე რთული.

 

– თუ აგრძელებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისაც დახმარებას უწევთ?
– იმედი მაქვს მათ მადლიერების გრძნობა აქვთ, უმეტეს შემთხვევაში მადლობის სათქმელადაც კი არ მოდიან, მეორე დღეს რომ ვხვდებით, გამარჯობასაც არ გვეუბნებიან, არავინ აგრძელებს მაგის მერე ჩვენთან ურთიერთობას, იშვიათ შემთხვევაში ძალიან მშრალად გეტყვიან მადლობას. არ ვიცი კავკასიელებს ალბათ გვეუხერხულება მადლობის გადახდა. ამას წინათ, არ ვიცი ზუსტად ამერიკელებს თუ ინგლისელებს დავეხმარეთ, მობრუნდნენ და მხურვალედ გადაგვიხადეს მადლობა, გვითხრეს, რომ არასოდეს დაივიწყებდნენ იმას, რომ სიცოცხლე ვაჩუქეთ.

 

–  უფრო ხშირად დახრჩობის საფრთხის წინაშე ის ადამიანები დგანან, რომლებმაც ცურვა იციან?
– ვინც ცურვა იცის, ის უფრო შორს შედის, რაც თავისთავად საშიშია, თუ ცურვა არ იცის, ნაპირიდან მხოლოდ ხუთ მეტრში გადის, შორს ვერც გავა ფიზიკურად. შორს ვინც გადის, თვითდაჯერებულიცაა და გვიან გთხოვს დახმარებას, რადგან ჰგონია, რომ თავად შეძლებს გადალახოს საფრთხე. ხშირად იძულებით გამოგვყავს, როცა ვხდებით, რომ იხრჩობა და მარტოს გადარჩენის შანსი არ აქვს.
ადამიანი ცურვისას უნდა დაფიქრდეს იმაზე, ეყოფა თუ არა ენერგია ნაპირზე დასაბრუნებლად, ხშირ შემთხვევაში მთლიან ენერგიას ხარჯავენ გასვლისას, მერე კი უკან ვეღარ გამოდიან, ყველამ კარგად იცის რამდენის გაცურვა შეუძლია, ცურვისგან სიამოვნება თუ გინდა მიიღო, უკან შემობრუნებაც უნდა შეგეძლოს.

თუ მაშველები არ არიან, როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანს ჩვეულებრივი მცურავი?
–  ფიზიკური კონტაქტი არ უნდა გქონდეს ამ დროს, თუ გათიშულია, თმაში უნდა წვდე, სხვა შემთხვევაში ხელის მტევანი დაუჭირო (მაჯიდან სახსრამდე). ზურგში თუ მოგეჭიდა შენც დაიხრჩობი და ისიც. არ აქვს მნიშვნელობა დაა, ძმაა, დედაა თუ შვილი, ამ დროს ადამიანს ყველაფერი ავიწყდება. გვქონია შემთხვევები, როცა გადარჩენის სურვილით დაპანიკებული დედა შვილს ახრჩობდა და შვილი დედას, ამ დროს ინსტინქტით მოქმედებს ადამიანი, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვიდე კონტაქტში, მაჯა დაუჭირე, თუ ძალა არ გყოფნის გამოსაყვანად, დასახმარებლად სხვას უნდა დაუძახო.

 

_ როცა ადამიანი ხვდება, რომ საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოიქცეს?


_ თუ დიდ ტალღებში მოექცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცადოს ნაპირზე გამოსვლას, რადგან ტალღა უფრო ძლიერდება და შეიძლება ძალა სულ გამოგეცალოს, უფრო ღრმად უნდა შეცურო, საიდანაც დახმარება უნდა ითხოვო. თუ ძარღვი გესკვნება, თავისით ვერ მოახერხებ მის გახსნას, არ გარისკო, მაშინვე ითხოვე დახმარება. იყო შემთხვევა, როცა მამაკაცმა არ ითხოვა დახმარება, სცადა შესკვნილი ფეხით ნაპირზე გამოსვლა, მაგრამ გზად მეორეც შეესკვნა, ძლივს ვუშველეთ _ ნახევრად დამხჩვალი ამოვიყვანეთ. მაშველებსაც გვესკვნება ფეხი, რა დროსაც დასახმარებლად მეწყვილეებს ვეძახით, ეს არ „ტეხავს“, საქმე სიცოცხლეს ეხება.

– როგორ შემთხვევებში გიძნელდებათ გადარჩენა?

– როცა გვიან შევიტყობთ, რომ სჭირდება დახმარება, მივცურავთ, ვაწვდით მალიბუს, ვცდილობთ მასთან საუბარს, ვეკითხებით რა მდგომარეობაშია, რომ იმის მიხედვით მოვიქცეთ, ხშირად სასწრაფო დახმარება სჭირდებათ. პანიკა აქვთ, ეშინიათ, რაც გადამდებია, ამიტომ ვცდილობთ მათ აზრზე მოყვანას. მე ვეუბნები, რომ თუ არ დამიჯერებს, უარეს დღეში აღმოჩნდება, ანუ მარტო დატოვებით ვაშინებ. ეს ჭრის, მართლა ეშინია იმის, რომ არ დავტოვო და მორჩილი ხდება.

ხშირად ჩვენს სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ, მალიბუს მიწოდების შემდეგ მაინც ჩვენს ტანზე გადმოდიან, რითაც გბოჭავენ და გახრჩობენ, თავის გათავისუფლებას ვერ ახერხებ, რადგან სრულად გებღაუჭება. მე ასეთ დროს წინააღმდეგობას არ ვუწევ _ ფსკერისკენ მივდივარ, მას კი სურს, რომ ზემოთ იყოს და ხელს გიშვებს. მთავარია, ჰაერის ჩასუნთქვა მოასწრო. საბედნიეროდ, ჩემს საგუშაგოზე უბედური შემთხვევა არ მომხდარა. მაგალითად, ჩემი მეგობრის საგუშაგოზე მოხდა შემთხვევა, პიროვნება არ დაემორჩილა მაშველებს, ნასვამ მდგომარეობაში იყო, გადახტა ტალღაში და აღარ ამოუყვინთავს, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ კი ფსკერზე იპოვეს. მთელი ერთი კვირა ჭირისუფალი მოდიოდა და ყველა ჩვენგანზე ზეწოლას ახდენდა, ცდილობდნენ რამე ისეთი გაეგოთ, რომ მაშველის ბრალეულობა დადასტურებულიყო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადასატანია.

 

 

მიწისძვრა გურიაში

მიწისძვრა
მიწისძვრა

ილიას უნივერსიტეტის სეისმური ცენტრის ვებგვერდის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ გომისმთასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძრლავრე 4, 1 მაგნიტუდა იყო. 

ექსპერტიზის დასკვნის ექსპერტიზა

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის საექსპერტო სამსახურის მთავარი ექსპერტი მერაბ მგელაძე დასკვნაში (#9012165) წერს, რომ მას უნდა დაედგინა ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული 6 აბი მიეკუთვნება თუ არა ნარკოტიკულ საშუალებას ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. დასკვნაში წერია, რომ “ტაბლეტების საერთო წონა 1.179 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0.024 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს”.

 

სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტიზა ჩაუტარა ბრალდებულის ადვოკატმა მაკა კანდელაკმა. ის სთხოვდა ექსპერტს დაედგინა, რამდენად სწორად იყო გამოთვლილი ექსპერტიზაზე წარდგენილ აბებში ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ექსპერტ ქიმიკოს ლელა ქოჩეჩაშვილს მუშაობის 23 წლის სტაჟი აქვს. დასკვნაში მას უწერია, რომ გ.ვ-ს. სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოკვლევა არასრულყოფილია:

 

“გაურკვეველია, რომელი მეთოდით მოხდა ნარკოტიკული საშუალების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა… ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის შემცველობა ეჭვქვეშ დგება, ვინაიდან არ ჩანს რაოდენობრივი განსაზღვრის კვლევა… აღნიშნული დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ექსპერტმა მათემატიკური გაანგარიშებით და არა საექსპერტო კვლევით დაადგინა ნარკოტიკული საშუალების ოდენობა…”

 

ადვოკატის შუამდგომლობით, სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ორივე ექსპერტი. პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ორივე შვებულებაშია, ამიტომაც მათ შვებულების დასრულების შემდეგ, თვის ბოლოს დაკითხავს. მოწმის სტატუსით დაკითხეს შს სამინისტროს თანამშრომლები მირიან გოგიტიძე და გია ჯუმუშაძე. გია ჯუმუშაძემ რელიგიური ფიცი დადო.
მისი მონაყოლით, 2014 წლის 22 მარტს შს სამინისტროში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სარფში დააპატიმრა გ.ვ. დაკავებულს ჩხრეკისას აღმოაჩნდა 6 ცალი აბი. მოწმემ თქვა, რომ დაკავების დროს, ჩხრეკისას პატიმარს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
შს სამინისტროს მეორე თანამშრომლის მირიან გოგიტიძის თქმით, მან ოპერატიული ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი გადმოჰქონდა. ადვოკატმა მაკა კანდელაკმა მას სთხოვა ინფორმაციის წყაროს დასახელება, ასევე იკითხა თვითონ რას აკეთებდა, როცა მისმა მეწყვილემ შეაჩერა, დააკავა, ჩხრეკა ჩაუტარა და ოქმი შეადგინა.

 

პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ პოლიციელს მიუთითა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გაეცა, რაც ადვოკატმა გააპროტესტა მოსამართლესთან.
ადვოკატსა და პროკურორს შორის კიდევ რამდენიმე ასეთი დიალოგი გაიმართა _
– ადვოკატი (მიმართავს მოწმე პოლიციელს): რა ფერის მაისური ეცვა დაკავებულს?
– პროკურორი: აბნევს მოწმეს, მაისური არა, ქურთუკი ეცვა.

ასე გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთი, ადვოკატის ყველა კითხვას, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ჩტარებას უკავშირდებოდა,  პროკურორმა უპასუხა. მოსამართლეს შენიშვნა პროკურორისთვის არ მიუცია მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა რამდენჯერმე სთხოვა მას პროკურორის შეჩერება.

 

ეს ამბავი პატიმრის დედამ გააპროტესტა. მოსამართლემ ის სიტყვიერად გააფრთხილა. თავად ბრალდებულმა თქვა, რომ მოწმეები (პოლიციელები), რომლებიც სასამართლომ დაკითხა, პირველად ნახა, ანუ ის სხვებმა დააკავეს.
ბრალდებულს ნარკოტიკის შეძენა-შენახვას და საზღვარზე გადმოტანას ედავებიან. ბრალდება, შთანთქმის პრინციპით, 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრეს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახმა თანხის გადახდა ვერ შეძლო, ბრალდებული პატიმრობაშია.

 

ვიოლეტა ფორჩხიძე
ვიოლეტა ფორჩხიძე

Exit mobile version