ბოლო წლებში მსოფლიო მასშტაბით „გაყიდული“ თამაშების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თურქეთის ორი საფეხბურთო კლუბი „უეფამ“ ევროტურნირებიდან მოკვეთა, ფენერბაჰჩე ორი წლით, კლუბი „ბეშიქთაში“ კი _ ერთი წლით. „უეფა“ „ფენერბაჰჩეს“ „სივასთან“ გარიგებულ თამაშს და სხვადასხვა მანიპულაციით 2011 წელს თურქეთის ჩემპიონატის მოგებაში ადანაშაულებდა, „ბეშიქთაშს“ კი – „ბუიუკშეჰირთან“ გარიგებით მოგებას.
სპორტული კორესპონდენტი ლაშა დვალიშვილი ამბობს, რომ გარიგებული თამაშები ყოველთვის იარსებებს, ისევე როგორც იარსებებს ნაკრებები, რომლებისთვისაც ფეხბურთი ყველაფერია.
„გარიგებული თამაშები ყოფილა ბევრი და სანამ ფეხბურთი იარსებებს, ყოველთვის იქნება. არსებობენ ნაკრებები, რომლებისთვისაც მთავარია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა და აბსოლუტურად მიუღებელია გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა. მეცინება ხოლმე როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბრაზლიამ გაყიდა საფრანგეთთან. ბრაზილია არის ის ქვეყანა, რომელიც გაყიდის ყველაფერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდეს. თუმცა აფრიკულ გუნდებზე შეიძლება მსგავსი რამის თქმა და ამის მაგალითებიც ყოფილა“.
სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ჩემპიონატებისგან განსხვავებით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე გუნდების მიერ თამაშის გაყიდვა ნაკლებადაა სავარაუდო.
„რა თქმა უნდა, გარიგებული მატჩების ერთეული შემთხვევები არსებობს. მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთ შეთქმულებას გამოვრიცხავ. ერთადერთი კამერუნის ნაკრებზეა საუბარი, რომ შვიდმა ფეხბურთელმა „ჩაუშვა“ თამაში და ხორვატიასთან 4:0 წააგო, რომ ამ მატჩზე დიდი ფსონი იყო. ფაქტი შეიძლება მართლაც იყოს, მაგრამ ის ვარაუდის დონეზე რჩება. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდმა გუნდებმა გაყიდონ ჩემპიონის ტიტული ან სპეციალურად გავარდნენ, მე არ მესახება რეალურად. როგორც ქართველი ფეხბურთელი გივი ნოდია იტყოდა „მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული თუ გაყიდეს, რას იყიდიან უკეთესს“.
გაყიდულ თამაშებში ტოტალიზატორების მნიშვნელობაზე საუბრობს სპორტულ ინტერნეტპორტალ www.worldsport.ge -ს ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი:
„კორუფციული თამაშების ყოველთვის არსებობს. თუნდაც ის, რომ 90 წუთში არ გავიდა გოლი და დამატებით დროზე პირველივე წუთზე გავიდა, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. არის თამაშები, რომელშიც ტოტალიზატორები არიან ჩართული და მასში გარკვეული რაოდენობის ფეხბურთელებიც. მაგრამ ეს ვარაუდები და ეჭვებია და მტკიცებულებების გარეშე ხელს ვერავის დაადებ. ერთხელ მარადონამ თქვა, გააუქმეთ ტოტალიზატორები და ნამდვილი ფეხბურთი იქნებაო. მაგრამ ტოტალიზატორებს ისე აქვთ ფესვები გადგმული, ძნელია მას მოერიო“.
თუმცა ლევან სალუქვაძე სტერეოტიპულად მიიჩნევს ტოტალიზატორების მიერ თამაშების მართვას:
„სინამდვილეში სწორედ ტოტალიზატორს არ აწყობთ „ჩაწყობილი“ თამაში იმიტომ, რომ ვინმე თუ დადებს გარიგებას, იმ ჩაწყობით ტოტალიზატორს უნდა მოუგოს ფული. არსებობს დიდ ტოტალიზატორებს შორის შეთანხმება, როდესაც არაადეკვატურად დიდი თანხა იდება ერთი გუნდის მოგებაზე. მაგალითად, ავიღოთ არგენტინა ჰოლანდიის ან გერმანია-ბრაზილიის შეხვედრა. ეს იყო თანაბარი გუნდების თამაში, ყოველ შემთხვევაში, მატჩამდე ასე გვეგონა. მსგავს სიტუაციაში ყველა ტოტალიზატორმა იცის, რომ თანხები თანაბრად ნაწილდება. მაგრამ ვინმეს რომ დაედო ფსონი, გერმანია 7:1 მოუგებსო ბრაზილიას, ეს გამოიწვევდა საფუძვლიან ეჭვს, რომ თამაში გარიგებულია. ტოტალიზატორი თვითონ რეაგირებს ამაზე იქამდე, სანამ მატჩი ჩატარდება. ისინი აფრთხილებენ ორგანიზატორებს, რომ ამ მატჩზე არაადეკვატურად დიდი თანხა შემოდის არარეალურ შედეგზე და იქნებ, უფრო ყურადღებით დააკვირდეთ მოვლენებსო“.
ერთი მხრივ კორუფციაა და დანაშაული მატერიალური მოგების მიზნით გაყიდული თამაშები, მეორე მხრივ, როგორც ლაშა დვალიშვილი ამბობს, მისი გამოვლენა რთულია და მასზე გამოძიება უნდა მუშაობდეს.
„იტალიაში, მაგალითად, „იუვენტუსის“ გარიგებულ თამაშებს ხუთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ“ მიმდინარეობდა გამოძიება, სატელეფონო მოსმენებითა და სხვა ხერხებით. ამიტომ გარეშე თვალს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ესა თუ ის თამაში გაყიდულია“.
გაყიდულ თამაშებზე საქართველოშიც საუბრობენ, კონკრეტულად „ოლიმპიკსა“ და „ვიტ-ჯორჯიას“, „სპარტაკსა“ და „სიონს“, „ლოკომოტივსა“ და „გაგრას“ შორის არსებულ გარიგებაზე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, უეფასთან ერთად საქართველოც არის ჩაბმული ფეხბურთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„გამონაკლისები ჩვენც არ ვართ და, სამწუხაროდ, საქართველოც იმყოფება იმ შავ სიაში, რომელშიც მოხვედრილია „გარიგებულ თამაშებში“ მონაწილე გუნდები. ჩვენ აქტიურად უნდა ვებრძოლოთ და ჩავერთოთ ამ პროცესში. უეფადან ჩამოსული იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც ცდილობენ აღმოფხვრან ასეთი სახის თამაშები და მხილებულნი იქნენ ეს გუნდები. საერთაშორისო დონეზე უნდა ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, ფეხბურთის ფედერაციამ და, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტრომ და უახლოეს მომავალში ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“.
მინისტრის თქმით, გაყიდული თამაშების პრევენციას, ჯერჯერობით, კანონმდებლობა არ არეგულირებს.
ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ გაყიდულ თამაშებში მონაწილეები უნდა დაისაჯონ:
„ერთხელ პრეცედენტი იქნება ასეთ საქმეში, ფეხბურთელი იქნება, მწვრთნელი თუ მსაჯი გარეული, სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემენ. მერე სხვას, ალბათ, შეეშინდება, მოერიდება, გადაიფიქრებს. ერთი-ორი საგაზეთო სტატია ვერ უშველის მე მგონი ამას. ცხადია, ვხვდებით, რომ ასეთი რაღაცები არის, მაგრამ საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა მსგავსი ფაქტი გამოძიებულიყოს, დადასტურებულიყოს და ვინმე დასჯილიყოს“.