Batumelebi | აქცია ქობულეთში – გამგებელი მოსახლეობის კითხვებს პასუხობს აქცია ქობულეთში – გამგებელი მოსახლეობის კითხვებს პასუხობს – Batumelebi
RU | GE  

აქცია ქობულეთში – გამგებელი მოსახლეობის კითხვებს პასუხობს

 

ამ წუთებში ქობულეთის  ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს,  სოფელ კვირიკეში ადგილობრივი მოსახლეობა  ხელისუფლებას წყლისა და გაზის მიწოდებას  და დაბინძურებული გარემოს მოწესრიგებას სთხოვს. 

 

აქციის მონაწილე ნაზი გუგუნავა, რომელიც 30 წელია სკოლაში პედაგოგად მუშაობს,   პრობლემის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს: „ქობულეთში მშენებარე ავტობანისთვის საჭირო  ქვა-ღორღი ჩვენი სოფლიდან გადის, სოფელში  არის ნავთობის მილი, რომელიც გასკდა, აქვს სუნი, დიდი ოდენობით ჩაიღვარა მიწაში.  კიტრისა და პომიდვრის მეურნეობა იყო აქ და უკვე საშიშია ბოსტნეულის მოყვანაც, მეორე პრობლემა ის არის, რომ სოფელს წყალი მთიდან მოეწოდება, სიცხეების გამო ავზი დაშრა, თითქმის 5 დღეა სოფელი უწყლოდაა და ასევე ძალიან გვაწუხებს მანდარინის ნარჩენების სუნი, გადამამუშავებელმა ქარხანამ უვარგისი მანდარინი ჩვენს სოფელში 4-5 მეტრ სიღმე მიწაში ჩაყარა“.

 

მალხაზ ყულეჯიშვილიც სოფელ კვირიკეში ცხოვრობს და მისი თანასოფლელის მსგავსად, წყლის, გაზის და გარემოს დაბინძურების პრობლემებზე საუბრობს.

 

„ბათუმელების“ შეკითხვებს გიორგი რომანაძემ, ქობულეთის მინციპალიტეტის გამგებელმა უპასუხა:

 

 

 ბატონო გიორგი აქციაა ქობულეთში, იცით  რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს?

 

პირველად მესმის აქციის შესახებ, ქობულეთში მივდივარ ახლა.

 

 ადგილობრივების ინფორმაციით სოფელ კვირიკეში  წყლის პრობლემაა, ხუთი დღეა წყალი არ მიეწოდება ხალხს..

 

 ქობულეთის თითქმის ყველა სოფელს აქვს წყლის პრობლემა ზაფხულობით. კარგი იქნებოდა ადგილობრივებს დროზე ეფიქრათ ამაზე და ტყეები არ გაეჩეხათ, გზის გადაკეტვითა და აქციით ახლა ეს პრობლემა  არ მოგვარდება. კვირიკეში  ჩვენ წყალგაყვანილობა მთლიანად გამოვცვალეთ.  

 

 

ადგილობრიოვები ამბობენ, რომ  ავტობანის მშენებლობისთვის ქვა-ღორღის გატანა ხშირად ხდება სოფლიდან, ინფორმირებული ხართ ამის შესახებ?

 

 იყო ასეთი  ფაქტები.  საუბედუროდ ჩვენთან არის  არაკეთილსინდისიერი ფირმები, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ. ერთ-ერთ ფაქტი იყო, როცა  ნავთობიც დაიღვარა. ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცავები იძიებენ ამ ფაქტს.

 

რაც შეეხება სოფელში მანდარინის ნარჩენების დაყრას, რომელიც აუტანელ სუნს იწვევს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ციტრუსის გადამამუშვებელი ქარხანა სოფელში ყრის ნარჩენებს…


 შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვხუჭავ თვალს, რადგან აჭარაში ეს ერთადერთი ქარხანაა წვენების გადამამუშავეელი.  ადგილი კი სადაც ეს ნარჩენებია დაყრილი, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.  ჩვენ გავაფრთილეთ და  იმედია მომავალ სეზონზე  ეს ტერიტორია, სადაც ნარჩენები იყრება, შემოიღობება, რადგან რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საქონლის დაღუპვის. 


რაც შეეხება სოფლის გაზიფიკაციას?


ეს ის პროცესია, რომელშიც ჩვენ ვერ ვერთვებით, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რადგან ეს კერძო კომპანიაა, რომელსაც აქვს გეგმა-გრაფიკი და იმის მიხედვით მუშაობს. როგორც ვიცი წელს ციხისძირს დაასრულებენ. ჩვენი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციაა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა