სიახლეები

რა ქონებას ფლობენ ბათუმის საკრებულოს წევრები

19.07.2014 • 2424
რა ქონებას ფლობენ ბათუმის საკრებულოს წევრები

 

 

გია კაკაბაძე საკრებულოში “საქართველოს გზას” წარმოადგენს. ის საჯარო სამსახურში ბიზნესიდან მოვიდა. 2001 წელს იყო ინდმეწარმე, 2008 წელს კი, როგორც ამბობს, ბიზნესი გააფართოვა და შპს “SAN FA”  დააფუძნა. კომპანია ტანსაცმლის ვაჭრობითაა დაკავებული. გასულ წელს ახალი კომპანია  ENERGY DRINK-ი დააფუძნა, რომელიც სხვადასხვა სახეობის საქონლის დისტრიბუციას ეწევა. “საქონელი შემოგვაქვს ჩინეთიდან და თურქეთიდან”, – ამბობს ის.

 

გია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ წარმატებული ბიზნესი აქვს. თუმცა, კითხვაზე, რატომ გაცვალა წარმატებული ბიზნესი საჯარო სამსახურზე, ამბობს: “ბოლო-ბოლო უნდა ეშველოს ბათუმს. ყველა მოდის სხვა ამბიციებით. ვაპირებ გავიტანო ბათუმის ბიზნესფონდის იდეა და რაღაც ინვესტიციები მოვიძიოთ”. 

გია კაკაბაძემ არჩევნების შემდეგ უძრავი ქონება და ბიზნესი მამის სახელზე გადააფორმა. “ამ წუთას ჰაერში ვარ. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლი, ყველაფერი მამაჩემს გადავუფორმე. მათ შორის მაღაზია, რომელიც მილიონად არის შეფასებული, კერძო სახლი მიწის ნაკვეთით და ავტომანქანა”.

 

ყოფილი ბიზნესმენი ამბობს, რომ მას ბათუმში ერთ-ერთი გამორჩეული სახლი აქვს: “ერმიტაჟი რომ გააკეთეს, ის მოხელეები არემონტებდნენ ჩემს სახლს. განსხვავებული დიზაინი აქვს”, _ ამბობს კაკაბაძე.
გია კაკაბაძე 36 წლისაა და პროფესიით ეკონომისტია.
გიორგი ცინცქილაძე საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს. ის საჯარო სამსახურში ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმყოფებოდა. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, ასლან აბაშიძე, მას როგორც ერთგულ თანაგუნდელს, ისე მოიხსენებდა. იყო აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004-2005 წლებში, ის დააპატიმრეს. როგორც გიორგი ცინცქილაძე ამბობს, მას აჭარის ტელევიზიისთვის თანხის არასწორად გამოყოფისთვის წაუყენეს ბრალი. “თუმცა, ბრალი არ მიღიარებია” – ამბობს ის.
აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, გიორგი ცინცქილაძე პოლიტიკას ცოტა ხნით ჩამოშორდა. 2006 წლიდან დღემდე შპს “ხელვაჩაურის საგზაოს” დირექტორია. ამბობს, რომ არ აქვს საკუთარი ბიზნესი.

 

გიორგი ცინცქილაძე

გიორგი ცინცქილაძე ირწმუნება, რომ მის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება: “მამის სახელზე რეგისტრირებულ სახლში ვცხოვრობთ, არც ავტომანქანა მაქვს”.
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბათუმის საკრებულოში ორი წევრით, დავით თედორაძითა და გელა გვარიშვილით არის წარმოდგენილი.

 

გელა გვარიშვილი 1971 წელს ბათუმშია დაბადებული. ის ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში, 2002 წელს აჭარის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. უფრო ადრე კი, 1996 წელს, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის რეფერანტი. აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა მინისტრთა საბჭოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მთავარ სპეციალისტად. განათლება რუსეთში აქვს მიღებული. კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს საგარეო ურთიერთობათა სფეროში. აქვს მეორე, ინჟინერ-ეკონომისტის განათლებაც, რომელიც ლენინგრადის გემთმშენებელ ინსტიტუტში მიიღო.
კითხულობდა სალექციო კურსს ისტორია-პოლიტოლოგიაში. 2004-2012 წლამდე მუშაობდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.

 

გელა გვრაიშვილი
გელა გვრაიშვილი

გელა გვარიშვილი ამბობს, მას საკუთრება არ აქვს: “დედაჩემის სახელზე რეგისტრირებულ სახლში ვცხოვრობთ, მე მხოლოდ ავტომანქანა მაქვს, არც ბიზნესი და არც სხვა ქონება არ გამაჩნია.”
ამ პარტიის მეორე წევრი საკრებულოში, მწერალი დავით თედორაძეა. ის ბათუმში 1949 წელსაა დაბადებული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფელ განთიადში ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი _ გამომცემლობა “აჭარაში” წარმოების განყოფილების გამგედ. წლების განმავლობაში მუშაობდა კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტებსა და სხვა პასუხისმგებელ სამსახურებში. “შემდეგ სარედაქციო საგამომცემლო ფირმა არმაღანისა” და “აჭარას” მთავარ რედაქტორად ვმუშაობდი. დღეს ვარ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე”. აქციების 79-პროცენტიან წილს ფლობს სააქციო საზოგადოება გამომცემლობა “აჭარაში”. თუმცა ამბობს, რომ გამომცემლობა წამგებიანია და ზარალზე მიდის.

 

დავით თედორაძე

დავით თედორაძის ინფორმაციით, ის ოჯახის წევრებთან ერთად ბათუმში 186კვ/მ ბინას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში სახლს და 2600კმ/მ მიწას ფლობს: “ბიზნესი არ გვაქვს. ერთი შვილი ინგლისურის მასწავლებელია, მეორე მერიაში სპეციალისტად მუშაობს, ვაჟი კი უმუშევარია”.

 

საკრებულოში კიდევ ერთი მწერალი, რამაზ სურმანიძე შევიდა. ის ახალდაარსებულ პარტიას “ერთიანობის დარბაზს”  წარმოადგენს. ის ოთხჯერ იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და 1990 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატია. მინიჭებული აქვს ტბელ აბუსერიძის, ილია ჭავჭავაძისა და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები. იყო სამედიცინო ეკოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი და რექტორი, როგორც ამბობს, ინსტიტუტმა ფუნქციონირება დაქირავებული ფართობის გაყიდვის გამო შეწყვიტა.

 

რამაზ სურმანიძე
რამაზ სურმანიძე

რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების სახით ბათუმში მხოლოდ ერთ ბინას ფლობს. “სოფელში მაქვს კიდევ სახლი და პატარა მიწის ნაკვეთი”.

 

ყოფილი მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში სამი წევრითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძეა. პროფესიით ინჟინერი ჯუმბერ კახიძე ბათუმის საკრებულოში 2006 წლიდან მუშაობს. 2009 წლიდან რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის სრული პროფესორია, მუშაობდა სხვა სასწავლებლებშიც. ტექნიკური განათლება მიუღია საქართველოსა და რუსეთში. როგორც თვითონ ამბობს, ფლობს რამდენიმე უცხო ენას. 2010 წლიდან ბათუმის საკრებულოში იყო “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი განცხადება უკავშირდებოდა საკრებულოში პრემიების განაწილების საკითხს. “პრემიერი შინაურულად ნაწილდება”, _ განაცხადა მან “ბათუმელებთან” ინტერვიუში 2008 წელს, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

 

ჯუმბერ კახიძე
ჯუმბერ კახიძე

ჯუმბერ კახიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების სახით სოფელში მამისეულ სახლსა და სოფელ სამებაში მიწას ფლობს: “ასევე, 126 კვ/მ ბინა შევიძინე “ამხანაგობით” თამარის დასახლებაში, რომელიც ჩემს სახელზეა და ერთი მკვდარი ამერიკული მანქანა მაქვს. ბიზნესწილები არ მაქვს და არც გამირისკავს”.

 

გიორგი კირთაძე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. საკრებულოს წევრი 2006 წელს გახდა. იყო ფრაქციის და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე. 2013 წელს ის საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენა. ამავე წელს კირთაძე ფრაქცია “ბათუმის მომავლისთვის” თავმჯდომარე გახდა. პარტიულ საქმიანობამდე მუშაობდა განათლების სამინისტროში მთავარ სპეციალისტად და იყო ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი.

 

გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ უძრავი ქონების სახით ფლობს 114,61კვ/მ ბინას ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც სესხით შეიძინა: `75 ათასი ლარი მქონდა აღებული, ნაწილი გადავიხადე. სხვა ქონება არ მაქვს. მეუღლეს აქვს ავტომანქანა. ბიზნესი ჯერჯერობით არ მაქვს”.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  მესამე წევრი საკრებულოში ნოდარ დუმბაძეა. ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით მან 2004 წელს დაამთავრა ბათუმის უმაღლესი ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი იურისტის სპეციალობით. 2005-2007 წლებში მუშაობდა მთავრობის აპარატის დარგობრივი დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. 2006 წლიდან კი ბათუმის საკრებულოს წევრია. ბოლო წლებში იყო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

 

ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე ე.წ. “ვარდების რევოლუციის”  დროს მოძრაობა “კმარას” ერთ-ერთი აქტივისტი იყო ბათუმში.
პირად ქონებასთან დაკავშირებულ კითხვას ნოდარ დუმბაძემ ასე უპასუხა: “უპატრონო ვარ. მამაჩემის სახელზეა ბინა ბათუმში, ლერმონტოვის 107-ში და სოფლის სახლიც მამის სახელზეა გურიაში. ავტომანქანა არ მაქვს, მაქვს ბანკის სესხი. პირველად 13 ათასი დოლარი ავიღე, რომლითაც გავარემონტე ბინა და შემდეგ ავიღე 18 ათასი დოლარი, ჯერ არ დამიფარავს ვალი, ნელ-ნელა ვიხდი”.

 

 

გადაბეჭდვის წესი