კვირის ამბები

თოვლში დამარხული ხუთი შვილი

21.07.2014 • 1736
თოვლში დამარხული ხუთი შვილი

 

 

ოსმან ბუქიძე

 

 

 

„ჩემი სანათესაოდან ხუთი ოჯახი, ყველა გადაგვასახლეს. მათ შორის ჩემი ოჯახიც: მე, დედა და ჩემი და-ძმები. მამა გარდაცვლილი მყავდა. მგონია, რომ ჩვენი გასახლების მიზეზი კოლექტივის თავმჯდომარე იყო, რომელსაც კამათი მოუვიდა ბიძაჩემთან. უზარმაზარი მანდარინის ბაღები გვქონდა და მანდარინის ყუთებს ვტვირთავდით, აეროპორტიდან იყო საბაგირო გზა და იქედან ხდებოდა გადატვირთვა. ბიძაჩემი, მამიდას ქმარი, რიგში იდგა და 80 ყუთი ჩატვირთა. კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, ნაკაშიძემ უთხრა, გეყო ახლა და რიგი სხვას დაუთმეო. ბიძაჩემს უთქვამს, ცოტა დამრჩა და ბარემ ამასაც გადავტვირთავო. თავმჯდომარეს კი უთქვამს: „არ გაღირსებ მაგ ტვირთის დაცლასო“.

 

ბუქიძეების სახლში გარკვეული დროით სამხედრო პირები – ერთი კაპიტანი, ორი პოლკოვნიკი და ერთიც ჯარისკაცი ცხოვრობდა, „ვითომ გზა უნდა დაეგოთ და ამ საქმისთვის იყვნენ გაჩერებული, სინამდვილეში უშიშროების ხალხი იყო. ჩვენი ოჯახი გადასასახლებელთა სიაში არ ყოფილა, თუმცა თავმჯდომარესთან შეკამათების შემდეგ ჩაუსვამთ. რიგგარეშე გასახლებაში მოხვდითო, შემდეგ გვითხრეს“.

 

ოსმან ბუქიძე ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები გაუსაძლის მოგონებებად ექცა: „18 დღე ვიმგზავრეთ, დეკემბრის სუსხიანი დღეები იყო. განა შეიძლება იმის დავიწყება, რაც ჩემმა თვალებმა ნახა. ჩემი ხუთი ძმისშვილი გზაში დაიღუპა და თოვლში დავმარხეთ. ამ ტკივილის გადმოცემა შეუძლებელია. იმის ახსნაც შეუძლებელია, როგორ შეძლო ჩემმა ძმამ ცხოვრების გაგრძელება… საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთი შვილი შეეძინათ, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს“.

 

გაყინულ ვაგონებს მიწური სახლები მოჰყვა. „შეშა არა, საკვები არა. მსხვილღერიანი ბალახები იყო, რომელსაც ზაფხულობით ვჭრიდით, ვახმობდით და გასათბობად ვიყენებდით ზამთარში. ათი წელი ასეთ ყოფაში გავატარეთ. მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოგვცეს დაბრუნების უფლება. საშინელი უსამართლობის წლები იყო. ახალსოფელში, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, ძმები ჩამოსახლდნენ. ფუტკარაძეები იყვნენ გვარად, აქედან ერთი, საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელმაც საბუთებში ჩვენი გვარი გადააკეთა და ეროვნება თურქი ჩაგვიწერა. გადასახლების შემდეგ ის ჩვენს სახლში ცხოვრობდა და არ უნდოდა, უკან რომ დავბრუნებულიყავით. თუმცა, შემდეგ, მეორე საბჭოს თავმჯდომარეს ამის გამო ცხრაწლიანი პატიმრობა მისცეს“.

 

ოსმან ბუქიძის ოჯახმა სოფელში მთელი ქონება დაკარგა, „სოფლიდან გასულიც კი არ ვიყავით, ზოგიერთი მეზობელი ჩვენი ქონების დასატაცებლად უკვე სახლში იყო შესული.“ მისი ოჯახიდან წაღებული ნიკელის ორი საწოლიდან ერთ-ერთი მეზობლის სახლში დღესაც დგას. „დედაჩემმა ფულიც კი შესთავაზა მეზობელს, მაგრამ მაინც არ დაუბრუნა“. სხვას ერგო საქონელი და 200 თავი ცხვარი, გასახლებულთა ოჯახებშიც უცხო პირები შესახლდნენ. სხვამ მიისაკუთრა 18 ოჯახი სკაც.

 

ყირგიზეთში ოსმან ბუქიძეს სარწყავი არხების დარაჯობა დაავალეს. „ათი-თორმეტი კილომეტრი უნდა გამევლო და არხები შემემოწმებინა, ვინმე ხომ არ იპარავდა წყალს. 14 წლის ბიჭისთვის არ იყო ეს ადვილი. გვიჭირდა საკვების შოვნაც, მოგვიანებით, როცა აღწერა გააკეთეს, ხუთი თხა მოგვცეს და ამით გაგვქონდა თავი. ფიზიკურად ვმუშაობდით ბამბაზე. ვახერხებდი სკოლაში სიარულსაც. გამოცდაზე რომ მივედი, მიწისძვრა მოხდა და გამოცდა ჩაიშალა, თუმცა მაინც ჩამითვალეს“.

 

გაჭირვებას განიცდიდა გადასახლებული სანათესაოც: „ჩვენ საწოლები მაინც წავიღეთ, ბევრს ესეც არ ჰქონდა. უჭირდათ მათაც. ბევრი იქ დაიღუპა“.
საუბარში ოსმან ბუქიძის რძალი, ნათელა დავითაძე გვერთვება: „დედამთილი გვიყვებოდა, ექვსი შვილისთვის ერთი პეშვი პურის კაკალი უნდა გამენაწილებინა. შვილები რომ მკითხავდნენ, შენ თუ ჭამე დედაო, ვატყუებდი კი-მეთქი. ეს არც დაიწერება და ვერც ენით გადმოგცემთ, ისეთი წვალება აქვს ამ ოჯახს გადატანილი. სახელმწიფომ კი იმდენი გვარბენინა და მაინც მოგვატყუა ბოლოს. სამარცხვინო კომპენსაციები მოგვცეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: