კვირის ამბები

როცა ქალი მემკვიდრედ არ მიიჩნევა

21.07.2014 • 2018
როცა ქალი მემკვიდრედ არ მიიჩნევა





ქალბატონო ანა, როგორც ფიქრობთ, რატომ ვერ დაძლია საზოგადოებამ პატრიარქალური სტერეოტიპები და რატომ არ მიიჩნევა ქალი მშობლების ქონების მეწილედ?

 

 ქალთა ეკონომიკური სიძლიერე მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ეს პირდაპირ განაპირობებს იმას, თუ რამდენად დამოუკიდებელია ქალი, რამდენად აიმაღლებს ხმას გარკვეულ უსამართლობაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს ინტერესიც უნდა იყოს, რამდენად სამართლიანად ხდება ქონებრივი უფლებების რეალიზება ქვეყანაში. ის, რომ ქონების მემკვიდრეები მხოლოდ ბიჭები არიან, რეალობაა. ის, რაც კანონმდებლობაშია გაწერილი, ერთი შეხედვით არ არის პრობლემატური, რადგან ქონებაზე თანაბარი უფლება აქვს როგორც გოგოს, ასევე ბიჭს, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ანდერძი, მაგრამ ცოტა სხვაგვარად თუ შევხედავთ, მე როგორც იურისტს არ მამშვიდებს ამდაგვარი საკანონმდებლო ჩანაწერი, რადგან სიტუაციას ვაფასებ პრაქტიკიდან გამომდინარე. პრაქტიკა კი გვკარნახობს, რომ ქალთა უმეტესობას არ ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს კანონით მისთვის გარანტირებული სამკვიდრო.

 

 რა ტიპის მაგალითები გქონიათ პრაქტიკაში?

 

 ძალადობის მსხვერპლ ბევრ ქალთან გვქონია შეხვედრა, რომლებსაც გარკვეულ სოციუმში შეზღუდული აქვს უფლებები, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებშია პრობლემები, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მკაცრი ადათ-წესები და თავად მამკვიდრებლები, იქნებიან ეს მშობლები თუ სხვა პირები, სწორედ ჩვეულებებზე დაყრდნობით წყვეტენ, რომ მემკვიდრეობა ეკუთვნის მამაკაცს. კიდევ უფრო ცალსახაა სიტუაცია თუ ქალი გათხოვილია. ამ შემთხვევაში საერთოდ არ განიხილება მისი მემკვიდრეობის საკითხი, რადგან „ქალი ჩაბარდა ოჯახს“. დაახლოებით 70-80 პროცენტში ქალის ქონებრივ დისკრიმინაციას ბიოლოგიური ოჯახი ახდენს.

 

 თქვენ თქვით, რომ კანონს სხვა მხრიდან უნდა შევხედოთ. როგორ ფიქრობთ, რა აკლია მას იმისთვის, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა პრაქტიკაში გამყარდეს და არა მხოლოდ ქაღალდზე?

 

 არსებობს გაეროს კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მეორე მუხლი ამბობს: „ადათ-წესები, რომელიც კონკრეტულ სოციუმშია დამკვიდრებული, თუ არღვევს ქალის უფლებებს, უნდა შეიცვალოს“. ცვლილების ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს. მან უნდა განახორციელოს პოზიტიური ღონისძიებები, რაც გაათანაბრებს პრაქტიკაში ქალისა და მამაკაცის უფლებას.

 

 რა ტიპის ღონისძიებაზეა საუბარი?

 

 ამის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, რადგან ღონისძიებები უნდა შეირჩეს სოციუმიდან გამომდინარე. ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო.

 

როგორც ვიცით, ქალის ქონებრივი უფლება არც განქორწინების შემდეგ არის დაცული. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ქალს წილი ეკუთვნის იმ ქონებიდან, რომელიც წყვილის თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი.

 

 გამომდინარე იქედან, რომ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მაღალი სამართლებრივი ცნობიერება, პრაქტიკაში მაინც ქალები იჩაგრებიან. მამაკაცი, რომელსაც სურს განქორწინება ან კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, დაუყოვნებლივ ახდენს ქონების გადაფორმებას ჩუქების ან ნასყიდობის სახით. არის შემთხვევები, როცა ფინანსური მონაწილეობის მიუხედავად, ქონებას თავიდანვე მამაკაცი იფორმებს, შემდეგ კი ქალი ვეღარ ამტკიცებს მის შეძენაში თანამონაწილეობას. დავის შემთხვევაშიც პრაქტიკული შანსები მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, ქალებს უწევთ ძალიან მძიმე შრომა ოჯახში, რადგან როგორც სოციუმი გვკარნახობს, ქალი უნდა იყოს კარგი დედა, მეუღლე და ამავდროულად პროფესიონალი სამსახურში. ქალი წლების მანძილზე შრომობს და ბევრ ძალისხმევას დებს ოჯახის საერთო საქმეში, მაგრამ მისთვის ეს მატერიალურ სიკეთედ არ გადაიქცევა. ე.წ. ოჯახის ნგრევის დროს კი ამ მომენტს არ ითვალისწინებს არც მეუღლე, არც ნათესავები და, სამწუხაროდ, არც სასამართლო. სწორედ ამ დროს უნდა იყოს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე, შეიძლება აგრესიული პოლიტიკაც კი გაატაროს, რომ ქალის ქონებრივი შესაძლებლობები პრაქტიკაშიც გათანაბრდეს.

 

 მორიგი სტერეოტიპი, რომელიც ქონებრივი საკითხების სამართლიანი გზით გადაჭრას უშლის ხელს, არის საქორწინო კონტრაქტის მიმართ ქართველების სკეპტიკური დამოკიდებულება. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ სტერეოტიპის დასანგრევად?

 

 გეთანხმებით, ესეც სტერეოტიპია, რადგან მიიჩნევა, რომ კონტრაქტი არის უნდობლობის გამოხატულება და იმთავითვე ითვლება სამარცხვინოდ, რაც ძალიან ცუდია. დღეს სახელმწიფო დგას გამოწვევების წინაშე, რადგან ხელისუფლებაში ქალთა უფლებების მცოდნე სპეციალისტების დეფიციტია. განსხვავებული ღირებულებებით საუბრობენ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებიც, როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ გააკეთებს ოჯახში ძალადობის პრევენციას, იმავე დროს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც მას ეკისრება ვალდებულება პრევენციული ღონისძიებები გაატაროს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ კოორდინაციის ნაკლებობა, ეს არის განსხვავებული ღირებულებები, რაც მთლიანად სისტემის ეფექტურობას უქმნის საფრთხეს. ამას არ ვუკავშირებ ხელისუფლების ცვლილებას, ეს არის ქართული მენტალიტეტის პრობლემა, რომელიც წახალისებულია საგანმანათლებლო სისტემაშიც. თუ სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება იქნებიან პარტნიორები ამ საკითხებში, ეფექტი იქნება გაცილებით მეტი.

 

 თქვენ ახსენეთ სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული კამპანია, რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს ამას?

 

 მესმის, რომ ძნელია სტერეოტიპების ნგრევა, რა შეიძლება მოვუხერხოთ მშობლების ან იმ ახალგაზრდების მენტალიტეტს, რომლებიც ამ შეგნებით აღიზარდნენ? ამიტომ, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა თუნდაც საქორწინო კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მიუღებელია ქართული მენტალობისთვის. სახელმწიფოს შეუძლია თქვას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში საქორწინო კონტრაქტი იქნება ქორწინების წინაპირობა, სადაც თანასწორობის საფუძველზე იქნება გაწერილი ფუნდამენტური საკითხები. შეიძლება ვინმეს ესეც დისკრიმინაციად მოეჩვენოს, მაგრამ ამ ტიპის შეთავაზებას შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანების ცნობიერების შეცვლა და განათლებაც კი. შემდეგ კი პროცესი მეტ-ნაკლებად დალაგდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: