სიახლეები

ვის შეცვლის ბათუმის ახალი მერი

23.07.2014 • 1335
ვის შეცვლის ბათუმის ახალი მერი

 

გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, მას შეუძლია ერთპიროვნულად შეცვალოს მოადგილეები და მერიის სამსახურების უფროსები. „არჩეული მერის პრეროგატივა განსაზღვრულია კანონით და ამ უფლებას აუცილებლად გამოვიყენებ. უფლება მაქვს მერიაში პირდაპირ დავნიშნო 12 თანამდებობის პირი. ვიცე-მერები, დანარჩენი, კანონით ექვემდებარება კონკურსს და ატესტაციას“.

 

გიორგი ერმაკოვი აუცილებელ საკადრო ცვლილებებს წინასაარჩევნო დაპირებებს უკავშირებს: „მე პასუხისმგებლობა მაქვს ქალაქის მოსახლეობის წინაშე, უნდა განვახორციელო ის, რაზეც ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პროგრამაში“.

 

 

ბოლო პერიოდში იყო ტენდენცია, როცა საჯარო სამსახურებში კონკურსის შემდეგ სწორედ ის პირები აღმოჩნდნენ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსამდე  მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნნენ. ხომ არ გაგრძელდება იგივე ტენდენცია მერიაში? – კითხვას გიორგი ერმაკოვი შემდეგნაირად პასუხობს: 

 

 

„არა, არა. ჯერ ერთი, ეს კონკურსები არ ჩატარდება ჩვენ მიერ. ეს იქნება საჯარო ყველასთვის და ყველა ღირსეული დაიკავებს თანამდებობას თავისი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობის მიხედვით“. აღმოჩნდებიან თუ არა `ღირსეულთა სიაში~  მხოლოდ `ქართული ოცნების~ მხარდამჭერები ან მხოლოდ მისი გუნდის წევრები, გიორგი ერმაკოვი არ აკონკრეტებს: „ყველა დაიკავებს თანამდებობას ნიჭისა და გონების შესაბამისად“.

 

 

კანონის მიხედვით, მერს შეუძლია შეცვალოს მერიის სამსახურების უფროსები. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა ძნელაძე ამბობს, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „არავინ მინახია მაგ თემაზე სასაუბროდ, ალბათ არ იქნება არაფერი“, -ამბობს ის.

 

 

გოჩა ძნელაძისგან განსხვავებით, ცვლილებებს ელოდება მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ ბურკაძე: „ცვლილება ალბათ უნდა მოხდეს, როცა ხელისუფლება იცვლება. ვნახოთ, როგორ და რა იქნება. გამორიცხული არაფერი არ არის“.

 

 

ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ მისი თანამდებობა დანიშვნითია და ის მხოლოდ ატესტაციას ექვემდებარება: „ზოგადად, ცვლილების მოლოდინი არის, მაგრამ ჯერ არანაირი პროცესი არ მიდის. ჩემს თანამდებობას არ ეხება კონკურსი. ჯერჯერობით ამ თემაზე არ მქონია ვინმესთან საუბარი“. 

 

 

ატესტაციას ელოდება მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილების ხელმძღვანელი ირინა შერვაშიძეც: „ცვლილებებზე არ მსმენია არაფერი. ჩემი თანამდებობა არ ითვალისწინებს კონკურსს, თუ შემეხება ატესტაცია, მივიღებ მონაწილეობას ალბათ. შევხედავ, რა სიტუაცია იქნება“.

 

 

კანონის მიხედვით, კონკურსს ექვემდებარება ყველა ის თანამდებობა, სადაც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელი პირები არიან დანიშნული, სხვა თანამშრომლები კი ატესტაციას ექვემდებარებიან. ამ დროისთვის მერიაში 60-მდე პირი მუშაობს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, ხოლო საკრებულოში – ოთხი. ესენი არიან: საკრებულოს სამდივნოს უფროსი გულიკო ბაჟაშვილი, სამეურნეო ნაწილის სპეციალისტი ალეკო ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მალვინა კობალაძე და ჯანდაცვის კომისიის სპეციალისტი ბეგლარ ვარშანიძე.  საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გურანდა აბულაძე ამბობს, რომ კონკურსი მის თანამდებობას არ ეხება: „მე, პირადად, ვარ მუდმივ შტატზე დანიშნული, ამიტომ მხოლოდ ატესტაცია შემეხება. თუმცა, ცვლილების მოლოდინი აქვს ყველას“. 

 

 

ვის რა ფორმით შეიძლება შეეხოს საკადრო ცვლილება? – ამ კითხვას საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე ასე პასუხობს: „ფრაქციების სპეციალისტები შეიცვლებიან და ისინი დაინიშნებიან ახალი ფრაქციების თავმჯდომარეების წარდგინებით“. 

 

 

საკრებულოში ოთხი ახალი ფრაქცია შეიქმნა, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ თამაზ თურმანიძე უხელმძღვანელებს, „ქართული ოცნება-რესპუბლიკელებს“ – თეიმურაზ ყურაშვილი, „ქართული ოცნება-თავისუფალ დემოკრატებს“ – კობა ჩხეიძე. ერთი ფრაქცია კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იქნება და მას გიორგი კირთაძე უხელმძღვანელებს. როგორც იურისტი ამბობს, ფრაქციებს მხოლოდ თითო სპეციალისტის აყვანის უფლება აქვთ, რომლის ანაზღაურება თვეში 800 ლარია.

 

 

ახალი კოდექსის მიხედვით, მერიასა და საკრებულოში ატესტაცია-კონკურსი არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 120 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. „დაახლოებით 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს ყველაფერი“, – ამბობს იურისტი. 

 

 

როგორც იურისტი ამბობს, ახალი ვაკანსიები შესაძლებელია ატესტაციის ჩატარების შემდეგაც გაჩნდეს: „ატესტაციით მოწმდება საჯარო მოხელის კვალიფიკაცია. თუ ვინმე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეიძლება ისინი დააქვეითონ ან გაუშვან სამსახურიდან, ვაკანტურ ადგილზე კი, კონკურსი გამოაცხადონ“.  

 

 

შრომის კოდექსის მიხედვით, ატესტაციის დროს გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ორსულებზე, მათზე, ვისაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს და ა.შ. 

გადაბეჭდვის წესი