კვირის ამბები

მოსახლეობა, ელექტროგადამცემი ხაზი და სახელმწიფო

23.07.2014 • 1955
მოსახლეობა, ელექტროგადამცემი ხაზი და სახელმწიფო

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სააქტო დარბაზი ქედის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოქალაქეებით იყო სავსე. მოქალაქეები იმ დოკუმენტის განხილვაზე მივიდნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განსახილველად გამოიტანა. განხილვას „ახალციხე-ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ავტორი – კომპანია „დგ კონსალტინგი“, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მათი განცხადებით, ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კილოვოლტის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზანი  საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროსისტემის გაძლიერებაა. გადამცემი ხაზი, რომელიც ახლა აჭარაში გადის, 35 კილოვოლტისაა და მოძველებულია. ამის საილუსტრაციოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა ქედაში მცხოვრებთ გასული წლის დეკემბერში მოსული თოვლი და მისგან გამოწვეული უშუქობა გაახსენა (თუმცა, გადამცემი ქსელი უკავშირდება თურქეთის ანალოგიურ ქსელს და სწორედ ამ გზით იგეგმება აჭარაში ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის თურქეთისთვის მიწოდება).

 

„მოგვიწევს განსახლება? რამდენია ბუფერული ზონა? მიწაზე კომპენსაციას მოგვცემენ? არ შეიძლება ხაზი ჩემი სახლიდან რომ გადაწიოთ? ექნება თუ არა გამოსხივება ელექტროგადამცემ ხაზს? – ეს ის კითხვები იყო, რასაც შეხვედრაზე მისული მოსახლეობა სვამდა. შეხვედრის დასასრულს მოქალაქეებმა თქვეს, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

 

„დგ კონსალტინგის“ ხელმძღვანელმა დავით გირგვლიანმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ ბუფერული ზონა ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს 32-32 მეტრია. ხაზის დერეფანში შესაძლოა იყოს მხოლოდ სამუშაო ზონა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი. ყველა მოსახლე, რომლის საცხოვრებელი სახლი ამ ზოლში მოხვდება, უნდა გასახლდეს.

 

„მე ვცხოვრობ სოფელ გოგიაშვილებში. უშუალოდ სოფელს კვეთს გადამცემი ხაზი.  ჩემი სახლის თავზე გადის ზუსტად, ჩემი მეზობლების სახლებზედაც. არ მინდა არსად გასახლება, გადაიტანეთ ეგ ხაზები იქით. მეორე მხარიდან შეგიძლიათ გაიყვანოთ. არც დასახლებაა და არც არაფერი. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიცოცხლოთ. ჩვენ არ ვართ სახელმწიფოს წინააღმდეგი, მაგრამ ნურც სახელმწიფო წავა ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა შეხვედრაზე სოფელ გოგიაშვილების მკვიდრმა შოთა არძენაძემ.

 

კიდევ ერთი სოფლის, ცხმორისის მკვიდრი ხუსეინ კონცელიძე ამბობს, რომ მისი სახლი წითელ ზოლშია და მას შემდეგ, რაც ელექტროგადამცემ ხაზს გაიყვანენ, გასახლება მოუწევს. „არსად წასვლა არ მინდა. ჩემს სახლში მინდა ცხოვრება“, – ამბობს ხუსეინ კონცელიძე.

 

მისი მეზობლის, მინდია კონცელიძის თქმით კი, დაფიქრდება, თუ სახელმწიფოსგან კონკრეტულ შეთავაზებას მიიღებს.

 

„ცხმორისში ორ მოსახლეს უწევს განსახლება. სახლს მარტო ჩვენთან ეხება. მოვიდნენ, გადაიღეს სურათები, აღწერეს. გვითხრეს, ამ ადგილას სამუშაო ზონა შეიძლება იყოს, ცხოვრება კი არ შეიძლებაო. მე არ მინდა გასახლება, მთელი ცხოვრება აქ გავატარე. თუ მოითხოვენ, მაშინ ისე უნდა დამაკმაყოფილონ, რომ სხვაგან წავიდე და ახალი სახლი ავაშენო“, – ამბობს მინდია კონცელიძე.

 

ელექტროგადამცემი ხაზის 15% სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე გადის. „დგ კონსალტინგის“ წარმომადგენლის განცხადებით, არსებული პროექტის მიხედვით, განსახლება აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მხოლოდ 65 ოჯახს მოუწევს.

 

„65 ოჯახს უწევს განსახლება და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, 30 ოჯახამდე დავა“, – თქვა „დგ კონსალტინგის“ ხელმძღვანელმა დავით გირგვლიანმა.

 

რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვების სურვილი. ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სახელმწიფო ყველას კომპენსაციას მისცემს.

 

„თუ კერძო ქონება მოექცევა ამ პროექტის განხორციელების არეალში, მათზე კომპენსაცია გაიცემა. სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები როდესაც ხორციელდება, ვფიქრობ, იქ თითოეულმა მოქალაქემ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“,- ამბობს კახი კალაძე.

 

განსახლების ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ მოხდება კომპენსაციის გაცემა.

 

პროექტი 150 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც დაახლოებით 500 ანძის დამონტაჟება იქნება საჭირო. თითოეულ ანძას დაახლოებით 200 მეტრ კვადრატი ფართობი სჭირდება, ხოლო ე.წ. გადამცემი ხაზის დერეფანი 65 მეტრია. დერეფნის ზოლზე ზემოქმედება უმნიშვნელო იქნება და მასზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ისევ იქნება შესაძლებელი. პროექტის არეალში მთლიანად 120 ოჯახი ხვდება, ვისაც აყრა მოუწევს, აქედან ნაწილი აჭარის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ნაწილი – ახალციხესა და ადიგენში.

 

გამომდინარე იქიდან, რომ პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს, კომპენსაციები გაიცემა მსოფლიო ბანკის სტანდარტებით, რომელიც ქართული კანონმდებლობისგან განსხვავებულია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით მიწაზე კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ მესაკუთრეებს აქვთ, ხოლო მსოფლიო ბანკის სტანდარტებით საკუთრების დაურეგისტრირებლობა არ შეიძლება კომპენსაციის ან შემწეობის არგაცემის საფუძველი გახდეს. ასევე, მსოფლიო ბანკის სტანდარტით, პროექტის გამო დაზიანებულ, დანგრეულ ყველა სახლზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა, კომპენსაცია უნდა გაიცეს. ასევე ნათესების, ნარგავების კომპენსაციაც უნდა გაიცეს ყველა მესაკუთრესა და მოიჯარეზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა.

 

რაც შეეხება კომპენსაციას, იგი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით, ცვეთის დაურიცხავად. ამას გარდა, კომპენსაცია უნდა მოიცავდეს საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის გადასახადებსა და ქონების რეგისტრაციის ღირებულებას, ასევე ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. განსახლების ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა შეიმუშავებს იურიდიულ პროცედურას, რომლის საშუალებითაც მას შეეძლება განსახლებასთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯების აღიარება.

 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ელექტროსისტემა შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც შეძლებს მძიმედ დაზარალებული პირებისათვის გეგმით გათვალისწინებული დამატებითი შემწეობის გადახდას.

 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილი განსახლების დოკუმენტი ითვალისწინებს ნებისმიერი ქონების კომპენსაციას სრული ჩანაცვლებითი ღირებულებით, არამართლზომიერი მფლობელებისთვის ფინანსურ კომპენსაციას და ფინანსურ კომპენსაციას იმ ადგილმონაცვლე პირებისათვის, რომლებიც დაკარგავენ ბიზნესს ან განიცდიან სხვა მძიმე დანაკარგს.

 

ვინ მიიღებს კომპენსაციას

 

კომპენსაციას „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ მშენებლობის არეალში მოქცეული შემდეგი პირები მიიღებენ:

 

ყველა პირი, რომელიც დაკარგავს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შეუძლია საკუთრების მოპოვების უფლება.  რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული მოიჯარეები, შენობა-ნაგებობების, მოსავლის, ნარგავებისა და სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეები. პირები, რომლებიც დაკარგავენ ბიზნესს, შემოსავალს ან ხელფასს.

 

პირი, რომელიც სასოფლო სამეურნეო მიწას დაკარგავს, მიიღებს კომპენსაციას მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა შესთავაზონ ანალოგიური მიწის ფართობი სხვა ადგილას.

 

არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე კანონიერ მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთისა და სახლის საკომპენსაციოდ შესაძლოა მათთვის მისაღებ ადგილას, იმავე ღირებულების სახლი და ნაკვეთი შესთავაზონ, ან ამ ქონების საბაზრო ღირებულების ფულადი კომპენსაცია გადაუხადონ.

 

ნარგავებზე გაიცემა ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობაც გაანგარიშებული იქნება ნარგავის ტიპის, ასაკისა და მოსავლიანობის საბაზრო ღირებულებით.

თუ მშენებლობის დროს დაზიანდება სახლები, შეფასდება ზიანი და თითოეულ მოქალაქეს მიეცემა კომპენსაცია.

  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: