კვირის ამბები

ჩაქვში ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

21.07.2014 • 2678
ჩაქვში ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

 

მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, დიდი, ნათელი და მოხატული ოთახები, შეუზღუდავი და ადაპტირებული გარემოპირობები, სათანადოდ გადამზადებული, მუდმივად მზრუნველი და მომღიმარი სხვადასხვა პროფილის მედპერსონალი, ბევრი სათამაშო, ატრაქციონი -არასრული აღწერაა სიტუაციის, რომელიც აქ მისულ ადამიანს დახვდება.

 

 

ვანო ბოკერია, „კორპორაცია ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით, ამბობს: „ცენტრი, რომელიც ახლა ოფიციალურად გავხსენით, ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა ბავშვებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა მძიმე პათოლოგია და ამის შედეგად განვითარებული უნარშეზღუდულობა. ამ ეტაპზე აქ მკურნალობენ ბავშვები მძიმე მოტორული პათოლოგიით, მაგალითად, ისეთი პათოლოგიით, როგორიცაა ცერებრალური დამბლა და სხვადასხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ მალე ამ მიმართულებებს დაემატება აუტიზმის სპექტრისა და სხვა ქცევითი პათოლოგიების მქონე ბავშვების მკურნალობა. უკვე ვმუშაობთ პროგრამის დახვეწასა და პერსონალის გადამზადებაზე. ჩაქვის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი დაიკავებს სრულყოფილ პოზიციას ბავშვთა უნარშეზღუდულობის მკურნალობის საქმეში.“

 

 

დღეისათვის ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრი სრულად  ემსახურება აჭარის რეგიონს, აქ გურიიდანაც ხშირად მოდიან პაციენტები. სერვისით დღის განმავლობაში 0-დან 18 წლამდე ასაკის 100-მდე პაციენტი სარგებლობს. გამომდინარე ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური და პერსონალის შესაძლებლობიდან, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. 

 

 

ჩაქვის სამედიცინო ცენტრის, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი მენეჯერის ეკა გორაძის თქმით, „ევროპული დონის, მსგავსი სტანდარტებისა და ხარისხის მულტიპროფილური ცენტრის პრეცედენტი რეგიონისთვის პირველია. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვებთან მუშაობა სპეციფიკურია, ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური და სპეციალურად გადამზადებული ნევროლოგები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, ფიზიკური თერაპევტები, ორთოპედები და რენდგენოლოგი, რომელთა შრომის საბოლოო შედეგი უნდა მოიცავდეს როგორც პაციენტის უნარ-ჩვევების აღდგენა-რესოციალიზაციას, ასევე ოჯახის დახმარებასა და თანადგომას. ნებისმიერი პროფილის სპეციალისტი ცდილობს, აქ მისული ბავშვი თავს არ გრძნობდეს სამკურნალო დაწესებულებაში, სასიამოვნოდ დაიტვირთოს და ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითონ პაციენტები მშობლებს იქ დარჩენას სთხოვენ.“

 

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძის შეფასებით, „ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ვინაიდან,   სახელმწიფო ახორციელებს ცერებრალური დამბლით დაავადებულთათვის მიზნობრივ პროგრამას, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობამ წელს დაიწყო მსგავსი პროექტი სქოლიოზით დაავადებულთათვის. ამ პროგრამების განხორციელებისთვის ქალაქში არის რამდენიმე დაწესებულება, მაგრამ ასეთი სიმძლავრით და ხარისხით არც ერთი არ გამოირჩევა. სასიხარულოა, რომ ბავშვები ასეთ პირობებში, ასეთი სპეციალისტების ჩარევით მიიღებენ სათანადო მომსახურებას“.

 

 

 „კორპორაცია ევექსის“ ქსელისთვის ეს პროექტი არის ახალი გამოცდილება და პასუხისმგებლობაც, რადგან მისი წარმატებით განხორციელება პირდაპირაა დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მომავალ ცხოვრებაზე, მათი უნარ-ჩვევების აღდგენაზე, ხშირ შემთხვევაში კი, თავიდან სწავლაზე.

 

 

ვანო ბოკერიას თქმით, „მსგავსი ტიპის ცენტრები მთელ მსოფლიოში მუშაობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სოციალურ და საგანმანათლებლო ინკლუზიაზე. ამ ეტაპზე ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში მომუშავე სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ წამყვანი ევროპული ქვეყნების სტანდარტებით მოხდეს მკურნალობა.“

 

 

პროგრამაში ჩასართველად საჭიროა მხოლოდ სურვილი, დიაგნოზი, ე.წ. ფორმა ასი და განცხადების დაწერა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც პაციენტი მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით მიიღებს ცენტრში მოსახვედრ ვაუჩერს, რის საფუძველზეც სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს ყველა ხარჯს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: