სიახლეები

მარტოხელა მოხუცი ავარიულ სახლში

19.07.2014 • 2455
მარტოხელა მოხუცი ავარიულ სახლში

წლების წინ ხის ფიცრულში, გვერდიგვერდ ლეილა მელაძესთან ერთად ოთხი ოჯახი ცხოვრობდა, ბინები ერთიმეორეს პატარა ჰოლით უკავშირდებოდა, დღეს ჰოლის ეს ნაწილი ალა-ალაგ ჩატეხილია, ოთახები კი _ ჩაკეტილი. ჩამოტეხილია ხის ის ბოძებიც, რომელზეც ეს შენობა დგას. ხუთი ოჯახიდან საცხოვრებელს მხოლოდ ეს მოხუცი შემორჩა.

“25 წელია მარტო ვცხოვრობ, ჩემს გასაჭირს სხვა ვერ მიხვდება, მარტო ცხოვრებასთან ერთად სხვა პრობლემებიც ბევრი მაქვს, სახლში მაწვიმს და ქარშიც ვერ გაჩერდები, საშინელი მდგომარეობაა, იატაკიც მორყეულია, მაგრამ რა ვქნა? მე არ შემიძლია გავაკეთო და სხვა რას დაგეხმარება? ორი დღის წინ ქარი იყო, შემეშინდა და ღამე მეზობელთან გავათიე, აქ რა გამაჩერებდა, შარშან გამგეობაში მივედი და ვთხოვე დამეხმარეთ, სახლებს რომ ხურავთ ახალი სახურავით, ძველი მე მომეცით-მეთქი, ისიც არ მომცეს, გასაყიდად გამოვა და იყიდეო მითხრეს, რაც გამგებელი შეიცვალა, მერე აღარ მივსულვარ. ნეტა, არ დამეხმარება?”, _ კითხულობს მოხუცი.
მარტოხელა თავს პენსიით და 60-ლარიანი საარსებო შემწეობით ირჩენს. ამბობს, რომ ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა მაინც სახლის სახურავია.

“ჩემი მთავარი პრობლემა მაინც სახურავია, პენსია და დახმარება მაქვს, მაგრამ მოხუც ქალს წამალი, ჭამა მინდა, ზამთრისთვის შეშა და რა მრჩება? შეშისთვის ფულს ვაგროვებ, 600 ლარი ღირს შეშა, თუ არ დავაგროვე, ხომ გავიყინები და რით ვიყიდო სახურავი? იმაზე არაფერს ვამბობ, რომ არაფერი გამაჩნია, “ლედა”, რომელიც 25 წლის წინ ქმარმა ჩამოასხა, ისიც დამეშალა, ფანჯრები საცაა ჩამოძვრეს უნდა და იატაკიც მორყეულია, აი ნახე”, – მაჩვენებს მოხუცი თავის სახლს და თან თავის ტრაგიკულ ისტორიას აცრემლებული ყვება.

`ადრე გავთხოვდი, შვიდი თვის მყავდა ბავშვი, როცა ქმარი გარდამეცვალა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბავშვით მშობლებთან დავბრუნდი და საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. ადრე ასეთი წესი იყო, გასათხოვარ ქალს არ დაგტოვებდნენ მარტოს და გამათხოვეს, ბავშვი მშობლებთან დარჩა, არც მეორედ გამიმართლა, ისიც მალე მომიკვდა, ეს ჩემი მეორე ქმარის სახლია, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტო ვცხოვრობ, ძალიან ცუდია მარტოობა, მაგრამ რას იზამ, ჩემი მშველელი ტელეფონია, თუ ცუდად გავხდები სასწრაფოს დავურეკავ და ის მოდის. ზოგჯერ ვიტყვი, ნეტა, საჭმლის გამკეთებელი მყავდეს-მეთქი, ჩემთვის დავიჩივლებ, მაგრამ ვინ მოვა? ვის რად უნდა მოხუცი? ჩემი ცხოვრება ასე ყოფილა, რას იზამ,” _ ამბობს მოხუცი.

“რამდენიმე წლის წინ მარტოხელა მოხუცის საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი ქარმა გადახადა, ჩვენ მაშინ მეორადი სახურავი გადავეცით. წინა წლებში გამგეობაში იყო ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რითაც ვეხმარებოდით, წელს ეს პროგრამა აღარ არის, თუ გამოჩნდება რესურსი, აუცილებლად დავეხმარებით”, _ ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოჩა ცეცხლაძე.

რაც შეეხება სახურავის შეკეთებას, გოჩა ცეცხლაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მსგავსი დახმარებას მხოლოდიმ შემთხვევაში აღმოუჩენს მოქალაქეს, თუ მეორადი სახურავი ექნება, ასეთი კი, ჯერჯერობით არ აქვთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაბა ხულოს ცენტრში 83 წლის მოხუცს შემდეგი ზამთრის გადატანა უსახურავო ფიცრულში მოუწევს.

გადაბეჭდვის წესი