სიახლეები

ექსპერტიზის დასკვნის ექსპერტიზა

19.07.2014 •
ექსპერტიზის დასკვნის ექსპერტიზა

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის საექსპერტო სამსახურის მთავარი ექსპერტი მერაბ მგელაძე დასკვნაში (#9012165) წერს, რომ მას უნდა დაედგინა ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული 6 აბი მიეკუთვნება თუ არა ნარკოტიკულ საშუალებას ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. დასკვნაში წერია, რომ “ტაბლეტების საერთო წონა 1.179 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0.024 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორფინს”.

 

სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტიზა ჩაუტარა ბრალდებულის ადვოკატმა მაკა კანდელაკმა. ის სთხოვდა ექსპერტს დაედგინა, რამდენად სწორად იყო გამოთვლილი ექსპერტიზაზე წარდგენილ აბებში ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ექსპერტ ქიმიკოს ლელა ქოჩეჩაშვილს მუშაობის 23 წლის სტაჟი აქვს. დასკვნაში მას უწერია, რომ გ.ვ-ს. სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოკვლევა არასრულყოფილია:

 

“გაურკვეველია, რომელი მეთოდით მოხდა ნარკოტიკული საშუალების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა… ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის შემცველობა ეჭვქვეშ დგება, ვინაიდან არ ჩანს რაოდენობრივი განსაზღვრის კვლევა… აღნიშნული დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ექსპერტმა მათემატიკური გაანგარიშებით და არა საექსპერტო კვლევით დაადგინა ნარკოტიკული საშუალების ოდენობა…”

 

ადვოკატის შუამდგომლობით, სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ორივე ექსპერტი. პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ორივე შვებულებაშია, ამიტომაც მათ შვებულების დასრულების შემდეგ, თვის ბოლოს დაკითხავს. მოწმის სტატუსით დაკითხეს შს სამინისტროს თანამშრომლები მირიან გოგიტიძე და გია ჯუმუშაძე. გია ჯუმუშაძემ რელიგიური ფიცი დადო.
მისი მონაყოლით, 2014 წლის 22 მარტს შს სამინისტროში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სარფში დააპატიმრა გ.ვ. დაკავებულს ჩხრეკისას აღმოაჩნდა 6 ცალი აბი. მოწმემ თქვა, რომ დაკავების დროს, ჩხრეკისას პატიმარს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
შს სამინისტროს მეორე თანამშრომლის მირიან გოგიტიძის თქმით, მან ოპერატიული ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი გადმოჰქონდა. ადვოკატმა მაკა კანდელაკმა მას სთხოვა ინფორმაციის წყაროს დასახელება, ასევე იკითხა თვითონ რას აკეთებდა, როცა მისმა მეწყვილემ შეაჩერა, დააკავა, ჩხრეკა ჩაუტარა და ოქმი შეადგინა.

 

პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ პოლიციელს მიუთითა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გაეცა, რაც ადვოკატმა გააპროტესტა მოსამართლესთან.
ადვოკატსა და პროკურორს შორის კიდევ რამდენიმე ასეთი დიალოგი გაიმართა _
– ადვოკატი (მიმართავს მოწმე პოლიციელს): რა ფერის მაისური ეცვა დაკავებულს?
– პროკურორი: აბნევს მოწმეს, მაისური არა, ქურთუკი ეცვა.

ასე გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთი, ადვოკატის ყველა კითხვას, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ჩტარებას უკავშირდებოდა,  პროკურორმა უპასუხა. მოსამართლეს შენიშვნა პროკურორისთვის არ მიუცია მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა რამდენჯერმე სთხოვა მას პროკურორის შეჩერება.

 

ეს ამბავი პატიმრის დედამ გააპროტესტა. მოსამართლემ ის სიტყვიერად გააფრთხილა. თავად ბრალდებულმა თქვა, რომ მოწმეები (პოლიციელები), რომლებიც სასამართლომ დაკითხა, პირველად ნახა, ანუ ის სხვებმა დააკავეს.
ბრალდებულს ნარკოტიკის შეძენა-შენახვას და საზღვარზე გადმოტანას ედავებიან. ბრალდება, შთანთქმის პრინციპით, 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრეს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახმა თანხის გადახდა ვერ შეძლო, ბრალდებული პატიმრობაშია.

 

ვიოლეტა ფორჩხიძე
ვიოლეტა ფორჩხიძე

გადაბეჭდვის წესი