კვირის ამბები

ლაშქრობა ვერცხლის ტბაზე

23.07.2014 • 10807
ლაშქრობა ვერცხლის ტბაზე

კოლხური და წიწვოვანი ტყეები, მღვიმეები, უფსკრულები, ჩანჩქერები, მწვერვალები, ალპური მდელოები, მინერალური წყაროები და ულამაზესი, გამჭვირვალე ალპური ტბები – რომელსაც ტობავარჩხილს უწოდებენ, რაც მეგრულად „ვერცხლის ტბას“ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლის ტბისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია, ტობავარჩხილი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება ეკოტურისტებს შორის. ტურისტები ტობავარჩხილის ტბებს ჯადოსნურ ტბებს უწოდებენ. თუ საძიებო სისტემა `გუგლში~ ტობავარჩხილს ჩაწერთ, მსგავს შეფასებებს ნახავთ: „ნამდვილი სამოთხე“, „ბუნების საოცრება“ „მსრიხანე მზეთუნახავი“ და ა.შ.

აქვე იმასაც გაიგებთ, რომ ძველთაგანვე სამეგრელოში ტობავარჩხილს წმინდა ტბას უწოდებდნენ, რომელშიც ხელის ჩაყოფაც კი აკრძალული იყო, რადგან „ვაშინერს“ (მეგრულად – საშინელება) იწვევდა. ლეგენდა ლეგენდად დარჩა და ახლა სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს ეს ადგილი.

მოხერხებული ფეხსაცმელი, კარგი ზურგჩანთა, კარავი, მშრალი საკვები, პატარა გაზქურა გასათბობად და ლაშქრობის გამოცდილება – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ტობავარჩხილისაკენ მიმავალ ტურისტს სჭირდება.

რომან თოლორდავა პირველად ტობავარჩხილზე 1998 წელს იყო. იგი მკვლევარი-ფოტოგრაფია და ტობავარჩხილზე ქართველ და უცხოელ ტურისტებსაც უწევს მეგზურობას. იგი ამბობს, რომ ტობავარჩხილის დალაშქვრის მსურველთა რაოდენობა ამ ეტაპისათვის უჩვეულოდ ბევრია.

„აქამდე ტობა თოვლით და ყინულით იყო დაფარული, წელს უხვი ნალექი მოვიდა ტბაზე და გვიან დაიწყო სეზონი. ადრე სკეპტიკური დამოკიდებულება იყო სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის მიმართ, ახლა ეს დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. ამ მარშრუტზე არის რამდენიმე ენდემური სახეობის ჯიში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი სახეობა, როგორიცაა კოლხური ყოჩივარდა, რომლის გავრცელებების არეალი საკმაოდ შეზღუდულია და იგი დიდ ინტერესს იწვევს სამეცნიერო წრეებში. ტობავარჩხილი ერთადერთია, სადაც ერთ მარშრუტზეა განლაგებული მდინარე, მინერალური წყალი, მღვიმე, ენდემური ჯიშები, ტბა, მწვერვალი, კასკადური ჩანჩქერები და მყინვარები“, – ამბობს რომან თოლორდავა.

კითხვაზე, როგორ ურჩევს ტობავარჩხილისაკენ მიმავალ ტურისტებს მარშრუტის დაგეგმვას, იგი პასუხობს, რომ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ჩასულ ადამიანს, საიდანაც იწყება გზა ტობავარჩხილის ტბებისკენ, ადგილზევე შეუძლია დეტალების გარკვევა, მაგრამ სჯობს ჩამოსვლამდე იყოს ინფორმირებული და მოაგვაროს ისეთი საკითხები, როგორიცაა მანქანისა და ცხენების დაქირავება.

„ამ რეგიონში რამდენიმე ტბაა განლაგებული: ცაშკიბულის ტობავარჩხილი, ჭითაგვალვას ტობავარჩხილი და ა.შ. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ტბის მონახულება უნდა და, შესაბამისად, რა დროს დახარჯავს ამისათვის. ერთი ტბის მოსანახულებლად სამი დღე საკმარისია. თუ უნდათ ორი ტბა ნახონ, ამისათვის ოთხი დღეა საჭირო, თუ ყველა ტბის ნახვა უნდათ, მინიმუმ ექვსდღიანი ექსპედიციაა საჭირო.

სოფელ მუხნურიდან ალპურ ზონამდე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, გასავლელია 38 კილომეტრი. არის ჯგუფები, რომლებიც გადიან ამ მანძილს ფეხით და ჯგუფები, რომლებსაც ურჩევნიათ ეს მანძილი დაფარონ მანქანით. აქედან ტობავარჩხილამდე რვა კილომეტრია. თან მიჰყავთ ცხენი, რომ წამოიღოს ბარგი. რა თქმა უნდა, ეს აადვილებს მარშრუტს. ხშირად ასეთი ჯგუფები ერთ დღეშიც ჩადიან პირველ ტბამდე. შემდეგ მეორე დღეს გადადიან ჭითაგორას ტობავარჩხილამდე, მანძილი სულ სამი კილომეტრია, მესამე დღეს ათვალიერებ უკვე სხვა ტბებს, გარდა ერთისა, სადაც მისასვლელი გზა უფრო რთულია და ოთხ დღეში ახერხებენ ამ მარშრუტის დაფარვას“, – ამბობს რომან თოლორდავა.

იგი ტურისტებს არ ურჩევს ტობავარჩხილზე გამყოლის გარეშე წასვლას.

რაც შეეხება ფასებს, რომან თოლორდავა ამბობს, რომ ცხენის ერთი დღით დაქირავება დაახლოებით 70 ლარი ღირს, სამხიდიანი მანქანის, რომელიც ტურისტებს მუხნურიდან ტობავარჩხილისაკენ მიმავალ გზამდე მიიყვანს – 500-600 ლარი, პროფესიონალი გიდის, რომელიც გზის გარდა ტურისტებს ენდემური ფლორისა და ფაუნის შესახებაც მიაწოდებს ინფორმაციას – 100 ლარი.

„ღამისთევა ხდება კარვებში, ალპურ პირობებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად შეირჩეს ღამისთევისათვის შესაფერისი ადგილი. ჩვენ ბევრი სამაშველო და საძიებო სამუშაო ჩაგვიტარებია ამ ტერიტორიაზე და ყველა შემთხვევაში პრობლემას იწვევდა მარშრუტის არცოდნა და არაპროფესიონალი გიდი. პროფესიონალ გიდს შეუძლია ინსტრუქტაჟი გაუწიოს ჯგუფს კარვების გაშლაში, მინიმალური სამედიცინო ცოდნა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი ივლის უსაფრთხოდ. კიდევ ერთი პრობლემა: მარშრუტის მთელ მონაკვეთზე, დაწყებული ალპური ზონიდან, არ არის მობილური კომუნიკაცია, ამიტომ როცა ჯგუფი მოძრაობს, აუცილებელია ჰქონდეთ სატელიტური ტელეფონი“, – ამბობს რომან თოლორდავა.

ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ ტურისტებს შეუძლიათ მეჯოგეებთანაც შეიარონ ქოხებში და მთებში მომზადებული მეგრული კერძები დააგემოვნონ, მათ შორის ცნობილი ელარჯიც. ხუთი ადამიანისათვის მომზადებული ელარჯის დიდი ულუფის ფასი 50 ლარია.

ტობავარჩხილზე ლაშქრობებს რამდენიმე ტურისტული კომპანია უწევს ორგანიზებას. მათ შორისაა „ტობა თრექინგი“, რომელიც ჩხოროწყუში მდებარეობს. კომპანიის მენეჯერი გელა იზორია ამბობს, რომ ტურისტებისთვის მათ მომსახურების სრული პაკეტი აქვთ: „სასტუმრო, ტრანსპორტი, გიდი, ცხენები, სამი ღამე ტობავარჩხილზე და მეოთხე დღეს ვბრუნდებით უკან. 160 ლარი ღირს ასეთი ტური“.

რა უნდა ჰქონდეს თან ტობავარჩხილზე მიმავალ ტურისტს? „მშრალი საკვები, კარავი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ბათინკები და კედები“, – პასუხობს ლევან იზორია.

რომან თოლორდავა ამბობს, რომ აუცილებელია კარავიც შესაფერისი იყოს: „კარავი აუცილებლად უნდა იყოს მაღალ ნალექზე გათვლილი, ანუ 2000 მლმ ნალექის ატანა უნდა შეეძლოს ზედა მხარეს, 3000 მლმ – ქვედა მხარეს. ეს ალპური ზონაა და იქ ნალექის ინტენსივობა სულ სხვაგვარია, ვიდრე დაბლა“.

ტურისტებს სრულ მომსახურებას, მათ შორს კარვებით უზრუნველყოფას სთავაზობს ტურისტული კომპანია „ტაო-კლარჯეთი“. კომპანიის მენეჯერი, ქართლოს ჭაბაშვილი ამბობს, რომ ტობავარჩხილზე სამდღიანი ტურის ფასი 250-300 ლარიდან წყება. „ჯგუფის მოთხოვნის მიხედვით ვადგენთ ტურს, ამით განისაზღვრება ფასიც. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იქნება ჯგუფში“, – ამბობს ქართლოს ჭაბაშვილი.

გოჩა მინჯორაიამ ტობავარჩხილი შარშან დალაშქრა. „ჩვენ ავირჩიეთ გრძელი მარშრუტი, 5 დღე დაგვჭირდა, ყველაზე მაღალ ტბაზე ვიყავით. თუ კარგი ამინდია და ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნება, ხუთ დღეში შეიძლება ამ გზის დაფარვა, მოკლე მარშრუტზე სამი დღე შეიძლება დაგჭირდეს“, – ამბობს გოჩა. იგი ამბობს, რომ არ ურჩევს ახალბედებს ტობავარჩხილით ლაშქრობის დაწყებას: „განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება არა, მაგრამ ლაშქრობის გამოცდილება საჭიროა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ზურგჩანთის ჩალაგებას, ზედმეტი რომ არ წაიღო, მშრალი საკვებია საჭირო, თავიდან ამას არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მერე პრობლემური ხდება. აუცილებელია საწვიმარი, ზურგჩანთაში რა სად დევს, იმასაც მნიშვნელობა აქვს. ზოგი ეძებს და დრო გადის. ჯგუფი კი არ ჩერდება, წვიმაა – მიდიხარ, ბურუსია – მიდიხარ,  ნახევარი საათი თავსხმა წვიმაში შეიძლება მოხვდე, მერე სიცხეში, ამინდი სწრაფად იცვლება. ძნელი მარშრუტია და დასვენების ბევრი დრო არ არის. არის შემთხვევები, როცა უკანაც კი ბრუნდებიან“, – ამბობს გოჩა.

ლევან იზორიას თქმით, ტობავარჩხილზე 9-12 აგვისტოს მოლაშქრეთა „ტობა ფესტივალი“ იმართება. სწორედ ეს პერიოდი, აგვისტოს პირველი დეკადა, მიიჩნევა საუკეთესო სალაშქრო სეზონად ტობავარჩხილზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: