Batumelebi | ინტერვიუ ხელვაჩაურის ახალ გამგებელთან ინტერვიუ ხელვაჩაურის ახალ გამგებელთან – Batumelebi
RU | GE  

ინტერვიუ ხელვაჩაურის ახალ გამგებელთან

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 48 წლის ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. ნადიმ ვარშანიძე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია, 21 წლის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, 5 წლის განმავლობაში მას ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა ეკავა, დღემდე ამ სასწავლების ლექტორია.  

 

ნადიმ ვარშანიძე
ნადიმ ვარშანიძე

ბატონო ნადიმ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას გააკეთებთ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, როგორც გამგებელი?

 

კოალიციის დევიზია – „ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“, აქედან გამომდინარე ყველა გამგებელმა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ჩემი, როგორც გამგებლის სამოქმედო გეგმა-მიზანი სოციალური პრობლემების მოგვარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.

 

ყველა პროგრამა ბიუჯეტით არის გათვლილი, შესაბამისად, წელს ის პროექტები ხორციელდება, რაც წლის დასაწყისში დაიგეგმა, გასული წლის აგვისტოდან ვასრულებდი გამგებლის მოვალეობას, საკმაოდ კარგი პროექტები იყო გათვლილი ბიუჯეტით, ვაშენებთ სოციალურ სახლს, სოფლებში გზებისა და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობდით, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონკრეტულ ღონისძიებებს ბიუჯეტის მიხედვით ახალ საკრებულოსთან ერთად დავგეგმავთ.

 

ხელვაჩაურში ყოველთვის პრობლემური იყო მიწის საკითხი, მოსახლეობა ვერ ახერხებდა მიწის დაკანონებას, რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება?

  

ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მიწებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება იყო. მიწა მას უნდა მივცეთ, ვინც დაამუშავებს, ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და მიწას, გლეხს ფუნქცია უნდა მიეცეს, ამისთვის ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს.

 

 

ჩვენი წინამორბედები გლეხს მიწას მხოლოდ იმიტომ არ უკანონებდნენ, რომ მიწის შუა ნაწილში ბილიკი ან წყალი გადიოდა. ვფიქრობ, მდინარემ თუ ბილიკმა გლეხისთვის მიწის დაკანონებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მობილური და კანონიერი გავხადოთ მიწის რეფორმა. აღნიშნულ საკითხზე უმაღლესი საბჭო აქტიურად მუშაობს.

 

რამდენად შეძლებთ ამას?

 

 

არამარტო მე, არამედ მთელმა ჩემმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, საკითხისადმი სწორი მიდგომა თუ იქნება.

 

 

როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული მიწის საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობას?

 

 

კომისიის მუშაობას მე იქედან გამომდინარე ვერ შევაფასებ, რომ ამ საკითხში ღრმად ჩახედული არ ვარ. თუ სახელმწიფოში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილი იყო მიწა საკუთრებაში გადაეცა, ის შესაბამისად მოიქცეოდა. 

 

 

ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხზე, ორი ჰესი შენდება, მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობით მათი უფლებები ირღვევა და აქციას აქციაზე მართავს, რამდენად გაინტერესებთ ეს პრობლემა, დაიცავთ თუ არა მოქალაქეების ინტერესებს. თქვენი აზრით, ხელისუფლება უფრო კომპანიის მხარეს ხომ არ იხრება, ვიდრე მოქალაქის?

 

 

სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ყველა საკითხი დეტალურად იქნება შესწავლილი, არც ერთი მეპატრონე არ დარჩება  დაზარალებული, თუ ეკუთვნის, მიიღებს კომპენსაციაა, თუ არა, ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად.

 

 

ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა. პირველ რიგში მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ, შემდგომ – ბიზნესზე. ბიზნესი ხელშეუხებელი და თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ არა მოქალაქეების ხარჯზე.

 

 

ჰესის მშენებლობის გამო იტბორება ტერიტორიები. დაიტბორება მარადიდის საჯარო სკოლაც და სოფლის სასაფლაოც კი, როგორია თქვენი მიდგომა ამ საკითხისადმი?

 

 

საკითხზე კომისია მუშაობს. ყველა კითხვაზე პასუხს კომისია გაგცემთ მას შემდეგ, როცა დასკვნები დაიდება, დასკვნების გარეშე ვერაფერს ვიტყვი.

 

 

რა იყო ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ მოქალაქეები თქვენი მუშაობის პერიოდში?

 

უმუშევრობა, ეს მემკვიდრეობით გვერგო. რეალურად ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს, ვცდილობთ შევქმნათ საშუალო ფენა, მაგრამ 1-2 წელიწადში ამის მოგვარება რთულია. პირველ რიგში, გლეხს უნდა დავუბრუნოთ ფუნქცია, მივცეთ მიწა, გაჩნდეს დოვლათი, გაჩნდეს აგრარული ბაზრები. სოფლის მეურნეობასთან ერთად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა სოფლად, რომ გლეხს სოფლიდან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს. 

 

თქვენი რამდენიმე წინამორბედი დააკავეს, აქედან გამომდინარე ხომ არ გაქვთ შიში, რომ თქვენც გახდეთ გაუგებრობის მსხვერპლი?

 

არანაირი შიში არ მქონია, თუ დააშავებ – დაგაკავებენ, კანონს არ დაარღვევ – არავინ დაგიჭერს. კანონი უნდა გედოს სამაგიდო წიგნად და კითხულობდე, ჩვენ მივდივართ სამართლიანობისკენ, კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის, გლეხიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული. 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, ციტრუსის გასაღებაა, რა კეთდება იმისთვის, რომ წელს ციტრუსის რეალიზების პრობლემა არ შეიქმნას?

 

ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, გვინდა, ხელვაჩაურში წელს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გავხსნათ და უფრო ეფექტური გავხადოთ ციტრუსის რეალიზება, რეალიზაციის საკითხი იდეალურთან ახლოს მივიყვანოთ.

 

გასულ წელს, თქვენი გამგებლობის პერიოდში, პრობლემის მოგვარების მიზნით სუბსიდია გამოიყო, თუმცა თანხა ვერ გახარჯეთ, იმის ფონზე, როცა მოსახლეობის ნაწილი დაზარალდა კიდეც, მაგრამ სუბსიდია ვერ მიიღო. ეს თქვენი ცუდი მუშაობის შედეგი ხომ არ ყოფილა?

 

ჩვენ გავეცით თანხის ერთი მესამედი – 1 200 000 ლარი, სუბსიდიის გაცემისას ვალდებულება იყო, რომ უნდა წარმოედგინათ ციტრუსის მიღება-ჩაბარების აქტი. ვინც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია სუბსიდია გაიცა, დეკლარაციის გარეშე თანხას ვერ გავცემდით, ეს კი ყველამ კარგად იცოდა, არაერთი კრება გვქონდა ჩატარებული, გავდიოდით სოფლებში, მაგრამ იყო სხვა გარემოებაც, დიდი თოვლი მოვიდა, ზოგს გაუყინა მანდარინი, რამაც ხელი შეუშალა რეალიზაციას. ვაღიარებთ, ჩვენი მხრიდანაც იყო ხარვეზები, გასაღების ბაზრებმა შეგვიშალა ხელი, ადგილზე ვერ გასაღდება და მისი გასაღების ბაზარი უცხოეთია, მოგეხსენებათ უკრაინაში რა ვითარებაც შეიქმნა გასულ წელს. ჩვენი მიზანი არ იყო თანხა გამოგვეყო და არ მიგვეცა, ჩვენი მიზანი მათი ხელშეწყობა იყო.

 

 

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა კუთხით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

 

რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა, ამასთან ერთად გზისა და წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს. წყალი ყველა ოჯახში უნდა მივიდეს, კომპლექსურად აუზიდან ონკანამდე.

 

აპირებთ თუ არა კადრების გადახალისებას?

 

აუცილებლად, რა სახის იქნება ამას 15 ივნისის შემდეგ ნახავთ.

 

ხუთი წლის განმავლობაში ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა გეკავათ, რა გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

 

ქვეყნად მუდმივი არაფერია, ხუთი წელი ვიყავი რექტორი, მანამდე სასწავლებლის ლექტორი ვიყავი და თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობა ისევ ლექტორად გავაგრძელე, დღესაც ლექციებს ვკითხულობ. ჩემი პროფესია პედაგოგობაა, საზღვაო აკადემიის პროფესორი ვარ და პენსიაში გასვლას აკადემიიდან ვაპირებ.

 

 

ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები და რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

 

მყავს მეუღლე და სამი შვილი, მეუღლე დიასახლისია, უფროსი ქალიშვილი `ვითიბი~ ბანკში მუშაობს, თან მაგისტრატურაში სწავლობს, შუათანა მე-4 კურსის სტუდენტია, უმცროსი სკოლის მოსწავლეა.

მაქვს მამაპაპისეული სახლი ურეხში და ავტომობილი „მერსედესი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე