„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას ბათუმიდან გააპროტესტებენ

 

„რამდენიმე ადამიანი მივალთ ერას მოედანზე, მოვიწვევთ ჟურნალისტებს. უბრალოდ გვაინტერესებს რას აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა როცა ხონჩით მიართვა აფხაზეთი და ოსეთი რუსეთს“.

 

ორგანიზაციის „ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“  ხელმძღვანელის დავით ხიზანიშვილის  ინფორმაციით  კი  აქცია არ იგეგმება: “არც 15 ნოემბერს და არც სხვა დროს ქუჩის აქციებს ჩვენ არ ვგეგმავთ“.

 

იგივეს აცხადებს  აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ირემაძეც.

 

ხილის გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [ფოტო]

????????????????????????????????????

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

????????????????????????????????????

 

 

გონიოს მოსახლეობა ორი წელია სახელმწიფოსგან მიწების დაბრუნებას ითხოვს

ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

გონიოს მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა და პროტესტის ნიშნდ გონიოს ხიდი გადაკეტა. ისინი მოითხოვენ მთავრობამ დროულად შეისწავლოს სადაო მიწების საქმე, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება.

აქციის მონაწილე რევაზ ფუტკარაძის თქმით, მთავრობა მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს და დაპირებას არ ასრულებს.

„საქმის შესწავლას სპეციალურად ახანგრძლივებენ. მიწის აღიარების კომისიას ერთ თვეში უნდა შეესწავლა და დაენაწილებინა ჩვენთვის მიწები, მაგრამ მას მერე შვიდი თვე გავიდა“.

 

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს აჭარის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკეთების შემსწავლელი შერეული კომისია 2014 წლის 17 აპრილს შეიქმნა. კომისიას დაევალა მოსახელობის მოთხოვნების, სადავო მიწების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

რევაზ ფუტკარაძე რომელიც ამ კომისიის ერთ-ერთი წევრიცაა ამბობს, რომ კომისიას არ უმუშავია.

მიწები, რომელსაც საკუთრებაში მოიხმარდა გონიოს მოსახლეობა, სახელმწიფომ 2012 წელს ჩამოართვა მათ. ორი წლის მანძილზე ათეულობით ოჯახმა მრავალი აქცია, ხოლო აჭარის მთავრობამ არაერთხელ გამართა მათთან შეხვედრა, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და დღემდე ითხოვს მოსახლეობა სახელმწიფოსგან ჩამორთმეულ მიწების დაბრუნებას.

 

მძინარე ბავშვი ტაქსიში დარჩათ

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით ამბავი გუშინ მოხდა.

 

 „ბებიამ საპატრულო პოლიციას მიმართა. ბებიის მიერ აღწერილი ტაქსი პატრულ-ინსპექტორმა  თბილისი-სარფის საავტომობილო გზაზე გააჩერა. ტაქსის მძღოლმა არ იცოდა, თუ მანქანაში ბავშვს ეძინა. პილიციამ ადგილზე გამოიძახა ბებია და ბავშვი მალევე დაუბრუნა“ – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

თეა წულუკიანმა მუხაესტატეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მუხაესტატეს მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები − თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.

 

საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც.

 

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

2013-2014 წლებში საზოგადოებრივ ცენტრებში 91 133 საჯარო სერვისი გაიცა. დღეისათვის სულ 13 ცენტრი ფუნქციონირებს. ელექტრონული მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია ყვარელწყალი/დუისის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, ჭალადიდის, რუისის, ხევის, კოდას, მანგლისის, ნიგოითის, ჯვრის, ფოკის და შორაპნის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობას. დუისის საზოგადოებრივი ცენტრი 28 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს.

 

წლის ბოლომდე ცენტრები გეგუთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), კაჭრეთსა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და მეჯვრისხევში (გორის მუნიციპალიტეტი) გაიხსნება.

ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

 

გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება პრეზენტაციები მონაწილეთათვის და ორმხრივი შეხვედრები. მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და უკრაინა და სხვა. 


გამოფენის ორგანიზატორია: შპს „GEONET EXPO”. თანაორგანიზატორები არიან: აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბათუმის მერია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

 

შპს „GEONET EXPO“ პირველად საქართველოში, ქ. ბათუმში იწყებს საგამოფენო ცენტრის მშენებლობას, სადაც საერთაშორისო დონის გამოფენები, კონფერენციები და კონცერტები გაიმართება.

 

როგორ შევარჩიოთ თეთრეული

როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი, ამ შემთხვევაში თეთრეული, უხარისხოსგან? ამის შესახებ ლუიზა ზოიძემ გვირჩია „სავაჭრო ცენტრ 2000“ -დან:

„მყიდველებს ვურჩევ შეიძინონ თეთრეული, რომელიც არის 100-პროცენტი სატინა. თუმცა მხოლოდ „სატინაზე“ ყურადღების გამახვილება ხარისხის შესარჩევად არ არის გამოსავალი. რადგან შესაძლებელია ზუსტად იმავე სახის, იმავე ფირმისა და მწარმოებელი ქვეყნის უფრო უხარისხო თეთრეულიც შემოგთავაზონ, რომლის ვიზუალურად გარჩევა მაღალხარისხიანი თეთრეულისგან რთულია.

ერთი-ერთი ხერხია – უნდა შევძლოთ შედარება, ანუ თუ მოგვიხმარია ხარისხიანი და შედარებით უხარისხო თეთრეულიც, შემდეგ ადვილია შედარება.

საყურადღებოა ფასიც, ხარისხიანი სატინის თეთრეული ძვირია, მისი მინიმალური ფასი 120 ლარია.

ამ  შემთხვევაში  გამოსავალი არის ნდობის ფაქტორი, ანუ თუ გვინდა რომ არ მოგვატყუონ და ნამდვილად ხარისხიანი თეთრეული შევიძინოთ, უნდა მივმართოთ ისეთ ადამიანს, ვინც ნამდვილად ხარისხიან თეთრეულს შემოგვთავაზებს.

მე თამამად ვუწევ რეკომენდაციას დუბაიდან, პეკინიდან შემოტანილ საექსპორტო საქონელს. მომხმარებელს, ვისაც სურს ნამდვილი ხარისხიანი თეთრეული შეიძინოს, ვურჩევ არჩევანი გააკეთოს  „მენგის“ ფირმის სატინის თეთრეულზე“.

თეთრეულის შეძენისას სპეციალისტები ქსოვილის რამდენიმე მახასიათებელის გათვალისწინებას გვირჩევენ:

სატინა  – ძალიან პრაქტიკულია. ეს ქსოვილი მჭიდროა და მბზინავი. აქვს გლუვი ზედაპირი. სატინი დამზადებულია ბამბის ნაერთის ორმაგი ხვეულისგან – გრეხილი ძაფის სტრუქტურა უზრუნველყოფს ქსოვილის ნათელ და გლუვ ზედაპირს. სატინში ასევე გამოარჩევენ Mაკო-სატინს რომელიც მზადდება მხოლოდ ბამბისგან, ზედმეტი მინარევების გარეშე. არის ბევრად უფრო გლუვი და ბრწყინვალებას ინარჩუნებს დიდი ხნის განმავლობაში. სატინი ეს არის ქსოვილი, რომელიც იაფია ვიდრე აბრეშუმი, მაგრამ უფრო ძვირი ვიდრე სხვა ბამბის ქსოვილები. შეუძლია გაუძლოს დიდი რაოდენობით გარეცხვას.

აბრეშუმი – ეს არის რბილი ქსოვილი, დამზადებული აბრეშუმის პარკისგან ე.წ აბრეშუმხვევიასგან. ქსოვილის სტრუქტურული შემადგენლობა არის სამკუთხა ფორმის, პრიზმის ეფექტით, რაც უზრუნველყოფს მის სირბილესა და ბზინვარებას. ირეკლავს სინათლეს, რომელიც ლამაზად აისახება ქსოვილის ზედაპირზე და აქვს პრიალა ეფექტი.

ბატისტის თეთრეული – მსუბუქია და გამჭვირვალე, მაგრამ ამავე დროს არაპრაქტიკული. მისგან ისეთი კომპლექტის შეძენა სჯობს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთნილი არ არის, მაგალითად, საქორწინო გარნიტური ან განსაკუთრებული სასაჩუქრე ეგზემპლარი.

ბიაზის თეთრეული – ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანია, ლამაზიცაა და პრაქტიკულიც. მდგრადობისა და გამძლეობის გამო ის ბევრ ქვეყანაშია პოპულარული.

ჩითი – ეკონომიკურად ყველაზე მისაღებია, გრილი და სასიამოვნოა ზაფხულში და ძალიან პრაქტიკულია გამოყენებისას.

ლუიზა ზოიძე

ორი წელი ტრანსპორტის და გზის გარეშე

 

 

წერილით, რომელსაც ხელს 114 მოქალაქე აწერს ხელს და რომელიც “ბათუმელების” რედაქციაში ინახება, ხელისუფლების ყურადღების მიქცევას სოფელ ველეს მოსახლეობა ცდილობს. ამ ხალხის მოთხოვნის შესრულება ორ სახელმწიფო უწყებას – ბათუმის მერიასა ან ქობულეთი მუნიციალიტეტს შეუძლია.

 

“უკვე ორი წელია, რაც ველში მიკროავტობუსი არ დადის. მოსახლეობას სამი კილომეტრის გავლა ფეხით უწევს”, – წერენ ველეს მცხოვრებლები თავიანთ წერილში.

 

სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობს, მიკროვტობუსმა მას შემდეგ შეწყვიტა მოძრაობა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა განცხადებით, ბათუმის მერიის მიერ დანიშნულმა 40 ნომერმა მიკროავტობუსმა ველის უბნამდე დაიწყო სიარული. „მიკროავტობუსი ჩვენ სოფელში არ ამოდის, მხოლოდ სოფლის დასაწყისამდე მოძრაობს, ამის გამო „მარშრუტკის“ მძღოლებმა, რომლებიც ადრე სოფელს ემსახურებოდნენ, მგზავრთა გადაყვანაზე უარი თქვეს, 45 ოჯახის გამო ვერ ვივლითო. ჩვენი ინფორმაციით, მერიის 40 ნომერ მიკროავტობუსს სოფლამდე მოსვლის უფლება არ აქვს, თვითნებურად მოდის აქამდე, რაც საბოლოოდ ჩვენ გვაზარალებს. ან სოფელში მოვიდეს, რომ ჩვენც ვისარგებლოთ, ან შეწყვიტოს „ქვის ხიდამდე“ სიარული“ – გვეუბნება ამავე სოფლის მაცხოვრებელი ვარდო მაკარაძე.

 

რესპონდენტი ამბობს, რომ ტრანსპორტის არარსებობა მათ ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის: „ადამიანებს ტვირთი მიაქვთ ზურგით, ხალხი მუშაობს, სწავლობენ, ყოველ დღე სამი კილომეტრის ჩავლა და ამოსვლა არ არის ადვილი. გზები ისედაც მოუწესრიგებელია, ფეხი სად დადგა იმაზეც უნდა იფიქრო რომ მიდიხარ, ასეთ მდგომარეობაში ვართ და ახლა ეს პრობლემაც დაგვემატა. გამგეობა მხოლოდ გვპირდება, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. წინასაარჩევნოდ გამოჩდნენ მარტო, მიასწორ-მოასწორეს გზები და სულ ეს იყო. მოგვიგვარებენ თუ არა პრობლემას, ამაზე პასუხი არ აქვთ. „რაღაცას ვიზამთ“, – მარტო ამას იძახიან“, – ამბობს ვარდო მაკარაძე. 

 

ბათუმის მერიამ 40 ნომერ მარშრუტთან დაკავშირებით ველის მაცხოვრებლებს ოფიციალური პასუხი მაისშივე გაუგზავნა და მიკროავტობუსის ხაზის შეცვლაზე  უარი უთხრა.

 

„ბათუმის მერიამ 2013 წლის 27 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე გააგრძელა #40 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის „ქვის ხიდის“ დასახლებამდე, გოგოლიშვილის ქუჩის გავლით. მიმდინარე ეტაპზე, ამ განკარგულებაში ცვლილების შეტანა და მარშრუტის სქემის გაგრძელება  სოფელ ველამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – წერია ოფიციალურ წერილში,  რომელსაც ხელს მერის მოადგილე რუსლან ქორიძე აწერს.

 

ამავე წერილის მიხედვით, მერია ამბობს, რომ მას დაგეგმილი აქვს სამგზავრო სატრანსპორტო სისტემის რეფორმა, რის ფარგლებშიც გათვალსიწინებულია  არსებული საქალაქო სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია და შემცირება.

 

მერიის წერილის მიხედვით, რეფორმა შეეხება მუნიციპალიტეტებიდან შემოსულ სამარშრუტო ხაზებსაც. „მათ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების სპეციალური მარშრუტები განესაზღვრებათ“, – ნათქვამია წერილში. 

 

ქობულეთის მინიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ველის მაცხოვრებელთა პრობლემებზე სმენია: „სექტემბერში დამიკავშირდა ვიღაც მაგ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ აღარ შემხმიანებიან და არ ვიცი მოაგვარეს თუ არა პრობლემა. დავინტერესდები ამ საკითხით“, „ გვეუბნება გამგებელი. რაც შეეხება გზებს, გამგებელი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ცუდი მდგომარეობაა: „მეწყერებმა ახალი გზებიც დააზიანა. გზების დეპარტამენტი ელოდება გარემოს დაცვისგან ნებართვებს, რომ ინერტული მასალები მოიპოვოს – გზების მოხრეშვა და გასწორება გვინდა რომ დავიწყოთ“.

 

”ალდაგი” – საიმედო პარტნიორი ციტრუსის დასაზღვევად

                        „დააზღვიეთ ალდაგში

                                        თვენი მოსავალი დღეს“

ამჟამად მანდარინის ბაღების მესაკუთრეებისთვის ყველაზე დიდი რისკფაქტორი საშემოდგომო ყინვაა. თუმცა ფერმერს „ალდაგის“ მეშვეობით შეუძლია დააზღვიოს თავის სარგებლობაში ან  საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მოწეული მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალისგან. კომპანია „ალდაგი“, ამ სეზონზე, ფერმერებს აჭარაში, ციტრუსის ყველა სახეობის დაზღვევას სთავაზობს.

გასულ კვირას „ალდაგის“ წარმომადგენლებმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში ფერმერებთან და სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრა გამართეს. მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებმა ციტრუსის დაზღვევის პირობები გააცნეს.

ფერმერმა ჯემალ მეგრელიძემ საკუთარი მოსავლის „ალდაგში“ დაზღვევა ხელმისაწვდომი მომსახურების გამო აირჩია.

„პირველად ვაზღვევ მოსავალს. „ალდაგმა“ მიმზიდველი პირობებით დამაინტერესა. ამ სადაზღვეო კომპანიის მომსახურების გაიოლებული ფორმა ფერმერისთვის უფრო ხელმისაწვდომია. მომყავს ციტრუსი სამ ჰექტარზე და მაქვს თხილის პლანტაცია 30 ჰექტარზე. წელიწადში საშუალოდ ხუთ ტონამდე თხილი და ციტრუსი მომყავს. მთლიანი მოსავლის დაზღვევას ვფიქრობ“, – ამბობს ჯემალ მეგრელიძე.

ქობულეთშის სოფელ ლეღვას მკვიდრის, ვიტალი რომანაძის თქმით კი, ის იცნობს სხვა სადაზღვეო კომპანიების სადაზღვეო შემოთავაზებას, მაგრამ „ალდაგი“ გაცილებით უკეთესს პირობებს სთავაზობს ფერმერებს. მის აზრით, „ალდაგი“ ფერმერის ინტერესებს ყველაზე მეტად ითვალისწინებს.

„ალდაგი“  25-წლიანი გამოცდილების მქონე, ფინანსურად ძლიერი და სტაბილური კომპანიაა, რომელიც ბოლო სამი წელია აგრო პროდუქტების დაზღვევაზე აქტიურად მუშაობს.

„2012 წელს კატასტროფული წელი იყო მოსავლის ზარალის კუთხით, განსაკუთრებით კახეთისთვის. ამ წელს ჩვენ ორი მილიონი ლარის ზარალი ავუნაზღაურეთ ფერმერს“ , – ამბობს „ალდაგის“ აგრარული რისკების მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილი.

„ალდაგის“ გამოცდილება მომხმარებლის ნდობის გარანტიაა. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ალდაგს“ვალდებულების შესრულებაზე აქვს მეტი გარანტია და პასუხისმგებლობა. ციტრუსის დაზღვევის შემთხვევაში, კომპანიის ვალდებულებაა ზარალის ანაზღაურება. მისი წარმომადგენლები, ასევე სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, სადაზღვეო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ზარალის შესასწავლად თუ მის ასანაზღაურებლად ადგილზე მიდიან ფერმერთან.  შექმნილი სპეციალური ჯგუფი ოპერატიულად ითვლის და აფასებს ზარალს.

„გვყავს ბენეფიციარები, რომლებსაც სეტყვამ მოსავალი ნოემბერში დაუზიანა.  ჩვენი სპეციალური ჯგუფები ადგილზე მუშაობენ. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შემდეგ კი ფერმერს შესაბამისად აუნაზღაურდება დაზღვეული ციტრუსის საფასური“,  – აღნიშნავს ივანე ბუჯიაშვილი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო აფინანსებს დაზღვევის ღირებულების 90 პროცენტს, ფერმერი კი მხოლოდ დარჩენილი მცირე პროცენტის საფასურს იხდის. მაგალითისთვის, თუკი ფერმერის მოსავალი 12.5 ტონაა, რომლის ღირებულება შეადგენს 6000 ლარს, ფერმერს მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევს _ დანარჩენ ნაწილს 480 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს. ერთი ტონა ციტრუსის დაზღვევისთვის ფერმერს მაქსიმუმ 2 ლარი და 40 თეთრის გადახდა მოუწევს.

„ალდაგის“ ოფისს ბათუმში: მემედ აბაშიძის ქ. #1; დარეკეთ ცხელ ხაზზე.: 2 444 999

„ალდაგის“ ოფისები მუშაობს კიდევ ოთხ ქალაქში: ფოთი – აღმაშენებლის _ #31, ზუგდიდი _ დადიანის #2/3; ქუთაისი _ პუშკინის #8, თელავი _ წერეთლის #1-ში.

პრაქტიკული რჩევები ართროზის დროს

„ართროზი ქრონიკული დაავადებაა. იგი ყველაზე გავრცელებულ საყრდენ – მამოძრავებელ დაავადებებს შორისაა. ამ დროს სახსარში ხრტილები თანდათანობით იშლება და ცვდება.

ართროზის გამომწვევი მთავარი მიზეზებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ზედმეტი წონა, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, სახსრის ხრტილის სისტემური მიკროტრავმები, ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები,  სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა.

ართროზის მკურნალობისას უპირატესად საჭიროა დაზიანებული სახსრების დასვენება, ფიზიკური დატვირთვის შემცირება, ყოველდღიური სპეციალური ვარჯიშები და რა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა.

მოსახლეობის უმრავლესობა ართროზს უბრალო ტერმინით – „მარილების დაგროვება“ მოიხსენიებს, რაც არ არის მართებული. ართროზის დროს ხრტილის ნივთიერებათა ცვლა იშლება, დროთა განმავლობაში მცირდება მოძრაობის ამპლიტუდა და აღმოცენდება ტკივილი, განსაკუთრებით მოძრაობისას.

დაზიანებული სახსრები უნდა დავიცვათ ზედმეტი დატვირთვისაგან.

  • ქვედა კიდურების სახსრების ართროზის დროს რეკომენდებულია ისეთი აქტივობების შეზღუდვა, როგორიცაა: სირბილი, ხტომა, ჩაბუქნვები, ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული;
  • უნდა მოვერიდოთ მძიმე საგნების აწევას და გადატანას. ასევე უნდა მოვერიდოთ ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთი და იმავე მდგომარეობაში ყოფნას.  ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მოძრაობის აქტივობის ისეთი რიტმის შემუშავება, რომ დატვირთვის პერიოდები მონაცვლეობდეს დასვენების პერიოდებთან.
  • აუცილებელია ყოველდღიურად გარკვეული ვარჯიშების შესრულება. ვარჯიში ხელს უწყობს სასახსრე ხრტილის გამაგრებას.

ართროზის სამკურნალო ვარჯიში უნდა ჩატარდეს დამჯდარ ან დაწოლილ მდგომარეობაში. ასაკობრივი შეზღუდვა ფიზიკური ვარჯიშის დროს არ არსებობს. ვარჯიშისას მოძრაობების რაოდენობა უნდა გავზარდოთ თანდათან, ერიდეთ ენერგიულ ვარჯიშს.

ვარჯიში საჭიროა  ყოველდღე, არანაკლებ 30-40 წუთის ხანგრძლივობით. უკეთესი იქნება, თუ ამ დროს გავანაწილებთ მთელი დღის განმავლობაში 3 ჯერზე და  ყოველი ჯერი 10-15 წუთის ხანგრძლივობის იქნება.

ართროზის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ფეხსაცმლის ფორმასაც. მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმელი იყოს  საკმარისად განიერი, ხოლო  მისი ზედაპირი – რბილი. სპორტული ფეხსაცმლის უმრავლესობა შეესაბამება სწორედ ამ მოთხოვნებს.

ასევე სახსრებზე დატვირთვას ზრდის ჭარბი წონა. წონის ნორმალიზება ამცირებს ართროზის განვითარების რისკს და პროგრესირებას.

საყრდენ მამოძრავებელი  სისტემის დაავადების დროს ყველაზე ოპტიმალური სპორტის სახეობა არის ცურვა. წყალში შესაძლებელია სახსარში მოძრაობის  მაქსიმალური მოცულობის მიღწევა წონით დატვირთვის გარეშე, რაც მეტად ხელსაყრელია სასახსრე ხრტილისთვის.

სწორი მკურნალობის შესარჩევად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოზი დასვას ექიმმა. რადგან არსებობს სახსრების მრავალი დაავადება, რომლებიც გამოვლინებებით ართროზის  მსგავსია, მაგრამ მათი მკურნალობა პრინციპულად განსხვავებულია“.

მძღოლი ქალები და სტერეოტიპები

ლია მგელაძე
ლია მგელაძე

ლია მგელაძე  პროფესიონალი მძღოლია. ის საჭესთან 18 წლიდან ზის. მას რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი თხუთმეტჯერ აქვს მოგებული. ლია მიიჩნევს, რომ იყო კარგი ან ცუდი მძღოლი, ეს არ არის სქესზე დამოკიდებული, ყველაფერს პროფესიონალიზმი განსაზღვრავს.

„ქალი ცუდი მძღოლია – ამ სტერეოტიპებს ქალები ჩვენი პროფესიონალიზმით ვანგრევთ. დიდი ხანია საჭესთან ვზივარ და ამ ხნის მანძილზე არაერთხელ შემხვედრია ცუდი კაცი მძღოლებიც. თუ რაღაც არ იცი, ან ცუდად იცი, ეს არ არის იმის ბრალი, რომ ქალი ხარ, ან კაცი. არაპროფესიონალი ან პროფესიონალი  შეიძლება იყოს კაციც და ქალიც“, – ამბობს ლია.

ლია მგელაძე საქართველოს საავტომობილო ფედერაციისგან პროფესიონალი მძღოლის  ლიცენციას რამდენიმე დღეში ოფიციალურად მიიღებს. ის ერთ-ერთი წარმატებული მრბოლელი ქალია და არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილები.

„ყველა ტიპის ტრანსპორტის  ტარების ლიცენზია მაქვს, გარდა ტრაილერისა. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქალებს კაცებზე ნაკლებად შეუძლიათ მანქანის მართვა. პირიქით, ბევრი ქალი კაცზე კარგად მართავს ავტომანქანას“, – ამბობს ლია მგელაძე. მისი აზრით, მსგავსი სტერეოტიპების გამყარებას ხშირად ქალებიც უწყობენ ხელს: „არ მომწონს, როცა ქალები მანქანაზე ქუსლიან ფეხსაცმელს ახატავენ. ამით თითქოს ამბობ, რომ სუსტი არსება ხარ, სათანადოდ ვერ დადიხარ და უნდა მოგერიდონ.“

რა აღიზიანებთ კაცებს ქალ მძღოლში? – „დღემდე ავტომანქანის ფლობა გარკვეულ სტატუსთან, ძალაუფლებასთან იყო ასოცირებული. თუ მანქანა გყავს, ესე იგი ეკონომიკურად  ძლიერი ხარ და, შესაბამისად, საქმიანიც. ქალი მძღოლების მოჭარბება, ბუნებრივია, აჩენს იმის განცდასაც, რომ კაცსა და ქალს შორის ძალაუფლების გადანაწილება დაიწყო. თუ ქალი უკეთეს მანქანაზე ზის, ვიდრე კაცი, ეს კიდევ დამატებითი მიზეზია იმისთვის, რომ ქალი მძღოლი აითვალწუნონ. კაცი ქალ მძღოლში ხედავს კონკურენტს და ცდილობს ამ სტერეოტიპებით დაამსხვრიოს ქალი მძღოლის იმიჯი“ – ამბობს ლია. 

მისი აზრით, ქალებიც ექცევიან ამ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, ითრგუნებიან და არ აძლევენ თავს საკუთარი შესაძლებლობებს განვითარებას: „ქალი მძღოლების ზრდა, ოჯახური ვალდებულებების არათანაბარმა გადანაწილებემაც განაპირობა. თუ აქამდე მამა იყო ვალდებული წაეყვანა შვილები სკოლაში ან სხვადასხვა საჭიროება უზრუნველეყო, ქალის საჭესთან დაჯდომამ მას ეს ტვირთიც შეუმსუბუქა. ახლა ქალს დაჰყავს ბავშვები სკოლაში, სხვადასხვა წრეზე, ფაქტობრივად, მამას ეს პასუხისმგებლობა აღარ აკისრია. კაცს მოაკლდა კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, ქალმა, უბრალოდ, შეუმსუბუქა მდგომარეობა. ამიტომ, კაცი ცოლს იტანს საჭესთან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ოღონდ ის არ შეაწუხონ და ა.შ. მაგრამ ქუჩაში, სხვა ქალი მძღოლი აღიზიანებს“.

ეთერ სამველიძე
ეთერ სამველიძე

ფინანსისტი ეთერ სამველიძე ავტომანქანას უკვე ათი წელია მართავს. ის არ ეთანხმება ქალ მძღოლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს და ამბობს, რომ საჭეს კარგად მართვა: „სქესს ნამდვილად არ აქვს აქ მნიშვნელობა. მთავარია, ორიენტაციის უნარი და  სინქრონული მუშაობა. ბევრი რამ დამოკიდებულია შინაგან კულტურაზეც. როგორც არსებობს საზოგადოებაში ქცევის წესები, ასევეა მოძრაობის წესებიც, ამიტომ ამ კულტურის ფლობა კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და სქესი არაფერ შუაშია“.

ეთერ სამველიძეს მიაჩნია, რომ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას კაცების ეგოიზმი უწყობს ხელს: „არის შეჯიბრებითობის მომენტიც, ადრე მიჩვეული იყო კაცი, რომ მანქანა მხოლოდ მისი საკუთრება იყო, ახლა აღარ არის დომინანტი. ამიტომ, სიტყვიერად ცდილობენ დააკნინონ ქალის შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად უხეშები არიან და გაცილებით მძიმე შეცდომებს უშვებენ საჭესთან. ქალ მძღოლებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საჭესთან პომადას ისვამენ. მაგრამ კაცებიც ხომ არღვევენ წესებს, ეწევიან სიგარეტს, საუბრობენ მობილურზე და ა.შ. ასე რომ, უპასუხიმსგებლო მძღოლი, შეიძლება იყოს ქალიც და კაციც, ადამიანის შინაგან კულტურაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული და არა კონკრეტულ სქესზე“.  

იური ლომთათიძე აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია. როგორც მასწავლებელი, ამბობს, რომ მძღოლი ქალები გაცილებით პასუხისმგებლიანები არიან, ვიდრე კაცები:

„კაცები, უბრალოდ, უფრო აზარტულები არიან. ჰგონიათ, რომ უფრო მეტი იციან, მაგრამ სინამდვილეში არაფერი იციან. ქალები კი იმას აკეთებენ, რაც იციან. ეს არის განსხვავება“.

მისი აზრით, სწორედ ეს აზარტი აქცევს კაცს უპასუხისმგებლო მძღოლად: „ამიტომ არის ამდენი ავარია და მოძრაობის წესების დარღვევა. მე ვისაც ვასწავლი, იმ ქალებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ქალები ძალიან ფრთხილები და ყურადღებიანები არიან საჭესთან. ქუჩაში რომ დავდივარ, ვაკვირდები ხოლმე ამ დეტალებს. იქ, სადაც ქალები უმნიშვნელო შეცდომას უშვებენ, კაცები სერიოზულ საფრთხეს ქმნიან“.

მწვრთნელი ამბობს, რომ მანქანის მართვის კარგად ცოდნა პრაქტიკაზეა  დამოკიდებული:

„არის შემთხვევები, როცა ადამიანები (ქალი იქნება ეს თუ კაცი) მოდიან და მეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ დრო, ამიტომ ის, რაც 20-30 გაკვეთილში უნდა გაიარონ, უნდათ რომ ხუთ გაკვეთილში ასწავლო. დაიზეპირებენ რაღაც ნიშნებს და მიდიან. ეს არის პრობლემა“.

მძღოლების გენდერული დინამიკა ყოველწლიურად იცვლება. შს სამინისტროს, ბოლო ორი წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა 2008-2012 წლების მონაცემებით, ქალი მძღოლების რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია. ყველაზე მზარდი დინამიკა 2012 წელს დაფიქსირდა. ამ წელს, ქალების ცხრამეტმა  პროცენტმა აიღო მართვის პირველადი მოწმობა, მაშინ როცა, წინა წლებში ეს მაჩვენებელი ათ-თორმეტ პროცენტს  არ ასცილებია.

პირველადი მართვის მოწმობები 2012 წელს 21-31 წლამდე ქალებმა აიღეს. ამავე წელს, თეორიული გამოცდა ერთ ცდაზე ქალების სამოცდაექვსმა პროცენტმა ჩააბარა, კაცები კი ოთხი პროცენტით ჩამორჩებიან. პრაქტიკულ გამოცდაში კი კაცები ლიდერობენ რამდენიმე პროცენტით. 2012 წელს ორ ქალს აღებული აქვს ტრაქტორის (თ) მართვის კატეგორიაც.

2012 წლისთვის, თბილისში მძღოლების გენდერული ბალანსი ასე გამოიყურება – 44 პროცენტი ქალი, 55 პროცენტი კაცი.

ბათუმელი მოსწავლე ლონდონის სკოლაში

 

ნიკა აბჟანდაძე, ირინა ხაჟალია და ETI 2000-ის მოსწავლეები
ნიკა აბჟანდაძე, ირინა ხაჟალია და ETI 2000-ის მოსწავლეები

„კონკურსში რეგისტრაციის შემდეგ ონლაინტესტი დავწერეთ, ნაშრომებს ინგლისელები ამოწმებენ. ამის მერე მოგვიწია სკოლის დირექტორებთან (ფსიქოლოგებთან) გასაუბრება, სადაც უნდა გამოგვევლინა ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი. ცოდნაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ არ მქონია გამარჯვების მოლოდინი, ეს დიდი წარმატებაა ჩემთვის, პასუხები აპრილში მოვიდა. ძალიან დავიბენი, როცა გავიგე, რომ ლონდონის სკოლაში ერთი წლით სასწავლებლად მიმიწვიეს. ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება საინტერესოდ შეიცვლებოდა“, –  ამბობს ნიკა.

 

HMC  საქველმოქმედო პროექტია, რომელიც ბრიტანული სკოლის დირექტორების ასოციაციის მიერ არის დაარსებული. პროექტის ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სასწავლებლად ერთი წლით მიემგზავრებიან ბრიტანულ სკოლებში. პროექტში მონაწილეობა შეუძლია მოსწავლეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი, ამას გარდა პროექტში ჩართული მოსწავლის ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ფუნტის ექვივალენტს ლარებში. ნიკა აბჟანდაძე ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ის 29 აგვისტოს გაემგზავრა ლონდონში სასწავლებლად. ამბობს, რომ იქ არსებულმა რეალობამ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, New Hall -ის კამპუსში ნიკა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ცხოვრობს. სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

 

„სკოლა ქალაქგარეთ მდებარეობს. ყველაზე მეტად გამაკვირვა დისციპლინამ და ამავდროულად მეგობრულმა დამოკიდებულებამ. ინგლისელები მზად არიან ნებისმიერ დროს დაგეხმარონ“, –  ამბობს ნიკა, რომელიც გვიყვება, თუ როგორი შეშინებული იყო ლონდონის უზარმაზარ სკოლაში, სადაც ის ერთადერთი ქართველი მოსწავლეა. „არავის ვიცნობდი. პირველი კვირა გამიჭირდა, ყველაზე მეტად ურთიერთობა მიჭირდა. ჩქარა გელაპარაკებიან, არ ფიქრობენ იმაზე, რომ შენ ისე კარგად არ იცი ენა, როგორც მათ. ინგლისელებს ნეიტრალურ თემებზე უყვართ საუბარი, საკუთარ თავს არ ეხებიან, ქართველები ხომ მუდმივად პირად საკითხებზე ვსაუბრობთ, როცა მე ველაპარაკებოდი ჩემს თავზე, ვამჩნევდი, რომ არ აინტერესებდათ ეს. კარგად რომ გამიცნეს, მხოლოდ ამის შემდეგ მკითხეს პირად თემებზე“, – ამბობს ნიკა.

 

ნიკა ახლა „New Hall“-ში ოთხ საგანს სწავლობს – ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს: „ოთხი საგანი ავირჩიე. სამწუხაროდ, აქ ვერ ირჩევ იმას, თუ რისი სწავლა გინდა, იქ სკოლებშიც ისეთი მიდგომები აქვთ, როგორც უნივერსიტეტებში. ასე უფრო ღრმად სწავლობ იმ საგანს, რაც გჭირდება. ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო მასწავლებელს თუ დახმარება გჭირდება, მაგალითებით ხსნიან ყველაფერს, აკეთებენ პრეზენტაციებს, გვინიშნავენ იმას, რაც არის მთავარი.

 

ყველაზე მეტ დროს სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკაში ატარებენ. აქ ბევრი რესურსია იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. მთელ სკოლაში არის ინტერნეტი, გვაქვს კომპიუტერების ოთახი ყველა სართულზე. რთულია ბალანსის დაცვა სწავლასა და ურთიერთობებს შორის, მხოლოდ სწავლას თუ დაუთმე დრო, მაღალი ნიშნები გექნება, მაგრამ ურთიერთობები – აღარ. თუ სოციალურ საკითხებს დაუთმობ მეტ დროს, მაშინ პირიქით. ამ ბალანსის დაცვას მუდმივი მუშაობა სჭირდება, უნდა იყო აქტიურიც. ამის მიუხედავად, მე ყველაზე დიდ დროს იქ მაინც სწავლას ვუთმობ, დღეში ხუთი საათი ვსწავლობდი ერთ საგანს, სულ უნდა იმეორო განვლილი მასალა, რადგან არ იცი ტესტი როდის იქნება, ამიტომ სულ მეცადინეობაში ვარ. გართობის საშუალებებიც გვაქვს სკოლაში, მაგრამ საღამოს შვიდი საათიდან 10 საათამდე მთელს კამპუსში ამოწმებენ ვმეცადინეობთ თუ არა“, – გვიყვება ნიკა.

 

ნიკა აბჟანდაძე სემესტრულ არდადეგებს ბათუმში ატარებს. სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით მან ექსკურსიაზე წასვლას სახლში დაბრუნება არჩია, მგზავრობის ხარჯები სკოლამ გაიღო: „ორკვირიანი დასვენებაა სემესტრში, მე ბათუმში წამოსვლა მერჩივნა. მალე ისევ გავემგზავრები, ახლა სკოლაში ტრადიციული დღეები უნდა მოვაწყოთ, მე ქართული ჩოხა მიმაქვს, საქართველო რომ წარმოვადგინო.“

 

 

სემესტრის დახურვის შემდეგ ნიკამ ბრიტანეთში სწავლისთვის კიდევ ერთი წელი მოიპოვა, მისი შემდგომი წლის სწავლა „New Hall“-მა დააფინანსა: „სკოლას მოეწონა ჩემი შედეგები, გადაწყვიტეს, რომ დამტოვონ. შესაბამისად სკოლას ბრიტანეთში დავამთავრებ, მერე სწავლის გაგრძელებაც ისევ იქ მინდა, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა მიმართულებას ავირჩევ. სკოლა მეხმარება, რომ ეს გზა წარმატებით გავიარო.“

 

ნიკა ინგლისური ენის ცენტრ „ETI 2000“-ში სწავლობდა. სწორედ ეს ცენტრი თანამშრომლობს HMC  საგრანტო პროექტთან. ცენტრმა 2015 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების შერჩევა წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო. შერჩევა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 01.03.1998-01.09.1999 პერიოდში და წარმატებით გაიაროს საგრანტო კონკურსი, ამით ის მოიპოვებს საგზურს ბრიტანეთის სკოლაში ერთი ან ორი წლით სასწავლებლად. წარმატებული კანდიდატი ფინანსდება 30000–40000 ფუნტის სტიპენდიით. კანდიდატის ოჯახი იხდის მხოლოდ ინტერვიუს (50 ლარს) და მგზავრობის ხარჯებს.

 

 

„ ETI 2000“-ის დამფუძნებელი ირინა ხაჟალია, დაინტერესებულ პირებს ურჩევს ცენტრს მიმართონ: „თუ გინდა კარგი განათლება, ეს არის საუკეთესო შანსი. მთავარია, მოსწავლეებმა ეს შანსი გამოიყენონ. ყველა ქვეყანას ეძლევა 25 ადგილი, მაგრამ თუ მეტი მოიპოვებს გრანტს, მაშინ ამატებს ადგილებს ბრიტანული მხარე. შარშან, სამწუხაროდ, აჭარიდან ბრიტანეთში მხოლოდ სამი მოსწავლე გაემგზავრა. ჩვენ ვეხმარებით მხოლოდ ამ საგრანტო პროგრამის ინფორმაციის გავრცელებაში, აპლიკანტებს რეგისტრაციაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ჩემი ცენტრის მოსწავლე. მთავარია, აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს. ტესტირება თბილისში ტარდება“.

 

ბათუმის მერია: კონკურსანტი, რომელიც განაცხადს ხუთზე მეტ ვაკანსიაზე შეიტანს, მოიხსნება კონკურსიდან

 

ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად  არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე. კონკურსანტი, რომელიც განაცხადს წარადგენს ერთდროულად ხუთზე მეტ პოზი­ციაზე, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან ყველა პოზიციაზე. 

მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 04 ნოემბრის სხდომის ოქმი N 1-ის შესაბამისად, კონკურსანტის განაცხადი არ განიხილება და მოიხსნება კონკურსიდან, თუკი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge არასრულყოფილად ატ­ვირ­თავს სავალ­დე­ბულოდ ასატვირთ დო­კუ­მენტს, კერძოდ:

 

შესაბამისი უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დო­კუ­მენტის ასლს;

პირადობის მოწმობის ასლს;

შრომის წიგნაკის (ასეთის არსებობის შემ­თხვევაში) ან სხვა  სამუშაო გამოც­დი­ლე­ბის და­მა­დას­ტურებელი დოკუმენტის ასლს (იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, სა­დაც საკვალიფიკაციო მოთხოვნად განსაზღვრულია სამუშაო გამოცდილება).

ერასმუს მუნდუსის კონკურსი გაცვლითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

 

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 15 დეკემბერი. დაწვრილებითი ინფორმაციისათვისა და განაცხადის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდს. 

 

სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებგვერდზე ატვირთვის ბოლო ვადაა: 2015 წლის 12 იანვარი

 

პროექტი MEDEA მეორე  კონკურსისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის უნვერსიტეტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს შემდეგ სააპლიკაციო პოზიციებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის:

 

სამიზნე  ჯგუფი  – I

  • დიპლომამდელი პროგრამა – 6-თვიანი (2 პოზიცია)
  • დიპლომამდელი პროგრამა –10-თვიანი (5  პოზიცია)
  • სამაგისტრო პროგრამა – 6-თვიანი (1 პოზიცია)
  • სამაგისტრო პროგრამა –10- თვიანი ან 24-თვიანი (4 პოზიცია)
  • სადოქტორო პროგრამა –6- თვიანი  (2  პოზიცია)
  • სადოქტოროპროგრამა –18- თვიანი (3  პოზიცია)
  • სადოქტორო პროგრამის შემდგომი კვლევა (დოქტორის წოდების მფლობელთათვის)

სამიზნე  ჯგუფი  – II

  • მაგისტრატურა  –  6-თვიანი (1 პოზიცია)

სამიზნე  ჯგუფი  -III (მხოლოდ ლტოლვითა და შშმ პირთათვის)

  • მაგისტრატურა   – 10 -თვიანი (1 პოზიცია)

სტიპენდია მოიცავს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1000 ევროს, დოქტორანტებისათვის 1500 ევროს, ხოლო მკვლევარებისთვის 1800 ევროს ყოველთვიურად, ასევე საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას.

 

კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 

სამივლინებო ავტომობილი 37 457 ლარად

სამინისტრომ ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“ 7 ნოემბერს დადო, რომლის მიხედვით 2014 წლის 15 დეკემბრამდე კომპანიამ საქართველოს მთავრობის №121 დადგენილებით განსაზღვრული მე-2 კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილი უნდა მიაწოდოს. მოთხოვნაა ავტომანქანა იყოს შავი და არაექსპლუტაციაში მყოფი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის განმავლობაში სამინისტროს ახალი ავტომობილი ეყოლება.

რისთვის სჭირდება ეს ავტომობილი სამინისტროს? – მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების მივლინებისთვის:

„სამინისტროში შექმნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ჯგუფი შვიდი ადამიანისგან. ჩვენი სამშენებლო ობიექტები მდებარეობს მაღალ მთაში. ხშირად გვიწევს მივლინება. გვყავს მაღალი გამავლობის ერთი მანქანა, მაგრამ ის შვიდი ადამიანისთვის არ არის საკმარისი. ამიერიდან კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი ნებისმიერ მშენებლობაზე დაბრკოლების გარეშე მივა“ – ამბობს ვლადიმერ  მგალობლიშვილი.

მისივე განმარტებით აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამჟამად ხუთი მსუბუქი ავტომობილი ემსახურება. ოთხი მინისტრის მოადგილეებისათვის, ერთი კი – მინისტრისთვის.

„გვყავს ასევე ერთი ამორტიზებული მანქანა, რომელიც არის მორიგე მანქანა, მისი შენახვა ძვირი გვიჯდება. ეს არის 2007 წელ შეძენილი ნივა. პრაქტიკულად გაფუჭებულია და მისი გადაადგილება ხდება მხოლოდ ქალაქის ფარგლებში. ქალაქის გარეთ კი სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრის  მოადგილეების მანქანები მიყავთ“ – დასძენს მინისტრის მოადგილე.

მაღალმთიანი აჭარა ზამთრის მოლოდინში

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში შემავალი სოფელი დანისპარაული მთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია. ბოლო დღეებში თოვლის საფარმა აქ ერთ მეტრს გადააჭარბა. სოფლის მკვიდრი გელა პაპიძე ამბობს, რომ პირველივე გათოვებისას, სამი დღის განმავლობაში სოფელი გარესამყაროს მოსწყდა.

 

„მეხუთე დღეა შუქი არ არის სოფელში, გზა სამი დღის შემდეგ გაიწმინდა, მაგრამ ისიც მხოლოდ ცენტრალური სასოფლო გზა, საუბნო გზები არ გაწმენდილა, რთული ვითარება შეიქმნა“, – ამბობს გელა პაპიძე.

 

იმავე თემის სოფელ ბოძაურის მკვიდრი ბიჭიკო შანთაძე ამბობს, რომ მათ სოფელში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს. „გზა არ ჩაკეტილა, გაწმინდეს, მაგრამ გზა მოყინულია და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან, ორი დღის განმავლობაში ჩვენც უშუქოდ ვიყავით“, – ამბობს ბიჭიკო.

 

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოკვეთილა.

 

„თემის ცენტრებამდე გზა არც ერთი მიმართულებით არ ჩაკეტილა, რაც შეეხება შიდა სასოფლო და საუბნო გზებს, ეტაპობრივად იწმინდებოდა. აქცენტი ცენტრალური საავტომობილო გზებიდან შორს მდებარე სოფლებზე ავიღეთ, საგზაო დეპარტამენტის 11 ერთეულ ტექნიკასთან ერთად „იბერია-ჯ“ და „ზიმო-7“ მუშაობდა, იმ დღესვე გადმოვიყვანეთ გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ავტომობილები. პრობლემა მხოლოდ ელექტრომომარაგებაში შეიქმნა, რადგან სტიქიამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დააზიანა. სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები საწვავითა და შეშით მომარაგებულია. ორშაბათს სკოლებში სწრებადობა ნაკლები იყო, რვა ბაღიდან ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სამი მუშაობდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებმა ბავშვები არ მიიყვანეს“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

 

ხულოს გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის მზად არის.

 

„ენერგოკომპანიას გეგმით გამრიცხველიანება ჰქონდა გათვალისწინებული, ყურადღება ბოძების განახლებას ვერ მიექცა. ნაწილი შეიცვალა, თუმცა სრულიად ვერ იქნა პრობლემა აღმოფხვრილი. თუ ორი მეტრი თოვლი ეტაპობრივად მოვა, ჩვენ მზად ვართ არც ერთი მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას; მაგრამ როცა 24 საათის განმავლობაში დიდი თოვლი მოდის, რა თქმა უნდა, რიგ პრობლემას ქმნის. თუ ნალექი ეტაპობრივად მოვა, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე. მისი თქმით, წელს მომზადებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტიც.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის განცხადებით, მთავარი პრობლემა ქედაშიც ელექტროენერგიის მიწოდებაში შეიქმნა.

 

„აღმოჩნდა, რომ ენერგოკომპანია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ზამთრისთვის. იმ სოფლებში, სადაც გამრიცხველიანება დასრულდა, ბევრი ელექტრობოძია შესაცვლელი, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე მოკლე ჩართვამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით პარალიზება გამოიწვია. ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ადრეც გვქონდა. მათგან იყო დაპირება, რომ 2015-2016 წლის ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადებოდენ, რასაც, ჯერჯერობით, თავი ვერ გაართვეს; ორი დღის განმავლობაში მოსახლეობამ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად სერიოზული შრომა ჩადო პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, შემდეგ გათოვებაზე ეს პრობლემა აღარ იქნება.

 

რაც შეეხება გზებს, მეწყრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა და გზები ჩაიკეტა. თოვლისა და მეწყრისგან პირველ ეტაპზე ის სოფლები გავწმინდეთ, სადაც ალტერნატიული გზა არ იყო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურებს გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნია. ისეთი მაღალი ზონის სოფლები, როგორიცაა ხარაულა, დანდალო, მეძიბნა და ნამონასტრევი, გზა ოთხშაბათს გაწმენდილი იყო“.

 

დავით დუმბაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის მზადაა. ის აქვე აღნიშნავს, რომ წელს გამგეობა სამი ერთეული ტექნიკის შეძენას გეგმავს. „მუნიციპალიტეტს ბალანსზე `ბელარუსის~ ტიპის ექვსი და მუხლუხებიანი ცხრა ტრაქტორი აქვს. მართალია, ტექნიკა მოძველებულია, მაგრამ მუშა მდგომარეობაშია, სამი მექანიზატორი ჰყავს „ამხანაგობას“. ვფიქრობთ, წელს, დამატებით სამ ერთეულ ტექნიკას შევიძენთ, მათ შორის თოვლმწმენდ „როტორს“. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გადაწყდება ეს საკითხი“, – აცხადებს ქედის გამგებელი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე აბობს, რომ ნადრევად მოსული თოვლი მათთვის ერთგვარი გამოცდა იყო, ტესტში კი ყველაზე ცუდი შედეგი ენერგოკომპანიამ უჩვენა. „უხუცეს ადამიანებსაც კი არ ახსოვთ ნოემბერში ამ ოდენობის თოვლი. გამოდარებისთანავე ჩვენ ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ, როგორც გზების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიმართულებით. ნაადრევად მოსულმა თოვლმა ძირითადი პრობლემა ელექტროენერგიის მიწოდებაში გამოკვეთა. მოძველებული ბოძები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული არ შეცვლილა. კომპანიის წინაშე დავაყენეთ საკითხი და უახლოეს დღეებში შემოიზიდება ახალი ბოძები, მოსახლეობა ჩაერთვება სამუშაო პროცესში და ძველს ახალი ჩაენაცვლება. ყველა თემში გვაქვს ტრაქტორები. თოვლის დროს მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკას, ეს იქნება „ამხანაგობის“ კუთვნილი თუ კერძო მესაკუთრის, შეძლებისდაგვარად ვიყენებთ. ახალი ტექნიკა გვჭირდება, საგზაო დეპარტამენტში ავტოპარკინგი უნდა განახლდეს“, – ამბობს შუახევის გამგებელი.

 

კითხვაზე თუ რამდენად მომზადებული ხვდება შუახევის მუნიციპალიტეტი ზამთარს, ტარიელ ებრალიძე ასე პასუხობს: „ზამთარი ჯერ ძალაში არ შესულა. ჩვენ, მთის შვილები, შეჩვეულები ვართ ბუნების საჩუქარს. რაც შეეხება ტექნიკას, ტექნიკის შეძენის აუცილებლობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. შეჯერებული ვართ, როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე საგზაო დეპარტამენტთან, რომ ტექნიკა შევიძინოთ, ანუ მოძველებულ ტექნიკას ახალი ჩავანაცვლოთ, შესაბამისად, მომზადებული შევხვდეთ ზამთარს“.

 

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გენო სურმავა ამბობს, რომ ენერგოკომპანია არსებული პრობლემები სტიქიამ განაპირობა. „ენერგოკომპანია ზამთრისთვის მომზადებულია, სისტემა გამართულია და ყველაფერი გაკეთებული, მომზადებული რომ არ ვყოფილიყავით ასე უცებ ყველაფერს ვერ გავაკეთებდით. რაც გასაკეთებელი იყო ზაფხულში გავაკეთეთ, თუმცა სტიქიამ დაანგრია, ასეთი თოვლი ამ დროს არავის ახსოვს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაზიანებული ადგილები გაგვეკეთებინა და შუქის მიწოდება აღგვედგინა.  მოსახლეობამ არ იცის მოძველებულია თუ არა ელექტრო ბოძები, თუ არ იქნება უსაშველო სტიქია, ყველაფერი კარგად იქნება, ელექტრო ბოძები შემოტანილია, გზა არ არის გაწმენდილი, თოვლმა ჩახერგა გზა და დაზიანების ადგილზე ვერ მივდივართ რომ ჩავანაცვლოთ. ყველა ბოძი ერთად ვერ გამოიცვლება, დამტკიცებული გეგმით ვმუშაობთ“ – ამბობს გენო სურმავა.

 

გაამართლებს თუ არა ენერგოკომპანიის დამტკიცებული გეგმით მუშაობა და ექნება თუ არა ელექტროენერგია ზამთარში მაღალმთიან აჭარას, ამას კარს მომდგარი ზამთარი აჩვენებს. ამინდის სააგენტოების მონაცემების მიხედვით კი, ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი აჭარაში მზიანი იქნება, თოვლს კი დეკემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ.  

 

ვის ეხება გაზიფიცირების ახალი ტარიფი

 

დავით ლეკვიშვილი
დავით ლეკვიშვილი

ბატონო დავით, ბუნებრივი აირის ბინაში შეყვანა 200 ლარით გაიაფდა. ვის ეხება ეს  ცვლილება?

 

დიახ, ხუთი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები და ერთი წერტილის მოწყობა 600-ის ნაცვლად 400 ლარია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები. პირველ რიგში ის, რომ მომხმარებელს ტარიფი ერთი წერტილის ასე ვთქვათ, მოხმარების ზღვარით, ანუ საათში გაზის ხარჯის მიხედვით განესაზღვრა. უფრო ზუსტად, მაქსიმალური ხარჯი უნდა იყოს ექვსი კუბ.მ/სთ-ში (შეიძლება ეს ერთი წერტილი იყოს გაზქურა, შესაძლებელია გამათბობელი და ასე შემდეგ). მოქალაქე ამ პირობით შეძლებს დანადგარამდე სრულ გაზიფიცირებას 400 ლარით. ანუ მას ამ 400 ლარში ერთი წერტილის არჩევის უფლება აქვს. მოქალაქეს შეუძლია დაამატოს წერტილები, თუმცა ამ დამატებით წერტილებზე ის დამატებით იხდის თანხას. ჩვენ ვალდებული ვართ დანადგარამდე გარკვეული სტანდარტებით მივიყვანოთ ბუნებრივი აირი, რომელიც მიგვყავს ლითონის მილით, ვამონტაჟებთ მრიცხველსაც. ფაქტობრივად, შესაძლებელია ჩვენი დანახარჯი გაცილებით მეტს შეადგენდეს, ვიდრე 400 ლარია, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებაა და უნდა შევასრულოთ. მოქალაქეს კი შეუძლია საფასური ნაწილობრივ გადაიხადოს ან ერთჯერადად. ზოგადად, ეს ცვლილება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაზეა გათვლილი. 

 

ანუ კომპანიისთვის ეს პროცესი არ არის მომგებიანი?

 

მოკლევადიან პერსპექტივაში სამუშაოს ღირებულება თვითღირებულებაზე გაცილებით მეტია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე. ხშირად გაცილებით მეტი ჯდება მასალები, აღრიცხვის კვანძი, სამუშაო რესურსი და სხვა დეტალები, რომლსაც შევიძენთ, თანაც საქართველოში არც ერთი ეს დეტალი არ იწარმოება. ფასებიც ცვალებადია და ჩვენი სტატისტიკითაც გაცილებით მეტი ჯდება, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს ჩვენი ვალდებულებაა.

 

მოქალაქეებთან აფორმებთ თუ არა ხელშეკრულებებს?

 

წესებთან ერთად შემუშავდა და დადგინდა რა ფორმით უნდა მოგვმართოს მოქალაქემ. ერთ წერტილზე განაცხადით მომართვის გარდა არანაირი ხელშეკრულება არ ფორმდება, რადგან ტარიფი განსაზღვრულია. ხელშეკრულება ფორმდება იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც სურთ ერთ წერტილზე მეტი დანადგარების მოწყობა, ანუ ხელშეკრულება ფორმდება დამატებითი წერტილების მოწყობის შემთხვევაში. 

 

თქვენ აღნიშნიშნეთ, რომ ახალი რეგულაცია 5 ნოემბრიდან ამოქმედდა, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს, მაგალითად, განცხადება აქვს დაწერილი 5 ნოემბრამდე, ძველი ტარიფით სარგებლობს თუ ახალი ტარიფით?

 

მოქმედებს ახალი ტარიფი, მაგრამ მოქალაქემ დამატებით უნდა მოგვმართოს. ამ დღეებში მოქალაქეებმა მოგვმართეს და ითხოვეს ახალი რეგულაციით სარგებლობა. ზოგმა ძველი ტარიფით სარგებლობა არჩია, რადგან განისაზღვრა ახალი ვადებიც. ძველი რეგულაციებით ერთი თვეში ვართ ვალდებული მოვახდინოთ გაზიფიცირება, ახალი რეგულაციით კი 40 სამუშაო, ანუ 60 კალენდარულ დღეში.

 

ახალი რეგულაცია გაზის ფასს ხომ არ გაზრდის?

 

ვერ გეტყვით, რომ იზრდება ან მცირდება ტარიფი, წლის ბოლოა, რაღაც კორექტივები შესაძლოა მოხდეს. ჯერ ვერ დავადასტურებ ამის შესახებ ინფორმაციას.

სასწავლო ცენტრი ექიმებისთვის

 

სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრში ტრენინგებს ჩაატარებენ გამოცდილი ქართველი და მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რაც განაპირობებს აჭარის სამედიცინო პერსონალის მუდმივ წვდომას მსოფლიო მედიცინის უახლეს და თანამედროვე მიღწევებზე.

სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი სწავლების  თეორიული ლექცია–სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის პრაქტიკულ უნარჩვევებზე დაფუძნებულ სწავლებას.

სასწავლო ცენტრი განთავსებულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.  

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

 

ჩატარდება კონსულტაციები თავის, წელისა და კისრის მიდამოების, სახსრების დაავადებების გამოკვლევის მიზნით (ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, შაკიკი, პერიართრიტი, დისკოზი, ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია). კონსულტაციებს ჩაატარებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შალვა გაბადაძე. 
მისამართი:  ბათუმი. ტაბიძის ქ.N2 

აქცია ბათუმში: “სიკეთის ჯაჭვი” [ვიდეო]

 

 

ორგანიზატორების  თქმით, აქციის მიზანია ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფემიციდის შემთხვევების დაგმობა. 

 

 

 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვა

 

ანზორ თხილაიშვილი

 

ანზორ თხილაიშვილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. 

ის აცხადებს, რომ   “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებაში ევროატლანტიკურ კურსის საფრთხესთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ დაინახა.

Fifi: ღამეებს ვათევდი კერვისას

 

 

 ფიფი, რა იქნება აქტუალური 2014-2015 წლის შემოდგომა-ზამთარში?

 

 შემოდგომის მოდა იქნება დახვეწილი და ელეგანტური. ყველა მოირგებს წლევანდელ ტენდენციას. რადგან სწორედ ფართო მასაზეა გათვლილი. შემოდგომის ქალი არის თავისუფალი, მუქ ტონალობებში გადაწყვეტილი. აქტუალურია ე.წ. ტომარას სტილის ტანსაცმელი, რომლის მთავარი აქცენტი უცნაურ კონსტრუქციაზეა გადატანილი, ფრთები, ჯიბებები, მხრები. თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი, ყვითელი – ეს ის ფერებია, რომლებზეც წელს მოთხოვნა. კაბები ფრანგულ სტილშია, მუხლამდე. თავისუფალი სამოსის გამო აქცენტია გაკეთებული აქსესუარებზე, დიდი, ბრჭყვიალა გულსაკიდები, რომლებიც საოცარ ეფექტს აძლევს სამოსს. მოდურია ბისერები, მაქმანები და თვლები, რომლებიც ხელით მაგრდება სამოსზე. ასევე, ბეწვი და ტყავი ერთად არის აქტუალური. ფეხსაცმელი არის “ბათინკის” სტილის, უხეში, დიდი ქუსლით, მეტალიზებულია. ჩანთები არის პატარა, კლაჩის ფორმის, ნაჭრის ორნამენტებით გაწყობილი. ჩემი შემოდგომის ქალი დახვეწილია, ელეგანტური და სადა. მთავარი აქცენტი მაქვს შემოდგომის ფერებზე. ფანტასტიკური ფილმებიდან მოდის ინსპირაცია.
მამაკაცი უფრო კლასიკურია. ფერები არეულ-დარეულია, მთლიანობაში ჭრელი. შარვალი არის მოტმასნილი კოჭამდე, რომელსაც იცვამენ ჩაჩაჩულ წინდებთან და ტრაქტორის ძირზე, ოდნავ წაწვეტებული ცხვირის მქონე ფეხსაცმელთან იმისთვის, რომ შიშველი კანი გამოჩნდეს. ქურთუკები არის კაპიშონით, მამაკაცის სამოსის კონსტრუქცია ერთ დონეზე რჩება, 1990 წლიდან მამაკაცის პიჯაკის კონსტრუქცია არ შეცვლილა.

 

 FIFI, როგორ დაიწყო შენი კარიერა?

 

 წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში დავიბადე და გავიზარდე, დედაჩემის დამსახურებაა ყველაფერი ის, რაც მე შევძელი, სწორედ მან აღმომიჩინა ხატვის ნიჭი. რაიონში არის სამხატვრო სკოლა, სადაც მატარებდა, ამისთვის სამსახური მიატოვა, რადგან იმ პერიოდში ავტობუსები არ იყო და ვერ ახერხებდა პარალელურად ვეტარებინე ამ სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ვხედავდი, რომ ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩემთვის სწავლის საფასური გადაეხადა, ამიტომაც ვეღარ ვოცნებობდი სამხატვრო აკადემიაში სწავლაზე. ნაცნობმა მითხრა, რომ თბილისში მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი არსებობდა, სადაც შემეძლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში უფასოდ მესწავლა. ჩემით მოვიძიე ინფორმაცია, გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა, ოჯახის წევრებისთვის არც გამიმხელია ისე წავედი თბილისში, სადაც იქამდე ნამყოფი არ ვყოფილვარ, ძლივს მივაგენი სასწავლებელს, მეტროთი გადასვლა არ ვიცოდი, არც მარშუტების მიმართულება და სულ ფეხით ვიარე, მაგრამ მაინც მივედი. 16 წლის ვიყავი, ჩემი მოდელების ფოტოები ვაჩვენე, მე ყოველთვის ვკერავდი ტანსაცმელს. მოეწონათ და უფასოდ მომცეს სწავლის საშუალება.

 

 როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება თბილისში?

 

 ჩემს მშობლებს მხოლოდ ბინის ქირას ვთხოვდი, მაგრამ ესეც არ ჰქონდათ, ამიტომაც ცუდი პერიოდის გამოვლა დამჭირდა, ჩემი ბარგი-ბარხანით, ორი დღე ქუჩაში ვრჩებოდი, სიცივეში სკამზე მეძინა. ლესელიძეზე, კიბის ქვეშ ვნახე ერთი ოთახი, საშინელი პირობები. ფიროსმანი რომ ცხოვრობდა, ისე ვცხოვრობდი ზუსტად, ამ ოთახში 80 ლარს ვიხდიდი. სასწავლებელში საკერავ მანქანებზე მუშაობის ნებას მაძლევდნენ, პირველი კაბა შევუკერე მონიკა ქარდავას, ამ კაბამ განსაზღვრა მერე ჩემი მომავალი, რადგან ბევრი დაინტერესდა, შეკვეთები მივიღე. სასწავლებელში ღამეებს ვათენებდი კერვისას, ფული არ მქონდა, რომ საკერავი მანქანა მეყიდა. რამდენიმე თვეში შევაგროვე ფული და ვიყიდე საკერავი მანქანა.

 

 ამ რთულ პირობებში როგორ მოახერხე რამდენიმე წელში ატელიეს გახსნა?

 

 ჩემი მიზანი მეხმარებოდა, სულ ვიცოდი, რომ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. ვიცი, რომ უფრო მეტი გამომივა, ყველა რესურსი მაქვს, რომ ვიყო წარმატებული, მთავარი შრომაა. იმ მძიმე პირობებიდან გამოვედი, ახლა ვარ ძალიან მხიარული, კლიენტი დადებითი ენერგიით უნდა დავმუხტო, რომ მას ჩემთან მოსვლა მეორეჯერაც მოუნდეს. ხშირად მეუბნებიან, რომ კარგი აურა მაქვს, მეგობრული ვარ. მარჯანიშვილზე მაქვს ატელიე, მყავს მოსწავლეები, კლიენტები, მქონდა ოთხი ჩვენება. ახლა ვემზადები “ბინექსისთვის”, რომელიც ქობულეთში, ჭყონიას სასტუმროში ტარდება. თბილისის “fashion week”-ზე მინდა წელს გასვლა.

 

კონკურსზე რა კოლექციის წარდგენას გეგმავ?

 

 ამ კონკურსზე ყველაფერს აკვირდებიან, ნაჭრის ფაქტურა, ქსოვილები, ტექნოლოგია, კონსტრუირება, იდეა, ყველაფერი მნიშვნელოვანია. კონკურსზე წარვადგენ ხუთ კოსტიუმს, მომწონს პრეტაპორტე, ამავდროულად მომწონს ხელით გაკეთებული სამოსი, რომელიც არის ექსკლუზიური, ამიტომაც ვამჯობინებ, რომ ხელით შეკერილი სამოსი წარვადგინო კონკურსზე.

 

როგორც ვიცი, მამაკაცისა და ქალის ხაზზე მუშაობ…

 

 ბავშვებისთვისაც ვკერავ. ჩემი სტილი არის ქუჩისთვის განკუთვნილი, ყოველდღიური სტილია, მაგრამ მასში ჭარბობს დახვეწილი ელემენტები, მიყვარს სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, ფერები. თეთრი, შავი და წითელი ფერი მომწონს განსაკუთრებით. თბილისში ზაფხულში მოსწონთ ჭრელი ფერები, ზამთარში უფრო მუქი. ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილს, მსოფლიო ტენდენციასა და ჩემს ხედვას.

 


 თუ არის განხილვის თემა შენი ჩაცმულობა?

 

 საშინელი რეაქცია აქვს ხალხს, ქუჩაში მაძახებენ, მაგინებენ კიდეც. მე მოვდივარ ერთხელ, ნიახური ხომ არ ვარ ორჯერ მოვიდე. მე მაქვს ჩემი სტილი, ჩემი საქმე, სხვის შეხედულებას არ ვაქცევ ყურადღებას, რომ მლანძღავენ ეს რა გაცვიაო, ვდგავარ და ვიცინი.

 

 ვინ არის შენი ფავორიტი დიზაინერი?

 

 ვგიჟდები ალექსანდრე მაქქვინზე, მომწონს ქრისტიან დიორიც, რომელსაც აქვს ელეგანტური, ფუშფუშა სამოსი. მეც ვცდილობ ჩემი ქალი იყოს ელეგანტური. მთავარი ის არის, რომ სრულყოფილი იყოს ნამუშევარი, ქართველი დიზაინერების უმეტესობა ტექნიკურად კარგად არ ამუშავებს სამოსს, კარგად არ კერავს. ჩემთვის მთავარია, რომ კარგად შევკერო ის, რასაც ვკერავ. ქსოვილები კი შეიძლება ლილოშიც ვიყიდო, მე ამის აღიარების არ მრცხვენია.

 

 როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების მიზეზი?

 

 

 მაქვს სერვისი, რომელიც არავის არ აქვს, სახლშიც კი ვემსახურები კლიენტს, რაშიც ფეხის ქირას არ ვღებულობ. ჩემი სამოსი ყველასთვის მისაწვდომია, 2000-3000 ლარს არავის ვახდევინებ სამოსში, მირჩევნია ჩემი ტანსაცმელი ბევრს ეცვას, ვიდრე ორ-სამს, ამიტომაც ვარ გაყიდვადი.

 

 სად შეიძლება შენი ტანსაცმლის შეძენა?

 

 მაღაზიის გახსნა მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ, ჩემი ნამუშევრების ნახვა შეიძლება “Comode”-ში, რომელიც მდებარეობს ბარნოვის 44-ში, ბათუმშიც ქართველი დიზაინერების მაღაზიაში გაიყიდა ჩემი კოსტიუმები, ბათუმელი კლიენტებიც მყავს, ამ ზაფხულს “Bazaar Bar”-ში მქონდა ჩვენება.

 


რა გეგმები გაქვს?

 

 ძალიან მინდა ლონდონში “სენ მარტინის” სასწავლებელში სწავლა, 3000 ფუნტია სწავლის საფასური, ამდენი თანხა არ მაქვს, რომ წავიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ აუცილებად ვისწავლი, მთელი ცხოვრება მუშაობაც რომ დამჭირდეს ამისთვის. ანაბარი უკვე მაქვს.

 

 

 

 

ავტომანქანის, შოკოლადისა და ბავშვის ეტლის ქურდების საქმე

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

პატიმრის ადვოკატი, რამინ პაპიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ოჯახის მთავარი მოთხოვნაა პროკურატურამ და სასამართლომ სამართლიანად გამოიძიოს დაკავებული 36 წლის გიორგი პ. სისხლის სამართლის საქმე.

 

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი და კიდევ ორი პირი (აქედან ერთი არასრუწლოვანია) პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა.

 

ბრალდების მიხედვით, დაკავებულებმა სოფელ თხილნარში დუმბაძების საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს  მსუბუქი ავტომანქანა, სარეცხი საშუალებები, შოკოლადი, ბავშვის ეტლი… საერთო ჯამში მოპარული ქონება თითქმის შვიდი ათას დოლარად არის შეფასებული.

 

დაკავებულთაგან ორ ბრალდებულს პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო შეთნხმება გაუფორმა და პატიმრობიდან გაათავისუფლა, მესამეს, ანუ გიორგის კ-ს ოთხი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ის თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს. 

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში. იუსტიციის სახლთან შეკრებილები პროკურორ დავით ხარძეიშვილს საქმის სამართლიანად გამოძიებას სთხოვენ. 

 

მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი ბათუმში

 

პიესის ავტორია ესპანელი მწერალი და დრამატურგი ჟორდი გალსერანი, რეჟისორი – თემურ ჩხეიძე, მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი
რეჟისორის ასისტენტი – ნინო ჟორჟოლიანი. 

მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე; ნიკოლოზ თავაძე; აპოლონ კუბლაშვილი; ალეკო მახარობლიშვილი. 

 

გასტროლი  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება. 

 

ბილეთები იყიდება ბათუმის დრამატული თეატრის სალაროში. ბილეთის ფასი: 5, 7, 10, 12 ლარი

 

საზღვაო ჰოსპიტალში დაგეგმილი კონსულტაციები

 

15–16 ნოემბერი–ფიბროსკანით გამოკვლევა (ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევა)

14–21 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ფასდაკლებების პაკეტი

29 ნოემბერი– პედიატრი ქეთი ნემსაძე.

29 ნოემბერი – გოჩა ჩუტკერაშვილი, ნეიროქირურგის უფასო კონსულტაციები–უფასო!

13–14 დეკემბერი ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი. 

13–14 დეკემბერი, ფიბროსკანით გამოკვლევა (ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევა)

20 დეკემბერი–ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მაია რეხვიაშვილი.

 

მის: ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ

ტელ: 0422 27 25 88

 

 

176 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება

 

 სოზარ სუბარმა შეხვედრის მონაწილეებს უწყების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სიახლეები გააცნო და მათი რეკომენდაციები მოისმინა.  კერძოდ, ცვლილებები შევიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმებში.

 
 
ცვლილებების შედეგად, მანამდე არსებული დაზარალების 4 კატეგორია შეიცვალა და 2 კატეგორიად ჩამოყალიბდა.  პირველი კატეგორია  მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა)  და არ ექვემდებარება აღდგენას. 
 
 
მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა),   საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.
 
 
 
შესაბამისად,  ცვლილებები შევიდა სოციალური კრიტერიუმების პაკეტშიც. პირველ კატეგორიისათვის, 5 ქულის ნაცვლად, განისაზღვრა 10 ქულა. მეორე კატეგორია 4-ის მაგივრად 7 ქულას მიიღებს. 
 
 
 
სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, შესაძლებლობა ეძლევათ, 20 000 ლარის ფარგლებში,  საცხოვრებელი სახლი თავიანთი სურვილის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ.
 
 
მთავრობის ცნობით,  2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 90-მდე  ოჯახს განასახლებს, რაც 3-ჯერ აღემატება სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განსახლებული ოჯახების რაოდენობას.
 
 
სამინისტროს უნდა მიმართონ იმ ოჯახებმა, რომლებიც დაზარალდნენ და გადაადგილებას ექვემდებარებიან შემდეგი სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე: მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
 
 

ცოცხლად დამწვარი გოგოები

 

სუადს ერთი ძმა და ოთხი და ჰყავს. წესით, ცხრა და უნდა ჰყავდეს. გაინტერესებთ, დანარჩენი ხუთი და სად წავიდა? ისინი სუადის დედ-მამამ დაახრჩო, იმიტომ, რომ გოგოები იყვნენ, სუადის თანასოფლელი მამაკაცები კი „არჩევანის წინაშე რომ დააყენო, ძროხა თუ გოგოო, ძროხას აირჩევენ, იმიტომ, რომ ძროხა რძეს და ხორცს იძლევა, გოგო კი არაფერს“. გოგო მხოლოდ მუშახელია, რომელიც, თუ ოჯახში ისედაც საკმარისი მუშახელი ჰყავთ, ზედმეტ მჭამელ პირად შეიძლება იქცეს. ამიტომ, მას ცხვრის ტყავში გადაახვევენ გაჩენისთანავე და გუდავენ. ამას მკვლელობას არავინ ეძახის. ეს ყოველდღიურობაა. იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ სუადის და, ნურა, ამბობს, მეც ასე მოვიქცევი, გოგო თუ გამიჩნდაო.

 

ახლა ჰანანის, სუადის  დის ამბავიც მოვყვეთ. ლამაზი, შავთვალწარბა, სიცოცხლით სავსე ჰანანის ამბავი, რომელიც იყო და მერე უცებ ერთ დღეს აღარ იყო, იმიტომ, რომ სუადის ძმამ ტელეფონის შნურით მიახრჩო. მიზეზი, ალბათ, გაინტერესებთ. ჰანანი ტელეფონზე ბიჭს ესაუბრებოდა! ამიტომაც,  ოჯახი შეთანხმდა, რომ ჰანანი ძმის ხელით უნდა მოკვდეს. საღამოს ყველა სტუმრად წავიდა და ლამაზი, შავთვალწარბა ჰანანი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, მოკვდა.

 

სუადს ბიჭი შეუყვარდა. განა რამე დააშავა, უბრალოდ ბიჭი შეუყვარდა. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სუადი სიძის ხელით უნდა მოკვდეს. იმიტომ, რომ გოგოა. იმიტომ, რომ მისგან სარგებელი არაა. იმიტომ, რომ ოჯახი შეარცხვინა. ამიტომ სიძემ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

 

სუადი სოფელში შემთხვევით გამოვლილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაარჩინა. მერე ეს გოგო ევროპაში წავიდა, დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება და „ცოცხლად დამწვარი~ დაწერა. წიგნი ქალების კვლაზე. წიგნი ქვეყანაზე, სადაც ფემიციდი ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ცხვრების მწყემსვა, როგორც ლეღვის კრეფა, როგორც ჭამა და ძილი. წიგნი კაცებზე, რომლებსაც ქალები ეზიზღებათ და ქალებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი კაცები არ გააბრაზონ. რომ როგორმე ცოცხლები გადარჩნენ მრისხანე ქვეყანაში. აქ გოგონების ცხოვრებაში საერთოდ არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ მათი დღეები ძალიან ჰგავს კომპიუტერულ თამაშს, სადაც მთავარი ამოცანაა, მოქნეულ მუშტებს, გამოქანებულ ბენზინის ჭურჭელს, დანას და ტელეფონის შნურებს დაუძვრე, რომ მერე ახალი დღე გათენდეს და ისევ იგივე განმეორდეს.

 

ყოველთვის ასე არ იქნებოდა ეს ამბავი. ალბათ ჯერ ერთი ჩვილი გოგო გაგუდეს ცხვრის ტყავით და ხმა არავინ ამოიღო – ოჯახის საქმეში არ ჩაერივნენ მეზობლები. მერე კიდევ ერთი „გზასაცდენილი“  გოგო შეაგდო მამამისმა ავტობუსის ქვეშ – არც ამაზე აღშფოთებულა დიდად არავინ – ოჯახის საქმე გარეთ არ უნდა გაირჩეს.  ოჯახის რეპუტაცია ყველაფერზე მაღლა დგას – დიდი ამბავი, თუ ერთი პატარა გოგო მთელი ცხოვრება იშუშებდა საზარელ დამწვრობებს.

460 უკანონო ნაგავსაყარი აჭარაში

 

უკანონო ნაგავსაყრების შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის ბათუმის მერიას და მუნიციპალიტეტების გამგეობებს გაეგზავნა. „ბათუმელები“ დაინტერესდა რას აპირებს ბათუმის მერია და ხუთი მუნიციპალიტეტის გამგეობა იმისათვის, რომ რეგიონში უკანონო ნაგავსაყრები მოწესრიგდეს.

 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური და შპს „სანდასუფთავება“ მუდმივ რეჟიმში უწევენ მონიტორინგს ქალაქის ტერიტორიის დანაგვიანებას. თუმცა, ის ფაქტი, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენებს ღამის საათებში ტოვებენ, ართულებს კანონდამრღვევის გამოვლენას.

 

„კერძო თუ იურიდიული პირების მხრიდან სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენების ქალაქის გარკვეულ ტერიტორიებზე დაყრამ გამოიწვია უკანონო ნაგავსაყრების გაჩენა. არაერთ გამოვლენილ ფაქტზე მოხდა რეაგირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა და 148-ე მუხლების შესაბამისად. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა. მიმდინარე წლის განმავლობაში შპს `სანდასუფთავებამ“ ქალაქის ტერიტორია არაერთი უკანონო ნაგავსაყარისგან გაათავისუფლა. სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენები გაიტანეს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგავსაყარიდან, გოროდოკში – ჭონქაძის ქუჩიდან, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიიდან. გარდა ამისა, ყოველდღიურად ხდება ხელოვნურად შექმნილი პატარა ნაგავსაყრების მონიტორინგი და დასუფთავება. მიუხედავად ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე მაინც რჩება უკანონო ნაგავსაყრები. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ გარემოს და თავი შეიკავონ ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენების დატოვებისგან,“ _ განუცხადეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

 

 

გარემოსდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 113 უკანონო ნაგავსაყარია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ანზორ ფერცელიძის თქმით კი, მუნიციპალიტეტში პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია.

 

„თითქმის მოწესრიგებულია და აღმოფხვრილია ეგ პრობლემა. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ძალისხმევა, რომ არც ერთ სოფელში არ იყოს უკანონო ნაგავსაყარი. მხედველობაში მივიღეთ გარემოს დაცვის სამმართველოს დადებული დასკვნა და იმ დღიდანვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. თუ რელიეფი გვაძლევს საშუალებას, ადგილზე ვმარხავთ. ბევრგან ადგილზე ამოვჭერით ორმოები, დავწვით და მერე მიწით გადავფარეთ. საიდანაც შეიძლებოდა გატანა გავიტანეთ,“ – ამბობს ანზორ ფერცელიძე.

 

ქობულეთში, სადაც 87 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული, პრობლემის მოგვარებას მომავალი წლისთვის გეგმავენ. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგვიცხადეს, ჯერ უნდა შედგეს სტრატეგიული გეგმა, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და შემდეგ დაიწყება სამუშაოები. პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი სახსრები 2015 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

 

ქედაში, სადაც 32 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული, ორშაბათიდან აპირებს მათ მოწესრიგებაზე ზრუნვას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქამდე საკითხის მოუგვარებლობას კი იმით ხსნის, რომ ცალკეულ სოფლებში მუნიციპალიტეტს რწმუნებულები არ ჰყავდა.

 

„ორშაბათიდან დანიშნული იქნება გამგებლის ყველა წარმომადგენელი, რომელთაც დაევალებათ აღნიშნული ნაგავსაყრების მოწესრიგება, სპეციალური ადგილის გამოყოფა. ორშაბათიდან ზედამხედველებთან ერთად რწმუნებულები მიხედავენ მაგ საქმეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გურამ ბერიძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული 25 უკანონო ნაგავსაყარი სოფლებშია განთავსებული. ნაგვის მანქანა კი მხოლოდ დიოკნისის თემსა და კურორტ ბეშუმს ემსახურება. 

 

„დანარჩენ სოფლებს ვერ გავწვდით. ნარჩენების ტრანსპორტირება მაღალმთიანი სოფლებიდან ჭირს. მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ ნაგვის დაყრით ისინი უკანონო ქმედებას ჩადიან. იქ, სადაც ნაგავსაყარი არ არის, დაუშვებელია ნაგვის დაყრა. რთული თემაა. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეში ან ერთ წელიწადში მოგვარდება, მაგრამ ვცდილობთ მაგისტრალურ ზოლში თემის ცენტრები მაინც ჩავრთოთ,“- ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.  

 

23 უკანონო ნაგავსაყარია შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

 

„ეს ნაგავსაყრები არის სოფლებში და არა დაბის ტერიტორიაზე. არაერთხელ ჩავატარეთ აქცია სოფლებში, გავაფრთხილეთ ხალხი, რომ აღარ მოეწყოთ ნაგავსაყრები. დავალაგეთ, ადგილზე დავწვით ნაგავი, მაგრამ ისევ მეორდება. თვითონ მოსახლეობა არ ერიდება,“ – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე.

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით სოფლებიდან ნაგვის გატანას ვერ ახერხებენ: „ვაპირებთ  ყველა სოფელში მოეწყოს ნაგავსაყარი. შევთავაზეთ სოფლებს, აერჩიათ ისეთი ადგილი, სადაც მოეწყობოდა ნაგავსაყარი და არ იქნებოდა სოფლისთვის საზიანო. მაგრამ მოსახლეობამ გააგრძელა ისევ უსისტემოდ დაყრა. არანაირად არ მოხერხდა, რომ შერჩეულ ადგილზე დაეყარა. ამჯერად ვაპირებთ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ აქცია სოფლებში და მკაცრად გავაფრთხილოთ – თუ ნაგავს დაყრიან, დაჯარიმდებიან“.

ევროსასამართლო:პოლიცია პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

ბიულეტეში სახალხო დამცველი საუბრობს ევროპული სასამართლოს  იმ გადაწყვეტილებაზე, სადაც საქართველოს სახელმწიფოს კონვენციის მუხლები დაუდგინდა;

2014 წლის 7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”  ერთხმად დაადგინა სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-9 (რელიგიის თავისუფლება) მუხლების დარღვევა, ცალკე და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებაში, მთლიანობაში 88 განმცხადებლის მიმართ. საქმე 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების ფართომაშტაბიან  დევნას ეხება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ შექმნა დაუსჯელობის კლიმატი, რამაც ქვეყნის მასშტაბით წაახალისა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ თავდასხმები. თორმეტი წლის წინ ევროპულ სასამართლოს იეჰოვას  99 მოწმემ სარჩელით მიმართა. საქმეში 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდია შესული, რომელთა ძირითადი ნაწილი ბასილ მკალავიშვილის ექსტრემისტულმა ჯგუფმა განახორციელა. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეებმა  დაახლოებით 160-მდე საჩივარი შეიტანეს ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმები განხორციელდა პოლიციის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით ან მათი ხელშეწყობით. აღნიშნულ  საჩივრებს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. სამ შემთხვევაში განმცხადებლებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს, თუმცა მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 32 განმცხადებლის შემთხვევაში  დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლებზე თავდასხმები რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ხდებოდა, რითაც იეჰოვას მოწმეებს მნიშვნელოვანი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგათ. ევროპული სასამართლოს შეფასებით, პოლიციამ არამხოლოდ ვერ შეასრულა პრევენციის ფუნქცია და აშკარა უმოქმედობა გამოავლინა, არამედ ის პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. საქმეში სასამართლომ დეტალურად შეაფასა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული ხარვეზები, როგორიცაა საჩივრის რეაგირების გარეშე დატოვება, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემა და გამოძიების ვადების გაჭიანურება.

 

სასამართლოს აზრით, სახელმწიფომ არ შეისწავლა ძალადობრივი დანაშაულებების შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები. აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოჩნდა სასამართლოსთვის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის საქმეებზე არაადეკვატური  და არაეფექტური გამოძიების პრაქტიკის და კონვენციით განსაზღვრული ვალდებულების სისტემური შეუსრულებლობის დასადგენად. ამავე დროს, საქმეში არსებული ინციდენტები სასამართლომ განიხილა, როგორც იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები მოტივირებული იყო იეჰოვას მოწმეების მიმართ    შეუწყნარებელი დამოკიდებულებით.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია, მიეღოთ საჭირო ზომები იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას, თითოეული განმცხადებლისთვის, რომელთა მიმართაც კონვენციის დარღვევა დადგინდა, 350 ევროს გადახდა დაეკისრა. ასევე, სახელმწიფომ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ განმცხადებლებს ჯამში 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. 

თოჯინების თეატრის რემონტზე 200 ათასი ლარი დაიხარჯება

 

თოჯინების თეატრის სარეკონსტრუქციოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 163 226,28 ლარია უკვე დახარჯა, თუმცა სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო, თეატრის შენობა ისევ გასარემონტებელია.

 

მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს “თექ-ევ ინშაათის” დირექტორს ჰალილ ექშის და კიდევ რამდენიმე პირს, რომელიც თოჯინების თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისების გამო ბრალი წაუყენა. ჰალილ ექში ამ დრომდე მიმალვაში იყო და მხოლოდ სამ ნოემბერს, აზერბაიჯანში საზღვრის კვეთის დროს დააკავეს.

 

 გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენებას ედავება თოჯინების თეატრის მმართველს, მედეა ჩარკვიანსაც. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 


ვიდეო “ბათუმელების” არქივიდან


№3 საპყრობილეში 6 პატიმარი შიმშილობს

 

გვაინტერესებდა მოშიმშილე პატიმრების რიცხვი ბათუმში შემცირდა თუ გაიზარდა. 
სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა, თაია მახარაშვილმა გვითხრა, რომ ამის გასაგებად სამინისტროს ისევ წერილობითი ფორმით უნდა მივმართოთ (ეს უწყება წერილობით პასუხს, როგორც წესი, ათ დღეში გვაწვდის).

 

2014 წლის 10 მაისიდან (საპყრობილე ბათუმში მაისში გაიხსნა) 2014 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებამ 535 პატიმარი მიიღო. ამავე პერიოდში 90 პატიმარი შიმშილობდა. 28 ოქტომბრის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში იმყოფება 171 პატიმარი. აქედან ექვსი შიმშილობს.
მაისიდან ოქტომბრამდე 35 პატიმარი იყო მოთავსებული სამარტოო საკანში, კარანტინში კი _ 452 პატიმარი იმყოფებოდა

 

 

„სიკეთის ჯაჭვი“ ძალადობის წინააღმდეგ

„აქტიური მოქალაქეების“ შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ორიენტირებულია არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობაზე, არამედ ზოგადად ძალადობის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ:

„კარგი იქნება თუ აქციაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მაგალითად, გვინდა რომ სპორტსმენებმა ერთი თამაში მიუძღვნან ქალთა მიმართ ძალადობას  და ა.შ  ამ ტიპის აქციებით საზოგადოებაში პოზიტივი გაძლიერდება  და მეტი ადამიანი დაფიქრდება“ – ამბობს თამარ ბაუჟაძე.

„სიკეთის ჯაჭვის“ შესახებ ორგანიზაციამ განცხადება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გააკეთა. შეხვედრას სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მეათე საჯარო სკოლის პედაგოგმა აქცენტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეც გააკეთა.

„დღეს  არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა ხდება ამ ქვეყანაში, ადამიანებზე ძალადობს სახელმწიფოც. მე პედაგოგი ვარ და მიმაჩნია რომ  დღეს ყველა პედაგოგი ძალადობის მსხვერპლია, რადგან მათი შრომა სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან“- განაცხადა მან.

სიკეთის ჯაჭვი 11 ნოემბერს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე გაკეთდება.  ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის სიმბოლო – თეთრი გულსაბნევები, აქციის ყველა მონაწილეს დაურიგდება.

ზღვისპირა პარკში საბავშვო ავტოდრომი იხსნება

„სამი წუთი სამი ლარი ეღირება. ავტოდრომზე სულ  შვიდი მანქანა გვყავს. ამდენივეს დამატებას კიდევ ვაპირებთ. მანქანები იტალიიდან არის ჩამოტანილი და საკმაოდ კარგი ხარისხისაა“- ამბობს საბავშვო ავტოდრომის ხელმძღვანელი მამუკა კონცელიძე.

მისივე ინფორმაციით, საბავშვო ავტომანქანები  ტექნიკურად შემოწმებულია შესაბამისი სამსახურების მიერ:  

„გვინდა, რომ თითოეული მომხმარებელი იყოს სრულიად დაცული. სამომავლოდ,  მიმდებარე ტერიტორიების გაფართოებას ვაპირებთ“.  

ლიტერატურულ მარათონში გამარჯვებული მოსწავლეები

 

ტურში მონაწილეობდნენ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაცია გაიარა 2354 მოსწავლემ, პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 950 მოსწავლემ, ხოლო მეორეში – 45-მა.

ტური  ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. პირველ კატეგორიის მონაწილეები VII – IX კლასის მოსწავლეები იყვნენ, მეორე კატეგორიის მონაწილეები კი  X – XII კლასის მოსწავლეები. პირველ კატეგორიაში მონაწილეთა შორის გაიმარჯვა ხუთმა მოსწავლემ, ხოლო მეორე კატეგორიაში – ექვსმა კონკურსანტმა.

 

აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, VII – IX კლასელებს შორის გამარჯვებულები არიან:

 

პირველი ადგილი – ირმა კეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა.

 

მეორე ადგილი – ლედი მიქელაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის  საჯარო  სკოლა; ნია შაქარიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა, ცოტნე ქართველიშვილი, სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა და მარიამ შანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლა.

 

X – XII კლასელებს შორის გამარჯვებულები არიან:

 

პირველი ადგილი: ელენე ცეცხლაძე, ბათუმის #10 საჯარო სკოლის მოსწავლე;

 

მეორე ადგილი: მეგი თედორაძე, #18 საჯარო სკოლის მოსწავლე; ხატია ზუხუბაია,  #16 საჯარო სკოლის მოსწავლე; ნინო ბასილაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის  #2 საჯარო სკოლა; თამუნა ყურშუბაძე, ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა.

 

მესამე ადგილი: ლელა ყურშუბაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფ.ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა.

 

მარათონის მოსამზადებლად ექვსი თვის მანძილზე მუშაობდა სპეციალური კომისია: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნანა ტრაპაიძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა თავბერიძე, მწერალი და მთარგმნელი ბადრი თევზაძე, ელიტარული ინტელექტკლუბის „რა, სად, როდის?“ წევრი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მფლობელი ირაკლი ბაკურიძე.  

პირველად საქართველოში – ბათუმში 16 წლამდელთა მორაგბეების ტურნირი მიმდინარეობს

დღეს ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის „მერანი“ და თბილისის „წიქარა“. მერანის 16 წლამდელებმა ხუთი ქულით აჯობა „წიქარას“ და ანგარიშით 15:10 მოუგო.

მომდევნო შეხვედერები გაიმართება 13 და 14 ნოემბერს, 12 და 15 სააათზე. აჭრის ნაკრების  თამაშები 15 საათზე შედგება, დღეს კი ქუთაისის „აიას“ ეთამაშება.

მორაგბეთა კლუბ „ბათუმის“ ხელმძღვანელის რამაზ სანებლიძის თქმით, მსგავსი ტურნირი საქართველოში პირველად გაიმართა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რაგბში ჭაბუკთა ტურნირი არ ჩატარებულა. ეს არის პირველი მცდელობა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში გახდეს რაგბი უფრო მეტად პოპულარული“ – ამბობს რამაზ სანებლიძე.

გამარჯვებული გუნდი 14 ნოემებერს გამოვლინდება, რომელსაც სამახსოვრო თასი გადაეცემა. ტურნირის ბოლოს გამოლინდებიან საუკეთესო მოთამაშეები.

ოთხთა ტურნირი რაგბში აჭარის რაგბის კავშირის, ინიციატივით, ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით ტარდება. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის, სპორტის განყოფილების ხელმძღვანელის მინდია ქათამაძის თქმით, ტურნირისთვის 51 000 ლარია გამოყოფილი.

Exit mobile version