სამ საჯარო სამსახურში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 1 725 377 ლარი, სახელფასო დანამატის და პრემიის სახით გაიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხუთ თვეში 8650 ლარი მიიღო პრემიის სახით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ 15 000 ლარი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ – 11 750 ლარი. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა კი სამ თვეში 5 535 ლარი პრემია აიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში, მერიასა და უმაღლეს საბჭოში, მაღალი პრემიების გაცემის მანკიერი ტენდენცია გრძელდება.
როგორც ორგანიზაციის იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, ამ თანხების აღება მოხდა ბოლო ხუთ თვეში, ე.წ სახელფასო დანამატის სახით. „გარდა იმისა რომ ეს საჯარო მოხელეები იღებენ ხელფასს, აღმოჩნდა რომ ხუთივე თვეში, მათ პრემიის სახითაც მიიღეს ხელფასის ოდენობის თანხა. აჭარის მთავრობაში მიღებული აქვთ 358 44 ლარი პრემიის სახით, არჩილ ხაბაძემ კი ამ პერიოდში ორჯერ მიიღო პრემია, სულ 8 650 ლარი. უმაღლეს საბჭოში მიღებული აქვთ 333 158 ლარი. მერიაში კი მილიონ ლარზე მეტია გაცემული პრემიის სახით. 5 535 ლარი აიღო ერმაკოვმა სამ თვეში, მაშინ როცა მის წინამორბედს, ჯემალ ანანიძეს 2250 ლარი ჰქონდა აღებული “.
როგორც იურისტი აცხადებს, კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოება: „ უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიას არ იღებენ, თუმცა რეგლამენტით მათ მიეცემათ თანამდებობრივი სარგო, რომლის ოდენობა იგივეა რაც ხელფასი. მათ თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლადაც ეძლევათ თანხები, ასევე ავტომობილი, საწვავის და სატელეფონო ლიმიტი. თუმცა ისინი ამავდროულად იღებენ სახელფასო დანამატსაც, ხელფასის ოდენობით“.
უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 11 750 ლარი მიიღეს შემდეგმა დეპუტატებმა: ანზორ თხილაიშვილმა, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, თემურ კახიძემ, ირაკლი ჯაშმა, აკაკი ძნელაძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მასალკინმა, ჯემალ ფუტკარაძემ და სულხან ღლონტმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ არაერთხელ მისცა საჯარო უწყებებს რეკომენდაციები და მითითებები პრემიის გაცემის წესთან დაკავშირებით, „მიუხედავად ამისა, გარკვეული წლების განმავლობაში ეს მანკიერი პრაქტიკა არ შეცვლილა“.
საქართველოს მთავრობამ პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო 2014 წლის 26 ივნისს, თუმცა ამ დადგენილების გათვალისწინება არ ხდება, რადგან დადგენილება მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე ვრცელდება და ის არ ვრცელდება არც თვითმმართველ ერთეულებზე და არც აჭარის მთავრობაზე.
ანა ბერძენიშვილის განმარტებით, საჯარო სამსახურებში პრემია უნდა გაიცემოდეს ინდივიდუალურადა და არა ყველა თანამშრომელზე ერთდროულად და ერთნაირი ოდენობით. პრემიის გაცემა უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული საჯარო მოხელის მიერ შესრულებულ სამუშაოს. პრემიის გაცემა უნდა მოხდეს წელიწადში არა უმეტეს სამჯერ, პრემიის გაცემა არ უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტულ თარიღს, მაგალითად სამ ან რვა მარტს, რადგან ამ შემთხვევაშიც დარღვეულია გენდერული ბალანსი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში უნდა მოხდეს პრემიის გასაჯაროვება. ყველაზე მთავარი, კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება და დადგინდეს კონკრეტული კრიტერიუმები რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრემიის გაცემა.
ანა ბერძენიშვილის განცხადებით, რადგან საჯარო მოხელეებმა ხელფასიის ოდენობის თანხების აღება დაიწყეს ე.წ სახელფასო დანამატის მუხლით, ამ ნორმის კონტროლიც უნდა მოხდეს.