Batumelebi | მუსიკა როგორც პირადი დღიური მუსიკა როგორც პირადი დღიური – Batumelebi
RU | GE  

მუსიკა როგორც პირადი დღიური

 

მისი სიმღერები მელანქოლიურია, ბოლო სიმღერას კი სულაც მელანქოლია ჰქვია. მუსიკით 14 წლის ასაკში დაინტერესდა. წერდა თავისთვის, მანამ სანამ ერთ დღეს ნიკო ნერგაძემ არ მოისმინა და ურჩია სხვებისთვისაც გაეზიარებინა. „მუსიკა პირადი დღიურივით იყო ჩემთვის“ – ამბობს მუსიკოსი თინათინ შურღაია. თინათინი – სწორედ ამ სასცენო სახელით იცნობენ მას საქართველოში. 

თინათინ შურღაია

„სიმღერების წერა ძალიან ბანალურად დავიწყე, სევდიანი ვიყავი, სენტიმენტალურ განწყობაზე. მეგონა, რომ იმ მომენტში ვიღაც მომწონდა. სხვათა შორის, ქართული იყო პირველი მუსიკა, რომელიც დავწერე. ვწერდი ჩემთვის და იშვიათად ვანახებდი ვინმეს, დედას ან ოჯახის წევრს. მიმაჩნდა, რომ ეს დღიურებივით იყო. დღიურების წერა იმიტომ მეზარებოდა, რომ რაღაც ინტერაქტივი არ მქონდა დღიურებთან. სიმღერებთან  მქონდა. ნიკო ნერგაძემდე ჩემი მუსიკა არ გასულა ჩემი დიდი ოთახის ფარგლებს გარეთ.

ხშირად, როცა ფორტეპიანოსთან ვჯდები, ვიცი, რომ მაქვს რაღაც სათქმელი. ავიღებ აკორდს და ის მკარნახობს, სად უნდა წავიდე. როგორც წესი, სიმღერასა და ტექსტს სულ ერთად ვწერ.

საკმაოდ ქრონიკული დეპრესიები მაქვს ხოლმე, ტალღები დეპრესიების. ვიცი  მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ისეთი პრობლემებია, შეიძლება ჩემი პრობლემები სასაცილოდაც არ ეყოს სხვას, მაგრამ როცა დეპრესია მაქვს, იმ მომენტში ცუდ ხასიათზე მაყენებს, საოცარი რაღაცები მჭირს შიგნით.

ამავდროულად იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ეს რაღაცები მჭირს. ეს მაწერინებს მუსიკას, ეს ხასიათის ცვლილება, ეს დეპრესიულობა, ეს იმედგაცრუებები, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს ერთი კვირა, ორი ან ერთი დღე. იმდენ სათქმელს აგროვებს, რომ უნდა ვთქვა. ამიტომ ვამბობ, რომ დღიურებივით იყო სიმღერების წერა ჩემთვის. რაც მიგროვდება, სათქმელს მუსიკით ვამბობ.

პოპულარობა? – პოპულარობა არ არის ჩემთვის ცხოვრების აზრი, გინდა თუ არა უნდა ვიყო პოპულარული. არ ვიცი, ეგ რატომ უნდა გქონდეს. მუსიკას აქვს ისეთი რამე, გინდა გააზიარო. გაუზიარო ადამიანებს. არ არის აუცილებელი  ელოდებოდე რაღაცას უკან. ეს უნდა გასცე, რადგან სხვაგვარად არ შეგიძლია.

ვერასდროს ვუსმენდი მუსიკას, რომელშიც  აზრი არ იყო. მიყვარს ისეთი სიმღერების მოსმენა, რომელშიც ტექსტი გიყვება ისტორიას ან მუსიკაა მძლავრი. უმეტესი სიმღერები მაქვს დაწერილი ადამიანების ისტორიებზე. იმ ადამიანების, თავიანთ ამბავს რომ მიყვებიან, სევდას მიზიარებენ. მუსიკა ჩემი თანადგომაა მათ მიმართ. როცა გინდა ადამიანს თანადგომა აგრძნობინო, სწორი სიტყვები უნდა შეარჩიო.

ყველა ჩემი სიმღერის ტექსტი ინგლისურენოვანია. სიმღერები, რასაც დღეს ხალხს ვაცნობ, დაწერილი მაქვს ამერიკაში ცხოვრების პერიოდში. გათიშული მქონდა ქართული აზროვნება, ვერ გადავრჩებოდი სხვანაირად. დღეს რატომაც ვერ ვწერ ქართულად, არის ის, რომ ვერ ვამბობ ჩემს სათქმელს ქართულად. ვერ ვპოულობ სწორ სიტყვებს, ვერ ვპოულობ სინონიმებს. ინგლისურად მძიმე რაღაცების თქმაც კი მსუბუქად გამომდის. ინგლისური მოძრავი, ელასტიური ენაა და ჩემს სათქმელს ნათლად გადმომაცემინებს.

ქართული მუსიკა? – ვუსმენ სვანსიხს, ეკო დეისაძესაც ვუსმენ. საერთოდ ნებისმიერ ქართულ მუსიკას, რომელსაც ვპოულობ, დიდი სიამოვნებით ვუსმენ. იმდენი ხანი არ იქმნებოდა კარგი მუსიკა, იმდენი ხანი შემსრულებლები იყვნენ მხოლოდ და მუსიკოსები არ იყვნენ, ახლა მგონია ყველამ უნდა ვუბიძგოთ, ერმაც და ბერმაც. ძალიან კარგი დიჯეები გვყავს, ვინსენტ ვოლტი ძალიან მომწონს. მის მოსასმენად ბათუმშიც კი ჩამოვედი. გოგი ძოძუაშვილზე აღარ ვიტყვი როგორ მომწონს.

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ამერიკაში ვმუშაობდი პროფესიით, ჩემს ლექტორთან უნივერსიტეტში. მე მუსიკაში მომწონს ის, რომ შემიძლია სათქმელი ვთქვა თავისუფლად, დამოუკიდებლად და არავინ ამაში არ შემზღუდავს. ჟურნალისტიკაც ამიტომ მომწონდა _ შემეძლო თავისუფლად მეთქვა რაც მინდოდა. ახლა ის ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, მუსიკაში უფრო ლამაზად ვახერხებ ამის გაკეთებას. ჟურნალისტიკა მაგარია, მაგრამ ახლა მე ასე უფრო მომწონს სათქმელის თქმა.

არ მაქვს მუსიკალური განათლება და ვაკეთებ ყველაფერს, რომ მქონდეს. რომ ვიცოდე ფორტეპიანო, რომ ვიცოდე მუსიკის თეორია, ამას დიდი დრო მიაქვს.

მუსიკით ფული არ იშოვება. მუსიკა არ ამირჩევია იმიტომ, რომ ფული მეშოვა. ეს ის არის, რაც მე თვითონ მჭირდება. მათ, ვინც მეუბნება, შენი მუსიკა მშველის და დღეს მიმსუბუქებს, წარმოდგენაც არ აქვთ რას ნიშნავს ჩემთვის ერთი სიმღერის დაწერა. ყველანაირი ტრაგედია გამომდის სხეულიდან და მინიმუმ თვენახევარი ვარ მშვიდად. მერე ისევ ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა დავწერო. და ასე გრძელდება.

არ მსურს ჩემი მუსიკა გახდეს კომერციული. მაგრამ ერთი წლის მერე სად ვიქნები და რას ვიფიქრებ, ნამდვილად არ ვიცი. დღეს გულწრფელი ვარ ამ პასუხში. დღეს არ მინდა, რომ ჩემი მუსიკა იყოს კომერციული.

ძალიან რთულია კონცერტების გაკეთება. არ მყავს მენეჯერი და არც ვეძებ. არ მყავს პროდიუსერი და არც ვეძებ. რომც მყავდეს, ვერაფრით დამეხმარებოდნენ. არ არის სივრცე, სადაც შეიძლება მიხვიდე და უთხრა, იცით, მე, უბრალოდ, გამოვალ და ვიმღერებ. რამდენიმე ადგილი არის და ვმღერი. მაგალითად, „დივანი“ თბილისში.  ძალიან კარგ საქმეს აკეთებს „ვიტამინი“, რომელიც მაძლევს სივრცეს საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად. ხშირად კლუბები ისეთ თანხას მეუბნებიან კონცერტის ჩასატარებლად, რომ ვერაფრით ვერ გადავიხდი ჩემი ჯიბიდან.

ერთხელ ვთქვი, მინდა სტადიონები შევავსო-მეთქი და ეს აიტაცეს როგორც ნეგატიური რამ. მეკითხებოდნენ „ზედმეტად ამბიციური ხომ არ ხარ“. არ ვარ ზედმეტად ამბიციური. უბრალოდ, მგონია, რომ სტადიონი ჩემთვის ის ადგილია, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვანახებ ჩემს სათქმელს და ვეტყვი მადლობას. თუმცა ჩემი სურვილი რაც არის, ესაა არ დამეკარგოს მუხტი მუსიკის წერის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნო. მეტი რაღაც ვნახო, რომ ამაზე მერე ვწერო. ამაზე დიდი ამბიცია ადამიანს ვერ გექნება _ აგრძელებდე რაღაცის შექმნას. აი ეს არის ჩემი მთავარი ამბიცია, რომ ვწერო, რომ ის მუხტი, რომელიც სამწუხაროდ ხელოვანებს ხშირად უქრებათ, არ გამიქრეს და ვწერო მეტი და მეტი. უფრო და უფრო საინტერესო და უფრო და უფრო ღრმა რაღაცები”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი