სიახლეები

ბრძოლა ტალღებთან სხვის გადასარჩენად

19.07.2014 • 1925
ბრძოლა ტალღებთან სხვის გადასარჩენად

 

–  გაგა, როგორ აღმოჩნდი სამაშველო სამსახურში და რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

– ჩემთვის მრავალფეროვნებაა, ერთსა და იმავე საქმეს არ აკეთებ, ყოველდღე გიწევს ათასობით ადამიანთან შეხვედრა. სირთულეების გადალახვის სურვილი ყველა ადამიანშია, ცოტა ექსტრემიცაა, რაც მიზიდავს, თან ადამიანების გადარჩენაზე კარგი რა უნდა იყოს. თავიდან არ ვიყავი ძალიან კარგი მოცურავე, მერე ვისწავლე. ათ წლამდე წყლის მეშინოდა. დღემდე ვსწავლობ ბევრ რამეს. მაშველებზე სერიალს ვუყურებდი ბავშვობაში, თავიდანვე მხიბლავდა ეს პროფესია.

– როგორია მაშველის პროფესია?


– დამსვენებლის მხრიდან რომ შევხედოთ, ადვილი საქმეა, ჩვენი გადასახედიდან კი, რთული და საპასუხისმგებლო სამსახურია. პლაჟზე მოსული ადამიანი უნდა შეისწავლო სანამ ზღვაში ჩავა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიხვდე ფხიზელია თუ არა, ნასვამი ადამიანი როცა გეპარება წყალში, აუცილებლად მოყვება ამას პრობლემები, ზღვაში პრობლემას წარმოადგენს შენი ფიზიკური მდგომარეობა, ზღვა არ გეგუება. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა აქვს ნასვამი _ ღვინო, არაყი თუ ლუდი. ყველას ყურადღება უნდა მიაქციო, ნასვამებს, ბავშვებს, ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცურვა იციან, იმათ, ვისაც ეშინიათ წყლის.

მხოლოდ სეზონურად მუშაობთ?


– მე მუდმივი სამსახური მაქვს, “შერატონის” დაცვაში ვმუშაობ, სადაც ცვლაში მიწევს მუშაობა. ეს მეხმარება იმაში, რომ აქაც შევძლო მუშაობა. ამის გამო კვირაში შვიდი დღე ვმუშაობ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს მუდმივი სამსახური, მთელი ზამთარი ტყუილად ყოფნა უწევთ, მეც ვიყავი ასე ორი წელი, რთულია ზაფხულის მოლოდინში ცხოვრება. დღევანდელ ცხოვრებაში ხელფასი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ სამაშველოში არც ისეთი ხელფასია, რომ მარტო მაგისთვის გაჩერდე, აქ სხვა მოტივაციაა, მე ამ სამსახურში მაჩერებს წყლიდან ამოსვლა გადარჩენილ ადამიანთან ერთად. სულაც რომ მადლობა არ გადაგიხადონ, დადებითი ემოცია მოდის, შენ იცი, რომ მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთე.

–  ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება გიწევთ?


– ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება ყოველ სეზონზე გვიწევს, მნიშვნელობა არა აქვს, სამაშველო გამოცდილება გაქვს თუ არა, გინდ ათი წელი მუშაობდე აქ, მაინც უნდა ჩააბარო. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნორმატივები ძალიან მარტივია ან ძალიან რთული, მგონი უფრო საჭირო, უბრალოდ, რთულია აპრილში ზღვაში შეცურვა, როცა ჯერ კიდევ ცივი წყალია. ნორმატივების ჩაბარების შემდეგ თავდაჯერებულობა მემატება. ყველა მაშველმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება სრულიად მარტო აღმოჩნდეს ზღვის ხახაში ადამიანის გადასარჩენად, ამისთვის მას ძალაც უნდა ჰქონდეს და საკუთარი ფსიქიკის კონტროლიც უნდა შეძლოს, ზღვაში არაფერია გამორიცხული, შეიძლება პანიკა გადმოგედოს. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.

 

– ვის შეუძლია გახდეს მაშველი?


– გამბედავ ადამიანს. ყველაზე მთავარი სიმამაცეა, რომ არასოდეს იყოყმანოს ზღვაში შესვლამდე. ხშირად ზღვა ისე ღელავს, რომ თავად იქ არასოდეს შევიდოდი საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ როცა ვინმეა გადასარჩენი, არც ერთი მაშველი არ დაფიქრდება, ისე შევა წყალში. ხელმძღვანელობა გასწავლის იმას, თუ როგორ უნდა მოიქცე, მთავარია გამოცდილებაც, გამოცდილების შემდეგ ხვდები უკეთესი როგორი ქმედებაა.

 

_ როგორია მაშველის ერთი ჩვეულებრივი დღე?


_ სამუშაო დღე დილის ცხრა საათზე იწყება, ამ დროისთვის ფორმაში უნდა იყო, არამარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, ამიტომაც შვიდ საათზე უკვე ვიღვიძებ, ზაფხულია, არ უნდა უჭირდეს ადამიანს გაღვიძება, რაც უფრო ადრე ადგები, მით უფრო გრძელია დღე და საინტერესოც. მე არ მსურს ძილს დავუთმო დრო ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, ამაში ჩემი სამსახური მეხმარება. მერე მთელი დღე გიწევს პლაჟზე ყოფნა საღამოს ცხრა საათამდე, სადაც სულ ფხიზლად უნდა იყო.
ჩვენ ვმუშაობთ ცხრიდან ცხრამდე, ათის ხუთ წუთზე რამე რომ მოხდეს, მე პასუხს არავინ მომთხოვს.

 

ექსტრემალურ სიტუაციას თუ გაიხსენებ?


– ყველაზე ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა წელს, 22 ივნისს, ყველაზე რთული დღე იყო, რაღაც ჯოჯოხეთური, ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონდა, კვირა დღე იყო, წყალი სუფთა, მაგრამ დიდი ტალღებით, სადღაც სამ-ოთხ ბალამდე. მთელი დღის განმავლობაში ხუთწუთიანი შესვენებაც კი არ გვქონდა, მთელი დღე ვიყავით წყალში, სულ გამოსაყვანი იყო ვიღაცა. როდესაც ტალღები დიდია, ნაპირიც გრძელდება, ამიტომ გამოყვანა უფრო რთულდება, ასეთ დროს ორ ან სამ მაშველს გიწევს ერთდროულად შესვლა, რომ მალე გამოიყვანო ადამიანი, თითოეულ ტალღას უნდა დაელოდო, რადგან შენ გახლავს ადამიანი, რომელიც ამ ტალღას ვერ გაუმკლავდება.
იმ დღეს, როგორც იახტკლუბში გვითხრეს, ორი სამაშველო პუნქტიდან მხოლოდ ერთ საათში 27 ადამიანი გადაარჩინეს _ ვისი გამოყვანაც მაშველებმა ნაპირზე ვერ შევძელით და სკუტერებს გამოვატანეთ. დანარჩენი, ნაპირზე რაც გაგვყავდა, ვერ დავითვალეთ. საერთოდ არ ვითვლი იმას, თუ რამდენი ადამიანი გადავარჩინე, რა საჭიროა, მერე რომ თქვა მე ამდენი ადამიანი მყავს გადარჩენილი-მეთქი? ეს არაფერს შეცვლის. უბრალოდ, ვთხოვ ყველას, ვინც გადამირჩენია, რომ ახსოვდეს რა მოსდევს ნასვამ მდგომარეობაში წყალში შესვლას, საკუთარი შესაძლებლობებით ბაქიბუქობას.

 

–  ყველაზე რთულ რა სიტუაციაში აღმოჩენილხარ?


– ჩემი საგუშაგო არის დემეტრე თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) ქუჩის პირდაპირ, ერთ-ერთი რთული პოსტია, იქ არის რკინის ხიდი, დიდი ტალღებისას უმეტესად დინება არის ხიდისკენ, თუ ადამიანს მაგ ხიდამდე ვერ ამოიყვან, მერე გადარჩენის შანსი რჩება მხოლოდ ხუთი პროცენტი, ხიდზე მიდიებია და ვერ ჩაეჭიდები, დაგსერავს, დიდ ტალღებში ორიენტაციას ვერ დაიცავ… მერე არის ის, რომ ტალღა ხიდს შეგაჯახებს და გაგთიშავს, შენ კი ამ დროს სხვის გადარჩენაზე უნდა იფიქრო.
შარშან, ზაფხულში, რთული სიტუაცია შეიქმნა, მშვიდი დღე იყო, თუმცა საკმაოდ დიდი ტალღებით, ერთი ბიჭი ჩავიდა წყალში და მალევე დახმარება ითხოვა, ძარღვი გამესკვნაო. წყალში ორი მაშველი შევედით, თუმცა შეცდომა დავუშვით _ ერთი სამაშველო მალიბუ წავიღეთ (სადღაც სამ მეტრამდე თოკია). მალიბუ დამხმარე საშუალებაა, რომელიც ერთი ბოლოთი ამაგრია მაშველს, მალიბუს კი აწვდი ადამიანს, რომელიც უნდა გამოგყვეს, ამით ექაჩები მას. გამოყვანა მალე ვერ მოვახერხეთ, ხიდს ვუახლოვდებოდით, ტალღები ხიდს ზემოთ გადადიოდა, სიღრმეში ვეღარ შევბრუნდებოდით, ხიდამდე კი ათი მეტრი იყო დარჩენილი, ბოლო ცდა გვქონდა _ გამოვყევით ტალღას, რომელსაც სხვა შემთხვევაში არაფრით გამოვყვებოდით, სხვა გზა არ იყო… ტალღამ დაგვამტვრია, მაგრამ, რაც მთავარია, ის გადავარჩინეთ, ნაპირზე გასულები მე და ჩემი მეწყვილე ხუთი წუთი უგონოდ ვიყავით, ვინც იხრჩობოდა, ის უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ, დახმარება არ დასჭირვებია. ტალღასთან ბრძოლა ჩვენ მოგვიწია, ეს იყო ყველაზე რთული.

 

– თუ აგრძელებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისაც დახმარებას უწევთ?
– იმედი მაქვს მათ მადლიერების გრძნობა აქვთ, უმეტეს შემთხვევაში მადლობის სათქმელადაც კი არ მოდიან, მეორე დღეს რომ ვხვდებით, გამარჯობასაც არ გვეუბნებიან, არავინ აგრძელებს მაგის მერე ჩვენთან ურთიერთობას, იშვიათ შემთხვევაში ძალიან მშრალად გეტყვიან მადლობას. არ ვიცი კავკასიელებს ალბათ გვეუხერხულება მადლობის გადახდა. ამას წინათ, არ ვიცი ზუსტად ამერიკელებს თუ ინგლისელებს დავეხმარეთ, მობრუნდნენ და მხურვალედ გადაგვიხადეს მადლობა, გვითხრეს, რომ არასოდეს დაივიწყებდნენ იმას, რომ სიცოცხლე ვაჩუქეთ.

 

–  უფრო ხშირად დახრჩობის საფრთხის წინაშე ის ადამიანები დგანან, რომლებმაც ცურვა იციან?
– ვინც ცურვა იცის, ის უფრო შორს შედის, რაც თავისთავად საშიშია, თუ ცურვა არ იცის, ნაპირიდან მხოლოდ ხუთ მეტრში გადის, შორს ვერც გავა ფიზიკურად. შორს ვინც გადის, თვითდაჯერებულიცაა და გვიან გთხოვს დახმარებას, რადგან ჰგონია, რომ თავად შეძლებს გადალახოს საფრთხე. ხშირად იძულებით გამოგვყავს, როცა ვხდებით, რომ იხრჩობა და მარტოს გადარჩენის შანსი არ აქვს.
ადამიანი ცურვისას უნდა დაფიქრდეს იმაზე, ეყოფა თუ არა ენერგია ნაპირზე დასაბრუნებლად, ხშირ შემთხვევაში მთლიან ენერგიას ხარჯავენ გასვლისას, მერე კი უკან ვეღარ გამოდიან, ყველამ კარგად იცის რამდენის გაცურვა შეუძლია, ცურვისგან სიამოვნება თუ გინდა მიიღო, უკან შემობრუნებაც უნდა შეგეძლოს.

თუ მაშველები არ არიან, როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანს ჩვეულებრივი მცურავი?
–  ფიზიკური კონტაქტი არ უნდა გქონდეს ამ დროს, თუ გათიშულია, თმაში უნდა წვდე, სხვა შემთხვევაში ხელის მტევანი დაუჭირო (მაჯიდან სახსრამდე). ზურგში თუ მოგეჭიდა შენც დაიხრჩობი და ისიც. არ აქვს მნიშვნელობა დაა, ძმაა, დედაა თუ შვილი, ამ დროს ადამიანს ყველაფერი ავიწყდება. გვქონია შემთხვევები, როცა გადარჩენის სურვილით დაპანიკებული დედა შვილს ახრჩობდა და შვილი დედას, ამ დროს ინსტინქტით მოქმედებს ადამიანი, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვიდე კონტაქტში, მაჯა დაუჭირე, თუ ძალა არ გყოფნის გამოსაყვანად, დასახმარებლად სხვას უნდა დაუძახო.

 

_ როცა ადამიანი ხვდება, რომ საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოიქცეს?


_ თუ დიდ ტალღებში მოექცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცადოს ნაპირზე გამოსვლას, რადგან ტალღა უფრო ძლიერდება და შეიძლება ძალა სულ გამოგეცალოს, უფრო ღრმად უნდა შეცურო, საიდანაც დახმარება უნდა ითხოვო. თუ ძარღვი გესკვნება, თავისით ვერ მოახერხებ მის გახსნას, არ გარისკო, მაშინვე ითხოვე დახმარება. იყო შემთხვევა, როცა მამაკაცმა არ ითხოვა დახმარება, სცადა შესკვნილი ფეხით ნაპირზე გამოსვლა, მაგრამ გზად მეორეც შეესკვნა, ძლივს ვუშველეთ _ ნახევრად დამხჩვალი ამოვიყვანეთ. მაშველებსაც გვესკვნება ფეხი, რა დროსაც დასახმარებლად მეწყვილეებს ვეძახით, ეს არ „ტეხავს“, საქმე სიცოცხლეს ეხება.

– როგორ შემთხვევებში გიძნელდებათ გადარჩენა?

– როცა გვიან შევიტყობთ, რომ სჭირდება დახმარება, მივცურავთ, ვაწვდით მალიბუს, ვცდილობთ მასთან საუბარს, ვეკითხებით რა მდგომარეობაშია, რომ იმის მიხედვით მოვიქცეთ, ხშირად სასწრაფო დახმარება სჭირდებათ. პანიკა აქვთ, ეშინიათ, რაც გადამდებია, ამიტომ ვცდილობთ მათ აზრზე მოყვანას. მე ვეუბნები, რომ თუ არ დამიჯერებს, უარეს დღეში აღმოჩნდება, ანუ მარტო დატოვებით ვაშინებ. ეს ჭრის, მართლა ეშინია იმის, რომ არ დავტოვო და მორჩილი ხდება.

ხშირად ჩვენს სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ, მალიბუს მიწოდების შემდეგ მაინც ჩვენს ტანზე გადმოდიან, რითაც გბოჭავენ და გახრჩობენ, თავის გათავისუფლებას ვერ ახერხებ, რადგან სრულად გებღაუჭება. მე ასეთ დროს წინააღმდეგობას არ ვუწევ _ ფსკერისკენ მივდივარ, მას კი სურს, რომ ზემოთ იყოს და ხელს გიშვებს. მთავარია, ჰაერის ჩასუნთქვა მოასწრო. საბედნიეროდ, ჩემს საგუშაგოზე უბედური შემთხვევა არ მომხდარა. მაგალითად, ჩემი მეგობრის საგუშაგოზე მოხდა შემთხვევა, პიროვნება არ დაემორჩილა მაშველებს, ნასვამ მდგომარეობაში იყო, გადახტა ტალღაში და აღარ ამოუყვინთავს, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ კი ფსკერზე იპოვეს. მთელი ერთი კვირა ჭირისუფალი მოდიოდა და ყველა ჩვენგანზე ზეწოლას ახდენდა, ცდილობდნენ რამე ისეთი გაეგოთ, რომ მაშველის ბრალეულობა დადასტურებულიყო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადასატანია.

 

 

გადაბეჭდვის წესი