კვირის ამბები

აკე და ანა ‘X ფაქტორიდან’

23.07.2014 • 2533
აკე და ანა ‘X ფაქტორიდან’

 

 

“X ფაქტორში” რატომ მიხვედით, რა მოლოდინი გქონდათ?

 

აკე: “მაგთიფანში” ვიყავით “X ფაქტორის” მონაწილეთა თითქმის ნახევარი. ჩემმა დამ ნახა ტელევიზორში რეკლამა და მირჩია მეცადა ბედი ამ კონკურსშიც. ანამ შემომთავაზა ერთად გავსულიყავით, მომეწონა იდეა, გავიარეთ კასტინგი, სიმღერა კონკურსის წინა დღეს მოვიფიქრეთ. არ ველოდებოდით გასვლას, გვეგონა კასტინგს ვერ გავივლიდით.

 

ანა: იქამდე ერთად მომზადებული ქავერი არ გვქონია, მხოლოდ აკეს დაწერილ სიმღერებს ვასრულებდით ერთად. ძირითადად სახლში ვმეცადინეობთ, ბარებში რომ უკრავს აკე, მეც დავყვები.

 

აკე: გამოცდილება მივიღეთ ამ პროექტით, კარგი იყო, თუმცა ეს ბოლო პროექტია, აღარ მინდა პროექტები. შეზღუდული ხარ, რაც გინდა, იმას ვერ მღერი. დადებითი ისაა, რომ ბევრი გვიცნობს უკვე, ქუჩაში ავტოგრაფსაც მთხოვენ, რაც ძალიან მაწუხებს. მიკვირს, როცა ავტოგრაფს მთხოვენ, ვეუბნები: აი, მაშინ თქვენი ავტოგრაფი მე მომეცით-მეთქი.

 

 მაყურებლისთვის საინტერესო იყო თქვენი იმიჯიც, ამაზე ვინ იზრუნა?

 

აკე: ყველაფერზე ანა ზრუნავდა, საყიდლებზე ერთად დავდივართ, ჩემთვის ნამდვილად არ არის საყვარელი საქმე, ვეხვეწები ხოლმე დაქალები წაიყვანოს, მაგრამ მე დამათრევს.

 

ანა: აკესაც კარგი გემოვნება აქვს, ხშირად მეხმარება. პროექტისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, რაც მიყვარს და როგორიცაა ჩემი ყოველდღიური სტილი, ისე გავედით სცენაზეც.

 

“X ფაქტორის” შემდეგ თუ გაქვთ საერთო მუსიკალური გეგმები?

 

აკე: მე და ანას გვსურს ლევან თხილაიშვილთან ერთად ბენდის შექმნა, ვგეგმავთ ლონდონში წასვლას. არ ვიცით რამდენად გამოგვივა, უბრალოდ ძალიან გვინდა. ჩემს ფრანგ მეგობარს მოვასმენინე ჩემი მუსიკა და ძალიან მოეწონა, მითხრა, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან, შენნაირ შემსრულებლებს ვეძებთო. მე ცოტა რთულად მეჩვენება, თუმცა ლონდონში წასვლის შანსი არსებობს. ალბომზე მუშაობას ერთ კვირაში დავიწყებთ, ამის მერე ვიტყვით, ვართ თუ არა მზად. ბენდი თუ ჩამოვაყალიბეთ, მე სოლისტი ვიქნები და რიტმგიტარაზე დავუკრავ.

 

ანა: მე ვიქნები მეორე სოლისტი, გიტარისტი და ჰაეროვან ინსტრუმენტებზე დავუკრავ. მინდა ჩელოზე დაკვრა ვისწავლო, ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლო.

 

 თქვენი მუსიკალური წარსული როგორია?

 

აკე: 16 წლის ვიყავი, ბენდი რომ გავაკეთე მეგობრებთან ერთად, „გარაჟი” ერქვა. მეხუთე კლასში გაქანებული რეპერი ვიყავი, “ემინემს” ვუსმენდი, 13 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეზობელმა მაჩუქა ლედ ზეპელინის კასეტა, მერე გადავერთე როკზე, ვისწავლე გიტარაზე დაკვრა. მარტო როკზე ჩაციკლული არ ვყოფილვარ, უბრალოდ განსაკუთრებულად მიყვარდა, დღესაც გამიჭირდება გითხრათ რა ჰქვია ჩემს მუსიკას.

 

ანა: პატარაობაში საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი, მერე უკვე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ინტერიერის დიზაინს ვსწავლობ, აკეს წყალობით მოვუბრუნდი მუსიკას.

 

აკე: 18-19 წლისამ დავიწყე წერა, ჩემი მუსიკა ადამიანებზეა, ჩემი აზრით ადამიანები არ უნდა გამოვიკეტოთ სახლებში, არ უნდა არსებობდეს საზღვრები, კანის ფერი და გართულებები.

 

ხშირად მესიზმრება მუსიკა, მერე ვიმახსოვრებ. ანამ დიქტოფონი მაჩუქა, რომ არ დამვიწყებოდა. დიქტოფონი ბალიშთან მედო, იქვე ახლოს – გიტარა, ტექსტიანად მესიზმრება, გავიღვიძებ თუ არა, გიტარაზე ვაწყობ და ჩამწერით ვიწერ.

 

ანა: სამი-ოთხი ალბომი შეიკვრება აკეს მუსიკით, ძალიან მომწონს აკეს მუსიკა, თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცოტა დეპრესიულია, გამხიარულებაში მე ვეხმარები.

 

 როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 

აკე: ზაფხული იყო, ჩვენი საერთო მეგობრები წავიდნენ მწვანე კონცხზე მიდიების ამოსაყვანად, მე და ანა იქ შევხვდით, ყველაფერი მახსოვს იმ დღეს რაც მოხდა, ანა მაშინვე მომეწონა.

 

ანა: ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს დიდი ხანი, მაშინ სოციალურ ქსელში მიმოწერაც კი გვქონდა, მაგრამ ერთმანეთი ნამდვილად ოთხი წლის წინ გავიცანით.

 

აკე: სულ შავები ეცვა ანას, მე რა მეცვა არ მახსოვს.

 

ანა: სულ შავები არ მცმია, პრინციპში, რომ დამინახე, უკვე კარგად შეზარხოშებული იყავი, მიდიებითა და ლუდით, აკეს ეცვა ყვითელი შორტები და შავი ზედა, რომელსაც ეწერა “ირეგალი”

 

 სიყვარულში როგორ გამოუტყდით ერთმანეთს?

 

აკე: რუსთავში კონცერტზე გამოვდიოდით, საქველმოქმედო კონცერტი იყო, ბევრნი ვიყავით, ანაც გამოგვყვა. ჯიმი ჰენდრიქსის „foxey lady”-ის, უკრავდა ანდღულაძე, ამ დროს გამოვუტყდი ანას, რომ მიყვარდა. რუსთავიდან მამაჩემს მოვყავდით მანქანით, მე წინ ვიჯექი, ანა – უკან, ხელი უკან მქონდა გადაყოფილი და თბილისამდე ხელჩაკიდებული ჩავედით.

 

ანა: ორი კვირის მერე უკვე გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში, პრინციპში მე ვუბიძგე, მერე სტაბილურად გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა.

 

აკე: ჩვენი პირველი პაემანი იყო ბათუმში, კოკისპირულად წვიმდა, ჩვენ გვეცვა საწვიმრები, ხელიხელჩაკიდებული დავსეირნობდით მშვიდად მთელს ქალაქში.

 


 როდის დაქორწინდით?

 

ანა: დეკემბერში გვქონდა ნიშნობა, აპრილში ყაზბეგში დავიწერეთ ჯვარი. სახლი გვქონდა ნაქირავები, სადაც ორი დღით ადრე ავედით, ყველანი ერთად ვერთობოდით, ჯვრისწერისთვის ყველა ერთად ვაწყობდით სუფრას, საინტერესო იყო მენიუ: შემწვარი კარტოფილი, კოკა-კოლა, პიცა, მწვადი, კიტრი და პომიდვრის სალათი.

 

აკე: ყველას გვეცვა ხევსურული ფორმები, სამ-სამი მეჯვარე გვყავდა, გერგეთის სამებაში დავიწერეთ ჯვარი, თითქმის ყველა ნაცნობი მუსიკოსი გვახლდა.

 

ერთად ცხოვრებას როგორ აგრძელებთ?

 

ანა: მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ისევ შეყვარებულები ვართ, ხანდახან მაბრაზებს, ჭურჭელს არ რეცხავს. მე ჯიუტი ვარ, აკე სულ დათმობაზე მიდის, სახლის დალაგებაზე ვკამათობთ ხოლმე, ახლა შენი ჯერია, ახლა შენი.

 

აკე: დილა იწყება ანას გაღვიძების მცდელობით, სადღაც 11 საათიდან ვიწყებ ანას გაღვიძებას, მინიმუმ 4-5 საათი მჭირდება, არაფერი არ შველის, არც წყლის დასხმა, არც ხვეწნა, არც ხმაური, არც საუზმის დახვედრება, ბოლოს თავად ვიღლები და ვანებებ თავს, მერე იღვიძებს და იწყება…

 

ანა: დღის განმავლობაში მუსიკაში ვმეცადინეობთ, ჩვენი ბინა არის შეკრების ადგილი, ყველა ჩვენთან მოდის და ვერთობით. პროექტის დროს ვეხვეწებოდით – დაგვასვენეთ.

 

როგორ ატარებთ დროს?

 

ანა: ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით მთიანი ადგილები მოგვწონს. ხშირად დავდიოდით მეგობრებთან ერთად მე და აკე კარვებით მთებში, ახლაც ვგეგმავთ მოგზაურობას, ძალიან კარგ ადგილებს ვპოულობთ. გვინდა სვანეთის, სამეგრელოს, ყაზბეგის შემოვლა. ამ ზაფხულს ვგეგმავთ ნეპალში წასვლას, იქედან ინდოეთში გადავალთ. სამი წელია ვოცნებობ ნეპალში წასვლაზე.

 

აკე: ზურგჩანთა, კარავი, მარშუტკა და ოპლა! ბევრგან დავდივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი, არასოდეს ვგეგმავთ მოგზაურობას წინასწარ, იქვე გადავწყვეტთ სად როგორ გავატაროთ დრო.

 


 რაზე ოცნებობენ აკე და ანა?

 

აკე: გვინდა ქალაქგარეთ, მთასთან ახლოს გვქონდეს სახლი, პატარა კოტეჯი, სადაც იქნება მუსიკალური კუთხეც.

 

ანა: ცხოველები მიყვარს ძალიან, თბილისში გვყავს ზღვის გოჭი, სანამ თბილისში ვცხოვრობთ, ჩემი ძაღლი და კატა დედაჩემს ჩავაბარე, ამას წინათ ძაღლის ლეკვი ვიპოვეთ, დავბანეთ, მოვუარეთ, მამაჩემი წინააღმდეგია, ამდენი ცხოველი რად გინდათო, მერე წაიყვანა ბებიაჩემთან. ახლა ქამელეონის ყიდვას ვაპირებ, მერე სხვა ცხოველები გვყავს გეგმაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: