„ეს ფარა კი არა, ახალი რუსული კანონია“- იურისტი

იურისტი საბა ბრაჭველი „ქართული ოცნების“ მიერ ორი მოსმენით მიღებულ ახალი რუსული კანონის [ე.წ. FARA] მიღებას ფეისბუქში პოსტით ეხმიანება და ხსნის, თუ რატომ არის „ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ისევ რუსული და არა ამერიკული.

„მაგრიტმა დახატა ჩიბუხი და მიაწერა, ეს არ არის ჩიბუხიო. ოცნებამ სიტყვასიტყვით თარგმნა FARA და ის ამერიკული ფარა არ არის.

ორი წელია ვამბობ და კიდევ გავიმეორებ – კანონი, მათ შორის, FARA, არის არა უბრალოდ სიტყვების კომბინაცია, არამედ ის შინაარსი, რომელსაც მას აღმასრულებელი და განმმარტებელი ანიჭებენ. ჩვენთან ამერიკული კანონიდან მოაქვთ სიტყვები, მაგრამ ცვლიან განმარტებებს, შინაარსს, პრაქტიკას, რითაც იუსტიციის დეპარტამენტი და სასამართლოები ხელმძღვანელობენ.

ამერიკული ფარას რეესტრში არ არიან დამოუკიდებელი, საკუთარი საწესდებო მიზნებითა და საკუთარ ნებაზე მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები. იქ ისინი ხვდებიან, ვისაც უცხო სახელმწიფო აკონტროლებს.

ამიტომ შეხვდებით ფარას რეესტრში ისეთ მედიებს, როგორიცაა სპუტნიკი და რაშა თუდეი და ვერ შეხვდებით BBC, Deutsche Welle და სხვებს. ბიბისის და დოიჩე ველესაც საკუთარი – ამერიკისთვის „უცხო“ მთავრობები აფინანსებენ, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი მედიები არიან, ამიტომ არავინ სთხოვს მათ დარეგისტრირებას.

მაშინ, როცა ამერიკაში რეგისტრაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-ამერიკას“ არავინ სთხოვს, ჩვენთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა არასამთავრობოების რეესტრში შეყვანა კანონის მიზნადაა დასახელებული. ამ კანონის ამერიკულად მონათვლა ვირეშმაკობა – სიტყვების დაკოპირება და შინაარსის ცვლილებაა.

ეს კანონი მართლა ფარა რომ იყოს, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ შეეხებოდა. მაგრამ აპირებენ რომ შეახონ, რადგან ეს ფარა კი არა, ცხვრის ტყავს შეფარებული მგელი და ახალი რუსული კანონია.

ამ კანონს იღებენ, რადგან უნდათ, რომ (1) საკუთარ მომხრეებს რუსული კანონი დაავიწყონ, (2) სისხლის შიშით სამოქალაქო სექტორმა თვითონ გაიუქმოს თავი და (3) კანონის დამორჩილებით ლეგიტიმაცია შეიძინონ.

როგორ ვებრძოლოთ?

სანამ ორგანიზაციებიც და ფიზიკური პირებიც იმაზე ფიქრს დაიწყებთ, დარეგისტრირდეთ თუ არა, რამდენიმე საკითხზე უნდა დაფიქრდეთ:

პირველი იმაზე, რომ ამ კანონის მესამეჯერ შემოტანის მთავარი მიზანი თქვენი დაშინებაა – თქვენით რომ გაჩერდეთ.

მეორე – თაიმლაინი. კანონი ივნისამდე არ შევა ძალაში. სავარაუდოდ მაისში გვეცოდინება მექანიზმის პროტოკოლიც და თუ ეს პროტოკოლი ამერიკიდან გადმოწერეს, მაშინ კიდევ არაერთი თვე გაიწელება ბიუროს ბიუროკრატიებში, გასაჩივრებებში და ა.შ. ამ არჩევანის წინაშე დადგომა ბევრი თვის შემდეგ მოგიწევთ და არა რამდენიმე კვირაში (ისევე, როგორც წინა წელს).

მესამე – გამოცდილება. როცა სამოქალაქო სექტორი ერთად დადგა, მიღებული კანონი ვერ აამუშავეს (და ამას ახლა განმარტებით ბარათში თავად აღიარებენ). ეს არ შეცვლილა, ძალა ისევ ერთობაშია.

ამიტომ, არჩევანის გაკეთებაზე ახლა ფიქრის ნაცვლად, ჯობს თქვენი ძალისხმევა ისევ იმ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ, ვინც ამ არჩევანის გაკეთებას გაიძულებთ.

„ოცნებისთვის“ ადვილია კანონების მიღება, მაგრამ არა მათი აღსრულება. დეკემბერში მიიღეს კანონი, რომლითაც „ოლე-ოლას“ სიმღერა უნდა აეკრძალათ, ნიღბები უნდა აეკრძალათ, მარშები უნდა აეკრძალათ, გარეთ სიარული უნდა აეკრძალათ. მაგრამ აღსრულებას ვერ ახერხებენ, რადგან ადამიანების საკმარისი რიცხვია მზად მათ დასარღვევად. საღამოს ცხრა საათზე ყველა ვერ გამოდის რუსთაველზე, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ერთი ხელშეშლა და იქაურობა ისევ გადაიტენება.

ის ბრაზი, ის წინააღმდეგობა, ის პოტენციური ენერგია არსად წასულა.

ამიტომ ვერ აღასრულებენ დასაშინებლად მიღებულ სხვა კანონებსაც.

ვერ აღასრულებენ ჯარიმებსაც.

ორ მილიონამდე ოდენობის ჯარიმები დაწერეს, მაგრამ ეს დღეში მხოლოდ 3-4 ჯარიმას უდრის. სამინისტროს ამ ეტაპზე მეტი რესურსი უბრალოდ არ აქვს.

ვერ აუდიან ადმინისტრაციული საქმეების მასალების გროვებას, შეტყობინებებს, რეგისტრაციას – ბუღალტერიას, მოკლედ. იანვრის ცვლილებების შემდეგ ერთ საქმეზეც კი არ დაუმთავრებიათ წარმოება. არადა მართლა რამე კი არ აქვთ განსახილველი, „არ დაკმაყოფილდეს“ უნდა მოგწერონ. ამ ელემენტარული წერილის დასაწერად და გამოსაგზავნადაც კი მთელი ერთი თვე არ ჰყოფნით.

ცალკე ამბავია სასამართლო, სადაც ზუსტად 7 მოსამართლეს აქვს შეტენილი ყველა ადმინისტრაციული საქმის განხილვა. ახლა თუ ისე გადატვირთულია იქაურობა, რომ ორი თვის შემდეგ ნიშნავენ სხდომებს, ვერც წარმომიდგენია რა მოხდება მაშინ, როცა შსს-ს ასობით პასუხს სასამართლოში წავიღებთ. მაშინ დაინახავთ, რომ იანვრის შემდეგ დაწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს სექტემბრამდე ან უფრო გვიანაც არ მოუწევთ. ამაზე, პრინციპში, თებერვალშიც ვწერდით.

ბარემ ჯარიმების გადახდაზეც – ფონდები დააყადაღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალტერნატიული გზებიც გამოჩნდება და, რომ რამე, ქრაუდფანდინგებითაც ავაგროვებთ თანამებრძოლებისთვის საჭირო თანხას. ეგ ყველაზე ნაკლები სადარდებელი მგონია.

ნამდვილი სადარდებელი ციხეში მყოფი ორმოცდაათი პოლიტპატიმარი და მათი გათავისუფლებაა. ამაზე და ბრძოლის სხვა ტაქტიკებზე უნდა ვფიქრობდეთ ახლა და არა ფარაზე.

ოცნების კანონები და თუნდაც ფარა აღარ არის და არც უნდა იყოს მთავარი საკითხი. წინა წელს ხალხს დარწმუნება სჭირდებოდა, რომ რუსული კანონი რუსული იყო, რომ საგარეო კურსის შებრუნებას, ქვეყანაში კი განუკითხაობის დამყარებას მოასწავებდა. ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ ამის მტკიცება საჭირო აღარ არის.

ახლა „ოცნება“ ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს. ყველა კანონი, რომელსაც ივანიშვილის პარლამენტი განიხილავს, არალეგიტიმური და ავტორიტარულია. „ოცნება“ კიდევ ბევრ კანონს მიიღებს, მაგრამ მათი აღსრულება ლეგიტიმაციის კრიზისის აღმოფხვრასა და (გეო)პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

სიტუაცია ბევრი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ეს გრძელი პროცესია და დროზე ადრე ნუ დაფრთხებით, მეგობრებო. ჩვენ ფარა არ ვართ“ – წერს საბა ბრაჭველი.

„სირიაშიც ვერავინ წარმოიდგენდა ასადის რეჟიმის ჩამოშლას“ – ინტერვიუ

„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. მას წინააღმდეგობის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ საქართველოში.

პოლიტოლოგთან საუბარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეფასებით დავიწყეთ: რამდენად ახერხებს ოპოზიცია შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ივანიშვილს უკან დახევას აიძულებს?

„გარდატეხა არ მოხდება, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან არ მიხვედი და არ ესაუბრე. ცხადია, არის კატეგორია, ვისთან საუბარსაც აზრი არ აქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ბოლომდე, საფლავში არ გადაჰყვებიან, როცა ხედავენ, როგორ მიდის ქვეყნის საქმე.

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ახალი მომხრეები მიიზიდოს: რაც უფრო რეპრესიული ხდები, მით უფრო შორდები საზოგადოებას, მათ შორის, იმ ხალხს, რომელიც მანამდე მხარს უჭერდა და ეს ჩანს უკვე,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

„ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთან ინტერვიუ ბათუმში ჩაწერა:

  • ბატონო კორნელი, თავდაპირველად ოპოზიციის ერთერთი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის მიხედვითაც პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. რა რისკია ეს, თქვენი აზრით, ოპოზიციისთვის

ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს, გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც ქვეყანამ მიიღო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.

მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს აღარ სჯერა, რომ სახელმწიფოს მიტაცების და ავტოკრატიული მმართველობის პირობებში შესაძლოა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და სრულიად სამართლიანად ნდობა აქვს დაკარგული ამ პროცესისადმი.

თუმცა, მეორე მხრივ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ორლესული მახვილივით დამაზიანებელი აღმოჩნდეს ოპოზიციური სპექტრისთვის: აქამდე ოპოზიციური პარტიები მეტ-ნაკლებად საკრებულოებში ინარჩუნებდნენ თავიანთ წევრებს და ეს მათ ეხმარებოდათ რეგიონული ორგანიზაციების შენარჩუნებაში.

თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მივიღებთ ერთპარტიულ საკრებულოებს და მერიებს. ოპოზიციური პარტიები, შესაძლოა, აღმოჩნდნენ იმ რეალობაში, რომ ადგილზე უკვე აღარ იყოს ხალხი, ვინც მათ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა.

მიგრაციის გაზრდილი ნაკადის, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიების გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ ადამიანებს ქვეყნის დატოვებაც მოუწიოთ, რამაც შესაძლოა შეამციროს კიდეც ოპოზიციის მხარდაჭერა ადგილებზე.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია დიდი ქალაქები, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი. ასე რომ ამ საკითხზე ყველასთვის მისაღები  გადაწყვეტილების მიღება არ იქნება ადვილი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელის გადაგრეხის პოლიტიკას.

  • ხელის გადაგრეხა ახსენეთ, რას უპირისპირებსქართული ოცნებისამ ტაქტიკას ოპოზიცია

საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს არა იმას, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ მაინცადამაინც ერთ პარტიაში, არამედ მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას სალომე ზურაბიშვილთან ერთად. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონს სალომე ზურაბიშვილი, ვიღაცას – არ მოსწონს, მაგრამ საპროტესტო საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მას მხარს უჭერს.

როგორც ჩანს, არც სალომე ზურაბიშვილი იკლავს თავს, რომ მაინცადამაინც ოპოზიციის ლიდერი გახდეს. ის ამ ეტაპზე უფრო მაკოორდინებელ როლს ასრულებს, ვიდრე ლიდერის.

ამ ეტაპზე ოპოზიცია ვერ ავლენს მზაობას და სიმწიფეს, რომ თავად შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი. მესმის, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას არ მართავენ პოლიტიკური პარტიები, რასაც თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც. პლუსია, მაგალითად, ის, რომ როცა ლიდერი არ არსებობს, ხელისუფლებას უჭირს პირდაპირ პარტიების წინააღმდეგ რეპრესიები.

მეორე მხრივ, ხვალ რომ ისევ ასიათასობით მოქალაქე გამოვიდეს აქციაზე, ამ პროცესს სჭირდება მართვა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მით უმეტეს, რომ საპროტესტო საზოგადოების დიდი ნაწილი საერთოდ არ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას.

პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ საზოგადოებას შესთავაზონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მისცემს გარკვეულ გეზს და მიმართულებას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება. მოკლევადიანი მიზნები გასაგებია, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ რომ დაინიშნოს ეს არჩევნები, რამდენად მზადაა ამისთვის ოპოზიცია? რამდენად მოახერხეს საკუთარი პოზიციების გაძლიერება რეგიონებში?

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამას სჭირდება უფრო აქტიური მუშაობა, რომ სხვა შედეგი დაიდოს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. არაფრით არ შეიძლება რომელიმე რეგიონის უგულებელყოფა იმის გამო, რომ ეს რეგიონი პატარაა, მცირეა მოსახლეობის რაოდენობა  და ასე შემდეგ, რაც ბევრჯერ მოვისმინეთ ბოლო არჩევნების პერიოდში.

  • ოპოზიციური პარტიების არგუმენტი ამ ნაწილში არის ის, რომ დაცარიელებულ სოფლებშიოცნებამ“ 300-ლარიანი დასაქმების სქემა, ასევე სხვა პროგრამები აამოქმედა. ამით სოფლად მცხოვრები ადამიანები მასზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადა და ოპოზიციის მუშაობას ვერ ექნება შედეგი. 

მაგრამ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ შენი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინო. მნიშვნელოვანია, „ოცნებას“ შემოაცალო ამომრჩეველი.

ბოლო არჩევნებში ამ როლს ძირითადად გახარიას პარტია ირგებდა, რომელიც ცდილობდა „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული მხარდამჭერების მობილიზებას. სხვა პარტიებმაც ანალოგიურად უნდა იმუშაონ. ყველა პარტიამ რომ მინიმუმ რამდენიმე ათასი მხარდამჭერით შეამციროს „ოცნების“ ელექტორალური ბაზა, ეს უკვე ცვლის რეალობას – განსხვავება უზარმაზარი არ არის „ოცნებას“ და ოპოზიციური პარტიების შედეგებს შორის, მით უმეტეს იმ ფონის გათვალისწინებით, რაც არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხდება.

ამ კუთხით უფრო მეტია გასაკეთებელი, საჭიროა ხალხის მეტი მოსმენა მათ შორის იმ არასასიამოვნო შეკითხვების, რომელიც შეიძლება პოლიტიკური პარტიების მიმართ დაისვას. გვესმის, რომ ამას სჭირდება რესურსები, დრო და მოთმინება, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ სატელევიზიო სტუდიებიდან საუბრით შედეგი ვერ დაიდება. ეს უკვე აღარ მუშაობს.

ბუნებრივია, ოპოზიციას აქვს ადამიანური, ფინანსური რესურსების პრობლემა. არსებობს ხედვების პრობლემაც. პრობლემაა ასევე პრიორიტეტების განსაზღვრა. ოპოზიციას ბოლო არჩევნებში დიდ ქალაქებზე ჰქონდა გათვლა, რაც ალბათ არ იყო მთლად სწორი. იმისთვის, რომ მოახდინო გარდატეხა, იქ უნდა იმუშაო, სადაც არ ხარ ძლიერი.

გარდატეხა არ მოხდება, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან არ მიხვედი და არ ესაუბრე. ცხადია, არის კატეგორია, ვისთან საუბარსაც აზრი არ აქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ბოლომდე, საფლავში არ გადაჰყვებიან, როცა ხედავენ, როგორ მიდის ქვეყნის საქმე.

  • ამასობაში ივანიშვილი აქტიურად ცდილობს რეპრესიული მანქანის ამოქმედებას და რუსული დიქტატურის დამყარებას, მათ შორის, იღებენ ახალ რუსულ კანონს, რომ საბოლოოდ გაანადგურონ კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი. რა რესურსი რჩება წინააღმდეგობისთვის

აქტიურად უნდა ვესაუბროთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიუხედავად იმისა, გვეთანხმება თუ არა. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რაა საქართველოს ეროვნული ინტერესი, მიზანი და აქედან დავიწყოთ დისკუსია. არ უნდა მოგვერიდოს ამ დისკუსიაში უხერხული შეკითხვების მიღებაც და თუ პასუხი არ გვაქვს კონკრეტულ შეკითხვებზე, ესეც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი, ან მოქალაქეებთან ერთად უნდა მოვიფიქროთ.

ქართველი ხალხის დაკვეთაა არაა ერთპარტიული მმართველობა ან არაფორმალური მმართველობა. თავისუფლების და დემოკრატიული წესრიგის შეზღუდვა თითოეულ ჩვენგანს უქნის პრობლემებს. თუ ამას დროულად გავითავისებთ, წინააღმდეგობის პროცესი გაგრძელდება და ექნება შედეგი. თუმცა ზოგიერთი პრობლემას ხედავს მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა უშუალოდ მას პიროვნულად ეხება. ამ დროს რეაგირება უკვე გვიანია. ამას აჩვენებს ბელარუსისა და რუსეთის მაგალითი.

მნიშვნელოვანია მოქალაქეებს დავუბრუნოთ რწმენა და ნდობა. ნდობა პრაქტიკულად დაკარგულია დღეს. მოქალაქეს დაკარგული აქვს ნდობა პოლიტიკური პროცესისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი, პოლიტიკური პარტიების თუ ინსტიტუტების მიმართ.

  • საკუთარი ძალის მიმართ? გვესმის მოქალაქეებისგან ისიც, რომ მშვიდობიანი აქციით რეალობა არ იცვლება და მაგალითად, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი დააჯარიმეს კიდეც, რომ გვაჩვენონ დიქტატურის ძალა. ახერხებს ივანიშვილი ძალაუფლების მიტაცებას, მათ შორის, ნიჰილიზმის გაძლიერებით

არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რა მუშაობს ამ დროს. თუ გადავხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, ხშირად ყოფილა ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, როცა არაფერი არ მოასწავებდა რეჟიმის ცვლილებას და უცებ რაღაც შეიცვალა. ბოლო ასეთი მაგალითია სირია: ვერავინ წარმოიდგენდა სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლას, პირიქით, ამ კაცმა რეჟიმის კონსოლიდაცია შეძლო და რუსეთი ეხმარებოდა. თუმცა ისე განვითარდა მოვლენები ქვეყნის შიგნით, რაც ვერ გაითვალისწინა.

მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა გაძლიერდეს. შესაძლოა, ყოველთვის ერთი და იგივე ტონუსი ვერ შენარჩუნდეს, რთულია, მუდმივად ასიათასობით ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ნდობა უნდა არსებობდეს საზოგადოებაში ამ პოლიტიკური პროცესის მიმართ: რასაც პროტესტის მონაწილეები აკეთებენ, ეს ხალხის ინტერესებს პასუხობს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

მესმის, რომ აქ „ოცნება“ მანიპულირებს სხვადასხვა თემით, მათ შორის, ომის და მშვიდობის თემით, მაგრამ როდესაც ოპოზიციაში ხარ, ორმაგი შრომის ჩადება გიწევს ყოველთვის, რომ მოქალაქე დაარწმუნო. სხვანაირად ცვლილებები არ ხდება. 2012 წელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს კარდაკარ რომ არ ევლოთ და სოფელ-სოფელ, რთული იქნებოდა მაშინაც მოგება. თუმცა დღეს არ არის ლიდერი, რომელსაც ექნებოდა ნდობა და შეძლებდა თავის გარშემო სხვების კონსოლიდირებას.

  • როცა არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი ქვეყნის შიგნით, გარედან კი, გვესმის ტრამპის განცხადებები, როგორ შეიძლება დაინახოს მოქალაქემ წინააღმდეგობის პერსპექტივა

ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, განვითარდეს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ამერიკას და ევროპას კი არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება. საერთაშორისო პოლიტიკის დღევანდელი კონტექსტი ამ ეტაპზე არ უწყობს ამას ხელს. შეერთებული შტატების სახით საქართველომ და დემოკრატიულმა მსოფლიომ დაკარგა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სახელმწიფო, თუმცა იმედია დროთა განმავლობაში ეს პროცესი შეიცვლება და აშშ დაიბრუნებს საკუთარ პოზიციებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში არიან სახელმწიფოები, რომლებიც მხარს დაუჭერენ დემოკრატიზაციის პროცესს საქართველოში. მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის კურსს არ ჩამოვშორდეთ, რადგან ამჟამად ხდება ახალი, გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რუსეთსა და აშშ-ს შორის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ახალი „ცივი ომის“ პროცესში სახელმწიფო როგორ მოიაზრებს საკუთარ თავს.

აქამდე თუ საქართველო მოიაზრებოდა ასოცირებული ტრიოს ნაწილად უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით ჩვენ ისევ დავუბრუნდით ნაცრისფერ ზონას. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი სახელმწიფოდან ნელ-ნელა დაემსგავსა ევრაზიულ ქვეყანას. ამის დასტურად გადავხედოთ, თუ ვის ხვდებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები: თურქმენეთის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის ელჩს, არაბეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს…

ფაქტობრივად, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

  • თქვენი აზრით, ივანიშვილის რეჟიმი არ იყო მზად ამ იზოლაციისთვის

იზოლაციას სჭირდება გარკვეული ფინანსური სიმყარე, მაგალითად, აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი, რომლითაც შეიძლება უზრუნველყოს ავტორიტარული რეჟიმი, საქართველოს შემთხვევაში კი, ეს არ გვაქვს. ივანიშვილის მილიარდებიც არ ეყოფა ამ საქმეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკლებად დამაჯერებელია მან საკუთარი სახსრები გაიმეტოს ამ საქმისთვის. თუ ივანიშვილს არ ექნება მხარდაჭერა ქვეყნის გარედან, ძალიან გაუჭირდება მას ასეთი ტიპის რეჟიმის დიდხანს შენარჩუნება. მათ შეიძლება ეს სცადონ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს აქვს პროტესტის კულტურა, რომელიც საკმაოდ მძლავრია. ქართველი ადამიანი არ შეეგუება ერთმმართველობით სტილს და ხელისუფლების უზურპაციას.

შესაძლოა, ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზით მოახერხოს დეზინფორმაციის გავრცელება და გარკვეული ხნით ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ მთლიანობაში მას ეს გაუჭირდება. ამასთან, ამ რეჟიმს  აქვს ერთი დიდი სისუსტე: მას არ შეუძლია გააერთიანოს ერი, პირიქით, დამყოფ, გამყოფ პოლიტიკას ატარებენ, მათ უკვე მოახერხეს სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის გაუცხოება და იგივე ხდება ახლა საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით – ასობით ადამიანი სამსახურს კარგავს კონსტიტუციის ერთგულების გამო.

მთლიანობაში „ოცნება“ შორდება ხალხს, რომელიც არის სუვერენიტეტის მთავარი წყარო. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ საზოგადოების გამყოფ და დამანაწევრებელ პოლიტიკას მომავალი არა აქვს.

  • რეპრესიების გაძლიერებით ივანიშვილი ვერაფერს მიაღწევს

რაც უფრო რეპრესიული ხდები, მით უფრო შორდები საზოგადოებას, მათ შორის, იმ ხალხს, რომელიც მანამდე მხარს გიჭერდა და ეს ჩანს უკვე. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ახალი მომხრეები მიიზიდოს. სანამ თანხები აქვს, მას აქვს საშუალება, ძალოვან უწყებებზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ადვილი არ იქნება.

თუ ხალხმა ნახა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ამ მეთოდებით ქვეყნის მართვას და საზოგადოების კონსოლიდაციას, ის ხალხიც არ გაჰყვება ივანიშვილს სასაფლაოზე, რომელიც დღეს მას ირჩევს. არავის არ გადაჰყოლია ხალხი, არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს.

როგორც კი სისტემაში დასაქმებული ადამიანები ნახავენ, რომ სისტემას გაუჩნდა სერიოზული ბზარი, ხალხი, რომელიც ამ დრომდე სისტემის ბურჯია, წავა, რადგან საბოლოოდ ყველა თვითგადარჩენაზე ფიქრობს.

  • რის იმედი აქვს ივანიშვილს და მის გუნდს, თქვენი დაკვირვებით

აქამდე იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას მოახერხებდნენ, თუმცა არაფერი არ ჩანს მათთვის საიმედო. ამ ეტაპზე ტრამპის ინტერესი საერთოდ არ არის სამხრეთ კავკასია და საქართველოს საკითხი, მით უმეტეს, უკრაინის და რუსეთთან მოლაპარაკების ფონზე.

მეორე იმედია რუსეთი. თუმცა რუსეთთან პირდაპირ კავშირი გაჭირდება, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ არაპოპულარულია ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა – ამან შეიძლება ხელისუფლება დააკარგვინოს. ამიტომაც, რეჟიმის მესვეურები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თითქოს არ არიან იზოლაციაში, ვიზიტები აქვთ…

თუმცა რეალობა სხვაა. არ არის იოლი სანქციების ქვეშ ყოფნა, მით უმეტეს, თუ ბრიტანეთმაც დაადო სანქციები და ამას მიჰყვა „ვაიმარის ქვეყნები“[გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი]. თუმცა იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს, საჭიროა შიდა და გარე წნეხის მუდმივად არსებობა.

  • გამოდის, ივანიშვილი პროტესტის ჩახშობის პარალელურად ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს ელოდება, რომ ახალი მოკავშირე გამოძებნოს

„ოცნება“ ელოდება იმას, თუ რამდენად მოახერხებს რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებას უკრაინასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ეცდებიან, ახალ რეგიონულ დღის წესრიგზე მორგებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი. ეს მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, საქართველოსა და ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორ მოახერხებენ ევროპელი მოკავშირეები უკრაინის დაცვას.

უკრაინა უნდა გადარჩეს, როგორც ევროპული სახელმწიფო. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ევროპული მომავალი ამ ქვეყნის ბედზეცაა მიბმული.

სერიოზული პოლიტიკური კრიზისის არსებობას „ოცნების“ მომხრეებიც აღიარებენ უკვე. სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი სცენარი მიუღებელია. ჩვენ ვართ ტრავმირებული საზოგადოება, 90-იანი წლების დაპირისპირება გამოვიარეთ, სამოქალაქო ომი და მეორეჯერ ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას.

გამოსავალი ხელახლა არჩევნებია, ეს არის ყველაზე კარგი განმუხტვის საშუალება, რაც კი მოუგონია კაცობრიობას. ცხადია, არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება; წვიმა, მთაში – თოვა, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია; ღელვა ღამით 2-3 ბალი, დღისით 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23 მარტს მოსალოდნელია ღამით და დილით წვიმა, მთაში – თოვა, დღისით და მომდევნო ორ დღეს [24 და 25 მარტს] კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთმა 900 ათასი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 900 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330]
  • ტანკი – 10 394 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 21 589 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 24 848 ერთეული [+101]
  • MLRS – 1 324 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 111 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 30 080 ერთეული [+185]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 41 249 ერთეული [+165]
  • სპეცტექნიკა – 3 782 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 658 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 47 719 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 530 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 788 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 187 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი უკრაინაში აქვს

„პოლიტიკური კონცეფციიდან გადავდივართ პრაქტიკული სამხედრო გეგმის შემუშავებაზე“ — სტარმერი

ბრიუსელში, ევროპელ ლიდერთა სამიტზე უკრაინის მხარდაჭერას ხმა მხოლოდ ორბანმა არ მისცა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი უკრაინაში აქვს

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინაში დაახლოებით 200-250 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების საერთო რაოდენობა დაახლოებით 900 ათასია.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 20 მარტს, სოციალურ ქსელ X-ზე წერს ბრიტანული დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი დანაკარგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ღარიბი რეგიონებიდან ეთნიკურ უმცირესობებს შორის დანაკარგები გაცილებით მეტია, ვიდრე დიდი ქალაქების მცხოვრებთა შორის.

რუსეთის ხელისუფლება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს არ ავრცელებს.

რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წლის თებერვალში განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე რუსეთ-უკრაინის ომში 45 100 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 390 000 დაიჭრა.

„ახალგაზრდებისთვის სტამბოლის მერის დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

„ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად, სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ უნივერსიტეტებს და გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით გადაღლილნი არიან მკაცრი ზომებით და პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. მათთვის იმამოღლუს დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. მას „ბათუმელები“ სტამბოლის საპროტესტო აქციებზე ესაუბრა.

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის 19 მარტს დააკავა. იმამოღლუ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯებ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქეა.

  • ბატონო ქამრან, პროტესტის აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლის ქუჩებში დემონსტრაციები გრძელდება. რას აჩვენებს ეს პროტესტი? 

როგორც ცნობილია, ექრემ იმამოღლუს პარალელურად დააკავეს კიდევ 107 ადამიანი. ეს გვაჩვენებს იმას, რომ ერდოღანის პარტიაში მიხვდნენ, რომ ექრემ იმამოღლი გახდა ლიდერი, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს ერდოღანს შემდეგ არჩევნებზე, 2028 წელს. ეს ერდოღანისთვის პირველი სერიოზული მარცხი იქნება, თუ ბოლო ადგილობრივ არჩევნებს არ ჩავთვლით.

ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება ექრემ იმამოღლუზე, რომელიც ქარიზმატული პოლიტიკოსია.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძირითადად განიხილება სამი კანდიდატი: ერდოღანი, იმამოღლუ და მანსურ იავაში [დედაქალაქის მერი], რომელიც „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს, როგორც იმამოღლუ. საუბარია იმაზე, რომ ამ პარტიაში დაპირისპირებაა, ან შიდა კონკურენცია, რაც ჩვეულებრივი ამბავია – იავაშსაც პრეზიდენტობა სურს. გასული წლის მარტში ერდოღანის კანდიდატი იავაშმა პირდაპირი გაგებით ათრია: თუ სხვადასხვა ოლქებსა და უბნებში კონკურენტებს შორის სხვაობა იყო 5-10 %, იავაშმა 60%-ზე მეტი მიიღო, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია დედაქალაქში.

  • რატომ შეიძლება დაეწყო ერდოღანს ექრემ იმამოღლუთი მთავარი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება? 

იმამოღლუ ძირძველი პოლიტიკოსია, ის ჯერ სტამბოლის ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენელი იყო, მაჟორიტარი – ჩვენი გაგებით. ყველაზე საინტერესო ალბათ ისაა იმამოღლუს დოსიეში, რომ რამდენჯერაც იმამოღლუ გავიდა არჩევნებზე, არც ერთხელ არ დამარცხებულა პატარა, თუ მასშტაბურ დონეზე. ექრემ იმამოღლუ ორჯერ გახდა სტამბოლის მერი. ადგილობრივ არჩევნებზე იმამოღლუს პარტია ქვეყნის მასშტაბით გახდა პირველი და დაამარცხა ერდოღანის პარტია.

შესაბამისად, იმამოღლუ სახელისუფლებო პარტიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

გაითვალისწინეთ, რომ იმამოღლუ ტრაპზონელია, ერდოღანი – რიზედანაა. ორივე შავიზღვისპირეთიდანაა. განიხილება, რომ რეალურად სწორედ მას შეუძლია დაუპირისპირდეს ერდოღანს.

იმამოღლუ ქურთებისთვისაც მისაღები კანდიდატია, რადგან ის არაა რადიკალი. თუ საჭირო გახდება ქურთების ხმების მობილიზება, იქედან 8-10 %-ს წამოიღებს. ესეც საინტერესო ფაქტორია.

ამ პარტიაშიც ბევრი მორწმუნე ადამიანია, ქალების ნაწილი ისლამური წესითაა ჩაცმული. ჩვენთან არსებობს ერთგვარი ხედვა, რომ ერდოღანია ისლამისტური პარტიის წევრი და ყველა მორწმუნე მას აძლევს ხმას, მაგრამ ასე არაა. იმამოღლუ ყველასთვის მისაღები კანდიდატია.

  • ახალი საპროტესტო ტალღა რამდენად უქმნის ერდოღანს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს? აქამდეც იყო პროტესტი თურქეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით…

ძალაუფლების დაკარგვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თურქულ პოლიტიკას წლებია ვაკვირდები და არ მახსენდება ასეთი ხალხმრავალი მიტინგები, რომელიც უშუალოდ არჩევნებს არ უკავშირდება. ასეთი აქციები თურქეთში ბოლოს 2007 წელს იყო.

საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად, სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ უნივერსიტეტებს და გამოდიან საპროტესტო აქციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით გადაღლილი არიან მკაცრი ზომებით და პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. მათთვის იმამოღლუს დაკავება ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ყველა გარეთ გამოვარდა.

ქამრან ოსმანლი
  • იქმნება იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა თურქეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს? 

ეს მოსალოდნელია, თუმცა ერდოღანს ეს უფრო აწყობს: კონსტიტუციის მიხედვით ერდოღანს აღარ აქვს წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც პრეზიდენტის კანდიდატს. ეს წესი შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუციური ცვლილებებით, რასაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს, ხოლო ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მას შეუძლია ხელახლა იყაროს კენჭი. თუ 2028 წელს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ერდოღანის პარტიამ სხვა კანდიდატი უნდა მოძებნოს.

  • მაშინ რატომ არ თანხმდება ერდოღანი ვადამდელს?

ისინი უყურებენ მოსახლეობის განწყობებს: ყველა გამოკითხვაში ჩანს, რომ თუ ერდოღანი დარჩება იმამოღლუსთან, ის მეორე ტურში დამარცხდება. მოგეხსენებათ, თურქეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ერდოღანი არჩევნებამდე ამ კრიზისის დაძლევას, ლარის კურსის დასტაბილურებას და სირიელი ლტოლვილების პრობლემის მოგვარებას ეცდება.

ერდოღანი ასევე ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებას. შემდეგ გახდება უკვე ნათელი, დანიშნავენ თუ არა ვადამდელ არჩევნებს.

  • სტამბოლის პროტესტი რამდენად აჩვენებს იმას, რომ ავტორიტარული ტენდენციები ერდოღანს არ გაუვა? გასათვალისწინებელია ბოლო მაგალითები: სერბეთში საპროტესტო აქციების შემდეგ გადაწყდა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, სირიაში კი ასადის რეჟიმი ჩამოიშალა… 

თითოეული ეს ქეისი მაინც განსხვავებულია ერთმანეთისგან. მე არ მახსენდება თურქეთში ვინმეს თავისი ნებით დაეტოვებინოს თანამდებობა, რასაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. თურქეთში, როგორც გახსოვთ, მიწისძვრის დროს 52 ათასი დაიღუპა და არცერთ მერს და დეპუტატს თანამდებობა არ დაუტოვებია.

ჩემი აზრით, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რას შეძლებს ოპოზიცია. ის, რომ იმამოღლუ გახდა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და ყველა მაგაზე საუბრობს, ეს ცალსახაა. ჯერ ოპოზიციას და მათ შორის, იმამოღლუს პარტიას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ იმის გარდა, რომ გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდეს ყველას.

გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური მომენტიც: ევროკავშირს უფრო ერდოღანთან გამოსდის ვაჭრობა და ლაპარაკი კონკრეტულ საკითხებზე, ვიდრე ოპოზიციას. აქამდე, როცა თურქეთში რაღაც ხდებოდა და, მაგალითად, დააკავებდნენ ვინმეს, ვაშინგტონიდან მოდიოდა მკაცრი ტონით მოწოდება, გაეთავისუფლებინათ დაკავებული, დაეცვათ ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. იმამოღლუს შემთხვევაში კი, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ჩვენ თურქეთის შიდა საქმეებში არ ვერევითო. ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაგალითად, გერმანიას ჰქონდა განცხადება, ასე თუ გააგრძელეს ოპოზიციური ლიდერების დაკავება, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებაო, თუმცა ვიცით, რომ თურქეთი ისედაც ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, ამ განცხადების ტონიც სუსტი იყო.

____________________________________

ფოტოზე: ექრემ იმამოღლუ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ERDEM SAHIN

ამავე თემაზე: 

ერდოღანის მთავარი მეტოქე, სტამბოლის მერი დააკავეს

რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონებიდან ტერმინების: „გენდერის“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებას.

„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „გენდერი“ ხელოვნურად იყო დანერგილი კანონმდებლობაში „უცხო ძალის“ გავლენით, ამიტომ ამ ტერმინებს „ქალი“ და „კაცი“ ჩაანაცვლებს, თუმცა სიტყვა გენდერი არ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს, გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული.

ანტიგენდერული პროპაგანდის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცვლილებები შეაქვს საქართველოს 15 კანონში და ასევე პარლამენტის რეგლამენტში, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც სიტყვა „გენდერის“ ამოღებას ითვალისწინებს.

ცვლილება ითვალისწინებს გენდერული საბჭოების გაუქმებასაც.

კანონები, საიდან „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“ იღებს.

რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“?

ქალთა უფლებადამცველი, იურისტი ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ ამ ახალი, ანტიჰუმანური ინიციატივით არსებული რეჟიმი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური კრიზისიდან სხვა მხარეს მიმართოს.

„კანონებიდან გენდერის ამოშლა მშიერ ხალხს ვერ დააპურებს“- ამბობს ანა თავხელიძე.
  • რა ზიანდება ტერმინ „გენდერის“ კანონებიდან ამოღებით?

ანა თავხელიძის თქმით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი იყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, რაც გარკვეულწილად შესრულებულად ჩაუთვალეს საქართველოს და ამის გამო მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ახლა გამოდის, რომ ამ მიმართულებითაც ყველაფერს აუარესებს „ოცნება“.

გარდა იმისა, რომ ამ კონცეფციით არ აღიარებენ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, აუარესებენ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში“.

ანა თავხელიძეს ვკითხეთ, რა გავლენა ექნება სიტყვა გენდერის გაქრობას გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების თავლსაზრისით.

„გენდერული დეზინფორმაცია არის მეთოდი, საშუალება, რომელიც გამოიყენება ქალი პოლიტიკოსების, ქალი აქტივისტების და ზოგადად, აქტიური ქალების წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, იურისტები, ამას პრაქტიკაში განვიხილავთ ხოლმე იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით დადგა ზიანი გენდერული დეზინფორმაციიდან გამომდინარე და უმეტეს შემთხვევაში, ძალადობის კონტექსტში ხდება მისი განხილვა.

ამიტომ კანონის ეს ცვლილებები ავტომატურ გავლენას ახდენს გენდერულ დეზინფორმაციაზეც, რადგან თუ სიტყვა „გენდერი“ კანონებიდან ამოაგდეს, მაშინ იკარგება კონცეფციის მთავარი არსი, რადგან გენდერული დეზინფორმაციის გავრცელება იმიტომ ხდება, რომ ქალები დააზიანონ მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელებით, რომ გააქრონ ისინი საჯარო სივრცეებიდან.

შესაბამისად, თუ კანონებიდან სიტყვა „გენდერს“ ამოვშლით და გავაქრობთ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ვეღარ ავხსნით და დავამტკიცებთ გენდერულ დეზინფორმაციასაც. რადგან როცა ჩვენ სასამართლოში მივდივართ, ცალკე აღებულ „გენდერული დეზინფორმაციაზე“ არ ვდავობთ, არამედ ვუთითებთ, რომ ეს არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ან ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც არის გენდერული დეზინფორმაცია.

ამიტომ, თუ გენდერი გაქრება კანონებიდან, ვეღარ ვიდავებთ სასამართლოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე. შესაბამისად, უპასუხოდ დაგვრჩება გენდერული დეზინფორმაციის შემთხვევებიც“ – ამბობს იურისტი. 

ანა თავხელიძე, როგორც ადვოკატი, რომელიც წლებია გენდერული ძალადობის შემთხვევებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ ცვლილება მტკივნეული იქნება:

„ყველა კანონში, სადაც გვხვდებოდა გენდერული ნიშნით ძალადობა, სადაც გენდერული ნიშანი, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება იყო გამოყენებული, ახლა უნდათ შეცვალონ სიტყვებით – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის წინააღმდეგი“, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი. რადგან, სიტყვა „გენდერული ნიშნით ძალადობა“ არ არის დაფარული მხოლოდ სქესის ნიშნით. რადგან გენდერული ნიშნით ძალადობა არ იფარებოდა სხვა, აქამდე არსებული რეგულაციებით, სწორედ ამიტომ გახდა ამ ტერმინის ჩაწერა კანონებში აუცილებელი თავის დროზე“ – ამბობს ანა თავხელიძე.

იგი განმარტავს, რომ გენდერული როლი და სქესის ნიშანი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

„ქალებს იმიტომ კი არ კლავენ, რომ ისინი ბიოლოგიურად ქალები არიან, არამედ იმიტომ, რომ ქალები „ვერ აკმაყოფილებენ“ გარკვეულ გენდერულ როლებს, რაც საზოგადოებამ განუსაზღვრა, იმ სოციალურ ნორმებს, რასაც გენდერული როლი ჰქვია და რამაც გამოიწვია აგრესია მოძალადეში და მოკლა ამის გამო ქალი“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

  • „გენდერული თანასწორობა“ არ = „ქალისა და მამაკაცის თანასწორობას“

„ეს არ ასახავს ერთსა და იმავეს, რადგან როგორც ვთქვი, აქ არ არის საუბარი ქალისა და კაცის ბიოლოგიურ სქესს შორის თანასწორობაზე, არამედ საუბარია გენდერულ როლზე.

ბევრი წელი ვიშრომეთ ჩვენც, სახელმწიფომაც, პარტნიორმა ქვეყნებმაც იმისთვის, რომ გენდერული როლების აღიარება და დანახვა, მაგალითად, სისხლის სამართლის სფეროში, დანაშაულების კონტექსტში შესაძლებელი ყოფილიყო.

რა საქმეებიც წარმოებაში მქონია, არ ყოფილა შემთხვევა, ქალი იმიტომ მოეკლათ. რომ ის ბიოლოგიურად ქალია. ქალი მოკლეს, ან უმეტეს შემთხვევაში იმიტომ იძალადა მოძალადემ ქალზე, რომ მიაჩნდა, ქალი არ იყო სათანადოდ კარგი დიასახლისი, სცემა იმიტომ, რომ კერძს კარგად ვერ ამზადებდა. ბიოლოგიურ სქესზე კი არ იყო აქ საუბარი, არამედ – გენდერულ როლსა და ფუნქციაზე. იმაზე, რომ მაგალითად, ქალის როლია, ბავშვებს უვლიდეს კარგად ან ღამე არ გადიოდეს არსად.

ანუ ქალის კონკრეტულ ქცევაზე, სოციალურ მახასიათებელზეა საუბარი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არის დაწესებული და როცა ქალის თვითაღქმა ეწინააღმდეგება ამ დაწესებულ როლებს, შემდეგ ხდება მის მიმართ ძალადობა“ – ამბობს ანა თავხელიძე.

  • აღმოჩნდება თუ არა საქართველო საერთაშორისო კონვენციების მიღმა?

საქართველო არაერთ საერთაშორისო კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანაა, მათ შორისაა სტამბოლის კონვენცია. ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა აუცილებელია ხელმომწერი ქვეყნებისთვის.

„კონსტიტუციის შემდეგ უპირატესია საერთაშორისო ხელშეკრულებები. დაწყებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლება დაცვის კონვენციით და სტამბოლის კონვენციით, რომელიც ეხება ქალთა მიმართ და გენდერულ ძალადობას. ამიტომ შეუძლებელია მასთან თავსებადი დარჩეს ეროვნული კანონმდებლობა, ამ ტერმინების შეცვლით და ამოღებით.

ანა თავხელიძე, იურისტი, უფლებადამცველი.

იურისტი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის და ზოგადად, გენდერის ცნება საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად დავინახოთ, რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას.

„განა ეს ტერმინები მათივე ხელით არ ჩაწერეს ამ კანონებში? განა ამით არ იწონებდნენ თავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განა ამის გამო არ შეფასდა დადებითად ეს კანონები კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას და ახლა, 12 წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე პრობლემა და თავსმოხვეულია?“

მისი თქმით, ამ ყველაფერზე ძალიან დიდი ფული და რესურსია დახარჯული როგორც ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის, მაგალითად პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების გადამზადებაში გენდერული ნიშნით ძალადობაზე, ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე:

„ახლა ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაყარეს წყალში“.

ასევე, უდიდესი რესურსი დაიხარჯა გენდერული საბჭოების შექმნაზე, რომლის გაუქმებასაც ცდილობს „ქართული ოცნება“ – ამბობს ანა თავხელიძე.

მისი თქმით, კანონებიდან „გენდერის“ გაქრობით, შესაძლოა, საქართველო დარჩეს ქვეყნად, რომელსაც არ ექნება არანაირი ვალდებულება საერთაშორისო მექანიზმების წინაშე.

„მოგვიწევს იმ გზის გავლა, რაც 15-20 წლის წინ გავიარეთ და თუ აქამდე აღსრულების პრობლემა, მიკერძოება და შერჩევითი სამართალი იყო პრობლემა, შემდეგ მოგვიწევს ის, რომ ეს საბაზისო ტერმინებიც თავიდან გვექნება ჩასაწერი.

თუ ევროპის სასამართლოში წავა საქმეები, სასამართლო, სხვა დარღვევებთან ერთად, საქართველოს დაუდგენს დარღვევად იმას, რომ კანონები არ აქვს გამართული“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

„ქართული ოცნება“ ერთი მხრივ ებრძვის სიტყვა „გენდერს“, მეორე მხრივ კი, „ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი ცდილობს, სოციალურ ქსელ X-ში თავი გენდერული თანასწორობის დამცველად წარმოაჩინოს.

მარიამ ლაშხის პოსტი X-ზე, სადაც ლაშხი წერს, რომ ამაყობს გლობალურ ლიდერებთან ერთად მხარს უჭერდეს ქალთა გაძლიერებას. პოსტში ლაშხი იყენებს ჰეშთეგს #GenderEquality – გენდერული თანასწორობა.

 „აქ ხალხს აჯერებენ, მათ შორის თავიანთ ამომრჩევლებს, რომ თურმე „გენდერი“ ცუდი სიტყვაა, გარყვნილებაა და მარიამ ლაშხმა X-ზე მონიშნა „გენდერული თანასწორობა“ [ჰეშთეგი]. ფიქრობენ, რომ ეს ინფორმაცია ვერ მიაღწევს თავიანთ ამომრჩევლამდე?!“ – ამბობს ანა თავხელიძე.

გაეროში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრაზე „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც იმყოფებოდა. მის ვიზიტს ფეისბუქზე გამოეხმაურა ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია:

„მაინტერესებს, რითი უნდა იტრაბახოს იქ, გაუქმებული კვოტებით თუ კანონებიდან გენდერის ამოშლით? რეჟიმს, რომელიც კვოტებს და სიტყვა „გენდერს“ აუქმებს, კარს ქალთა ორგანიზაციები არ გაუღებენ“- დაწერა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაია გაეროში შეხვედრაზე.

ნიუ იორკში, გაეროში შეხვედრაზე კი ბაია პატარაიამ ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოში გენდერის წინააღმდეგ ბრძოლას.

„…ეს არის ძალიან სერიოზული თავდასხმა ქალებზე, ფემინიზმზე, თანასწორობაზე. ვფიქრობ, რაც დღეს გვაკლია, არის წინააღმდეგობა.

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გავუწევთ წინააღმდეგობას, შესაძლოა უფრო უარესი მოხდეს და მოხდება კიდეც“- განაცხადა ბაია პატარაიამ ნიუ იორკში.

  • ქართული ოცნების“ გენდერული შიშები

ლიკა ჯალაღანია, გენდერის სპეციალისტი და მკვლევარი, მიიჩნევს, რომ თუ აქამდე „ქართული ოცნება“ სიტყვებით ებრძოდა გენდერულ თანასწორობას, ახლა ქმედებაზე გადავიდა.

„რატომ გადაწყვიტა ახლა კანონებიდან ამ სიტყვების ამოღება?

მე მგონია, რომ აქ გვაქვს ორი ასპექტის ერთობა. პირველი ის, რომ ცალსახად რუსული გზა აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული და ცდილობენ ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის ინსტრუმენტები გამოიყენონ, ისევე, როგორც ეს რუსეთში ხდება, მაგრამ გვაქვს ტრამპთან დაკავშირებული კონტექსტიც, ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ უარს არ ამბობს ამერიკულ-დასავლურზეც, რაიმე ტიპის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს ტრამპის მხრიდან.

მეორე მხრივ, როცა გენდერზე ვლაპარაკობთ, აქ კიდევ ცალკე ამბავია ის, რომ „ოცნებამ“ დააკოპირა ის, რაც რუსეთში ხდებოდა, ოღონდ ამათ ისეთი სისწრაფით გაიარეს პოლიტიკური პლაგიატი, რომ კონტექსტი არ გაითვალისწინეს.

ჯერ კიდევ სტამბულის კონვენციის მიღების დროს, სახელმწიფოთა ნაწილში უკვე დაწყებული იყო სიტყვა „გენდერის“ მიმართ წინააღმდეგობა, მაშინ როცა საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან, თუნდაც იგივე ბულგარეთისგან განსხვავებით, ასეთს ადგილი არ ჰქონია.

მოქალაქეები ამ საკითხს უყურებდნენ როგორც თანასწორობის მნიშვნელოვან პრინციპს და არ ყოფილა განსაკუთრებული შიშები ამ სიტყვასთან დაკავშირებით, ისე როგორც ცალკეულ ქვეყნებში იყო. „ქართული ოცნება“ კი ახლა ცდილობს გააჩინოს ეს შიშები, ისინი აკოპირებენ საერთაშორისო კონსერვატიულ მიდგომებს გენდერის წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამას არანაირი კონტექსტი არ აქვს, თვითონ ქმნიან ამ კონტექსტს“-ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი თქმით, კანონებიდან „გენდერის“ ამოღება აბსურდია, რადგან გენდერი არის სოციალური კონსტრუქცია და ეს არ არის „ქალისა და კაცის თანასწორობის“ იდენტური.

„გენდერული თანასწორობა და ზოგადად გენდერის ცნება ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო კარგად დავინახოთ რა განაპირობებს ამ უთანასწორობას, რა არის ის მთავარი მსაზღვრელები, რამაც დაბადა ეს სისტემები, რომელიც ასაზრდოებს ადამიანებს სოციალური გენდერის თვალსაზრისით. ასევე, გენდერი გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ქალი შეიძლება იყოს მრავალი გამოცდილების, მრავალი ჩაგვრის, მრავალი ასპექტის მქონე ადამიანი და არ შეიძლება მისი რაღაც ერთ ჯგუფად მონიშვნა, რასაც ქალისა და კაცის თანასწორობა გვთავაზობს“ – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი შეფასებით, თუკი ასე დაუწყებენ სიტყვა „გენდერს“ ბრძოლას, შესაძლოა ამან გააჩინოს კითხვები ადამიანების გარკვეულ ნაწილში.

„ამავე დროს, იურისტები, მედიის წარმომადგენლები, სოციალური მეცნიერები და სტატისტიკოსები დავკარგავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც გვეხმარება გავზომოთ, დავთვალოთ რა განაპირობებს გენდერულ უთანასწორობას სხვადასხვა სფეროში.

რა თქმა უნდა, ეს გათვლები მათ არ აქვთ და არც აინტერესებთ, სხვა შემთხვევაში ასეთ რეპრესიულ პირობებში არ გვაცხოვრებდნენ. მათი მიზანია უპასუხონ ნეოკონსერვატიულ, ავტოკრატიულ ტრენდს რომელიც ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში გაჩნდა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ და ამით ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ „გენდერი“ აქ უბრალოდ შემთხვევითობაა, კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ“ – გვეუბნება ლიკა ჯალაღანია.

  • რა ტიპის შიშები იქმნება გენდერთან დაკავშირებით?

ლიკა ჯალაღანიას აზრით, კონტექსტი განსხვავებულია.

„მთავარი დარტყმა აქ არის გენდერულ იდენტობაზე. თუმცა, ახლა რასაც ვაკვირდები, „ოცნების“ პროპაგანდაში საუბარია ქალის სოციალურ როლზეც.

მანამდე ასე ხმამაღალი ვერ იყვნენ ამ მსჯელობაში და ახლა როცა გაითავისუფლეს დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებებისგან თავი, მარტივად საუბრობენ. უფრო მეტი აქცენტია ქალის სოციალურ როლზე, რომელიც ხდება უფრო თავისუფალი, შვილებს აღარ აჩენს, რომ საკუთარი როლი დაკარგა, რომ ტრადიციულ როლს აღარ ემორჩილება, კაცზე აღარ არის დამოკიდებული და ასე შემდეგ და რომ გენდერი ასწავლის ამას ქალებს და ამიტომ უნდათ, რომ ეს გააუქმონ.

მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც არის გენდერული იდენტობა და სქესის შეცვლის საკითხები“ – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

ლიკა ჯალაღანია, გენდერის მკვლევარი.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით ტრანსფობიის გაძლიერებას უწყობს „ოცნების“ პროპაგანდა ხელს. „მიდის პროპაგანდის წარმოება, რომ „ბავშვებს უცვლიან სქესს“, რომ შენ შეგიძლია აირჩიო არათუ სხვა სქესი, შეგიძლია იყო სხვა არსება“ და ასე შემდეგ“.

ხშირად ანტიგენდერული პროპაგანდის და დეზინფორმაციის წარმოებისას გამოიყენება ოჯახების გაძლიერების და გენოფონდის თემა, რომ თითქოს, გენდერული იდენტობა და გენდერული თანასწორობა ხელს უშლის შობადობის ზრდას ქვეყანაში, რაც გენდერის სპეციალიტის თქმით, ასევე ტყუილია.

„რა თქმა უნდა, გენდერი არაფერ კავშირშია შობადობის დაბალ მაჩვენებელთან, რომელიც საქართველოში გვაქვს. პირველ რიგში ეს არის პრობლემა ჯანდაცვის არაადეკვატური პირობების, მედიკამენტებზე ძალიან მაღალი ფასების, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს, სიღარიბის, უმუშევრობის და იმის, რომ ადამიანებს აქ ცხოვრება აღარ უხარიათ და იძულებული არიან დატოვონ ქვეყანა. ბავშვთა შობადობის საკითხი, სიტყვა „გენდერის“ აკრძალვით არ გამოსწორდება.

როცა ბავშვები მშივრები არიან, კვდებიან იმის გამო, რომ სხვადასხვა ქალაქებში არ არის მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო და სახელმწიფო არ ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე, თავად მთავრობა არის წყარო იმისა, თუ რატომ შეიძლება შობადობის პრობლემა გვქონდეს ქვეყანაში.

რაც უფრო მეტად შევზღუდავთ გარემოს და თანასწორობის რაც უფრო მეტ შრეს მოვარღვევთ, მით უფრო ნაკლები ადამიანი იცხოვრებს ასეთ ქვეყანაში, უფრო ნაკლები შექმნის ეკონომიკურ დოვლათს“- ამბობს ლიკა ჯალაღანია.

მისი თქმით, „გენდერთან“ ბრძოლა კიდევ უფრო გააურესებს ქალებისა და გოგონების უფლებებს საქართველოში და ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობას.

„რა თქმა უნდა, ეს შეცვლის პოლიტიკას ადგილობრივ დონეებზეც, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში. ეს გამოწვევს იმას, რომ ადამიანები ჯერ გაჩუმდებიან ამ საკითხებზე, მათ შორის ქალთა, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და თუ ყველა მხარდაჭერა შეწყდება და სამოქალაქო საზოგადოებასაც შეეზღუდება მუშაობა, ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ დარტყმას როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ასევე უფლებადამცველ ორგანიზაციებზე“ – ამბობს ლიკა ჯალაღონია.

ვიდეო:

გენდერთან ბრძოლაც რუსული დაკვეთაა - აზა გაბუნია

___________________________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ა(ა)იპ „შშმ ქალთა ალიანსთან“ თანამშრომლობით პროექტის „ქალები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ (Women against Disinfomation) ფარგლებში.

საქართველო ბედნიერების რეიტინგით 91-ე ქვეყანაა მსოფლიოში

ბედნიერების გლობალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებში 91-ე ადგილზეა 147 ქვეყნიდან.

2024 წლის ბედნიერების გლობალური რეიტინგის პირველი ოთხეული ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა დაიკავეს – ფინეთი, დანია, ისლანდია და შვედეთი.

ფინელები უკვე მერვე წელია პლანეტის ყველაზე ბედნიერ ერად სახელდებიან.

2023 წელს, ამ ჩამონათვალში საქართველოს იგივე პოზიცია ჰქონდა, 2022 წელს კი ერთი ნიშნულით ზევით – 90-ე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს სომხეთი 87-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 106-ე ადგილზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი არის 49, სომხეთში – 70, აზერბაიჯანში – 35; ფინეთში – 2, დანიაში – 4, ისლანდიაში – 8, შვედეთში კი – 12.

უსკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს უკვე იარაღის ტარების უფლება აქვთ. შესაბამის დადგენილებას „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დადგენილება 2025 წლის 18 მარტიდან ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებაში – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ – შევიდა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მუხლი:

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს“.

უსკოში 8 წევრია: თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე, მდივანი ტარიელ გოგიტიძე და ასევე წევრები: ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, ციალა შავაძე, ზაალ ზაალიშვილი, თამარ ქამადაძე.

ამასთან, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდებათ უმაღლესი საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრებს [რომლებიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ უწყვეტად უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის იმ წევრებისა, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით]“.

___________________

უსკომ 2024 წლის 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აქციის ფონზე შეაჯამა.

აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ კი, 2025 წლის 12 თებერვალს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ 6 წევრს ოპოზიციური პარტიებიდან.

დღეს, 2025 წლის 20 მარტს, ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საჭომ უსკოს ანგარიში მოისმინა – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.“

პარალელურად, 113-ე დღეა ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

  • რა ხდება

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა [საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომაც].

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი პროცესი 31 მარტს გაიმართება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე კი, რომელიც სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავდა ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვისას, ამბობს, რომ ეს საქმე სტრასბურგში მოხვდება და სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება.

 

„აჭარა თაიმსის“ და საზმაუს ჟურნალისტებს „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

„აჭარა თაიმსისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტებს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ პარტიული აქტივი დაუპირისპირდა.

როგორც „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, თავდასხმაში დასახლებაში მცხოვრები რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებულები.

ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან 15 თებერვალს დაღუპული ერთ-ერთი ბავშვის ოჯახის წევრმა იხსნა.

„ოცნების ქალაქში“ ვიყავი გადაღებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფთან ერთად. ჩვენი ადგილზე მისვლის შემდგომ, რამდენიმე პირი მოვიდა, რომლებმაც გადაღების შეწყვეტა ითხოვეს, დაიწყეს ჩვენი ხელშეშლა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სიტყვიერად გვიპირისპირდებობდნენ, მათ შორის ხელითაც იწეოდნენ. ხელის კვრით ცდილობდნენ ადგილიდან ჩვენს გაძევებას. გვიშლიდნენ რომ კადრები არ გადაგვეღო.

ვითარება ისე დაიძაბა, ვერაფერს ვეღარ ვიღებდით. ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა და ამის გამო მივმართეთ პოლიციას. პარალელურად თავდაცვის მიზნით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრს შევეხმიანე, რომელიც ადგილზე მოვიდა და ფიზიკურად დამიცვა ამ ქალბატონმა აგრესიული პირებისგან.

„ჩემი ოჯახით ნუ მანიპულირებთ, თავი დაანებეთ ჟურნალისტებს და მიეცით საშუალება, რომ მათი საქმიანობა განახორციელონო“ – ასე მიმართა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრმა ჩვენზე თავდამსხმელებს.

ასე გადავრჩით. პროფესიული საქმიანობა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის დახმარებით გავაგრძელეთ. შემდეგ მოვიდა პოლიცია,“ – იხსენებს თავდასხმის დეტალებს „აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი სულხან მესხიძე.

სულხან მესხიძის თქმით, „ოცნების ქალაქში“ მათ წინააღმდეგ გამოსული რამდენიმე პირი ითხოვდა, რომ ჟურნალისტებს არ გაეშუქებინათ დასახლებაში არსებული პრობლემები.

„ადამიანები, რომლებიც დაგვიპირისპირდნენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, მათ არ სურთ დავსვათ კრიტიკული შეკითხვები ან ზოგადად „ოცნების ქალაქზე“ რაიმე დავწეროთ. ბავშვების დაღუპვის მერე, ბოლო ერთი თვეა, ეს ადამიანები აგრესიული ქმედებით გამოირჩევიან, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ სამშენებლო უსაფრთხოებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ და სტატიები არ დავწეროთ.

თვლიან, რომ არ უნდა გავაშუქოთ არაფერი და დასახლებაში უნდა მივიდეთ მხოლოდ მათი ნებართვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი იქ თვითნებურადაა ჩასახლებული და ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება,“ – ამბობს სულხან მესხიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“  ჟურნალისტი, ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ მათ რამდენიმე წლის წინ აქვთ მომზადებული გამოძიება „ოცნების ქალაქის“ შესახებ. „სახელმწიფოს უკანონო შვილები“ ასე ერქვა გამოძიებას, სადაც რამდენიმე ოჯახის მაგალითზე იყო შესწავლილი, თუ რა მიზეზით ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ სხვა ჟურნალისტების შრომასთან ერთად, მათ მიერ მომზადებულმა საგამოძიებო რეპორტაჟმაც შეიტანა წვლილი იმაში, რომ დღეს ნაწილს საცხოვრებელი ბინები აქვთ და ნაწილს პერსპექტივა, რომ ახალ ბინაში იცხოვროს.

თუმცა დღეს „ოცნების ქალაქში“ ჩასულ გამომძიებელ ჟურნალისტებს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები აგრესიულად დახვდა.

„ჩვენი მისვლისთანავე გამოჩნდა ორი ქალბატონი, რომლებიც გვიყვიროდნენ, „ახლავე დაიკარგეთ აქედან, ახლავე წაეთრიეთ აქედან“. არც კი მინდა გავიმეორო ყველა სიტყვა, რითაც შეგვხვდნენ,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, ის შეეცადა აეხსნა აგრესიულად განწყობილი მოქალაქეებისთვის, რომ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომ ამზადებდა რეპორტაჟს და რომ გადაღების და თავისუფლად მუშაობის უფლება ჰქონდათ.

„არ გვისმენდნენ. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. 90-იანი წლებიდან ვარ ჟურნალისტი. არ მინახავს მსგავსი კომუნიკაცია ადამიანების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ხან მხედრიონი გვარბევდა, ხან გვაპატიმრებდა და გვაქვს გამოვლილი საკმაოდ მძიმე ჟურნალისტური ცხოვრება.

ასეთი ალოგიკური, ასეთი წარმოუდგენელი არაფერი გვინახავს. შეურაცხყოფილები წამოვედით,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, მათ „ოცნების ქალაქში“ პოლიცია გამოიძახეს და ოქმის შედგენაც მოითხოვეს.

ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ პოლიციას მისი თანდასწრებით ოქმი არ შეუდგენია და უთხრეს, რომ მოგვიანებით მიაწოდებდნენ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს გამუდმებით ახსენებენ, რომ საზოგადოების თანხები იხარჯება იმისათვის, რომ გაშუქდეს პრობლემები. ვართ ახლა აქ სწორედ ამ მისიით, და ეს უნდა გაიგოს ყველამ, არცერთ ადამიანს, არცერთ ჯგუფს, აქვს უფლება, ჩვენ მუშაობაში შეგვიშალოს ხელი,“ – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიული მხარდამჭერები „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობენ.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

ქალების 11.9% ამბობს, რომ პარტნიორს მათთვის მიუყენებია შეურაცხყოფა – კვლევა

„საქართველოში გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებები დადებითია. მიუხედავად ამისა, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ოჯახში საქმიანობების გადანაწილება, ბავშვზე ზრუნვის საკითხები და ქალისა და კაცის როლები, მოსახლეობა კვლავ კონსერვატიული ნორმების ერთგული რჩება. მაგალითად, ქალების კარიერული და პოლიტიკური განვითარება კვლევის მონაწილეების მიერ მხარდაჭერილია, თუმცა, არა როგორც პრიორიტეტი, არამედ საოჯახო როლთან შეთავსებული საქმიანობა“ – ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის უახლეს ანგარიშში.

გაეროს ახალი ანგარიში აღწერს საქართველოში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ აღქმებსა და დამოკიდებულებებს. კვლევა მიმოიხილავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის დამოკიდებულებებს გენდერულ როლებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. 

გამოკითხულთა შორის დაახლოებით ყოველი მესამე თვლის, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეული არ არის. 

ანგარიშის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

  • გენდერული თანასწორობა

კვლევის მონაწილეების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს იმას, რომ მემკვიდრეობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის ქონება თანაბრად განაწილდეს, შვილების სქესის მიუხედავად. თუმცა, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია კონსერვატიული მიდგომები, რამდენადაც ყოველი მესამე კაცი და ქალების მეხუთედი ან მეტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება ვაჟს უნდა ერგოს. 

 2019 წელთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ქალები ემხრობიან მშობლების სახლის, მიწისა და ოჯახის ბიზნესის თანაბარ განაწილებას. საპირისპიროდ, 2024 წელს კაცები ნაკლებად უჭერენ მხარს მიწის, ძვირფასეულობის, მოძრავი ქონებისა და ოჯახის ბიზნესის და-ძმაზე განაწილებას. 

საქართველოს მოსახლეობის 57.5% მიიჩნევს, რომ მ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რესპონდენტებში მსგავსი დამოკიდებულებები შემცირებულია. 

 ამავდროულად რესპონდენტები მიუთითებენ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის პოზიტიურ გავლენაზე. კონკრეტულად, ქალების 71.6% და კაცების 51.8% თვლის, რომ უფრო მეტი ქალის ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის. 

რესპონდენტთა ნახევარი ასევე თვლის, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლია ლიდერობა გაუწიოს ბიზნესს, თუმცა, ამ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ეთანხმება, ვიდრე კაცი.

  • ურთიერთობები და ძალადობა
ქალები შედარებით ხშირად მიუთითებენ პარტნიორის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ვიდრე ამას კაცები აღიარებენ ქალი პარტნიორის მიმართ.

ქალების 11.9% ამბობს, რომ პარტნიორს მათთვის მიუყენებია შეურაცხყოფა ან დაუმცირებია ისინი. გარდა ამისა, 9.1% ამბობს, რომ მათთვის პარტნიორს მიუყენებია შეურაცხყოფა სხვა ადამიანების თანდასწრებით. 9.6% ამბობს, რომ ისინი პარტნიორს შეუშინებია ან დაუშინებია ყვირილით ან ნივთების სროლით. აღსანიშნავია, რომ კაცების მაქსიმუმ 3% ეთანხმება მსგავსი საქციელის ოდესმე ჩადენას თავიანთი პარტნიორის მიმართ. 

ქალების 4.5%-ს განუცდია პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა. კაცების მხოლოდ 1.9% არის ისეთი, ვინც აღიარებს, რომ პარტნიორისთვის დაუძალებია დაემყარებინა სექსუალური კავშირი, მაშინ როდესაც ქალს ეს არ უნდოდა. როდესაც საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, ქალების 1.5% არის ისეთი, ვინც ამბობს, რომ ადამიანს, ვინც არ იყო მისი პარტნიორი, დაუტანებია ძალა, ჩაედინა სექსუალური ხასიათის ქმედება. 

2019 წელთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია რესპონდენტების წილი, ვინც თვლის, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა ოჯახის შესანარჩუნებლად.

შედარებით ახალგაზრდა რესპონდენტები ნაკლებ მიმღებლობას ავლენენ ოჯახში ძალადობის მიმართ, ვიდრე უფროსი ასაკის რესპონდენტები. (მოსახლეობა- 19.3%; ქალი: 18-29 წლის-3.1%, 30-54 წლის-11.7%,55 წლის და მეტის-29.4%; კაცი: 18-29 წლის-13.8%, 30-54 წლის-19.3%, 55 წლის და მეტის-33%). კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17.8%-იდან 22.2%-მდე გაიზარდა, ხოლო ქალების შემთხვევაში – 10.1%-იდან 16.6%-მდე.

2019 და 2024 წლებში მსგავსია ქალებისა და კაცების წილი, ვინც ეთანხმება, რომ არის სიტუაციები როდესაც ქალი იმსახურებს ცემას.

გამოკითხული ქალებისა და კაცების ნახევარი მიიჩნევს, რომ ქალ პარტნიორებზე ნებისმიერი სახის ძალადობა ნორმალიზებულია/ჩვეულებრივი ამბავია. 2019 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 64.2%-იდან 55.3%-მდე არის შემცირებული, ხოლო კაცების შემთხვევაში თითქმის უცვლელია.

ყოველი მეოთხე ქალი და ყოველი მეხუთე კაცი იცნობს ერთ ქალს მაინც, რომელსაც გამოუცდია ოჯახში ძალადობის რაიმე ფორმა. 2019 წელს მაჩვენებლები მსგავსი იყო.

  • აუნაზღაურებელი შრომის განაწილება

ოჯახში ქალებს თითქმის სრულად საკუთარ თავზე აქვთ აღებული საოჯახო საქმიანობები. 10 ქალიდან 9 ამბობს, რომ ძირითადად ისინი ასრულებენ ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა სარეცხის/ტანსაცმლის რეცხვა, სახლის დალაგება, აბაზანის და საპირფარეშოს დალაგება. 10 ქალიდან 8 ასევე საკუთარ მოვალეობად ასახელებს საჭმლის მომზადებას.

  • ბავშვზე ზრუნვა

ბავშვზე ზრუნვა საქართველოში დედის მოვალეობად მიიჩნევა. 10 ქალიდან 6 ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი (52.9%) ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის საკითხები წყვილს შორის განაწილებულია.

ქალები საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევენ ბავშვზე ზრუნვის ყოველდღიურ საქმიანობას, როგორიცაა ბავშვებთან სახლში დარჩენა (63.2%), ბავშვებთან თამაში ან სხვადასხვა დასასვენებელი/ გასართობი აქტივობის ერთად შესრულება (51.6%), ბავშვის ტანსაცმლისა და საფენის გამოცვლა (75.7%), ბავშვებთან პირად საკითხებზე საუბარი (52.7%), ბავშვების დავალებების შესრულებაში მიხმარება (58.6%) და ბავშვების დაძინება (70.5%). 

ბავშვის აღზრდაში მამის როლი ფასდება როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა აღზრდაში პრაქტიკული მონაწილეობა კვლავ ქალის პასუხისმგებლობად რჩება. ქალებისა და კაცების 81% მიიჩნევს, რომ კაცის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მამობაა. ამავდროულად, კაცებისა და ქალების დაახლოებით 70% თვლის, რომ ბავშვისთვის საფენის გამოცვლა, მისი ბანაობა და კვება დედის მოვალეობაა.

დამატებით, დაახლოებით ამდენივე მიიჩნევს, რომ თუ ქმარი მუშაობს, ცოლი კი – არა, ცოლმა თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საოჯახო საქმეებზეც, რომლებსაც ჩვეულებრივ კაცი აკეთებს. 

  • ჰომოფობია

კვლევამ ასევე მიმოიხილა დამოკიდებულებები სექსუალობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით ჰომოფობიური დამოკიდებულებები შემცირებულია, ასეთი მიდგომები კვლავ უმრავლესობას წარმოადგენს როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. 

კვლევა აჩვენებს, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულებები ჯერ ისევ მყარად არის გამჯდარი საზოგადოებაში როგორც ქალებში, ასევე კაცებში.

 2024 წელს:

დაახლოებით ყოველი მეორე ქალი და 3 კაციდან 2 ამბობს, რომ არასდროს ეყოლებოდა ჰომოსექსუალი მეგობარი (2024: ქალი-55.1%, კაცი-64.5%; 2018: ქალი-54.1%, კაცი-80.7%; 2014: ქალი-60.7%; კაცი-78.1%);

ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება (2024:ქალი-58.7%, კაცი-66.6%; 2019: ქალი-63.9%, კაცი-82.8%; 2013: ქალი-81.9%; კაცი-88.8%;);

მათთვის უხერხული იქნებოდა ჰომოსექსუალი შვილის ყოლა (2024:ქალი-57.5%, კაცი66.1%; 2019: ქალი-73.5%, კაცი-82.6%; 2013: ქალი-66.9%, კაცი-77.3%;). 

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული დამოკიდებულებები

რაც შეეხება შშმ პირებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს, უმეტეს შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები მიმღებლობით ხასიათდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალების მეოთხედის და კაცების მესამედის თანახმად, შშმ მეუღლე ან პარტნიორი ვერ ეყოლებოდა (2024: ქალი-26.9%, კაცი-32.4%; 2019:ქალი-25.9%, კაცი-27.4%).

დამატებით, ყოველი მეხუთე ქალისთვის და ყოველი მეოთხე კაცისთვის უხერხული იქნებოდა შშმ შვილის ყოლა (2024: ქალი-19.2%, კაცი-25.1%; 2019:ქალი-12.8%, კაცი-15.1%).

კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს საქართველოს 11 რეგიონს. თვისებრივი კვლევა წარიმართა ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც ჩატარდა საქართველოს შერჩეულ 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა 2408 პირისპირი ინტერვიუ. შერჩევა რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე.

________________

მთავარ ფოტოზე: საპროტესტო ბანერი თბილისში

„რუსეთის მხრიდან პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“- ენმ-ის განმარტება ვარშალომიძის დაკავებაზე

„ლევან ვარშალომიძეზე რუსეთს გამოცხადებული აქვს საერთაშორისო ძებნა, ის პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“ – განაცხადა დღეს, 20 მარტს, ბათუმში გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე ელგუჯა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ენმ- ის წევრი ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის ქალაქ ატირაუში კონსულტაციებისთვის მიიწვიეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში ვიზიტთან და იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა ყაზახეთში.

18-19 მარტს ლევან ვარშალომიძე იყოფებოდა ყაზახეთში მიწვევით „ბათუმის სასწაულის“ შექმნასთან დაკავშირებით მას  დახმარება და კონსულტაციები უნდა გაეწია.

ის 18 მარტს ჩაფრინდა ქალაქ ატირაუში, 14 საათსა და 20 წუთზე, სადაც მესაზღვრეებმა გააჩერეს. მას  განუმარტეს, რომ იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნაში რუსეთის მიერ და გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება. ასევე, მიმდინარეობდა საქმის შესწავლა.

ის არ ყოფილა არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის წესით დაკავებული და მისი დაკავების ერთადერთი საფუძველი იყო რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება.

19 მარტს ყაზახეთის მხარემ გაარკვია, რომ ერთადერთი მიზეზი იყო მხოლოდ პოლიტიკური დევნა, ამიტომაც ის 19 მარტს, დილითვე გაათავისუფლეს“ – განმარტა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისივე ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ახლა ამსტერდამში იმყოფება.

რა ხარვეზები აქვს საბჭოთადროინდელ ადმინისტრაციულ კოდექსს – იურისტების შეფასება

პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააჯარიმა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც დაჯარიმდნენ არაერთხელ და ისეთებიც, რომელთა „დანაშაულად“ პოლიციამ ზებრა გადასასვლელებზე გადასვლა-გადმოსვლა მიიჩნია და ამას სასამართლოც დაეთანხმა.

საპროტესტო აქციების ზოგიერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან უმეტესობას 5- დან 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯეს.

დაჯარიმებულები ჯარიმების გადახდას არ აპირებენ: „რაც უნდათ, ის ქნან“. მათგან უმეტესობა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას არ აჩერებს. მათ წინასწარვე აქვთ მოლოდინი იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლო შეცვლის რამეს.

ზებრაზე მოძრაობა ბათუმში – 31 იანვარი. ედო მჟავანაძის ფოტო.

ბათუმელი აქტივისტი მალხაზ ირემაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზებრა გასასვლელზე გადასვლის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. ის ჯერ სასამართლოში ზებრის ფორმით მივიდა, მეორე სხდომაზე კი მან „ბორში“ მიუტანა მოსამართლეს და გვითხრა, რომ ამ ფორმით სოციალური უთანასწორობის გაპროტესტება სურდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო – „ზებრაზე გადასვლის საქმე“. მალხაზ ირემაძე ბორშით მივიდა სხდომაზე. 12 მარტი, 2025 წელი

საქართველოში დღემდე მოქმედებს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის [სსრ] უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1984 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. იურისტების შეფასებით, ის ვერ პასუხობს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ამოქმედების დღიდან ამ დრომდე კოდექსში 576 ცვლილება შევიდა, რამაც საკანონმდებლო აქტს ქაოტურობა და კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შესძინა, საბჭოთა კავშირის სამართლებრივი სისტემისთვის დამახასიათებელი ლოგიკა კი უცვლელი დარჩა. 

კოდექსში უამრავი ცვლილება შევიდა, თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევრების შეფასებით, მათი დიდი ნაწილი, გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებდა უფლებრივ სტანდარტებსა და საპროცესო გარანტიებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობის სისტემური რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დადგა დღის წესრიგში.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის 17 თებერვალს დაამტკიცეს, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში პირველად, არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმის საჭიროებას.

მკვლევრების შეფასებით, „აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის პირდაპირ გადაუხვიოს მის მიერვე წლების განმავლობაში გამოხატულ პოზიციას, ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების და პროტესტის ჩახშობის მიზნით“:

„2024 წლის 28 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიას რეპრესიული კანონებისა და არაპროპორციული სანქციების შემოღება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროტესტის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება დაჩქარებული წესით. ცვლილებები შეეხო როგორც ცალკეულ სამართალდარღვევებსა და მათთვის გათვალისწინებულ სახდელებს, აგრეთვე საქმის უზრუნველყოფის ზომებთან  დაკავშირებულ საკითხებს [პირის გასინჯვა, დაკავება]. 

ეს ცვლილებები პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ამ ცვლილებებამდეც ხარვეზიანი და პრობლემური იყო, ბოლო თვეებში დაჩქარებული წესით განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად გააუარესა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელი კანონმდებლობა“  -ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თავის ანგარიშში შეაჯამა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სისტემური ხარვეზები და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არსებული პრინციპული წინააღმდეგობები, რომელიც ყოველდღიურად ასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფუძველი ხდება.

  • პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპის უგულებელყოფა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი მუხლი ცალკეული სამართალდარღვევებისთვის აბსოლუტურად განსაზღვრულ სანქციას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნორმა იმპერატიულად აწესებს სახდელის ერთადერთ სახეს, მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის ნაცვლად.  შესაბამისად, მოსამართლეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე სახდელის შერჩევის შესაძლებლობა არ აქვს და მან ყველა შემთხვევაში კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სახდელის სახე და ზომა უნდა გამოიყენოს.

აბსოლუტურად განსაზღვრული სახდელის მქონე სამართალდარღვევებს მიეკუთვნება, მათ შორის, შეკრებებსა და მანიფესტაციაზე ნიღბის ტარება [ჯარიმა – 2000 ლარი], გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა [ჯარიმა – 5000 ლარი], ვანდალიზმი [ჯარიმა -1000 ლარი], მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯება [ჯარიმა – 1000 ლარი] და სხვა. კოდექსში გვხვდება ისეთი მუხლებიც, რომელიც სახდელის ერთადერთ სახედ პირდაპირ განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობის ითვალისწინებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლი ჩამოთვლის გარემოებებს, რომლებიც სახდელის დადებისას მხედველობაში უნდა მიიღებოდეს. ესენია: ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. ამ საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, ამავე კოდექსის უამრავი მუხლი, აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციის დაწესებით, იმთავითვე ზღუდავს სახდელის დანიშვნისას ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინების შესაძლებლობას.

მართალია, ზემოჩამოთვლილი სამართალდარღვევებიდან ზოგიერთის შემთხვევაში კოდექსი ითვალისწინებს საქმის განმხილველი ორგანოს შესაძლებლობას, ქმედების მცირე მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, პირი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადოს, თუმცა შენიშვნის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობისა და სანქციის ინდივიდუალიზაციას, რადგან ის ყველა სამართალდარღვევაზე არ გამოიყენება და იმ მუხლებზეც კი, რომლებზეც ვრცელდება, გამოყენების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ მცირე მნიშვნელობის ქმედების ჩადენის შემთხვევაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოვლინებაა, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციისა და ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპები ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული და არაჩანაცვლებადი პრინციპებია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამართალდამრღვევი პირი, გარკვეულ, არამცირემნიშვნელოვან ქმედებას ჩაიდენს, სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპი მოითხოვს, რომ საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს გააჩნდეს სახდელის ზომის განსაზღვრის შესაძლებლობა.

  • არაპროპორციულად მკაცრი სახდელები

კოდექსი ადმინისტრაციული სახდელის ცხრა სხვადასხვა სახეს ითვალისწინებს. მათგან, გაფრთხილების შემდეგ, ყველაზე მსუბუქ სანქციად ითვლება ჯარიმა, ყველაზე მკაცრ სახედ კი – ადმინისტრაციული პატიმრობა. კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს არაპროპორციულად მკაცრ სახდელებს როგორც ჯარიმის, ისე პატიმრობის ნაწილში.

პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღეა. 2014 წლამდე მოქმედი რედაქციით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 90 დღეს შეადგენდა. 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პატიმრობის ვადა 15 დღემდე შეამცირა. კანონის ინიციატორები მაშინ განმარტავდნენ, რომ 15 დღეზე მეტი ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას, რათა ადმინისტრაციული დარღვევა ყოფილიყო ბერკეტი ადამიანზე ზემოქმედებისთვის, თუმცა 10 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად 4-ჯერ [90 დღემდე] გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რაც სიმძიმით პრაქტიკულად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის ზომას უტოლდება.

მკაცრ სახდელებთან ერთად, პრობლემურია ისიც, რომ მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული სახდელები ერთმანეთთან შეუსაბამო და არათანმიმდევრულია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა შეკრება-მანიფესტაციებზე ხშირად გამოყენებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომლებზეც გაცილებით მკაცრი სახდელებია გათვალისწინებული, ვიდრე უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ დარღვევებზე. მაგალითად:

საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა [2000 ლარი] 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას. შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი იმავე ოდენობის ჯარიმით [5000 ლარი] ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა.

სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმთან დაკავშირებული ხარვეზები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი როგორც ოქმის შემდგენ ორგანოს, ისე სასამართლოს დამრღვევის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მკაცრ წინაპირობებს აწესებს. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების კუმულაციური არსებობა:

ჩადენილი ქმედება უნდა იყოს მცირემნიშვნელოვანი; ეს ქმედება არ უნდა იყოს ჩადენილი განმეორებით; სამართალდამრღვევის მიმართ მანამდე არ უნდა იყოს გამოყენებული სიტყვიერი შენიშვნა;

კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლი არ უნდა გამორიცხავდეს ჩადენილ სამართალდარღვევაზე შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას.

ბოლო წინაპირობა კოდექსში 2025 წლის თებერვლის ცვლილებებით დაემატა. განხორციელებული ცვლილებებით სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება დამატებით შეიზღუდა ოთხ შემთხვევაში. ესენია: იმავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა [ასკ-ის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი], სახდელდადებული პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა მოხელის შეურაცხყოფა [ასკ-ის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი], პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა [ასკ-ის 17316-ე მუხლს პირველი ნაწილი], შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა ამავე მუხლით სახდელდადებული პირის მიერ [სკ-ის 1741 მუხლი].

ყველა ჩამოთვლილი მუხლი შეკრებასა და გამოხატვასთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კოდექსში უკანასკნელ თვეებში განხორციელებული ცვლილებები პროტესტის დასუსტებას და დემონსტრანტების დასჯას და დაშინებას ისახავს მიზნად.

სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი 2025 წლის თებერვლის ცვლილებებამდეც პრობლემური იყო, რადგან ის ბლანკეტურად კრძალავდა ერთი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიმართ ხელმეორედ ამ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას. სიტყვიერი შენიშვნა სახდელის სახე არ არის, თუმცა ადმინისტრაციული სახდელიც კი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ქარწყლდება და კარგავს სამართლებრივ მნიშვნელობას. სახდელთან შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიება, შენიშვნა, კი წლების გასვლის შემდეგაც რელევანტურ გარემოებად რჩება, რომელიც ხელახლა მის გამოყენებას ზღუდავს.

სისხლის სამართლის კოდექსიც კი, რომელიც გაცილებით მძიმე კანონდარღვევებისთვის ადგენს სასჯელს, საშეღავათო მექანიზმთან მიმართებით ამგვარ წინაპირობებს არ ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით, სისხლისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს შორის ორი ძირითადი განსხვავებაა:

სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს დანაშაულის ცნებისგან გამონაკლისს. დანაშაულად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც, ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. ესე იგი, სისხლის სამართლის კოდექსი ასეთი მცირემნიშვნელობის ქმედებებს საერთოდ არ მიიჩნევს დანაშაულად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კი მსგავს შემთხვევებში არ უარყოფს სამართალდარღვევის არსებობას და მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს მოსამართლეს.

სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესებს შეზღუდვებს ამ მექანიზმის განმეორებით გამოყენებაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით კი, დამრღვევი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების მექანიზმი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება განმეორებით არის ჩადენილი ან პირის მიმართ მანამდე ყოფილა სიტყვიერი შენიშვნა გამოყენებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება სრულად იხილეთ აქ.

________________

ფოტოზე: „ზებრა გადასასვლელის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები“

შენობა სკანდალური კიბით – ამჯერად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება კულტურის სახლის რემონტზე

ახალშენის კულტურის სახლი, რომელსაც ხელვაჩაურის მერია უკვე მეცხრე წელია არემონტებს, კვლავ სარეაბილიტაციოა.

ამჯერად მუნიციპალიტეტმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 1 707 267 ლარით გამოაცხადა.

აღნიშნული შენობა საზოგადოებას მორიგი რემონტის შემდეგ ყრუ კედელზე მიდგმული კიბითაც დაამახსოვრდა.

„სკანდალური“ კიბე ახალშენის კულტურის სახლზე [მარცხნივ/ფოტო არქივიდან] და იგივე კიბის რენდერი შენობის სარეაბილიტაციო პროექტიდან [მარჯვნივ].
ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 2 აპრილს დაიწყება და 7 აპრილს დასრულდება.

სატენდერო პირობის მიხედვით სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 11  თვის განმავლობაში [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს სამუშაოები შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ პროექტის შეძენაში ხელვაჩაურის მერიამ ცალკე 44 ათას 900 ლარი გადაუხადა ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „საბას“. პროექტი მუნიციპალიტეტმა 2023 წლის დეკემბერში ჩაიბარა.

ახალშენის კულტურის სახლი / რენდერი პროექტიდან
ახალშენის კულტურის სახლი / რენდერი პროექტიდან
  • ახალშენის კულტურის სახლის რემონტის ისტორიიდან

ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხელვაჩაურის მერიამ 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ხელვაჩაურის მერიამ შპს „ნევ სტაილ ბილდინგთან“ გააფორმა და საბოლოოდ ამ კომპანიას 392 720 ლარი გადაუხადა.

2017 წელს მერიამ ახალშენის კულტურის სახლთან არსებული მინისტადიონის რესტავრაციისთვის 21 562 ლარი დახარჯა. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული შპს „თამუნა“ იყო.

მერიამ ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოები [მეორე ეტაპი] 2018 წელს გააგრძელა და ამჯერად კომპანია „ფელიქსს“ გადაუხადა 468 414 ლარი.

2019 წელს ხელვაჩაურის მერიის საქმიანობის შესწავლა სუს-მა დაიწყო. მაშინ კულტურის სახლის მშენებლობის საკითხით საფინანსო სამსახურიც დაინტერესდა. თავის დროზე ხელვაჩაურის მერიას ამ შემოწმებების შედეგებზეც ვკითხეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარია აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ხარვეზებიანი პროექტით – პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა.

ქვეყანაში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს

საქართველოში არ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი, რომელიც აქ 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ქალთა უფლებების დამცველი შვედური ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს („ქალები ქალებისათვის“) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი და ყოფილი ჟურნალისტია.

ინფორმაციას ამის შესახებ რეგინა ეგოროვა-ასკეროვა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს, მისთვის საზღვარზე გადაცემული დოკუმენტის ფოტოსთან ერთად, რომელშიც საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის მიზეზი არ არის დაკონკრეტებული.

„არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს” – მონიშნულია გრაფაში.

„ჩემს საყვარელ საქართველოში ცხოვრებიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ, ქვეყანაში შესვლის უფლება არ მომცეს! ახსნა-განმარტების გარეშე გამაძევეს „სხვა მიზეზების გამო“… ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ სად არის დღეს ქვეყანა”, – წერს რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.

დრონების თავდასხმის შედეგად ენგელსში რუსეთის სამხედრო აეროდრომთან ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, სარატოვის ოლქში, ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული არხები ტელეგრამზე წერენ, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

ენგელსი რუსეთის შორსმოქმედი ავიაციის მთავარი ბაზაა. „ენგელს-2“ სამხედრო აეროდრომზე განლაგებულია რუსეთის 22-ე მძიმე ბომბდამშენი საჰაერო დივიზიის Ту-95МС და Ту-160 თვითმფრინავები, რომლებიც გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის.

უკრაინული დრონების სამიზნე რუსეთის საჰაერო ბაზა ქალაქ ენგელსში არაერთხელ გახდა.

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 მარტს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბარაკში გაჩნდა და საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ / 20.03.2025

დაუშვებელია საჯარო მოხლეეების გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო – სახალხო დამცველი

საჯარო მოხელეების საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებას სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

ამასთან, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო.

„2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს, თუ მათ მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევა იქნება, მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს.

„განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია დისტანციურად შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@pdo.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში ან/და კონსულტაციის მიზნით, დაუკავშირდით სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს – 1481,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 899 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
  • ტანკი – 10 377 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 21 561 ერთეული [+38]
  • საარტილერიო სისტემა – 24 747 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 322 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 110 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 895 ერთეული [+179]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 41 094 ერთეული [+91]
  • სპეცტექნიკა – 3 780 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 658 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 47 578 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 374 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 530 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 752 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 083 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დრონების თავდასხმის შედეგად ენგელსში რუსეთის სამხედრო აეროდრომთან ხანძარი გაჩნდა

რის შესახებ ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ზუგდიდელ აქტივისტს ერთ დღეში 3 ჯარიმის ოქმი ჩააბარეს – „თითქოს ჯიბრში მიდგანან“

18 მარტს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდის სასამართლო შენობის ეზოში პოლიციამ ჯარიმის 3 ოქმი ჩააბარა.

„დამირეკეს, რომ ზუგდიდის სასამართლო შენობაში მივსულიყავი ჯარიმების ოქმების ჩასაბარებლად, მაგრამ რადგან ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ პოლიციის შენობაში ჩემი ფეხით არ შევალ, თუ დაკავებული არ ვიქნები, რა თქმა უნდა, მოუწიათ, რომ ეს ოქმები გარეთ გამოეტანათ”, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ სიჭინავამ.

აქტივისტის თქმით, ის ჯამში დაახლოებით 25-ჯერ დააჯარიმეს. 18 მარტს ჩაბარებულ ჯარიმის ოქმებზე მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ეს იანვარ-თებერვალში ჩადენილ „დარღვევებზე“ გამოწერილი ჯარიმებია.

„ლაზერის გამოყენებას ეხება აქცია-დემონსტრაციაზე, რაც ძველი დადგენილებით ჯარიმას ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით“ – გვითხრა აქტივისტმა.

მარიამ სიჭინავა ფიქრობს, რომ მის დაჯარიმებას გააგრძელებენ.

„თითქოს რაღაც ჯიბრში მიდგანან. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ შიშის ფაქტორი არ მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ამას ჩემს შესაშინებლად ან გასაჩერებლად აკეთებენ… სხვა მოქალაქეების დაშინებას ცდილობენ ამით. აჩვენებენ, რომ აი, მარიამ სიჭინავას ჩვენ ყოველდღიურად ვაჯარიმებთ და თქვენც არ გეპატიებათ, თუ იმავეს გააკეთებთ”.

სამივე ჯარიმის ჩაბარების ველში მარიამ სიჭინავამ ხელმოწერის ნაცვლად დატოვა წარწერა – „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს!“ ჯარიმის ჩაბარებისას აქტივისტი პროტესტის ნიშნად უწყვეტად უსტვენდა. 

„პოლიციის შენობასთან რიგი იდგა ფაქტობრივად პოლიციელების, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობდნენ, ჩემთვის აეხსნათ ეს ჯარიმები რის გამო, რომელ რიცხვში და რატომ იყო. რომ გითხრათ, რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა ამ ჯარიმებს ჩემთვის, ამის გამო ვნერვიულობ და რაღაც, რა თქმა უნდა – არა. გინდ ჩაებარებინათ, გინდ – არა, რადგან ამ ჯარიმებს მე არ ვიხდი.

ვაპირებ, რომ ეს ჯარიმები გავასაჩივრო იმისთვის, რომ სისტემა გადავტვირთოთ, ასე ვთქვათ. სამივე [ჯარიმის] გასაჩივრებას ვაპირებ ცალ-ცალკე ვადებში იმისთვის, რომ არ გააერთიანონ და ცალ-ცალკე მოუწიონ დადგენილებების მიღება… წინ გველოდება სამი სასამართლო პროცესი“ – ამბობს მარიამ სიჭინავა.

ზუგდიდში მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და უერთდებიან პროტესტის მთავარ მოთხოვნებს ქვეყანაში – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები.

____________

მთავარ ფოტოზე მარიამ სიჭინავა. ფოტო: სალომე ფარცვანია. 

ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, კერძოდ, დაბა ხულოდან გზის დაახლოებით მეხუთე კილომეტრზე, ნაპრალები გაჩნდა.

ეს გზა ორი წლის წინ შეაკეთეს. ადგილობრივების დაკვირვებით, ნაპრალები გზაზე საკმაოდ ღრმაა და შესაძლოა ის მეწყრის საფრთხეებზე მიანიშნებდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთთან ახლოს მეწყერი 2023 წელს ჩამოწვა.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ფოტო/”ბათუმელები” /18.03.2025

„ბათუმელები“ შეეცადა ხულოს მერიის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღებას – ხომ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამსახურებისთვის და ხომ არ მიმდინარეობს გზის ამ მონაკვეთის შესწავლა გეოლოგების მიერ, თუმცა ხულოს მერიის პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-გოდერძის მონაკვეთი. ფოტო/”ბათუმელები” /18.03.2025

რაც შეეხება უშუალოდ გზას, აღნიშნული ავტომაგისტრალის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

„ინფორმირებულები ვართ. დავალება უკვე გაცემულია და შეავსებენ [ნაპრალებს] ამ უახლოეს პერიოდში“, – მოგვწერეს დეპარტამენტის პრესსამსახურიდან.

კითხვაზე, ხომ არ არის აუცილებლობა ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლონ, ან ხომ არ შეუსწავლიათ უკვე, გზების დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ მიმდინარეობს დაკვირვება.

ხულო-გოდერძის გზა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ის ნაწილია, რომელსაც საქართველოს გზების დეპარტამენტი 2018 წლიდან აკეთებს. საუბარია ხულო-ზარზმის გზის პროექტზე, რომელიც წესით 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და დღემდე დაუმთავრებელია.

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

„პოლიციელო გაყიდე სიმითი, იცხოვრე ღირსეულად“ – სტამბოლში სტუდენტების აქციაა

დღეს, 19 მარტს, სტამბოლში საპროტესტო აქციას მართავენ სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი აპროტესტებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას რომლითაც სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს.

ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად მოხდა ოპოზიციონერის დისკვალიფიკაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან.

სტუდენტებმა მსვლელობა უნივერსიტეტის კაფეტერიიდან დაიწყეს სასწავლებლის მთავარი შესასვლელისკენ. სტამბოლის უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკართან პოლიციამ სტუდენტების შესაჩერებლად ბარიკადები მოაწყო, მათ შესაჩერებლად ასევე გამოიყენა წიწაკის სპრეი.

პოლიციის წინ მდგარი სტუდენტები ხმამაღლა სკანდირებდნენ – „პოლიციელო გაყიდე სიმითი, იცხოვრე ღირსეულად“.

სტუდენტები ბარიკადების გარღვევას ცდილობდნენ და ერთმანეთს ასე ამხნევებდნენ: “გადახტი, გადახტი, ვინც არ გადახტეს, ერდოღანი იყოს”. საბოლოოდ სტუდენტებმა ბარიკადების გარღვევა შეძლეს და უნივერსიტეტის ეზოში შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა სპეცრაზმელს, რომელიც სტუდენტების წინააღმდეგ იყო მობილიზებული, თავზე ეხურა დანომრილი ჩაფხუტი, რომლითაც მათი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

სტუდენტები სტამბულის უნივერსიტეტში აქციას მართავენ

დღეს, 19 მარტს, თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ამასთან, თურქეთის პროკურატურამ 100 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. მთავრობამ დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის ირგვლივ და ოთხი დღით აკრძალა აქციები, რათა თავიდან აიცილოს პროტესტი დაპატიმრებების შემდეგ.

დაკავებულთა შორისაა იმამოღლუს თანამებრძოლი მურატ ონგუნიც.

იმამოღლუ დააკავეს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ) პრაიმერიზის წინ, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო და იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა.

თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პროტესტი მიმდინარეობს.

„ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გულგატეხილი არ ვიქნები. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ მცხოვრებელს, არამედ (თურქეთის) 86 მილიონ მოქალაქეს“, — თქვა იმამოღლუმ დაკავებამდე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მან თურქეთის ხელისუფლება„ ხალხის ნების უზურპაციაში“ დაადანაშაულა.

თავდაცვის სამინისტროში 150-მდე პირი გაათავისუფლეს, რაც რეპრესიაა პოლიტიკური ნიშნით – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი, რის შედეგად სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული.

„გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს“ – ამბობს საია. მათივე განცხადებით, საუბარია ასევე საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაზეც.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ ნაწილს, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს სხვადასხვა დასაბუთებით.

ამ პროცესს წინ უძღოდა 2024 წლის 13 დეკემბერს, პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც ცალსახად ნეგატიურია, აუარესებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა/საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას და ტოვებს მათ სამართლებრივი გარანტიების გარეშე.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე საჯარო დაწესებულების, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებაც.

გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გავრცელებული განცხადებების ხელმომწერები იყვნენ ან ღიად აფიქსირებდნენ უწყებებში მათ მოსაზრებას ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით“ – აცხადებს საია.

ორგანიზაციით განცხადებით, შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია.

„რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი – გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციებზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან.

ამგვარად, თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 24 იანვარს ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი. ცვლილების მიხედვით, შესაბამისი წოდებისთვის დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევა წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. რეორგანიზაციის გარდა, სწორედ ამ ცვლილების საფუძველზეც არაერთი პირი გათავისუფლდა უწყებიდან“ – აცხადებს საია.

მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ზღვრული ასაკის დაწესება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, მისი რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დაუშვებელია.

„ზღვრული ასაკის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ამ საკითხის დარეგულირება და ცვლილებების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს.

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული და კონსტიტუციის 25-ე მუხლით დადგენილი გარანტიები ერთი მხრივ, უწყებაში დასაქმებულ პირს აძლევდეს შესაძლებლობას თავისი ფუნქციების ჯეროვანი შესრულებისთვის, მეორე მხრივ, ამ სამუშაოს შესრულებით უზრუნველყოფილი იყოს მისი სოციალური კეთილდღეობა“.

საია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიას საჯარო მოხელეების მიმართ.

„პროცესი ხორციელდება უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით, რაც არღვევს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია“ – აცხადებს საია.

ჟურნალისტმა მასზე თავდასხმების გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებოს მიმართა

ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჟურნალისტმა სულხან მესხიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე თავდასხმის ერთი შემთხვევა მოხდა „ოცნების ქალაქში“, 15 თებერვალს, როცა ის დასახლებაში ორი ბავშვის ტრაგიკულ დაღუპვას აშუქებდა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით.

„გაშუქების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩეოდა აგრესიულობით, რასაც ადასტურებს ჩემ მიერ გადაღებული არაერთი კადრი. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში დანიელ თურაძე, რომელიც გახლავთ ბათუმის ბულვარის თანამშრომელი, ხელის დარტყმით ძირს აგდებს „აჭარა თაიმსის“ ტექნიკას – ისვრის მიკროფონს და მანამდე მეუბნება შემდეგ ფრაზებს : „ … ეს გახარებთ თქვენ და ამიტომ აკეთებთ ამას. სიხარულისთვის აკეთებთ ამას, გაჭირვებისთვის ამას არ აკეთებთ.“ ვიდეოში ისმის ასევე რეპლიკა: „უნამუსო კაცი“.

დროის ამ მონაკვეთში, იმავე ტერიტორიაზე ჩაიარეს ჩინოვნიკებმა (ირაკლი თავდგირიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, მინდია გოგუაძე, საკრებულოს წევრი, რამაზ ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და სხვა.) და მათ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ ამ ფაქტზე. ფაქტობრივად, დუმილით მხარი დაუჭირეს დანიელ თურაძის ამ მოქმედებას და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას. სწორედ ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა ტერიტორია, რადგან ჩემთვის უკვე აღარ იყო უსაფრთხო იქ ყოფნა“ – წერს სულხან მესხიძე საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში იგი წერს მასზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზეც:

„ოცნების ქალაქში” კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას პირდაპირ ეთერში ვაწვდიდით საზოგადოებას, რა დროსაც ერთ-ერთი პირი გადაღების შეწყვეტასა და “აჭარა თაიმსის” ადგილიდან გაძევებას მოითხოვდა. თუმცა, ერთ-ერთი დაზარალებულის დახმარებით აგრესიულად განწყობილმა პირმა თავისი განზრახვა ვერ განახორციელა. ამ პერიოდში განსაკუთრებით, “ოცნების ქალაქში” მცხოვრები რამდენიმე პირი, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, “აჭარა თაიმსის” მიმართ აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. ისინი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან კრიტიკული კითხვების დასმას გვიკრძალავდნენ.

რაც შეეხება თავდასხმის მესამე ეპიზოდს, ეს მოხდა 2025 წლის 15 თებერვალს, რის დამადასტურებელი კადრები აგრეთვე გადაღებულია ჩემ მიერ. ამ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობდა “ქართული ოცნება” ხალხის გაჩუმებასა და კრიტიკული განწყობების ჩახშობას. კერძოდ, „ოცნების ქალაქში“ აჭარის ეკონომიკის მინისტრი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად მივიდნენ, რის შემდეგაც მედიასა და მოქალაქეებზე თავდასხმა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერების მხრიდან გამოვლენილ აგრესიასა და ძალადობაზე ჯაბა ფუტკარაძეს, ასევე ირაკლი თავდგირიძეს რეაქცია არ ჰქონდათ.

აგრეთვე, ბათუმის მერიის თანამშრომელმა, გიორგი გიორგაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი: „უღირსი და უსაქციელო არაკაცი ხარ ფურთხსაც რომ ვერ გავიმეტებ შენთვის …“. პორტი არის ცალსახად მუქარის ტონისა და სიძულვილის ენის შემცველი“ – წერს სულხან მესხიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ქმნიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი მუხლის შემადგენლობას. კერძოდ: ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (სსკ-ის 154-ე მუხლი) და სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას.

„აღსანიშნავია, რომ 154-ე მუხლისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ზემოთ ხსენებული ქმედებები, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც ბუნებრივია, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია.

გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების დარღვევაზე“ – მიმართავს სულხან მესხიძე საგამოძიებო სამსახურს.

სულხან მესხიძემ განცხადებით საგამოძიებო სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მიმართა.

„ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება“ – ნონა ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე, რომელიც სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავდა ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვისას, ამბობს, რომ ეს საქმე სტრასბურგში მოხვდება და სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება.

სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე).

მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე – განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე „აბრაზებს“ საკუთარი „სამართლიანობით“, რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, „შერჩევითი სამართალია?“ [სწორედ ასე მიმართა შსს-ს წარმომადგენელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვისას 6 მარტს – რედაქციის შენიშვნა] თუმცა, ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა. სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს.

ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა.

შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე, სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა.

ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე. თავისუფლება მზიას“ – წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე.

18 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე. მოსამართლემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

სწორედ ამ, ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საფუძველი სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარე საქმეში.

მზია ამაღლობელი ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მას პროკურატურა სისხლის სამართლის მუხლით ედავება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 12 იანვარს, აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის გაწნული სილის გამო.

ამავე თემაზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

 

რუსეთმა უკრაინას 145 დრონით და რაკეტებით შეუტია ტრამპის და პუტინის მშვიდობაზე საუბრის შემდეგ

19 მარტის ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს დაესხა ბალისტიკური რაკეტებითა და 145 „შაჰედის“ დრონით, მათგან 45 დრონის სამიზნე იყო კიევის რეგიონი.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ წერს საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით.

უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 72 დრონი.

მედიის ცნობით, სუმსა და კრასნოპოლში დრონი საავადმყოფოს შენობას მოხვდა, საჭირო გახდა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ, 18 მარტს შედგა. ოფიციალური ცნობებით, ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომზე „დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“. ასევე, ტრამპთან საუბარში პუტინმა უარყო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა, მაგრამ სანაცვლოდ დათანხმდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის შეკავებაზე, თუმცა რუსეთმა ამ საუბრიდან რამდენიმე საათში განახორციელა მასობრივი შეტევაზე უკრაინაზე.

___________

ფოტო: კიევის პოლიცია ტელეგრამზე

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მარტის 21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვლ-ჭყაპი, მაღალ მთაში – თოვლი, მთიან ზონაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია, ღელვა – 4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში 21-22 მარტს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, მაღალ მთაში – თოვა.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

AWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში  

თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული ამოცანების გადაჭრაზე გუნდურ რეჟიმში ემუშავათ.

თიბისის თანამშრომლებსა და IT აკადემიის სტუდენტებს სამუშაო პროცესში მენტორობას უწევდნენ AWS-ს ინჟინრები და თიბისის DevOps გუნდის წარმომადგენლები.

ჩვენთვის AWS GameDay-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია DevOps ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. AWS-ის გუნდის ჩართულობა აძლიერებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კულტურას, რაც პირდაპირ აისახება როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე,” –  ამბობს თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

AWS GameDay საქართველოში DevOps ეკოსისტემის განვითარებისთვის ახალი ეტაპია. თიბისი და AWS ერთობლივად ქმნიან სივრცეს, სადაც მომავალი და მოქმედი DevOps სპეციალისტები რეალურ გამოწვევებს უმკლავდებიან, სწავლობენ საერთაშორისო სტანდარტებს და იღებენ უმაღლესი დონის მენტორობას. ეს ინიციატივა აძლიერებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სფეროს განვითარებისთვის.

თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ინოვაციებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და ახალი თაობის IT პროფესიონალების განვითარებას.

თიბისი IT აკადემია და Amazon Web Services პარტნიორობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო პროექტსა და პრაქტიკულ აქტივობას გეგმავს, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 898 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 10 364 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 21 523 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 24 704 ერთეული [+64]
  • MLRS – 1 320 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 107 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 29 716 ერთეული [+100]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 121 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 41 003 ერთეული [+111]
  • სპეცტექნიკა – 3 780 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 658 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 47 353 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 344 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 529 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 22 700 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 050 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რაზე (ვერ) შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი

ზელენსკის თქმით, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ის რუსეთივით არ იქცევა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელის ორი საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ფოტოამბავი

18 მარტს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავის სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იგი რუსთავის ქალთა კოლონიიდან ჩამოიყვანეს სხდომაზე დასასწრებად.

სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტები და მოქალაქეები იკრიბებიან
სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველების რიგი
სასამართლოს ფოიეში
სასამართლო დარბაზში
მარია რესას წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ სასამართლო დარბაზში
სასამართლო პროცესი
„უსამართლო სასამართლო“ – წარწერა მაისურზე
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში რამდენიმე თვეა არ მუშაობს ხმის გამაძლიერებელი სისტემა, რის გამოც დარბაზში დამსწრეებს არც მოსამართლის და არც მხარეების ხმა არ ესმით
მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომლის აცილებაც მოითხოვეს ადვოკატებმა
„შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ სტალინური, საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის,” – თქვა დღეს, 18 მარტს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა
მორიგი სასამართლო სხდომა 31 მარტს ჩაინიშნა
18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის კიდევ ერთი, ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა. სტიკერის გაკვრის საქმეზე მზია ამაღლობელს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამ საქმეზე მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს
მოსამართლე სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა
მზია ამაღლობელი ბათუმის სასამართლოდან საპატიმროში მიჰყავთ. სასამართლოს ეზოს ჭიშკართან მზია ამაღლობელს მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები ელოდებიან
პენიტენციური სისტემის მანქანა, რომლითაც მზია ამაღლობელი ქალთა კოლონიაში გადაჰყავთ
მოქალაქეები ცდილობენ ხმა გააგონონ მზია ამაღლობელს
მანქანა, რომლითაც მზია ამაღლობელი გადაჰყავდათ, საცობში მოხვდა
დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მოქალაქეები ფეხით მიჰყვებოდნენ მანქანას, რომლითაც მზია ამაღლობელი გადაჰყავდათ

ისმოდა პროტესტის შეძახილები
„უსამართლო სასამართლო“

ბათუმელ მედროშეს სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა.

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, იგი 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.

დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.

დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.

თემურ ქათამაძეს აღნიშნულ საკითხებზე დავა აქვს სასამართლოში, მიმართა სახალხო დამცველსაც. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ საქმესთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილის კომენტარს ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული. არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“- ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი.

მისი თქმით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა.

„ახლა ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში“ – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

მზია ამაღლობელის ადვოკატი მოსამართლეს: „თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მიუკერძოებლობის სტანდარტს“

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს განიხილავს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი.

სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯუმბერ ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს დაუსაბუთა, თუ რატომ არ შეუძლია მას გაასამართლოს მზია ამაღლობელი.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ის, რომ ნინო სახელაშვილი ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კონვენციებით დადგენილ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს.

ასევე, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და ამ თანამდებობაზე არ არის დანიშნული კანონით დადგენილი წესით.

„ქალბატონო ნინო, ვაყენებთ თქვენი აცილების შუამდგომლობას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  59-ე მუხლის პირველი ნაწილის ა და ე პუნქტების საფუძველზე შუამდგომლობით, რომ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმიდან აცილებულ იქნეს ნინო სახელაშვილი.

ქალბატონო ნინო, თქვენ ვერ აკმაყოფილებთ საქართველოს კონსტიტუციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და საერთაშორისო კონვენციებით გაწერილ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს.

ასევე, არ ხართ დანიშნული თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით, რაც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

თქვენ 2025 წლის 14 იანვარს, ერთხელ უკვე მიიღეთ მონაწილეობა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, როგორც პირველი წარდგენის სხდომის მოსამართლემ, სადაც უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეუფარდეთ მზია ამაღლობელს პატიმრობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მსჯელობს კონკრეტულად იმ საკითხზე, როდესაც წინასწარი პატიმრობის გამომყენებელი მოსამართლე საქმეს არსებითად განიხილავს, სასამართლოს განმარტებით, როდესაც წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების მიღება ხდება,  საჭიროა ძალიან ნათელი არგუმენტების მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შეიძლება ეჭვი გაჩნდეს და მიჩნეულ იქნას, რომ მომჩივნის შიში სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ არსებითი განხილვის ეტაპზე ობიექტურად შეიძლება იყოს გამართლებული.

თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ სტანდარტს.

2025 წლის 14 იანვრის განჩინების მიხედვით, თქვენ უაპელაციოდ გაიზიარეთ პროკურატურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ჰიპოთეზური მოწმეები,  ყოველგვარი გარემოებებისა და პიროვნების კონკრეტიკის გარეშე, რომლებზეც მზია ამაღლობელს შესაძლოა მოეხდინა ზეგავლენა.

როგორც 2025 წლის 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე გაირკვა, ბრალდების მხარეს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ჰყავს წარმოდგენილი, რითაც დადასტურდა რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობდა. ამიტომ, აღნიშნულზე მითითება პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ემსახურებოდა შაბლონური, ჰიპოთეზური არგუმენტის ხელოვნურად შექმნის მცდელობას, რათა პატიმრობა უკანონო და რეპრესიული მიზნით გამოგეყენებინათ მზია ამაღლობელის მიმართ.

ამავე განჩინებაში თქვენ უკანონოდ მიუთითებთ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის დასადასტურებლადაც ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე იშველიებთ შაბლონურ თეზისებს ქმედების ხასიათისა და ხერხის შესახებ. სამართლიანობის პრინციპის ყოველგვარი დარღვევით, გამოიყენეთ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ფაქტი მისთვის წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად, გარემოებაზე იმსჯელეთ ცალმხრივად და მიკერძოებულად.

არ გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავება მოხდა უკანონოდ. იმ ქმედებისთვის, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დაკავების ოქმში არსებული ყველა გარემოება არის გაყალბებული, რასაც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე გადაღებული არაერთი ვიდეომასალა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წუთამდე არ არსებობს გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და საერთო სასამართლოების მხრიდან სრულიად უკანონოდ ხდება აღნიშნული საკითხის გამოყენება, რათა უსაფუძვლოდ გაგრძელდეს მისი პატიმრობა.

განჩინებაში თქვენ თავი აარიდეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკისრებულ მოვალეობას და არ იმსჯელეთ იმის შესახებ, რატომ ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთი ღონისძიების მიზნებს სხვა, პატიმრობისგან განსხვავებული უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის მხრიდან შემოთავაზებული იყო გირაო და  ამასთან ერთად, თანხმობა იყო გაცხადებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემზღუდავ ღონისძიებებზე,  ისეთი, როგორიცაა, ელექტრონული მონიტორინგი, პირადობის ან პასპორტის ჩაბარება, სამართალდამცავ უწყებაში გამოცხადება და სხვა ნებისმიერი შეიძლება გამოგეყენებინათ.

პატიმრობასთან დაკავშირებული თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განჩინებაში მოყვანილი ჰიპოთეზური, შაბლონური და ცალმხრივად შეფასებული გარემოებები ცხადყოფს, რომ თქვენს მიზანს წარმოადგენს არა მზია ამაღლობელის საქმის სამართლიანი განხილვა, არამედ თქვენ ხელთ არსებული უფლებამოსილების რეპრესიული მიზნით გამოყენება.

მნიშვნელოვანი გარემოება აცილებასთან დაკავშირებით ასევე არის ის, რომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის უკანონოდ შეფარდების გამო, თქვენ მიმართ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოების მხრიდან გამოყენებულია სავიზო სანქცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ გეკრძალებათ აღნიშნულ სახელმწიფოებში შესვლა.

ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით, ასევე დასანქცირებულთა სიაში არიან მზია ამაღლობელის საქმის განმხილველი მოსამართლეები. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაასაჯაროვა პირთა სია, რომელთაც სავიზო სანქცია დაედოთ მომიტინგეთა დევნის გამო.

აღნიშნული გარემოება არა მხოლოდ თქვენი მხრიდან წარსული პატიმრობის უკანონო გამოყენებაზე მიუთითებს, არამედ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელყოფს იმას, რომ თქვენი მხრიდან არსებობს დაინტერესება საქმის შედეგის მიმართ, წარმოადგენთ მხარეს და მომავალში ვერ შეძლებთ საქმეს წარუძღვეთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

აღნიშნულ პირობებში, მზია ამაღლობელის საქმის თქვენი მხრიდან განხილვა შეუძლებელია ობიექტურ დამკვირვებელს უტოვებდეს იმის განცდას, რომ საქმე მიუკერძოებლად და ობიექტურად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით აუცილებელია ობიექტური დამკვირვებლისთვის სასამართლო ქმნიდეს დამოუკიდებელი ორგანოს შთაბეჭდილებას.

საქმეში – „შაჰინები თურქეთის წინააღმდეგ“, სასამართლო მიუთითებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ტოვებს სასამართლო მიუკერძოებელი ორგანოს შთაბეჭდილებას, დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა გააჩნდეს განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

აღსანიშნავია  ის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დამოუკიდებელი ორგანოს შთაბეჭდილებას ტოვებს სასამართლო.

მოცემულ შემთხვევაში სასწორზეა დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა, მათ შორის ბრალდებულის მხრიდანაც. შესაბამისად, ნებისმიერი მოსამართლე, რომელთან დაკავშირებითაც მიზეზი ან ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იქნება  მიუკერძოებელი, საქმიდან ჩამოცილებული უნდა იქნეს.

თქვენ მიმართ არსებულ უნდობლობას კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ის ფაქტი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე კანონით გაწერილი პროცედურების დარღვევით ხართ დანიშნული, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდებზე თქვენ მიერ მიღებული განათლების შესახებ გასაჯაროებულ ინფორმაციაში არ იძებნება უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2010 წელს დაამთავრეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა.

შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებთ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლედ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს, აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი ხარისხის, უმაღლესი განათლების დიპლომი.

შესაბამისად, აუცილებელია, რომ თქვენს CV-ში მოიძებნებოდეს როგორც უმაღლესი იურიდიული განათლება, ასევე მაგისტრატურის დამადასტურებელი განათლება.

გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ვებგვერდები, სადაც თქვენ შესახებ ინფორმაცია არის გამოქვეყნებული, მიუთითებს იმაზე, რომ არ გაქვთ კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. გაქვთ მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება კი 2022 წლამდე მხოლოდ ამავე მიმართულებით გქონდათ, რის გამოც გაუგებარია, რა კრიტერიუმით დაინიშნეთ 2022 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს  სისხლის სასამართლო კოლეგიის მოსამართლედ.

აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ ხართ გამწესებული კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით, არ ბრძანდებით მზია ამაღლობელის საქმის ობიექტური და მიუკერძოებელი  განმხილველი მოსამართლე და ჩართული ხართ სახელმწიფოს მხრიდან მზია ამაღლობელის უკანონო დევნაში.

რის გამოც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ა და ე პუნქტების შესაბამისად, თქვენი აცილება უნდა მოხდეს“ – ასე მიმართა ჯუმბერ ქათამაძემ მოსამართლეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დღეს, არსებით სასამართლო განხილვაზე დაადასტურა, რომ სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს, თუმცა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მის აცილებაზე.

სასამართლოს ამ შემადგენლობას [ნინო სახელაშვილმა იგულისხმა საკუთარი თავი] ჩაბარებული აქვს კერძო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ჩარიცხული ვარ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დეტალურად გავიარე ყველა ის სავალდებულო მოთხოვნები, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არის საჭირო. მოქმედი კანონის შესაბამისად, არცერთი ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართალში საკვალიფიკაციო გამოცდა და ეს არ არის შეზღუდვა“, — აღნიშნა მან.

31 მარტს პროცესზე მოსამართლე სახელაშვილი იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

  • რა ხდება?

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

მოსამართლემ მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა – სასჯელი გაყალბებული ოქმით

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს, 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

იგივე მოსამართლემ ამ საქმეზე 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა.

მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი, ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“, – განაცხადა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

სწორედ ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საფუძველი. მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18 მარტს დასანქცირებულმა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაიწყო.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

ამ საქმეზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

მსახიობ მეგი კობალაძეს ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუჩერა

ბათუმის თეატრის მსახიობი  მეგი კობალაძე ფეისბუქზე გვერდზე წერს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი.

„6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს, რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი, არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი? ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის :))) ასეც ვიცოდი“ – წერს მსახიობი.

მეგი კობალაძემ გამოაქვეყნა ასევე გამოაქვეყნა ბრძანება ხელფასის შეჩერების თაობაზე.  ბრძანების მიხედვით ნუკრი ქანთარია, როგორც თავად წერს, ეყრდნობა რეჟისორის თანაშემწის ბარათს, რომლის მიხედვითაც, „მეგი კობალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი განსაკუთრებული, რომ ვერ ეთამაშა სპექტაკლი.“

ქანთარია ასევე წერს, რომ მსახიობმა „სოციალურ ქსელში გაფიცვის შესახებ დაწერა, თუმცა ამავე დროს არ წარმოადგინა სამედიცინო ცნობა ბიულეტენის გახსნისთანავე“.

მსახიობი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

მეგი კობალაძე მოსალოდნელ რეპრესიებზე ადრეც საუბრობდა.

10 მარტს თეატრიდან გაუშვეს მსახიობი თორნიკე ბარამიძე. ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობები ფიქრობენ, რომ ყველას გაუშვებენ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება აქვს.

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრიდან მსახიობების გაშვებაზე კომენტარი მხოლოდ აჭარის ტელევიზიასთან გააკეთა.

„არავითარ შემთხვევაში ეს არ ხდება პოლიტიკური ნიშნით. მით უმეტეს თეატრში. რომელიც არ გამოცხადდება რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე, ამ დროს სხვაგან მოკრავ მას თვალს. ბუნებრივია ის მოვალეობას არ ასრულებს და ეს უკვე იწვევს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ძალიან რთულია ნებისმიერი ადამიანის გაშვება. მით უმეტეს, რომ ყველაზე ამაგი მაქვს. სხვანაირად შეუძლებელია თეატრში, სადაც კოლექტიური შემოქმედებაა,“  – თქვა ნუკრი ქანთარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში 10 მარტს.

ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს იწყებს

18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

„კლუნის ფონდმა დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს აწარმოოს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი.

ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: „ბათუმელები“ ​​და „ნეტგაზეთი“, დააკავეს 11 იანვარს საღამოს, როდესაც მან პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით. ეს იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებიც მოიცვა მთელი ქვეყანა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ“, – ნათქვამია კლუნის ფონდის დღეს, 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.

ფონდის განცხადებაშია ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და „მას სამჯერ უთხრეს უარი გირაოს მოთხოვნაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე“.

„ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა. მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გამო პროტესტის ნიშნად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა“, – ნათქვამია კლუნის ფონდის განცხადებაში.

მზია ამაღლობელი – 18 მარტი, ბათუმის საქალაქო სასამართლო

როგორც კლუნის ფონდი აცხადებს, 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ხასიათდება პოლიციის ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობითა და ჟურნალისტების შევიწროებით, რამაც გამოიწვია საერთაშორისო კრიტიკა და განგაში.

„საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დააფიქსირა 90-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავები თავს დაესხნენ მედიის თანამშრომლებს, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ან ხელს უშლიდნენ მათ მუშაობისას“, – ნათქვამია კლუნის ფონდის განცხადებაში.

TrialWatch არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ცოლ-ქმარის, ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდს, ის 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს.

ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად.

  • რა ხდება

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

______________

ფოტოზე: ამალ და ჯორჯ კლუნები. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/CAROLINE BREHMAN/მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე

Exit mobile version