18 მარტს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდის სასამართლო შენობის ეზოში პოლიციამ ჯარიმის 3 ოქმი ჩააბარა.
„დამირეკეს, რომ ზუგდიდის სასამართლო შენობაში მივსულიყავი ჯარიმების ოქმების ჩასაბარებლად, მაგრამ რადგან ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ პოლიციის შენობაში ჩემი ფეხით არ შევალ, თუ დაკავებული არ ვიქნები, რა თქმა უნდა, მოუწიათ, რომ ეს ოქმები გარეთ გამოეტანათ”, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ სიჭინავამ.
აქტივისტის თქმით, ის ჯამში დაახლოებით 25-ჯერ დააჯარიმეს. 18 მარტს ჩაბარებულ ჯარიმის ოქმებზე მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ეს იანვარ-თებერვალში ჩადენილ „დარღვევებზე“ გამოწერილი ჯარიმებია.
„ლაზერის გამოყენებას ეხება აქცია-დემონსტრაციაზე, რაც ძველი დადგენილებით ჯარიმას ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით“ – გვითხრა აქტივისტმა.
მარიამ სიჭინავა ფიქრობს, რომ მის დაჯარიმებას გააგრძელებენ.
„თითქოს რაღაც ჯიბრში მიდგანან. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ შიშის ფაქტორი არ მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ამას ჩემს შესაშინებლად ან გასაჩერებლად აკეთებენ… სხვა მოქალაქეების დაშინებას ცდილობენ ამით. აჩვენებენ, რომ აი, მარიამ სიჭინავას ჩვენ ყოველდღიურად ვაჯარიმებთ და თქვენც არ გეპატიებათ, თუ იმავეს გააკეთებთ”.
სამივე ჯარიმის ჩაბარების ველში მარიამ სიჭინავამ ხელმოწერის ნაცვლად დატოვა წარწერა – „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს!“ ჯარიმის ჩაბარებისას აქტივისტი პროტესტის ნიშნად უწყვეტად უსტვენდა.
„პოლიციის შენობასთან რიგი იდგა ფაქტობრივად პოლიციელების, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობდნენ, ჩემთვის აეხსნათ ეს ჯარიმები რის გამო, რომელ რიცხვში და რატომ იყო. რომ გითხრათ, რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა ამ ჯარიმებს ჩემთვის, ამის გამო ვნერვიულობ და რაღაც, რა თქმა უნდა – არა. გინდ ჩაებარებინათ, გინდ – არა, რადგან ამ ჯარიმებს მე არ ვიხდი.
ვაპირებ, რომ ეს ჯარიმები გავასაჩივრო იმისთვის, რომ სისტემა გადავტვირთოთ, ასე ვთქვათ. სამივე [ჯარიმის] გასაჩივრებას ვაპირებ ცალ-ცალკე ვადებში იმისთვის, რომ არ გააერთიანონ და ცალ-ცალკე მოუწიონ დადგენილებების მიღება… წინ გველოდება სამი სასამართლო პროცესი“ – ამბობს მარიამ სიჭინავა.
ზუგდიდში მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და უერთდებიან პროტესტის მთავარ მოთხოვნებს ქვეყანაში – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები.
____________
მთავარ ფოტოზე მარიამ სიჭინავა. ფოტო: სალომე ფარცვანია.