6 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეტევის შედეგად ხარკოვისა და სუმის ოლქებზე

4 ივნისს, ღამით, უკრაინის რამდენიმე რეგიონზე რუსეთის სამხედრო ძალებმა მასიური საჰაერო თავდასხმები განახორციელეს დრონებითა და მრავალჯერადი რაკეტების გამშვები მოწყობილობების გამოყენებით. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული საჰაერო დარტყმების ძირითადი არეალი ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და დონეცკის რეგიონები იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 5. დარტყმები განხორციელდა ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტზე.

სუმის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმში დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაიჭრა 28 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვია.

როგორც სუმის რეგიონული ადმინისტრაცია იუწყება, 3 ივნისის დილიდან 4 ივნისის დილამდე რუსულმა ჯარებმა თითქმის 110 თავდასხმა განახორციელეს რეგიონის 13 ტერიტორიულ თემში არსებულ 27 დასახლებაზე. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები, მანქანები და სამედიცინო დაწესებულებები.

„სუმის თემზე გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ექვსი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის სამი ბავშვია. საერთო ჯამში, 30 ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. ამჟამად 16 დაშავებული საავადმყოფოშია“ – წერს სუმის რეგიონული ადმინისტრაცია ტელეგრამ არხზე.

4 ივნისის ღამეს რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა ოდესის ოლქზეც.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სამიზნეების უმეტესობა გაანეიტრალეს. ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და რკინიგზის სადგურები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 4 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინას „შაჰიდის“ ტიპის 95 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტია.

__________________

მთავარი ფოტო: ხარკოვის ოლქის რეგიონული ადმინისტრაცია

„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე

წუხელ ღამით, 3 ივნისს, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძე მოკლეს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.

პირველადი ინფორმაციით, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.

ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში დღეს დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა.

ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ღამღამობით იგი მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს. როგორც ინფორმირებული პირები „ბათუმელებს“ უყვებიან, ბესო ასე იმიტომ იქცეოდა, რომ კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავმისადგომი არავის დაეზიანებინა.

შს სამინისტრო მომხდარის შესახებ ამ დრომდე არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით.

განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთარი კატერის გაქირავებით დაკავებულ ბესო ბოლქვაძეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაუკავშირდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა ცნობილია და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო.

ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბესო ბოლქვაძეს უარით გაუსტუმრებია. ინფორმირებული პირების ვარაუდით, მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.

ამ ეტაპზე ცნობილი არაა, ჰყავს თუ არა ახალგაზრდა კაცის ავტომატით ჩაცხრილვას თვითმხილველი – შემთხვევის ადგილის ირგვლივ საცხოვრებელი სახლები არ არის. საგულისხმოა, რომ ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანა პატრულირებს.

„ბათუმელები“ ცდილობს მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას და დაზუსტებას. შსს-ს ოფიციალურ ვერსიას კი, მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ადგილი მდინარე ჭოროხთან, სადაც გუშინ ღამით ავტომანქანაში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

ძლიერი წვიმა ტრაბზონში – მაშველები დაკარგულ ადამიანს ეძებენ

3 ივნისს თურქეთში, ტრაბზონში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა. წვიმის შედეგად ერთი ადამიანი დაიკარგა.

დღეს, 4 ივნისს, ტრაბზონში დილიდან ეძებენ 72 წლის ადამიანს, რომელიც წვიმის დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში მაშველები მონაწილეობენ.

ამავე დროს, თურქული მედიის ცნობით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქში წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი ტალახის გასაწმენდად.

_________________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

„გვეშინია, სახლი ირყევა“ – როცა ბავშვები სამშენებლო მოედანზე ცხოვრობენ

ბათუმში, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, იქ, სადაც სავაჭრო ცენტრი „უნივერსამი“ დაანგრიეს, სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში კომპანია მასშტაბური შენობისთვის საძირკველს აწყობს, მეორე ნაწილში მდებარე ორსართულიან ავარიულ სახლში კი ოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

სამუშაოების შედეგად ავარიული სახლი პერიოდულად ირყევა, აქ მცხოვრებები გვიყვებიან, რომ სახლის რყევით გამოწვეულ რეაქციას ბავშვებთან არ გამოხატავენ და მათთან ამაზე არ საუბრობენ, თუმცა ძალიან ეშინიათ.

ბავშვები ცხოვრობენ სამშენებლო მოედანზე – სახლი ბურღვითი სამუშაოების გამო ირყევა

„მუნიციპალური ინსპექცია გამოვიძახეთ, მერიასაც მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ, რეაგირებას დღემდე ველოდებით“ – გვიყვებიან ავარიულ სახლში მცხოვრებები.

ბათუმი, მელიქიშვილის 42-ში მდებარე ავარიული სახლი
ბათუმი, მელიქიშვილის 42- ში მდებარე ავარიული სახლის შიდა ეზო
ბზარი სახლის ფასადზე

პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან მდებარე 5960 კვ.მეტრზე მერიამ მშენებლობის ნებართვა სწორედ მას შემდეგ გასცა, როცა მშენებელმა კომპანია, შპს „უნივერსამმა“ ორსართულიანი ავარიული სახლი და მასთან დაკავშირებული ფართობი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფართობს შეუერთა და ორი საკადასტრო კოდი გააერთიანა. გარდა ამისა, კომპანიამ ამ გზით მოახერხა, მისი პროექტი ავარიული სახლების პროგრამაში განეხილათ – ასე კომპანია პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებდა ნებართვის მიღებისას.

ავარიული სახლების ათვისებისების შემთხვევაში მერიას შეუძლია, სამშენებლო კოდექსის გვერდის ავლით, რიგი შეღავათების გათვალისწინებით გასცეს სამშენებლო ნებართვა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტს გაუზარდოს კ2 კოეფიციენტი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ხვაგვარად მერია წინააღმდეგი იყო აქ იმ მასშტაბის მშენებლობაზე, როგორიც კომპანიას სურდა.

მერის ბრძანების ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ თავის ნაკვეთზე, 4161 კვ მეტრზე მოთხოვნილ პროექტზე ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა კომპანიას უარი უთხრა.

ამის შემდეგ კომპანია მომიჯნავედ არსებული სახლისა და მასთან დაკავშირებული ნაკვეთის მფლობელებს შეუთანხმდა და უკვე ავარიული სახლების ათვისების პროგრამით მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად. კომპანიამ უკვე გაზრდილ ფართობზე, ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, სამი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა.

2023 წლის სექტემბერში მერმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც შპს „უნივერსამს“ მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაუმტკიცა და მისცა რეკომენდაცია 2 მიწის ნაკვეთი ერთ საკადასტრო ერთეულად გააერთიანებინა საბოლოო ნებართვის მისაღებად.

კომპანიამ მერიის რეკომენდაცია შეასრულა, ორი ნაკვეთი ერთ საკადასტრო კოდზე გააერთიანა და ამის პარალელურად პროექტის კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა 17.0 მდე. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ნამატი ფართობის ათი პროცენტი მერიას გადასცეს საკუთრებაში. კომპანიამ ეს ვალდებულება აიღო.

წითლად მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც შეითანხმა.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანია მელიქიშვილის 42- სა და პუშკინის N132ბ-132გ-132დ -ში მულტიფუნქციური კომპლექსის ABG – ბლოკებს ააშენებს.

 A ბლოკი-მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციული სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს(P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. B ბლოკი მოიცავს ერთ სარდაფის სართულს (G0), 3 კომერციულ სართულს (G1,G2,G3), 2 საპარკინგე სართულს (P7, P8) და 34 საცხოვრებელ სართულს. G საცხოვრებელი სართული 1-ლიდან მე-33 სართულის ჩათვლით არის საცხოვრებელი ფართობები.

პროექტის რენდერი

პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცათამბჯენის მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ ორსართულიან ავარიულ სახლში მცხოვრებებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი არ შეუთავაზებიათ.

რამდენიმე ოჯახს აქ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა აქვს, თუმცა ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრობს და აქვს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებაც, თუმცა საკუთრებას ვერ იბრუნებს [ეს ცალკე საკვლევი საკითხია და ამაზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს]. აქ ცხოვრობენ ისინიც, ვისაც კომპანიასთან შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვთ.

იმის დასადასტურებლად, რომ ორსართულიანი ავარიული სახლი მომიჯნავედ დაწყებული სამუშაოების გამო ნადვილად ირყევა, ერთ-ერთმა რესპონდენტმა დაჟინებით მოგვთხოვა ეს ადგილზე შეგვემოწმებინა. რესპონდენტის სახლში 1 საათი დავყავით, რყევები პერიოდულად ნამდვილად იგრძნობოდა, თუმცა რისკების შეფასება ჩვენი კომპეტენცია არ არის.

რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება სამშენებლო მოედანზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, შესაძლებელია თუ არა სამშენებლო მოედნის ერთ ნაწილში მშენებლობა მიმდინარეობდეს და მეორე ნაწილში მოსახლეობამ ცხოვრება უსაფრთხოდ გააგრძელოს? – ამ კითხვებზე პასუხს ბათუმის მერიისგან რამდენიმე დღე უშედეგოდ ველოდეთ. 

ვცადეთ კომპანიასთან დაკავშირებაც, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად კომპანიაში არავინ გვიპასუხა.

შპს „უნივერსამი“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100 პროცენტსაც ბიზნესმენი ავთანდილ ჯუმუშაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი თამილა ებრალიძეა.

სამშენებლო მოედანზე განთავსებულ ბანერზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე გაყიდვების მენეჯერები პასუხობენ, ერთ-ერთმა გვითხრა, რომ ვერ დაგვეხმარებოდა კომპანიის ხელმძღვანელებთან დაკავშირებაში, მეორემ იურისტის ნომერი მოგვცა, თუმცა ამ ნომერზე საერთოდ არ გვიპასუხეს.
სამშენებლო მოედანი პუშკინის ქუჩის მხრიდან

___________________

მთავარ ფოტოზე: რენდერი – რა უნდა აშენდეს ყოფილი უნივერსამის ადგილას

მკვლელობა ხელვაჩაურში – კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

მკვლელობა მოხდა წუხელ ღამით ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან. „ბათუმელების“ ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 991 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
  • ტანკი – 10 884 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 678 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 28 711 ერთეული [+88]
  • MLRS – 1 402 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 176 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 413 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 924 ერთეული [+176]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 50 730 ერთეული [+123]
  • სპეცტექნიკა – 3 907 ერთეული [+2]

„ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ივნისს უკრაინის შეტევას რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სპეცოპერაცია ისტორიის წიგნებში შევა. განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა Tu-95 და Tu-22M.

უკრაინის გენშტაბმა ამ სპეცოპერაციის შედეგად გუშინ საბოლოოდ 41 თვითმფრინავი დაამატა რუსეთის სამხედრო დანაკარგებს.

„სხვადასხვა წყაროებიდან დამატებითი ინფორმაციის დამუშავებისა და გადამოწმების შემდეგ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, მოგახსენებთ, რომ ოკუპანტის საერთო დანაკარგებმა 41 სამხედრო თვითმფრინავი შეადგინა, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები და სხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.“ – დაწერა უკრაინის გენშტაბმა.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 61 316 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 610 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 749 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 566 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 441 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მემორანდუმი – რას ითხოვს რუსული მხარე უკრაინისგან კონფლიქტის დასასრულებლად?

რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აზერბაიჯანში დიდი დრო დასჭირდა დიქტატურას, თქვენთან 1-2 წელი ეყოფა – ინტერვიუ აფგან სადიგოვთან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 2024 წლის აგვისტოში ბაქოს მოთხოვნით დააპატიმრეს, საქართველოსა და აზერბაიჯანის – ორი ავტორიტარული ხელისუფლების მსგავსებაზე გვესაუბრება.

აფგან სადიგოვი ამბობს, რომ მედიის დევნა, როგორც დიქტატურის ერთ-ერთი მახასიათებელი, აზერბაიჯანში შედარებით გვიან დაიწყო, საქართველოში კი დიქტატურის დამყარება დაიწყო სწორედ მედიის მიზანში ამოღებით.

„აზერბაიჯანში დიქტატურის დამყარებისას შეცდომები დაუშვეს, მაგრამ აქ, საქართველოში, ეს უკვე პროფესიონალურად ხდება“ – გვითხრა აფგან სადიგოვმა. 

აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161 დღე შიმშილობდა ქართულ ციხეში, მან 40 კილოგრამი დაიკლო და იმდენად იყო დასუსტებული, რომ ეტლით გადაადგილდებოდა. იგი პატიმრობიდან 16 აპრილს გათავისუფლდა. მისი ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – ეს პროცესი კი, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

  • ბატონო აფგან, პირველ რიგში, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ახლა საქართველოში? 

აქ არ არის უსაფრთხო.

ყველამ იცის, ივანიშვილი განგსტერია. მე კარგად ვიცი აზერბაიჯანული და ქართული პოლიტიკა, ისინი იმიტომ არ აკეთებენ არაფერს ჩემს წინააღმდეგ, რომ უბრალოდ ჯერ ახალია ეს ამბავი, ყველა საუბრობს აფგანზე, მის გათავისუფლებაზე… ალბათ ელოდებიან, როდის გადაივლის ეს ამბავი, დაავიწყდება ხალხს, დაუბრუნდება ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმს და არ ვიცი – ორ-სამ-ხუთ თვეში შეიძლება ავტოკატასტროფაში მოვყვე, ან ქუჩაში ვიღაცამ მომკლას, მაგალითად ფული მომთხოვოს ან რამე მიზეზით მეჩხუბოს…

აქ საფრთხეში ვარ. 

  • სულ რამდენი ხანი გაატარეთ პატიმრობაში? რა გაძლევდათ ძალას ამდენ ხანს შიმშილობისას?

აზერბაიჯანში ორჯერ ვიყავი პოლიტპატიმარი, პირველად წლინახევრის განმავლობაში, მეორედ – ორი წლისა და 15 დღის განმავლობაში. სამჯერ დამაკავეს ადმინისტრაციულად – 30 დღით, შემდეგ კვლავ 30 დღით და მესამედ -22 დღით.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში არის ბანდიტიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება, რომელმაც მე მომიტაცა. ჩვენთან მას „გესტაპოს“ ეძახიან, იქ აწამებენ ადამიანებს. მე რატომ წამიყვანეს, არ ვიცი, მათ სარდაფში ვიყავი 6 დღე, სადაც, რა თქმა უნდა, იყო წამება, ელექტროშოკი. ითხოვდნენ, რომ გავჩერებულიყავი, მაგრამ რომ გამოვედი, უფრო ხმამაღლა ვილაპარაკე, დავწერე და გამოვაქვეყნე.

აქ, საქართველოში, პატიმრობაში ვიყავი 8-ნახევარი თვე.

როდესაც პირველად ვშიმშილობდი, მაშინაც მკითხეს, თუ საიდან მაქვს ასეთი ძალა? მაშინ ვუპასუხე, რომ მტრის, დიქტატორის წინაშე ბრძოლაში არ მინდოდა დანებება. ასევე ვფიქრობდი, რომ თუ არ მოვკვდები, ღმერთი მომცემს ძალას, რომ გავაგრძელო ცხოვრება და ისევ დავეხმარო ხალხს. სხვა პატიმრებმაც მითხრეს – „აფგან, შენ არ შეგიძლია მოკვდე, რადგან ხალხი გელოდება“.

ეს მაძლევს ძალას.

საქართველოში შიმშილობის დროს, ექიმმაც მკითხა, რა მაძლევდა ძალას. ვუთხარი, რომ მე შინაგანი ძალა მაქვს, რაც ყველაზე მთავარია და ასევე მომავლის გეგმა – რას ვაპირებ, რატომ ვცხოვრობ… 

ეს ძალიან მეხმარებოდა.

  • მედიის დევნა რეჟიმების მახასიათებელი ნიშანია. როგორ და რატომ დაიწყო ეს პროცესი აზერბაიჯანში და რა შედეგები მოჰყვება ამას ქვეყნისთვის, ხალხისთვის? 

როცა აზერბაიჯანში დიქტატურა დაიწყო, ისინი შეეცადნენ ხალხი დაეტვირთათ ფინანსური პრობლემებით. ეს იყო ბანკის ვალები, ძალიან მაღალი პროცენტები და ხალხი არ ფიქრობდა საკუთარ უფლებებზე, დემოკრატიაზე, ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ შვილები არ დარჩენოდათ მშიერი.

შემდეგ, როცა რეჟიმმა დაინახა, რომ ვინც ხმას იმაღლებდა, ჩიოდა ამაზე და ამის შესახებ ინფორმაციას მედია აქვეყნებდა, დაიწყეს უკვე მასიური, სერიული დაპატიმრებები და ახლა აზერბაიჯანში უკვე ასეულობით პოლიტპატიმარია, მათგან დაახლოებით 40 ჟურნალისტია, მათგან 10 – ქალია.

როცა რაღაც პრობლემაა, იქ თუ ჟურნალისტი არ იქნება, ვინ გაასაჯაროებს ამას?! მედია ხალხის ხმაა და ის ჩაახშეს. 

ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანში სამოთხე გვაქვს, დემოკრატიაა, ჩვენ, ჟურნალისტები კი ვწერთ, რომ ის იტყუება, რადგან მის ჩინოვნიკებს მილიარდობით დოლარი აქვთ, ხალხი კი შიმშილობს.

  • რა მსგავსებას და სხვაობას ხედავთ აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობაში?

ბაქოში ასეთი სიტუაციაა – პოლიცია ქუჩაში ხელსახოცების გამყიდველსაც კი ართმევს ფულს, 5-10 რუბლს, ვინმეს თუ სასწორის დადგმა მოუნდება ქუჩაში, მისგანაც იღებს ფულს, ყველგან ქრთამს იღებს, ეს უკვე ჩვეული რამ არის. ჩვენთან ასეა, პოლიციელი რომ მოვა და იტყვის, ეს ხელსახოცი თეთრი კი არა შავიაო, თუ არ დაეთანხმება ვინმე, პირდაპირ ქუჩაში სცემს. 

საქართველოს მთავრობამ დიქტატურის დამყარება გვიან დაიწყო და ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. აზერბაიჯანში პირველად 32 წლის წინ დაიწყეს და შეცდომები დაუშვეს, მაგრამ აქ ეს უკვე პროფესიონალურად ხდება. 

დიქტატურა ასე მუშაობს – თავიდან უმუშევრობაა, ხალხი მშიერი და დაშინებულია, ფიქრობენ – „რამე თუ მოხდება და მე წამიყვანენ, ჩემ შვილებს ვინ აჭმევს?“ გარდა ამისა, სულ არაფრის ან რაიმე პატარა დანაშაულისთვის რომ წაიყვანოს პოლიციამ ვინმე, მას იქ სცემენ, იმიტომ, რომ პოლიციის უნდა გეშინოდეს, მათ ასე უნდათ. 

თქვენთან, საქართველოში, გვიან დაიწყეს და აქ იმაზე უარესი ვითარება იქნება, ვიდრე აზერბაიჯანშია, მე ამას ვხედავ. ისინი ნელ-ნელა გააკეთებენ ისე, რომ წარმოგვაჩინონ, თითქოს ჩვენ [ჟურნალისტები], ხალხის მტრები ვართ.

არის ევროკავშირი და არის დიქტატორთა კავშირი, რომლის მეთაურიც საერთაშორისო დიქტატორი პუტინია. დიქტატორთა შორის არიან ლუკაშენკო, ერდოღანი, ალიევი… ისინი ყველანი ერთმანეთს უჭერენ მხარს და საქართველოს მთავრობასაც მათთან სურს.

  • თქვენ ესწრებოდით მზია ამაღლობელის სასამართლოს და ალბათ თვალს ადევნებთ სხვა პოლიტპატიმრების პროცესებსაც, როგორ შეაფასებთ საქართველოს სასამართლო სისტემას, მის დამოუკიდებლობას და თუ ხედავთ მსგავსებას აზერბაიჯანის სასამართლოსთან? 

ბაქოში ვაჭრობენ ისე, როგორც ბაზარში, მოსამართლეს არ ეშინია და პირდაპირ ითხოვს ქრთამს, რომც არ გინდოდეს, გაიძულებენ, რომ მიიტანო. თქვენთან შეიძლება ჯერ ფულს/ქრთამს არ ითხოვენ, მაგრამ პოლიტიკურ შეკვეთას ნამდვილად იღებენ და ასრულებენ.

როცა ქვეყნის პირველი პირი დიქტატორია, ის თავის ირგვლივ იკრებს თავისიანებს, ბანდიტებს, მკვლელებს, რა თქმა უნდა, მასთან ნორმალური არ იმუშავებს და აქაც [საქართველოში] ასეა, იუსტიციის მინისტრი იქნება ის თუ სხვები, რასაც უბრძანებს დიქტატურა, იმას აკეთებენ.

აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

სასამართლოში თქვეს, რომ მზია ხელით შეეხო პოლიციელს, თავად სცემენ ადამიანებს და მათ პასუხს არავინ სთხოვს. როგორც აზერბაიჯანში, მოიპარავენ 100 მილიონ დოლარს და შენ გადანაშაულებენ, ის კი პატიოსანი ადამიანია. ეს არის დიქტატურა.

  • როგორ ფიქრობთ, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც ახლა საქართველოშია, რეპრესიები, მედიის დევნა, რამ შეიძლება გააძლიეროს წინააღმდეგობა?

პროტესტები, შიმშილობა – ამ ყველაფერმა შეიძლება დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმუშაოს, მაგრამ საქართველოში…

მე რამდენჯერმე ვთხოვე, მოვუწოდე კიდეც ქართველ ხალხს, რომ დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტები ხალხის ხმაა. სწორედ ამიტომ, საქართველოში უკვე თავიდანვე დაიწყეს ჟურნალისტების დევნით. დამოუკიდებელი მედიის გარეშე ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ ჩანს და არ საჯაროვდება.

აი, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა. იქ ჟურნალისტები არ არიან, არავინ არაფერს წერს და არავინ იცის რა ხდება. ასე იქნება – დიქტატორი ლაპარაკობს, რომ ყველაფერი კარგადაა და არავინ იცის სიმართლე.

მათ დაუშვეს შეცდომა ბაქოში, როცა პირველად გათელეს ხალხი, ჟურნალისტები უკვე პრობლემა გახდა, რადგან როცა ხალხი დააპატიმრეს, ჟურნალისტებისგან უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ აზერბაიჯანში რეპრესიებია. აქ, საქართველოში, პირდაპირ ჟურნალისტებიდან დაიწყეს.

ყოველ დღე ჟურნალისტების დაპატიმრება არ შეიძლება, ეს უკვე საჯარო პრობლემა იქნება, რეპრესიები, ამიტომ ისინი ქმნიან ფინანსურ პრობლემებს. მაგალითად, აფგანი 2-3 თვეს იმუშავებს მედიაში, შემდეგ გაუჭირდება შემოსავლის გარეშე, ან მშენებლობაზე ვიმუშავებ, ან სხვაგან და ჟურნალისტად უკვე ვეღარ ვიმუშავებ; ჟურნალისტების ნაწილს, ვინც მათ არ დაეთანხმება, დაიჭერენ და ასე შემდეგ.

აი, მზია დაიჭირეს – ეს მუქარაა სხვებისთვის – „ნახეთ, თქვენც შემიძლია ასე მოგექცეთ“. თქვენ არ შეგეშინდებათ, მაგრამ იქნებიან ადამიანები, ვისზეც ეს იმოქმედებს.

ფინანსური პრობლემების შექმნა მათ უკვე დაიწყეს. ჩვენთან, აზერბაიჯანში, 30 წელი დასჭირდა ამას, თქვენთან ამდენი დრო არ იქნება, ვფიქრობ, ერთი ან ორი წელი ეყოფა. მათ იციან, გათვლილი აქვთ დრო, 2028 წელი ხომ თქვა კობახიძემ, 2028 წლამდე თქვენთან უკვე იქნება დიქტატურა.

აზერბაიჯანში თავიდან წელიწადში ან ორ წელიწადში ერთ ჟურნალისტს აკავებდნენ, ერთ პოლიტპატიმარს, მაგრამ უკვე 32 წელი გავიდა და მათ დაინახეს, რომ ჟურნალისტებია მათთვის ყველაზე მთავარი საფრთხე, ოპოზიციაზე მეტადაც კი, რადგან ჟურნალისტების გარეშე არაფერი გამოვა, ადამიანი ყვირის, ყვირის და არაფერი… ადვოკატსაც ჟურნალისტი იღებს, თუ არავინ გადაიღო, ვინ გაიგებს მის ხმას.

ხომ იცით, მედია მეოთხე ხელისუფლებაა, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენთან მათ დაინახეს, რომ შეეშალათ, თავიდან ჟურნალისტები უნდა ყოფილიყო სამიზნე, იმიტომ, რომ ხალხიც რომ დაიხოცოს, ჟურნალისტების გარეშე ვერავინ გაიგებს. ამიტომ აქ, საქართველოში დაიწყეს ჟურნალისტებით, ეს არის მათი გეგმა, შექმნან ფინანსური პრობლემები ორგანიზაციულად, რომ ვერავინ დაიცვას ხალხი და მარტივად მოერიონ ადამიანებს.

ამავე თემაზე:

„სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“ – აფგან სადიგოვის მიმართვა მზია ამაღლობელს

 

ტკივილის მიყენება არ დასტურდება – იურისტი მზია ამაღლობელის საქმეზე

„მზია ამაღლობელი რომ „Post TV“-ის ჟურნალისტი ყოფილიყო, ხომ არ დაიჭერდნენ?… ამ საქმეში რომ არ იყოს პოლიტიკური მდგენელი და ცალსახად პოლიციელის მიერ ადამიანზე შურისძიება, მზია ამაღლობელი პასუხისგებაში საერთოდ არ იქნებოდა მიცემული.

ეს ქმედება [სილის გაწვნა] საერთოდ სისხლის სამართალს მიღმაა,“ – მიიჩნევს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, რომელსაც მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ. გამოცდილ იურისტს პროკურატურის ბრალდებაზე ვკითხეთ: რამდენად შეიძლება სილის გაწვნა თავდასხმად შეფასდეს?

„მოსამართლესაც ხომ აქვს თვალი და ყური?“ – კითხულობს გიორგი ტაბატაძე და მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ეს საქმე არსებითად საერთოდ არ უნდა განეხილა.

„ბათუმელებმა“ იურისტ გიორგი ტაბატაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ – GDI-ის იურისტია.

  • ბატონო გიორგი, თქვენთვის რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის ბრალდება, როცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან? 

არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე პრიმა მუხლად არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელის ერთჯერადი გარტყმა, თუნდაც ეს ტკივილს იწვევდეს.

დარტყმაც არ ყოფილა ეს. არ ყოფილა იმ ინტენსივობის დარტყმა, რომ ამას ფიზიკური ტკივილი გამოეწვია. ამ მუხლით ამ ქმედების [სილის გაწვნა] შეფასება სასამართლოს პრაქტიკითვე არის გამორიცხული.

თეორიულად, თუ ძალადობად შეფასდება ეს ქმედება – სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით – ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს ტკივილი, დაზარალებულს უნდა განეცადა ტკივილი, რაც არ დასტურდება არცერთი ობიექტური მტკიცებულებით. ტკივილის მიყენება უნდა დასტურდებოდეს ობიექტურად. ჩვენ კი, მოვისმინეთ ექსპერტის [ექიმი თათია ანდღულაძე] ჩვენება, რომელიც ამბობს, ხელიც კი არ აუფარებია სახეზე პოლიციელს იმის ნიშნად, რომ მან ტკივილი განიცადაო.

ასე რომ, ტკივილის განცდა უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

ამიტომაც, ეს ქმედება [სილის გაწვნა] საერთოდ სისხლის სამართალს მიღმაა. ადმინისტრაციული კუთხით, შეიძლება განიხილო, მაგრამ ესეც არაა იდეაში, რადგან ეს უფრო საყოფაცხოვრებო მოვლენაა, როდესაც ქალბატონ მზია ამაღლობელზე ხდებოდა ფსიქოლოგიური და სხვაგვარი ძალადობა. ეს [სილის გაწვნა] იყო ერთგვარი თავდაცვითი ინსტინქტი.

  • გულისხმობთ იმას, რომ სილის გაწვნამდე პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა სტიკერის გაკვრის გამო? 

დიახ, მას ამით შეუზღუდეს გამოხატვის თავისუფლება.

შემდეგ იყო საუბარი ასევე იმაზეც, რომ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა მიაყენეს…

როცა ამგვარი უკანონო ქმედებებია პოლიციის მხრიდან, არის მუქარა და ასე შემდეგ, შეიძლება ამ ქმედებაში [სილის გაწვნა] რაღაც ადმინისტრაციული წესით განსახილველი საკითხი იყოს, მაგალითად, წინააღმდეგობა, ან პოლიციელის შეურაცხყოფა, მაგრამ სისხლის სამართლებრივი ქმედება ეს არ არის.

სისხლის სამართალი ცოტა სხვა სამართალია – ეს რაღაც საშიშ ქმედებას უნდა უკავშირდებოდეს.

  • უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მაგალითად, თავდასხმად სასამართლოს არ შეუფასებია შემთხვევა, როცა პოლიციელს მინის ბოთლი ჩაარტყეს თავში, ან როცა პოლიციელი დანით დაჭრეს… ამ დროს რა სამართლებრივი ლოგიკით ფასდება სილის გაწვნა თავდასხმად? 

ასეა, რადგან თავდასხმა მძიმე დანაშაულია. თავად სასამართლო სისტემა განმარტავს ამას ასე და მე მათივე განმარტებით ვაყალიბებ ჩემს პოზიციას. თავდასხმა, მაგალითად, ახასიათებს ყაჩაღობას. თავდასხმა გულისხმობს მძიმე, საშიშ მომენტს, მაგალითად, იარაღით რომ დაესხა თავს ადამიანს და რაღაც გამოსძალო.

თავდასხმა თავის თავში გულისხმობს ძალიან დიდი საშიშროების ელემენტს.

აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდებული ქალია და დაზარალებული – კაცი. პირიქით რომ ყოფილიყო და, მაგალითად, ფიზიკური ძლიერი კაცი მივარდნოდა და სიკვდილის შიში გასჩენოდა ადამიანს, შეიძლება ეს მივიჩნიოთ თეორიულად დანაშაულად.

მით უმეტეს, ამდენი პოლიციელის გარემოცვაში ხდება ამბავი. ჩვენ ამ ქმედებას [სილის გაწვნა] დარტყმასაც ვერ დავარქმევთ. ეს იყო საყოფაცხოვრებო დონეზე მომხდარი მოქმედება. თუ ეს შეხება ადამიანს არ აყენებს ძლიერ ტკივილს და არ აზიანებს, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მოვლენაა ეს და მეტი არაფერი.

ამ საქმეში რომ არ იყოს პოლიტიკური მდგენელი და ცალსახად პოლიციელის მიერ ადამიანზე შურისძიება, მზია ამაღლობელი პასუხისგებაში საერთოდ არ იქნებოდა მიცემული.

  • შურისძიება ახსენეთ. მიგაჩნიათ, რომ ამ ფორმითაც დევნის „ოცნება“ თავისუფალ მედიას? 

რა თქმა უნდა, ეს ცალსახაა: მზია ამაღლობელი რომ „Post TV“-ის ჟურნალისტი ყოფილიყო, ხომ არ დაიჭერდნენ? ცხადია, პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს.

დღევანდელი საპროტესტო მოძრაობა – თბილისში იქნება ეს თუ ბათუმში, პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. ამ პოლიტიკური შინაარსის მქონე აქციებზე პოლიცია იქცევა არა როგორც სახელმწიფო, დამოუკიდებელი უწყება, რომელიც წესრიგს იცავს, არამედ როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამცველი. ამ პროტესტსაც პოლიციელები ხშირად იღებენ, როგორც პროტესტს მათ წინააღმდეგ. მე უამრავი საქმე მაქვს პრაქტიკაში პოლიციელების ცრუ ჩვენებებით – ჩანს, რომ პოლიციელებს ამოძრავებთ პირადი შურისძიებაც, ისეთ ტყუილებს უგონებენ აქციის მონაწილეებს.

ერთ-ერთი საქმეში მაქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიციელი, რომელმაც ჩვენება მისცა, საერთოდ არ იყო შემთხვევის ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მტკიცებულება ამას ადასტურებს, სასამართლო მაინც ითვალისწინებს ამ პოლიციელის ჩვენებას.

  • მზია ამაღლობელის საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნები ამხილეს სიცრუეში ადვოკატებმა, მაგალითად, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ თქვა, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დავაკავეთო, მეორე მოადგილემ – შეურაცხყოფისთვის დავაკავეთ, მზია გვაგინებდაო…

არამხოლოდ ცრუ ჩვენების, ურთიერთშეუსაბამო ჩვენებების მიცემაც არის აკრძალული.

ეს ყველაფერი ცალსახად აჩვენებს იმას, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ხდება თვითნებური დევნა არასწორი ჩვენებების საფუძველზე და სასამართლო ამაზე თვალს ხუჭავს. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იტყოდა, რომ ეს ცრუ ჩვენებებია და პროკურატურაშია გასაგზავნი შესამოწმებლად.

  • კიდევ რის გაკეთება შეეძლო მოსამართლეს იგივე მზია ამაღლობელის საქმეში, როცა მას პოლიციელების ცრუ ჩვენებების მოსმენა უწევს? 

როცა მოსამართლე ხედავს, რომ საქმეში პოლიციელებმა აშკარად ცრუ ჩვენებები მისცეს, მან პირდაპირ უნდა გაამართლოს ბრალდებული და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

ყველა ეტაპზე შეეძლო მოსამართლეს ამ საქმის შეწყვეტა. პირველივე წარდგენის სხდომაზე შეეძლო მოსამართლეს ეთქვა, რომ საერთოდ ვერ ხედავს ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებს და შეეწყვიტა საქმე, ასევე, არ გადაეცათ საქმე არსებითი განხილვისთვის იმ მოტივით, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

მოსამართლეს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. ამას თვითონ რომ იაზრებდნენ, რამხელა ძალაუფლება აქვთ, ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და მათთვისაც.

  • აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელიაც პროცესზე ტყუილში ამხილეს და ამის შემდეგ შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ოქმი შეადგინა. რას ნიშნავს, როცა ერთი და იგივე ქმედების გამო – ამ შემთხვევაში სტიკერის გაკვრისთვის – ხელმეორედ გასამართლებენ? 

სტიკერის გაკვრის ნაწილში, ჩემი აზრით, პოლიციელები დაკავების შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს სრული აბსურდი იყო და მოიგონეს ახალი ბრალდება – თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას. სტიკერის გაკვრის გამო ადამიანის დაკავება სრული აბსურდია. შემდეგ თვითონვე აირივნენ მათ მიერ შექმნილ ლეგენდაში.

ვიდეო მასალებით, რაც გადაღებული საპროტესტო აქციაზე, ნათლად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი არათუ პოლიციელებს, არავის არ აყენებს შეურაცხყოფას. მოსამართლესაც ხომ აქვს თვალი და ყური, რომ იქ შეურაცხყოფა არ იყო?!

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ამას ამბობს, რომ როცა პირიქით, პოლიციელის მიმართ არსებობს ბრალდება, რომ მან რაღაც უკანონობა ჩაიდინა, ამ შემთხვევაში, არ შეიძლება პოლიციელი იყოს ერთადერთი მოწმე. არ შეიძლება პოლიციელის ჩვენება იყოს სანდო მტკიცებულება იმიტომ, რომ პოლიციელი გამოდის დაინტერესებული პირი.

მაგალითად, საქმე „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა ნარკოდანაშაულის ჩადენას. მომჩივანი ამბობდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. ევროსასამართლომ თქვა, რომ ამ პირობებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენება ვერ იქნება სარწმუნო მტკიცებულება.

ამ დროს პოლიციელს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ საკუთარი დანაშაული გადაფაროს და გაამართლოს პირის უკანონოდ დაკავება, ან მისთვის უკანონოდ ბრალის წარდგენა. შესაძლოა, მან მისცეს ცრუ ჩვენებაც, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. ამიტომაც, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მხოლოდ პოლიციელის ჩვენება არ არის სარწმუნო მტკიცებულება.

  • რამდენიმე დღის წინ ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ვიდეო კადრი, რომლის საფუძველზეც მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად მიიჩნია [თუმცა ამ კადრებშიც არ ჩანს მზია ამაღლობელის მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევა], გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. რაზე მიუთითებს თქვენთვის სიყალბის ეს მასშტაბი? 

ცალსახად მიუთითეს იმაზე, რომ პოლიციელების ჩვენებები არის ცრუ ჩვენებები და შეკერილია საქმე იმისთვის, რომ ადამიანი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გამო მისცენ პასუხისგებაში.

ერთი ობიექტური მტკიცებულება მაინც დაედოთ, რომ მზია ამაღლობელი შეურაცხყოფას აყენებს ვინმეს.

როცა არ დასტურდება ის, რასაც პოლიციელები ჰყვებიან და პირიქით, ცრუ ჩვენების მიცემა დასტურდება, რატომ უნდა დავუჯერო პოლიციელს, რომელიც ამბობს, მეტკინაო?!

მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. პოლიტიკურია პატიმრობა, როცა ადამიანს აკავებ არა დანაშაულის გამო, არამედ იმის გამო, რომ, მაგალითად, იგი სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების უფლებით, თავისი სამოქალაქო პოზიცია აქვს და შენ თვითნებურად ასამართლებ, ბოროტად იყენებ სახელმწიფო მექანიზმს.

ჩემი აზრით, ზუსტად ამ მიდგომის მსხვერპლია მზია ამაღლობელი.

ამ თემაზე:

„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის“ – ინტერვიუ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლესთან

10 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს შესანახად 2026 წელს

აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 29 მაისს მიიღო დადგენილება, რომლითაც უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამ დადგენილებით საბჭოს ბიუჯეტი 10 113 570 ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული თანხიდან ხარჯებში 8 770 570 ლარი უნდა გაიწეროს, საიდანაც მხოლოდ ხელფასებში [შრომის ანაზღაურებაში] დაიხარჯება 5 978 532 ლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 8 მილიონი ლარის ოდენობით დაამტკიცა, თუმცა აჭარის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსთვის 2 მილიონით მეტი, ანუ 10,1 მილიონი ლარი გაითვალისწინეს.

უმაღლესი საბჭოსთვის ახალი დადგენილებით განსაზღვრული თანხაც აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.

ახალი დადგენილებით უცვლელი რჩება უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობაც – 117 საშტატო ერთეული.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.

უსკოს შემაჯამებელი ოქმით საარჩევნო ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ და კოალიციამ გადალახა, თუმცა ოთხივემ უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი თავიდანვე განაცხადა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

უმაღლეს საბჭოში არ შედის, თუმცა სია არ ჩაუხსნია პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“.

ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე 188-ე დღეა უწყვეტად იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებში.

 

მთავარი ფოტო: უმაღლესი საბჭოს ფეისბუქგვერდიდან

„მზია ამაღლობელი თავისი უტეხი ხასიათით თავად საქართველოს სახეა“ – ბექა ყორშია ევროპარლამენტში

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მოსმენისას, სიტყვით გამოვიდნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, ჟურნალისტი ბექა ყორშია და პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის და ქეთუნა ქერაშვილი.

ბექა ყორშიამ ისაუბრა მზია ამაღლობელზე, საქართველოში მედიის მდგომარეობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც პროევროპული აქციების პარალელურად დააკავეს.

„მე ვარ ბექა ყორშია, ჟურნალისტი საქართველოდან. ვამბობ „ჟურნალისტს“ და ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ…

შეიძლება ბევრი რამ იცოდეთ საქართველოს შესახებ, მაგრამ შეიძლება არ იცით ერთი მნიშვნელოვანი რამ: საქართველო ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ძლიერ ქალებზე. მათ გამბედაობასა და ურყევ პრინციპებზე. საქართველო ფეხზე დგას მშრომელი ქალების, ინტელექტუალი ქალების, ემიგრანტი ქალების წყალობით – ქალების, რომლებმაც არა მხოლოდ თავიანთი შვილები, არამედ გაზარდეს თავად საქართველო, როგორც ქვეყანა.

მაგრამ დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა. ხმამაღლა… მინდა ისე ხმამაღლა ვთქვა, როგორიც მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარულია. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში.

მზია ამაღლობელი – თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არამხოლოდ ქართველი ქალის, არამედ – თავად საქართველოს სახეა.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – თავისი გამოსვლის პირველი ნაწილი ჟურნალისტმა მზია ამაღლობელს მიუძღვნა.

ბექა ყორშიამ ისაუბრა პოლიტპატიმრებზე და მათ “სამშობლოს სიყვარულისთვის დაპატიმრებული ხალხი” უწოდა.

„ბოლო დრომდე ვმუშაობდი ტელეკომპანია „მთავარში“ და ვაკეთებდი პოლიტიკურ სატირას – არა იმიტომ, რომ კომიკოსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმართლის გაშუქების ერთადერთი გზა ხალხის გაცინებაა… სანამ აეტირებათ.

ამჟამად ჩემს ქვეყანას 65 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ეს რიცხვი 3-ჯერ შეიცვალა, სანამ ამ ტექსტს ვწერდი. ესენი არიან სტუდენტები, ჟურნალისტები, მსახიობები, მოაზროვნეები — ახალგაზრდები ნათელი წარსულით და კიდევ უფრო ნათელი ოცნებებით.

ეს არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ საქართველო ეკუთვნის ხალხს – და არა პარტიას და მით უმეტეს – არა მოსკოვს.

შეიძლება მათი სახელები არ გეცნობოდეთ,

მაგრამ მათ მიერ თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი უდიდესია…

არალეგიტიმურმა მთავრობამ ჩვენ შორის ყველაზე ჭკვიანი და ზოგადად, ყველაზე უკეთესი ხალხი გამოარჩია და დააპატიმრა. რატომ? იმიტომ, რომ მათ უბრალოდ სამშობლოს სიყვარული გაბედეს… და გაბედეს იმის დაჯერება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებაა. მაგრამ ისინი, ვინც დღეს ამ მუხლს იცავენ, სამწუხაროდ, პარლამენტში კი არ სხედან, არამედ – ციხეში,”- თქვა ბექა ყორშიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ჟურნალისტის თქმით, თუ დღეს ქვეყნის სიყვარული, თავისუფლების სიყვარული და ევროპული ღირებულებების რწმენა დანაშაულია, მაშინ პოლიტპატიმრები ნამდვილად დამნაშავეები არიან და დამნაშავეა ასევე ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს.

„ჩვენი ე.წ მთავრობაც ამ ხრიკს მიმართავს – ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ავტორიტარი არ არის. სამწუხაროდ, დასავლეთში ზოგიერთებმა ეს დაიჯერეს… მაგრამ არ ტყუვდება ქართველ ხალხი, რომელიც 200 დღეა ქუჩაში დგას და ყველა ქალაქში უსამართლობას აპროტესტებს.

სამწუხაროდ, საქართველო ციხედ გადაიქცა. ძალიან ლამაზ ციხედ – მთებით, ღვინით, პოლიფონიური სიმღერით, დიდებული ლიტერატურით – მაგრამ მაინც ციხედ. მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი გრძნობს თავს კარგად. დანარჩენები – ჟურნალისტები, მშრომელები, მსახიობები, ოპოზიციის წარმომადგენლები – ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ.

ახლა მე არ ვსაუბრობ, როგორც მსხვერპლი. ვსაუბრობ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ ლაპარაკს ჯერაც აქვს მნიშვნელობა. და რაც მთავარია, მჯერა, რომ ევროპა — ნამდვილი ევროპა – უსმენს, როდესაც სიმართლე ლაპარაკობს… თუნდაც აქცენტით.

ამიტომ მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა,”- თქვა ბექა ყორშიამ.

ჟურნალისტმა თავისი გამოსვლა ქართველი ხალხისადმი მიმართვით დაამთავრა.

„გჯეროდეს, საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში… გჯეროდეს, რადგან მთელი მსოფლიო გიყურებს. გჯეროდეს, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგიღია, ფუჭად არ ჩაივლის“.

უკრაინამ ყირიმის ხიდს წყალქვეშ დაარტყა – კიდევ ერთი სპეცოპერაცია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ ახალი უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს, ამჯერად წყალქვეშ.

„ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა. უშიშროების სამსახურმა ამ უკანონო ობიექტის სვეტები დანაღმა, დღეს კი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

წყალქვეშა საყრდენი სვეტები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული – ამას ხელი შეუწყო 1100 კგ აფეთქებამ ტროტილის ეკვივალენტში. ფაქტობრივად, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია“ – წერს უკრაინის უშიშროება ფეისბუქზე და აფეთქების ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი.

„ღმერთს სამება უყვარს და SBU-ს ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე ჩანაფიქრი და არასდროს მეორდება.

ადრე, ჩვენ ორჯერ მივაყენეთ დარტყმა ყირიმის ხიდს 2022 და 2023 წლებში, დღეს ეს ტრადიცია უკვე წყლის ქვეშ გავაგრძელეთ.

რუსეთის ფედერაციის არც ერთ უკანონო ობიექტს არ აქვს ადგილი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამიტომ, ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, მით უმეტეს, რომ მტერმა ის ლოჯისტიკური არტერიის სახით გამოიყენა თავისი ჯარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება ჩვენს მკაცრ პასუხს მიიღებს“, – განაცხადა მალიუკმა.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

12-დღიანი პატიმრობა ხმამაღალი საუბრის გამო – რატომ დააკავეს 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილი

ქუჩაში, მეგობართან და თანამოაზრესთან ხმამაღალი საუბრის გამო 19 წლის სტუდენტს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ის ფაქტი, რომ ლუკა ნაცვლიშვილი 26 მაისის საღამოს ხმამაღლა ელაპარაკებოდა პროევროპული აქციის მონაწილეს, დაადასტურეს როგორც მისმა მეგობრებმა, ისე შსს-ს იურისტმა და შსს-ს მიერ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მიყვანილმა პოლიციელებმა.

მოქმედი კანონმდებლობით, ხმამაღლა საუბარი სამართალდარღვევა არ არის, მაგრამ ლუკა ნაცვლიშვილის ხმამაღლა საუბარში ჯერ პოლიციელებმა იპოვეს სამართალდარღვევის ნიშნები, შემდეგ შსს-ს იურისტმა ეს ბრალად აქცია და საბოლოოდ მოსამართლემ სამართალდარღვევისთვის სასჯელად 12-დღიანი პატიმრობა განსაზღვრა.

  • რა დააშავა ლუკამ და რა მოხდა სინამდვილეში 26 მაისს?

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პროევროპული აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მარშით აღნიშნეს.

მარშის დასრულების შემდეგ,ლუკა ნაცვლიშვილი, რამდენიმე მეგობართან და თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც, როგორც წესი, იმართება აქცია, ხმამაღლა საუბრობდა.

ამ ფაქტს ადასტურებენ ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრები, რომელთაგან ზოგიერთი  სასამართლოში მოწმედაც გამოცხადდა და ჩვენება მისცა. თუმცა ხმამაღლა საუბარში სულ სხვა რამ დაინახა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შსს-ს იურისტის, თეა ლაღაძის ვერსიით:

„2025 წლის 26 მაისს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა 10 ნომრის მიმდებარედ, აქციის მონაწილეებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, სადაც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ხმამაღალი ლანძღვა-გინებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ განკარგულებას, განრიდებოდა ტერიტორიას, ასევე პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

27 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე თავად ლუკა ნაცვლიშვილმა მისცა ჩვენება და დეტალურად მოჰყვა, რა მოხდა 26 მაისს.

„ჩვეულებრივი კონსტრუქციული საუბარი მიმდინარეობდა ჩემსა და აქციის ერთ მონაწილეს შორის, რომელიც რაღაც მომენტში გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ჩვენ შორის არ ყოფილა არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა.

რაც შეეხება შემდგომ უკვე დაკავებას. მოულოდნელად უკნიდან მოვიდნენ სამართალდამცავები, უცებ მომკიდეს ხელი, ვერც მივხვდი რა ხდებოდა, როცა გამომატრიალეს და წამიყვანეს, მხოლოდ შემდეგ გახდა ჩემთვის აღქმადი ის ფაქტი, რომ პოლიცია იყო უშუალოდ ჩართული. არ ყოფილა პოლიციელების მხრიდან რაიმე მოწოდება, არც განრიდება, პირდაპირ დამაკავეს“.

სასამართლოს ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების შემსწრე ორმა მოწმემ მისცა მსგავსი შინაარსის ჩვენება.

ლუკა ნაცვლიშვილი სასამართლოზე
  • რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა

სასამართლოზე დაკითხეს ორი პოლიციელი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორები, ნუგზარ ჩუბინიძე და ხვიჩა ცენტერაძე. ორივე პოლიციელმა თითქმის იდენტური ჩვენება მისცა, მათი ჩვენებების მიხედვით ლუკა ნაცვლიშვილი ჯერ უმისამართოდ იგინებოდა, დაკავების დროს კი წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და დააზიანა „პოლიციის მანქანის კარის რეზინა“.

„26 მაისს ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას. 22:25 საათიდან 22:35 საათამდე დაახლოებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდით იყო შეხლა-შემოხლა, ხმამაღალი, სიტყვიერი შეურაცხყოფები. შეძლებისდაგვარად ჩვენც ჩავერიეთ პოლიციელები, ჩვენი თანამშრომლები მივედით, გავერკვიეთ სიტუაციაში, პატივცემულ ლუკა ნაცვლიშვილს მოვახსენეთ, რომ დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო.

ვისაც ეკამათებოდა, აქციის მონაწილეები იყვნენ, რაღაც კამათი მოუვიდათ ერთმანეთში. რომ მივედით იმ პიროვნებამ ეს ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინა. ბატონ ლუკას მივუთითეთ, რომ გაგვერიდებინა იმ სიტუაციიდან და განგვემუხტა ვითარება,“ – მისცა სასამართლოს ჩვენება პოლიციელმა ნუგზარ ჩუბინიძემ.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორი ნუგზარ ჩუბინიძე

პოლიციელის მტკიცებით, ლუკა ნაცვლიშვილი იგინებოდა.

„ხელით გაიწია მისი ე.წ. ნაცნობისკენ, თუ ვისაც ეკამათებოდა. ამ დროს გამოვიყვანეთ პატივცემული ლუკა, რომელმაც ამ დროს აგვიქნია ხელი, „ვაფშე თქვენ ვინ ხართ ბიჭოო“, თქვენს კანონიერ მოთხოვნას არ ვემორჩილები და არ მაინტერესებს თქვენი მოთხოვნაო. ამის მერე წავიყვანეთ ავტომობილისკენ.

ჩასმის პერიოდში ავტომობილს დაუზიანა კარების რეზინა. ამ ჩაჯდომის პერიოდში ვიდეო არის გავრცელებული,“ – თქვა მოწმე პოლიციელმა.

თითქმის იგივე ისტორია მოჰყვა პოლიციელმა ხვიჩა ცენტერაძემაც.

„26 მაისს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. გაისმა ხმამაღალი საუბარი, ლანძღვა-გინება, როდესაც მივუახლოვდით, ორ პიროვნებას შორის იყო ხმამაღალი კამათი. მოვუწოდეთ დამშვიდებისკენ. მოვუწოდეთ კიდევ ერთხელ, თუმცა მან ჯიუტად განაგრძო ლანძღვა-გინება უმისამართოდ, ხან ჩვენი მისამართით.

დაკავების დროს წინააღმდეგობა გაწია ბატონმა ლუკა ნაცვლიშვილმა. კერძოდ, დაკავების დროს შსს-ს ავტომობილზე დააზიანა რეზინა. კამერებშიც არის დაფიქსირებული.

არაერთგზის მოვუწოდეთ ბატონ ლუკას დამშვიდებულიყო და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ის ჯიუტად განაგრძობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

დაკავების მომენტში განემარტა უფლებები ბატონ ლუკას და დაკავებული იქნა ის ადმინისტრაციულით,“ – მისცა სასამართლოს ჩვენება მოწმე პოლიციელმა ხვიჩა ცენტერაძემ.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორი ხვიჩა ცენტერაძე

ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებაში მოწმეთა ჩვენების, ასევე გავრცელებული კადრების მიხედვით, 10-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში არ დევს პოლიციელთა სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეომტკიცებულება, რომელიც მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაადასტურებდა. 

პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები, ასევე დაცვის მხარის მოწმეები ამბობენ, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს მეგობართან ხმამაღალი საუბრის, კამათის გამო. მოწმეთა ჩვენების თანახმად, ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი არ ყოფილა ჩხუბი, როგორც ამას აღწერს პოლიცია.

„ემოციურად ვსაუბრობდით, ცოტა ხმამაღლა. შეურაცხმყოფელი სიტყვები ვერ იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ მეგობრები ვსაუბრობდით და მეგობრები ერთმანეთს შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ხოლმე. ჩვენ კულტურული და ზრდილობიანი ხალხი ვართ,“ – უთხრა სასამართლოს არჩილ ბერიძემ, სტუდენტმა, ლუკა ნაცვლიშვილის მეგობარმა.

შემდეგ დეტალურად აღუწერა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მომენტი, როგორ მივარდა ათობით პოლიციელი, როგორ შემოეხვივნენ გარს და პოლიციის მანქანისკენ როგორ გაიტაცეს 19 წლის სტუდენტი.

„პოლიციის მანქანამდე მივყევი და ვეკითხებოდი, რატომ იჭერთ-მეთქი. ტერმინი დაკავება არ გამოუყენებიათ. გვეუბნებოდნენ – განვარიდეთო. ლუკაც პოლიციას ეკითხებოდა რატომ მიჭერთო. მათ მანქანაში ჩატენეს ლუკა,“ – მისცა სასამართლოს ჩვენება არჩილ ბერიძემ.

თავის ჩვენებაში ხმამაღლა საუბარზე ილაპარაკა მოწმე ედიშერ მჟავანაძემაც.

„საკონსტიტუციო სასამართლოსთან [ხმამაღლა] ლაპარაკობდნენ. დავინახე, ლუკას უკანა მხრიდან მიეპარნენ [პოლიციელები]. ეგრევე წრე დაარტყეს ლუკას და წაიყვანეს. რომ არ მცოდნოდა, რომ პოლიციელები იყვნენ, ვიფიქრებდი, ძალადობას ჰქონდა ადგილი. უკნიდან ეპარებიან ვიღაც კაცები და მიჰყავთ. არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა, უბრალოდ გაათრიეს.

ლუკა გზაში იძახდა რა გინდათ, რატომ მაკავებთ, რას მერჩითო,“ – გაიხსენა 26 მაისს ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების დეტალები ედიშერ მჟავანაძემ.

  • რა ჩანს კადრში და რას ხედავს შსს

26 მაისს ლუკა ნაცვლიშვილის დაკავება გადაიღო ედიშერ მჟავანაძემ, რომელიც სასამართლოში მოწმის სახითაც გამოიკითხა. მოწმემ თქვა, რომ პოლიციელებმა ისე დააკავეს ლუკა ნაცვლიშვილი ხმამაღალი საუბრისთვის, რომ საერთოდ არაფერი არ განუმარტავთ.

ვიდეოში ჩანს ათამდე პოლიციელს როგორ მიჰყავს ძალის გამოყენებით 19 წლის სტუდენტი.

„რის გამო მაკავებთ, ვერ გავიგე. რატომ, რის გამო მაკავებთ?“ –  კითხულობს დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი, რაც ასახულია ვიდეოზე.

კადრში ჩანს, როგორ ტენიან მას პოლიციელები ავტომანქანაში და ისმის პოლიციელების ხმა: „ჩქარა, ჩქარა, ჩაჯექით უცებ მანქანაში“.

„ვინ არის პასუხისმგებელი, დაკავებულია ეს პირი?“ – ისმის კადრებში ვიდეოს ავტორის ხმა.

„დაკავებულია!“ – პასუხობს მას ერთ-ერთი პოლიციელი.

„რატომ, რის გამო, რის საფუძველზე?“ – აგრძელებს კითხვების დასმას ვიდეოს ავტორი, თუმცა პოლიციელები განმარტებას აღარ აკეთებენ.

ვიდეოში ისმის კიდევ ერთი პოლიციელის ხმაც, რომელიც სხვა პოლიციელებს მიუთითებს, რომ „მესამე განყოფილებაში წაიყვანონ“.

„რის საფუძველზე დააკავეთ?“ – განაგრძობს კითხვების დასმას ედიშერ მჟავანაძე, რა დროსაც კადრში ჩანს პოლიციელი, რომელიც პასუხს სცემს კითხვას.

„დაკავებულს განუმარტავენ თვითონ, რის საფუძველზეა დაკავებული“, – ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც ედიშერ მჟავანაძე მას ეკითხება, დაკავების მომენტში რატომ არ განუმარტეს დაკავების მიზეზი ლუკა ნაცვლიშვილს, პოლიციელი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ განუმარტეს.

ამ დროს კადრებში ისმის ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრის, არჩილ ბერიძის ხმა, რომელიც პოლიციელს პასუხობს: „მე ვიყავი მასთან და არავის არაფერი განუმარტავს. მოვარდნენ და უბრალოდ წაიყვანეს“.

„სასამართლოზე თქვით, ჩვენება მიეცით, რასაც ამბობთ ახლა, დააფიქსირეთ იქ, სასამართლოში. ჩვენება მიეცით,“ – რჩევას აძლევს ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრებს პოლიციელი.

„რა აზრი აქვს, რა? რა აზრი აქვს?“ – ისმის კადრებში აქციის მონაწილეთა ხმა.

პოლიციელის რჩევას რა აზრი ჰქონდა, ეს კარგად გამოჩნდა 27 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა თეა ლაღაძემ სასამართლოზე წარადგინა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოდან მოჭრილი კადრი და ამ კადრის მის წინააღმდეგ გამოყენება სცადა.

კერძოდ, შსს-ს სასამართლოზე მიიტანა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოდან მოჭრილი მონაკვეთი და თქვა, რომ არჩილ ბერიძე, რომელმაც ჩვენება მისცა სასამართლოს „საერთოდ არ ჩანდა ამ კადრში“. ამიტომ მისი ჩვენება სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.

ლუკა ნაცვლიშვილის ადვოკატებმა სასამართლოს უთხრეს, რომ კადრი მოჭრილი იყო უფრო ვრცელი ვიდეოდან, რომელიც ასახავდა ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებას და ამ კადრებში ნამდვილად ჩანდა არჩილ ბერიძე.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, არ მისცა მათ უფლება საქმისთვის დაერთოთ სრული ვიდეო.

ვიდეოში, რომლის საქმეზე მტკიცებულებად დართვაზეც სასამართლომ უარი თქვა და რომელიც შსს-ს მიერ წარდგენილი მოკლე ვიდეოს სრული ვერსიაა, ჩანს, რომ არჩილ ბერიძე ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების პროცესს ნამდვილად ესწრება, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციელებს ლუკა მიჰყავთ, ტელეფონზე საუბრობს და ისმის მისი ხმა: „ბიჭო, რა ვიცი, ვლაპარაკობდით ერთმანეთში და დააკავეს“.

არჩილ ბერიძის კადრი ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ამსახველი სრული ვიდეოდან. ეს ვიდეო მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად საქმეს არ დაურთო და მხოლოდ შსს-ს ვერსია გაიზიარა
  • რატომ მივიდნენ ხმამაღლა მოსაუბრე აქციის მონაწილეებთან პოლიციელები? – შსს-ს ვერსია

„კანონით პოლიციის შესახებ, პოლიციელი ვალდებულია შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ სამართალდარღვევის ფაქტზე, აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტი. პოლიციელი არ უნდა დაელოდოს რომელი მოქალაქე მიმართავს განცხადებით ან 112-ში შეტყობინებას გააკეთებს, რომ ჩემი სიმშვიდე, ჩემი მყუდროება დაირღვა. მანამდე უნდა აღკვეთოს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ. თვითონაც ადასტურებენ, რომ იყო ხმამაღალი საუბარი.

პოლიციელებმა სრულიად ობიექტურად აღწერეს, პოლიციელები უშუალოდ მოუწოდებდნენ ბატონ ლუკას, რომ შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თუმცა ბატონი ლუკას მიერ აღნიშნული გაზიარებული არ იყო. კვლავ განაგრძობდა. პოლიციის მოწოდება იყო, რომ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით გასულიყო ტერიტორიიდან, არ გავიდა. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს 173-ე მუხლის პირველი ნაწილი, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა,“ – ასე დაასაბუთა შსს-ს იურისტმა თეა ლაღაძემ ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების კანონიერება.

„[მოწმეები] თვითონაც ადასტურებენ, რომ იყო ხმამაღალი საუბარი. პოლიციელებმა სრულიად ობიექტურად აღწერეს… პოლიციელების განმარტებით, ხელები გაგვიშალაო. ასეთი ქმედება განახორციელა ბატონმა ლუკამ, რითაც პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა, როდესაც მან ასე ხელების გაშლით უთხრა პოლიციას, რომ არავინ არ ეკითხებოდა პოლიციას თუ თვითონ რას განახორციელებდა.

ვთვლით, რომ წარმოდგენილი ოქმებით და მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება ლუკა ნაცვლიშვილის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალგადაცდომის ფაქტი [166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის მესამე ნაწილით]. ამასთან, 173-ეს ნაწილში არის განმეორებითი.

ვინაიდან სახეზე გვაქვს დამამძიმებელი გარემოება, გამოყენებული იქნეს მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა,“ – ასე დაასაბუთა შსს-ს იურისტმა თეა ლაღაძემ თუ რატომ უნდა შეეფარდებინა მოსამართლეს 19 წლის სტუდენტისთვის პატიმრობა.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა შსს-ს მოთხოვნა გაითვალისწინა და 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილს 12 დღიან ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არცერთი მოწმის ჩვენება, არ გაიზიარა ადვოკატების მიერ მიწოდებული მტკიცებულებები, არც შუამდგომლობის თხოვნა და გადაწყვეტილება დარბაზიდან გაუსვლელად გამოაცხადა.

„ლუკა ნაცვლიშვილი ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით და 173-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში, ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვროს პატიმრობა 12 დღე-ღამის ვადით,“ – მოსამართლე გულიკო კაჟაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს სხდომის დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„წესრიგი დაიცავით, წესრიგი დაიცავით… გაბრძანდით გარეთ! გააბრძანეთ გარეთ!“ – ყვიროდა მოსამართლე, მაგრამ მას შემდეგ რაც გამოცხადებული განაჩენის გამო სხდომაზე დამსწრეთა აღშფოთება ვერ გადაფარა, თავად გავიდა დარბაზიდან.

ლუკა ნაცვლიშვილის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 8 ივნისს იწურება.

მთავარი ფოტო: მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, მოწმე პოლიციელები – ნუგზარ ჩუბინიძე და ხვიჩა ცენტერაძე

ამავე თემაზე: 

ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

გვარის დაბრუნებას აზერბაიჯანული თემი საკონსტიტუციოში ითხოვს – არსებითი განხილვა იწყება

4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს არსებით განხილვას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების სარჩელზე.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ სურთ მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა და რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების გვარები, – ისევე, როგორც აზერბაიჯანში მცხოვრებებისა, – ხშირად ბოლოვდება რუსული ოვ-ევ სუფიქსით, თუმცა ისტორიული დასახელება ხშირად სხვანაირია ხოლმე.

ამ იდეის შესაბამისი კამპანია, სახელწოდებით – გვარი დამიბრუნე, 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, პირს ეზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა, როდესაც არსებობს მყარი პიროვნული კავშირი პირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის.

კანონი გვარის შეცვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და ბლანკეტურად ართმევს ყველა პირს გვარის შეცვლის საშუალებას, მაშინაც კი, როდესაც დასაბუთებული ინტერესი არსებობს.

„სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: ა) მშობელთა შეერთებული გვარი; ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი; გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; ე) მშვილებლის გვარი;ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას; თ) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით; ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი“.

„…ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ოვ/ევ ან რომელიმე სხვა სუფიქსის ჩამოშორების გზით დაიბრუნოს ავთენტური გვარი, რაც გამოიხატება არაავთენტური სუფიქსის ჩამოშორებაში ან გვარისათვის ისტორიულად დამახასიათებელი სუფიქსის დაბრუნებაში,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც აზერბაიჯანული თემის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

„მოცემულ შემთხვევაში მყარი პიროვნული კავშირის სტანდარტის დაკმაყოფილება სრულიად აშკარაა, რადგან ბუნებრივია, რომ პირი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს მის ავთენტურ და არა კონკრეტული სისტემის პირობებში მოდიფიცირებულ გვართან, რადგან სწორედ მხოლოდ ავთენტური გვარი შეიძლება ასრულებდეს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნია პიროვნების გვარს, რაც გულისხმობს მისი კავშირის გამოკვეთას მის ისტორიულ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ ოჯახურ წარსულთან.

ამასთანავე, სრულიად ცხადია, რომ საზოგადოებას არ შეექმნება არანაირი დაბრკოლება კონკრეტულ მოქალაქეებსა და მათ ავთენტურ გვარს შორის კავშირის დანახვაზე, რადგან ავთენტური გვარის დაბრუნება სწორედ ამგვარი კავშირის გამყარებას და ნათლად გამოკვეთას ემსახურება და შეუძლებელია საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვიოს.

ყურადსაღებია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში გვარის ფუძე უცვლელი რჩება, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ აშკარაა პიროვნებასა და გვარს შორის არსებული მყარი პიროვნული კავშირი, რადგან პირი ინარჩუნებს იმ გვარის ფუძეს, რომელსაც ისედაც ატარებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

შესაბამისად, რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის არსებობისას შეძენილი რუსული სუფიქსების ჩამოშორება და ამ გზით ავთენტური გვარის დაბრუნება სრულიად აშკარაა, რომ უკავშირდება პიროვნებასა და გვარს შორის მყარი პიროვნული კავშირის არსებობას და არა რაიმე ტიპის შემთხვევითობას ან პირის უსაფუძვლო სურვილს რომელიმე კონკრეტული გვარის ტარებისა.

მოსარჩელის მოთხოვნაც, რომელიც გაცხადდა სააგენტოსადმი მის მიერ წარდგენილ განცხადებაში, გამომდინარეობდა სწორედ მასსა და მისთვის სასურველ გვარს შორის არსებული მყარი პიროვნული კავშირიდან, რადგან მოსარჩელეს სურდა ეტარებინა ის გვარი, რომელიც მის პიროვნულ იდენტობასთან ყველაზე ახლოს იქნებოდა და არა რამე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული გვარი.

დღესდღეობით ამგვარ შესაძლებლობას კანონი არ იძლევა, რადგან სუფიქსების ჩამოშორებით ავთენტური გვარის დაბრუნების უფლებას არ ითვალისწინებს გვარის შეცვლის შემთხვევების ის ამომწურავი ჩამონათვალი, რომელსაც შეიცავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64.2 მუხლი.

მოქალაქის მყარი პიროვნული კავშირი ავთენტურ გვართან მარტივად შეიძლება გამოიკვეთოს პირის ეთნიკური წარმომავლობიდან, რელიგიიდან და მისი აღმავალი შტოს რომელიმე ნათესავის მიერ ავთენტური გვარის ტარების ფაქტი შეიძლება იყოს შეფასების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი კრიტერიუმი, თუმცა არსებული კანონმდებლობის პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ორგანოსათვის ამგვარი მსჯელობის განვითარება შეუძლებელია, რადგან კანონმდებლობა არ შეიცავს ჩანაწერს მყარი პიროვნული კავშირის არსებობის შემთხვევაში გვარის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ,“ – აღნიშნულია სარჩელში.

ამ თემაზე:

„გვარი დამიბრუნე“ – რა გადაწყვიტა პარლამენტმა საქართველოს აზერბაიჯანელი თემის კანონპროექტზე

„ივანიშვილი კოორდინირებულად ებრძვის დამოუკიდებელ მედიას“ – კოალიციის განცხადება

დღეს, 3 ივნისს, მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას აქვეყნებს და გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„სინდისის პატიმარი, დამოუკიდებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს.

ფიზიკური ძალადობა მედიის წინააღმდეგ – პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელი ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

სამართლებრივი რეპრესიები – „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო  „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“  სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი – “ქართული ოცნების” სამსახურში – საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარება უკვე აშკარად აჩვენებს, რომ მისი ხელმძღვანელობა ემსახურება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს. დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობენ დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების დევნასა და დათხოვნაში.

მაუწყებელი დღითიდღე ემიჯნება საზოგადოებას და რეალურ ფუნქციას კარგავს, რასაც მოწმობს სარედაქციო პოლიტიკის ტენდენციური შინაარსი და განსხვავებული მოსაზრების მიზანმიმართული უგულებელყოფა.

სასამართლო შენობებში კამერების აკრძალვა – დახურულ საჯარო უწყებების სიას დაემატა სასამართლო სისტემაც. გასულ კვირას მედიას კვლავ შეეზღუდა კამერებით შესვლა სასამართლო შენობებში – მაშინ, როცა ერთდროულად მიმდინარეობდა რამდენიმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესი. ეს ნაბიჯი არღვევს საჯაროობის პრინციპს და ხელს უშლის საზოგადოებას სასამართლო პროცესების მონიტორინგში.

ჟურნალისტების დაჯარიმება – მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე კვლავ გრძელდება სისტემური ზეწოლა – მათ ყოველდღიურად აჯარიმებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებას ცდილობენ. ეს პრაქტიკა წარმოადგენს თავისუფალი პრესის დევნის პირდაპირ მაგალითს.

ეკონომიკური ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება ფინანსური ბერკეტების  საშუალებით. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ბიზნეს-კომპანიებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან. ბიზნესს აიძულებენ, უარი თქვას მაღალი რეიტინგის მქონე არხთან თანამშრომლობაზე.

მიზანმიმართული დეზინფორმაცია – დამოუკიდებელი მედიასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უწყვეტად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია. ამით “ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოებაში მედიისადმი უნდობლობის დათესვას და ინფორმაციის ობიექტური წყაროების დისკრედიტაციას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.

მედია ადვოკატირების კოალიცია

სინდისის პატიმრები საქართველოში: მზია ამაღლობელის საქმე

ავტორი: ლიზა ქორიძე, მკვლევარი, იურისტი. სტატია მომზადდა Global Human Rights Defence-თვის.

_______________________

მზია ამაღლობელი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ორი გამორჩეულად დამოუკიდებელი და კრიტიკული ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.

2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავებიდან მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე ხანში ხელახლა დააკავეს სისხლის სამართლის წესით. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა გამოიყენა.

მზიას დაკავების პარალელურად, საქართველოში ჟურნალისტების მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. მისი დაკავება არ წარმოადგენს ერთ, ინდივიდუალურ შემთხვევას, ის ასახავს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობას.

ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები, რაც იმაზე მიუთითებს რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დღითი-დღე იკლებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს.

მზია ამაღლობელის საქმე მჭიდრო კავშირშია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების შემცირებასთან. ამ სტატიის მიზანია, უფრო კარგად წარმოაჩინოს, თუ რა პირობებში უწევთ საქართველოში ჟურნალისტებს მუშაობა და დაცულია, თუ არა დემოკრატიული პრინციპები ქვეყანაში, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

  • კონტექსტი

საქართველო წლებია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაუღალავად იბრძოდა ევროპული მომავლისთვის, თუმცა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო წყვეტდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს.

ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მზია ამაღლობელიც მათ შორის იყო.

ლიზა ქორიძე, მკვლევარი, იურისტი

ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა თითქმის ყველა საშუალებას იყენებდა საპროტესტო აქციების დასაშლელად, მათ შორის, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლის მანქანებს. მაშინ, როდესაც ამ გზებით ვეღარ შეძლეს პროტესტის ჩახშობა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება და უკანონო დაკავებები დაიწყეს. 28 ნოემბრიდან დღემდე ადმინისტრაციული წესით პროტესტის ასობით მონაწილე დააკავეს, სისხლის სამართლის წესით კი 50-ზე მეტი ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ დაარღვია არა მხოლოდ კონსტიტუციის ჩანაწერი ევროკავშირში ინტერგაციასთან დაკავშირებით, არამედ ის 28 ნოემრბიდან დღემდე არღვევს ადამიანის უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომლებზე ხელის მოწერითაც საქართველომ მათი დაცვის ვალდებულება აიღო.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის სიმტკიცესაც უზრუნველყოფს. საქართველომ საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ამ თავისუფლების მოსაპოვებლად. კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. კონსტიტუციით ასევე დაცულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებაც, დაუშვებელია ცენზურა და დაცულია ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლებასაც.

იმის მიუხედავად, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით, ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა.

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ყოველწლიურად აფასებს სხვადასხვა ქვეყანაში პრესისა და მედიის თავისუფლებას. 2025 წლის მონაცემებით, საქართველო 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გაუარესებული შედეგია.

ქვეყანაში პრესისა და მედიის თავისუფლების ასეთმა მკვეთრმა გაუარესებამ საერთაშორისო დამკვირვებლების და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღებაც მიიქცია. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარების ნაცვლად, რეგრესს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს არა ერთი დამოუკიდებელი მედია საშუალება არსებობს, აღსანიშნავია, რომ მათ საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა.

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმები. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 2021 წლის 5 ივლისია, როდესაც ულტრა-მემარჯვენე მოძრაობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი არხის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობებით აღებულ ვალდებულებებს.

მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ჟურნალისტებს „მტრებად“ და „აგენტებად“ მოიხსენიებს, რაც კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოებაში მათ მიმართ მტრული განწყობების შექმნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში დღითი-დღე უარესდება. დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საზოგადოებას ევროპული მომავლის იმედს აძლევდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში თითქმის აღარ არსებობს. სანაცვლოდ, მთავრობის პრიორიტეტი მედიის ნარატივებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის კონტროლი გახდა. სწორედ ამიტომ, უნდა ითქვას, რომ მზია ამაღლობელის საქმე არ არის ინდივიდუალური შემთხვევა, უფრო მეტიც, ის წარმოადგენს კრიტიკული მედიისა და აქტივისტების გაჩუმების მცდელობას.

  • მზია ამაღლობელის საქმე

როგორც უკვე აღინიშნა, მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვარში დააკავეს. 11 იანვარს ის ბათუმის პოლიციის შენობასთან გამართულ დემონსტრაციაზე კოლეგების მხარდასაჭერად მივიდა. სოლიდარობის ნიშნად მან პოლიციის შენობაზე საპროტესტო სტიკერი გააკრა, რის შემდეგაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. ერთი საათის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან მალევე მზია ამაღლობელი მეორედ და ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ამის საფუძვლად კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნა დაასახელეს.

დაკავების შემდეგ აღნიშნულმა პოლიციელმა, ირაკლი დგებუაძემ, მზია ამაღლობელს დამამცირებელი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, ის დაკავებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დააკავებდა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა მისი გაჩერება მოახერხეს. ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს წყლის დალევისა და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლებაც შეუზღუდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახედ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

353¹ მუხლი რამდენიმე ელემენტის არსებობას საჭიროებს, მაგალითად, ძალადობრივი და აგრესიული თავდასხმის არსებობა, პირდაპირი განზრახვა და აშკარა კავშირის პოლიციელის სამსახურეობრივ როლთან. მზია ამაღლობელის ქმედება, რომელიც პოლიციელის მხირდან შეურაცხყოფაზე პასუხი იყო, არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს შერჩევითი და პოლიტიზირებული სამართლის შესახებ.

2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, რაც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახეა. მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, ის 12 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით შიმშილობდა. აღსანიშნავია, რომ მან შესაბამისი სამედიცინო დახმარება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ მიიღო.

18 თებერვალს მან განაცხადა, რომ წყვეტდა შიმშილობას და კვებას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებდა.

მზია ამაღლობელის დაკავებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. საქართველოში 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი მისი გათავისუფლების შესახებ შედგენილ პეტიციას. ჟურნალისტების საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მზიას სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მის დაკავებას საერთაშორისო დონეზეც მოჰყვა გამოხმაურება. Amnesty International-მა, OSCE-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად არა ერთი განცხადება გაავრცელეს.

მზია ამაღლობელი დღეს საქართველოში ერთადერთი ქალი პოლიტპატიმარია, რომელიც ამავდროულად სინდისის პატიმარიც არის. Amnesty International-ის მიხედვით, სინდისის პატიმარი არის პირი, რომელიც დაპატიმრებულია მისი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულებების გამო და მას არ გამოუყენებია ძალადობა.

  • სამართლებრივი ჩარჩო

მზია ამაღლობელის საქმე არა მხოლოდ ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს, არამედ იმ რეგიონული და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ჭრილშიც უნდა განვიხილოთ, რომელთა შესრულებაზეც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა და ეს ვალდებულება თავის თავზე აიღო. ამ სტანდარტებზე საუბარი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რატომ გამოიწვია მზია ამაღლობელის დაკავებამ ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება.

ასევე, იმის დასადგენად, არღვევს თუ არა სახელმწიფო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და კანონის უზენაესობის დაცვის ვალდებულებებს.

გარდა იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის გამოყენების უფლებები, კონსტიტუციის 21-ე მუხლი ასევე იცავს შეკრების თავისუფლებას, რომლის მიხედვითაც, ყველას, გარდა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისა, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ, და უიარაღოდ შეკრების უფლება.

ეს უფლებები ვრცელდება არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეზე და უზრუნველყოფს მათი სიტყვისა და გამოხატვის, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებს.

გარდა კონსტიტუციისა, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო და რეგიონული კონვენციებიც, რომელთა შესრულებაზეც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა.

მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღნიშნული მუხლი ამბობს, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯაროდ, ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის შენობაზე გაკრული სტიკერი სწორედ ამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

კონვენციის მე-11 მუხლი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას იცავს და ამბობს, რომ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება. სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავი შეიკავოს მშვიდობიან დემონსტრაციაში ჩარევისგან, არამედ უნდა უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების დაცვა.

მშვიდობიანი პროტესტისთვის ადამიანის დაკავება, განსაკუთრებით კი მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეიძლება ორივე აღნიშნული მუხლის დარღვევას წარმოადგენდეს. კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლებას შეეხება.

მზია ამაღლობელის საქმეში არსებობს სერიოზული ეჭვები პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, შეიძლება ითქვას, რომ მისი წინასწარი პატიმრობა არაპროპორციულია, ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც.

საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტია. მე-19 და 21-ე მუხლები შესაბამისად იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანახმად, მშვიდობიანი პროტესტი აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და მისი შეზღუდვა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს. ამასთანავე, არაძალადობრივი პროტესტისთვის ვინმეს დასჯა, განსაკუთრებით კი ისეთი სიმბოლური აქტისთვის, როგორიცაა სტიკერის გაკვრა, არ აკმაყოფილებს „აუცილებლობისა და პროპორციულობის“ საერთაშორისო სტანდარტებს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა არა სიმბოლური, არამედ სავალდებულოა.

თუმცა, მზია ამაღლობელის შემთხვევაში ეს უფლებები უმეტესად იგნორირებული და დარღვეულია.

  • პოლიტიკური მოტივები

მზია ამაღლობელის დაპატიმრება გარკვეულ სამართლებრივ კითხვებს აჩენს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ის პოლიტიკური მესიჯია, რომელიც მისი დაპატიმრების უკან დგას.

აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა სასამართლო სისტემას იყენებს არა რეალური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, არამედ კრიტიკული აზრის ჩასახშობად და სხვა სამოქალაქო აქტივისტების დასაშინებლად.

როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაული, რომლის ჩადენასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, საჭიროებს კონტექსტის გათვალისწინებას, რაც ცხადია, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება.

მზიას ქმედება იყო პასუხი პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე და არა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. არაპროპორციული ბრალდება, დამამცირებელი მოპყრობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი საზოგადოების შეშინებაა.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა ხშირად მიმართავს ამ ხერხს ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. საბოლოოდ კი, ეს არა მხოლოდ ცალკეულ აქტივისტებზე, არამედ მთლიან საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს.

მზია ამაღლობელის საქმე სხვებისთვის მკაფიო გზავნილია, რომ პროტესტსა და ხელისუფლების გაკრიტიკებას თავისი ფასი აქვს. დროთა განმავლობაში ეს თავისთავად ასუსტებს საზოგადოების მონაწილეობას პროტესტში, ამცირებს ნდობას სასამართლო სისტემი მიმართ და აღარ ტოვებს სივრცეს მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის.

როდესაც ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი კრიმინალიზებულია და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მტრებად არიან შერაცხილები, თავად დემოკრატია რისკის ქვეშ დგება.

მზია ამაღლობელის საქმეში სასწორზე არა მხოლოდ მისი პირადი თავისუფლება, არამედ ყველა ქართველის უფლება დგას, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი და ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ძირითადი უფლებებით.

ის, რაც მზიას თავს ხდება, არ არის იზოლირებული მოვლენა, ის უფრო ფართო სურათს წარმოადგენს, სადაც განსხვავებული აზრის ქონა საფრთხედ აღიქმება და სადაც სამართლებრივი ინსტრუმენტები არა სამართლიანობისთვის, არამედ პოლიტიკური კონტორლისთვის გამოიყენება.

იქ, სადაც მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებენ, აჯარიმებენ ან ციხეში ჩასმით ემუქრებიან, ხელისუფლების გზავნილი ნათელია: მათი კრიტიკა დაუშვებელია. ამავდროულად, მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ისევ ძლიერია და არ ემორჩილება რეჟიმს.

საქართველოში ქალები ყოველთვის ბრძოლისა და პროტესტის წინა ხაზზე იდგნენ და იცავდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებსა და ღირსებას.

ყველა პროტესტს თავისი სახე ჰყავს, ვფიქრობ, ამ პროტესტის სახე მზია ამაღლობელია, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და უნდა ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივნისის 21 საათიდან 4 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6  ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„არ ვაპირებთ დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას“ – თავისუფლების მოედანი

„თავისუფლების მოედანი” თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ აპირებს დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას.

„დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი – აღარ.

სამოქალაქო და მედიასივრცე გაქრობის პირასაა, სასამართლო მოქალაქეს აღარ იცავს, არჩევნები სუს-ის გეგმით იმართება, ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ხოლო ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც თანასწორ საარჩევნო მეტოქეობას ვისურვებდით, ქუჩებიდან იტაცებენ და უსამართლოდ სჯიან.

გადაწყვეტილება,  მიიღოს თუ არა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ეფუძნებოდეს განსჯას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა არჩევნების არა მხოლოდ შედეგებს, არამედ თავად პროცესს, გააძლიეროს „ქართული ოცნების” ჩამოშლა.

დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება „თავისუფლების მოედნის” მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს,“ – ნათქვამია „თავისუფლების მოედნის” განცხადებაში.

„თავისუფლების მოედანი” განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა.

„ამიტომ, თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა „ქართული ოცნების” წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით – გვჯერა, რომ „ოცნებას” ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოვუგებთ.

რეჟიმის საბოლოო დამარცხებისთვის დემოკრატიული ოპოზიციის მოქმედების ერთიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ასევე, ერთობლივი უნდა იყოს.

ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და ახალი, სამართლიანი არჩევნების დასანიშნად,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი, 1245 აბი ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ხელბარგის გადამოწმების დროს აღმოაჩინეს.

შსს-ს მიერ 2025 წლის 3 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემთხვევაზე 1988 წელს დაბადებული ი.ლ. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის.

შსს-ს იუწყება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 20 წელი მიუსაჯეს

სიღნაღის სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის „კ“,„მ“,„პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 990 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 881 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 22 671 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 28 623 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 402 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 176 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 384 ერთეული [+12]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 748 ერთეული [+126]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 50 607 ერთეული [+145]
  • სპეცტექნიკა – 3 905 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

„ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ივნისს უკრაინის შეტევას რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სპეცოპერაცია ისტორიის წიგნებში შევა. მედიის ცნობით, 40-მდე განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა Tu-95 და Tu-22M. უკრაინის გენშტაბმა რუსეთის სამხედრო დანაკარგებში დღეს 12 თვითმფრინავი შეიტანა.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 61 008 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 609 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 705 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 577 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 350 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მემორანდუმი – რას ითხოვს რუსული მხარე უკრაინისგან კონფლიქტის დასასრულებლად?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსულ აეროდრომებს დრონებით შეუტია

უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია

„ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ სხვისი სიცოცხლის და უბედურების ფასად“ – ინტერვიუ

„ამ რეჟიმზე გამკლავების და გამარჯვების სტრატეგია არის დაუმორჩილებლობა, მასობრივი ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რომ აჩვენოს კიდევ უფრო ბევრს, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფაზაშია, რომ სიმრავლე, ერთიანობა, ერთად დგომა და წინააღმდეგობა არის ძალა, რომელსაც ვერ ერევა სისტემა“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

„ბათუმელები“ მას იმ მოსალოდნელ რეპრესიებზე ესაუბრა, რომელიც, შესაძლოა, ახალ რუსულ კანონს, ანუ „ოცნების ფარას“ მოჰყვეს.

  • ბატონო ირაკლი, ფაქტობრივად ძალაში შევიდა მეორე რუსული კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეძახის „ფარას“. როგორ ფიქრობთ, დღეს ამ ახალი კანონით შესაძლებელია იგივე გზა გაიაროს ქართულმა საზოგადოებამ, რაც გამოიარა ამ ქვეყანამ საბჭოთა რეპრესიების დროს?

ბოლო დღეების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ჯერ-ჯერობით არ აქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ მასშტაბური ოპერაციები განახორციელოს. ფაქტობრივად, ეს კანონიც არის პირველი შეთითხნილი რუსული კანონის მოდიფიცირებული ვერსია, მაგრამ მოიცავს უფრო დიდ სეგმენტს – სამოქალაქო ორგანიზაციებს, ჯგუფებს, უფრო გააფართოვეს წრე და უფრო რადიკალური გახადეს, კერძო პირებსაც კი შეახეს და უნდათ ეს ეფექტი შექმნან, რომ ვისაც კი პროფესიული და ფინანსური საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს დასავლეთთან და ეს მოქალაქეების ძალიან დიდი რიცხვია, ძალიან დიდი სეგმენტია, კონტროლი გაუწიონ მათ.

ეს მოითხოვს ძალიან დიდ რეპრესიულ აპარატს, ისეთს, რომელიც დღე და ღამე ამაზე იმუშავებს, ყველას წინააღმდეგ აღძრავს საქმეებს და რეპრესიებს განახორციელებს.

  • როგორ ფიქრობთ, ეს აპარატი არ ეყოლებათ შექმნილი?

ამ ზომის ქვეყანაში და მით უმეტეს, ასეთი ე.წ. მმართველი ჯგუფის, არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში, ძნელად წარმოსადგენია ასეთი აპარატის ჩამოყალიბება, თუ ის ორგანულად არ არის უფრო დიდი მონსტრის, რუსეთის ან რომელიმე ისეთი ქვეყნის ნაწილი, რომელსაც დიდი ხანია, ტრადიციულად აქვს ეს სისტემა აწყობილი.

ლოკალურ დონეზე ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა აკონტროლოს მოსახლეობის მეორე, უფრო დიდი ნაწილი, რეპრესიაში გაატაროს და ამის მეტი არაფერი აკეთოს – ამ მასშტაბზეა საუბარი.

  • ფიქრობთ, რომ რუსული სპეცსამსახურების დახმარების იმედი აქვთ? რამდენად შეუძლიათ რუსული გავლენები გამოიყენონ ამისთვის?

ამას აკეთებენ კიდევაც, მაგრამ აქ საუბარია მასშტაბურ ოპერაციაზე, უშუალო ჩართულობაზე და უშუალოდ ერთი სისტემის ნაწილად ყოფნაზე, რაც ჯერ-ჯერობით ვერ გამოსდით და არც გამოუვათ, დიდი იმედი მაქვს ამის.

ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს გააკეთებენ. რადგან ეს ჩარჩო შექმნეს, მათ შეუძლიათ, მასშტაბურად არა, მაგრამ შერჩევით, წერტილოვნად გამოიყენონ ეს სისტემა და გაუსწორონ ანგარიში მათთვის ყველაზე შემაწუხებელ და დისკომფორტის შემქმნელ ინდივიდებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს.

  • ეს რეპრესიული კანონი ძირითადად მაინც თავისუფალი მედიის და არასამთავრობოების წინააღმდეგ შემოიღეს, ხომ? ამ ჯგუფს გასწვდებიან თქვენი აზრით?

ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ მოინდომეს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. მათი ქცევა ხშირად გაქვს ლოგიკის ჩარჩოდან გასულ, ქაოსურ მოქმედებას, მაგრამ მოცემულობა არის ის, რომ ერთი – მათ სჭირდებათ ძალის დემონსტრირება, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან არიან დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე.

მათი ამოცანა ახლა არის ყველაფრის ფასად მიიღონ ლეგიტიმაცია საერთაშორისო არენაზე და იმის დამტკიცება, რომ „ავად თუ კარგად, წარმოვადგენთ მმართველ ძალას, ამიტომ ჯერ მიგვიღეთ და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“.

ამ მიმართულებით ვხედავთ, რომ შეუმდგარია მათი მცდელობა, რადგან საერთაშორისო იზოლაცია და სანქციები გრძელდება. რა თქმა უნდა, ამის ფონზე უფრო გამკაცრება პოლიტიკის და უფრო მასშტაბური რეპრესიების წამოწყება რეალურად რეჟიმს შეუძლია, მაგრამ როცა ამოცანა რჩება იგივე, რომ რაღაცნაირად გაირეცხოს რეპუტაცია და კომპრომისზე დაიყოლიოს საერთაშორისო საზოგადოება, ასეთ მასშტაბურ ძალადობას ჯერ კიდევ ერიდებიან.

  • რისი მოლოდინი აქვს ივანიშვილს მაშინ?

ეს გაგრძელებაა იმ პროცესის, რაც პირველი რუსული კანონით დაიწყეს და ამას ბევრი აღნიშნავდა – პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და საზოგადოებაშიც იყო ეს აზრი, რომ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის ჩვეული ტაქტიკაა ევაჭრა, მძევლები აეყვანა და აქედან პირობები წაეყენებინა დასავლელი პარტნიორებისთვის. ფაქტობრივად, თავად შეექმნა პრობლემა, ასეთი მძიმე პროცესით და ამის გაჩერების ფასად მიეღო ლეგიტიმაცია. სხვა ინსტრუმენტები, ფაქტობრივად, აღარ დარჩათ.

ეს პოლიტიკა გრძელდება ისევ და ამის ფარგლებში წერტილოვნად შეუძლიათ რამდენიმე საჩვენებელი „ქეისის“ შექმნა, რომ თითქოს ჰაერში გამოკიდებული მუქარა კი არ არის ეს კანონი, არამედ მუშაობს.

  • სასწრაფო წესით რომ დაიწყეს განხილვა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებს არ შევახებთო, ასევე იყო ინფორმაცია, რომ თითქოს არც უცხოურ ორგანიზაციებზე აპირებენ მეორე რუსული კანონის გავრცელებას, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კომპრომისებზე წამოვლენ, ოღონდ არა მედიის და არასამთავროების სასარგებლოდ?

ეს ჰგავს იმას, რომ აჩვენონ, თუ როგორი დამთმობები, როგორი ლოიალურები არიან. ეს არის ერთგვარი გზავნილი, რომ გველაპარაკეთ, გვევაჭრეთ, შემოდით ჩვენთან ურთიერთობაში, თქვენთვის უკეთესი იქნება. აი, ეს პოზაა, რომელიც, საბედნიეროდ, ახლა აღარ მუშაობს რადგან რეჟიმმა თვითონ დაარღვია ყველა ფორმატი დიალოგის, კომპრომისის, გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის იქითაც არანაირი ცივილიზებული დიალოგი ასეთ მოძალადე რეჟიმთან უკვე აღარ გამოდის.

მთავარი ბრძოლის ხაზი სხვაგანაა. ეს ხაზი გადის წინააღმდეგობაზე, საერთაშორისო გლობალურ პროცესზე, თავისთავად, მაგრამ არსობრივად, თუ ჩვენ პარალელებს გავავლებთ, ეს არის ერთი-ერთში გადმოღებული მათი მთავარი სპონსორის, „უფროსი ძმის“ და საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მიდგომა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ არის მართული და არ არის ამ იერარქის ნაწილი – დიდი ძალაუფლების და ძალადობის ვერტიკალის, სისტემისთვის განიხილება როგორც საფრთხე.

მით უმეტეს, თუ ის დამოუკიდებლად მუშაობს, რაღაცას ქმნის, რაღაც ქსელის ნაწილია, აქვს პარტნიორობა, ურთიერთობა დასავლეთთან, არის ამ სისტემის გარეთ და მით უმეტეს – თუ საერთაშორისო დონეზე დღის წესრიგს ქმნის, რა თქმა უნდა, რეჟიმი ცდილობს შეზღუდოს, გაანადგუროს, გააქროს ველიდან, როგორც კონკურენტი, საფრთხე მისი ძალაუფლების.

ეს ეხება როგორც ინდივიდს, ორგანიზაციებს, ასევე ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა: პოლიტიკური პარტიები, მედია, რეჟიმის გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები და ამათ მოსპობა-განადგურებას სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან. პირდაპირი, მარტივი, ტრივიალური გზაა პოლიტიკური ტერორი და რეპრესია, რაც არის გაუქმება, აკრძალვა, დაპატიმრება და ასე შემდეგ.

  • საბჭოთა რეპრესიებზე საუბრისას ხშირად გვსმენია, რომ აი, „სტალინმა არ იცოდა“, „მეზობლები უშვებდნენ, აბეზღებდნენ ერთმანეთს“… დასმენა გამოიყენებოდა შურისძიების ინსტრუმენტად და ასე შემდეგ. რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ შეატყობინონ დარღვევების შესახებ – ანუ დაასმინეთ, ვინ იღებს დაფინანსებას უცხოეთიდანო. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყვნენ ეს დამსმენები? რაღაც ჯგუფი ეყოლებათ შერჩეული თუ მართლა აქვთ მოლოდინი, რომ ვინმე „დანოსებს“ დაწერს? 

საერთოდ, ასეთი სისტემისთვის არის დამახასიათებელი ის, რომ თითქოს ისინი პასუხობენ მოქალაქეების მოთხოვნებს რეპრესიებისა და სხვების განადგურების ნაწილში. ეს უფრო პროპაგანდის ხაზია.

ასე ხდებოდა ადრეც მოქალაქეთა ჩართულობის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს მშრომელთა მასები მოითხოვდნენ, თითქოს დაკვეთა იყო საზოგადოების, რომ „მტერი“ განადგურდეს… ეს კამპანიები იყო ნიადაგის შესამზადებლად. მაშინდელი კომუნისტური, ბოლშევიკური პრესა აწარმოებდა კამპანიას – „ვებრძოლოთ მავნებლებს“ და ეს კამპანია ქმნიდა ამინდს.

შემდეგ, რა თქმა უნდა, მიდიოდა მასობრივი დაპატიმრებების და რეპრესიების ოპერაციები. ალბათ ასეთი კამპანიის შექმნას ემსახურება ესეც, რომ აი, მოქალაქეები მოითხოვენ მკაცრს სასჯელს და ამ „დამნაშავეების“ განადგურებას.

მაგრამ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ამ, უკვე დახურულ არქივებთან მუშაობის გამოცდილება, ვიცით, რომ ხალხის უმცირესი პროცენტი იღებდა ასეთ დასმენებში მონაწილეობას.

მიდგომაა ის, რომ თითქოს „პატიოსანი“ და კანონმორჩილი მოქალაქე ხედავს, რომ ხდება დანაშაული და ის უკავშირდება და ითხოვს, რომ მიიღონ ზომები ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად, სისტემა ასე არ მუშაობდა, თვითონ ტერორის აპარატი, თავისი აგენტურის ქსელით ახორციელებდა ყველაფერს.

ცალკეულმა მოქალაქემ ასე ანონიმურად სადღაც კი არ გააგზავნა წერილი – „ეს ადამიანი ეწევა ანტი საბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდას, აქვს კავშირები უცხოურ დაზვერვასთანო“, მოქმედი, აღრიცხვაზე აყვანილი საიდუმლო აგენტ-ინფორმატორებისგან ხდებოდა ამ ინფორმაციის მოკრება და ფაბრიკაცია.

  • რამდენად შესაძლებელია პირდაპირ გადმოიტანონ ეს მეთოდი დღეს?

სისტემა ასეა მოწყობილი. ანალოგიურ ჩარჩოებს ქმნიან, ეს არის ფორმალობა, ამის პრეცედენტებიც გვაქვს. მაგალითად, ია კერზაია საქმე რომ გავიხსენოთ, მაშინაც განათლების სამინისტრომ რეპრესია დაიწყო თითქოსდა მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე. მერე ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ეს იყო გაყალბებული, რომ თითქოს ვიღაცისგან იყო ეს საჩივარი.

  • ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზაციები არ აპირებენ ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას არც ახლა, ისევე როგორც პირველი რუსული კანონის შემთხვევაში. თუ, მაგალითად, ენთუზიაზმზე იმუშავებენ ეს ორგანიზაციები, გარკვეული დროით მაინც, რას იზამს „ოცნება“? 

როცა ძალადობრივი სისტემის მხრიდან არის დაკვეთა – „დამნაშავე“ გამოავლინოს და დასაჯოს, როცა მაქსიმალურად მის ხელშია სისტემა და არ არსებობს ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, მათ ხელშია სასამართლო, გამოძიება, ყველაფერი მონოპოლიზებულია და ვხედავთ, ჩვენს თვალწინ როგორ მიდის პოლიტპატიმრების პროცესები, როდესაც ფაქტობრივად არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ მათ წინააღმდეგ და დაწყებითი კლასის მოსწავლეც დაასკვნის, რომ სისტემა ყალბი ჩვენებებით ცდილობს ფაქტების შექმნას, იგნორირებით, რომ კამერის ჩანაწერი არ არსებობს, არც ოქმია შედგენილი, არც ნივთმტკიცებაა, მაგრამ სისტემა ამბობს, რომ „ეს ასეა, დამთავრებულია“ – ეს ერთი მომენტია და მეორეა ის, რომ შექმნა ილუზია, თითქოს მათ რაღაც მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში, რომ თითქოს დაკვეთა არსებობს, რომ ბოროტი, უცხო ძალაზე მომუშავე მოქალაქეები გამოავლინონ და დასაჯონ…

ამიტომ, საიდუმლო ინფორმატორებად რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი, კონკრეტული ადამიანები მოგვევლინებიან. ისევე, როგორც გასული წლის დეკემბერში, დარბევების დროს ვხედავდით თითქოს აღშფოთებულ მოქალაქეებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს თუ მოქალაქეების ჯგუფებს და შემდეგ, როცა ხელი შეუბრუნეს, უცებ აღმოჩნდა, რომ მოქალაქე კი არა, პოლიციის ჩინოსანია.

  • მოქალაქეები წერდნენ ფეისბუქზე, რაც შეიძლება ბევრი მეილი გავაგზავნოთ კუპრაშვილის ანტიკორუფციულ სააგენტოში, რომ გაიჭედოს სისტემაო. როგორ ფიქრობთ, ეს მიდგომა რამდენად იმუშავებს? 

ეს უფრო ილუზიაა, სატირა, რადგან როცა ჩვენ საქმე გვაქვს მოძალადე, არაადამიანურ სისტემასთან, მას ეს არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის. პირიქით, ამას რაღაც მომენტში გამოიყენებს ისევ ამ მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგან ასეთი რეჟიმების ცინიზმი იქამდე მიდის, შეიძლება ისიც კი გააკეთონ, რომ ცრუ დასმენის მუხლით წამოიწყონ ამ ადამიანების დევნა.

ჩვენს საზოგადოებას ზოგჯერ ახასიათებს რაღაც პრობლემის გაბიაბრუება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანებს სჯიან ყველანაირი ლოგიკის დარღვევით.

არ არის მტკიცებულება, მაგრამ ადამიანს აცხადებენ დამნაშავედ, უსჯიან პატიმრობას და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ამის ფონზე მარტივად შეუძლიათ თუნდაც ერთი ასეთი დამცინავი შეტყობინებების ავტორი შეარჩიონ და სრული სერიოზულობით დაიწყონ საქმის შეკერვა, ცრუ დასმენა განახორციელაო.

  • რა დარჩა საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად? 

ეს არ არის მარტო ჩვენი გასაჭირი და ისტორიაში პირველად მიმდინარე პროცესი. ასეთი რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ, ხვეწენ, ასე ვთქვათ, თავიანთი ბოროტების მეთოდებს და ასევე იხვეწება წინააღმდეგობის მეთოდებიც და გამარჯვებებისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, წარმატებული მაგალითები ვნახოთ.

პირველ რიგში ინფორმირებულობაა საჭირო და რაციონალურად შეფასება საზოგადოების მხრიდან იმისა, რომ ამ ტერორისა და რეპრესიის მასობრივი პროცესი კარგა ხანს იქნება.

თუმცა არც რეჟიმია კარგ დღეში.

შეუმცირდა რესურსები და ბეწვზეა მისი შიდა სტაბილურობაც. როგორც კი იქნება უფრო მკაცრი სანქციები, იქნება ეკონომიკური იზოლაცია და ასე ვთქვათ, შეიზღუდება მათი შავი ფული, შემსრულებლების მოტივაცია და ლოიალობა ჩამოიშლება და სისტემა შევა კოლაფსში.

მეორე – ამ რეჟიმზე გამკლავების და გამარჯვების სტრატეგია არის დაუმორჩილებლობა, მასობრივი ბოიკოტი და წინააღმდეგობა, რომ აჩვენოს კიდევ უფრო ბევრს, ვინც ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფაზაშია, რომ სიმრავლე, ერთიანობა, ერთად დგომა და წინააღმდეგობა არის ძალა, რომელსაც ვერ ერევა ეს სისტემა. ის, რაც მოხდა პირველი რუსული კანონის შემთხვევაში – მასობრივი დაუმორჩილებლობა, იგნორირება, არ გათვალისწინება, რადგან ეს კამპანია შიშზეა აგებული, ხომ?!

გეუბნება – ეს დაგემართება თუ არ გააკეთებ ამას. როდესაც ერთ ადამიანზე ან ერთ ჯგუფზეა საუბარი, მაშინ შეიძლება იყოს მერყეობა, მაგრამ როდესაც ასიათასობით ადამიანი იტყვის „არა“-ს, მაშინ ეს ყველაფერი დარჩება ფიქციად და რეჟიმს აღარ ექნება ძალა.

შესაძლოა პირველ ეტაპზე გამოიყენონ შერეული მიდგომა და დაიწყონ როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების დევნაც, რომ პანიკა გააძლიერონ, ან შეუტევენ მათთვის ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს ან ორგანიზაციას, თუმცა პირველ ეტაპზე მაინც ნაკლები მოლოდინი მაქვს მასობრივი ტერორის დაწყების, რადგან უფრო დიდი ხმაური იქნება, უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევენ გარე პარტნიორებისგან და ეს კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანს დასავლეთთან ურთიერთობას.

სანამ დასავლეთთან სალაპარაკო ენის გამონახვის იმედი საბოლოოდ არ ამოწურავს თავის თავს, დიდ რეპრესიებს ალბათ არ დაიწყებენ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეჟიმს რჩება მხოლოდ ძალა და ძალადობა.

თუმცა, თუ დასავლეთთან საბოლოოდ გადაეწურებათ დიალოგის ყველა რესურსი და გაიზრდება მათზე სანქციები, ესეც ალბათ დაასუსტებს მათ. ვნახოთ, რა რესურსი შერჩებათ.

  • 21-ე საუკუნეში ალბათ ბევრად რთულია იყო ღიად დამსმენი ან რეჟიმის ღიად მსახური. როგორ ფიქრობთ, ასეთ ადამიანებს თუ ნაფიქრი აქვთ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ ამ პროცესის დასრულების შემდეგ?

არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამ ადამიანებს შინაგანი ტრანსფორმირების რაღაც რესურსი გააჩნიათ. ზუსტად ასეთი რეჟიმების ამ ფაზაში მათი მოქმედების ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ – ისინი დგანან მეორე მხარეს, ისინი აკეთებენ ამ საქმეს და მათი გადაწყვეტილების და მოქმედების ლოგიკა არის ერთ შემთხვევაში იმის რწმენა, რომ ბოლომდე გავლენ და არ დაკარგავენ ძალაუფლებას და ასევე, ეს არის ინვესტიცია, რომ გამარჯვებული სისტემის მსახურები იქნებიან.

მათ ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ამ ნიშნით დააკომპლექტა ივანიშვილის რეჟიმმა ეს სისტემა, რომ ისინი იქნებიან ხელშეუხებელი და სხვები იქნებიან მსხვერპლი.

და მეორე, რიგ შემთხვევაში ამას აძლიერებს ის მომენტი, რომ საბოლოო ჯამში თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების დიდი რესურსიც არ გააჩნიათ, რადგან ესენი არიან კომპრომეტირებული და უკვე მორჩილი ადამიანები.

არსობრივად, ისინი არიან მოწოდებული, რომ იყვნენ ამ მჩაგვრელი მოძალადე სისტემის ნაწილი და იდეაში, ალტერნატივაზე ალბათ არც უფიქრიათ და ალბათ არც ჰქონიათ, რადგან თავიდანვე ამ  მენტალიტეტით მოძრაობდნენ, ასე რომ ვთქვათ.

ეს არის პრიმიტიული ინსტინქტი, ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გადარჩნენ, უნდა უზრუნველყონ თავიანთი და მათი ნაშიერების დაცულობა სხვისი სიცოცხლის, სხვისი უბედურების ფასად. არჩევანი აქვთ მათ გაკეთებული და ამას დაიცავენ ბოლომდე.

მათ უკან დასაბრუნებელი გზა აღარც აქვთ, რადგან როცა დგამ ნაბიჯს – სხვა გაწირო საკუთარი უსაფრთხოების გამო და სხვისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტო იმისთვის, რომ შენმა შვილმა კომფორტულად იცხოვროს, ამის მერე უკან დასაბრუნებელი გზა, ფაქტობრივად, არ არსებობს.

მთავარია, რისი რესურსი ეყოფათ.

დიდი ტოტალიტარული სისტემების შემთხვევაში სისტემის მსახური, დამსჯელი ფენისთვის მეტი შანსია გადარჩენის, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება სადღაც გადაიკარგო, დაიმალო, ცხოვრება შეიცვალო, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ასეთ დანაშაულებებში გარეული ადამიანი, მით უმეტეს ცნობადი და ოდიოზური სახეები, ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ უბრალოდ ვერ იარსებებენ. ერთი ის, რომ მათ კანონიერი პასუხი მოეთხოვებათ ყველა დანაშაულისთვის და მეორე – არიან გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც დაიტანჯენ, დაზიანდნენ მათი ბოროტებით და ცხადია, რომ მიუხედავად ცივილიზაციის ხარისხისა, მიუხედავად ეთიკისა, არავინაა დაზღვეული, რომ გვერდის ავლით ვინმემ ანგარიში გაუსწოროს ასეთ მჩაგვრელებს.

ეს ბევრჯერ უნახავს ისტორიას.

ბათუმში მოპედი ქვეითს შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედის მძღოლი ქვეითს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 2 ივნისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

„არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია, გზა კი გახსნეს, მაგრამ საშიშია“ – ავტობანზე დასაქმებულები

ბათუმის შემოვლითი გზა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახსნა. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების თქმით, ეს გზა დასრულებული ახლაც არ არის, მასზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათოა და არჩევნების შემდეგ მათ კუთვნილი ხელფასი 8 თვეა არ მიუღიათ.

„წინასაარჩევნოდ ავტობანი რომ გახსნეს და წავიდნენ, მას შემდეგ ხელფასი არ აგვიღია – ეს გზა დასრულებული არ არის და საშიშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა აბაშიძე. მისი თქმით, 200-მდე ადამიანი კომპანია JV Polatyol & Mapa-მ რამდენიმე თვე ამუშავა, მაგრამ ხელფასი არ გადაუხადა.

„ეს არის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, ავტომანქანები უკვე მოძრაობს, მაგრამ დასასრულებელია: ვენტილაცია მოსაგვარებელია, ვენტილაციის გარეშე მტვერი დგება და შეიძლება, კატასტროფა მოხდეს, საავარიო გვირაბები დასასრულებელია, გზები უკვე ამოტეხილია, შუქი ხშირად ითიშება გვირაბში, შეიძლება ისეთ დროს გაითიშოს, რომ ავარია მოხდეს,“ – გვიყვება ვაჟა აბაშიძე და განსაკუთრებულ ყურადღებას ღიად დატოვებულ ელექტროსადენებზე ამახვილებს.

გვირაბი ბათუმის შემოვლით გზაზე / 21.05.2025

„6 შენობაა, სადაც მაღალი ძაბვის დენი შედის, არაა დასრულებული ეს სამუშაო, დამიწება ღიად არის დატოვებული, კაბელები ღიად არის… უცებ, რომ ვინმემ მანქანა გააჩეროს და გაიაროს, ან ნაწვიმარი იყოს და ბავშვი ახლდეს, შეიძლება კატასტროფა მოხდეს.

დაცვაც აღარ მუშაობს, აქამდე 40 კაცი ამაზე ვმუშაობდით, რომ მთელი გზა გვეკონტროლებინა… იქეთ კიდევ მძიმე ტექნიკაა, ის რომ არ დააზიანოს ვინმემ, მისახედია.

მე თითქმის 5 წელი აქ ვიმუშავე. მძღოლად ვმუშაობ. ჩემი ხელფასი თვეში 1850 ლარია. ოქტომბერში მომცეს რაღაც ნაწილი ხელზე და ეს იყო, მერე აღარ აგვიღია ხელფასი. ხელშეკრულების მიხედვით, წლის ბოლომდე ვიყავით დასაქმებული.

წელს ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმებიათ, მაგრამ წინა წლებშიც ასე ხდებოდა: გაზაფხულზე გვიფორმებდნენ კონტრაქტს. გვეუბნებოდნენ, რომ იყო ფინანსური პრობლემები და მალე მოგვარდებოდა, მაგრამ არაფერი არ მოგვარდა. ახლა უკვე კომპანიაში სალამსაც აღარ გვეუბნება ვინმე. ამიტომაც, რამდენიმე დღის წინ დავტოვეთ სამუშაო ყველამ და წამოვედით,“ – ამბობს ვაჟა აბაშიძე.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირის დაკვირვებით, იმის გამო, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა ხელვაჩაურიდან სარფის მიმართულებით არ გაგრძელდა, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ე.წ. ხელვაჩაურის გზა, ისევ გადატვირთული დარჩა:

„ეს გზა უნდა გაგრძელებულიყო სარფამდე, მაგრამ არაფერი აღარ შენდება. ახლა ტრაილერები ამ ახალი გზით მოდიან და რადგან იქეთ გზა არ გრძელდება, ისევ ჩამოდიან ხელვაჩაურში, კოლაფსია ისევ,“ – ამბობს ვაჟა აბაშიძე.

ბათუმის შემოვლითი გზა და ფრიდონ ხალვაშის გამზირი [ქვემოთ]
კომპანიაში, რომელმაც ტენდერი მოიგო, მაგრამ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაუსრულებია, გვითხრეს, რომ დავალიანებას მალე გაისტუმრებენ და სამუშაოებსაც დაასრულებენ.

„სახელმწიფოს ჩვენთან დავალიანება არ აქვს, კომპანიას აქვს ფინანსური პრობლემები და მალე მოხდება დავალიანების დაფარვა,“ – გვითხრა კომპანია JV Polatyol & Mapa-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომა პატარიძემ.

რომა პატარიძე ვერ აკონკრეტებს, რა სახის ფინანსური პრობლემები აქვს კომპანიას. ის ადასტურებს ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების ნათქვამს იმ კუთხით, რომ შემოვლით გზაზე სამუშაოები მართლაც დასასრულებელია, თუმცა კომპანიის JV Polatyol & Mapa წარმომადგენლის თქმით, შემოვლით გზაზე გადაადგილება სახიფათო არ არის.

„საფრთხის შემცველი არ არის. საფრთხის შემცველი რომ ყოფილიყო, მაშინ გზების დეპარტამენტი არ ჩაიბარებდა და არ მისცემდა უფლებას, რომ გახსნილიყო. ეს გზა დასრულებულია და ვმოძრაობთ ყოველდღე.

გზის სავალი ნაწილი უკვე დასრულებულია, მაგრამ ბევრი წვრილმანია დარჩენილი, სანიაღვრეებია და ასე შემდეგ.

გიდასტურებთ, რომ ეს ხალხი ნამდვილად დასაქმებული არიან ჩვენთან და ხელფასი ასაღები აქვთ… კომპანია ცდილობს ფინანსური პრობლემების მოგვარებას, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა „ბათუმელებს“ რომა პატარიძემ.

არის თუ არა ბათუმის შემოვლითი გზაზე გადაადგილება უსაფრთხო, როდის გაგრძელდება ავტობანის მშენებლობა სარფის მიმართულებით და რა მექანიზმებით აპირებს გზების დეპარტამენტი იმისს მონიტორინგს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს? – „ბათუმელებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიან. სტატია ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

განახლება: გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ შემოვლით გზაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და კონკრეტული სამუშაოები მალე დასრულდება. გზების დეპარტამენტი ასევე ელოდება კომპანიისგან ხელფასებთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრას.

ბათუმის შემოვლითი გზა / 21.05.2025

კომპანია JV Polatyol & Mapa რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, ეს გზების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 30 მაისს გავრცელებული განცხადებითაც დასტურდება – პრობლემებია გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე [რომელიც რამდენჯერმე გადავადებული გრაფიკით გასულ წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო]. ამ მონაკვეთზეც სამუშაოები შეჩერებულია.

„საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათ შორის, კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე. სახელფასო დავალიანების გამო, პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია და დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებულიც აქვს საჯარიმო სანქციები.

კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას“ – აღნიშნული იყო 2025 წლის 30 მაისს გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

___________________

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ამ თემაზე:

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

 

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

თურქეთიდან შემოტანილი 48 ტონა სათესლე კარტოფილი გაანადგურეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთიდან 48 ტონა სათესლე კარტოფილის შემოტანა შეაჩერეს.

უწყების ცნობით, გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

„კერძოდ, სათესლე კარტოფილის პარტიებს არ გააჩნდა ჯიშების იდენტიფიცირებისათვის საჭირო შესაბამისი ეტიკეტები, ტუბერებზე აღენიშნებოდა ობისა და ლპობის ნიშნები და ასევე, დასაშვებზე მეტი რაოდენობის ნიადაგი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა განადგურებას“ – წერს შემოსავლების სამსახური.

როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას

ხულო-თაგოს საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს სწავლობს. დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ტექნიკის შეცვლა და სხვა სამუშაოები. ძირითადი მოთხოვნაა „შენარჩუნდეს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის მოწყობის პრინციპი“.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა „ტექნიკური შეუსაბამობების გამო“ თითქმის ერთი წელი გაჩერებულია.

საბაგირო გზის აღსადგენად საჭირო სამუშაოებზე ტენდერი პროექტირება-მშენებლობის [Design-Build] მეთოდით უნდა გამოაცხადონ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულს მოუწევს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

რამდენი ლარი დასჭირდება საბაგირო გზის რეაბილიტაციას, სწორედ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, როგორც აღვნიშნეთ, დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. არადა, საბაგირო გზის ხულოს სადგურის შენობა 2021 წელს გაარემონტეს, რაშიც 113 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

ერთი წლით ადრე, 2020 წელს კი, გამწევი ბაგირი შეცვალეს, რაშიც 124 ათასი ლარია დახარჯული. საბაგიროზე 2024 წელს ჩატარებულ ინსპექტირების ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ „გამწევ ბაგირს გააჩნია წყვეტები [ბიჯზე 6 მავთულის წყვეტა]. ბაგირის გარე შრის მავთულები ზომაზე მეტად არის გაცვეთილი. ბაგირის დიამეტრი შემცირებულია ზომაზე მეტად. ამ დეფექტების გამო გამწევი ბაგირი გამოსაცვლელია“.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შესაცვლელია მზიდი ბაგირიც – „დეფექტებისა და იმის გამო, რომ ის მუდმივად განიცდის დაჭიმულობის ცვალებადობას და ამასთან, უკვე 40 წელია რაც ექსპლუატაციაშია“.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით სამშენებლო ობიექტი იქნება V კლასის, ამიტომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოა სსიპ „საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“.

ახალი საბაგირო გზის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი იქნება:

 საბაგირო სისტემა: ერთგონდოლიანი [რევერსული], უსაყრდენო, პლატფორმაზე გაჩერების უზრუნველყოფით;

მინიმალური სიჩქარე: არანაკლებ 5 მ/წამში;

ტევადობა: გონდოლა, რომელსაც ექნება ერთდროულად არანაკლებ 10 მგზავრის და საჭიროების შემთხვევაში არანაკლებ 5 მგზავრისა და ველოსიპედების გადაადგილების შესაძლებლობით;

ძრავის მდებარეობა: ქვედა სადგური [დაბა ხულო].

„სადგურის პლატფორმაზე შესასვლელი მოეწყოს პლატფორმის უკანა მხარეს, ფიზიკური დაბრკოლებების გარეშე, სივრცის ათვისების საუკეთესო შედეგის მისაღწევად. პლატფორმის დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნას, მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში დამატებითი გონდოლების ინტეგრირების შესაძლებლობა. სადგურებზე დამონტაჟებული უნდა იყოს აუდიო-ვიდეო სისტემები.

საბაგირო ხაზს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი სამაშველო-საევაკუაციო სათადარიგო სისტემა [გონდოლა/პლატფორმა ან სხვა] უზრუნველყოფილი ავტონომიური კვებით… ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ – აღნიშნულია ბაზრის კვლევის ტექნიკურ დავალებაში.

ამავე დავალების მიხედვით, საბაგირო ხაზის სადგურების გეგმარება შესაძლებელია მოიცავდეს:

სადგური „ხულო“ – მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ბაქანი; ფოიე, მცირე მოცულობის საინფორმაციო-საგამოფენო სივრცით, სადაც ვიზიტორები მიიღებენ სრულ ინფორმაციას მითითებული საბაგირო ხაზის ისტორიისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ. ისტორიის ელემენტის შემოტანისათვის შესაძლებელია არსებული ვაგონის განთავსება საგამოფენო სივრცეში, ან სხვა წინადადებით შემოთავაზებულ გარემოში;

საოპერატორო, მართვის სივრცე; სამანქანე განყოფილება; პერსონალის ოთახი; სამუშაო ოთახი; ტექნიკური მომარაგების ოთახი/სივრცე; დამხმარე სათავსო; პერსონალის WC; ბილეთების გაცემის სივრცე და სხვა სათავსოები, რომლებიც აუცილებელია საბაგირო ხაზის უსაფრთხო და კომფორტული ექსპლუატაციისათვის.

ტერიტორიის კეთილმოწყობა, მიმანიშნებლის განთავსებით და საპარკინგე ადგილის მონიშვნა [შესაძლებელი გამოყენებულ იქნას მიმდებარედ არსებული მუნიციპალური სივრცე].

სადგური „თაგო“ – მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ბაქანი; საოპერატორო, მართვის სივრცე; სამანქანე განყოფილება; პერსონალის ოთახი; სამუშაო ოთახი; ტექნიკური მომარაგების ოთახი/სივრცე; დამხმარე სათავსო; პერსონალის WC; ბილეთების გაცემის სივრცე; ტერიტორიის კეთილმოწყობა, მიმანიშნებლის განთავსებით; გადასახედი ბაქანი; არანაკლებ 80 კვ.მ. კვების და დასვენების ბლოკი.

ხულო-თაგოს ბაგირგზის სადგურები [ფოტოები ინსპექტირების ანგარიშიდან]
ამასთან, საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აუცილებელია:

  • საბაგირო ხაზის [ტექნოლოგია] სამონტაჟო სამუშაოებზე წარმოდგენილ იქნას საექსპერტო შეფასება CEN სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით [ინსპექტირების განმახორციელებელი და შესაბამისობის დამდგენი კომპანია უნდა იძებნებოდეს ევროკომისიის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული კომპანიების სიაში];
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობადამთავრებული ობიექტის მშენებლობის ვარგისად აღიარებისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ობიექტის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაზე;
  • მოწოდებულ საბაგირო სისტემას უნდა გააჩნდეს ექსპლუატაციის პროცესში ტექნიკური გამართულობის მონიტორინგის და უსაფრთხოების ციფრული კონტროლისა და მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემა, შესაბამისი ციფრული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

ინსპექტირების დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბაგირგზის ექსპლუატაციაში გაშვება დაუშვებელია მისი სრული რეაბილიტაციის გარეშე, რაც ითვალისწინებს მზიდი და საწევი ბაგირების შეცვლას. ამ სამუშაოებისთვის კი, ზედა სადგურს [თაგო] არ გააჩნია მისასვლელი გზა და საჭირო მიწის ფართობი.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია ა[ა]იპ „ხულო-თაგო ბაგირგზამ“ დააყენოს საკითხი ხულოს მერიაში სადგურის მიმდებარედ არსებული მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის უზურფრუქტის წესით გადაცემის შესახებ რათა არ შეიქმნას პრობლემები სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს“ – წერია ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით „ბაგირგზის ხაზის ქვეშ გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რაც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს და მაღალი რისკების შემცველია. სასურველია გადამცემი ხაზის ეს მონაკვეთი სათანადო წესების დაცვით, მფლობელთან შეთანხმებით, ჩადებული იქნეს მიწაში“.

პოტენციურმა მიმწოდებლებმა თავიანთი მოსაზრებები სამინისტროს 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა წარუდგინონ. ბაზრის კვლევის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების გარდა „შესაძლებელია დასაბუთებული ალტერნატიული ან/და გაუმჯობესებული შეთავაზების წარდგენაც“.

ბაზრის კვლევის, შემდგომში ტენდერის გამოცხადებისა და გამარჯვებულის გამოვლენის, ასევე მაღალმთიანი რეგიონის კლიმატურ პირობებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, ხულო-თაგოს საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ალბათ 2026 წელშიც ვერ დაიწყება.

არსებული საბაგირო ხაზის მოკლე აღწერა [ტექნიკური დავალების დოკუმენტიდან]:

საბაგირო ხაზი განთავსებულია ხულოს მუნიციპალიტეტში, ის აკავშირებს დაბა ხულოს რთულად მისაწვდომ სოფლებთან – თაგო, ჩაო, ძმაგულა და ფაჩხა, სადაც ცხოვრობს 180 კომლზე მეტი.

არსებული საბაგირო ხაზი უსაყრდენო კონსტრუქციისაა. სიგრძე შეადგენს 1720 მეტრს. საბაგირო ხაზის მუშაობისათვის მოწყობილია ორი სადგური [პლატფორმა], დაბა ხულოში და სოფელ თაგოში. საბაგირო ხაზი გაივლის ღრმა ხეობას [280 მეტრის სიმაღლე].

არსებული კონსტრუქციით გადადგილებისათვის დამონტაჟებულია ერთი 10-ადგილიანი სამგზავრო კაბინა.

ობიექტის მშენებლობა დაიწყო 1979 წელს. ექსპლუატაციაში შევიდა 1985 წელს. მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 8 წუთს. აღნიშულ დასახლებულ პუნქტებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებისათვის კი საჭიროა 1 საათზე მეტი დრო.

ობიექტის ექსპლუატაცია ამ ეტაპზე შეჩერებულია ტექნიკური შეუსაბამობების გამო“.

„ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რა გზით წავალთ. არის ორი ვარიანტი. ან ტენდერს გამოვაცხადებთ წინასაპროექტო კვლევაზე, როგორც ბიუჯეტშია გაწერილი, ან შესაძლოა წავიდეთ მეორე გზით – Design-Build მეთოდით. ამ შემთხვევაში ტენდერი კვლევას, პროექტირებას და მშენებლობასაც მოიცავს. ახლა სწორედ ამ დეტალებს ვაზუსტებთ“ – გვითხრეს „ბათუმელებს“ სამინისტროში ერთი თვის წინ.

როგორც აღმოჩნდა, სამინისტრომ Design-Build მეთოდი არჩია.

ამ თემაზე:

ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, რეისების დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია.

ემატება დღის და ღამის რეისები. ჯამში, 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზა დღეში 4 რეისს შეასრულებს. ამავე რაოდენობის რეისი შესრულდება ბათუმიდან თბილისის მიმართულებით.

დამატებული რეისების განრიგი ასე გამოიყურება:

წყარო: საქართველოს რკინიგზა
წყარო: საქართველოს რკინიგზა

მოსწავლის სტატუსი 10 800 ბავშვს შეუჩერდა – ომბუდსმენის 2024 წლის მონაცემები

საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 7 599 მოზარდს, ხოლო 3 201 მოსწავლეს შეუწყდა სტატუსი.

„ამ მოსწავლეებიდან 1976 უცხოეთის მოქალაქეა, 2 ბავშვი კი მოქალაქეობის არმქონეა. სტატისტიკის თანახმად, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება“, „მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება“, პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება“ და „ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობა“, – წერს სახალხო დამცველი.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ტერიტორიული განფენილობის მიხედვით, 2024 წელს მოსწავლის სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 4 170 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. ქვემო ქართლში – 1979 შემთხვევა და აჭარაში – 1273 შემთხვევა.

სტატუსშეჩერებული მოსწავლეებიდან 4364 გოგოა, ხოლო 6436 – ბიჭი.

აქედან, 5191 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა მე-9 კლასამდე, დანარჩენს კი მე-9 კლასის დასრულების შემდეგ.

ამავე წყაროს მონაცემებით, უცხოეთში გამგზავრების მოტივით მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 3 900 მოსწავლეს, დაოჯახდა 43 ბავშვი, სკოლიდან გაირიცხა – 30, სწავლის დონე ვერ დაძლია 218-მა მოსწავლემ, მუშაობა დაიწყო 300-მა ბავშვმა.

სახალხო დამცველი მოსწავლის სტატუსის შეჩერების სხვა ვერსიებზეც წერს. მათ შორისაა ბავშვის გარდაცვალება – 62 შემთხვევა, ფინანსური დავალიანება, გაცდენები, ჯანმრთელობის მდგომარეობა – 122 შემთხვევა და სხვა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, წლიდან-წლამდე პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის სრულყოფილი, დეტალური სტატისტიკის წარმოება, რაც შესაძლებელს გახდიდა ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რაოდენობრივი მონაცემების მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეფასებას.

„წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ეს საკითხი არათუ არ გამოსწორებულა, არამედ სტატისტიკა კიდევ უფრო ზოგადი გახდა და ამჟამად დადგენაც კი შეუძლებელია ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების და სხვა რამდენ შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება შს სამინისტრომ“, – წერს ომბუდსმენი ანგარიშში.

არასრულყოფილი სტატისტიკის წარმოების მიუხედავად, როგორც სახალხო დამცველი წერს, 2024 წელს ოჯახში ბავშვზე ძალადობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 172 პირის წინააღმდეგ. დაზარალებულია 608 ბავშვი.

სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კუთხით, ასევე პრობლემაა სკოლებში ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ფორმით ძალადობის შემთხვევები.

„აღსანიშნავია ემოციური, ფიზიკური და ინტელექტუალური დასჯის გამოვლენილი შემთხვევები. ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის საქმისწარმოების შედეგები ცხადყოფს დროში თვეობით, გარკვეულ შემთხვევებში კი წელიწადზე მეტხანს გაჭიანურებულ რეაგირებას. ეს არა მხოლოდ დაცვის მექანიზმის არაეფექტიანობაზე, არამედ ბავშვის მიერ დაცვის უფლების სათანადო რეალიზების შეუძლებლობაზეც მიუთითებს.

დისციპლინური წარმოების პროცესში ბავშვთა ინფორმირებული მონაწილეობა, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, გაკიცხვისგან დაცვა, ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნა და არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტიანი რეალიზება მწვავე პრობლემად რჩება“, – წერს სახალხო დამცველი.

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი გოგეშვილი პროკურატურამ დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის 136 თანამშრომელი დააჯილდოვა „სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“ 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით.

დაჯილდოებულთა შორისაა თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის კიდევ ერთ პროკურორთან, ვლადიმერ თურმანიძესთან ერთად, ესტონეთის მიერაა სანქცირებული.

ასევე, დაჯილდოებულნი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები, რომელთა უმეტესობა სანქცირებულია ევროპის ქვეყნების მიერ. დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული საქართველოს პროკურორიც, გიორგი გაბიტაშვილი.

„თითოეული თქვენგანი ხართ ჩვენი ქვეყნის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საყრდენი“, – ასე მიმართა გაბიტაშვილმა დაჯილდოებულებს.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა, ესტონეთმა დაასანქცირა. ის, სავარაუდოდ, დაასანქცირა ლიეტუვამაც.

პროკურატურის ვერსიით, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელებს ეძახდა – „ძაღლებო, ღორებო“. სინამდვილეში კი მზია ამაღლობელი ისე დააკავეს, ხმა არ ამოუღია, რაც ნათლად ჩანს მისი დაკავების ვიდეოკადრებში. შესაბამისად, პროკურატურამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დასაკავებლად  გაყალბებული ოქმი გამოიყენა.

ამავე თემაზე: 

„იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის“ – ვინ არის მზია ამაღლობელი

ადმინისტრაციულ პროცესზე დასწრება სავალდებულო აღარ არის – ახალი გადაწყვეტილება

სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას პასუხისგებაში მიცემული პირის პროცესზე დასწრება, ძირითად შემთხვევებში, სავალდებულო აღარ იქნება.

ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 28 მაისს მიიღო.

ეს შეეხება საპროტესტო აქციებზე დაკავებულებსაც – როცა აქციის მონაწილეებს შსს ადმინისტრაციული წესით აკავებს, ძირითადად მათ წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის [ასკ-ის 166-ე მუხლი] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [ასკ-ის 173-ე მუხლი] მუხლებით ადგენენ ოქმებს. აქამდე აქციებზე დაკავებულების პროცესზე გამოცხადება სავალდებულო იყო. ეს წესი ითვალისწინებდა სასამართლო სხდომაზე პირის იძულებით დასწრებასაც.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს წესი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, კონკრეტულად კი, არაკონსტიტუციურად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს [მოსამართლის] გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ“.

ამ სარჩელის ავტორები ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე იყვნენ. მათი მტკიცებით, პირისათვის თავისუფლების აღკვეთა და საქმის განხილვის პროცესზე მისი იძულებით მიყვანა მაშინ, როდესაც მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიზნების მიღწევა, ამ პროცესში ამ პირის უშუალო მონაწილეობის გარეშეც არის შესაძლებელი, არ ემსახურებოდა რაიმე საჯარო ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად, ატარებდა თვითნებურ ხასიათს.

„მხარეთა პოზიციების შეჯერებისა და გასაჩივრებული რეგულაციის ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საფუძვლით, პირისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას არ გააჩნდა საჯარო ლეგიტიმური მიზანი და ატარებდა თვითნებურ ხასიათს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენდა თავისუფლების უფლების შეზღუდვის თვითმიზნურ საშუალებას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდაიცვალა „არილის“ რედაქტორი მალხაზ ხარბედია

გარდაცვალა მალხაზ ხარბედია, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ჟურნალ „არილის“ რედაქტორი, „ღვინის კლუბის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი.

ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ „არილი“ ავრცელებს.

„წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა – გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურისმცოდნე, „არილის“ რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა“ – წერს გამოცემა ფეისბუქზე.

მალხაზ ხარბედია 50 წლის იყო.

„ლუკა პოლიტპატიმარია“ – მოსამართლეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს

„ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ – ეს წარწერა დღეს, 2 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იმ აუდიტორიის დაფაზე დატოვეს სტუდენტებმა, სადაც მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი ლექციას ატარებს.

გულიკო კაჟაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 27 მაისს.

ბსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტმა, არჩილ ბერიძემ, რომელიც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, დღეს, 2 ივნისს, დილით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ჩართვაში თქვა, რომ მას შემდეგ, რაც დაფაზე წარწერა დატოვეს, რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა გულიკო კაჟაშვილის ლექცია.

მან ჩართვაში აჩვენა ისიც, რომ ლექციას მოსამართლე კაჟაშვილი დაფაზე სწორედ ამ წარწერის ფონზე ატარებდა.

„უნივერსიტეტში მოვედი, დაცვა შემოგვყვა ამ უნივერსიტეტის სტუდენტები არ ხართო, გულიკო კაჟაშვილს მოუწია სირცხვილის დერეფნის გავლა და ისე შესვლა აუდიტორიაში, რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად ლექცია დატოვა, დაფაზე აწერია – „ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ და ამის ფონზე ატარებს ლექციას.

…ამ ადამიანს ლექციების ჩატარება მოუწევს ამ წარწერის ფონზე, არ ვიცი მისთვის მორალურად რამდენად შემაწუხებელია, მაგრამ მგონია, რომ სადღაც შეწუხდა,“ – თქვა არჩილ ბერიძემ პირდაპირ ჩართვაში.

არჩილ ბერიძესთან დღეს უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებიც მივიდნენ და მას რექტორთან გაყოლა სთხოვეს, რათა დაეზუსტებინათ, არჩილ ბერიძე ნამდვილად სტუდენტი იყო თუ არა, თუმცა სტუდენტმა დაცვის თანამშრომლებს უთხრა, რომ თუ სურვილი ჰქონდა, რექტორს შეეძლო თავად მისულიყო მასთან.

„სამარცხვინოა, როცა აქციაზე მყოფ სტუდენტებს უნივერსიტეტში შემოსვლის შემდეგ, დაცვას აგდებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მომიტინგე სტუდენტებს სდიონ კუდში. როგორც ყველა დიქტატურა მთავრდება, „ოცნებაც“ ასე დამთავრდება,“ – თქვა არჩილ ბერიძემ.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა წელს უკვე მეორედ შეუფარდა ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

ფოტოზე: 2 ივნისი, მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი ლექციაზე – დაფაზე წარწერაა: „ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“. 

ამავე თემაზე: 

ვინ არის მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც ლუკა ნაცვლიშვილი მეორედ დააპატიმრა

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 989 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 10 874 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 663 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 28 575 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 401 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 175 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 38 622 ერთეული [+256]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 271 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 50 462 ერთეული [+137]
  • სპეცტექნიკა – 3 905 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

„ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ივნისს უკრაინის შეტევას რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სპეცოპერაცია ისტორიის წიგნებში შევა. მედიის ცნობით, 40-მდე განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა Tu-95 და Tu-22M, თუმცა, მათი რაოდენობა უკრაინის გენშტაბს რუსეთის სამხედრო დანაკარგებში ჯერ შეტანილი არ აქვს.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 61 008 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 609 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 705 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 577 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 350 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსულ აეროდრომებს დრონებით შეუტია

უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია

„ეს ისტორიის წიგნებში შევა“ – ზელენსკი რუსულ სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმის შესახებ

„ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეტევას რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სპეცოპერაცია ისტორიის წიგნებში შევა.

„მადლობა გადავუხადე გენერალ მალიუკს [ვასილ მალიუკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი] ამ წარმატებისთვის. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს აუცილებლად შევა ისტორიის წიგნებში. უკრაინა თავს იცავს და სამართლიანადაც – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დასრულების აუცილებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან თქვა, რომ ეს არის უკრაინის ყველაზე ხანგრძლივი სპეცოპერაცია და დაგეგმვის დაწყებიდან მის განხორციელებამდე საჭირო გახდა ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სამხედრო აეროდრომების წინააღმდეგ დრონებით შეტევა დაიწყო, რის შედეგადაც 40-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.

მედიის ცნობით, განადგურებულ თვითმფრინავებს შორისაა სტრატეგიული ბომბდამშენები, როგორიცაა Tu-95 და Tu-22M, რომლებიც ხშირად გამოიყენება უკრაინაზე შორი დისტანციის სარაკეტო თავდასხმებისთვის.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 1-ელ ივნისს რუსეთის აეროდრომებზე განადგურებული მტრის სტრატეგიული ავიაციის ღირებულება 7 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.

 

აქციებში მონაწილეობის გამო გამათავისუფლეს – შემოსავლების სამსასხურის თანამშრომელი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, ნატო ბოლქვაძე ამბობს, რომ პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობისა და აქციაზე დაჯარიმების გამო, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბრძანებაში, რომელიც ნატო ბოლქვაძემ გაასაჯაროვა, აღნიშნულია, რომ ის „შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო“ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

„შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება აწარმოოს თანამშრომელთა დისციპლინური დევნა საერთოდ ყველაფერზე. მაგალითად, თუ პირი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელია, გადაადგილდება პირადი ავტომობილით და შემთხვევით წითელზე გაიარა, ეს ჯარიმა „კანონიერი“ საფუძველია სამსახურში დისციპლინური დევნის დაწყებისთვის.“ – წერს ნატო ბოლქვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ნატო ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შინაგანაწესში წლების წინაც ჩაწერეს, რომ თანამშრომლებს ეკრძალებოდათ მანიფესტაციებში მონაწილეობა, „თუმცა, ესეც არის ანტიკონსტიტუციური და როგორც შინაგანაწესში შეტანილ ცვლილებებს, ასევე ჩემი გათავისუფლების ბრძანებასაც აუცილებლად გავასაჩივრებ“.

ნატო ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლება არ არის ერთი რეპრესიული შემთხვევა: „ოფიციალურად ამ საფუძვლით გათავისუფლებული მხოლოდ მე ვარ, თუმცა კიდევ რამდენიმე თანამშრომელს სიტყვიერად მოსთხოვეს განცხადებების დაწერა, რასაც წინ უსწრებდა ამ თანამშრომლებზე დაწყებული დისციპლინური წარმოებები [როგორც ჩემზე]; თანამშრომელთა ნაწილმა შექმნილი რეპრესიული და დისკრიმინაციული გარემოს გამო თავად დაწერეს განცხადებები და წავიდნენ.

შემოსავლების სამსახურმა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მეშვეობით, პეტიციაზე ხელმომწერი და დაჯარიმებული თანამშრომლების დევნა ჯერ კიდევ შინაგანაწესის ზემოხსენებული ცვლილების ამოქმედებამდე დაიწყო და პირველი საქმე ისეთი აბსურდული დასაბუთებით წარმართეს და იმდენად უკანონო ქმედები ჩაიდინეს, რომ პროცესში მიხვდნენ, ამ სასამართლოს პირობებშიც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა. ამიტომაც შეცვალეს შინაგანაწესი და დააკანონეს უკანონობა“ – წერს ნატო ბოლქვაძე.

„დისკრიმინაცია გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა მთავარ ამბებს მოგიყვებით. სააღდგომო დღესასწაულებზე, როგორც ყველა მეც წასული ვიყავი ჩემს მშობლიურ მხარეში, რისთვისაც გამოვიყენე დეიოფი და როგორც კი დავბრუნდი ავტვირთე დადასტურებისთვის [როგორც სტანდარტულად ვაკეთებთ].

არასოდეს რისკებში მუშაობის 6 წლის განმავლობაში არ დაინტერესებულა ჩემი უფროსი ჩემი დეიოფის მასთან შეთანხმებით და ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე მიდასტურებდა. ამჯერად მეუბნება ვის შეუთანხმე ეს დეიოფიო, არადა, ამავე უფროსზე წინა თვეში ზუსტად იგივენაირად ატვირთული მაქვს დეიოფი და დადასტურებული აქვს. საბოლოოდ, უფროსმა არ დამიდასტურა [არ დაადასტურებინეს] და შექმნა ფორმალური საფუძვლები მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩემზე მოკვლევის დაწყებისთვის.

19 მაისს მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა დისციპლინური „შენიშვნა“.

ამის შემდეგ, მალევე, 23 მაისს, კვლავ დამიბარეს და დაიწყეს მეორე დისციპლინური წარმოება გზის გადაკეტვის 5 000-ლარიან ჯარიმაზე.

30 მაისს, საღამოს, 5 საათი იყო უკვე დაწყებული, საქმისწარმოების სამმართველომ დოკბრუნვაში დამაწერა ბრძანება დისციპლინური ზომის „სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენების შესახებ.

კი, ეს ამბავი პირდაპირ ასე დოკბრუნვით გავიგე. არც ბრძანების დაწერამდე, არც დაწერის შემდეგ, რისკების სამმართველოს არცერთი მოქმედი უფროსი არ დამკავშირებია.“ – წერს ნატო ბოლქვაძე.

ნატო ბოლქვაძის ფეისბუქ გვერდიდან

 

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი ივნისის 21 საათიდან 2 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 და 4 ივნისს აჭარის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.

 

ავარია ბათუმში, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

დღეს, 1-ელ ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსიც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა, – მათგან ერთი ბავშვი და ორსული ქალი. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები გადაყვანის მომენტში კონტაქტურები იყვნენ და რაიმე მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით

ავარია ბათუმში, ლერმონტოვის და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში / 1.06.2025
ავარია ბათუმში, ლერმონტოვის და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში / 1.06.2025
ავარია ბათუმში, ლერმონტოვის და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში / 1.06.2025
Exit mobile version