დავით ბერძენიშვილი: „ოცნება” ზუსტად ისე იქცევა, როგორც იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა”

ბათუმში მდებარე #51-ე უბანთან შელაპარაკება მოხდა. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებულია “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ სიებში აღნიშნავენ ამ უბანზე გამოცხადებულ და არგამოცხადებულ ამომრჩევლებს, რათა შემდგომში დააშინონ ისინი:

“ნაციონალურმა მოძრაობამ დააკანონა ეს მახინჯი პრაქტიკა, ასეთი ჯგუფები იდგა მაშინაც უბნებთან, სიებით ხელში, ურეკავდნენ ტელეფონზე და აშინებდნენ ამომრჩევლებს. ეს პრაქტიკა გადმოიტანა “ქართულმა ოცნებამ”. ის ხალხი რომლებიც ახლა სხედან ფურცლებით, აღწერენ, ვინ არ მოვიდა ამ უბნის ამომრჩევლებიდან, ვის რა პრობლემა აქვს, ამ პრობლემას გადაუჭრიან თუ გაურთულებენ. ზუსტად ისე იქცევიან, როგრც ნაციონალური მოძრაობის წევრები იქცეოდნენ” – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

 

ძაღლი, კოორდინატორები და უბანი ამომრჩევლის მოლოდინში [ფოტო]

ბათუმის #31 უბანზე, სადაც 1541 ამომრჩეველია რეგისტრირებული,  კოორდინატები ეზოში სხედან სიებით, უბანზე კი ამომრჩეველთა აქტივობა შენელდა.

1 2

3 4

არმაზ ახვლედიანი: 69-ე ოლქში დარღვევები გამოვლინდა

69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის პარლამენტში, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, უბნებზე  შემდეგი დარღვევები  დაფიქსირდა: ერთ-ერთ უბანზე აკლია ერთი ბიულეტენი, დაფიქსირდა ორი მარკირებული ამომრჩეველი შესვლა უბანზე, არასწორი წილისყრის ფაქტი და კარუსელის მცდელობა.

„ჩვენ გვაქვს აღნუსხული დარღვევის არაერთი ფაქტი, ბათუმი 69-ე ოლქში, დაიწერა საჩივრები. კარუსელის არაერთი მცდელობა არის აღკვეთილი. უბნებში  კომისიის წევრები ცდილობენ დაიჭირონ ცალკეული სუბიექტის მხარე, ადგილი აქვს ისეთი ადამიანების მიყვანას ამ უბნებზე, რომლებიც პირდაპირ ახდენენ გავლენას ვგულისხმობ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და საკმარისად საეჭვო კატეგორიის ადამიანებს,  ეგრეთ წოდებულებს – „კუნთებით“. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება რომ ეს დაძველებულია ხერხია, ვეღარ გაჭრის, აღარ იმუშავებს.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ძალოვანები აშკარად ცდებიან თავიანთ მანდატს და „ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბევრმა იფიქროს რომ თუ არ დაუჭერს „ოცნებას“ მხარს, მისი საქმე ცუდად წავა, რაც არ უნდა იმართლოს „ოცნებამ“ თავის, ეს არის არჩევნების უხეში დარღვევა“.

არმაზ  ახვლედიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ არის იმისთვის მზად, რომ წაგებას შეეგუოს. „ან უნდა წავიდეს ტოტალურ გაყალბებაზე, ან უნდა შეეგუოს მარცხს. ამიტომ, ჩვენ უნდა ველოდოთ სიურპრიზს ბათუმში“.

 

დღის სამი საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 35-მა პროცენტმა მისცა ხმა

უსკოს მონაცემებით, 15:00 საათისათვის აჭარაში 308 506 ამომრჩევლიდან 108 871-მა უკვე გააკეთა არჩევანი.

დღის სამი საათის მონაცემებით ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ხულოშია.

აქტივობის მიხედვით აჭარაში, ოლქებში შემდეგი მონაცემებია:

N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) -52 308 ამომრჩეველი, 32.9 %

N71 – ქობულეთის ოლქი- 18 611 ამომრჩეველი,  37.7 %

N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 17 063 ამომრჩეველი,35.4 %

N73 – ხულოს ოლქი- 20 889   ამომრჩეველი,  40.8  %

შედარებისთვის, 2012 წლის არჩევნებზე, როცა ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, დღის სამ საათზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43,5 %-ს ჰქონდა ხმა მიცემული.

ბათუმში 85 წლის მამაკაცი ხმის მიცემის შემდეგ გარდაიცვალა

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მან ხმის მიცემის შემდეგ უბანი დატოვა და კიბეზე ჩამოსვლის შემდეგ წაიქცა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა.

„მამაკაცი 85 წლის იყო. როგორც გვითხრეს, ავადმყოფობდა” – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცნო დახმარების სამსახურში.

ირაკლი ჭეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს

ცოტა ხნის წინ  აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგი მოაწყო. მან მიმდინარე არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ არჩევნები აჭარაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ამომრჩეველთა აქტივობა კი მაღალია. მან ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა.

 

პაატა ბურჭულაძის ბლოკი „ოცნების” მხრიდან მათი კანდიდატების ანტიკამპანიაზე საუბრობს

#69 საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“  წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი, ნინო ტავლალაშვილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მათი კანდიდატების წინააღმდეგ მიმართულ ანტიკამპანიაზე საუბრობს .

“ტრადიციულად ფიქსირდება ტექნიკური დარღვევები, რომლებიც ნებისმიერი არჩევნების დროს არის, მაგალითად, ბიულეტინის ნაკლებობით მიტანა, უბნებზე გარკვეული შიდა დარღვევები, მაგრამ ყველაზე დიდი დარღვევა, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, არის 73-ე მაჟრიტარულ ოლქში (ეს არის მაღალმთიანი აჭარა), სადაც ჩვენი წარმომადგენლების მაჟორიტარობის კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო სახელისუფლებო გუნდმა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატმა მინურ აბულაძემ და უმაღლეს საბჭოში – დავით გათენაძემ მოხსნეს კანდიდატურები, ამან ბუნებრივია მოსახლეობა შეიყვანა შეცდომაში,” – ამბობს ის.

ნინო ტავლალაშვილის განმარტებით, მათი გუნდის წევრების მიმართ წარმოებულ ანტიკამპანიაში მმართველი გუნდის დადანაშაულების საფუძველს იძლევა იმ ამომრჩეველთა ინფორმაცია, რომლებიც საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ამბობდნენ, რომ ეს ინფორმაცია მათ კოორდინატორებმა უთხრეს.

“ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც გამოდიოდა, პირდაპირ ხმამაღლა აცხადებდა, რომ მათ კოორდინატორებმა უთხრეს – ამ ბლოკის – “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურებიო. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და მასზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, რადგან  ეს არის არჩვენების დღეს, ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის, მიზანმიმართული ანტიკამპანია”. – ამბობს ნინო ტავლალაშვილი

შშმ პირებისთვის ბათუმში საარჩევნო უბნები არასრულადაა ადაპტირებული

ბათუმში საარჩევნო უბნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არასრულადაა ადაპტირებული – ამის შესახებ ფეისბუქში თომა კაკაბაძემ დაწერა, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა.

“მიუხედავად დაპირებებისა, საარჩევნო უბნები იქნებოდა ადაპტირებული, რეალობა აბსოლუტურად სხვა დამხვდა.  ფაქტობრივად, ამიტანეს და შემიტანეს საარჩევნო უბანში. არც კაბინა იყო საჭიროებაზე მორგებული (მაღალი იყო) და პანდუსზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ,” – წერს თომა კაკაბაძე.

ფაქტის დამადასტურებელი ფოტო „ბათუმელებმაც” გადაიღო, # 54 უბანზე პანდუსი მხოლოდ შენობის შესასვლელში იყო, თუმცა არა შენობაში.

 

pandusi

კიბე პანდუსის გარეშე
კიბე პანდუსის გარეშე

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) 29–ე მუხლის თანახმად, ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს უფლება იყოს აღიარებული სამართლის სუბიექტად, რაც შესაძლებლობას მისცემს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, შესაბამისიად, ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა.

ხათუნა სამნიძე: საარჩევნო უბნებთან პარტიების აგიტატორები შეინიშნებიან

„რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ხათუნა სამნიძე,  „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ გარკვეულ უბნებზე  შეიმჩნევა აგიტაცია და ამომრჩევლების აღნუსხვა.

„69-ე ოლქის დაახლოებით რვა უბანზე ვიყავი. რამდენიმე უბანზე  შეინიშნება ძველი პრაქტიკა, როცა კოორდინატორები დგანან  საარჩევნო უბანთან ახლოს და  პლუსებით ფურცელზე ინიშნავენ, თუ ვინ მოდის ან ვინ არ მოდის, ამასთან, ეწევიან აგიტაციას,“-გვეუბნება ის.

ხათუნა სამნიძის თქმით, საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ აგიტატორები იმყოფებიან.

ქობულეთის #10 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ “თავისუფალი დემოკრატების” საჩივარი არ მიიღო

ქობულეთში, #71 ოლქის მე-10 უბნის თავმჯდომარემ არ მიიღო „თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლის მიერ დაწერილი საჩივარი, რომელიც კენჭისყრის მსვლელობას შეეხებოდა.

„კენჭისყრის მსვლელობისას არ შეიძლებოდა საარჩევნო უბნის ორი კარის ღიად დატოვება, ამიტომ დავწერე საჩივარი, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ არ მიიღო ჩვენ მიერ დაწერილი საჩივარი,  თან ცდილობდა ზეწოლას კომისიის წევრებს და დამკვირვებლებზე. დავწერეთ მეორე საჩივარი, თავმჯდომარის პასუხისმგებლობის მოთხოვნით“ – უთხრა „ბათუმელებს“ თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებელმა მარიკა ვერულიძემ.

კომისიის თავმჯდომარის, ტარიელ ვერულიძის თქმით, კარი მხოლოდ მოკლე პერიოდის მანძლზე იყო ღია „რომ დამკვირვებლები და კომისიის წევრები გასულიყვნენ წყალის დასალევად, ტუალეტში, სამზარეულოში…  მოგვიანებით დაგვიძახეს და გვითხრეს, რომ არ შეიძლებოდა კარების ღიად დატოვება. გავითვალისწინე  გაფრთხილება და დავკეტე კარები.  საჩივრის დაწერა არ იყო საჭირო ამისათვის. კიდე რისთვის დაწერეს საჩივარი გაუგებარია, ამიტომ არ ჩავიბარე,“ – ამბობს ტარიელ ვერულიძე, კომისიის თავმჯდომარე.

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 19.3%-მა მისცა ხმა

უსკოს, 12:00 საათის მონაცემებით 59 547-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506 ამომრჩეველი) 19.3%-ია.

მათ შორის:

N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) –  29 047 ამომრჩეველი, 18.27 %

N71 – ქობულეთის ოლქი –   10 106  ამომრჩეველი, 20.4%

N72 – ხელვაჩაურის ოლქი –  9 604 ამომრჩეველი,   19.9%

N73 – ხულოს ოლქი –  10 790  ამომრჩეველი, 20, 7%

N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) – 29 047 ამომრჩეველი, 27%

2012 წლის არჩევნებზე, აჭარაში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 71 705, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (304 930) 23. 5 %:

N79 – ბათუმის ოლქი  – 30967 ამომრჩეველი, 23%

N80 – ქედის ოლქი –  4 010 ამომრჩეველი, 25%

N81  – ქობულეთის ოლქი – 16 551 ამომრჩეველი, 23%

N82 – შუახევის ოლქი – 13 263 ამომრჩეველი, 21.5%

N83 – ხელვაჩაურის ოლქი – 11 138 ამომრჩეველი, 23,9%

N84 – ხულოს ოლქი – 5, 194 ამომრჩეველი, 21,4%

 

ბათუმი მე-7 უბანი

ბათუმი მე-6 უბანი

#17 საარჩევნო უბანი

ცესკოს 10 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 8,34 % (292 957ამომრჩეველი) იყო.

ენმ ბათუმში: ორ უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლის ხმის მიცემის მცდელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს უკვე მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის მცდელობის შემთხვევები:

„დავაფიქსირეთ რამდენიმე ფაქტი – 90-ე უბანზე, სადაც სამი ამომრჩეველი მივიდა, რომელთაც უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი, ასევე მე-6 უბანზე იყო ორივე ხელზე მარკირება გავლილი ამომრჩეველი, რომელიც მე-6 უბანზე აპირებდა დამატებით (მესამედ) ხმის მიცემას. შესასვლელში ჩვენი დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები არიან მოწოდების სიმაღლეზე და მათ აღმოაჩინეს ეს ფაქტი უკვე ორჯერ, მარკირებაგავლილ ამომრჩეველს რომ კიდევ უნდოდა ხმის მიცემა, ვიდეო გვაქვს” – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

ამ დროისთვის ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებს 20-მდე საჩივარი აქვთ დაწერილი.

„ბათუმელები“ ცესკოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას ამის შესახებ არ ფლობენ. #6 უბანზე ამ საკითხზე საჩივარი არ დაწერილა.

პეტრე ზამბახიძის თქმით,  ასევე, მათ დამკვირვებლებს ვიდეოგადაღებაში ხელს უშლიან: „არ აძლევენ საშუალებას დააკვირდნენ რეგისტრაციის პროცესს ისევე, როგორც მარკირების შემოწმების პროცესს. შემთხვევა იყო უბნიდან ნაციონალური მოძრაობის წევრის გაძევების. ჩვენ მივეცით ინსტრუქცია [ჩვენს დამკვირვებლებს], რომ მაქსიმალურად, ადგილზე არანაირი წინააღმდეგობა არ გაწიონ, რადგან მითითება აქვთ, რომ უბნიდან გააძევონ ყველა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესი და ის, რომ კარუსელი არ დატრიალდეს” – ამბობს ის.

 

 

 

ქობულეთში სიის მიღმა დარჩენილი ამომრჩეველი ცუდად გახდა

ქობულეთში, #71 ოლქის მე-10 უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც უთხრეს, რომ საარჩევნო სიაში არ იყო, ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ქალის თქმით, იგი ყოველ არჩევნებზე აძლევდა ხმას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ამ უბნის ამომრჩეველი.

 

სპეცუბანი აჭარაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას

აჭარაში წელს ერთი სპეცუბანია, 70-ე ოლქში, სასჯელაღსრულების ნომერ მე-3 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, სპეცუბანზე 72 ამომრჩეველია რეგისტრირებული, პატიმრები და დაწესებულების თანამშრომლები.

8 ოქტომბრის არჩევნები აჭარაში – განახლებადი

დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო, ხოლო აჭარაში  ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში.

Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, აჭარის ავტონომიის მოსახლეობა კი პარლამენტის წევრებთან ერთად ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევს. ნეტგაზეთი იწყებს გაშუქებას განახლებად რეჟიმში და “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” რეპორტიორების საშუალებით ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

თვალი ადევნეთ მოვლენების განითარებას აქ. ახალი ამბები თქვენს ბრაუზერში ავტომატურად განახლდება.

ცესკო: 8 ოქტომბრისთვის 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 2 ოქტომბერს დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, „ბეჭდვის პროცესი თბილისის 8 სტამბაში მიმდინარეობს, რომელსაც როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთო ჯამში 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება.

2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იბეჭდება:

  • პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის – 3 286 200 ბიულეტენი;
  • მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის – 3 234 950 ბიულეტენი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის იბეჭდება:

  • პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის – 292 700 ბიულეტენი;
  • მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის – 292 700 ბიულეტენი.

ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანული.

თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 8 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის იბეჭდება 123 500 ბიულეტენი.

თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 13 950 ბიულეტენი იბეჭდება, ხოლო თვითმმართველი თემების ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების რიგგარეშე არჩევნებისთვის – 123 500.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 6 ოქტომბერს დასრულდება“.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

უსკოს შემაჯამებელი ბრიფინგი

8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. მოქალაქეები აირჩევენ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს: 6-ს მაჟორიტარული წესით, ხოლო 15-ს პროპორციული სიით. ცოტა ხნის წინ, უსკო-მ საარჩევნოდ მზადების პროცესი შეაჯამა და გამოაცხადა, რომ არჩევნებისთვის, უსკოში დამკვირვებლის სტატუსით  7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებული. ასევე, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან.

არჩევნებში მონაწილეობს 15 საარჩევნო სუბიექტი, 76 მაჟორიტარობის კანდიდატი.

აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი – აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ცისფერი და ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის.

ხვალ, დილის 7 საათიდან აჭარაში, გაიხსნება 348 უბანი (მათ შორის 1 სპეც უბანი).

უსკოს მონაცემებით, რეგიონში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არის 308 506.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის დაიბეჭდა:

პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის- 292 700 ცალი ბიულეტენი;
მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის – 292 700 ცალი ბიულეტენი.

6 მაისის პარკის ტბაში აერაციის სისტემა მონტაჟდება

დღეს, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში აერაციის სისტემის მონტაჟი დაიწყო. ტბაში ჩამონტაჟებული აერაციის სისტემა ტბის წყალს ჟანგბადით გააჯერებს, ეს კი ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს შეაჩერებს.

აერაციის სისტემის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, რაც ზედაპირული აერაციის შადრევნის მოწყობას გულისხმობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 10 სიღრმისეული დანადგარის მონტაჟი, რაც 10 დღის განმავლობაში დასრულდება.

ტბაში ციანობაქტერიის დონე მიმდინარე წლის ივნისში გაიზარდა, რამაც ტბის ზედაპირზე ნადები წარმოქმნა. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა ციანობაქტერიების ტიპი. ჩატარდა ჰიდრობიოლოგიური და ჰიდროქიმიური ლაბორატორიული კვლევები. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე შემუშავდა ტბის პრობლემის მოგვარების რამდენიმეპუნქტიანი გეგმა, რომლითაც, პირველ რიგში, ტბაში სააერაციო სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო.

გარდა ამისა, ტბის გასუფთავების მიზნით, უნდა მოხდეს ტბის დათევზიანება სპეციალური ჯიშით, რომელიც წყალმცენარეებით იკვებება.

აერაციის სისტემა ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერით შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 292 ათას 400 ლარი გამოყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ვოთერ ლაითი“ ასრულებს.

ნურიგელის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6, 3 მ. ზედაპირის ფართობია 57 600 კვ.მ, ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობა 230 000 კუბური მეტრია.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

ავტორი: სულხან ღლონტი

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად არ ვარ ჩართული და როგორც კანდიდატი არ ვმონაწილეობ საარჩევნო პროცესში, როგორც ჯერ კიდევ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გავუზიარო მკითხველს არჩევნებთან დაკავშირებით.

არჩევნების არსი მდგომარებას იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, გააკეთონ არჩევანი თუ როგორი ხელისუფლება უნდათ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის შესაძლებლობა, რომლის დროსაც  დანარჩენ მსოფლიოს ვეუბნებით, როგორი საზოგადოება ვართ.  ამას ამბობს ის არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ და ჩვენი გამოხატული ნებით მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე ვაყენებთ ლეგიტიმურ პრეტენზიას აღქმული ვიყოთ როგორც ფასეულობებზე მყარად მდგარი საზოგადოება, ან ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა მენტალურ სივრცეს ვერ ვაღწევთ თავს.

წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი ძალდატანების, შანტაჟის, რისკის გარეშე ჩვენი ნება გამოვხატოთ თავისუფლად და მშვიდ გარემოში. ამის თქმის საფუძველს მაძლევს 2012 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩვენები, მცირე ინციდენტების გამოკლებით. ეს იყო არჩევნები, რომელიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. ეს ყველაფერი  ასახულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებში.

ასევე ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის პირადი ნეგატიური გამოცდილება, რომელიც 2003 წლიდან ყველა არჩევნებზე პირადად მაქვს ნანახი და რომელსაც ვებრძოდი. ეს იყო ბრძოლა, რომელიც თავისი შინაარსით იყო თავისუფალი არჩევანის უფლების მოპოვებისთვის გამართული ბრძოლა, რომელმაც საბოლოო შედეგი გამოიღო. არ მინდა მკითხველმა ჩათვალოს, თითქოს ვფიქრობ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. რა თქმა უნდა – არა, მაგრამ წინარე გამოცდილებები პროგრესის დანახვის საფუძველს იძლევა.

პროგრესული საზოგადოება ეს არ არის მხოლოდ სადამკვირვებლო მისიების მიერ დადებული დასკვნების შინაარსი. ეს არის ის ჰუმანური სივრცე, სადაც მე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც მოქალაქე, ვხედავ ჩემს ქვეყანას მომავალში. ჩვენი რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი შანსი და ეს შანსი არის ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელშიც გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქე და არა ერთი ჯგუფი, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ძალადობაზე აფუძნებს.

პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა

ეს ის მემკვიდრეობაა, რომელსაც მეცნიერები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იკვლევენ და რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების ქცევას. ასე მაგალითად, დღეს შეხვდებით ამომრჩეველს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა იყენებდეს ძალასა თუ რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ,  რადგან სხვაგვარად ქვეყანას ვერ მართავს. ეს არის საბჭოთა მენტალობის ინერცია. ასეთი ხალხი მზად არის ისევ აირჩიოს სააკაშვილი, იმიტომ რომ გაუცნობიერებლად, თვითონ რეპრესიული სისტემის ნაწილად თვლის თავს და, როგორც წესი, ასეთი სისტემა იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ძალადობს საკუთარ მომხრეებზე. არ ძალადობს იმის გამო, რომ ასეთი ადამიანების ემოციურ თანხმობაზე დგას რეპრესიული აპარატი. არის ხალხი, ვინც კლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ართმევს კერძო საკუთრებას. ასეთ ხალხს აუცილებლად სჭირდება მხარდამჭერები, რომლებიც სისტემურ ძალადობას აღიქვამენ როგორც ნორმას. სინამდვილეში  ეს არის მექანიზმი, რომელიც თანამედროვე დროში საბჭოთა აზროვნებას გადმოყვა და საარჩევნო უბნებთან მათი გადაწყვეტილებები დაეჭირათ მხარი ნაციონალური მოძრაობისთვის, წლების მანძილზე ტანჯავდა მთელს საზოგადოებას.

ეს ერთი მაგალითია იმ სიმახინჯის, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა კვებავდა და კვებავს ამომჩეველს, მაგრამ არსებობს ასევე რამდენიმე სხვა არგუმენტი, რომელსაც ისინი იყენებენ მოქალაქეების დასარწმუნებლად, მაგალითად:  სააკაშვილის მთავრობის დროს იყო თითქოს კარგი და ეფექტური მმართველობა.

შევეცდები წარმოგიდგინოთ თანამედროვე მსოფლიოს ხედვა, თუ როგორია ეფექტური მთავრობა და კარგი მმართველობა.

კარგი მმართველობა (Good governance)

ზემოთმოყვანილი მოდელისგან განსხვავებული ლოგიკით იმართება მსოფლიოს განვითარებული ნაწილი და ამ მოდელების კრებითი სახელია – კარგი მმართველობა. მარტივი ანალიზიც საკმარისია იმისათვის, რომ მოქალაქე დარწმუნდეს რამდენად შორს იდგა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იმისგან, რაზეც დღემდე აცხადებენ პრეტენზიას. კარგი მმართველობის მახასითებელი შემდეგია:

  • კანონის უზენაესობა;
  • ადამიანის უფლებები;
  • ანგარიშვალდებულება;
  • გამჭვირვალობა;
  • მიუკერძოებლობა;
  • მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • კონსესუსზე ორიენტირება და ა.შ

ეს მცირედი ჩამონათვალია იმ აუცილებელი კრიტერიუმებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელისუფლება, რომელსაც პრეტენზია აქვს კარგ მმართველობაზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს სტანდარტი იყო უგულვებელყოფილი სააკაშვილის ხელისუფების მმართველობის დროს. როგორც კი ხელისუფლებას ამ სტანდარტებს ჩამოაშორებ, ხელში გრჩება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მაჩვენებლები და დეჰუმანური გარემო.

კარგი მმართველობის აუცილებელი პირობაა, ხელისუფლებამ შექმნას პრობლემების მოგვარების ისეთი სტრატეგია, რომელიც არ წარმოშობს სხვა პრობლემებს. მაგალითად, კანონის უზენაესობა დაამყარო ისე, რომ ჰუმანიზმი იყოს საკანონმდებლო საფუძვლად აღებული და ყველაფერზე ციხეში არ უშვებდეს მოქალაქეს. ინფრასტრუქტურა ააშენოს ისე, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული. შექმნას ისეთ საგადასახადო სისტემა, რომელიც ბიზნესს მისცემს მყარ გარანტიებს რეინვესტირების, განვითარების და არა ისეთი, რომელიც პერმანენტულად გუდავს არსებულ ბიზნესებს და ამით ლახავს დასაქმებულის და ასევე დამსაქმებლის უფლებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერც ერთ ზემოთ განხილულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა ცხრაწლიანი მმართველობა და, შესაბამისად, ჩემი რწმენით, ისინი აღარ იმსახურებენ ამომრჩევლის ნდობას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, არჩევნებამდე  ერთი დღით ადრე, ღიად და ცხადად კიდევ ერთხელ მეთქვა ჩემი მოსაზრება, თუ რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ნდობა.

მოსაზრება ასევე მიმართულია იმისკენ, რომ ზედმეტი ემოციების გარეშე შემედარებინა თანამედროვე სტანდარტები და ის მმართველობა, რომელიც წლების მანძილზე ავტორიტარიზმს ქმნიდა და ამას ყველაფერს დემოკრატიის სახელით აკეთებდა.

თუ ზემოთ ჩამოყალიბებულ ლოგიკას ვეთანხმებით, რომ  ყოფილი მთავრობას საკუთარი მართვის ფილოსოფიიდან გამომდინარე პროგრესის მოტანა არ შეუძლია, მაშინ ხელისუფლებაში დაბრუნება ერთადერთ მიზნით სურს და ეს სურვილი არის შურისძიება ოპონენტებზე, მათგან განსხვავებულ საზოგადოებაზე. შურისძიებით აღსავსე ნაციონალური მოძრაობა კი უნდა დამარცხდეს!

ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი

ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა.

ევროპის ქალაქებში ხშირად შეხვდებით ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილ ველოსიპედისტებს, რომლებიც სამსახურისკენ მიიჩქარიან. ბათუმში ამ დანიშნულებით ველოსიპედს ცოტა თუ იყენებს. 2011 წელს დაარსებული „ბათუმველო“, რომლის საკუთრებაშიც დღეს უკვე 370 ველოსიპედი და 23 ველოსადგურია, თავიდანვე საიმისოდ იყო გათვლილი, რომ „ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ველოსიპედით გადაადგილების სარგებელი და მიეცათ მოქალაქეებისთვის – ჯანსაღი წესით ცხოვრების სტიმული“. თუმცა, დღემდე „ბათუმველოს“ ძირითადი მომხმარებელი კვლავ დამსვენებლები არიან.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით, ველოსიპედისტს ეკრძალება გზაზე მოძრაობა თუ გვერდით ველობილიკია. სხვა შემთხვევაში, მას სრული უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალებების გზაზე იმოძრაოს, თუმცა, ბლოგერ დათო ტრაპაიძის თქმით, ხშირად მას, როგორც ველოსიპედისტს, ამის საშუალება არ ეძლევა.

„ქალაქში ველობილიკების არსებობა ძალიან მაგარია, მაგრამ მას სჭირდება დაცვა, მაგალითად, კაფეების არაკეთილსინდისიერი მეპატრონეებისგან, რომლებიც მაგიდებს ტროტუარებზე ალაგებენ, ადამიანები კი იძულებული არიან ველობილიკზე იარონ. ასევე დიდი პრობლემაა ველობილიკზე პარკირებული ავტომობილები ანუ შენს გზაზე ან კაცი ზის და ქეიფობს, ან ჯიპია დაყენებული და გიწევს სატრანსპორტო გზაზე გადასვლა, რითაც უნებურად ქმნი ავარიულ სიტუაციას“, – ამბობს დათო.

საქართველოში ტროტუარის ათვისების საზღვრებს კანონმდებლობა არეგულირებს: ნებისმიერი სიფართის ქუჩაზე, ბოლო ძგიდიდან ბორდიურამდე ან ხეებამდე დატოვებული უნდა იყოს 75-80-სატიმეტრიანი გასასვლელი. საკრებულოს დადგენილებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური დამრღვევს ჯერ აფრთხილებს, გონივრულ ვადაში შედეგის ვერ მიღწევის შემთხვევაში კი, აჯარიმებს. ჯარიმა ფიზიკურ პირზე – 500, ხოლო იურიდიულ პირზე 2000 ლარია.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, თენგიზ მესხიძის თქმით, ტროტუარის ათვისების საზღვრების დარღვევებზე წელს დაახლოებით 50 ოქმი შეადგინეს.

მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა რესტორნის მეპატრონისთვის მერიის მიერ გაცემული ნებართვა გაუუქმებიათ იმის გამო, რომ ვიწრო ქუჩაზე შშმ პირისთვის ან საბავშვო ეტლიანი მშობლისთვის ფეხით გასავლელი ადგილი არ დარჩენილა. „ძველ ბათუმში ზოგან მეტრ-ნახევარია ტროტუარი და მთლიანად ათვისებული აქვს ბარს ან რესტორანს. ვფიქრობთ, სამომავლოდ საკრებულოში შევიდეთ ინიციატივით და დაწესდეს სტანდარტი. ხუთმეტრიან ქუჩაზეც 80 სანტიმეტრი დარჩეს გასავლელი და ორმეტრიან ქუჩაზეც? ეს ცოტა მიუღებელია“, – ამბობს თენგიზ მესხიძე.

რაც შეეხება ველობილიკებზე პარკირებულ ავტომობილებს, მათზე ზედამხედველობა „ბათუმის ავტოპარკინგის“ პრეროგატივაა [ჯარიმის ფასი ადგილზე დაჯარიმებით 10 ლარია].

„ჯარიმები მცირეა. ბარის მეპატრონეს ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა და იმ თანხას ერთ დღეში ამოვა ერთი მაგიდიდან. ძირითადად ეს აფერხებს ქალაქში ველოკულტურის განვითარებას. ქუჩა არაკომფორტული და არამეგობრულია ველომოყვარულებისთვის. ამას ხელს უწყობს ჩინოვნიკების უმოქმედობა“, – ამბობს დათო ტრაპაიძე.

ბათუმში ყოველი თვის ბოლო პარასკევს ეწყობა ველომსვლელობა – Critical Mass Batumi. დათო ტრაპაიძე, რომელიც ამ მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ აქამდე ბევრჯერ სცადეს მოეწვიათ მსვლელობაში მერიის ან სხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, თუმცა, ძირითადად, უშედეგოდ. მისივე თქმით, ველომსვლელობაში სამთავრობო სტრუქტურებიდან მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები აქტიურობენ, ახლახან კი აჭარის მთავრობის ახალი მეთაური ოჯახთან ერთად შეუერთდა მსვლელობას.

„ჩინოვნიკებმა რეალურად უნდა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილებით გადატვირთულ ბათუმის ქუჩებში ველოსიპედებით სიარული. მიხვდნენ, რამდენად განიტვირთება ქალაქი მანქანების ჭვარტლისგან, თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას გავაუმჯობესებთ. სწორედ ისინი არიან ამ ქალაქში გადაწყვეტილების მიმღები პირები და მათ ხელშია ის ბერკეტი, რითაც ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება ბათუმში“, – ამბობს დათო.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ქალაქში „ბათუმველო“ კვლავ მხოლოდ „სასეირნო“ ტრანსპორტის სტატუსს ინარჩუნებს და არა სამოქალაქო ტრანსპორტის, ველოსიპედების აღება-ჩაბარების ტერმინალების განლაგებაა, რომლებიც, ძირითადად, ბათუმის ზღვისპირა პარკში ან ქალაქის ცენტრალურ უბნებშია განთავსებული.

“ბათუმველოს” ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ 2017 წლის აპრილამდე ქალაქს მინიმუმ ორი ველოტერმინალი დაემატება. მათი განთავსების ადგილს კი მოქალაქეების გამოკითხვის წესით შეარჩევენ. „კვლევით დადგინდება კონკრეტული ადგილები, სადაც უნდა განთავსდეს ისინი. ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ამა თუ იმ უბანში დასაქმებულების სიმჭიდროვის მაჩვენებელი, რადგან ქალაქში უკვე გადაადგილება ჭირს საცობების გამო“, – ამბობს პაატა დუმბაძე.

„ბათუმველოს“ 20-ლარიანი ბარათის შეძენა და პერიოდულად მასზე თანხის ჩარიცხვა მხოლოდ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში არსებულ ტურისტულ ცენტრში შეიძლება. უახლოეს მომავალში „ბათუმველო“ ამ მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს. „ვფიქრობ, წლის ბოლომდე დაემატება „საქართველოს ბანკის“ გადახდის აპარატებს ჩვენი ბარათების შევსების ფუნქცია და ეს ყველაფერი იქნება საკომისიოს გარეშე, ანუ მომხმარებელი რასაც ჩარიცხავს, აისახება ბარათზე, საკომისიოს ვიხდით ჩვენ“, – ამბობს პაატა დუმბაძე.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც „ბათუმველო“ წელს ზამთარში განახორციელებს, ველოტერმინალების ახლებურად მუშაობაა: „ადრე, ზამთარში ვთიშავდით ამ ტერმინალებს. ახლა, ვფიქრობთ, აღარ გავთიშოთ“.

რაც შეეხება ველობილიკებს, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თენგიზ პეტრიძის თქმით, ბათუმს ახალი ველობილიკები 2018 წლამდე კიდევ დაემატება. „ახლა ე.წ. ჭაობის უბანში ვაკეთებთ არსებულ ქუჩებს და ტროტუარებზე, ზოლად ვაგებთ წითელ ფილებს. თუ ადრე ბეტონის ველობილიკი იყო, ახლა წითელი ფილებით იქნება გამოყოფილი“. მისივე თქმით, 2018 წლამდე „ჭაობის“ უბნის ქუჩები და შესაბამისად ველობილიკებიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან მთისძირის ქუჩამდე უნდა გაკეთდეს და შესაძლოა სამუშაოებს 2018 წლამდეც მორჩნენ.

ნინო ტავლალაშვილი: დროა შეიცვალოს პოლიტიკური თაობა

იურისტი და პედაგოგი ნინო ტავლალაშვილი #69 საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“  წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატია. იგი „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წევრია, რომელიც წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი. მას აჭარაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საზოგადოება წლებია გიცნობთ, როგორც ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელს რეგიონში, როგორ და რატომ მიიღეთ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება?

ალბათ დგება მომენტი, როცა გვერდიდან ყურება აღარ არის საჭირო.  მთავრობის წარმომადგენლებიც მეკითხებოდნენ, თუ გაქვს მსგავსი ხედვები, მსგავსი პრეტენზიები, რატომ არ ბედავთ და არ დგამთ ნაბიჯს. 19 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად მახსოვს. იმ დღეს, ნებისმიერს რომ ეკითხა, ისევ მყარად ვეტყოდი, რომ – არა. თუმცა იმავე დღეს, ერთმა მეგობარმა პირდაპირ მითხრა – თქვენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხართ ეგოისტები, იმიტომ რომ არ გინდათ თქვენი გამოცდილება სხვა კუთხით განავითაროთ. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, მეორე დღესვე საიას აღმასრულებელ დირექტორს ვესაუბრე და დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე.

ამ პერიოდში გქონდათ შემოთავაზებები სხვა პარტიებიდან?

საკმაოდ ბევრი. რატომ ის პოლიტიკური გუნდი, რომლის კვოტით ვარ მე დღეს გუნდის წევრი?! ჩემი რამდენიმე მეგობარი „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წევრია, ბევრი ისეთი რამ იყო, რაც ჩემთვის გახდა მომხიბვლელი. იგივე სამართლის, ეკონომიკის, სოციალური, კულტურული მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების და მიგრანტების საკითხი.

 თქვით, რომ გქონდათ არაერთი შემოთავაზება სხვა პოლიტკური ძალებისგან. ამ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის ნაკლები შანსი აქვთ? რა იყო გადამწყვეტი?

გადამწყვეტი იყო ის, რომ ეს იყო ახალშექმნილი პარტია და მე შემეძლო ამეღო პასუხისმგებლობა დასაწყისიდანვე. ბუნებრივია, სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც მყავს მეგობრები, სხვა პოლიტიკურ პარტიების პროგრამებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ, მაგრამ მე დავინახე ის, რომ ქმედითი ღონისძიებები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გადაუდგამს.  გარდა ამისა,  არასდროს არ მიყვარს სიარული გაკვალული გზით. ახალ პარტიაში ახალი გამოწვევებია, ამ ახალ გამოწვევებს მოჰყვება დადებითიც და უარყოფითიც. ნებისმიერმა პოლიტიკოსმა აუნდა იწვნიოს ეს ნეგატიური თუ პოზიტიური დამოკიდებულებები, რომ გამოიწრთოს. არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც მეკითხებიან – რატომ?

და რას პასუხობთ მათ?

მარტივია – როცა ადამიანს აქვს გარკვეული გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა, უნდა იყოს გამბედავი და თუ კი არის ცვლილებების მომხრე, თავად გახდეს ამ ცვლილებების ერთ-ერთი წამომწყები. გარდა ამისა, დროა შეიცვალოს პოლიტიკური თაობა. პოლიტიკაში ბევრი ისეთი ადამიანია დღესაც, ვისაც მე 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვუყურებდი პოლიტიკაში და ასევე ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც მე ვინატრებდი პოლიტიკაში.

ვის, მაგალითად?  

ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, თქვენს კოლეგას. არიან ადამიანები, რომელთაც დააგროვეს ისეთი გამოცდილება, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეშურდება.  ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აკლიათ წინა თაობის პოლიტიკოსებს, ეს არის თანასწორობის აღქმა სხვა ადამიანებთან.

თქვენ ახსენეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალ ძალაში მოსვლა, თუმცა ამ მოცემულობაში ხელისუფლებაში მოსვლის ნაკლები შანსია თქვენთვის…  

ესეც გამოცდლებაა, ესეც გამოწვევაა.

იმ შემთხვევაში თუ ვერ გაიმარჯვებთ, თქვენ რჩებით პოლიტიკაში, იგივე გუნდში, თუ შესაძლოა რაიმე შეიცვალოს?

ბუნებრივია ვრჩები. მე ზოგადად არ მახასიათებს ხშირი ცვალებადობა, რახან გავაკეთე არჩევანი, ესე იგი მე ამ არჩევანის მჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორ შედეგიც არ უნდა დადგეს, ეს პიროვნული ტრაგედია არ უნდა იყოს, ეს არის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიწყოთ მუშაობა.

პაატა ბურჭულაძის ბლოკი, რომელსაც ტოვებენ გუნდის წევრები, იქცა ხუმრობის საგნადაც კი…

მე ეს დიდ ტრაგედიად არ მიმაჩნია და რატომ: ყველა ახალშექმნილ პარტიას ახლავს თავისი სიძნელეები. მსგავი გასვლა-შემოსვლა თავის დროზე ახლდა „მოქკავშირსაც“, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, „ოცნებასაც“.  გავა დრო და ეს არავის არ გაახსენდება.

თუ გამოვრიცხავთ ბლოკის ფაქტორს, შეხვიდოდით თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტიაში?  

გეტყვით პირდაპირ – პაატა ბურჭულაძის პარტია არსებობდა უკვე, როცა მე ამ პარტიაში შევედი. ასე რომ…

პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები?

მე მხოლოდ გუშინ დავწერე განცხადება სკოლაში, რომ ეს სამი დღე გავთავისუფლებულიყავი. ბოლო დრომდე გაკვეთილებს ვატარებდი.

მოსწავლეები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

პირველივე დღეს მკითხეს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ზუსტად ისე ავუხსენი, რაც თქვენ გითხარით. ბევრ კოლეგას გაუკვირდა, ბევრს ჰქონდა იმის განცდა, რომ ცოტა უფრო ადრე უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება.

რა არის მთავარი, რასაც პირდებით ამომრჩეველს?

არაასდროს არ დავცილდები ხალხს.

ეს რას ნიშნავს?

მე იმდენად ვარ მიჩვეული ხალხთან ურთიერთობას, შეხვედრები, კონსულტაციები…

ამას ხომ ისედაც აკეთებდით? პოლიტიკური პლატფორმა „ხალხთან არ დასაცილებლად“ რატომაა საჭირო?

რაც უფრო მეტად სცილდები პოლიტიკური თვალსაზრისით ხალხს და თქვენს შორის ჩნდება უფსკრული, მით უფრო აბსურდულია შენი გამოსვლა, ქმედება, საქმიანობა.

ცოტა არ იყოს ლოზუნგივით ისმის – მოვდივარ პოლიტიკაში, რომ არ დავშორდე ხალხს…  

ნახეთ რა აწერია იმას [უთითებს ბანერზე, სადაც წერია „სახელმწიფო ხალხისთვის“{. ხალხის ჩართულობა აუცილებელია. … ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ეს არის მუდმივი ურთიერთბრალდება პოლიტიკოსებისგან. აპრილის შემდეგ მე ბათუმის საკრებულოს სხდომას არ დავსწრებივარ. დავიღალე იმით, რომ არაფრისმკეთებელი ორგანო, ერთადერთი, რითაც არსებობდა, იყო ერთმანეთის ლანძღვა. არაერთხელ მინახავს კონკრეტული ადამიანები, რომელთაც გახელილი თვალებით ეძინათ.

რაც შეეხება ქალების პოლიტიკაში ჩართულობას. რამდენად საკმარისია თქვენი აზრით ის ნაბიჯები რაც გადაიდგა ამ მიმართულებით?

არ არის საკმარისი და დავიწყებ ჩემი პარტიით. ჩვენ ვართ მე მგონი ერთადერთი, რომელიც ყველაზე ნაკლულია ქალთა წარმომადგენლობით პარტიაში. ეს არის სამართლიანი კრიტიკა, მაგრამ იმიტომ კი არ მოხდა ასე, რომ პარტიას ასე უნდოდა, ქალთა მხრიდან დაინტერესება იყო ძალიან დაბალი.

რატომ უჭირთ ქალებს ამ გადაწყვეტილების მიღება თქვენი აზრით?

ბევრი ფაქტორი მოქმედებს: მენტალური დამოკიდებულებები, ოჯახი, მეტ-ნაკლებად შიშის ფაქტორი – „რომ ვერ.. მერე რა ვქნა.“ გავთამამდები და ვიტყვი, პასუხისმგებლობის გაცილებით მაღალი გრძნობა აქვთ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.  საბოლოო ჯამში შეიცვლება ეს სურათი, იმიტომ რომ თაობა იცვლება. პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე თაობა მოდის. მათთვის აღარ არის საქმე ცალკე ქალის და საქმე მამაკაცის. უნდათ, მოსწონთ – აკეთებენ.

თქვენი აზრით, ფემიციდზე კანონი უნდა მიეღო პარლამენტს თუ არა?  

უნდა მივიღოთ.

რა არის დღეს ქვეყნისთვის ნომერ პირველი გამოწვევა?

მგონი ყველა ამას გეტყვით, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც პირდაპირ ბმაშია საგარეო პოლიტიკასთან, შიდა პოლიტიკასთან, სამოზობლო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან.

„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას“

ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მოადგილესთან

კონსტანტინე ვარძელაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხ მოსამართლეს შორის, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა. მოსამართლის მანდატი 10 წლის ვადით ამჯერად პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს გადასცა, უზენაესმა სასამართლომ – თემურ ტუღუშს. სასამართლოს კიდევ ერთ წევრს ახალი პარლამენტი შეარჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გვითხრა, რომ ახალი შემადგენლობისთვის მთავარი გამოწვევა იმ „გახმაურებულ საქმეებზე“ გადაწყვეტილების მიღება იქნება, რაც ამ მოწვევამ მოლოდინის მიუხედავად ვერ შეძლო.

ბატონო კონსტანტინე, იცნობთ თუ არა ახალ მოსამართლეებს და რამდენად არის იმის პირობა, რომ პოლიტიკური გავლენები სასამართლოზე გამოირიცხოს?

ვიცნობ ახალ მოსამართლეებს… ძალიან მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს სასამართლო იმ „გახმაურებულ საქმეებზე“, რომლებზეც გადაწყვეტილების გამოცხადება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. ინსტიტუციისთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენებს – ერთადერთი ძირითადი მექანიზმი არის თავად მოსამართლის პროფესიული ღირსება და მისი მზაობა იმოღვაწეოს ამ ინსტიტუციაში. მეორეა საზოგადოების ყურადღება. სხვა გარანტიები ბუნებაში არ არსებობს…

თქვენ 2012 წლიდან ხართ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, 2014-დან კი – თავმჯდომარის მოადგილე. იქ როდის გეწურებათ უფლებამოსილება და რა საქმეები შემოვიდა განსახილველად საქართველოდან?

იქაც მალე ამოიწურება ჩემი უფლებამოსილება… დადგენილი სტანდარტია, რომ საკუთარი ქვეყნიდან შემოსულ საქმეს ვერ განიხილავ ამ კომიტეტში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოდან საქმე არ შემოსულა… ალბათ, იმიტომ მოხდა ასე, რომ ამ მექანიზმის შესახებ ძალიან ცოტამ იცის ჩვენთან და მეორე არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად ჩაანაცვლა სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები ამ კუთხით. სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ქვეყნები ხშირად უარს ამბობენ გადაწყვეტილების შესრულებაზე და მხოლოდ პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი ჩნდება. ადამიანის უფლებები ირღვევა ყველგან, მათ შორის, ევროპულ სახელმწიფოებში, მაგრამ განსხვავებულია დარღვევის სიმძიმე და რაც მთავარია – როგორ რეაგირებას სახელმწიფო გაეროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

თქვენი დაკვირვებით რა ქმნის იმ მოცემულობას, როცა სახელმწიფო სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებს საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებებზე?

პირველ რიგში, ეს არის ტრადიცია და სამართლებრივი კულტურა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება. რაც უნდა სრულყოფილი იყოს დოკუმენტი, მხოლოდ ის ვერ დაამკვიდრებს პატივისცემას ადამიანის უფლებებისადმი. უფლებების მიმართ პატივისცემა საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს გააზრებული. როცა ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ, ეს რაციონალური არჩევანია. ამის მერე უკვე ვიაზრებთ, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ხდება ქვეყანაში, მეხება მე. ამგვარი აღქმა როცა ყალიბდება, აქტიურდება საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, რომ მან დაიცვას უფლება. ეს იწვევს ხელისუფლების ვალდებულებას, ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. ჩვენთანაც ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ და ეს იცვლება საზოგადოების განწყობებთან ერთად. რა თქმა უნდა, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება სასამართლოს – მან უნდა თქვას, იცავს თუ არა სახელმწიფო უფლებას.

ბოლო ათი წელი რა როლს ასრულებდა საკონსტიტუციო სასამართლო, შეძელით თუ ვერა გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლა?

არ მინდა საკუთარი საქმიანობა შევაფასო… მიმაჩნია, რომ დღიდან დაარსებისა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სტანდარტი დადო საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებების კუთხით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სასამართლო პრეცედენტებს განაპირობებს სარჩელი, ის, თუ რა ტიპის პრობლემა მოვა მოსამართლესთან. მოსარჩელის მხრიდან სარჩელის მომზადებას კი განაპირობებს ის კონტექსტი, რომელშიც ვცხოვრობთ და სასამართლოს ნდობა, როცა მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათზე აისახება და რეალობა შეიცვლება.

ნდობაზე საუბრობს ირინე იმერლიშვილიც, ახალი მოსამართლე. მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას შეძლებს.

ნდობას ბევრი რამ განაპირობებს. ის, რომ სარჩელების რაოდენობამ იმატა, ეს არ ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა. ეს მიანიშნებს იმას, რომ ადამიანები დავობენ უფრო ბევრ საკითხზე, ვიდრე აქამდე. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა კი არის ერთადერთი და ცივილური გზა დავების გადაწყვეტისა. ეს არის გზა, რომლის შემდეგაც შეგვიძლია გავცეთ პასუხი, სწორად იქცევა თუ არა სახელმწიფო. რამდენად მაღალია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხული იქნება…

როდესაც წლების შემდეგ მოსარჩელე მხარემ მოპასუხის ადგილზე გადაინაცვლა იგივე ჩვენი სასამართლოს დარბაზში, ანუ ხელისუფლების წარმომადგენელი გახდა, ვისმენთ კომენტარებს მიკერძოებულობაზე. ეს, ცხადია, ცუდად მოქმედებს სასამართლოს ნდობაზე. მოქალაქეებმა არ იციან, რამდენად სწორად მოქმედებს სასამართლო. შესაძლოა, მათ ამის სურვილი და უნარი არც ჰქონდეთ, როცა საკმაოდ რთულ საქმეებზეა საუბარი. მოქალაქეებს შთაბეჭდილება ექმნებათ იქედან, თუ რას ლაპარაკობენ სხვები, მათ შორის პოლიტიკური აქტორები.

არ ფიქრობთ, რომ იგივე ნდობის კუთხით გაჩნდა კითხვა, როცა, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა სიმბოლურ ფასად შეიძინა მოქალაქისთვის წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონება?

მოსამართლის მხრიდან მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემა უხერხულია. მისთვის ყოველთვის წამგებიანია ამტკიცო ის, რასაც ადგილი არ აქვს…

რას არ აქვს ადგილი, არ გსმენიათ ამ ფაქტის შესახებ?

ასე გიპასუხებთ: გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული აქვს სასამართლოს 2012 წლამდე, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, იყო თუ არა ის დამოკიდებული ხელისუფლებაზე იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც იღებდა… დაახლოებით ნახევარზე მეტი სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულდებოდა იმ პერიოდში სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, მათ შორის, იყო ისეთი საქმეები, რომლებიც ხელისუფლებას მტკივნეულად უნდა აღექვა და აღიქვა კიდეც.

ასეთი ნაკლებად მახსენდება, მანიფესტაციების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას თუ არ ჩავთვლით. „ხმაურიანი საქმეები“, რომელთა განხილვას ახლა ვერ ასწრებთ, წინა ხელისუფლების დროს არ გქონდათ.

საქმე ხმაურიანია თუ არა, ამას განაპირობებენ პოლიტიკური აქტორები, ხელისუფლება. სასამართლო არ ადებს რომელიმე საქმეს პოლიტიკურ ფასს. სასამართლოსთვის ნებისმიერი საქმე არის ჩვეულებრივი. ის არაჩვეულებრივი ხდება იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღება არის მიპყრობილი. მაგალითად, შარშან, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმეზე, იქნებოდა შეუმჩნეველი მოქალაქეებისთვის, რომ არა მოსარჩელის სახელი და გვარი. ხელისუფლებას რომ ასეთი დიდი ყურადღება არ მიექცია ამ საქმისთვის, შეიძლება თქვენც არ გხსომებოდათ ეს გადაწყვეტილება. თქვენ მანიფესტაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გახსოვთ, რადგან ცოტათი უფრო მეტი უკმაყოფილება გამოთქვა ამაზე მაშინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ სასამართლომ არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილება.

რამ განაპირობა ბოლო წლებში პოლიტიკური მხარეების გააქტიურება? თუ იცის აქტორმა, რომ სასამართლო არსებითად არაფერს შეცვლის, არ მოგმართავდათ.

სასამართლოში წარმოებაში დღეს დაახლოებით 200 საქმეა. ამდენი საქმე არ ჰქონია სასამართლოს 5 და 6 წლის განმავლობაში. ეს საინტერესო მოვლენაა…. საქმეების რაოდენობა გაიზარდა მათ შორის იმიტომაც, რომ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ შეგვიძლია მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვაწუხებს…

არის კიდევ მნიშვნელოვანი ტენდენცია: 2010 წლამდე სასამართლო არ შედიოდა სიღრმეში. არ აანალიზებდა პრაქტიკას, რამ მიიყვანა მოსარჩელე ამ პრობლემამდე, რატომ ჩათვალა მოსარჩელემ, რომ ესა თუ ის კანონი იყო არაკონსტიტუციური. მანამდე სასამართლო კანონს უყურებდა განყენებულად. მერე დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას. გამოდიოდა, საკონსტიტუციო სასამართლო რაღაც ცალკე პლანეტაზე თავის აკადემიურ მსჯელობებში შედიოდა და ამას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა რეალობასთან. 2011 წლიდან ეს შეიცვალა და სასამართლომ დაიწყო მსჯელობა.

შეგიმჩნევიათ, ალბათ, როცა სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას, იქ მიუთითებს „ნორმატიულ შინაარსს“ და არა მხოლოდ მუხლს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს ნორმატიული შინაარსის ინტერპრეტაციასაც…. არ მიპასუხია ბინასთან დაკავშირებით, რაც გიორგი პაპუაშვილს შეეხება. თუ მართლაც მოხდა უსამართლობა და თუ ეს მოხდა სახელმწიფოს ბრალეულობით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისგებლობა და გამოასწოროს შეცდომა. პასუხისმგებლობას როცა აკისრებენ კეთილსინდისიერ შემძენს, ეს აჩენს კითხვებს. ასე შესაძლოა, თქვენც შეიძინოთ საკუთრება და აღმოჩნდეს შემდეგ სადავო…

მე ვარ მოქალაქე და ჩვენ ვსაუბრობთ გიორგი პაპაუშვილზე, რომელიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კონსტიტუციის დაცვის გარანტი.

მაშინ ასე გიპასუხებთ: როგორც კი ეს კითხვა გაჩნდა, გიორგი პაპუაშვილმა ოფიციალურად მიმართა ხელისუფლებას და დააფიქსირა მზაობა, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. თუ მისი მხრიდან იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა საჭირო, ამას ის გააკეთებდა. ამ თემის გადაჭრა შეიძლებოდა სწრაფად და იქნებოდა დახურული დიდი ხნის წინ. როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობს ამ თემის ღიად დატოვება პოლიტიკურად…

რატომ ჭიანურდება საქმეების განხილვა? – მიმდინარე წლის ივლისში ხუთმა მოსამართლემ გააპროტესტა კონკრეტული საქმეების „დაჩქარებული წესით“ განხილვა. მაშინ თქვენ ამ ბრალდებას არ დაეთანხმეთ, თუმცა, მაგალითად, სახარების რწმენის კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის საკითხი 21-ე თვეა არ გადაწყვეტილა.

სასამართლო დგას აუცილებლობის წინაშე, რომ მოახდინოს საქმეების პრიორიტეტიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ვერ უპასუხებს გამოწვევას, რაც მის წინაშე დგას. სასამართლოში დაჩქარება ხდება მაშინ, როცა არსებობს მოსამართლეთა უმრავლესობის თანხმობა. ამიტომ არ დავეთანხმე მაშინ იმ ხუთ მოსამართლეს, ვინც ჯერ ხმა მისცა საქმის დაჩქარებულ განხილვას და შემდეგ ეს გააპროტესტა.

რომელია ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის პიროვნულად იყო მნიშვნელოვანი?

მიჭირს ასე გამოყოფა…. მნიშვნელოვანი იყო და პოლიტიკური დატვირთვის მქონე აღმოჩნდა „გიგი უგულავას საქმე“, რომელიც გასულ წელს მივიღეთ და შეეხებოდა წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გადაცილების ანტიკონსტიტუციურად ცნობას. ეს არ იყო რთული საქმე სამართლებრივად, მაგრამ იყო გამოწვევა სასამართლოსთვის, ეს იყო ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი. ასევე შემიძლია გამოვყო ორგასაღებიანი მოსმენის სისტემაზე მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო რთული საქმე და პოლიტიკური ინტერესიც დიდი იყო. აქაც სასამართლომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ფატი ხალვაში: საპარლამენტო ტრიბუნის წარამარა გამოყენება პოპულიზმია

საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი ფატი ხალვაში საკანონმდებლო ორგანოში მეორე ვადით მოსახვედრად იბრძვის. ის ამჯერადაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ოღონდ არა ქობულეთში. ამჯერად ის ამომრჩევლის გულის მოგებას ბათუმის #68-ე საარჩევნო ოლქში ცდილობს.

ისევ პარლამეტში მოასახვედრად იბრძვით, ამჯერად სხვა ოლქიდან, რა გეგმები გაქვთ, შეგიძლიათ მითხრათ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ?

ამჟამად ვარ დეპუტატი საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ, ვინაიდან საარჩევნო პერიოდია, გვაქვს გარკვეული შეზღუდვა. თუმცა ქობულეთის მოსახლეობას, ვინც მომმართავს, საჭიროების მიხედვით ვამისამართებ და ვეხმარები შეძლებისდაგვარად. ვინაიდან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მე წარმადგინეს ამ ოლქის მაჟორიტარად, რომ გითხრათ რაღაც საკანონმდებლო ინიციატივა შევიმუშავე 68-ე სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობისთვის, ალბათ ტყუილი იქნება. როცა შევუდგები მუშაობას, შევისწავლი და გავეცნობი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მთავრობასთან ერთად, თუკი რაიმე იქნება შესაძლებელი და საჭირო,  აუცილებლად დავაყენებ ინიციატივას.

ვიცით, რომ ინტენსიური შეხვედრები გაქვთ ამომრჩევლებთან, რაიმე საკითხები არ გამოიკვეთა, რომლის მოგვარებისთვისაც პარლამენტარის კომპეტენციაა საჭირო?

მე სადაც კენჭს ვიყრი იმ უბნებში ძირითადად არიან უკანონოდ ჩასახლებულები და წლებია ცხოვრობენ. ასევე,  ბარაკებთან დაკავშირებული პრობლემებია. არის მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობენ დაუკანონებელ ფართებში და ითხოვენ დაკანონებას. ჩვენ გვქონდა ინტენსიური საუბარი მთავრობასთან, პრობლემებს ჩავინიშნავთ და ჩავიწერთ, იქნება განხილვა როგორც მერიის თანამშრომლებთან, ასევე მთავრობასთან და ჩვენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ვიზრუნებთ,

რადგან ამ საკითხზე დაიწყეთ მსჯელობა, საკუთრების უფლების აღიარების პრობლემაზე მინდა გკითხოთ, რატომ ვერ მოხერხდა წინა ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულიყო?

მთავრობა ამაზე მუშაობს. არის გამოკვეთილი პოზიციები, პრობლემები დაყოფილია და დახარისხებულია, ვის აქვს კანონიერად ფლობის უფლება და ვის არა – ამაზე მთავრობამ იმუშავა. მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა კანონპროექტი, რითაც მოხდება კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონება, იმიტომ რომ მოსახლეობას აქვთ ფართები, ცხოვრობენ, აქვთ სახლები, რომლებიც დაუკანონებელია. პირველ რიგში უნდა მოხდეს აღწერა და უნდა მოხდეს დაკანონება. ეს არის პირველი ეტაპი და შემდეგ ეტაპზე მუშაობა ალბათ გაგრძელდება.

ქვენ ოთხი წლის განმავლობაში იყავით ქობულეთის მაჟორიტარი, ამ დროის განმავლობაში რისი გაკეთება შეძელით ქობულეთისთვის, რა მიმართულებით მუშაობდით?

ოთხი წელი ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი და ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არსებობდა ქობულეთში, ვმუშაობდით. 4 წლის განმავლობაში ქობულეთში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, ძალიან ბევრი სასოფლო გზები დაიგო და შეძლებისდაგვარად მოხდა მოშარდაგება შიდა გზების.

რაზეც ახლა თვენ საუბრობთ ეს ხომ პარლამენტარის საქმე არ არის?

პარლამენტარის საქმე არ არის, მაგრამ, მოსახლეობა გამგეობაში რომ მოდის პრობლემის მოგვარების თხოვნით, მოდის ჩემთან. ყველა ის მოქალაქე, რომელიც შედიოდა გამგეობაში თავისი პრობლემით, მერე შემოდიოდა ჩემთან და ითხოვდა დახმარებას. მეც, სადაც საჭირო იყო აქტიურად ვერეოდი, თუნდაც ბიუჯეტის განხილვაზე პრიორიტეტების დასახვის დროს ვმუშაობდით და ქობულეთში ძალიან დიდი პროექტები განხორციელდა, იგივე ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამოიცვალა მთლიანად მიწისქვეშა კომუნიკაციები, გაიწმინდა და ახალი დაიგო, მოხდა მოასაფალტება, ტროტუარების გაკეთება,  გელაურის ტერიტორიაზე, რაც ძალიან აწუხებდა ქობულეთის მოსახლეობას, გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ოთხი წელია პარლამენტში ხართ, რომელი პროექტის ინიციტორი ან თანაავტორი იყავით?

გრანტების შესახებ კანონის ინიციატორი ვიყავი, რომელიც აჭარის მთავრობას და სხვადასხვა სამინისტროებს აძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა ინიციატივები, პროექტები, თუნდაც გაცვლითი პროგრამები, გააკეთონ, სტუდენტების დაფინანსება რომ მომხდარიყო.  აკეთებენ, მაგრამ არის ხარვეზი, იმის გამო რომ არა გრანტის სახით, არამედ სხვადასხვა პროექტების სახით გაიცემა და შემდეგ ხდება საშემოსავლოს დაბრუნება და ასე შემდეგ…  იგივე იპოთეკარებთან დაკავშირებით მე და გედევან ფოფხაძე ვიყავთ ინიციატორები მათი დავალიანებების გადავადებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ კანონპროექტი ჩავარდა, მაგრამ ვიმუშავეთ, იმიტომ, რომ ძალიან აქტუალური თემა იყო და გვინდოდა საკანონმდებლო კუთხით დავხმარებოდით.

კანონი როგორ მოაგვარებდა აღნიშნულ პრობლემას, სახელწიფო კერძო სექტორის საქმიანობაში უნდა ჩარეულიყო?

შესაძლებელი იქნებოდა კანონის დონეზე რომ განხილულიყო. მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის დროს იყო და მოსახლეობის დიდი ნაწილი დაზარალდა ომის შედეგად, ამიტომ გვინდოდა ყოფილიყო კანონის დონეზე სახელმწიფოს მხრიდან გადაავადება, მაგრამ ინიციატივა მხარდაჭერილი არ იქნა.

რატომ არ იყარეთ კენჭი ისევ ქობულეთიდან, ხომ ამბობთ რომ მათთვის ბევრი გააკეთეთ?

მე ვცხოვრობ ბათუმში თითქმის 20 წელია, წარმოშობით ვარ ქობულეთის რაიონიდან, ამიტომ ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ,

ეთანხმებით თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ თქვენ საპარლამენტო ტრიბუნით მხოლოდ სამჯერ ისარგებლეთ და პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩეოდით?

ნამდვილად არ ვეთანხმები. მე ვმუშაობდი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და ჯანდაცვის კომიტეტში, საკმაოდ ბევრი მაქვს ნამუშევარი და იქნებ ისიც შეესწავლათ, თუ საკომიტეტო მოსმენებზე როგორ ვიყავი ჩართული და რა ინიციატივებით. მე არ ვთვლი რომ მაინც და მაინც საპარლამენტო ტრიბუნა იყო საჭირო იმისთვის, რომ ქობულეთში ციტრუსის ასაღები პროგრამები ყოფილიყო  გარკვეული დროის განმავლობაში, რომ მეჩაიეობა უნდა ავაღორძინოთ. მე მგონია, რომ პოპულისტობა უფროა წარამარა ტრიბუნის გამოყენება. მე გარკვეული დოკუმენტაციით და წერილებით მივმართავდი და ნამყოფი ვარ სამინისტროების უმრავლესობაში პრობლემებით, მინისტრებსაც ვხვდებოდი და ვმუშაობდი, შეიძლება პიარის თვალსაზრისით ყოველ ოთხშაბათს გამოვსულიყავი ტრიბუნაზე და არაფერი გამეკეთებინა.

ბათუმში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული სრულდება

დღეს, ბათუმში, “ბავშვთა ადრეული განვითარების კვირეულის” ფარგლებში გამართული სამეცნიერო სკოლა „ნეიროგანვითარებითი დარღვევები” მთავრდება.

ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული ბათუმში 2 ოქტომბერს დაიწყო და სამეცნიერო სკოლის გარდა, აჭარის რეგიონებში ადრეული ინტერვენციის პროფესიონალების მოსამზადებლად სამკვირიანი კურსიც დაიგეგმა, რომელიც 20 ოქტომბერს დასრულდება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია” და აშშ-დან და პორტუგალიიდან მოწვეული  ექსპერტები უძღვებიან.

თელავის “ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პედიატრი ნინო პაატაშვილი, ბათუმში გამართული “ნეიროგანვითარებითი დარღვევების” სამეცნიერო სკოლის მონაწილეა – “ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი განვიხილეთ – ნეიროგანვითარებით დაავადებები, ნეიროგანვითარებით დარღვევებთან ასოცირებული გენეტიკური დაავადებები, ბავშვთა ადრეული განვითარების პრინციპები და ა.შ. ახლა მეტყველებით დარღვევებზე მიდის საუბარი, რაც ძალიან საჭირო და საინტერესოა. ბევრი მონაწილისთვის ეს სიახლეა” – ამბობს ის.

ნინო პაატაშვილი ამბობს, რომ მშობლებს ნაკლები გამოცდილება აქვთ იმის შესახებ თუ რა უნარს უდნა ფლობდეს ბავშვი ამა თუ იმ ასაკში, გარდა ამისა როცა დიაგნოზი დადებულია, მშობლებს უჭირთ ამის მიღება, თუმცა საქართველოში ყოველწლიურად ამ მიმართულებით სიტუაცია იცლება – “მიმღებლობა გაიზარდა მშობლებში. ჩვენ 2003 წლიდან ვმუშაობთ, როცა გამოჩნდა რომ ამდენი ბავში უკეთესად განვითარდა, ინფორმაციაც გავრცელდა და სულ უფრო მეტი და მეტი მშობელი გვაკითხავს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვს სჭირდება სპეციალისტების დახმარება და მშობელი თავს იკავებს” – ამბობს ნინო პაატაშვილი.

2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს აღენიშნება. საქართველოში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 300 000 ბავშვია, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს.

ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 7  წელია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წელია ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით იზრდება, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მოცემულ ეტაპზე, მომსახურების მიღების მსურველი 841 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით 520-მდე  ბავშვის მომსახურება ხერხდება.

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი და მუდმივად მოქმედი სისტემის შექმნას, სადაც ეფექტურად ხდება ჩარევის საჭიროების მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და რეფერალი, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი სერვისი, მომსახურე პერსონალი კი მუდმივად გადამზადებულია.

ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება თბილისსა და რამდენიმე ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ქობულეთში, თელავში და ლაგოდეხში ხორციელდება. იგი გულისხმობს ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობას სხვადასხვა თამაშებითა და ვარჯიშებით. გუნდი დაკომპლექტებულია ადრეული ინტერვენციის სპეციალისტით, ფსიქოლოგით, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტებით. განვითარების შეფერხების შემთხვევაში, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა 3 წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი 7 წლის ასაკამდეა ეფექტური.

 

დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. კამპანია ფინიშს უახლოვდება. თქვენი კონფიგურაცია როგორია – ვინ სად იქნება 8 ოქტომბრის შემდეგ?

რეალურად, 8 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის ბარიერის გადალახვისთვის: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა“, ბურჭულაძის კოალიცია და „ლეიბორისტული პარტია“. ამას  ადასტურებს კვლევებიც. ცხადია, არა პროპაგანდისტული ფესევდოკვლევა, რომელსაც ერთი პროპაგანდისტული ტელევიზია აცხადებს ისე, როგორც მას სურს – ვგულისხმობ „რუსთავი 2“-ს, ისე როგორც მოქმედი ხელისუფლების ტელევიზიების მთელი ბუკეტი, ერთობლივად რომ შეუკვეთეს ეგზიტპოლები. ამ პროპაგანდისტულ კვლევებს აქვს ერთადერთი დამთხვევა  – 8 სუბიექტიდან განულებულია [0.4 და 0.7%] მხოლოდ „რესპუბლიკური პარტია“. ეს რომ კვლევა არ არის და ეს რომ პროპაგანდაა, ამას დაადასტურებს 8 ოქტომბერი. სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს უწერენ 2-4 პროცენტს და „რესპუბლიკურ პარტიას“ პრაქტიკულად უწერენ არაფერს – ეს განპირობებულია იმით, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“  ხედავს [ჩვენც ვატარებთ შიდა კვლევებს და ზუსტად ვიცით], რომ მათთვის ხმების გარკვეული რაოდენობის წამრთმევი სწორედ „რესპუბლიკური პარტიაა“.

„ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს თანაზიარი ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის პირველი არჩევანი შეიძლება იყოს მეტწილად „რესპუბლიკური პარტია“, რადგან 2012 წლის პირველი ოქტომბერი, მაგალითად, ბათუმში და ასეა მთელ საქართველოში, გაცილებით უფრო მეტად ასოცირებულია დათო ბერძენიშვილთან, ვიდრე ილო ვერძაძესთან [„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ბათუმში], რადგან 2012 წელს ის „ქართულ ოცნებაში“ არ ყოფილა, მას არ მიუღია პროცესებში მონაწილეობა.

შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი შიდა კვლევების მონაცემები? და ასევე, თქვენი აზრით, რვავე სუბიექტი ისევეა წარმოდგენილი აჭარაში, როგორც დანარჩენ საქართველოში, თუ აქ განსხვავებული ვითარებაა?

მე შემოვიფარგლები ამჟამად ბათუმზე საუბრით, სადაც კვლევები ჩატარებული გვაქვს უფრო სიღრმისეულად და ამასთან, ეს კვლევები კორელაციაშია ქვეყნის მასშტაბით კვლევებთან… მე საკმაოდ სარისკო რამეს ვაკეთებ – არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვამბობ, რომ [ვეყრდნობი იმ კვლევას და იმ შთაბეჭდილებებსაც, რასაც კარდაკარ ვატარებთ ქვეყნის თუ ბათუმის მასშტაბით] ეს რვა სუბიექტი არის კონკურენტუნარიანი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ესენი წარმოადგენენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს.

მე არ გამოვრიცხავ რაიმე მოულოდნელობას. ბოლო ხანებში ევროპაშიც არის მოულოდნელობები, მაგალითად, გერმანიაში ახალი პარტია – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ძველი გამოცდილი პარტიები მაინც რჩებიან ძირითად სუბიექტებად. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი 8 პარტიის გარდა კიდევ რომელიმე პარტიამ [რომელიც დამალულია კვლევებში] მოულოდნელად აჩვენოს მაღალი შედეგი. მაგალითად, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაახლოებით პროგნოზირებადი იყო თბილისის მერის არჩევნების შედეგები – პირველზე გადიოდა გიგი უგულავა, მეორეზე – ირაკლი ალასანია. ირაკლი ალასანიას, ანუ მაშინდელ ჩვენს „ალიანსს საქართველოსთვის“ დაახლოებით 20%-ი ექნებოდა. შედეგიც ასეთი მივიღეთ. მომდევნო ადგილებზე ვინც იქნებოდა, ესეც ჩანდა. კვლევებით ყველაფერი აღმოჩნდა  პროგნოზირებადი ერთადერთი მოულოდნელობის გარდა – ეს იყო ზვიად ძიძიგურის  8%-ი, რომელიც ნოღაიდელთან ერთად იყო ბლოკში და მაშინ ნოღაიდელის გამო არც თუ მთლად ზომიერად პრორუსულმა ძალებმა ხმა მისცეს ნოღაიდელი-ძიძიგურის ბლოკს. მაგრამ მათი ამომრჩეველი კვლევების დროს მალავდა, ესირცხვილებოდა ან არ ენდობოდა მკვლევარებს, ანუ არც ერთ კვლევაში 3-4%-ზე მეტი არ ჰქონდა და აიღო 8%-ი. მე ასეთ გამონაკლის არც ახლა გამოვრიცხავ.

ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში   პოლიტიკურ პარტიებს ყველა ნიშა განაწილებული აქვთ გერმანიისგან განსხვავებით, სადაც სუბიექტი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამოჩნდა…

ამ 8 პარტიის გარდა ერთი სხვა პარტია რომ გამოჩნდეს, ის კი ვერ მოიგებს, ვთქვათ, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბარიერს შეეთამაშება… 8 პარტიაში სახელისუფლებო ფაქტორების, რესურსი გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი შანსი, რომ პირველ ადგილზე გავიდეს, აქვს „ქართულ ოცნებას“. ყველაზე მაღალი შანსი, რომ პარტიულად მეორე ადგილზე გავიდეს, აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მომდევნო პარტიები ბათუმში – „რესპუბლიკელები“ და დანარჩენი ხუთი პარტია, ეს არის ერთი ჯგუფი, სადაც, ჩვენი კვლევებით, ჩვენი შანსები ოდნავ პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა პარტიების.

მაჟორიტარულ ოლქებში, ბათუმში, პირველი ორი ადგილისთვის ბრძოლაში ერთი არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნებისმიერ ოლქში. პროგნოზს გავაკეთებ – ჩემს ოლქში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მეტ ხმას, ვიდრე მისი კანდიდატი ილო ვერძაძე – მნიშვნელოვნად მეტ ხმას, ვიდრე მისი მაჟორიტარი კანდიდატი. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე პროცენტ ამომრჩეველში „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ ასოცირდება ქართულ ოცნებასთან, არც 2012 წლის ბრძოლასთან და არც თვითმმართველობის არჩევნებთან. მეორე ადგილის ყველაზე მაღალი შანსის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“, ჩემს ოლქში, ჩემი ვარაუდით, უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე მისი ძალიან მიმზიდველი კანდიდატი, ქალბატონი ნინო ჯინჭარაძე, რადგან ის ჩამორჩება თავის პარტიას.

ანუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა პარტია, არის დონორი საკუთარი კანდიდატებისთვის. პარტიები და მათი ლიდერები არიან უფრო მეტი ორიენტირები, ვიდრე  თავად კანდიდატები ბათუმში თუ მთლიანად აჭარაში. ამასთან, მე ვვარაუდობ, რომ „რესპუბლიკელების“ მიერ დასახელებული კანდიდატების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ოლქში და მგონია, რომ ბათუმში მთლიანად – აჭარის უმაღლეს საბჭოში დათო ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტში ხათუნა სამნიძე, შესაძლოა ვიყოთ ოდნავ მეტი ხმის ამღები, ვიდრე ჩვენი პარტია. კიდევ ერთ პროგნოზს გავაკეთებ: მე ვვარაუდობ, რომ ბათუმში როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ პროცენტი, ისე მაჟორიტარების პროცენტი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე საშუალო შედეგი ქვეყნის მასშტაბით.

რამდენია ეს პროცენტი?

„რესპუბლიკური პარტიის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ვფიქრობ,  ძირითადი კონკურენტები არიან მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმში. ისინი სად გადაიკვეთებიან, ეს დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე. 50 ათასზე მეტი ამომრჩეველია ჩემს ოლქში. თუ იქნება ისეთი მაღალი აქტიურობა, როგორიც იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მეორე ტურში ვერ გავლენ, რადგან მათ აქვთ სასრული პროცენტი. თუ 2 მილიონ 200 ათასი კაცი მოვა ქვეყნის მასშტაბით [ეს იყო 2012 წელს და ეს არარეალურია ამჟამად], მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ 260-280 ათასი ხმა,  გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების დროს, როცა მილიონ-ნახევარი ამომრჩეველი მოვიდა, მაგრამ „ნაციონალების“ მხარდამჭერი იგივე იყო.

აი, მეორე ტურში გასული „ნაციონალების“ აბსოლუტური უმრავლესობა კი ვერ მოიმატებს ხმებს, რადგან ეს არის პოლიტიკური კეთროვანების პარტია;  ეს არის ლეპენის სინდრომი – ერთხელ ლეპენი მეორე ტურში გაყვა ჟაკ შირაკს და ჟაკ შირაკმა მიიღო 82%, ლეპენმა კი იგივე 18%-ი, რაც ჰქონდა პირველ ტურში.

შორს რომ არ წავიდეთ, თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურში ნიკა მელიამ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მიიღო ისევ თავისი 25%-ის მიდამოებში, რადგან მეორე ტურში ყველა დანარჩენი გაერთიანდა არც თუ მიმზიდველი ნარმანიას გარშემო, რომელმაც ხმების ¾ მიიღო. მას პირველ ტურში  46%-ი ჰქონდა. ახლაც ასე მოხდება, მეორე ტურში გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგებს.

ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ მეორე ტური გარდაუვალია?

დიდ უმრავლესობაში იქნება მეორე ტური. ბათუმში მე საერთოდ ვერ ვხედავ პირველ ტურში გამარჯვებულს. ამიტომ მგონია, რომ მეორე ტურში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავა, იქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა. თუ „რესპუბლიკელი“ გავა ან რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელი, იქ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მდგომარეობა იქნება რთული. მეორე ტურში გასული ნებისმიერი „რესპუბლიკელის“ გამარჯვების ალბათობა არის ძალიან მაღალი, ამიტომ მთავარია რამდენი „რესპუბლიკელი“ შეძლებს მეორე ტურში გასვლას.

ჩვენ მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში ვიბრძვით, რაც შეიძლება მაღალი პროცენტისთვის. თუ ხათუნა სამნიძისა და დათო ბერძენიშვილის კანდიდატობით 69-ე ოლქში „რესპუბლიკურ პარტიას“ არ ექნება საშუალო ქართულ პროცენტზე უფრო მაღალი პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აქ კენჭის საყრელად ტყუილად წამოვსულვართ და პარტიას ვერ ვარგეთ. მაგრამ ვფიქრობ, ფრონტის გაფართოება, დასავლეთის ფრონტის შექმნა, რომელიც უცვლელია ქართულ პოლიტიკაში,  ვერ შედგებოდა „რესპუბლიკელების“ გარეშე. ბათუმის ფრონტიც არის დასავლური ფრონტი და ამ ფრონტს – დემოკრატიულ კარიბჭეს, უსაფრთხოების კარიბჭესაც აქ ჩვენ ვქმნით.

მიუხედავად პოლიტიკური გამოცდილებისა, „რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში ყოველთვის რჩება უმცირესობაში, მაშინაც კი, როცა უმრავლესობის ნაწილია – ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ კოალიციაში ყოფნას. ხომ არ შეეგუეთ ამ როლს? რას აკეთებთ იმისთვის, რომ უმრავლესობაში იყოთ, რა გიშლით ხელს ამისათვის?

იყო პერიოდი, როცა ჩვენ არ ვყოფილვართ პარლამენტში, მაგრამ არის ცალკეული რეგიონები, სადაც სისუსტის მიუხედავად „რესპუბლიკური პარტიის“  გარეშე პოლიტიკა იმ რეგიონში არ არის. მე სტატისტიკას გავიხსენებ: 1991 წელი 20% „რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში, იმდენივე მაჟორიტარი, რამდენიც „მრგვალი მაგიდის“ ბათუმში. მაღალი შედეგია. 2004 წელს [მანამდე არჩევნები არ ტარდებოდა], მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ „რესპუბლიკური პარტიის“ სერიოზული კონკურენტია: 13,5%-ი „რესპუბლიკურ პარტიას“ საკმაოდ მიყალბებულ არჩევნებში და 30%-ის მიდამოებში „რესპუბლიკელების“ შედეგი ბათუმში. მაშინ ბათუმში გამოვდიოდით „ბერძენიშვილი-რესპუბლიკელების“ სახელით და დავუპირისპირდით სააკაშვილის „გამარჯვებულ აჭარას“.

ეს ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალა პოსტაბაშიძისეულ პერიოდში აჭარის პოლიტიკური სპექტრის  მთავარი შემადგენელი იყო. 2008 წელს ძალიან ცუდი შედეგი „რესპუბლიკური პარტიის“ – ეს არის 3,8% [ისე ყველასთვის გაყალბდა და ჩვენთვისაც გაყალბდა – სადღაც 5 %-ის მიდამოებში ვიყავით და შეგვრჩა 3,8], მაგრამ აჭარაში მაშინ, აი ამ ცუდ არჩევნებში, მაინც გვქონდა 6%-ი.

ამ სტატისტიკის და დინამიკის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მაჟორიტარული ოლქის 27 მაჟორიტარი კანდიდატიდან „რესპუბლიკურ პარტიას“ აჭარაში 11 კანდიდატი გვყავს, ანუ ექვსივე კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხუთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. ასე რომ, აჭარის ფლანგი „რესპუბლიკელებისთვის“ არის ძლიერი. იმის მიუხედავად, რამდენად წარმატებული ვიქნებით ქვეყნის მასშტაბით, აჭარაში შედეგი ოდნავ უკეთესი მაინც გვექნება.

რაც შეეხება უშუალოდ კითხვას: ჩვენ ვართ კოალიციური პოლიტიკის წამყვანი ქვეყანაში. ევროპული პოლიტიკა არ არსებობს კოალიციის გარეშე. ძალიან იშვიათად რომელიმე ქვეყანაში ერთ პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა. თანამედროვე ევროპაში ჩვეულებრივ 6-8 პარტიაა პარლამენტში. ასეა სკანდინავიაში, ბალტიაში, ასეა ჩეხეთში, სლოვენიაში, ბალკანეთში. თუ ექვსზე ნაკლებია, ეს ხუთია, ორი კი არ არის. ჩვენს თანაზომად ყველა ქვეყანაში პარტიათა რაოდენობა პარლამეტშიც, რეგიონულ დონეზეც და მუნიციპალურ დონეზე არ არის ხუთზე  ნაკლები.

მე ვთქვი 8 კონკურენტუნარიანი პარტია, როგორც საქართველოს, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ყველა გადალახავს ბარიერს, მაგრამ ამ 8 პარტიიდან მე არ ვვარაუდობ, რომ მინიმუმ ხუთი მაინც არ იქნება გნებავთ საქართველოს პარლამენტში, გნებავთ აჭარის უმაღლეს საბჭოში.

კამპანიის დროს პარტიები ამბობენ ვინ რამდენ მანდატს აიღებს. ჩვენ ამას არასდროს  ვამბობთ. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 100-ზე მეტს, რადგან ივანიშვლმა ასე თქვა. ხანდახან 113-საც ამბობს – საკონსტიტუციო უმრავლესობას. ანუ 2/3-დან ¾-მდე არის მანდატების ის საოცნებო რაოდენობა, რაზეც ლაპარაკობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და უკვე გახუნებული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

უმრავლესობას ავიღებთ – ამბობს მეორე გახუნებული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ამ დროს არც ერთი და არც მეორე ოფიციალურად არ არიან პარტიების ხელმძღვანელები. სხვა პარტიებიც კი, ღიმილის მომგვრელია ხოლმე, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ მოვდივართ უმრავლესობით. ჩვენ – „რესპუბილკელები“ ვერ მოვდივართ უმრავლესობაში. ჩვენ ამას სულ ვამბობთ. ჩვენ მზად ვართ სახელისუფლო კოალიციაში მუშაობისთვის თუ ის პირობები იქნება დაკმაყოფილებული, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე მზად ვართ ოპოზიციაში მუშაობისთვის. არც ერთმა ევროპულმა პარტიამ, არჩევნების წინ, წინასწარ არ იცის ხელისუფლებაში იქნება, თუ ოპოზიციაში. სხვადასხვა კონფიგურაციაა კოალიციებში. გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა მაგრად წააგეს ბოლო არჩევნები, ისევე როგორც იმის წინა არჩევნები მერკელის „ქრისტიან-დემოკრატებთან“, მაგრამ წინა არჩევნების დროს „ლიბერალებთან“ შეკრა კოალიცია მერკელმა, ამ არჩევნების დროს – „სოციალისტებთან“. ასე რომ წინასწარ არც ერთმა პარტიამ არ იცის, ის პარლამენტში უმრავლესობაშია მოხვდება თუ უმცირესობაში.

ჩვენ გვიადვილდება მუშაობა კოალიციაში, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკური კომპრომისების მცოდნე პარტია. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი –  კონსტიტუცია – 1995 წელს  ყველაზე მრავალპარტიულმა ქართულმა პარლამენტმა მიიღო [1992-1995 წლების ქართულ პარლამენტში 9-10 პარტია იყო, ხოლო თითო-ოროლა წარმომადგენელი რომ ჰყავდა, ასეთი სულ 26 იყო]. მაშინ „რესპუბლიკელებს“ 22-კაციანი ფრაქცია გვყავდა და ჩვენმა, წამყვანი ოპოზიციური პარტიის ხმებმა გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციის მიღება 2/3-ით. დიახ, მრავალპარტიულმა პარლამენტმა მიიღო ნორმალური კონსტიტუცია.

როგორც კი 2/3 გაუჩნდა მიხეილ სააკაშვილს, შევარდნაძის მაჟორიტარები  გადაბარგდნენ სააკაშვილთან [სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, მაჟორიტარებმა თქვეს ჩვენ ვართ ხელისუფლების, რა მნიშვნელობა აქვს რომლისო], ანუ 2004 წლის 6 თებერვალს შევარდნაძის მაჟორიტარების დახმარებით სააკაშვილმა სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. ასე გააფუჭეს 1995 წლის კარგი კონსტიტუცია და ცუდი კონსტიტუცია დადეს 2004 წელს.

ბოლო არჩევნების შემდეგაც მმართველი პარტია თავიდან რეალურად იყო სამპარტიული. ივანიშვილმა თავიდან დაასახელა „რესპუბლიკური პარტია“ და ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“. მერე დანარჩენი სამი კი დაიმატა, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრაქტიკულად ისევ ივანიშვილს, „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებზე“ ნაწილდებოდა. პარლამენტში მეტწილად „რესპუბლიკელებზე“, მთავრობაში – „თავისუფალ დემოკრატებზე“, 2014 წლის შემოდგომამდე, სანამ „თავისუფალი დემოკრატები“ წავიდოდნენ ოპოზიციაში. შემდეგ, ხელისუფლებაში იყო რამდენიმეთვიანი კრიზისი და ეს კრიზისი მეტ-ნაკლებად ჩაცხრა 2015 წლის მაისიდან, როდესაც „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტში პასუხისმგებლობასთან ერთად დაიმატეს პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში – სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრი იყო 2014 წლის მაისიდან საქართველოს ორპარტიულ კოალიციურ მთავრობაში. ასე, რომ კვაზი კოალიცია საქართველოში პირველად 2012-2016  წლების ხელისუფლებაში იყო, მანამდე არასდროს ყოფილა. მანამდე ლიდერს ჰყავდა 2/3-იანი უმრავლესობა, აორთქლდებოდა ლიდერი – აორთქლდებოდა მისი უმრავლესობაც.

დღეს ჩვენი პირობა არის ასეთი: როგორც კი პროპორციული სიით მიღებული მანდატების რაოდენობა, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე მაჟორიტარული სისტემით მანდატების რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ შენ წინააღმდეგ მიცემული ხმებით შენ მოიპოვე უმრავლესობა.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზომება 8 ოქტომბერს პირველ ტურში, პროპორციული სიით. თუ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ვთქვათ, 32 მანდატი სიით, ხოლო მეორე ტურები „ნაციონალური მოძრაობის“ მტრის ხატად ქცევით – ეს ტექნოლოგია აქვს ახლა –  მოიგო 60-65 მანდატი მაჟორიტარულ ოლქში [გეგმა აქვთ 100-მდე – 35 სიით 65 მაჟორიტარული ოლქით], ანუ ორჯერ მეტი მაჟორიტარი, ვიდრე სიით, ეს ნიშნავს, რომ 35%-იანი, ანუ 1/3-იანი მხარდაჭერით მიიღო 2/3-იანი უმრავლესობა და ამით მოსტაცე ამომრჩეველს ხმა და განწყობა.

და რას იზამს ეს ამომრჩეველი, ეს პოლიტიკური ძალები რას იზამენ? – ჩვენ კარგა ხნით დავიწყებული ქუჩა გაგვახსენდება. პოლიტიკის ლოგიკა ასეთია: თუ 1/3 აქვს რომელიმე პარტიას ნდობა და პარლამენტში ის ზის 2/3-ით, მაშინ ეს ენერგია წავა ქუჩაში და ისევ იქნება უკან სვლა. ამიტომ გვინდოდა ჩვენ რომელიმე ისეთი საარჩევნო სისტემა – მაგალითად, გერმანული მოდელი, რეგიონულ-პროპორციული სისტემა, სადაც რამდენი ხმაც გაქვს, იმის ადექვატური წარმომადგენლობა გყავს. თუ აცდენილია მანდატების რაოდენობა რეალურ მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ენერგია არ შეუშვეს დარბაზში, ამიტომ ის დადგება რუსთაველზე.

უკვე 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებისთვის 100-ათასიანი მიტინგი იქნება თბილისში. შესაბამისად, 15-20-ათასიანი ბათუმში. ამის გამოცდილება ხომ გვაქვს, სააკაშვილის დროსაც ეს ხდებოდა და შევარდნაძის დროსაც.

თქვენ მეტ-ნაკლებად იცნობთ მიხეილ სააკაშვილს. ასევე კარგად გახსოვთ 2003 წლის 23 ოქტომბერი, როდესაც ასლან აბაშიძეს „საძინებელში შეუვარდით“ – როგორც თვითონ თქვა. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე მსგავსი სიურპრიზი ახლაც შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს პროცესში გარდატეხის შესატანად? ელოდებით მას ამ არჩევნებზე თუნდაც სარფის საზღვარზე?   

არ ველოდები იმიტომ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, მას ვიცნობ. მე არ ვიცნობ მიხეილ სააკაშვილზე მშიშარა არც ერთ ადამიანს. 2003 წლის 23 ოქტომბერს მიხეილ სააკშავილი აჭარაში არ ყოფილა, მაგრამ მერე მას შეეხარბა, რომ პოლიტიკური დივიდენდები სხვებმა მივიღეთ კაი ჟეჟვის ფასად და მოიფიქრა, რომ ბათუმში ვიყავი და აჭარულ ხაჭაპურს ვჭამდიო. მე მაშინ ვუთხარი, მიშა, ნუ იბრალებ, არავინ გდებს ბრალს იმაში, რატომ არ იყავი ბათუმში, არავითარ აჭარულ ხაჭაპურს არ ჭამდი და სასაცილოდ ნუ ჩაიგდებ თავს-მეთქი. რა თქმა უნდა, მაშინ ის არ იყო აქ და მე როცა ვახსენე, რომ ის არ არის ყველაზე გულადი ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ ამის დასტურია, რომ სააკაშვილი მაშინ აქ არ იქნებოდა.

ანუ ჩამოვა თუ არა?

ქვეყანაში არ არის რევოლუციური ვითარება. 2003 წელთან ანალოგია არის არასწორი და სააკშვილის ადეკვატურობაზე მე მაქვს ჩემი წარმოდგენები. მე მგონი, მას ადეკვატურობის პრობლემა აქვს ამჟამად, ისევ როგორც ივანიშვილს გაუჩნდა იგივე პრობლემა. ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს – ივანიშვილი რაღაცით აბაშიძეს დაემსგავსა, რაღაცით სააკაშვილს. აბაშიძის განდიდების მანია, დევნის მანიაც [ასლანს ეტყობოდა, რომ ორივე ჰქონდა], როგორც ჩანს, დაემართა ივანიშვილსაც.

დევნის მანიაში რას გულისხმობთ?

თუ ივანიშვილი არჩევნებს წააგებს, მისი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. მას ეს აშინებს. მას ორი რამ აშინებს – დასდევს სააკაშვილის აჩრდილი, რომელიც უკვე დამარცხებულია. დამარცხებული სააკაშვილის რეანიმაციის არავითარი ობიექტური საფუძველი ქვეყანაში არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ვერ იგებს და მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობას აგებს. ეს სრულიად მკაფიოა. პროპორციულ სიაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ 50%-ს ვერ მიიღებს, ეს ხომ ყველამ ვიცით.

2003 წელს მიშას და ჩვენმა ბლოკმა მართლა მიიღო პირველი ადგილი და მართლა წაგვართვეს არჩევნები. მართლა დაგვარბიეს 23 ოქტომბერს ბათუმში და მართლა გახდა ასლან აბაშიძე პოლიტიკური კეთრი. აბაშიძე დასაჯა ქართველმა ამომრჩეველმა 23 ოქტომბრის მიტინგის ასე უმოწყალოდ დარბევისთვის და ჩოლოქზე ათობით ადამიანის დახვედრებისთვის, რომლებმაც მანქანიდან გადამათრიეს და მთელი საქართველოს დასანახად… მოკლედ, რუსის ბარაბანს არ მოხვედრია, იქ მე რომ მომხვდა. ამ არაპოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის აბაშიძე დასაჯა ქართველმა ამომრჩეველმა – ჩოლოქს გაღმა „აღორძინებამ“ მაშინ მიიღო სულ 25 ათასი ხმა, როცა უამრავი ფული ჰქონდა დახარჯული. მაშინ მიხეილ სააკაშვილიც იყო პოპულარული, მას აბაშიძემ და შევარდნაძემ მოპარეს ხმები და ქართველმა ხალხმა, იმ ამომრჩეველმა, ვინც მაშინ ჩვენს ბლოკს მისცა ხმა, თქვა, რომ ჩვენს ხმებს დავიცავთო და გამოვიდა ქუჩაში.

მიხეილ სააკაშვილს ახლა სიურპრიზების რესურს არ აქვს. სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულიება [გარდა იმისა, რომ ადამიანს აქვს უფლება არ იყოს მთლად გულადი] ძალიან მკაფიო გახდა მაშინ, როცა ლევანზე თქვა, შნურით არის მიბმული რუსეთის საელჩოზეო, როცა 7 ნოემბერი აკადრა ქართველ ერს. მაგრამ როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში ჩინოვნიკობისთვის უარს იტყვი საკუთარი ქვეყნის პასპორტზე, ჩემთვის ის პოლიტიკოსი დამთავრებულია. მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის არის ყველაზე სამარცხვინო ადამიანი, ვისაც ხელში ოდესმე ჭერია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რადგან მან უარი თქვა ქვეყნის მოქალაქეობაზე ოდესის გუბერნატორობის სანაცვლოდ.

თუმცა, მის პარტიას საკმაოდ დასაყრდენი ჰყავს ბათუმში, როგორც თავად ამბობენ. და რატომ გამორიცხავთ, რომ ის თურქეთის მხარეს სარფში მართლა ჩამოვიდეს?

სასაცილო იქნება სარფიდან თუ დააპირებს პროცესების მართვას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ შემოვა – მას ერთი საათით გაჩერება არ შეუძლია საკანში, სხვებისგან განსხვავებით. მე როცა ვამბობ, ის არ არის გულადი ადამიანი, მე ვიცი მიხეილ სააკაშვილის კოშმარული წარმოდგენები მის შესაძლო დაპატიმრებაზე. სხვათა შორის, ივანიშვილსაც აქვს საჯაროდ ნათქვამი, რომ მე ყოველთვის ვიცოდი ისე უნდა მეცხოვრა, ისე უნდა მემოქმედა,  [„ვედემოსტის“ მისცა ინტერვიუ 2005-ში თუ 2006-ში] რომ არ უნდა დავეჭირეო. და მერე საქართველოში ეს გაიმეორა.

არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ცხოვრებაში გამორიცხული უნდა იყოს საკანი, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ცხოვრებაში მათი იდეების რეალიზება გადის ნამდვილ საკნებზე.

თქვენ ამბობთ, რომ ხართ დისიდენტური წარმომავლობის 38 წლის პარტია. დისიდენტები, როგორც წესი, გადამწყვეტ როლ ასრულებდნენ საზოგადოების გამოღვიძების საქმეში. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ სახელმწიფოებს მართვის სადავეებს ყოველთვის თუ არა, ძირითადად ხელში იღებენ ის პარტიები, როლებსაც არადისიდენტი  პოლიტიკოსები მართავენ. ეს ფაქტორი სომ არ გიშლით ხელს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ აიღეთ ხელში ძალაუფლება?

მე ვფიქრობ არა, რადგან ჩვენ სამი თაობის პარტია ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ წარსულის მქონე მომავლის პარტია. ჩვენი პარტიის სათავეებთან იდგნენ დისისდენტები. მათგან ორი დღეს პარლამენტის წევრია – ლევანი და მე, ანუ ვართ აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე და 8 წლის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარე [2005-13 წლებში] დათო უსუფაშვილი იყო, რომელსაც არ აქვს დისიდენტური წარმომავლობა და ძალიან პრაგმატული ხელმძღვანელი იყო. ახლა პარტიის თავმჯდომარე არის ხათუნა სამნიძე, რომელიც იმ წელს დაიბადა, როცა დაიბადა „რესპუბლიკური პარტია“, ანუ ძალიან ახალგაზრდაა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ ამავე დროს 11-წლიანი სტაჟი აქვს „რესპუბლიკურ პარტიაში“ ყოფნის, აქვს უმაღლეს საბჭოში მუშაობის და თბილისის საკრებულოში ფრაქციის ხელმძღვანელობის გამოცდილება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ განახლებაზე, ჩვენ არ დავრჩით წარსულში.

ივანიშვილზეც მინდა გკითხოთ. მან თქვა, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ჩანს, რომ ვერ წავიდა. თქვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი თუ იყენებს ჩრდილოვან მმართველობას თავისი ბიზნესინტერესებისთვის? თქვენ თქვით, რომ მას აქვს შიშები, შესაბამისად, ხომ არ ელოდებით ციხის კადრების მსგავს სიურპრიზებს, პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად?

აქამდე მას ბიზნესინტერესები საქართველოში არ ეტყობოდა. აქამდე ის ფულს შოულობდა სხვაგან და ხარჯავდა საქართველოში. ახლა აქვს თუ არა საქართველოში მას რაიმე ბიზნესინტერესი, ამის თაობაზე ვერ გეტყვით. თუმცა ის, რომ პატარა ეკონომიკის ქვეყანაში არც თუ სასარგებლო და გაუგებარ „პანორამაში“, რომელშიც 600 თუ კიდევ მეტი მილიონი უნდა დაიხარჯოს… ასეთ დიდ ბიზნესპროექტებში ეკონომიკური ინტერესები რომ გამოამჟღავნა, შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ არის არა იმდენად ფინანსური მოგებისთვის [შეიძლება სხვაგან ამხელა ინვესტიციით მეტი დივიდენდი მიეღო]… მაგრამ თუ ის იქნება მონოპოლისტი დამსაქმებელი, ბუნებრივია, მას ექნება გავლენა პოლიტიკურ პროცესზეც. ამიტომ ვამბობთ ჩვენ – გავთავისუფლდეთ მონოპოლიებისგან პოლიტიკაში, ეკონომიკაში და მედიაში.

ამხელა ფულადი რესურსის დახარჯვა სჭირდება ძალაუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის. მე ვფიქრობ, მისი მთავარი პრობლემაა ფიქრი საკუთარ უსაფრთხოებაზე.

რატომ აქვს მას ეს შიშები, თქვენი აზრით?

ეს ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. რატომ ჰქონდა ასლან აბაშიძეს შიში, რატომ ჰქონდა მიხეილ სააკშვილს შიში? იმათგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილი პიროვნულად ვერ ვიტყვი, რომ მშიშარა კაცია. პირიქით, პიროვნულად არანაირად არ არის მშიშარა. მაგრამ ორი რამ არის მისთვის პოლიტიკაში დაღდასმული. მას სააკაშვილის აჩრდილი დასდევს. მეორე, მან შიდა კოალიციაში  ყველაზე ახლო პარტნიორად დაინახა „რესპუბლიკური პარტია“ და ყველაზე ახლო პერსონალურ პარტნიორად დათო უსუფაშვილი, რომელიც  ვერ აქცია მის ვეზირად. ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც ასლან აბაშიძეს, ისევე როგორც მიხეილს სააკაშვილს, არ შეუძლია პარტნიორობა. მას შეუძლია მხოლოდ პატრონობა. მას აქვს პრეტენზია, რომ არის კეთილი და მკაცრი პატრონი. „რესპუბლიკელები“ ვერასოდეს შევეგუებით, რომ ვინმე იყოს ჩვენი პატრონი, ჩვენ მზად ვიყავით პარტნიორობისთვის.

არავინ, ჩვენ გარდა, კოალიციაში მას მკვეთრად არც პირველ ოქტომბრამდე და არც მერე არ დაპირისპირებია. ის, რაც ახლა გარეთ გამოიტანა ივანიშვილმა და თქვა, რომ „რესპუბლიკელებისთვის“ სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება „რესპუბლიკური პარტია“ და მთავრდება იქ, სადაც მთავრდება „რესპუბლიკური პარტიაო“, ამგვარი რამ მან 2012 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვა პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე. მე და ბიძინა გვერდიგვერდ ვისხედით ხოლმე პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ძალიან მკაცრად ვუპასუხე, რომ ასეთი შეფასება არავისგან, არც პიროვნულად არც პარტიულად არ მიმიღია, არ ამიტანია,  არ მივიღებ, არ ავიტან და თუ გინდა ეს კარგად აგიხსნა, აგერ არის შენი კაბინეტი და შევიდეთ-მეთქი. მე სიტყვა სიტყვით ამის ციტირებას ვახდენ. მან მოთოკა თავი, თქვა, რომ მე ახლა გავალ და 20 წუთში დავბრუნდებიო. საათნახევარში დაბრუნდა და ამ თემას არ შეხებია, რაღაც კითხვა დასვა საჩემო, მე გავეცი პასუხი. თქვა, რომ დათო მართალიაო და დამთავრდა ეს შეხვედრა.

რამდენიმე ასეთი დაძაბულობა ჩვენს ურთიერთობებში ყოფილა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მაინც ჩათვალა, რომ რაკი დათო უსუფაშვილი უფრო მომწესრიგებელ-მომრიგებელია, დათომ ბევრი ხანძარი ჩააქრო ამ წლების განმავლობაში [მე უფრო მკვეთრი ვარ პოზიციების გამოხატვაში], უკადრებელი აკადრა საკუთარ თავს, როცა უთხრა, რომ შენი პარტია დატოვე, წამოდი ჩემს პარტიაში და შეინარჩუნე მაღალი თანამდებობაო. ამით ბიძინა ივანიშვილმა გაამხილა, რომ მას ელემენტარული ქცევის წესები არ უსწავლია. არ შეიძლება არჩევნების წინ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის სიის პირველ ნომერს უთხრა, რომ მიატოვე შენი პარტია და ჩემთან წამოდი, შენი კეთილდღეობა ჩემთან იყოს, მე შენი პატრონი ვიქნებიო. მაგრამ მას 100-დან 99 შემთხვევაში ეს გაუვიდა.

ბიძინა ივანიშვილის ხაზი როგორია: სასამართლო ხელისუფლებაში სააკაშვილის დანიშნული და ერთგული ყმა მოსამართლეები მურუსიძის სახით გადმოიბირა და საკუთარი ხელისუფლების ყმა მოსამართლეებად აქცია. მას აქვს პატრონ-ყმური დამოკიდებულება და უთხრა კოლექტიურ მურუსიძეს – შენი პატრონი იყო სააკაშვილი, შენი პატრონი ახლა ვარ მე. თუ შენ კადრულობდი სააკაშვილის ყმობას, მაშინ აიტანე ჩემი ყმობაც და მურუსიძემ იკადრა და აიტანა ყმობა. პოლიტიკაში 12 კაცი რომ გადმოვიდა კოალიციის მხარეს, ჩვენ ამის წინაარმდეგი ვიყავით. „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ არ იშლებოდა უმრავლესობა, ზუსტად 76 რჩებოდა „რესპუბლიკელების“ ჩათვლით, მაგრამ არ გვენდნენ, ამიტომ დაიმატეს ის 12 ყოფილი „ნაციონალი“, ყოფილი შევარდნაძისტი.

ივანიშვილს მადლობა 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის ძალიან სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანი, არჩევნების გზით დაძლევაში მიღებული განსაკუთრებული როლისთვის. ისევე როგორც საკაშვილმა მშვიდობანად შევარდნაძის და განსაკუთრებით აბაშიძის გასტუმრება შეძლო ჩემს ხარჯზე, რესპუბლიკელების, აჭარაში მცხოვრები ადამიანების განსაკუთრებულ აქტურობის ხარჯზე, მაგრამ პრეზიდენტი ის იყო. მე არასოდეს დავუკარგავ სააკაშვილს ამ დამსახურებას, რომ მშვიდობიანად მოწესრიგდა ეს, მაგრამ მერე ბევრი ცუდი გააკეთა. ივანიშვილმაც 2012 წელს მარვალპარტიული პოლუსი დაუპირისპირა სააკაშვილის ერთპარტიულ პოლუსს. ამას 2016 წელს უნდა მოყოლოდა მრავალპარტიულობა, მაგრამ არა – ერთპარტიულობა მინდაო.

შესაბამისად, 8 ოქტომბერს არჩევნებზე რამდენჯერაც მეტ ხმასაც ავიღებთ, მით მეტად გამოჩნდება სრული გაკოტრება ივანიშვილის ანალიტიკური მცდელობების. ჩამოლაბორანტდა ივანიშვილი სააკაშვილამდე და გახდა 2012 წლის სააკაშვილის კლონი.

არჩევნების შედეგების მიუხედავად, ვინ რა კვოტით შევა საკანონმდებლო ორგანოებში, პრორუსული და პროევროპული პარტიების მანდატები როგორ გადანაწილდება, რა იქნება საქართველოს შემდეგი ოთხი წლის გამოწვევა?

საუკეთესო შედეგი იქნება იმ შემთხვაში, თუ გამოკვეთილი უმრავლესობა ჯამურად ექნება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს, რომლებიც არიან პროდასავლელები. „ქართულ ოცნებაში“ არიან პროდასავლელები, პროსაბჭოელებიც და არიან მედროვეებიც. „რესპუბლიკელები“ ვართ პროდასავლელები, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ასევე. „რესპუბლიკელებს“ გვინდა დემოკრატიული მოდერნიზაცია, „ნაციონალებს“ აქამდე ჰქონდათ მოდერნიზაცია დემოკრატიის გარეშე. „ნაციონალების“ მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი არის ქვეყნის გარეთ, ძებნილ სააკაშვილზე.

მე დარწმუნებული ვარ, ვექტორი ვერ შეიცვლება. 2008 წლის პლებისციტის შედეგები, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო, არ გადახედილა, არც ერთი კვლევა ამას არ ადასტურებს. ამის გასაძლიერებლად შემოვიტანეთ „რესპუბლიკელებმა“ ახალი იდეა – ამერიკული ბაზა საქართველოში. ამერიკული უსაფრთხოება, ევროპის კეთილდღეობა – ეს არის ჩვენი ამოცანა. ყველა ქვეყანა, სადაც არის ამერიკის ბაზა, დაცულია. მილიონახევრიანი ესტონეთი ყოჩაღად იმიტომ არის, რომ ამერიკელებითაა დაცულია. რისკები კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ფაქტორის გამო, თურქეთში მომხდარი ვერშემდაგრი პუტჩის გამო, რომელიც ერდოღანის ხელისუფლებამ ძალიან მძიმე რესპრესიებისთვის გამოიყენა და გართულებულია ვითარება. ასეთ დროს მეტი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ – ერთი მხრივ, სტრატეგიული პარტნიორია თურქეთი, მეორე მხრივ – ყოფილი მეტროპოლიაა. ისევე როგორც რუსეთში – თურქეთშიც არიან ისეთი თავები, რომელთაც მე-16 საუკუნის ოსმალეთის იმპერია უყვართ. ჩვენი ტელეარხები კი  მეტროპოლიის სიძლიერის ამსახველ პოპულარულ სერიალებს  აჩვენება.

„რესპუბლიკელები“ ერთი მხრივ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია და არ შეიძლება მტრის ხატის შექმნა. არ შეიძლება ქვეყანა, რომელთანაც გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოაცხადო ოკუპანტად. ეს უცოდინარობაა. საფრანგეთი და გერმანია რამდენჯერ არიან ერთმანეთის ოკუპანტები, ხომ?! თურქეთის ოკუპანტად გამოცხადება ეს არის არასწორი გზა. მომავლისთვის სახიფათოა, რომ თარხან-მოურავი კენჭს იყრის აჭარის უმაღლეს საბჭოში და არა პარლამენტში. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნის გარეთ დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტითურქული, ანტიმუსლიმური აქტიურობა, ეს იყოს მათი უშუალო გადაწყვეტილება მხოლოდ. მე არ განვიხილავ მათ, როგორც ქართულ პარტიას, მათი გადაწყვეტილების მიღების ცენტრი, არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მათ პარტიულ ოფისშია. როგორც ჩანს, ერთი ნაწილი გადაწყვეტილების მიღებისა თანხმდება ქართულ სუს-თან და ივანიშვილთან, შესაძლოა ივანიშვილიც კი არ იყოს საქმის კურსში ან იყოს და თვლიდეს, რომ ეს სჭირდება თავის პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე და მეორე ნაწილი გადაწყვეტილების იყოს ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთი სახიფათო გადახრა.

მეორე ტიპის გადახრა – ეს არის ლევან ვარშალომიძის გადახრა, რომელმაც თურქეთის მთავარ გაზეთ „ჰურიეთში“ თქვა [არ უარყო] – „ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში“. ნური ძნელაძე, ჩვენი კანდიდატი ბათუმში არის თურქოლოგი, კარგად ფლობს თურქულს. სპეციალურად წაიკითხა ეს სტატია და თქვა, რომ კი, ასე წერია. ეს მეორე გადახრა – არც ქართველების ნიველირება და თურქებში ათქვეფა, რითაც კოჭი გაუგორა ლევან ვარშალომიძემ მთავარ თურქულ გაზეთს, არ არის ქართული პოლიტიკა და არც თურქებისგან მტრის ხატის შექმნა.

რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობები და ის სისულელეები სტატისტიკაზე, რომ თითქოს 25 თუ 40 ათასია თურქია ბათუმში მოქალაქეობის მქონე, სახიფათოა. თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ჯამში 5802-ია მთელ საქართველოში თურქეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა.

რუსეთის რბილი ძალა არც ისე რბილია. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიაში ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე გაჩნდა ანტიდასავლური პრორუსული ძალები. იგორ გიორგაძის და კომპარტიის ბუტაფორიები არ ითვლება, იმათ შედეგი არ ჰქონდათ. პირველად საქართველოს პარლამენტში, როგორც ჩანს შევა ხალხი, რომელთა ერთი ნაწილი იძახის – „უბლოკო სტატუსი“. ანუ ცხინვალსა და აფხაზეთში დგანან რუსები, ჩვენ კი ნატოს უნდა ვუთხრათ, რომ თქვენთან აღარ გვინდა… რუსები ისევ აქ იქნებიან და ამის მერე ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას, იქნებ კეთილი ინებონ და წავიდნენ, ანუ საქართველოში იდგეს რუსის ჯარი, მაგრამ ჩვენ არ ვიყოთ ფორმალურად რუსეთის სამხედრო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში. ეს არის ბურჯანაძის ხაზი.

ანუ შემდეგი ოთხი წელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლები იქნება?

არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა იქნება გამოკვეთილი პროდასაველი პოლიტიკის მომხრე ხალხი, მაგრამ უკვე პირველად ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში გვეყოლება ფრაქცია ან ფრაქციები, რომლებიც  იქნებიან რუსული ბაცილა, ანტიევროპული, ანტიამერიკული, ანტიდასავლური ბაცილა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის  პირადი და პოლიტიკური შეცდომა, რომელიც დადგა მისი არაკვალიფიციურობის გამო, „ასავალ-დასავალთან“ ფლირტის გამო, „პატრიოტთა ალიანსთან“ დაახლოების გამო და ასე შემდეგ.

მე არ ვიცი რამდენად დამსდევს ბიძინა ივანიშვილი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობაც კი არ ემეტება ჩემთვის და ამიტომ არის თარხან-მოურავი ჩვენ წინააღმდეგ გამოშვებული თუ… მაგრამ ეს უფრო ქვეყნის გარეთ მიღებული გადაწყვეტილება მგონია, რომ აჭარაში თარხან-მოურავმა, „პატრიოტთა ალიანსმა“ რაღაცების არევა დააპიროს. თუმცა ის ვერაფერს შეძლებს.

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“.

„მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ზაფხულში აუქციონზე 3 მილიონ ლარად ორჯერ გაიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მხოლოდ „მზიურის“ ტერიტორია იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ქონება არ გაიყიდა, თუმცა, ინვესტორისთვის გაცილებით უკეთესი პირობებით, აჭარის მთავრობამ „მზიურის“ ტერიტორია „მახინჯაურთან“ ერთად, კერძო კომპანიას მიყიდა.

მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 33 530 კვ/მ და 2255 კვ/მ შენობა-ნაგებობა,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის  ბრძანებების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად, პირობებით, 16 სექტემბერს გაიყიდა.

„სურვილი გვაქვს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევქმნათ სამკურნალო მინერალური წყლითა და თანამედროვე კეთილმოწყობილი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრით აღჭურვილი დასასვენებელი ცენტრი და სარეაბილიტაციო დაწესებულება…“ – აღნიშნულია გოჩა ჯაიანის წერილში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 24 აგვისტოს შევიდა.

გოჩა ჯაიანი შპს „სტატოტელის“ დირექტორია, ის ზემოაღნიშნული წერილით „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ პირდაპირი მიყიდვის წესით შესყიდვას ითხოვდა სამინისტროსგან. წერილის მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე სასტუმრო, ხოლო „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო დაწესებულება განთავსდება.

„აჭარაში დავათვალიერეთ ადგილი, მოგვეწონა და მივმართეთ წერილით აჭარის მთავრობას, შევთავაზეთ ჩვენი პირობები, რითაც შევიძენდით ამ მიწის ნაკვეთებს. აუქციონის შესახებ არაფერი ვიცოდით, ჩვენ, უბრალოდ, ვეძებდით მიწას აჭარაში,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში გოჩა ჯაიანმა და დასძინა, რომ მანამდე კომუნიკაცია აჭარის მთავრობასთან არ ჰქონიათ.

აჭარის მთავრობამ ქონება ზუსტად იმ პირობებით გაასხვისა „სტატოტელზე“, რა პირობებიც კომპანიის დირექტორის წერილშია შეთავაზებული. „სტატოტელთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 16 სექტემბერს გაფორმდა.

პანსიონატი „მზიური“
ყოფილი პანსიონატი „მზიურის“ ტერიტორია

ხელშეკრულების მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე [„გოგირდის აბანოები“] ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შევიდეს. მესაკუთრემ უნდა დაასაქმოს 120 მოქალაქე და ობიექტებს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კომპანიამ 3370 კვ/მ-ზე, 42 თვეში, უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც. ამ ყველაფერში კი „სტატოტელმა“ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომპანიას ასევე შეუძლია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით გაასხვისოს ქონება, რაზედაც სამინისტრო უარს ვერ ეტყვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ყაზახეთში ყოფილი ელჩის, ზურაბ პატარაძის ერთ-ერთი დაპირება ყაზახური ინვესტიციების მოზიდვა იყო: „ჩვენ გვაქვს ყაზახური ინვესტიციები რეგიონში და ველოდებით კიდევ დამატებით ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს და მალე გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია“.

უკავშირდება თუ არა „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ გასხვისება „ახალ ყაზახურ ინვესტიციებს“?

გოჩა ჯაიანის თქმით, „სტატოტელის“ მფლობელი კომპანია არის „კაპიტალ ჰოლდინგი“, რომლის დამფუძნებელიც არის ყაზახეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი, რომელიც იქ ცხოვრობს წლებია. ამდენად, ძირითადად, იქნება ყაზახური ინვესტიცია. ჰოლდინგში არის კომპანიები, რომლებიც მშენებლობით არიან დაკავებული და ვაშენებთ სახლებს თბილისში, სასტუმროს ქუთაისში…“

რაც შეეხება „ჰოლდინგის“ მესაკუთრესა და ზურაბ პატარაძეს შორის ურთიერთობას, გოჩა ჯაიანი ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვს: „ელჩი იყო ყაზახეთში და ალბათ ქართველებთან ჰქონდა ურთიერთობა, ელჩის  ერთ-ერთი მოვალეობაც ეს არის, სხვა ვერაფერს გეტყვით…“

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, შპს „სტატოტელი“ 2013 წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი შპს „კაპიტოლ ჰოლდინგი“ კი, 4 დღით ადრე, 2013 წლის 12 დეკემბერსაა დარეგისტრირებული [ორივე თბილისში]. შპს „კაპიტოლ ჰოლდინგის“ მესაკუთრე, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ყაზახეთის მოქალაქე ვერა ჯახუტაშვილია. კომპანიის მესაკუთრე ადრე ასევე ყაზახეთის მოქალაქე შალვა ჯახუტაშვილი იყო. „კაპიტოლ ჰოლდინგის“ დირექტორია გიორგი ჯახუტაშვილი, საქართველოს მოქალაქე.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, გიორგი ჯახუტაშვილი შპს „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიისა“ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორია.

გასულ წელს საპარტნიორო ფონდმა ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება დაიწყო. სასტუმრო ქუთაისში შენდება, საპარტნიორო ფონდის პარტნიორი კი ამ პროექტში „კაპიტოლ ჰოლდინგია.“

იქნება თუ არა საპარტნიორო ფონდი „სტატოტელის“ პარტნიორი „მახინჯაურის პროექტში“? გოჩა ჯაიანი აცხადებს, რომ ფონდთან დაკავშირება არ არის გამორიცხული: „ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს საპარტნიორო ფონდთან და ვეცდებით, რომ დავაინტერესოთ და ჩვენი პარტნიორი გახდეს ამ პროექტში. სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ 6 თვის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ, თუ რამდენად რენტაბელური იქნება, რა იქნება, რას გავაკეთებთ… ჯერ ჩვენგან არის შეთავაზება და მონახაზი. საბოლოოდ ჩვენც არ ვართ ჩამოყალიბებული. საპარტნიორო ფონდთან თუ მიხვალ, პროექტი უნდა გქონდეს მზად და შესთავაზო თანამშრომლობა. ამ ეტაპზე, ასე უცებ მისვლა, არასერიოზულია“.

მახინჯაურში დაგეგმილი პროექტი „კაპიტოლ ჰოლდინგისთვის“ პირველი იქნება აჭარაში. გოჩა ჯაიანის თქმით, სასტუმროს აშენება უშუალოდ ზღვის სანაპიროსთანაც სურთ: „გვინდა, მაგრამ ვერ შევარჩიეთ ვერაფერი… ბათუმში აღარც არის ადგილი და გონიოსკენ გვაქვს გეგმაში, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია“.

P.S. სტატია „ბათუმელებში“ დაიბეჭდა 3 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, საკუთარი შვილობილი ფონდის “საქართველოს ტურიზმის განავითარების ფონდის” პრეზენტაცია გამართა. ტურიზმის განვითარების ფონდმა 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს, მათ შორის ერთი აჭარაში:

  • მწავნე კონცხის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სპა კომპლექსი 5*
    ჯამური ინვესტიცია: 110$ მლნ.
    დასრულება: 2019

ხორციელდება თუ არა ეს პროექტი იმ ტერიტორიებზე [ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“] რომლებიც „სტატოტელს“ მიყიდეს? – ამ კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა პროექტებზე და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ პროექტთან დაკავშირებით სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

„ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ცოტა ხნით ადრე იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალიც გამოითხოვა, რომელთა განხორციელება სამომავლოდ იგეგმება აჭარაში. სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაში „სტატოტელის“ პროექტზეც არაფერი იყო ნათქვამი.

ამავე თემაზე:

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოსამართლეთა ნაწილმა დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე კანდიდატურები არ დასახელებულა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ შემადგენლობას თავმჯდომარის კანდიდატურის დასასახელებლად ორკვირიანი ვადა აქვს, ასარჩევად – ერთი თვე.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტმა შეარჩია, ხოლო თემურ ტუღუში – უზენაესმა სასამართლომ. კიდევ ერთი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა შეარჩიოს.

30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდა, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარე – გიორგი პაპუაშვილს.

თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების ორკესტრი ბათუმში დაუკრავს

ხვალ,  7 ოქტომბერს, თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების გერთიანებული ორკესტრი 18:00 საათზე, ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში კონცერტს გამართავს.

პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დვორჟაკის სიმფონია N9, ვ. აზარაშვილის ნოქტიურნი, ტელემანის – კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისთვის, კინომუსიკა და ქართული, გერმანული და აფრიკული ფოლკლორი. ორკესტრის დირიჟორები არიან ჰუბერტ პეჰი და ირაკლი შერმაზანაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით,  თბილისისა და საარბრიუკენის თავისუფალი ვალდორფის სკოლები 20 წელია მეგობრობენ. „გერმანელი და ქართველი ახალგაზრდები მონაცვლეობით მართავენ ერთობლივ კონცერტებს თბილისში, ბათუმსა და საარბრიუკენში. უკვე ტრადიციად ქცეული ვიზიტები დატვირთულია კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით. ამგვარი ურთიერთობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.“

ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


დასწრება თავისუფალია.

თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების გაერთიანებული ორკესტრი
თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების გაერთიანებული ორკესტრი

ბათუმის მერია სათვალთვალო კამერების შესყიდვას გეგმავს

ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობების ვიდეოკონტროლზე ასაყვანად სათვალთავალო კამერების შეძენას გეგმავს. შესყიდვების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი ვიდეოკამერების სერვერების დაზიანებული გენერატორის დენისა და ძაბვის რეგულატორის, ასევე ავტომატური გადამრთველი პანელის შეძენა-მონტაჟის შესყიდვაზეც გამოაცხადა. ორივე შესყიდვისთვის მერიამ ჯამში 14 608 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ვიდეოსათვალთვალო კამერები უნდა იყოს თავსებადი არსებული ვიდოედაკვირვების ინფრასტრუქტურასთან; მერიას ცხრა შიდა კამერა და სამი გარე კამერა სჭირდება.

გიორგი ყენიას ინფორმაციით, რომელიც მერიაში ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია, მერიის ადმინისტრაციულ შენობებში ერთი თვის წინ სათვალთვალო კამერები „ძლიერი ელვის გამო“ გადაიწვა და არ მუშაობდა.

ბათუმის მერიამ 215 ვიდეოთვალში ორი წლის წინ 1 მილიონამდე ლარი გადაიხადა. რაში იყენებდა ბათუმის მერია ამ ვიდეოსათვალთვალო კამერებს? – ამ შეკითხვაზე პასუხი არც მერიაში ჰქონდათ და არც საკრებულოში, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს.

„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს

ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ხულო-შუახევი-ქედის [მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით] 73-ე მაჟორიტარულ ოლქში. ის აქამდეც იყო ორი მოწვევის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ორივეჯერ დეპუტატად არჩეული იქნა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარი. თუმცა, ბოლო მოწვევის პარლამენტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

ბატონო ანზორ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ახლანდელმა მმართველმა პარტიამაც თქვენზე შეაჩერა არჩევანი?

ყოველთვის მქონდა ურთიერთობა ამომრჩევლებთან, მოსახლეობასთან, მე არასდროს გამირჩევია ადამიანები იმის მიხედვით, ვინ მომცა ხმა და ვინ არა. ეს განაპირობა გამოკითხვებმა. „მთის კანონმა“, რომელიც მოქმედებს და რომლითაც თითქმის ერთი ტომარა ფქვილი ყველა ოჯახში შევიდა, ყველა ოჯახმა მიიღო სარგებელი… რომ ჩამოვთვალო რა გავაკეთე, ამას დიდი დრო დასჭირდება. ყოველთვის ვცდილობდი კეთილი საქმე მეკეთებინა მოსახლეობისთვის.

შეიძლება ბევრს არ ვუნდოდი დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ ეს მოსახლეობამ, ხალხმა და საზოგადოებამ გადაწყვიტა, ხალხს კი წინ ვერავინ დაუდგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევებში თქვენ პასიურ დეპუტატად დასახელდით. ამავე ორგანიზაციის თანახმად, 2014  წელს პარლამენტში არც ერთი ინიცირება არ გქონიათ. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, გამარჯვების შანსი რამდენად გაქვთ?

ცხრაში მოგიყვებით დაწვრილებით ყველაფერს.

მაჟორიტარ კანდიდატად თქვენ დასახელებას უკმაყოფილება საკუთარ გუნდშიც მოჰყვა. მეტიც, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ საჯაროდ  გააპროტესტა – „მედროვე ფეოდალი“ გიწოდათ და მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ  მოუწოდა.  ჯამბულ ხოზრევანიძის ამ განცხადებას როგორ აფასებთ და რას ფიქრობთ, რატომ არ გყავთ მომხრეები საკუთარ გუნდში? 

ვის რა აქვს გულში ვერ გაიგებ, მაგრამ 9 რიცხვში გამოჩნდება ხალხის გადაწყვეტილება.

თქვენ ორი მოწვევის პარლამენტარი ხართ, ორივეჯერ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდით, პოლიტიკური არჩევანი კი მას შემდეგ შეცვალეთ, რაც უმრავლესობაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

გადაწყვეტილება უცებ არ მიმიღია, ექვსი თვის შემდეგ გადავედი, როგორც მნახეს, ისე დამკარგეს.

ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგკარგათ? „დაკარგვის“ მიზეზი რა იყო?

შენს მოსახლეობას პატივი უნდა სცე, ყველაფერზე ადამიანს არ უნდა დაჭერა, პასუხისმგებლობაში მიცემა, არ უნდა სხვა თემებიც. საერთო ენა უნდა გქონდეს გამონახული მოსახლეობასთან. იყო რაღაც პრინციპები, ეს ჩემი თემაა და ყველაფერი არაა საერთო, რომ ყველამ იცოდეს. რაც იყო საჭირო ჩემი მოსახლეობისთვის ისე გავაკეთე, მე მოსახლეობამ ამირჩია დეპუტატად და არა „ნაციონალებმა“.

რომ დარჩენილიყავით „ნაციონალურ მოძრაობაში“, მუშაობაში ხელი შეგეშლებოდათ?

სად ვყოფილიყავი, დავმალულიყავი და საქმე არ მეკეთებინა? ეკეთებინათ საქმე, საჭე ხელში ჰქონდათ, ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდათ, ყველაფერზე არ უნდოდა ციხე, შეშინება… პოლიტიკა…

თუ ასეთი პოლიტიკა იყო, მანამდე რატომ არ შეიცვალეთ პოლიტიკური არჩევანი?

რა იცით არ შევცვალე? ჩვენში იყო ეს თემები და ვერ ვთანხმდებოდით რაღაც თემებზე და ვერც ვერაფერს ვაკეთებდი.

შეხვედრებზე მოსახლეობა გახსენებთ იმას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომ იყავით?

არაფერი ასეთი არ ყოფილა, პირიქით – ამბობენ, დროზე უშველეთ თავსო.

აქვე მინდა გკითხოთ, ბოლო დროს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც თქვენი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის შეხვედრაა. ამ კადრების გავრცელებამ ხომ არ დაგაზარალათ?

პირიქით, ქულები წამომიწია.

რატომ ინერვიულეთ, რამ აგაღელვათ მასთან შეხვედრის დროს?

მე არ ავღელვებულვარ, მოსახლეობას მთა ზორტიყელში ვხდებოდი, როდესაც წრე შემომარტყეს, მკითხეს რას შვრები, როგორ ხარო. ვუთხარი. სახალხო დღესასწაულს ვულოცავდი მოსახლეობას და პოლიტიკური თემების განხილვა არ ხდებოდა. ჩემგან მათ მიმართ სხვა პასუხი არ ყოფილა.

თანაგუნდელებმა ხომ არ გისაყვედურეს?

რატომ უნდა ესაყვედურათ? შეიძლება მტერიც დაგესხას თავს. მათ ეგონათ მე რაიმეს დავიწყებდი, პოლიტიკოსმა ყველაფერს უნდა გაუძლოს და თავიც შეიკავოს.

ანუ ფიქრობთ, რომ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო?

რა თქმა უნდა.

რის მოგვარებას ჰპირდებით მოსახლეობას თუ გაიმარჯვებთ ამ არჩევნებში?

მთაში, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, ტურიზმი, სოფელს წყალი, გზა უნდა ჰქონდეს, უნდა გაკეთდეს სასაკლაოები და მოხდეს ხორცის დაფასოება. უნდა განვითარდეს კურორტები.

ვიმუშავებ თვითმართველობის კანონზე. დღეს, როდესაც სოფლებში მოსახლეობს ვხდები,  სოფლები, ძირითადად, ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. სოფელში ხელმძღვანელი ავტორიტეტი უნდა იყოს, ხალხი უნდა ირჩევდეს და არა გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე.

ვიმუშავებ სარწყავი სისტემების აღდგენაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხულო-ადიგენის გზის მშენებლობის საკითხზე ვიმუშავებ.

კი არის დაფინანსებული, მაგრამ სამუშაოებს შესრულება უნდა. დაფინანსება ერთია, საქმის გაკეთება მეორე.

თქვენ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაზე საუბრობთ, რაც თვითმართველობის პრეროგატივაა. საკანონმდებლო ორგანოდან ამის განხორციელებას როგორ შეძლებთ?

თუ საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტი არ მიღო, არ დაამტკიცა და თვითმართველობას არ მისცა, არაფერი არ გაკეთდება.

რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდით ამომრჩეველს 2012 წელს?

ნაწილობრივ იგივეს, ინფრასტრუქტურას და გავაკეთე, გოდერძის უღელტეხილზე სათხილამურო ბაზის ამოქმედებას და ამოქმედებულია. ვპირდებოდი სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესდებოდა და გაუმჯობესდა.

დეპუტატი ვარ და ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი გამგეობასა თუ საკრებულოში არსად არ მუშაობს.

რის გაკეთება ვერ მოასწარით რვა წლის განმავლობაში?

ასი წლის განმავლობაში შეიძლება ვერ მოასწრო ყველაფრის გაკეთება. ეს მუნიციპალიტეტია, მთაა და ყოველთვის გასაკეთბელია რაღაც, ყველაფრის გაკეთებას ადამიანი ვერ ასწრებს.

მაშინ კითხვას ასე დავსვამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა ვერ გააკეთეთ?

ეს არის სოფლისთვის გზა, ხიდი, წყალი, ინფრასტრუქტურა…

საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრით, დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ეკომიგრანტების საკითხი. რა გააკეთეთ ეკომიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად ორი მოწვევის პარლამენტში?

ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 160-მდე საცხოვრებელი სახლი ეკომიგრანტ ოჯახებს გადაეცა, რაც  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მოლაპარაკების გზით განვახორციელე. ბევრს სახლის შესყიდვაში დავეხმარე, მერე დავიწყე სახლების გადაფორმებაზე მუშაობა, რაც შემეძლო ვეხმარებოდი ჩემი მეგობრების დახმარებით, წიგნებს, პროდუქტს ვუგზავნიდი, ქველმოქმედებას ისე ვაკეთებდით, რომ არ გაგვიპიარებია.

ე.წ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაღალმთიანი აჭარიდაანაა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას?

როდესაც ერთი მივიდა, მეორემ დაინახა და ისიც მივიდა… მოიმატა ოდენობა. შეიძლებოდა თავის დროზე კონტროლზე აყვანილიყო ეს „ოცნების ქალაქი“, სადაც არც წყალია, არც შუქი, კანალიზაცია და ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, ეს სიტუაცია არ შექმნილიყო.

რატომ წაიყვანეს ბათუმიდან მუშები ხულოში პატარაძესთან შესახვედრად

გასულ შაბათს, 24 სექტემბერს [ერთი დღით], სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფმა“ კურორტ გოდერძზე მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დასაქმებულთა რაოდენობა ბათუმში, მისსავე მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ხარჯზე გაზარდა. ასე საგანგებოდ კომპანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შესახვედრად გაისარჯა.  „ბათუმიდან გოდერძზე ორი „მარშრუტკა“ მუშების აყვანის“ შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ალიანს ჯგუფში“ სამშენებლო ობიექტზე მუშების ხელოვნურად გაორმაგების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„პატარაძის ვიზიტის დღეს ორი „მარშრუტკა“ მუშები ამოიყვანეს. არ უმუშავიათ, მხოლოდ საჩვენებლად იყვნენ. ხუთ წუთში დამთავრდა ყველაფერი“, –  ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ზურაბ პატარაძისა და აჭარის მთავრობის სხვა წევრების კურორტზე სტუმრობას ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ზურაბ პატარაძემ „ხელი ჩამოართვა არ იმ მუშებს, ვინც რეალურად მუშაობენ ობიექტზე, არამედ მათ, ვინც საგანგებოდ მასთან შესახვედრად აიყვანეს ბათუმიდან“.

ამ ვიზიტის თაობაზე აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩანს, რომ ზურაბ პატარაძესა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს „ალიანს ჯგუფის“ მმართველმა გია ბიწაძემ უმასპინძლა. კადრებში ასევე ჩანს, მთავრობის თავმჯდომარე ხელის ჩამორთმევით რომ ესალმება რიგში მოწყობილ მუშებს, ხოლო მოშორებით ჩანან ის მუშები, ვისთანაც მთავრობის თავმჯომარე მისასალმებლად არ მისულა. ისინი თანამდებობის პირების სტუმრობისას უკან, შეხვედრის ფონზე აგრძელებდნენ მუშაობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველის, ბესო ლილუაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასაქმებულთა რაოდენობაზე ინფორმაცია ინვესტორისგან ჰქონდა. ამ ინფორმაციით ინვესტორს ადგილზე 50 პირი ჰყავს დასაქმებული, პროექტის დასრულების შემდეგ კი ასი პირი დასაქმება. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარს, იქ თავმჯდომარემ დასასაქმებელთა რაოდენობა იგულისხმა.

რაში დასჭირდა კომპანიას მუშების რაოდენობის გაზრდა იმ დღისთვის, თუ მშენებლობაზე მუშების საჭირო რაოდენობა ისედაც ჰყავს? – რესპონდენტმა, რომელიც „ალიანს ჯგუფს“ ჰყავს დაქირავებული გოდერძზე და რომელმაც გვთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ დაგვესახლებინა, ამ კითხვის პასუხად თქვა: „უფრო მეტი მყავს დასაქმებულიო, რომ ეჩვენებინა“.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს. „აქ ამ დროისთვის 100 ადგილობრივია დასაქმებული“, – გაიმეორა მთავრობის თავმჯდომარემაც აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში. თუმცა, სხვას ამბობენ მუშები [მათ „ბათუმელები“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაუკავშირდა] – ამ ეტაპზე მათთან მხოლოდ 35-მდე ადგილობრივი ყოფილა დასაქმებული და ერთმანეთს ყველა იცნობს. მუშებისვე ინფორმაციით, დაახლოებით ამდენივე „ყვითელკასკიანი მუშა“ აიყვანა კურორტ გოდერძზე კომპანიამ 24 სექტემბერს, ზურაბ პატარაძესთან შესახვედრად.

14469109_1115081418539570_340357605_n
ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ გია ბიწაძეს დაუკავშირდა. „არასწორი ინფორმაცია გაქვთ. იქ იყო იმ დღეს იმდენი მუშა და ის მუშები, ვინც იქ დასაქმებულია. იმ დღეს იქ კომპანიას სხვა მუშები არ აუყვანია“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

კურორტ გოდერძის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ პატარაძესთან ერთად იმ დღეს კურორტზე სამშენებლო სამუშაოების მოსანახულებლად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები – ხვიჩა შარაშიძე და ანზორ ბოლქვაძეც იმყოფებოდნენ.

მთავრობის ინფორმაციით, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას, რომელსაც კურორტ გოდერძზე „ალიანს ჯგუფი“აშენებს, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი „რამადა“ განახორციელებს. სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

„ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მეტრ ტერიტორიაზე შენდება და ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა. პროექტის ფარგლებში რეგიონში დაახლოებით 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო „ალიანს რეზორტის“ საძირკვლის მოწყობა – აქ პირველ სართულს აშენებენ.

ქართველი და უცხოელი პროფესორების ლექციები ბსუ-ში

დღეს 6 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი პროექტის – „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარების“ ფარგლებში, ქართველი და გერმანელი პროფესორების მონაწილეობით, მედიისა და  კულტურის  საკითხებზე სემინარები და დისკუსიები გაიმართება.

14:00 საათზე  უნივერსისტეტის 55-ე აუდიტორიაში,  თემაზე, – „ადამიანი და კულტურის სამყარო“, ლექციას წაიკითხავს მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუდვიგ ზიპი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე. თემაზე – „სამეცნიერო ტექნიკური მოდერნულობა და ფილოსოფიური ეთიკა“.

ლექციების ციკლი გაგრძელდება 7 ოქტომბერსაც. 11:00 საათზე, ამავე აუდიტორიაში გაიმართება პანელ-დისკუსია „რელიგია და კულტურის სამყარო“.  მომხსენებლები ილიას უნივერსიტეტის პროფესორები არიან.

მამუკა ბერიაშვილი ისაუბრებს თემაზე „კულტურული სამყაროს დაფუძნება რელიგიის მიერ“, გიორგი მაისურაძე , – „რას ნიშნავს კულტურული ნაცია?“, თათა ცოფურაშვილი, – „რეფორმაციის ისტორიული, კულტურული და ფილოსოფიური კონტექსტები“ და მარიამ ხაზარაძე ისაუბრებს თემაზე, – „კულტურული სამყაროს დაფუძნება კანტის „ადამინათა ისტორიის სავარაუდო დასაწყისის მიხედვით“.

რუსთაველის უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი  „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარება“ პრეზიდენტის ფონდის მიერაა დაფინანსებული და მიზნად ისახავს ბსუ-ში მედიისა და კულტურის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მომზადებას, შესაბამისი კურიკულუმების ჩამოყალიბება-განვითარებას,  მედიისა და კულტურის მეცნიერების საბაზისო ლიტერატურის, სახელმძღვანელოების, გზამკვლევის თარგმნასა  და სატელევიზიო სტუდიის ამოქმედებას.

„მიმართულების  ევროპული სტანდარტებით ჩამოყალიბებისათვის დაგეგმილია შესაბამის უცხოურ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე საზაფხულო სკოლების, სემინარებისა და ვორქშოფების ფარგლებში“.

პროექტი 2016 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მას ქართველი და უცხოელი პროფესორები განახორციელებენ.

ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ

ძვირფასო ამომრჩეველო!

ხვალ ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეა.

ეს დღე არსებითად განსაზღვრავს მთელი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის მომავალს!

განსაზღვრავს თითოეული თქვენგანის ბედს!

თქვენი ხმა გადაწყვეტს რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ და როგორ პირობებში უნდა იცხოვროს თქვენმა ოჯახმა!

მე ვიცი, რომ აჭარის მოსახლეობა გამოირჩევა განსაკუთრებული პატივითა და ღირსებით. ისინი იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს პირობებს, ხელისუფლების მკაფიო მხარდაჭერას და არა უყურადღებობას, კაბინეტებში დამალულ მთავრობას!

ჩვენ უნდა ვიაროთ წინ – უკეთესი მომავლისკენ!

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის!

ვიბრძვით იმისთვის, რომ ავამუშაოთ აჭარა!

ჩვენ გვაქვს ეკონომიკის გაძლიერების კონკრეტული გეგმა, უამრავი ინფრასტრუქტული და საინვესტიციო პროექტი, რომლებიც დაიწყება ჩვენს რეგიონში და მოიტანს ათასობით დამატებით სამუშაო ადგილს, გაზრდის ტურისტების რაოდენობას!

ჩვენ ვიცით განათლებული თაობის ფასი, სწორედ ამიტომ, ბათუმი გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის საუნივერსიტეტო ქალაქი. ჩვენ ვიცით გლეხის შრომის ფასი, ამიტომ გთავაზობთ სოფლის მეურნეობის და კონკრეტულად, ციტრუსის უალტერნატივო პროგრამას!

სოციალურად დაუცველთათვის ჩვენ გთავაზობთ პროგრამას, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს ყოველდღიურ გაჭირვებას!

,,სოციალური სახლების“ პროგრამა ნიშნავს, რომ გქონდეს საკუთარი ჭერი!

ყველა ამ დაპირების შესრულებით, თითოეული თქვენგანი იგრძნობს საკუთარი ოჯახების გაზრდილ და სტაბილურ შემოსავალს!

მე მჯერა თქვენი, მჯერა თქვენი გონიერების, რომ მხარს დაუჭერთ წინსვლას, განვითარებას და თქვენი შვილების ნათელ, წარმატებულ მომავალს!

მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ერთად დავასრულებთ 4-წლიან დაპაუზებას!

ერთად დავამარცხებთ უპატრონობის განცდას აჭარაში და ერთად გავიმარჯვებთ!

lv 300X250

უკანონოდ განთავსებული ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს

უკანონოდ განთავსებული საარჩევნო პლაკატების და ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს. ბათუმის მერიამ ამ კუთხით 27 სამართალდარღვევათა ოქმი 3 და 4 ოქტომბერს შეადგინა. მერიაში განმარტავენ, რომ ბანერების ჩამოხსნასა და საარჩევნო სუბიექტების დაჯარიმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.  საუბარია შემთხვევებზე, როცა საარჩევნო სააგიტაციო მასალები ბათუმის ისტორიულ უბნებში მდებარე შენობებზეა განთავსებული.

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ბანერების უკანონო განთავსებაზე სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირწმუნება:”მაქსიმუმ ხვალ სასამართლოში შევა ეს ოქმები, დრო სჭირდებოდა ამის მომზადებას”.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა შენობაზე ბანერების უკანონოდ განთავსების გამო 7 პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გააფორმა სამართალდარღვევის ოქმი. სამსახურის ინფორმაციით ეს პოლიტიკური სუბიექტები არიან: “ქართული ოცნება “, “რესპუბლიკური პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი”, “მურმან დუმბაძე – ემსახურე საქართველოს”, “თავისუფალი დემოკრატები”, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” და “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”.

თუკი სასამართლო მერიის მიერ დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებს დააფიქსირებს, პოლიტიკური პარტიები თითეული ოქმის შემთხვევაში, 50-50 ლარით დაჯარიმდებიან. ამ დროისთვის ყველაზე მეტი – 5 ოქმი “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” მიმართაა შედგენილი. 4 ოქმია შედგენილი – “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” . დანარჩენი სუბიექტების შემთხვევაში კი, სამ-სამი სამართალდარღევათა ოქმია გაფორმებული.

საიაში მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით დასახვეწია, რადგან ბანერების უკანონო განთავსებაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმები არ არსებობს: “წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრის აკრძალვის სპეციალურ ნორმას ხშირად არღვევენ პოლიტიკური სუბიქტები. რეაგირების პროცესი გაჭიანურებულია.  საჭიროა კონკრეტული მექანიზმის დახვეწა, რომელიც იქნება დროში შემჭიდროვებული იმისთვის, რომ ამან არ მიიღოს მასობრივი ხასიათი,” – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

რატომ არღვევენ კანონს წინასაარჩევნოდ პარტიები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვთ? – “ბათუმელები” რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელს ესაუბრა. დიმიტრი ჭეიშვილმა “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობიდან” გვითხრა, რომ მისთვის მერიას არ მიუწოდებია კონკრეტული ჩამონათვალი, სად არის გაკრული წინასაარჩევნო პლაკატი ან ბანერი უკანონოდ: “ხშირად ეს პლაკატები მიაქვთ ხოლმე მხარდამჭერებს და აკრავენ სხვადასხვა შენობაზე. როცა მიგვითითებენ კონკრეტულ ობიექტზე, მივალთ და ჩამოვხსნით. კონკრეტულად გავიგეთ, რომ არ შეიძლებოდა მემედ აბაშიძის ქუჩა 48-ზე ბანერის გაკვრა, მაგრამ ახლა სახლის მესაკუთრე, რომელიც ჩემი მეგობარია, სოფელშია წასული. როგორც კი დაბრუნდება, ჩამოხსნის”.

ბათუმის ისტორიულ უბანში, უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე – ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის გვერდით მდებარე სახლზე აქვს გამოკრული ბანერი “პატრიოტთა ალიანსს”. აქ გვითხრეს, რომ ეს სახლი მათი ინფორმაციით ძეგლი არ არის და აკრძალვა მთლიანად ძველ ბათუმზე არ ვრცელდება: “ჩვენი ინფორმაციით, აკრძალულია მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლზე ბანერების გაკვრა. იურისტს ვესაუბარე, ასე მითხრა და მე მას ვენდობი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არავითარი გაფრთხილება და შენიშვნა არ მოსულა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო”, – ამბობს მერაბ ბლადაძე, “პატრიოტთა ალიანსის” აჭარის საარჩევნო სიის მესამე ნომერი.

საარჩენო ბანერების უკანონო განთავსებაზე ამ დრომდე კომენტარი არ მოგვაწოდა პარტიამ “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ გაფრთხილება თითოეულ საარჩევნო სუბქტს ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს. “ესეც რომ არ მისვლოდათ, სექტემბერში გავუგზავნეთ თითოეულ პარტიას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, სადაც დეტალურადაა აღწერილი, სად შეიძლება საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება,” – გვითხრა თენგიზ მესხიძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბანერების განთავსება ბათუმის ისტორიულ ნაწილში მხოლოდ პარტიული ოფისების შენობებსა და სამშენებლო ღობეებზეა ნებადართული.

“აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს

ირაკლი ანთიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” მრჩეველთა საბჭოს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. იმის მიუხედავად, რომ მრჩეველთა საბჭოს, ანუ ბორდის სხდომები ღიაა, ირაკლი ანთიძეს მასზე დასწრების საშუალება არ ეძლევა. ირაკლი ანთიძე “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი თანამშრომელია. ტელევიზიაში ამბობენ, რომ მან რამდენჯერმე აგრესიული ფორმით შეუშალა ხელი ბორდის მუშაობას.

“დაახლოებით 14 სხდომაზე არ მომცეს დასწრების საშუალება. თავდაპირველად დაპირისპირება ბორდის თავმჯდომარესთან, ზაზა ხალვაშთან მქონდა. მისგან ვითხოვდი პასუხს, რატომ მოიპარა ტელევიზიის დირექტორმა სიუჟეტი ტელევიზიის საიტიდან და დარჩა ეს საკითხი პასუხგაუცემელი,” – ამბობს “ბათუმელებთან” ირაკლი ანთიძე. საუბარია 2015 წლის ივნისში მომზადებულ სიუჟეტზე, სადაც ასახული იყო აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ მოცეკვავეებისთვის ვარსკვლავის გახსნა თბილისის ტრაგედიიდან მესამე დღეს. ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტი “აჭარის ტელევიზიის” ოფიციალური ინტერნეტ გვერდიდან მოხსნეს. მაშინ ირაკლი ანთიძე ტელევიზიის დირექტორის, სოსო სტურუას გათავისუფლებას ითხოვდა.

ირაკლი ანთიძე ადასტურებს, რომ მან სოციალური ქსელ “ფეისბუკში” საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ხალვაში შეურაცხყო: “ეს იყო ჩემი პროტესტი, როცა გავიგე, რომ ხალვაშმა ისევ სტურუას დირექტორობას დაუჭირა მხარი. იქვე ზაზა ხალვაშმაც მომაყენა შეურაცხყოფა. შემდეგ სხდომაზე მოულოდნელად დაასრულა სხდომა და პროვოცირებას მიპირებდა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ვადასტურებ… ამის შემდეგ სხდომებზე საერთოდ აღარ მიშვებენ”.

ზაზა ხალვაშმა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი უკვე დატოვა. მის მოვალეობას ამჟამად ნატა იმედაიშვილი ასრულებს. მისი თქმით, ირაკლი ანთიძეს სხდომაზე დაუშვებლობით პრევენციას ახდენენ, რადგან მან რამდენჯერმე შეუშალა ხელი საბჭოს მუშაობაში და ბოლოს, ივლისში პოლიციის გამოძახებაც დარჩა საჭირო:

“ივლისში მან აგრესიულად მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზაზა ხალვაშს. მე უშუალოდ არ დამინახავს იმ დაძაბულობაში, დაარტყა თუ არა ხელი, მაგრამ იყო დაძაბულობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ანთიძე აღარ დავუშვათ სხდომებზე, რადგან ის მუშაობის საშუალებას სხდომას არ აძლევს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი სხვა პირისთვის არ შეგვიზღუდავს სხდომაზე დასწრება. ეს იმას აჩვენებს, რომ მოტივირებული ვართ ღიაობისკენ და მაქსიმალურად ვცდილობთ, საბჭოს სხდომების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყოს მაღალი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომებზე დასწრების წესს კანონი არეგულირებს. ზოგადი პრინციპის მიხედვით, სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

“რეგლამენტის მიხედვით, დამსწრე პირს ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მრჩეველთა საბჭოს დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში. ამ დროს საბჭოს წევრთა დამსწრეთა უმრავლესობა მსჯელობს, დაატოვებინონ თუ არა პირს სხდომა,” – ამბობს პაატა დიასამიძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი. კითხვაზე, სამართლიანია თუ არა სხდომაზე პირის წინასწარ დაუშვებლობა, თუკი მან რამდენჯერმე შეუშალა ხელი საბჭოს სხდომის ჩატარებაში, იურისტი ამბობს, რომ საკითხი სასამართლომ უნდა შეისწავლოს: “ზოგადად, სხდომა არის ღია და თითოეულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს საბჭომ, დატოვოს თუ არა სხდომა დამსწრეთაგან რომელიმემ. წინასწარ სხდომაზე დაუშვებლობის საკითხის კანონიერება სასამართლომ უნდა დაადგინოს,”.

ირაკლი ანთიძემ უკვე მიმართა წერილობით სახალხო დამცველის აპარატს. თვლის, რომ მის მიმართ “აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია. სახალხო დამცველი “აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს წევრების არგუმენტებს 11 ოქტომბერს მოისმენს.

Exit mobile version