მთავარი

6 მაისის პარკის ტბაში აერაციის სისტემა მონტაჟდება

07.10.2016
6 მაისის პარკის ტბაში აერაციის სისტემა მონტაჟდება

დღეს, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში აერაციის სისტემის მონტაჟი დაიწყო. ტბაში ჩამონტაჟებული აერაციის სისტემა ტბის წყალს ჟანგბადით გააჯერებს, ეს კი ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს შეაჩერებს.

აერაციის სისტემის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, რაც ზედაპირული აერაციის შადრევნის მოწყობას გულისხმობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 10 სიღრმისეული დანადგარის მონტაჟი, რაც 10 დღის განმავლობაში დასრულდება.

ტბაში ციანობაქტერიის დონე მიმდინარე წლის ივნისში გაიზარდა, რამაც ტბის ზედაპირზე ნადები წარმოქმნა. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა ციანობაქტერიების ტიპი. ჩატარდა ჰიდრობიოლოგიური და ჰიდროქიმიური ლაბორატორიული კვლევები. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე შემუშავდა ტბის პრობლემის მოგვარების რამდენიმეპუნქტიანი გეგმა, რომლითაც, პირველ რიგში, ტბაში სააერაციო სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო.

გარდა ამისა, ტბის გასუფთავების მიზნით, უნდა მოხდეს ტბის დათევზიანება სპეციალური ჯიშით, რომელიც წყალმცენარეებით იკვებება.

აერაციის სისტემა ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერით შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 292 ათას 400 ლარი გამოყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ვოთერ ლაითი“ ასრულებს.

ნურიგელის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6, 3 მ. ზედაპირის ფართობია 57 600 კვ.მ, ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობა 230 000 კუბური მეტრია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.