მთავარი

„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას“

07.10.2016 • 2932
„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას“

ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მოადგილესთან

კონსტანტინე ვარძელაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხ მოსამართლეს შორის, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა. მოსამართლის მანდატი 10 წლის ვადით ამჯერად პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს გადასცა, უზენაესმა სასამართლომ – თემურ ტუღუშს. სასამართლოს კიდევ ერთ წევრს ახალი პარლამენტი შეარჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გვითხრა, რომ ახალი შემადგენლობისთვის მთავარი გამოწვევა იმ „გახმაურებულ საქმეებზე“ გადაწყვეტილების მიღება იქნება, რაც ამ მოწვევამ მოლოდინის მიუხედავად ვერ შეძლო.

ბატონო კონსტანტინე, იცნობთ თუ არა ახალ მოსამართლეებს და რამდენად არის იმის პირობა, რომ პოლიტიკური გავლენები სასამართლოზე გამოირიცხოს?

ვიცნობ ახალ მოსამართლეებს… ძალიან მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს სასამართლო იმ „გახმაურებულ საქმეებზე“, რომლებზეც გადაწყვეტილების გამოცხადება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. ინსტიტუციისთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენებს – ერთადერთი ძირითადი მექანიზმი არის თავად მოსამართლის პროფესიული ღირსება და მისი მზაობა იმოღვაწეოს ამ ინსტიტუციაში. მეორეა საზოგადოების ყურადღება. სხვა გარანტიები ბუნებაში არ არსებობს…

თქვენ 2012 წლიდან ხართ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, 2014-დან კი – თავმჯდომარის მოადგილე. იქ როდის გეწურებათ უფლებამოსილება და რა საქმეები შემოვიდა განსახილველად საქართველოდან?

იქაც მალე ამოიწურება ჩემი უფლებამოსილება… დადგენილი სტანდარტია, რომ საკუთარი ქვეყნიდან შემოსულ საქმეს ვერ განიხილავ ამ კომიტეტში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოდან საქმე არ შემოსულა… ალბათ, იმიტომ მოხდა ასე, რომ ამ მექანიზმის შესახებ ძალიან ცოტამ იცის ჩვენთან და მეორე არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად ჩაანაცვლა სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები ამ კუთხით. სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ქვეყნები ხშირად უარს ამბობენ გადაწყვეტილების შესრულებაზე და მხოლოდ პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი ჩნდება. ადამიანის უფლებები ირღვევა ყველგან, მათ შორის, ევროპულ სახელმწიფოებში, მაგრამ განსხვავებულია დარღვევის სიმძიმე და რაც მთავარია – როგორ რეაგირებას სახელმწიფო გაეროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

თქვენი დაკვირვებით რა ქმნის იმ მოცემულობას, როცა სახელმწიფო სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებს საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებებზე?

პირველ რიგში, ეს არის ტრადიცია და სამართლებრივი კულტურა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება. რაც უნდა სრულყოფილი იყოს დოკუმენტი, მხოლოდ ის ვერ დაამკვიდრებს პატივისცემას ადამიანის უფლებებისადმი. უფლებების მიმართ პატივისცემა საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს გააზრებული. როცა ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ, ეს რაციონალური არჩევანია. ამის მერე უკვე ვიაზრებთ, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ხდება ქვეყანაში, მეხება მე. ამგვარი აღქმა როცა ყალიბდება, აქტიურდება საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, რომ მან დაიცვას უფლება. ეს იწვევს ხელისუფლების ვალდებულებას, ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. ჩვენთანაც ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ და ეს იცვლება საზოგადოების განწყობებთან ერთად. რა თქმა უნდა, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება სასამართლოს – მან უნდა თქვას, იცავს თუ არა სახელმწიფო უფლებას.

ბოლო ათი წელი რა როლს ასრულებდა საკონსტიტუციო სასამართლო, შეძელით თუ ვერა გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლა?

არ მინდა საკუთარი საქმიანობა შევაფასო… მიმაჩნია, რომ დღიდან დაარსებისა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სტანდარტი დადო საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებების კუთხით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სასამართლო პრეცედენტებს განაპირობებს სარჩელი, ის, თუ რა ტიპის პრობლემა მოვა მოსამართლესთან. მოსარჩელის მხრიდან სარჩელის მომზადებას კი განაპირობებს ის კონტექსტი, რომელშიც ვცხოვრობთ და სასამართლოს ნდობა, როცა მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათზე აისახება და რეალობა შეიცვლება.

ნდობაზე საუბრობს ირინე იმერლიშვილიც, ახალი მოსამართლე. მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას შეძლებს.

ნდობას ბევრი რამ განაპირობებს. ის, რომ სარჩელების რაოდენობამ იმატა, ეს არ ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა. ეს მიანიშნებს იმას, რომ ადამიანები დავობენ უფრო ბევრ საკითხზე, ვიდრე აქამდე. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა კი არის ერთადერთი და ცივილური გზა დავების გადაწყვეტისა. ეს არის გზა, რომლის შემდეგაც შეგვიძლია გავცეთ პასუხი, სწორად იქცევა თუ არა სახელმწიფო. რამდენად მაღალია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხული იქნება…

როდესაც წლების შემდეგ მოსარჩელე მხარემ მოპასუხის ადგილზე გადაინაცვლა იგივე ჩვენი სასამართლოს დარბაზში, ანუ ხელისუფლების წარმომადგენელი გახდა, ვისმენთ კომენტარებს მიკერძოებულობაზე. ეს, ცხადია, ცუდად მოქმედებს სასამართლოს ნდობაზე. მოქალაქეებმა არ იციან, რამდენად სწორად მოქმედებს სასამართლო. შესაძლოა, მათ ამის სურვილი და უნარი არც ჰქონდეთ, როცა საკმაოდ რთულ საქმეებზეა საუბარი. მოქალაქეებს შთაბეჭდილება ექმნებათ იქედან, თუ რას ლაპარაკობენ სხვები, მათ შორის პოლიტიკური აქტორები.

არ ფიქრობთ, რომ იგივე ნდობის კუთხით გაჩნდა კითხვა, როცა, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა სიმბოლურ ფასად შეიძინა მოქალაქისთვის წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონება?

მოსამართლის მხრიდან მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემა უხერხულია. მისთვის ყოველთვის წამგებიანია ამტკიცო ის, რასაც ადგილი არ აქვს…

რას არ აქვს ადგილი, არ გსმენიათ ამ ფაქტის შესახებ?

ასე გიპასუხებთ: გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული აქვს სასამართლოს 2012 წლამდე, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, იყო თუ არა ის დამოკიდებული ხელისუფლებაზე იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც იღებდა… დაახლოებით ნახევარზე მეტი სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულდებოდა იმ პერიოდში სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, მათ შორის, იყო ისეთი საქმეები, რომლებიც ხელისუფლებას მტკივნეულად უნდა აღექვა და აღიქვა კიდეც.

ასეთი ნაკლებად მახსენდება, მანიფესტაციების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას თუ არ ჩავთვლით. „ხმაურიანი საქმეები“, რომელთა განხილვას ახლა ვერ ასწრებთ, წინა ხელისუფლების დროს არ გქონდათ.

საქმე ხმაურიანია თუ არა, ამას განაპირობებენ პოლიტიკური აქტორები, ხელისუფლება. სასამართლო არ ადებს რომელიმე საქმეს პოლიტიკურ ფასს. სასამართლოსთვის ნებისმიერი საქმე არის ჩვეულებრივი. ის არაჩვეულებრივი ხდება იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღება არის მიპყრობილი. მაგალითად, შარშან, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმეზე, იქნებოდა შეუმჩნეველი მოქალაქეებისთვის, რომ არა მოსარჩელის სახელი და გვარი. ხელისუფლებას რომ ასეთი დიდი ყურადღება არ მიექცია ამ საქმისთვის, შეიძლება თქვენც არ გხსომებოდათ ეს გადაწყვეტილება. თქვენ მანიფესტაციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გახსოვთ, რადგან ცოტათი უფრო მეტი უკმაყოფილება გამოთქვა ამაზე მაშინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ სასამართლომ არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილება.

რამ განაპირობა ბოლო წლებში პოლიტიკური მხარეების გააქტიურება? თუ იცის აქტორმა, რომ სასამართლო არსებითად არაფერს შეცვლის, არ მოგმართავდათ.

სასამართლოში წარმოებაში დღეს დაახლოებით 200 საქმეა. ამდენი საქმე არ ჰქონია სასამართლოს 5 და 6 წლის განმავლობაში. ეს საინტერესო მოვლენაა…. საქმეების რაოდენობა გაიზარდა მათ შორის იმიტომაც, რომ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ შეგვიძლია მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვაწუხებს…

არის კიდევ მნიშვნელოვანი ტენდენცია: 2010 წლამდე სასამართლო არ შედიოდა სიღრმეში. არ აანალიზებდა პრაქტიკას, რამ მიიყვანა მოსარჩელე ამ პრობლემამდე, რატომ ჩათვალა მოსარჩელემ, რომ ესა თუ ის კანონი იყო არაკონსტიტუციური. მანამდე სასამართლო კანონს უყურებდა განყენებულად. მერე დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას. გამოდიოდა, საკონსტიტუციო სასამართლო რაღაც ცალკე პლანეტაზე თავის აკადემიურ მსჯელობებში შედიოდა და ამას არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა რეალობასთან. 2011 წლიდან ეს შეიცვალა და სასამართლომ დაიწყო მსჯელობა.

შეგიმჩნევიათ, ალბათ, როცა სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას, იქ მიუთითებს „ნორმატიულ შინაარსს“ და არა მხოლოდ მუხლს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს ნორმატიული შინაარსის ინტერპრეტაციასაც…. არ მიპასუხია ბინასთან დაკავშირებით, რაც გიორგი პაპუაშვილს შეეხება. თუ მართლაც მოხდა უსამართლობა და თუ ეს მოხდა სახელმწიფოს ბრალეულობით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისგებლობა და გამოასწოროს შეცდომა. პასუხისმგებლობას როცა აკისრებენ კეთილსინდისიერ შემძენს, ეს აჩენს კითხვებს. ასე შესაძლოა, თქვენც შეიძინოთ საკუთრება და აღმოჩნდეს შემდეგ სადავო…

მე ვარ მოქალაქე და ჩვენ ვსაუბრობთ გიორგი პაპაუშვილზე, რომელიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კონსტიტუციის დაცვის გარანტი.

მაშინ ასე გიპასუხებთ: როგორც კი ეს კითხვა გაჩნდა, გიორგი პაპუაშვილმა ოფიციალურად მიმართა ხელისუფლებას და დააფიქსირა მზაობა, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. თუ მისი მხრიდან იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა საჭირო, ამას ის გააკეთებდა. ამ თემის გადაჭრა შეიძლებოდა სწრაფად და იქნებოდა დახურული დიდი ხნის წინ. როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობს ამ თემის ღიად დატოვება პოლიტიკურად…

რატომ ჭიანურდება საქმეების განხილვა? – მიმდინარე წლის ივლისში ხუთმა მოსამართლემ გააპროტესტა კონკრეტული საქმეების „დაჩქარებული წესით“ განხილვა. მაშინ თქვენ ამ ბრალდებას არ დაეთანხმეთ, თუმცა, მაგალითად, სახარების რწმენის კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის საკითხი 21-ე თვეა არ გადაწყვეტილა.

სასამართლო დგას აუცილებლობის წინაშე, რომ მოახდინოს საქმეების პრიორიტეტიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ვერ უპასუხებს გამოწვევას, რაც მის წინაშე დგას. სასამართლოში დაჩქარება ხდება მაშინ, როცა არსებობს მოსამართლეთა უმრავლესობის თანხმობა. ამიტომ არ დავეთანხმე მაშინ იმ ხუთ მოსამართლეს, ვინც ჯერ ხმა მისცა საქმის დაჩქარებულ განხილვას და შემდეგ ეს გააპროტესტა.

რომელია ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის პიროვნულად იყო მნიშვნელოვანი?

მიჭირს ასე გამოყოფა…. მნიშვნელოვანი იყო და პოლიტიკური დატვირთვის მქონე აღმოჩნდა „გიგი უგულავას საქმე“, რომელიც გასულ წელს მივიღეთ და შეეხებოდა წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გადაცილების ანტიკონსტიტუციურად ცნობას. ეს არ იყო რთული საქმე სამართლებრივად, მაგრამ იყო გამოწვევა სასამართლოსთვის, ეს იყო ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი. ასევე შემიძლია გამოვყო ორგასაღებიანი მოსმენის სისტემაზე მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო რთული საქმე და პოლიტიკური ინტერესიც დიდი იყო. აქაც სასამართლომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: