მთავარი,სიახლეები

უკანონოდ განთავსებული ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს

05.10.2016 • 1720
უკანონოდ განთავსებული ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს

უკანონოდ განთავსებული საარჩევნო პლაკატების და ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს. ბათუმის მერიამ ამ კუთხით 27 სამართალდარღვევათა ოქმი 3 და 4 ოქტომბერს შეადგინა. მერიაში განმარტავენ, რომ ბანერების ჩამოხსნასა და საარჩევნო სუბიექტების დაჯარიმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.  საუბარია შემთხვევებზე, როცა საარჩევნო სააგიტაციო მასალები ბათუმის ისტორიულ უბნებში მდებარე შენობებზეა განთავსებული.

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ბანერების უკანონო განთავსებაზე სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირწმუნება:”მაქსიმუმ ხვალ სასამართლოში შევა ეს ოქმები, დრო სჭირდებოდა ამის მომზადებას”.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა შენობაზე ბანერების უკანონოდ განთავსების გამო 7 პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გააფორმა სამართალდარღვევის ოქმი. სამსახურის ინფორმაციით ეს პოლიტიკური სუბიექტები არიან: “ქართული ოცნება “, “რესპუბლიკური პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი”, “მურმან დუმბაძე – ემსახურე საქართველოს”, “თავისუფალი დემოკრატები”, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” და “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”.

თუკი სასამართლო მერიის მიერ დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებს დააფიქსირებს, პოლიტიკური პარტიები თითეული ოქმის შემთხვევაში, 50-50 ლარით დაჯარიმდებიან. ამ დროისთვის ყველაზე მეტი – 5 ოქმი “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” მიმართაა შედგენილი. 4 ოქმია შედგენილი – “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” . დანარჩენი სუბიექტების შემთხვევაში კი, სამ-სამი სამართალდარღევათა ოქმია გაფორმებული.

საიაში მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით დასახვეწია, რადგან ბანერების უკანონო განთავსებაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმები არ არსებობს: “წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრის აკრძალვის სპეციალურ ნორმას ხშირად არღვევენ პოლიტიკური სუბიქტები. რეაგირების პროცესი გაჭიანურებულია.  საჭიროა კონკრეტული მექანიზმის დახვეწა, რომელიც იქნება დროში შემჭიდროვებული იმისთვის, რომ ამან არ მიიღოს მასობრივი ხასიათი,” – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

რატომ არღვევენ კანონს წინასაარჩევნოდ პარტიები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვთ? – “ბათუმელები” რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელს ესაუბრა. დიმიტრი ჭეიშვილმა “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობიდან” გვითხრა, რომ მისთვის მერიას არ მიუწოდებია კონკრეტული ჩამონათვალი, სად არის გაკრული წინასაარჩევნო პლაკატი ან ბანერი უკანონოდ: “ხშირად ეს პლაკატები მიაქვთ ხოლმე მხარდამჭერებს და აკრავენ სხვადასხვა შენობაზე. როცა მიგვითითებენ კონკრეტულ ობიექტზე, მივალთ და ჩამოვხსნით. კონკრეტულად გავიგეთ, რომ არ შეიძლებოდა მემედ აბაშიძის ქუჩა 48-ზე ბანერის გაკვრა, მაგრამ ახლა სახლის მესაკუთრე, რომელიც ჩემი მეგობარია, სოფელშია წასული. როგორც კი დაბრუნდება, ჩამოხსნის”.

ბათუმის ისტორიულ უბანში, უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე – ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის გვერდით მდებარე სახლზე აქვს გამოკრული ბანერი “პატრიოტთა ალიანსს”. აქ გვითხრეს, რომ ეს სახლი მათი ინფორმაციით ძეგლი არ არის და აკრძალვა მთლიანად ძველ ბათუმზე არ ვრცელდება: “ჩვენი ინფორმაციით, აკრძალულია მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლზე ბანერების გაკვრა. იურისტს ვესაუბარე, ასე მითხრა და მე მას ვენდობი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არავითარი გაფრთხილება და შენიშვნა არ მოსულა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო”, – ამბობს მერაბ ბლადაძე, “პატრიოტთა ალიანსის” აჭარის საარჩევნო სიის მესამე ნომერი.

საარჩენო ბანერების უკანონო განთავსებაზე ამ დრომდე კომენტარი არ მოგვაწოდა პარტიამ “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ გაფრთხილება თითოეულ საარჩევნო სუბქტს ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს. “ესეც რომ არ მისვლოდათ, სექტემბერში გავუგზავნეთ თითოეულ პარტიას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, სადაც დეტალურადაა აღწერილი, სად შეიძლება საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება,” – გვითხრა თენგიზ მესხიძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბანერების განთავსება ბათუმის ისტორიულ ნაწილში მხოლოდ პარტიული ოფისების შენობებსა და სამშენებლო ღობეებზეა ნებადართული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: