მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს

06.10.2016 • 2179
„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს

ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ხულო-შუახევი-ქედის [მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით] 73-ე მაჟორიტარულ ოლქში. ის აქამდეც იყო ორი მოწვევის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ორივეჯერ დეპუტატად არჩეული იქნა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარი. თუმცა, ბოლო მოწვევის პარლამენტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

ბატონო ანზორ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ახლანდელმა მმართველმა პარტიამაც თქვენზე შეაჩერა არჩევანი?

ყოველთვის მქონდა ურთიერთობა ამომრჩევლებთან, მოსახლეობასთან, მე არასდროს გამირჩევია ადამიანები იმის მიხედვით, ვინ მომცა ხმა და ვინ არა. ეს განაპირობა გამოკითხვებმა. „მთის კანონმა“, რომელიც მოქმედებს და რომლითაც თითქმის ერთი ტომარა ფქვილი ყველა ოჯახში შევიდა, ყველა ოჯახმა მიიღო სარგებელი… რომ ჩამოვთვალო რა გავაკეთე, ამას დიდი დრო დასჭირდება. ყოველთვის ვცდილობდი კეთილი საქმე მეკეთებინა მოსახლეობისთვის.

შეიძლება ბევრს არ ვუნდოდი დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ ეს მოსახლეობამ, ხალხმა და საზოგადოებამ გადაწყვიტა, ხალხს კი წინ ვერავინ დაუდგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევებში თქვენ პასიურ დეპუტატად დასახელდით. ამავე ორგანიზაციის თანახმად, 2014  წელს პარლამენტში არც ერთი ინიცირება არ გქონიათ. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, გამარჯვების შანსი რამდენად გაქვთ?

ცხრაში მოგიყვებით დაწვრილებით ყველაფერს.

მაჟორიტარ კანდიდატად თქვენ დასახელებას უკმაყოფილება საკუთარ გუნდშიც მოჰყვა. მეტიც, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ საჯაროდ  გააპროტესტა – „მედროვე ფეოდალი“ გიწოდათ და მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ  მოუწოდა.  ჯამბულ ხოზრევანიძის ამ განცხადებას როგორ აფასებთ და რას ფიქრობთ, რატომ არ გყავთ მომხრეები საკუთარ გუნდში? 

ვის რა აქვს გულში ვერ გაიგებ, მაგრამ 9 რიცხვში გამოჩნდება ხალხის გადაწყვეტილება.

თქვენ ორი მოწვევის პარლამენტარი ხართ, ორივეჯერ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდით, პოლიტიკური არჩევანი კი მას შემდეგ შეცვალეთ, რაც უმრავლესობაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

გადაწყვეტილება უცებ არ მიმიღია, ექვსი თვის შემდეგ გადავედი, როგორც მნახეს, ისე დამკარგეს.

ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგკარგათ? „დაკარგვის“ მიზეზი რა იყო?

შენს მოსახლეობას პატივი უნდა სცე, ყველაფერზე ადამიანს არ უნდა დაჭერა, პასუხისმგებლობაში მიცემა, არ უნდა სხვა თემებიც. საერთო ენა უნდა გქონდეს გამონახული მოსახლეობასთან. იყო რაღაც პრინციპები, ეს ჩემი თემაა და ყველაფერი არაა საერთო, რომ ყველამ იცოდეს. რაც იყო საჭირო ჩემი მოსახლეობისთვის ისე გავაკეთე, მე მოსახლეობამ ამირჩია დეპუტატად და არა „ნაციონალებმა“.

რომ დარჩენილიყავით „ნაციონალურ მოძრაობაში“, მუშაობაში ხელი შეგეშლებოდათ?

სად ვყოფილიყავი, დავმალულიყავი და საქმე არ მეკეთებინა? ეკეთებინათ საქმე, საჭე ხელში ჰქონდათ, ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდათ, ყველაფერზე არ უნდოდა ციხე, შეშინება… პოლიტიკა…

თუ ასეთი პოლიტიკა იყო, მანამდე რატომ არ შეიცვალეთ პოლიტიკური არჩევანი?

რა იცით არ შევცვალე? ჩვენში იყო ეს თემები და ვერ ვთანხმდებოდით რაღაც თემებზე და ვერც ვერაფერს ვაკეთებდი.

შეხვედრებზე მოსახლეობა გახსენებთ იმას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომ იყავით?

არაფერი ასეთი არ ყოფილა, პირიქით – ამბობენ, დროზე უშველეთ თავსო.

აქვე მინდა გკითხოთ, ბოლო დროს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც თქვენი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის შეხვედრაა. ამ კადრების გავრცელებამ ხომ არ დაგაზარალათ?

პირიქით, ქულები წამომიწია.

რატომ ინერვიულეთ, რამ აგაღელვათ მასთან შეხვედრის დროს?

მე არ ავღელვებულვარ, მოსახლეობას მთა ზორტიყელში ვხდებოდი, როდესაც წრე შემომარტყეს, მკითხეს რას შვრები, როგორ ხარო. ვუთხარი. სახალხო დღესასწაულს ვულოცავდი მოსახლეობას და პოლიტიკური თემების განხილვა არ ხდებოდა. ჩემგან მათ მიმართ სხვა პასუხი არ ყოფილა.

თანაგუნდელებმა ხომ არ გისაყვედურეს?

რატომ უნდა ესაყვედურათ? შეიძლება მტერიც დაგესხას თავს. მათ ეგონათ მე რაიმეს დავიწყებდი, პოლიტიკოსმა ყველაფერს უნდა გაუძლოს და თავიც შეიკავოს.

ანუ ფიქრობთ, რომ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო?

რა თქმა უნდა.

რის მოგვარებას ჰპირდებით მოსახლეობას თუ გაიმარჯვებთ ამ არჩევნებში?

მთაში, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, ტურიზმი, სოფელს წყალი, გზა უნდა ჰქონდეს, უნდა გაკეთდეს სასაკლაოები და მოხდეს ხორცის დაფასოება. უნდა განვითარდეს კურორტები.

ვიმუშავებ თვითმართველობის კანონზე. დღეს, როდესაც სოფლებში მოსახლეობს ვხდები,  სოფლები, ძირითადად, ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. სოფელში ხელმძღვანელი ავტორიტეტი უნდა იყოს, ხალხი უნდა ირჩევდეს და არა გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე.

ვიმუშავებ სარწყავი სისტემების აღდგენაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხულო-ადიგენის გზის მშენებლობის საკითხზე ვიმუშავებ.

კი არის დაფინანსებული, მაგრამ სამუშაოებს შესრულება უნდა. დაფინანსება ერთია, საქმის გაკეთება მეორე.

თქვენ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაზე საუბრობთ, რაც თვითმართველობის პრეროგატივაა. საკანონმდებლო ორგანოდან ამის განხორციელებას როგორ შეძლებთ?

თუ საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტი არ მიღო, არ დაამტკიცა და თვითმართველობას არ მისცა, არაფერი არ გაკეთდება.

რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდით ამომრჩეველს 2012 წელს?

ნაწილობრივ იგივეს, ინფრასტრუქტურას და გავაკეთე, გოდერძის უღელტეხილზე სათხილამურო ბაზის ამოქმედებას და ამოქმედებულია. ვპირდებოდი სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესდებოდა და გაუმჯობესდა.

დეპუტატი ვარ და ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი გამგეობასა თუ საკრებულოში არსად არ მუშაობს.

რის გაკეთება ვერ მოასწარით რვა წლის განმავლობაში?

ასი წლის განმავლობაში შეიძლება ვერ მოასწრო ყველაფრის გაკეთება. ეს მუნიციპალიტეტია, მთაა და ყოველთვის გასაკეთბელია რაღაც, ყველაფრის გაკეთებას ადამიანი ვერ ასწრებს.

მაშინ კითხვას ასე დავსვამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა ვერ გააკეთეთ?

ეს არის სოფლისთვის გზა, ხიდი, წყალი, ინფრასტრუქტურა…

საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრით, დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ეკომიგრანტების საკითხი. რა გააკეთეთ ეკომიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად ორი მოწვევის პარლამენტში?

ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 160-მდე საცხოვრებელი სახლი ეკომიგრანტ ოჯახებს გადაეცა, რაც  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მოლაპარაკების გზით განვახორციელე. ბევრს სახლის შესყიდვაში დავეხმარე, მერე დავიწყე სახლების გადაფორმებაზე მუშაობა, რაც შემეძლო ვეხმარებოდი ჩემი მეგობრების დახმარებით, წიგნებს, პროდუქტს ვუგზავნიდი, ქველმოქმედებას ისე ვაკეთებდით, რომ არ გაგვიპიარებია.

ე.წ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაღალმთიანი აჭარიდაანაა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას?

როდესაც ერთი მივიდა, მეორემ დაინახა და ისიც მივიდა… მოიმატა ოდენობა. შეიძლებოდა თავის დროზე კონტროლზე აყვანილიყო ეს „ოცნების ქალაქი“, სადაც არც წყალია, არც შუქი, კანალიზაცია და ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, ეს სიტუაცია არ შექმნილიყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: