სიახლეები

ბათუმში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული სრულდება

07.10.2016 • 2581
ბათუმში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული სრულდება

დღეს, ბათუმში, “ბავშვთა ადრეული განვითარების კვირეულის” ფარგლებში გამართული სამეცნიერო სკოლა „ნეიროგანვითარებითი დარღვევები” მთავრდება.

ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული ბათუმში 2 ოქტომბერს დაიწყო და სამეცნიერო სკოლის გარდა, აჭარის რეგიონებში ადრეული ინტერვენციის პროფესიონალების მოსამზადებლად სამკვირიანი კურსიც დაიგეგმა, რომელიც 20 ოქტომბერს დასრულდება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია” და აშშ-დან და პორტუგალიიდან მოწვეული  ექსპერტები უძღვებიან.

თელავის “ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პედიატრი ნინო პაატაშვილი, ბათუმში გამართული “ნეიროგანვითარებითი დარღვევების” სამეცნიერო სკოლის მონაწილეა – “ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი განვიხილეთ – ნეიროგანვითარებით დაავადებები, ნეიროგანვითარებით დარღვევებთან ასოცირებული გენეტიკური დაავადებები, ბავშვთა ადრეული განვითარების პრინციპები და ა.შ. ახლა მეტყველებით დარღვევებზე მიდის საუბარი, რაც ძალიან საჭირო და საინტერესოა. ბევრი მონაწილისთვის ეს სიახლეა” – ამბობს ის.

ნინო პაატაშვილი ამბობს, რომ მშობლებს ნაკლები გამოცდილება აქვთ იმის შესახებ თუ რა უნარს უდნა ფლობდეს ბავშვი ამა თუ იმ ასაკში, გარდა ამისა როცა დიაგნოზი დადებულია, მშობლებს უჭირთ ამის მიღება, თუმცა საქართველოში ყოველწლიურად ამ მიმართულებით სიტუაცია იცლება – “მიმღებლობა გაიზარდა მშობლებში. ჩვენ 2003 წლიდან ვმუშაობთ, როცა გამოჩნდა რომ ამდენი ბავში უკეთესად განვითარდა, ინფორმაციაც გავრცელდა და სულ უფრო მეტი და მეტი მშობელი გვაკითხავს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვს სჭირდება სპეციალისტების დახმარება და მშობელი თავს იკავებს” – ამბობს ნინო პაატაშვილი.

2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს აღენიშნება. საქართველოში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 300 000 ბავშვია, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს.

ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 7  წელია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წელია ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად 40%-ით იზრდება, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. მოცემულ ეტაპზე, მომსახურების მიღების მსურველი 841 ბავშვია, არსებული ბიუჯეტით 520-მდე  ბავშვის მომსახურება ხერხდება.

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია ითვალისწინებს მდგრადი და მუდმივად მოქმედი სისტემის შექმნას, სადაც ეფექტურად ხდება ჩარევის საჭიროების მქონე ბავშვის იდენტიფიკაცია და რეფერალი, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი სერვისი, მომსახურე პერსონალი კი მუდმივად გადამზადებულია.

ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება თბილისსა და რამდენიმე ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ქობულეთში, თელავში და ლაგოდეხში ხორციელდება. იგი გულისხმობს ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობას სხვადასხვა თამაშებითა და ვარჯიშებით. გუნდი დაკომპლექტებულია ადრეული ინტერვენციის სპეციალისტით, ფსიქოლოგით, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტებით. განვითარების შეფერხების შემთხვევაში, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა 3 წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი 7 წლის ასაკამდეა ეფექტური.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: