მთავარი,სიახლეები

“აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს

05.10.2016 • 1402
“აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს

ირაკლი ანთიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” მრჩეველთა საბჭოს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. იმის მიუხედავად, რომ მრჩეველთა საბჭოს, ანუ ბორდის სხდომები ღიაა, ირაკლი ანთიძეს მასზე დასწრების საშუალება არ ეძლევა. ირაკლი ანთიძე “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი თანამშრომელია. ტელევიზიაში ამბობენ, რომ მან რამდენჯერმე აგრესიული ფორმით შეუშალა ხელი ბორდის მუშაობას.

“დაახლოებით 14 სხდომაზე არ მომცეს დასწრების საშუალება. თავდაპირველად დაპირისპირება ბორდის თავმჯდომარესთან, ზაზა ხალვაშთან მქონდა. მისგან ვითხოვდი პასუხს, რატომ მოიპარა ტელევიზიის დირექტორმა სიუჟეტი ტელევიზიის საიტიდან და დარჩა ეს საკითხი პასუხგაუცემელი,” – ამბობს “ბათუმელებთან” ირაკლი ანთიძე. საუბარია 2015 წლის ივნისში მომზადებულ სიუჟეტზე, სადაც ასახული იყო აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ მოცეკვავეებისთვის ვარსკვლავის გახსნა თბილისის ტრაგედიიდან მესამე დღეს. ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტი “აჭარის ტელევიზიის” ოფიციალური ინტერნეტ გვერდიდან მოხსნეს. მაშინ ირაკლი ანთიძე ტელევიზიის დირექტორის, სოსო სტურუას გათავისუფლებას ითხოვდა.

ირაკლი ანთიძე ადასტურებს, რომ მან სოციალური ქსელ “ფეისბუკში” საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ხალვაში შეურაცხყო: “ეს იყო ჩემი პროტესტი, როცა გავიგე, რომ ხალვაშმა ისევ სტურუას დირექტორობას დაუჭირა მხარი. იქვე ზაზა ხალვაშმაც მომაყენა შეურაცხყოფა. შემდეგ სხდომაზე მოულოდნელად დაასრულა სხდომა და პროვოცირებას მიპირებდა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ვადასტურებ… ამის შემდეგ სხდომებზე საერთოდ აღარ მიშვებენ”.

ზაზა ხალვაშმა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი უკვე დატოვა. მის მოვალეობას ამჟამად ნატა იმედაიშვილი ასრულებს. მისი თქმით, ირაკლი ანთიძეს სხდომაზე დაუშვებლობით პრევენციას ახდენენ, რადგან მან რამდენჯერმე შეუშალა ხელი საბჭოს მუშაობაში და ბოლოს, ივლისში პოლიციის გამოძახებაც დარჩა საჭირო:

“ივლისში მან აგრესიულად მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზაზა ხალვაშს. მე უშუალოდ არ დამინახავს იმ დაძაბულობაში, დაარტყა თუ არა ხელი, მაგრამ იყო დაძაბულობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ანთიძე აღარ დავუშვათ სხდომებზე, რადგან ის მუშაობის საშუალებას სხდომას არ აძლევს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი სხვა პირისთვის არ შეგვიზღუდავს სხდომაზე დასწრება. ეს იმას აჩვენებს, რომ მოტივირებული ვართ ღიაობისკენ და მაქსიმალურად ვცდილობთ, საბჭოს სხდომების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყოს მაღალი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომებზე დასწრების წესს კანონი არეგულირებს. ზოგადი პრინციპის მიხედვით, სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

“რეგლამენტის მიხედვით, დამსწრე პირს ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მრჩეველთა საბჭოს დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში. ამ დროს საბჭოს წევრთა დამსწრეთა უმრავლესობა მსჯელობს, დაატოვებინონ თუ არა პირს სხდომა,” – ამბობს პაატა დიასამიძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი. კითხვაზე, სამართლიანია თუ არა სხდომაზე პირის წინასწარ დაუშვებლობა, თუკი მან რამდენჯერმე შეუშალა ხელი საბჭოს სხდომის ჩატარებაში, იურისტი ამბობს, რომ საკითხი სასამართლომ უნდა შეისწავლოს: “ზოგადად, სხდომა არის ღია და თითოეულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს საბჭომ, დატოვოს თუ არა სხდომა დამსწრეთაგან რომელიმემ. წინასწარ სხდომაზე დაუშვებლობის საკითხის კანონიერება სასამართლომ უნდა დაადგინოს,”.

ირაკლი ანთიძემ უკვე მიმართა წერილობით სახალხო დამცველის აპარატს. თვლის, რომ მის მიმართ “აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია. სახალხო დამცველი “აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს წევრების არგუმენტებს 11 ოქტომბერს მოისმენს.

გადაბეჭდვის წესი