რაში იყენებს ბათუმის მერია ვიდეო სათვალთვალო კამერებს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2014 წელს ზუსტად ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა? – შეკითხვაზე პასუხი მერიაში არ აქვთ, არც – საკრებულოში, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც გიორგი ერმაკოვის ხელწერით „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ მიიღო.
ვიდეო სათვალთვალო კამერები ბათუმის მუნიციპალიტეტმა ძირითადად იმ მიზნით შეიძინა, რომ მუნიციპალური ქონება დაიცვას. კამერები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა მერია არ ასაჯაროვებს ინფორმაციას – რის დაცვა მოხერხდა, რამდენი დანაშაული გაიხსნა, ვის აქვს წვდომა ამ მონაცემზე, როგორ მუშავდება ჩანაწერები, დაცულია თუ არა მისი უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ინფორმაცია ამ თემაზე ვერც საკრებულოს წევრებს აქვთ.
„რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ამ საკითხზე მერს“, – გვიყვება საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ირაკლი ჩავლეიშვილი: „ტერნოპოლში თავად მაქვს ნანახი, როგორ იყენებენ ვიდეოთვალს და რადმენად იოლია მართვის გაუმჯობესება ამ გზით. ტერნოპოლში ვიდეოთვალით კონტროლდება ქალაქის დასუფთავება, კომუნალური სერვისები. თავის დროზე ჩვენ სწორედ ამ მიზნით შევისყიდეთ ეს კამერები“.
შესყიდვამდე რატომ არ იყო გათვლილი, რა ფორმით და კონკრეტულად რა მიზნით გამოიყენებდა მერია ვიდეოკამერებს? – საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს: „ეს შეკითხვები მერიის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ. არ ვიცი, რატომ ვერ ახერხებს მერია ამ კამერების გამოყენებას“.
მან საუბრის დროს გვითხრა ისიც, რომ ძვირადღირებული კამერების ნაწილი არც მუშაობს: „რამდენიმე დღის წინ ბათუმის საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ვიცით, რომ მერიის კამერებს საჭიროების შემთხვევაში პატრულიც იყენებს, როცა ავარია ხდება, მაგალითად. პატრულის წარმომადგენელმა იმ შეხვედრაზე თქვა, რომ კამერების ნაწილი აღარ მუშაობს. რატომ – არ ვიცი“.
„თუკი ამ კამერებს იყენებს მხოლოდ პოლიცია, მომხრე ვარ, გადავცეთ იგი პოლიციას“, – მოითხოვს საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე. მისთვის გაუგებარია, რისთვის დაიხარჯა რესურსი – მილიონი ლარი. 2015 წელს საკრებულოს კამერების მუშაობის ხარჯისთვის დამატებით კიდევ დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოუყვია. „ჩვენ გასული წლის 3 აპრილში მივმართეთ მერიას, რომ გაგვეგო, ვის აქვს წვდომა ვიდეოკამერიდან მიღებულ ინფორმაციაზე. მივიღეთ პასუხი, რომ 6 აპრილს გიორგი ერმაკოვის ბრძანებით მერიის აპარატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების უფროსს, გიორგი ყენიას მიენიჭა ამ ინფორმაციაზე წვდომის და დაშვების უფლებამოსილება. გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი 215 კამერის მონაცემს ამუშავებდეს, თან ის განყოფილების უფროსია და თავისი საქმე აქვს“, – განმარტავს კობა ჩხეიძე.
„აღნიშნული ვიდეოკამერების ფუნქციონირება ხდება ბათუმის მერიის შესაბამისი დანაყოფის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ასე უპასუხა გიორგი ერმაკოვმა ჩვენს წერილობით კითხვას – როგორ რეგულირდება ვიდეოკამერების მუშაობა?
„ეს უნდა იყოს გაწერილი შიდა უწყებრივ დოკუმენტში. თითოეული ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღოს როგორც ორგანიზაციული, ისე ტექნიკური ზომები უსაფრთხოების დაცვისთვის. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება მიიღოს პასუხი კითხვებზე: შესაძლებელია თუ არა ამ ჩანაწერების პირადი მიზნებისთვის გადაწერა, აძლევენ თუ არა ამ ჩანაწერებს მესამე პირს და რა საფუძვლით აძლევენ, რა ვადით ინახება ჩანაწერები. მხოლოდ ის, რომ მერია მუნიციპალური ქონების დაცვას ცდილობს და აქვს ლეგიტიმური მიზანი, არ არის საკმარისი“, – განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ოთარ ჩახუნაშვილი.
საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე არ გამორიცხავს რისკს, რომ კამერებს შესაძლოა უკანონო თვალთვალისთვის იყენებდნენ. ამის პირობას რეგულაციის არარსებობაში ხედავს: „ვვარაუდობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ეს კამერები, რომ ადამიანს ან ავტომობილს გასდიოს, უთვალთვალოს ქუჩის დასაწყისიდან – ბოლომდე“.
„ეს უფრო შეთქმულების თეორიას ჰგავს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი და რეგულაციის გარეშე დარჩენილი 215 კამერიდან უკანონო თვალთვალის საფრთხეს ვერ ხედავს: „თუ ვინმეს უკანონო თვალთვალი უნდა, ამას ისედაც მოახერხებს, იმდენი საშუალებაა ამისთვის. როცა ადამიანი ქუჩაში გადაადგილდება და კამერაში ფიქსირდება, ეს რატომ წარმოადგენს საშიშროებას, არ მესმის“.
ბათუმის მუნიციპალიტეტს ზუსტად მილიონ ლარად 215 ვიდეოკამერა 2014 წლის 20 ოქტომბერს მიაწოდა კომპანია „დელტა კომმა“. თითოეულ ვიდეოკამერაში მერიამ 1306,77 ლარი გადაიხადა. ამას დაემატა შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა.
ბათუმის მერიამ გასულ წელს ვიდეო სათვალთვალო კამერებთან საცნობარო ნიშნები განათავსა, თუმცა თავად მერიის შენობაზე, გორგილაძის ქუჩის მხრიდან, მიმაგრებულია ვიდეოთვალი, რომელსაც არ ახლავს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიშანი: „ვიდეოკონტროლი“.